"ბიზნესისა და ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების დაკავშირება ალოგიკურ შედეგს იწვევს" - კვირის პალიტრა

"ბიზნესისა და ქვეყნის პოლიტიკური ინტერესების დაკავშირება ალოგიკურ შედეგს იწვევს"

"ჩვენ თეორიულად შესაძლებელი ნეგატიური შედეგების თავიდან აცილებაც უნდა შეგვეძლოს"

"ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა"

ჟენევაში ორწლიანი მივლინებებისა და ხანგრძლივი კონსულტაციების შემდეგ მოსკოვმა საქართველოსთვის ერთი სოფლის დაბრუნება გადაწყვიტა, რასაც რუსი მაღალჩინოსნების მაღალფარდოვანი კომენტარიც მოჰყვა, - სარკოზი-მედვედევის ხელშეკრულება აღარ დაგვაყვედროთ, ჩვენი წილი ვალდებულება პირნათლად შევასრულეთო.

რასაკვირველია, ოფიციალური მოსკოვის გადაწყვეტილება საერთაშორისო საზოგადოებრიობამ მოიწონა და შეაქო. არადა, აფხაზეთზე რომ არაფერი ვთქვათ, მხოლოდ შიდა ქართლში აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპანტებმა ას ორმოცი სოფელი დაიკავეს. ასე რომ, შედარებითი სტატისტიკით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ვადაც შეგვიძლია გამოვთვალოთ:

თუ ერთი სოფლის დაბრუნებას ორი წელი დასჭირდა, ას ორმოცი სოფლისას... მაგრამ ასე, შესაძლოა, მავანთ ნიჰილიზმის გაღვივებაში დაგვდონ ბრალი. ასე რომ, სჯობს, საქართველოსა და მის გარშემო მიმდინარე ამბებზე პრაგმატულად ვიმსჯელოთ. პოლიტოლოგ კონსტანტინე ჟღენტთან საუბარი ახალმიღებული კონსტიტუციით დავიწყეთ:

- "ვენეციის კომისია მზად არის განაცხადოს, რომ საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულად შეესატყვისება ევროპულ ტრადიციებს", - ასეთი შინაარსის მოკლე შეტყობინება მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა ტელეფონზე ვენეციის კომისიის გენერალური მდივნისგან. თუმცა მავანნი იმასაც ამბობენ, რომ ახალი კონსტიტუციით სააკაშვილი პრეზიდენტობის ვადის დასრულების შემდეგ ხელისუფლების გახანგრძლივებას შეეცდება. თქვენი აზრით, ახალი კონსტიტუცია რამდენად შეუწყობს ხელს საქართველოში დემოკრატიისა და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებას?

- ვფიქრობ, იმდენად შეუწყობს, რამდენი ნაბიჯითაც კონსტიტუციის ამ რედაქციამ დაგვაახლოვა დემოკრატიის მაღალ სტანდარტებთან. თუნდაც ისეთ სტანდარტებთან, როგორსაც ითხოვენ ევროკავშირი და”ნატო მათ რიგებში ჩვენს არა მისაღებად, არამედ მიღების პროცესის დასაწყებად. ჩვენ მივეჩვიეთ ისეთ ფორმულირებებს, როგორიცაა "წინ გადადგმული ნაბიჯი", "გამარჯვება" და არ გვინდა, დავინახოთ, რომ ამ ზომის” ნაბიჯებით საბოლოო მიზნამდე, ანუ განვითარებულ და უსაფრთხო სახელმწიფომდე, მისაღწევად ათეულობით წელი დაგვჭირდება. ეს არის მთავარი და არა ის, რამდენი ნაბიჯი გადავდგით.

- ჩრდილო კავკასიასთან უვიზო რეჟიმის შემოღებას ხელისუფლება ჩრდილოკავკასიელთა და საქართველოს მოქალაქეთა დაახლოებას უკავშირებს, ოპოზიცია კი - ტერორიზმის საფრთხესა და რუსეთის განრისხებას. თქვენი აზრით, რა შედეგს მოიტანს ეს გადაწყვეტილება?

