"ხელისუფლება კი არა, ჩვენც გავგიჟდით" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება კი არა, ჩვენც გავგიჟდით"

"ნატომ გადაწყვიტა, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდება და ეს პოზიცია უცვლელია", - განაცხადა ჩვენს ქვეყანაში ვიზიტისას ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა და დასძინა, - ამისთვის საქართველომ სათანადო კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოსო. ნატოს გენერალურ მდივანს იმედიანი სიტყვებისთვის მადლობის მეტი რა ეთქმის, მაგრამ სწორედ ეს "სათანადო კრიტერიუმებია", რომლებმაც ნატოში შესასვლელ ზღურბლს (რადგან ვერა და ვერ "დავაკმაყოფილეთ") უკვე ამდენი წელია ვერა და ვერ გადაგვაბიჯებინა.

სამწუხაროდ, ნატო საქართველოსთვის ისევ მირაჟად რჩება, რაც უფრო ვუახლოვდებით, უფრო და უფრო გვშორდება. ნატოში საქართველოს გაწევრება ოცნებიდან რეალობად რომ იქცეს, ქართველი მეომრები სიცოცხლეს არ იშურებენ. ავღანეთში, ყველაზე რთულ ჰილმენდის პროვინციაში, საიდანაც დიდი რისკის გამო დიდმა ბრიტანეთმა თავისი სამშვიდობო ძალები გაიწვია, ქართველი სამხედროები (ოთხი სამხედრო რამდენიმე დღის წინ ნაღმზე აფეთქდა) ასრულებენ სამშვიდობო მისიას, მაგრამ ნატოში შესვლისთვის მხოლოდ ჩვენი სამხედროების თავგანწირვა არ კმარა. ნატოს კარში (ჩვენთვის ეს კარი ხომ კარგა ხანია ღიაა) რომ შევაბიჯოთ, რეფორმები, დემოკრატია და სამართლიანი სასამართლოც გვჭირდება. ამ მიმართულებით რაიმეს გამოსწორებისთვის "თავგანწირვას", როგორც ჩანს, ნაკლებად გვატყობენ, თორემ ამ ნანინანატრ ნატოში აქამდეც შეგვიყვანდნენ.

გასულ კვირას სენატში გამოსვლისას იტალიის პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ, როდესაც ბოლო წლების მიღწევებზე ლაპარაკობდა, თავი მოიწონა, - ჩემი ძალისხმევით საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველაზე მაღალ ხეზე ჩამოკიდებას გადაურჩაო, მაგრამ ამაზე საპასუხო მადლობა სააკაშვილისაგან იმით მიიღო, რომ საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის პრემიერი პუტინთან "ინტიმურ მეგობრობაში" ამხილა. ბატონ სილვიოს თუ ამდენი შეეძლო, აჯობებდა, პუტინთან სიახლოვე რუსეთის ფედერალური სამსახურის თანამშრომლების შესაჩერებლადაც გამოეყენებინა, რომელთაც შიდა ქართლში უკანონო საზღვარი მონიშნეს და ათობით ჰექტარი მიწა მიიტაცეს.

ამ და გასული კვირის სხვა მნიშვნელოვან თემებზე ფილოსოფოს კახა კაციტაძეს ვესაუბრეთ:

- ნატოს გენერალურ მდივანს საქართველოში ჩვეულებრივი, გეგმური სამუშაო ვიზიტი ჰქონდა და ამაში ექსტრაორდინარული არაფერია. არც ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნაში იყო რაიმე განსაკუთრებული, რადგან საქართველოში კარგა ხანია არის ნატოს წარმომადგენლობა სამხრეთ კავკასიაში. სხვა საქმეა, როგორ აპიარებს ამ გეგმურ ღონისძიებას საქართველოს ხელისუფლება. რასმუსენის სტუმრობამ და ნატოს სამოკავშირეო ოფისის გახსნამ ილუზია არ უნდა გაგვიჩინოს, არავითარი პრინციპული ცვლილება არ არის. ნატოს პოზიცია ისეთივეა, როგორიც იყო,

საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა, მაგრამ იქ რომ შევიდეს, პირობების მთელი კასკადი უნდა დააკმაყოფილოს.

