"ეს ხომ ბლეფია?" - კვირის პალიტრა

"ეს ხომ ბლეფია?"

"დემოკრატიამ შეიძლება გავნოს კიდეც, თუ ის პროფესიონალიზმს დაუპირისპირდება"

"თავისუფლებისმოყვარე განათლებულ თაობას მათრახით ვერ მიიღებ"

როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა განაცხადა, მალე საშუალო სკოლებში ინგლისური ენის სწავლა სავალდებულო იქნება. ეს უდავოდ მისასალმებელი ფაქტი, ცხადია, პრეზიდენტის სულისკვეთების გამოძახილია, რომელიც ინგლისურის სწავლას სრულიად საქართველოს ლამის ცხოვრების მთავარ მიზნად უსახავს.

ეს შესავალი რისთვის დამჭირდა, ამასაც გეტყვით: შინ მისულს, სასკოლო წიგნების შეძენისას გადახდილი ომისგან ქანცგაწყვეტილმა მეუღლემ შემომჩივლა, რიგს ვინ ჩივის, მარტო ინგლისურის სახელმძღვანელოში ორმოცი ლარი "მივაჭედეო".

დიდხანს ვატრიალე ხელში არცთუ სქელტანიანი, საშუალო პოლიგრაფიული ხარისხის წიგნი იმ იმედით, რომ ფასის შესაბამის რაიმე განსაკუთრებულს აღმოვაჩენდი, მაგრამ უშედეგოდ. თან ჩემი ვაჟი ჯერ მხოლოდ მერვეკლასელია და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ მასავით სწავლას მოწყურებული კიდევ ოთხი და-ძმა ჰყავს, არჩევანის წინაშე დავდგები, საკვებსა და განათლებას შორის რომ უნდა გავაკეთო. ვშიშობ, მეტ-ნაკლები სიმძიმით ამ არჩევანის წინაშე საქართველოს ბევრი მოქალაქე დადგება.

ალბათ, მავანი იტყვის, რა აუცილებელია ყველა განათლებული იყოს, აგერ, ამდენ ტურისტს ველით, ამდენი სასტუმრო უნდა აშენდეს, გზები დაიგოს, მუშა და მოსამსახურე უფრო მეტი გვჭირდებაო. ცხადია, ყველა პროფესორი ვერ იქნება, არც მუშა-მოსამსახურეობა არის დასაძრახი, მაგრამ ცივილიზებულ ქვეყანაში "პროფესორობას" ფული და შეძლება კი არა, ნიჭი განაპირობებს. ზოგადი განათლების უფლებაც, სხვათა შორის, შეუვალია და მისი გარანტიის ვალდებულებაც საერთაშორისო სამართლით ხელისუფლებას ეკისრება. ოღონდ, ცხადია, არა ორმოცლარიანი სახელმძღვანელოებით.

მით უმეტეს, თუ სახელმწიფოს უმთავრესი ფუნქციის - სამართლის განჩინების ხალხისთვის მინიჭებას ვაპირებთ და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შემოგვაქვს. თუნდაც ძალიან კარგი და წესიერი, მაგრამ გაუნათლებელი კაცი რის მიხედვით განსჯის? გულს ვინ უფრო მეტად აუჩუყებს თუ ვინ მეტად შეაშინებს? ქვეყანაში განათლების, სოციუმისა და სამართლის პრობლემებზე სამართლის დოქტორს, ბატონ მინდია უგრეხელიძეს ვესაუბრებით:

- მომავალი თვიდან საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ამოქმედდება. ამ სისტემაზე ჩვენთან ბევრ კარგსაც ამბობენ და ცუდსაც. მთავარი დადებითი არგუმენტი კი სასამართლოსადმი ნდობის აღდგენა გახლავთ... როგორია თქვენი პოზიცია?

