"სად ქრებიან ხოლმე არჩევნების დროს გამოჩენილი ტრაქტორები?" - კვირის პალიტრა

"სად ქრებიან ხოლმე არჩევნების დროს გამოჩენილი ტრაქტორები?"

"არ გამიკვირდება, თუ მალე სემირამიდას ბაღების მშენებლობასაც დავიწყებთ"

წლევანდელი თბილისობა სანაქებო მონდომებით აღინიშნა. რაც უნდა იყოს, ქვეყანას განვითარების კვალი მაინც ეტყობა - თუნდაც, საოჯახო სოფლის მეურნეობის ნაწარმის სახით. ქართველმა მეწარმეებმა ყველის იმდენი სახეობა წარმოადგინეს, ჰოლანდიელ და შვეიცარიელ ფერმერებსაც შეშურდებოდათ. არც ტივზე მოწყობილი გასართობ-საქეიფო სანახაობის დავიწყება იქნება და არც ღვინის დეგუსტაციისა პურის მოედანზე.

ეს, რაც მოგვეწონა, ის გითხარით… და რაც არ მოგვეწონა, იმასაც გეტყვით, რადგან მოსაწონს საინფორმაციო გამოშვებებშიც იხილავდა მაყურებელი. თბილისობაზე გასული, ტრადიციულ "გიგანტურ საწნახელს" ვათვალიერებდი და მასში "მოჭყუმპალავე" ქართველი პოლიტიკოსების გარჯით ვტკბებოდი. ეს ჭეშმარიტად აქტიური განვითარების გზაზე მყოფი ქვეყნის მესვეურთა დღესასწაული იყო და მეც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ სრულუფლებიან, მათ შემყურე მოქალაქეს, გული სიამაყითა და სიხარულით მევსებოდა. მაგრამ როგორც კი "ჩაგუჩულ-ჩადოლჩეგაბანებული" მთავრობის წევრები საწნახელიდან ჩამოქვეითდნენ და ფეშენებელური მანქანებით თავ-თავიანთი შუშის ოფისებისკენ გაიფანტნენ, ჩემი სიამაყე სიბრალულმა შეცვალა, სიხარული კი უპოვარი ქვეყნის შვილის სირცხვილმა.

პოლიციისგან გაკავებულმა ხალხმა იხუვლა და საწნახელს შეესია. მოხუცები პარკებით წამოღებული პლასტმასის ბოთლების ყურძნის წვენით ავსებას ცდილობდნენ; ზოგი ჭაჭას აგროვებდა, ზოგიც გადარჩენილ მტევნებს. ცხადია, დუხჭირი ყოფის ამსახველი ეს კადრები ქართულ საინფორმაციო გამოშვებათა საზეიმო სივრცეში არ გამოჩენილა (იხ. გვ. 4). საინფორმაციო ახალ ამბებში არც ის გადაუციათ, უსინათლოთა დასახლებაში ჩამონგრეული შენობის სანახავად მისული გიგი უგულავა ერთგულმა მხლებლებმა გამწარებულ უსინათლოებს რომ გამოაცალეს ხელიდან.

ცხადია, ისინი მერისთვის კარგი პირობების გამო მადლობის თქმას არ აპირებდნენ... ყველაფრის ჩამოთვლა, რაც ქართულ საინფორმაციო სივრცეში არ მოხვედრილა, შორს წაგვიყვანს. სამაგიეროდ, საქართველო მოხვდა თავისუფალი მედიაინდექსით მე-100 ადგილზე. არადა, გასულსავე კვირაში, გაეროს მსოფლიო ორგანიზაციასთან გამართულ შეხვედრაზე მყოფს მითხრეს, საქართველოში საინფორმაციო სივრცე გაცილებით გაუმჯობესებულია, ვიდრე გასულ წლებშიო.

როგორც ჩანს, ჩვენც და ჩვენი კეთილისმყოფელი უცხოელებიც არსებულ ვითარებას მივეჩვიეთ და თუ ოპოზიციის და ხელისუფლების გამოსვლები საეთერო ბადეში თანაბრად განაწილდა, კმაყოფილები ვრჩებით. თანაც, დიპლომატებისთვის იმის თქმა ბევრად მოსახერხებელია, "ჭიქა ნახევრად სავსეაო", ვიდრე იმის თქმა, რომ "ჭიქა ნახევრად ცარიელია".… ბატონ სოსო ცისკარიშვილთან საუბარიც სწორედ ამ თემაზე დავიწყეთ:

- საერთაშორისო ორგანიზაციამ - "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" - მედიის თავისუფლების ახალი შედეგები გამოაქვეყნა, სადაც საქართველო მე-100 "საპატიო" ადგილზეა. არადა, ბოლო დროს საერთაშორისო ორგანიზაციები, მაგალითად, გაერო და ევროკავშირი, ამ მხრივ საქართველოში მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საუბრობენ.

- ვფიქრობ, ამ ორგანიზაციებს  სხვადასხვა ამოსავალი წერტილი აქვთ. "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" აფასებენ იმ რეალურ ვითარებას, რომელიც წლიდან წლამდე აჩვენებს საქართველოს ხელისუფლების  სიჯიუტეს იმ სფეროში, რომელსაც მედიის თავისუფლება ჰქვია. როდესაც წლების განმავლობაში მალავ წამყვანი ტელეკომპანიების მფლობელთა ვინაობასაც კი, ეს უკვე პოლიტიკაა. სწორედ ასეთი პოლიტიკის შემფასებლები არიან რეპორტიორები.  თუმცა აქვთ არაერთი კონკრეტული ფაქტიც, რაც ცხადყოფს, რომ მოსახლეობა კვლავაც ზომბირებულია, რომ ჟურნალისტები კვლავ შეზღუდულნი არიან.

