"პოლიტიკური პროცესები კრიზისში ეფლობა" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური პროცესები კრიზისში ეფლობა"

"სახელმწიფო ბიუჯეტს "ხელისუფლების საფულე" დაერქვა"

"რევოლუციის შემდგომ პერიოდში კორუფციაზე მონოპოლია გამოცხადდა"

რუსეთი ჩინეთს უახლოვდება; ობამას რეიტინგი ჯორჯ ბუში-უმცროსისას უტოლდება; სტრასბურგის სასამართლო ჩეჩნეთში რუსი სამხედროების არაადამიანურ ქმედებებზე ოფიციალურ დასკვნას აქვეყნებს, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს რამზან კადიროვს, გროზნოში პუტინის სახელობის მუსიკალური შადრევნის გახსნა თანამემამულეთა სისხლით მორწყულ მიწაზე ცეკვით აღნიშნოს. ამ დროს კი რა ხდება საქართველოში? - ახალი არც არაფერი: კვლავ მასობრივი და სატელევიზიო დაპატიმრებები;

თვითკმაყოფილი პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის რეჩიტატივები; ოპოზიციონერთა კინკლაობა და ურთიერთბრალდებები, თუ ვინ ვისი აგენტია და ვინ ვის საქმეს აკეთებს... აფხაზებმა და ოსებმა კი, რუს "უფროს მეგობრებთან" ერთად, საზღვრებზე სადემარკაციო სამუშაოები წამოიწყეს. სამაგიეროდ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ აღიარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. ოფიციალურ ვაშინგტონს მეტს ვერაფერს მოვთხოვთ - ჯერ ჩვენც ვერ გავრკვეულვართ, რა გვინდა და საით მივდივართ. ამასობაში, რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, საქართველოს გარშემო ჩრდილოური მარყუჟი ვიწროვდება... ასეთია საკითხთა ნუსხა, რომელთა შესახებაც ბატონ გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:

- ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ინდმეწარმეთა მასობრივი დაპატიმრება ხელისუფლებამ ბიზნესის "გათეთრების" მორიგ ეტაპად გამოაცხადა, ოპოზიციამ კი - რეპრესიების გაგრძელებად. არის მოსაზრებაც, რომ ეს ყველაფერი ხელისუფლების შიგნით გავლენის გადანაწილებისთვის ბრძოლასთან არის კავშირში. თქვენი აზრით, სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე?

- ამას, რა თქმა უნდა, გათეთრება დაარქვეს, თუმცა არა მგონია, ეს იყოს მთავარი მიზეზი გასულ კვირაში ინდმეწარმეებთან დაკავშირებული მოვლენებისა. საერთოდ,

ტექნოლოგია ძალზე მარტივია - ერთი მხრივ ადამიანებს დანაშაულისკენ უბიძგებენ, მეორე მხრივ, მოგვიანებით, ამავე დანაშაულისთვის სჯიან.

ე.წ. დამგროვებელი ცენტრების არსებობა (უნდა ვივარაუდოთ ჩინეთშიც, არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც და თურქეთშიც). ამას აქვს პრაგმატული მიზანიც, რადგან ლოგისტიკურად ბევრად უფრო ადვილია საქონლის დაგროვება და ტრანსპორტირების ხარჯების ოპტიმიზაცია. ვფიქრობ, რომ ეს სქემა ყველამ კარგად იცოდა და დღეს არ აღმოუჩენიათ. აქედან გამომდინარე, ალბათ, საქმე არა მხოლოდ მეწარმეთა შევიწროებასთან გვაქვს - აქ პოლიტიკური კონიუნქტურის საკითხიც დგება. როგორც ჩანს, ერთდროულად რამდენიმე საქმე "გვარდება":

პირველ რიგში, მთავარი სამიზნე, ალბათ, მაინც ის კომპანია იყო, რომელიც ამ საქმიანობას ეწეოდა. ცოტა ხანში გავიგებთ, რა ფარულ დინებებთან გვაქვს საქმე. მეორე საკითხი გახლავთ ის, რომ პრობლემებია ბიუჯეტთან დაკავშირებით. სისტემა როგორ მუშაობს? - როდესაც საგადასახადოს გეგმის შესრულების პრობლემა უჩნდება, ვერტიკალიდან მოდის ე.წ. დირექტივები, ვინ რამდენი უნდა მიიტანოს.

საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საგადასახადო სამსახურის ინსპექტორამდე დადის, რომელმაც იცის, რომ არსებული ბაზა ამ თანხის გადახდის საშუალებას არ იძლევა. დამატებითი შემოსავლების მოსაზიდად კი დროდადრო საჭირო ხდება აღნიშნული ტიპის სპეცოპერაციების ჩატარება. ცხადია,  ამ ოპერაციების უმრავლესობა საპროცესო გარიგებითა და ბიუჯეტში სოლიდური თანხების შედინებით მთავრდება. ასე ვთქვათ, კამპანიური ხასიათის "ნაღების" მოხდა მიმდინარეობს და საბოლოოდ რამდენიმე ამოცანა ერთდროულად სრულდება: ბიუჯეტის შევსება და შიდასახელისუფლებო დაპირისპირების შედეგად მავანთა დასჯა.

რაც შეეხება ბიზნესის "გათეთრებას", ჩვენ უკვე ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, რომ ეს ამოცანა ინდივიდუალურადაც ძალზე მარტივი შესასრულებელია და ეს, სხვათა შორის, აშკარად პოზიტივია. მაგრამ ასე მასობრივად, კამპანიური ხასიათის სპეცოპერაციის ჩატარება მხოლოდ ესპანეთსა და იტალიაში თუ მინახავს, როცა კრიმინალურ დაჯგუფებებს ებრძვიან. როდესაც აშკარად წვრილმან დანაშაულთან გვაქვს საქმე, ასეთი მასობრივი, სახალხო-სატელევიზიო დაპატიმრებები  და რეპრესიები, რა თქმა უნდა, ჯანსაღ პროცესად ვერ ჩაითვლება...

- გასული წლების განმავლობაში ხშირად გაისმოდა კრიტიკა სამთავრობო და საპრეზიდენტო სარეზერვო ფონდებთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციების არაერთი გამოკვლევით, ამ ფონდებიდან თანხების ხარჯვა გაუმჭვირვალედ ხდებოდა. წლის დასაწყისში მთავრობისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდები 25-25 მილიონი ლარი იყო, თუმცა წლის ბოლომდე 55-55 მილიონამდე გაიზარდა.

- დღევანდელი სისტემის პრინციპი ასეთია: ადრე კორუმპირებულ სახელმწიფოში ვცხოვრობდით და კორუფცია იყო ყველა დონეზე, როგორც შემოსავლის, ისე გასავლის თვალსაზრისით. რევოლუციის შემდგომ პერიოდში კორუფციაზე მონოპოლია გამოცხადდა. ხელისუფლებამ საკმაოდ საინტერესო სისტემა შექმნა.

შემოსავლების ნაწილში ვერტიკალი კორუფციისგან მთლიანად გაწმინდა და ასეთი რამ გააკეთა - მოდი, ფული მთლიანად ბიუჯეტში შევიტანოთ და შეხედულებისამებრ, პირდაპირ იქიდან დავხარჯოთო. მეტსაც გეტყვით: არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, პრეზიდენტის ფონდის ბიუჯეტი ორმოცდაათი მილიონი იქნება თუ ასი - რეალურად ხელისუფლებას აქვს ყველანაირი მექანიზმი, რომ მთელი ბიუჯეტი ისე დახარჯოს, როგორც ამას საჭიროდ მიიჩნევს.

ჩვენ მარტო ამ ფონდის გამჭვირვალობის პრობლემა კი არ გვაქვს, ზოგადად, ხელისუფლების ქმედებაში ტოტალური გაუმჭვირვალობის პრობლემაა - ფონდი იქნება, ბიუჯეტი თუ საბიუჯეტო ორგანიზაციები. ალბათ, გახსოვთ, როდესაც კონტროლის პალატის დასკვნას ქალაქის კეთილმოწყობის მუნიციპალური სამსახურის ბიუჯეტურ ხარჯებზე გრიფი "საიდუმლოდ" დაედო. ეს ხომ აბსოლუტური ნონსენსი იყო.