- რაც უნდა არ გამოგადგეს შვილი, ხომ ვერ გაწირავ, შენი სისხლი და ხორცია. მაგრამ თუ შენი შვილი არ არის, ვერავინ დაგაძალებს, სხვისი ავად აღზრდილი და დაწუნებული შენად გამოაცხადო. ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ინგლისში დაიბადა და ამერიკაში აღიზარდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელებიც და ამერიკელებიც კარგა ხანია დარწმუნდნენ მის უვარგისობაში, მაინც ვერ ელევიან როგორც ღვიძლ შვილს. პრაგმატული გერმანია და იაპონია კი ამ ინსტიტუტს არასდროს დასწაფებიან, რადგან კარგად იციან, მათ ნიადაგზე ეს ნერგი ვერ იხარებს და ვერ აყვავდება.

ნეტავ ამაზე მაინც არ ფიქრობს გერმანიაში განსწავლული ჩვენი კოტე კუბლაშვილი, რომელიც, სხვათა შორის, ძალიან კარგი სტუდენტი იყო და ნამდვილად არ არის ცუდი იურისტი, შესანიშნავად იცის პროფესია. მაგრამ რა ბედენაა პროფესიონალიზმი, თუკი მორჩილი აღმასრულებელი იქნები მავანთა ნებისა...

რაც შეეხება ნაკლოვანებებს, რის გამოც იწუნებენ ამ სისტემას: ყველაზე კარგად ეს წარმოჩნდა სტრასბურგის სასამართლოში, რომელიც განიხილავდა ბელგიის პროვინცია ვალონიის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრ ალენ ვან დერ ბისტის პირადი მდივნის რიჩარდ ტაქსკეს საქმეს ბელგიის წინააღმდეგ. ამ პროცესზე დადგინდა, რომ სასამართლო, რომელიც დასაბუთებას არ იძლევა, პროცესუალურ გარანტიებს არ უზრუნველყოფს და მხოლოდ განცხადებებზეა აგებული, არ შეიძლება სრულყოფილი იყოს.

ვფიქრობ, ამ ინსტიტუტის დიდი იმედი ჩვენს ხელისუფლებას არ უნდა ჰქონდეს, რადგან, თუ ქვედა პალატიდან ზედა პალატაში გადავიდა საქმე (და ეს, ალბათ, ხშირად მოხდება, რადგან დამარცხება არავის მოსწონს), მაშინ საქართველოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის საერთოდ გაუქმება დასჭირდება. რატომ? ის აღმოჩნდება წინააღმდეგობაში ევროპულ სტანდარტებთან, თუნდაც ზემოაღნიშნული განაჩენიდან გამომდინარე. თანაც, განსაკუთრებულთან კი არა, მინიმალურ სტანდარტებთან. და თუ მინიმალურ სტანდარტებსაც არ შევესაბამებით, მაშინ მინიმალურზე მინიმალურები გამოვდივართ.

არის ბევრი სხვა ნაკლიც - მე მხოლოდ მარტივს გეტყვით. ჩვენი სასამართლო, რა სახითაც ის ახლა ფუნქციონირებს, ასე ვთქვათ, ერთუჯრედიანი სასამართლოა. მხოლოდ ტვინის უჯრედების რაოდენობას არ ვგულისხმობ, ცხადია, მის სიმარტივეზეც მოგახსენებთ. ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ორნაწილიანია, ე.ი. ნაფიცმა მსჯულებმა ფაქტები უნდა დაადგინონ, ხოლო იურისტი მსაჯული, რომელიც ამ პროცესს ხელმძღვანელობს, ამ ფაქტებს კანონებსა და ნორმებს შეუფარდებს. ორი სასამართლოსთვის ვერ მოგვივლია და როგორ გგონიათ, ერთ სახურავქვეშ გაერთიანებულ ორ სასამართლოს მოვუვლით? ეჭვი მეპარება. მით უმეტეს, რომ მსაჯულებს საამისო მომზადება არ გააჩნიათ.