2002-2003 წლებში, როდესაც IPAP-ი დაიწყო, ნატოს ექსპერტები იმედოვნებდნენ, რომ 2012 წელს საქართველო უკვე ნატოს სტანდარტებს მიაღწევდა, ახლა კი ლაპარაკია 2020 წელზე. ასე რომ, ნატოში გაწევრების საკითხში არავითარი ნოვაცია არ ხდება. უბრალოდ, სააკაშვილს საზოგადოების ყურადღების გადატანა უნდა, რადგან ირგვლივ ყველაფერში წარუმატებლობაა, - კილოგრამი ნიორი ლამის 15 ლარი ღირს, რუსები როგორც უნდათ, ისე იკავებენ ჩვენს სოფლებს და ხელისუფლება ამას წინ ვერაფრით აღუდგა.

ყურადღების ვითომ პოზიტიურ მოვლენაზე გადატანა განსაკუთრებით საჭირო გახდა სააკაშვილის აშშ-ში ვიზიტის შემდეგ. სააკაშვილს მაკკეინიც კი არ შეხვედრია! საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ჰილარი კლინტონთან რა ვითარებაშიც მოხდა, კარგად ჩანს პრეზიდენტის საიტზე დადებულ ფოტოზე. ეს არის, ფაქტობრივად, კორიდორში გადაღებული ფოტო, სადაც პრეზიდენტი და ჰილარი კლინტონი ხელს ართმევენ ერთმანეთს, უკანა პლანზე კი დამორცხვებული ვაშაძე დგას.

ჰილარი კლინტონი კაბინეტშიც არ შეხვდა სააკაშვილს, მაშინ როდესაც ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანის პრეზიდენტი არათუ მიიღო ობამამ, არამედ მასთან უაღრესად თბილი და არსობრივი საუბარი ჰქონდა. სააკაშვილი კი გვეუბნება, სენეგალის პრეზიდენტს შევხვდი, სენეგალი აფრიკის ერთ-ერთი სოლიდური სახელმწიფოაო.

ის ხომ მაინც ვიცით, რომ აფრიკაში მეტ-ნაკლებად სოლიდური სახელმწიფოები სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ნიგერიაა, რომელთაც 180 მლნ მცხოვრები ჰყავთ. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ქართულმა ტელეკომპანიებმა პრეზიდენტის დიდ წარმატებად გამოაცხადეს მისი შეხვედრა როზა ოთუმბაევასთან, რომელიც რამდენიმე თვის წინ რუსეთის მთავარ ჯაშუშად გამოაცხადეს.

- ავღანეთში კიდევ ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შემდეგ ექსპერტებმა განაცხადეს, მიზანშეუწონელია ავღანეთის ოპერაციაში რამდენიმე ქართული ასეულის გაგზავნა მაშინ, როდესაც ნატოს წევრი ქვეყნებიც კი მხოლოდ ერთ ასეულს აგზავნიანო.

- ეს ერთი საკითხია, მაგრამ ვერ გამიგია ამ მისიაში ქართველი სამხედროების მონაწილეობის მოტივაცია. ჩვენი სამხედროები საზღვარგარეთ სამშვიდობო ოპერაციებში უნდა მონაწილეობდნენ, მაგრამ იღუპებიან  ჰამიდ ყარზაის რეჟიმის მხარდასაჭერად, რომლის წარმომადგენელი გაეროში უკვე მეორე წელია მხარს არ უჭერს რეზოლუციას ჩვენი დევნილების დაბრუნებაზე. ჩვენი ხელისუფლება ამ ფაქტს საგულდაგულოდ მალავს.

ავღანეთი ერთ ღილაკზე არ აჭერს თითს ჩვენი გულისთვის და ამ დროს ჩვენი ბიჭები იცავენ კორუმპირებულ ყარზაის, რომელზეც უკვე დიდი ეჭვია, რომ ფსიქიკურადაც ნორმალური არ არის. ჩვენმა ბრძენმა დიპლომატებმა იქნებ აგვიხსნან, ავღანეთი რატომ არ აჭერს ერთხელაც პულტს თითს საქართველოს სასარგებლოდ და რატომ მალავენ ამ ფაქტს?