აქედან გამომდინარე, ჩვენთან ასეთი მონოპოლიურ-კორუფციული სისტემა შეიქმნა. სახელმწიფო ბიუჯეტს "ხელისუფლების საფულე" დაერქვა და მისი მიზნობრიობა პოლიტიკური და პირადი ინტერესებით შემოიფარგლება. ხელისუფლება ამას კორუფციას არ ეძახის. ყველაფერს აკეთებს, რომ საზოგადოებამ კორუფცია აღიქვას, როგორც კონკრეტული ჩინოვნიკისგან კონკრეტული თანხის ხელში აღება.

კორუფციაა, ჩემი აზრით, როდესაც ბიზნესში წილები გადანაწილდება რომელიღაც ოლიგარქიული ჯგუფების სასარგებლოდ, როდესაც საბიუჯეტო თანხები არამიზნობრივად იხარჯება. აუცილებელი არ არის, ქრთამებისთვის ჩემოდნებით დაარბენინებდნენ "ქეშს" აქეთ-იქით. ჩვენ ხომ ვიცით, რომ სახელმწიფო თანხები პოლიტიკური მიზნებისთვისაც იხარჯება. გვახსოვს ხელისუფლების "აღიარებითი" ჩვენებაც, როდესაც უვადო არჩევნებთან დაკავშირებით პოლემიკა მიმდინარეობდა და ხელისუფლებამ განაცხადა, არჩევნები თითქმის მილიარდი ჯდებაო, მაშინ, როდესაც ოფიციალურად გაწერილი ეს ხარჯი 20 თუU 25 მილიონს არ აღემატებოდა.

კორუფციაა, როდესაც საარჩევნო მიზნებით იხარჯება თანხები. თქვენ წარმოიდგინეთ, არჩევნების წინ სახლების გადახურვა და ქუჩების კეთილმოწყობაც კორუფციაა. ერთი შეხედვით, თითქოს კარგი საქმე კეთდება - მოსახლეობის პირობები უმჯობესდება, მაგრამ ეს ყოველდღიურ, არჩევნებს მიღმა ცხოვრებაში უნდა ხდებოდეს და არა ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მეორის არჩევნებში დამარცხების მიზნით. მთავარი ამ სიტუაციაში ხომ ადამიანების არა მხოლოდ მოსყიდვა, მათი სულების დაპატრონებაცაა.

ანუ, საქართველოში მოხდა ადრე არსებული ტოტალური კორუფციის ტრანსფორმირება, რის შედეგსაც ზოგი ბიუჯეტს ეძახის, ზოგი მთავრობის საფულეს და ზოგიც პრეზიდენტის სალაროს.

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე წლებია, დაჟინებით ითხოვს ინფორმაციას ამა თუU იმ ხარჯთან დაკავშირებით - და ამას ოფიციალურად, კანონმდებლობაზე დაყრდნობით აკეთებს, მაგრამ ჯერ ამომწურავი პასუხი არავის მიუღია. როდესაც პასუხგაუცემელი კითხვები ჩნდება, ჩნდება ეჭვებიც. ყველა ასეთი პასუხგაუცემელი კითხვა არის დამამტკიცებელი საბუთი საქართველოში კორუფციის არსებობისა, რადგან ხელისუფლება ამას იმიტომ შეიძლება მალავდეს, რომ იქ ყველაფერი წესრიგში არ არის ეფექტურობის ან მიზნობრიობის თვალსაზისით, ან ეს თანხები სადღაც არის გადაქაჩული.

- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმა არის ყველაზე აშკარა და მნიშვნელოვანი გამოწვევა, რომელიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. ეს და არა მხოლოდ ეს გამონათქვამი საქართველოში, როგორც ყოველთვის, დიამეტრულად განსხვავებული ინტერპრეტაციების საგნად იქცა. თქვენი აზრით, მაინც როგორია ოფიციალური ვაშინგტონის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ?

- დავიწყოთ იმით, რომ კლინტონის გამოსვლა იყო კოლაჟი იმ მიმოხილვებისა, რაც წლების განმავლობაში შეერთებული შტატების მიერ საქართველოში კეთდება ან გაკეთებულა. არახალია თუნდაც ის, რომ საქართველოსთვის ნატოს კარი ღიაა, რომ  ტერიტორიული მთლიანობის აღიარების რეჟიმში ვართ და ასე შემდეგ.