კი, ტრენინგებს გადიან, მაგრამ უდიდესი პასუხისმგებლობა და მომზადება სჭირდება, მაგალითად, იმის გადაწყვეტას, გავამწესოთ თუ არა კაცი სამუდამო პატიმრობაში. სხვათა შორის,  მსაჯულები განაჩენს არ ასაბუთებენ და როგორც ჩანს, ეს ხელს აძლევს ვიღაცას, რადგან ჯერ კიდევ სტრასბურგის სასამართლოში მუშაობისას დავაკვირდი, რომ საქართველოდან წამოსულ სასამართლოს განჩინებებს უფრო და უფრო აკლდებოდა არგუმენტები, ჯეროვანი დასაბუთება.

მხოლოდ ლიტონი განცხადებები იყო, - ამან ის მოკლა, ეს ასე უნდა დაისაჯოსო და ა.შ. როგორც ჩანს, ეს ფაქტი, რომ არაფერი დაიწეროს, შემთხვევითი არ არის. ზოგიერთი საკმაოდ გახმაურებული საქმე უკვე დიდი ხანია თაროზე დევს და კიდევ დიდხანს იდება. მათ დახურვას დასაბუთება სჭირდება, მაგრამ თუ დასაბუთება გამოქვეყნდება, შეიქმნება საფრთხეც  მისი გაკრიტიკებისა.

ნაფიცი მსაჯულები კი მხოლოდ განაჩენს გამოიტანენ, - ან ასე, ან ისე, ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე. ამ ინსტიტუტს კიდევ ის ნაკლი აქვს, რომ მასში, ფაქტობრივად, დეპერსონიფიცირებულია მოსამართლე. კი, ვითომ ვიცით, ვინ არიან ნაფიცი მსაჯულები, მაგრამ ისინი, შეიძლება ითქვას, პროცესზე არსაიდან მოდიან და პროცესის შემდეგაც ისევ ხალხში ბრუნდებიან, ანუ განაჩენზე კონკრეტული პასუხისმგებლობის ადრესატი აღარ იარსებებს. ახლა მე გეკითხებით: როდესაც სასამართლოსადმი ნდობის მოლოდინზე ვლაპარაკობთ, როგორ გაიზრდება სასამართლოს ნდობა მაშინ, თუკი ზოგჯერ მისი გადაწყვეტილება შეიძლება ისეთი დაუსაბუთებელი, უგუნური ან მოულოდნელი იყოს, რომ მოსამართლეს გაუჭირდეს დათანხმება.

- ე.ი. თუ პროფესიონალი მოსამართლე ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას არ დაეთანხმება, მას შეუძლია თავისი აზრი მხოლოდ დააფიქსიროს, მაგრამ ვერაფერს შეცვლის?

- დიახ, მოსამართლის განცხადებას ნორმატიული ძალა არ ექნება, რადგან ვერდიქტი ხალხს ეკუთვნის. მაგრამ ეს ხომ ბლეფია? რიგითი მოქალაქე პროფესიონალ იურისტს ვერასოდეს შეეკამათება, რადგან არც საკმარისი განათლება აქვს იურისპრუდენციაში და არც გამოცდილება.

საქართველოს ხელისუფლებას მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღება იმიტომ უნდა, რომ კიდევ ერთხელ სცადოს მსოფლიოს დარწმუნება, დემოკრატიისთვის ვიბრძვიო, რაკიღა დემოკრატიას, ხალხის მმართველობას შეიტანს სასამართლო სისტემაში, მაგრამ დემოკრატია მხოლოდ ერთადერთი სეგმენტი არ არის, რაც სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო.

მეტსაც გეტყვით, დემოკრატიამ ზოგჯერ შეიძლება გავნოს კიდეც, თუ ის პროფესიონალიზმს დაუპირისპირდება. როგორ წარმოგიდგენიათ, ქირურგმა მეტი დემოკრატიისთვის ქუჩიდან რომ შეიყვანოს მოქალაქე ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად? ამერიკა მოჰყავთ მაგალითად. მე ამერიკის სამი შტატის საპატიო მოქალაქე ვარ და ძალიან ვუფრთხილდები ამ ქვეყანასთან ურთიერთობას, მაგრამ არა დათმობების ხარჯზე ჩემი ქვეყნის საზიანოდ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში იმ სამი ცხენისგან, რომლებიც სახელმწიფოს მართვის ჭაპანში არიან შებმული, მართლმსაჯულება ყველაზე დაწინაურებული და საპატიო ცხენია. ლამის კულტად არის ქცეული და ეს ყველაფერში ჩანს, - პრეზიდენტი ფიცს დებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წინაშე.