არა ვარ წინააღმდეგი სამშვიდობო ოპერაციებში ქართველი ჯარისკაცების მონაწილეობისა, თუკი ეს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარეობს, მაგრამ გაუგებარია, რატომ ვეხმარებით რეჟიმს, რომელიც არ არის თანახმა, რომ ჩვენი დევნილები თავიანთ საცხოვრებელს დაუბრუნდნენ.

საქმე ის არის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას აღარ უშველის ჩვენი ჯარისკაცების რომელიმე მისიაში მონაწილეობა, რადგან ხელისუფლებას არა აქვს პერსპექტიული პოლიტიკა და სტრატეგია. სააკაშვილის რეჟიმი ძალიან დაემსგავსა ბრეჟნევის მმართველობის ბოლო პერიოდს. ესენი ახალგაზრდა ბრეჟნევები არიან. საქართველოს მართავს ჩამყაყებული რეჟიმი, რომელშიც ახალგაზრდა პენსიონერები არიან.

სამხედრო სტრატეგიაში არსებობს ცნება "ხახუნის მზარდი ნეგატიური ტენდენცია", რომელსაც პოლიტიკაშიც იყენებენ და სააკაშვილის ხელისუფლება სწორედ "ხახუნის მზარდი ნეგატიური ტენდენციის" ქვეშ არის, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ჭაობში მოხვედრილი ადამიანი რაც მეტს მოძრაობს, მეტად იძირება. ასეთ ვითარებაში რეკომენდაციას აძლევენ, რომ ჭაობში მოხვედრილი უმოძრაოდ იყოს, მაგრამ ჩვენი პრეზიდენტის ფსიქოლოგიიდან გამომდინარე წარმოიდგენთ, რომ ის გაჩერდება?

რომ არ გაჩერდება, ამის დასტურია მისი ნათქვამი ბერლუსკონიზე ("სილვიო ბერლუსკონის მჭიდრო, ახლობლური, თითქმის ინტიმური მეგობრობა აკავშირებს პუტინთან"). ამ განცხადებიდან გამომდინარე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სააკაშვილი დიდხანს არ მოგვაწყენს.

ეს ხელისუფლება თავისი ქმედებებით ქმნის საზოგადოებაში უარყოფით განწყობას. ტყუილია, რომ რევოლუციას ახდენს ოპოზიცია, რევოლუციას ყოველთვის ხელისუფლება ახდენს, რომელსაც საქმე იქამდე მიჰყავს, რომ ხალხი ქუჩაში გამოდის.

- ხელისუფლებას ხშირად უთქვამს, რომ აქვს რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტი და ხმას არ მისცემს რუსეთის გაწევრებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, მაგრამ ახლა გაირკვა, რომ საქართველო არ შედის სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების სამუშაო ჯგუფში და შესაბამისად, არ შეუძლია გადაწყვეტილების დაბლოკვა.

- საქართველოს არც არასოდეს ჰქონია რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების დაბლოკვის ბერკეტი, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის არსია, რეალური ვირტუალურით ჩაანაცვლოს. XIX საუკუნის დიდ გერმანელ ისტორიკოს ლეოპოლდ ფონ რანკეს ნახევრად ხუმრობით აქვს ნათქვამი: ის ფაქტი, რაც წყაროებში არ არსებობს, არც არსებულა როგორც ფაქტიო. ჩვენი ხელისუფლებაც ამბობს, ის, რაც "იმედზე", "რუსთავი 2"-ზე, I არხსა და "რეალ-ტვ"-ზე არ გადაიცემა, არც ხდებაო. ჩვენი ხელისუფლება რეალობას მოჩვენებად ასაღებს და მოჩვენებას - რეალობად. ამბობენ, საქართველოს დავით აღმაშენებელი სჭირდებაო.