ისიც ცხადია, რომ არაფერი ახალი არც ამ გამოსვლის შემდეგ მომხდარა - ხელისუფლება ცდილობს სახელმწიფო მდივნის გამონათქვამები თავისი პიარისთვის გამოიყენოს და მისადმი განუზომელ თანადგომად წარმოაჩინოს, ოპოზიცია კი ამ ყველაფერს კრიტიკულად აფასებს. ასეთი ტიპის "დებატები" მონოლოგის რეჟიმში პერმანენტულად იმართება. სინამდვილეში კი არც ერთ და არც მეორე მხარეს სკეპტიციზმისა თუ ოპტიმიზმისთვის დამატებითი საფუძველი არ აქვს.

რაც შეეხება ზოგადად შეერთებული შტატების დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ, ვთვლი, რომ ის რადიკალურად შეიცვალა. რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებს, როგორც გლობალურ მოთამაშეს,  მიაჩნია, რომ აქვს გარკვეული აქტივი საქართველოს სახით. ერთი პერიოდი ვაშინგტონში დიდი დაბნეულობაც იყო, რადგან დიდი ინვესტიციები ჰქონდათ ჩადებული და არ იცოდნენ, ეს აქტივი რაში გამოეყენებინათ. 2008 წელს ეს აქტივი სერიოზულ პრობლემად იქცა, რადგან წაგებული ომის შემდეგ, ჩვენ თუ ტერიტორიები დავკარგეთ, ამერიკამ მთელი სამყარო დაკარგა, რაკიღა საქართველოს "დასჯის" მაგალითზე დაიმსხვრა მითი მსოფლიოში მისი უძლეველობის შესახებ.

მაგრამ არსებობს აქტივი, რომელიც საუკეთესო შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს ძალთა ბალანსის შენს სასარგებლოდ გამოსაყენებლად, უარეს შემთხვევაში, მისი "მოსუქება" და კარგ ფასად გაყიდვაც შეიძლება. ანუ, აქტივს რაღაცა ფასი უნდა დაედოს "მე, ბებია, ილიკო და ილარიონის" ფაქიზოს მსგავსად. დღეს ყველას კარგად ესმის, რომ რუსეთი ამ რეგიონიდან წასვლას არ აპირებს. ჩვენ კი ცუდსა და უარესს შორის მოგვიწევს არჩევანის გაკეთება: ცუდი ის არის, რომ დასავლეთი და რუსეთი რეგიონის თაობაზე რაღაცაზე შეთანხმდებიან. არის უარესი ვარიანტი - საქართველოს ისევ რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება.

ამის რისკი ძალიან დიდია, გამომდინარე იქიდან, რომ 2012 წლის თებერვალში რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. რუსეთის ხელისუფლება კი ე.წ. მისიონისტური ხელისუფლებაა. თავის საარჩევნო კამპანიაში მას აუცილებლად სჭირდება "თეთრი ცხენი", რომლითაც კრემლში შევა და ეს "თეთრი ცხენი", შესაძლოა, საქართველოს დამორჩილება აღმოჩნდეს. მით უმეტეს, რომ უგუნურ ქმედებაზე ჩვენი ხელისუფლების  პროვოცირება საკმაოდ ადვილია. ჩვენ ეს უკვე ვნახეთ. მიუხედავად იმისა, რომ რუსული პოლიტიკის უგუნურებაზე ბევრს საუბრობენ, მეჩვენება, რომ ის საკმაოდ კარგად არის გათვლილი. წინასაარჩევნოდ რუსეთი საქართველოსგან და ბელორუსიისგან მტრის ხატს აყალიბებს.

ამით ის ორ მიზანს ისახავს - პირველი ის არის, რომ ბელორუსია და საქართველო მისთვის ყველაზე იოლად დასამარცხებელი სამიზნეებია, რათა კრემლში "ძლევამოსილი" გამარჯვებით შევიდეს. მეორე და არანაკლებ მნიშვნელოვანი ის არის, რომ რუსეთი პარალელურად ამ ორი რეჟიმის მარგინალიზაციას ცდილობს. დასავლეთს ეუბნება, კი ბატონო, მე შეიძლება მთლად ისეთი არ ვარ, თქვენ რომ ხართ, მაგრამ ესენი საერთოდ ვინ არიანო. პრინციპში, საქართველოზე ჯერ ამას ვერ ვიტყვით, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ბევრად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე ლუკაშენკო.