- ამ გადაწყვეტილებით იმ პოზიტიური შედეგის მიღება, რომელშიც იგულისხმება, მაგალითად, საქართველოში ჩრდილოკავკასიელი ახალგაზრდების სასწავლებლად ჩამოსვლა ან ჩვენსა და ჩრდილო კავკასიას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის განვითარება, მისასალმებელია მხოლოდ თეორიულად შესაძლებელი ნეგატიური შედეგის თავიდან აცილების შემთხვევაში.

თეორიულად შესაძლებელ ნეგატივში ვგულისხმობ როგორც დამნაშავეებისა და ტერორისტების ჩვენს ტერიტორიაზე შემოსვლას, ან ჩვენი ტერიტორიის გავლით სხვა ქვეყნებში გადასვლას, ისე მათი მეშვეობით მოწყობილ ჩვენი მეზობელი რუსეთის პროვოკაციებს ან, უბრალოდ, მათთან დაკავშირებულ ბრალდებებს. არა მგონია, ჩვენმა სპეციალურმა სამსახურებმა, რომელთაც მოსალოდნელი საფრთხეების აღკვეთა ევალებათ, სრულყოფილად შეძლონ ის, რაც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების სპეცსამსახურებსაც კი უჭირთ. ამას უნდა დავუმატოთ რუსეთის გაღიზიანებით გამოწვეული სხვა შესაძლებელი შედეგებიც. ჩემი აზრით, ამ გადაწყვეტილებით ზემოხსენებული თეორიულად შესაძლებელი ნეგატიური შედეგების ალბათობა სჭარბობს იმ პოზიტივს, რისი მოტანაც ამ გადაწყვეტილებას შეუძლია.

- "რუსეთი საჩხერის რაიონის სოფელ პერევიდან მესაზღვრეებს უახლოეს დღეებში გაიყვანს", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ჟენევაში მორიგი კონსულტაციების შეჯამებისას. როგორც ჩანს, მოჩვენებითი იგნორირების მიუხედავად, კრემლისთვის საქართველოს საკითხზე საერთაშორისო აზრი მაინც მნიშვნელოვანია? რამდენად ადეკვატური იყო ოფიციალური თბილისის ამ ფაქტის შეფასება?

- ამ შემთხვევაში შეფასების ადეკვატურობა ძნელი გასაზომ-ასაწონია. თავად გადაწყვეტილება (თუ ის დროულად შესრულდა), რა თქმა უნდა, პოზიტიური და მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, კრემლს ეს დიდი ხნის წინ ჰქონდა დაგეგმილი და ახლა ჩათვალა საჭიროდ მისი გამოყენება. ეს გამოიწვია როგორც ამერიკელთა და ევროპელთა ბოლოდროინდელმა გააქტიურებამ, ისე თავად კრემლის გათვლებმა. მინდა შეგახსენოთ, რომ ომებისა და შეიარაღებული კონფლიქტების ისტორიაში ბევრია პრეცედენტი, როდესაც ერთი მხარე შეგნებულად იკავებს რომელიმე სადავო ტერიტორიას განსაზღვრული მიზნის მისაღწევად, თუნდაც იმისთვის, რომ მსოფლიოს დაანახოს, აი, კეთილი ნება გამოვიჩინე და წართმეულს უკან ვაბრუნებო.

- ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ. სამხრეთი ოსეთი პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს, ამიტომ მზად არის ახალგორის რაიონიდან დევნილები გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის კურირებით დააბრუნოს. მაგრამ მარიონეტული ხელისუფლება წინა პირობებს აყენებს: მათ ე.წ. სამხრეთ ოსეთის იურისდიქცია და კანონები უნდა აღიარონ. ამასთან, ექსპერტთა ერთი ნაწილის აზრით, ადგილობრივმა მოსახლეობამ ოკუპირებული ტერიტორიები არ უნდა დატოვოს, რისთვისაც სეპარატისტული პასპორტის აღებაც გამართლებულად მიაჩნიათ. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- მეც ვეთანხმები, რომ ამჟამად იქ ქართველების ყოფნაა მთავარი და საამისოდ იქაური საბუთის აღებაც გამართლებულია. მით უმეტეს, რომ ეს მხოლოდ საშინაო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი, ისევე როგორც ე.წ. სამხრეთ ოსეთის“იურისდიქციისა და იმ კანონების აღიარება, რომლებიც მხოლოდ სეპარატისტების, რუსეთის, ვენესუელის, ნიკარაგუის, ნაურუს, "ჰამასის" და შეიძლება ახლო მომავალში "დასავლეთ საჰარის გათავისუფლების ფრონტისთვისაც" არსებობდეს. იქ დარჩენილი ქართველი მოსახლეობის პრობლემები სეპარატისტულ ხელისუფლებასა და საქართველოს მთავრობასთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით უნდა გადაწყდეს.