ამით ის თავისი ქვეყნის მართლმსაჯულების პატივისცემას ადასტურებს. ასე რომ, ამერიკელები ძალიან კარგად იქცევიან, რომ თანდათან ავიწროებენ ნაფიც მსაჯულთა სისტემას. სასამართლო სისტემა ისე გაყოყოჩდა, რომ როდესაც პოლიტიკოსები და სახელმწიფო მოხელეები რომელიმე საკითხზე ვერ თანხმდებიან, ვერდიქტი სასამართლოს გამოაქვს. ამის ნათელი დადასტურება ის არის, რომ ბუშ-უმცროსს თავის დროზე პრეზიდენტობა "მიუსაჯეს".

- ბოლო დროს ქართველ საზოგადოებაში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს ნიჰილიზმი. შესაძლოა, ოპოზიციური პარტიების "მანევრების" გამო, შესაძლოა, ხელისუფლების გამო, მაგრამ ფაქტია, - ძირეული ცვლილებების იმედი აღარავის აქვს, არც არჩევნების, არც გამოსვლებისა და არც სხვა გზით. რატომ გახდა სამოქალაქო საზოგადოება ასეთი პასიური?

- ამას წინათ ერთმა ფრიად პატივსაცემმა პირმა დამირეკა და ერთობ სასიამოვნო გარემოში მიმიწვია. მოუცლელობის გამო უარი ვუთხარი, კონსტიტუციის ახალ პროექტზე ვმუშაობ და არ მინდა, დრო დავკარგო-მეთქი. ნეტავ ერთი შენო, რაოდენ იდეალური კონსტიტუციაც უნდა მიიღოთ, კონსტიტუცია ცალკე დარჩება და მაინც ისე იქნება, როგორც მავანს მოეპრიანებაო. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში მართლაც უიმედობა დამკვიდრდა.

სოციოლოგიის მამამ ემილ დიურკჰაიმმა თავის დროზე შეისწავლა მსგავსი განწყობები და დაასაბუთა, რომ ასეთი ამბები, ჩვეულებრივ, რევოლუციებისა და სამოქალაქო ომების წინ ხდება, დიდი კრიზისის დროს, როდესაც კრიზისი მოიცავს ყველაფერს, დაწყებული მატერიალურით და სულიერით დამთავრებული. ღმერთმა ნუ ქნას, ასეთი რამ მოხდეს.

ამიტომ მიმაჩნია, რომ ხალხი უნდა გამოვაფხიზლოთ და გამოვაღვიძოთ, მის გულებამდე და გონებამდე უნდა მივიტანოთ ის, რომ ჩვენი ხსნა უპირველესად შეგნებულ დემოკრატიაშია; რომ დემოკრატიულად უნდა გადაწყდეს ყველა სახელმწიფო მნიშვნელობის საქმე. ჩვენ მებრძოლი დემოკრატია გვჭირდება და არა ქაღალდზე არსებული. ამ საკითხებზე მეცნიერული და რელიგიური აზრი ერთმანეთს თანხვდება. როდესაც უწმინდესმა თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ბრძანა, ნაგუბარში აუცილებლად ჩადგება წყალიო, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს კანონზომიერება, რომლის მიხედვითაც დაღვრილი და გალეული წყლის ადგილს ახალი დაიკავებს.

ისტორიის მაგალითებით ჩანს, რომ ერებს დიდი კრიზისები და ქარტეხილები გადაუტანიათ, მაგრამ ფეხზე დამდგარან და ახალი ფორმითა და სახით აღდგენილან. ღმერთმა ქნას, ჩვენთვისაც, პატარა ერისთვისაც, ასევე იყოს.