ლუკაშენკოსა და სააკაშვილის რეჟიმები მოკავშირეებად გამოვლენ რუსეთის წინააღმდეგ, მათი ერთმანეთთან გაიგივებაც მოხდება და როგორც ზემოთ ვთქვი, მათი მარგინალიზაციაც.

სამწუხაროდ, ამ ტენდენციის საწინააღმდეგო მოქმედებას საქართველოს ხელისუფლებას ჯერჯერობით ვერ ვამჩნევ. რისკი კი, ასე რომ მოხდეს, საკმაოდ მაღალია.

- ქართულ პოლიტიკურ სპექტრში კვლავაც ურთიერთდაპირისპირება გრძელდება - ქართულ ოპოზიციაში ყველა ყველას ყველაფერს აბრალებს და ამ ვითარებაში უფრო და უფრო ძნელი გასაგები ხდება, ვინ ვისთან არის შეკრული...

- საქმე ის გახლავთ, რომ ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ სახელისუფლებო კრიზისი, ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად, პოლიტიკური ელიტის კრიზისია. რაც შეეხება ოპოზიციას და დღევანდელ უცნაურ სიტუაციას - პოლიტიკური პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობს. ხელისუფლებას არ ჰყავს პოლიტიკური კონკურენტი. იმის რესურსს, რომ ხელისუფლებასთან პოლიტიკური ოპონირების რეჟიმში გამოვიდეს, თავის თავში ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ პოულობს და შესაბამისად, პოლიტიკურ ასპარეზზეც "თავის წონაში" გამოდიან და მხოლოდ ერთმანეთთან აქვთ "სპარინგი".

გამიჭირდება თქმა, ოპოზიციიდან ვინ ვისთან არის შეკრული, ვინ დათრგუნვილია და ვის უბრალოდ, ინტელექტუალური კრიზისი აქვს. მაგრამ ფაქტია, რომ ხელისუფლებას, შიდაპოლიტიკური გაგებით, დღეს პრობლემა არ აქვს - საერთოდ ჩამკვდარია პოლიტიკური პროცესი და ვითარებას, როგორც სურს, ისე მართავს.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასე დიდხანს გაგრძელდება. კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ 2011 წელი საქართველოში საკმაოდ დრამატული იქნება, რადგან რუსული არჩევნების ფაქტორი ჩვენთან ძალიან იმძლავრებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი საზოგადოების ინტერესი მხოლოდ ხელისუფლების დამარცხება კი არა, პოლიტიკური ბალანსის აღდგენასა და გაძლიერებაში უნდა იყოს, რადგან დღევანდელი შიდაპოლიტიკური ძალთა თანაფარდობით, გარე ზეწოლის შედეგები კიდევ უფრო დრამატული იქნება.

თუნდაც გლობალურ წესრიგში რომ საქართველომ ადგილი მოიპოვოს, სხვადასხვა სცენარი არსებობს - ცეცხლისა და მახვილის და შედარებით რბილიც. თუ შიდა ბალანსი რაღაცნაირად არ ჩამოყალიბდა, ვშიშობ, სწორედ ცეცხლისა და მახვილის სცენარი ამოქმედდება. ძალზე ძნელია დღეს რაიმეს პროგნოზირება, მაგრამ ის პოლიტიკური ალიანსები, რაც დღეს იქმნება, ჩემს სკეპტიციზმს აძლიერებს - ერთი და იგივე სახეები, საკმაოდ უცნაური გაერთიანებები, ურთიერთბრალდებები...

ეს ყველაფერი, სამწუხაროდ, იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესები გაჯანსაღებისა და მრავალფეროვნებისკენ კი არ მიდის, პირიქით, კრიზისში ეფლობა და პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ვარდნა გვაქვს და ამ ყველაფერს მტერი, ალბათ, ეფექტურად გამოიყენებს...