- გასულ კვირას ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალი, "ქართული პარტია" გამოჩნდა. რა შანსი აქვს ახალშექმნილ ტანდემს, იმის გათვალისწინებით, რომ მის ლიდერებს დასავლური ორიენტაცია ერთმნიშვნელოვნად არ დაუფიქსირებიათ და საქართველოს კეთილდღეობისთვის არც რუსეთთან მეგობრობა გამორიცხეს. რამდენად რეალურია დღევანდელ რუსეთთან მეგობრობით კეთილდღეობის მიღწევა (ცხადია, ქვეყნის კეთილდღეობას ვგულისხმობ და არა ცალკეული პოლიტიკოსისას)?

- ე.წ.“დაბალანსებული პოლიტიკის გატარების სურვილი ახალი არ არის და მათ გარდა, ეს სხვა პარტიებს თუ ჯგუფებსაც გამოუთქვამთ. დაბალანსებული პოლიტიკა სწორედ ის არის, რაც ფასობს საერთაშორისო პოლიტიკასა და დიპლომატიაში. სხვა საქმეა, მოხერხდება თუ არა საქართველოში ამგვარი პოლიტიკის გატარება, შესაძლებელია თუ არა ეს ამჟამად შექმნილ ვითარებაში. ჩემი აზრით, რუსეთთან ურთიერთობიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ ძნელი იქნება. საქართველოს რომელ პოლიტიკურ ძალას აქვს საამისო რესურსი? რუსეთთან მეგობრობა არ გამოვა და არც არის საჭირო, მაგრამ პარტიას თუ პოლიტიკურ ჯგუფს იმის რესურსი მაინც უნდა ჰქონდეს, რომ პრაგმატული პოლიტიკა გაატაროს. დრო გვიჩვენებს, აქვს თუ არა ახალ პარტიას საამისო რესურსი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

- ქართულ პოლიტიკაში გამოცოცხლება შეინიშნება. ოპოზიციის ერთი ნაწილი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ლაპარაკობს, ნაწილი - ისევ რევოლუციაზე, ნაწილი - რუსეთთან მეგობრობაზე, საზოგადოების დიდი ნაწილი კი ნიჰილისტურად არის განწყობილი. უახლოეს მომავალში, რამ შეიძლება შეცვალოს საქართველოში ძალაუფლების ბალანსი?

- უახლოეს მომავალში, ჩემი აზრით, ვერაფერმა. და გავიმეორებ იმას, რაც ბევრჯერ მითქვამს და დამიწერია: ეს უპირველესად საქართველოს მოსახლეობის მენტალიტეტისა და პოლიტიკურ პარტიებთან თუ ლიდერებთან ამ მენტალიტეტიდან გამომდინარე დამოკიდებულების პრობლემაა.

- ებრაელ ბიზნესმენებს, რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. რასთან გვაქვს საქმე - საერთაშორისო ვალდებულებისთვის თავის არიდებასთან თუ ფულის ხელში ჩასაგდებად ჩინოვნიკის მოქრთამვასთან? რამდენად ხშირად დგება ეჭვქვეშ საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილებები? თუ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია, რაში დასჭირდათ ბიზნესმენებს ქრთამის შეთავაზება?

- ნამდვილად არა ვარ ამ სფეროში იმდენად კომპეტენტური, რომ ფასეული აზრი მოგახსენოთ. ისე, თქვენს ბოლო კითხვაში, რა თქმა უნდა, ლოგიკა არის, მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, თანამედროვე მსოფლიოში ბიზნესისა და მასთან დაკავშირებული კერძო ან ქვეყნების პოლიტიკური ინტერესები ალოგიკურ ქცევასა და შედეგს იწვევს.

- შს სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა პარლამენტის ყოფილი წევრი ედვარდ სურმანიძე დააკავეს. მას ფულის გამოძალვაში ედება ბრალი. თქვენი აზრით, რისთვის არის საჭირო ეს ყველაფერი? იდეოლოგიური დატვირთვა აქვს?