თქვენს კითხვაში ოპოზიციური პარტიები, ასე ვთქვათ, ხელში "შემოგექილიკათ". ეს შემთხვევითი არ არის. მათ მართლაც მარცხი განიცადეს, მაგრამ ძალიან გაიზარდნენ კიდეც. შევნიშნე, რომ  სამართლებრივი საკითხები დღეს გაცილებით კარგად იციან, ვიდრე ათი წლის წინ, როდესაც საქართველო დავტოვე და ცოტა ხნით სხვა ქვეყნების ბინადარი გავხდი.

მაგრამ რას მოგვცემს ეს წინსვლა, თუ მთლიანად საზოგადოება არ მომზადდა. საზოგადოების ერთობლივი ინტელექტუალური ზრდა ურთულესი პროცესია. გაიხსენეთ, რამდენი საუკუნის განმავლობაში იყო საქართველო ჩოქბჯენში, რამდენი ასეული წელი ვიყავით მონურ მორჩილებაში. ახლა თითქოს მოგვეცა საშუალება, კონსტიტუციით ჩვენი ბედი ჩვენვე დემოკრატიული წესით გადავწყვიტოთ, მაგრამ იმდენად არის მეტასტაზები გასული და გამჯდარი ჩვენს ფსიქიკაში, რომ მისი ამოძირკვა იოლი არ იქნება.

ჩაბრძანდით სოფლებში და ნახეთ, რა დღეშია გლეხობა. გლეხები აღარც ჰქვიათ, მეგრულად რომ ვთქვათ, "გოღილატირები", ანუ გაღლეტილები არიან. ელემენტარული ამბის გადაწყვეტა ხომ შეუძლიათ, მაგრამ დღემდე ნებართვას ელიან ვიღაცისგან, ვიღაცას შეჰყურებენ.

ვფიქრობ, ჩვენი ძალისხმევა განათლების სისტემისკენ, სახალხო განათლებისკენ უნდა მიგვემართა.

- ბოლო დროს განათლების და მეცნიერების მინისტრი ამ მხრივ ძალიან აქტიურობს. როგორც შაშკინის უწყებამ განაცხადა, დისციპლინის დამრღვევ მოსწავლეებს პირველი გაფრთხილების შემდეგ სამტრედიის სპეცსკოლა ელის.

- გაუნათლებელ ერს იოლად აქცევ მანიპულაციების საგნად, განათლებულს კი, მინიმუმ, უნდა მოუსმინო, რადგან მას ყველაფერზე თავისი აზრი და შეხედულება აქვს. არსებობს ასეთი მეთოდი (ღმერთმა დაგვიფაროს და ვაითუ ჩვენთანაც მოქმედებს):

საზოგადოება უნდა ამყოფო შიმშილსა და გაჭირვებაში, სრულ უვიცობასა და გაუნათლებლობაში, რათა მასთან ურთიერთობა გქონდეს არა როგორც მრავლისმეტყველ, რთულ სიმრავლესთან, არამედ მარტივსა და ერთთან, რომელსაც საითაც გინდა, იქით წაიყვან და რასაც გინდა, იმას დააჯერებ.

ესენი შეიძლება ანა კალანდაძის ლექსს ვერ არჩევენ ჭავჭავაძისგან, მაგრამ ძალიან გამჭრიახი ხალხია და ამავე დროს, არც გუნდია ისეთი ხელწამოსაკრავი, როგორც ზოგიერთს ჰგონია.

სამტრედიის სპეცსკოლა ახსენეთ. ახალგაზრდობას შიში და მათრახი კი არ სჭირდება, განათლებული, ყოველმხრივ მომზადებული და უზრუნველყოფილი პედაგოგი უნდა, რადგან ის უაღრესად მგრძნობიარე ფენომენია.

მომავალ თაობას შიშით ვერაფერს აიძულებ, ყოველ შემთხვევაში, შეიძლება დაჩაგრო და დააძაბუნო, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე განათლებულ თაობას მათრახით ვერ მიიღებ. ურთიერთგაგება და ურთიერთპატივისცემაა მთავარი და არა შიში.