მე კი მგონია, რომ საქართველოს ძალიან სჭირდება ქართული ფსიქიატრიის ფუძემდებლის, მიხეილ ასათიანის (რომელსაც თავიანთ მიმოწერაში ფროიდი და იუნგიც კი ახსენებენ) მოვლინება. დღევანდელ საქართველოს მხოლოდ ასეთი დონის ფსიქიატრი Yთუ გადაარჩენს. ერთი ანეკდოტი გამახსენდა: ასათიანის საავადმყოფოს გიჟებმა შიგნიდან მიაჭედეს კედელს აბრა "საგიჟეთი". მართლაც გარეთ უარესი საგიჟეთია. ხელისუფლება კი არა, ჩვენც გავგიჟდით.

ჩვენი ხელისუფლების არაადეკვატურობის მანიშნებელი იყო მსოფლიო პოლიტიკის უპრიმიტიულესად, მხოლოდ შავ-თეთრი ფერებით დანახვა. იდეა, მთელი მსოფლიო პოლიტიკა რუსეთ-აშშ-ის ჭიდაობაა, ამერიკა მაგარია, მის მხარეს დავდგეთ, ის დაამარცხებს რუსეთს და ჩვენც სარგებელი გვექნებაო, აღმოჩნდა, რომ ავადმყოფური ყოფილა. დღევანდელ მსოფლიო პოლიტიკაში ერთის მოგება მექანიკურად მეორის წაგებას არ ნიშნავს. გეოპოლიტიკური მიდგომების ეპოქა დასრულდა. ახლა დიდი და მცირე სახელმწიფოების თანამშრომლობის ეპოქაა და სამწუხაროდ, ამ არენაზე საქართველოს ადგილი არ არის, რადგან ის არც ერთი დასავლური სახელმწიფოს თვალში არ არის რესპექტაბელური, სოლიდური სახელმწიფო.

- მაგრამ ვცდილობთ, თუნდაც კონსტიტუცია გვქონდეს დასავლურ სტანდარტებთან მიახლოებული. საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად საქართველოს პრეზიდენტი გახდება ზეპარტიული ფიგურა, რომელიც არჩევის შემდეგ პარტიაში თანამდებობას დატოვებს. ეს ცვლილება დემოკრატიის გზაზე წინგადადგმულ ნაბიჯად გამოცხადდა.

- საფრანგეთში საპრეზიდენტო რესპუბლიკის შემოღებისთანავე დამკვიდრდა წესი - პირი ხდება თუ არა პრეზიდენტი, უარს ამბობს პარტიულ თანამდებობაზე. ეს პარტიული და სახელმწიფო ინსტიტუტების შერწყმის თავიდან ასაცილებლად გაკეთდა, მაგრამ გამორიცხულია ამ საკონსტიტუციო ცვლილებამ საქართველოში გაამართლოს.

1936 წელს, როცა სტალინი კონსტიტუციას იღებდა, მაშინაც ჩატარდა საერთო-სახალხო განხილვა. ერთ იურისტს თურმე სერიოზულად გაურჩევია კონსტიტუციის პროექტი და შენიშვნებით სავსე ოცგვერდიანი წერილი გაუგზავნია სტალინისთვის. სტალინს რომ წაუკითხავს, გასცინებია, ეგ ჭკვიანი კაცი მეგონა, მართლა ფიქრობს, რომ ამ კონსტიტუციით ვაპირებ ქვეყნის მართვასო? როგორ გგონიათ, სააკაშვილი ამ კონსტიტუციით ფიქრობს ქვეყნის მართვას?

არა მგონია, ამ საკონსტიტუციო ცვლილებით ახალი ხანა დაიწყოს საქართველოს ისტორიაში. შესაძლოა, ვიღაცას სჯერა ხელისუფლების კეთილი სურვილებისა, მაგრამ ნათქვამია, "კეთილი სურვილებით ჯოჯოხეთში მიმავალი გზაა მოფენილიო". გზამ, რომელსაც აქამდე მივყვებოდით, ჯოჯოხეთის გზაზე კი არ დაგვაყენა, ჯოჯოხეთის კარიბჭეში შეგვიყვანა და უკვე ზღურბლზეც გვაქვს ფეხი გადაბიჯებული. სამწუხაროდ, ეს კეთდება ხმაურიანი პიარით, რომ სამოთხეში ვართ.