- ჩემი აზრით,  დაპატიმრებების” ტელეეთერში გაშუქება იმ “პიარის” ნაწილია, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო კორუფციასთან ბრძოლის “ფრონტზე მიღწეული წარმატების პროპაგანდას ცდილობს. ეს ხომ ახალი არ არის? საზოგადოება ამას უკვე მიეჩვია, თუმც ერთ ნაწილს ეს არ მოსწონს.M როგორც ვიცი, არ არსებობს კანონი, რომელიც ამგვარ გადაცემებს კრძალავს.

თუ უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპები ან უფლებები ირღვევა, ეს დაკავებულებმა სასამართლოში აუცილებლად უნდა გაასაჩივრონ.

- უახლოეს მომავალში რუსეთისა და თურქეთის პორტები "კავკაზი" და "სამსუნი" ერთმანეთს ბორნით დაუკავშირდებიან. ახალი სატრანსპორტო კომპლექსის მეშვეობით რუსეთი არა მარტო თურქეთს დაუკავშირდება, არამედ ტვირთებს სირიაში, ირანსა და სომხეთშიც გაგზავნის. მოახდენს თუ არა ეს ზეგავლენას საქართველოს სატვირთო-სატრანზიტო მნიშვნელობაზე?

- რა თქმა უნდა, მნიშვნელობა უეჭველად ექნება. კონკურენციას (პატიოსან კონკურენციას) როგორც სხვა, ისე სატრანსპორტო სფეროში ვერაფერს უზამ. მე უფრო ის მაშფოთებს, რატომ არ მოჰყვა მთავრობის ოფიციალური სტრუქტურების რეაქცია იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენ მიერ მოყვანილ ინფორმაციასთან ერთად გავრცელდა. კერძოდ, ყარსი-ახალქალაქი-თბილისის რკინიგზის მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა დაფინანსების შეწყვეტის გამო.

თუ ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, ეს ნამდვილად ძალიან ცუდია როგორც ჩვენთვის, ისე მთელ რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესებისათვის, რადგან თვით რუსულმა მედიასაშუალებებმა თქვენ მიერ ხსენებული პროექტი ჩვენი პროექტის მნიშვნელობის დამცრობას დაუკავშირეს. იმედია, მთავრობა განმარტებას გააკეთებს.

- აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ფილადელფიაში, დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე წიგნი ესროლეს. როგორც ჩრდილოამერიკული პრესა წერს, სოციოლოგიურ გამოკითხვებში ობამას რეიტინგი ბუშის ყველაზე დაბალ რეიტინგს გაუთანაბრდა. როგორ ფიქრობთ, რატომ შეიცვალა ასე ძირეულად ობამას რეიტინგი?

- თუ აშშ-ის ისტორიას გადახედავთ, დარწმუნდებით, რომ ძალიან ხშირად არჩეული პრეზიდენტისა და მისი პარტიის რეიტინგი სხვადასხვა დონით ყოველთვის ეცემა გამარჯვების შემდგომი შუალედური არჩევნების დროს. თვით ამერიკელი პოლიტოლოგების აზრით, ეს არა მხოლოდ ამ პერიოდში მომხდარ რომელიმე განსაკუთრებულ მოვლენას უკავშირდება, არამედ იმ გარემოებასაც, რომ ყველა პრეზიდენტობის კანდიდატი, როგორც წესი, არჩევნების წინ ბევრ შეუსრულებად ან მხოლოდ ნაწილობრივ შესრულებად დაპირებებს იძლევა. ეს კი არჩევნების შემდგომი პირველი ორი წლის შემდეგ უკვე ნათელი ხდება.

ჩემი აზრით, უფრო საკვირველი ფენომენი, ალბათ, ის არის (და არა მხოლოდ აშშ-ში!), რომ ამომრჩეველი ამას მუდმივად აწყდება, მაგრამ ახალი კანდიდატის ძნელად შესასრულებელი დაპირებების მაინც სჯერა. ობამას რეიტინგმა ნამდვილად იკლო და მოსალოდნელია, რომ შუალედური არჩევნების დროს დემოკრატებმა კონგრესსა და სენატში ადგილები დაკარგონ, მაგრამ არა მგონია, ამან აშშ-ის პოლიტიკაში რადიკალური ცვლილებები გამოიწვიოს.