- გასულ კვირას ფილარმონიაში "სახალხო კრების" მოსამზადებელი თავყრილობა გაიმართა. "სახალხო კრების" იდეას ზოგი რუსულ პროექტს უწოდებს, ზოგიც გადარჩენის გზას. რომელ შეფასებას ემხრობით?

- ეს არც რუსული გეგმაა და არც გადარჩენის გზა. ეს არის იმის გამოხატულება, რომ საზოგადოება ძიების პროცესშია. რამდენად შედეგიანად დასრულდება ეს პროცესი, ამის გარანტიას ვერავინ მოგვცემს. ჯერ კიდევ შარშან ვთქვი თქვენს გაზეთთან ინტერვიუში, ოპოზიციამ თავი ამოწურა-მეთქი. ეს ოპოზიცია ასპარეზიდან წავა, რადგან საზოგადოების ნდობა ვერ გაამართლა და მას სხვა ძალა ჩაენაცვლება.

დღევანდელ ოპოზიციას მემკვიდრეობით ერგო პოლიტიკაში ყოფნა? თუ "სახალხო კრების" ეს შემადგენლობა მოახერხებს ფართო საზოგადოებრივ მოძრაობად გადაქცევას, მას პერსპექტივა აქვს, რადგან საზოგადოების დაკვეთაა, გაკოტრებული ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაცვლად ჩამოყალიბდეს ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა.

მოსაწყენი გახდა ოპოზიციის წუწუნი ჩვენი საზოგადოების დაბალ პოლიტიკურ დონეზე. როდესაც 300 ათასი კაცი ქუჩაში გამოდის და პოლიტიკური პარტიები ამ პროცესის ლიდერობას ვერ ახერხებენ, როგორ უნდა ეყოთ ამის მერე თავხედობა, საზოგადოებას დააბრალონ რამე?

- ახალი პოლიტიკური ძალის შექმნას აპირებს ირაკლი ოქრუაშვილიც.

- ამაში ვერ ვხედავ საზოგადოების დაკვეთას. საზოგადოებას ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა სურს და არა ხუთი ოპოზიციური ლიდერის თუ პარტიის გაერთიანება რაღაც საბჭოში, რომლის მსგავსი უკვე არსებობდა 2009 წლის აპრილის აქციების დროს. ხუთი დაბალი რეიტინგის პარტიის შეერთებით მაღალ რეიტინგს ვერ მივიღებთ.

ვფიქრობ, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პოლიტიკური პროცესები ყველაზე უფრო არაპროგნოზირებადი სცენარით წარიმართება. გაგვიკვირდება, ისე სწრაფად განვითარდება მოვლენები.

რა იქნება ამ პროცესის დაწყების ბიძგი, ძნელი სათქმელია, თუმც შეგახსენებთ, როგორ დაემხო რომის იმპერია. იმპერატორ ტარკვინიუს ამპარტავნის ბოროტებას დიდხანს ითმენდნენ რომაელები, მაგრამ როდესაც მისმა გარყვნილმა ვაჟმა ძალა იხმარა პატიოსნებით განთქმულ ლუკრეციაზე, რომელიც რძლად ერგებოდა (ლუკრეციამ შეურაცხყოფა ვერ აიტანა და რომის ცენტრალურ მოედანზე თავი მოიკლა). რომაელები აჯანყდნენ და ტარკვინიუსი გადააგდეს. რა იქნება ლუკრეციაზე ძალადობის ტოლფარდი მოვლენა, ძნელი სათქმელია, მაგრამ ხელისუფლება რაღაც ისეთს უსათუოდ შემოგვთავაზებს, რაც სამწუხაროდ ვითარებას დაძაბავს.

ხელისუფლებამ ქართველი ერი ძალიან მძიმე არჩევანის წინაშე დააყენა - რევოლუცია ან ქვეყნის ზიმბაბვიზაცია (ზიმბაბვეს თითქმის 40 წელია დიქტატორი მუგაბე მართავს).

ქართველ ხალხს მოუწევს არჩევანის გაკეთება - დარჩეს ხალხად თუ ერად იქცეს. ჩვენი ისტორიისა და საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, მგონია, ერად ჩამოყალიბების გზისკენ წავალთ.