ამიტომ, ბუნებრივია, რომ უკუსვლა დაფიქსირდა. გაერო და სხვა დონორი ორგანიზაციები კმაყოფილდებიან იმით, რომ ქართულ სიტუაციას პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა ქვეყნებში არსებულ მდგომარეობას და სტანდარტებს ადარებენ. თითქოს, ის ფაქტი, რომ რუსეთში დემოკრატიის უარესი ხარისხია, რაიმე შეღავათი იყოს საქართველოს მოსახლეობისთვის. ამ ჩაკირულ მიდგომას ვერ გასცდნენ ჩვენი მეგობრები ოკეანის გაღმა-გამოღმიდან.

ვერ იჯერებენ, რომ ქართველ ხალხს დემოკრატიულ თანაარსებობაზე მეტი პრეტენზია აქვს, ვიდრე პოსტსაბჭოთა სივრცის რომელიმე სხვა ქვეყანას. ამიტომაც ჩნდება ასეთი განსხვავებული მიდგომები. გარდა ამისა, დონორები ანგარიშვალდებულნი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ მოსახლეობასთან არიან. როდესაც ხანგრძლივად ფინანსდება ამა თუ იმ ქვეყნის სვლა დემოკრატიისკენ, მაგრამ შედეგი არ ჩანს, დონორები იძულებული ხდებიან, საკუთარი პოტენციური ამომრჩევლებისთვის უფრო ოპტიმისტური ინფორმაცია გაავრცელონ,  რათა მათ საქმიანობას წყალი არ შეუდგეს.

- როგორც სახალხო წარმომადგენლობითი კრების ინიციატორმა ოპოზიციურმა პარტიებმა განაცხადეს, 25 ნოემბერს კრებაზე მოსულ ხალხს არც სახლებში გაუშვებენ და არც ეკლესიაში წაიყვანენ. მათი თქმით, დაწყებულ ბრძოლას ამ დღეს ბოლომდე მიიყვანენ.  ოპოზიციის ერთი ნაწილი კვლავაც "ბლიცკრიგის" ილუზიაში რჩება?

- ქართველ საზოგადოებას სიტუაციის მნიშვნელოვნად შეცვლისთვის მზაობას ვერ ვატყობ. ამიტომ პოლიტიკოსთა განცხადებები უპირობო და სასწრაფო ცვლილებების შესახებ უფრო სურვილად მიმაჩნია, ვიდრე რეალურ შესაძლებლობად. სახალხო კრება არ გახლავთ იდეა, რომელიც ორშაბათს დაიწყება და სამშაბათს დაასრულებს საქმიანობას.

- ამავე კრების მოსამზადებელ  შეხვედრაზე პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დიქტატორი და ტირანი მმართველები ახსენა და დასძინა, სააკაშვილის მსგავსი ტაკიმასხარა პრეზიდენტი ჯერ არავის ჰყოლიაო. კრებაზე არავის გახსენებია, რომ თავად ბურჯანაძე ამ პრეზიდენტის გუნდში იყო და პარლამენტის სპიკერის ამპლუაში მის ტაკიმასხარობას წლების განმავლობაში არ შეუწუხებია...

- ორი ყოფილი თანამებრძოლის ურთიერთობები ძნელი განსასჯელია, რადგან მათ როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური ხასიათის საკმაოდ ხანგრძლივი თანამშრომლობის გამოცდილება აქვთ. ნათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო, არ მინდა ასეთი ბრძენკაცის სახელის დამკვიდრება და ამიტომაც თავს შევიკავებ კომენტარისგან, რადგან ერთი ცოდვაა რაიმე უბედურების ჩადენა, მეორე - დაბრალება. ვინაიდან არ ვარ ორიენტირებული ინდივიდუალური პრობლემების გარჩევაზე პოლიტიკოსთა შორის. უბრალოდ ვისმენ შეფასებებს, რომლებიც საჯაროა და ცხადია, ვითვალისწინებ კიდეც.…

- საზოგადოებრივი აზრის მკვლევარი ამერიკული კომპანია Greenberg Quinlan Rosner-ის კვლევის თანახმად, საქართველოში გამოკითხულთა 67% სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის კურსს ემხრობა, ანუ უმრავლესობა მიიჩნევს, რომ სააკაშვილის მმართველობისას გაუმჯობესდა დასაქმების მაჩვენებელი და საერთოდაც, ქვეყანა სწორი გზით ვითარდება. ამავე კვლევის თანახმად, ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ლიდერებად, რიგითობის მიხედვით გიორგი თარგამაძე და ირაკლი ალასანია დასახელდნენ. როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა აუცილებელი ამ ორი სხვადასხვა შეფასების - მთავრობის პოლიტიკისა და ოპოზიციონერთა პოპულარობის მონაცემთა ერთად გამოქვეყნება ან რამდენად რეალურია ასეთი თანაფარდობა?

- ყურადღებას მივაქცევდი, უპირველესად, ასეთი გამოკვლევის ჩატარების უდროობას, ვინაიდან არანაირი გეგმური არჩევნების მოლოდინი ქვეყანაში არ არის. თუ ეს გახლავთ შიდაპარტიული ინტერესი, მაშინ, როგორც წესი, შედეგები საჯაროდ არ უნდა გამოქვეყნებულიყო, თუ საზოგადოების დეზინფორმაციის სურვილია, ესეც უდროოა. თუ მმართველ ძალას  აქვს შიში ან მზაობა იმისა, რომ არჩევნები უფრო ადრე ჩატარდება, ვიდრე ჩვენ გვგონია, ეს არის მკაფიო გზავნილი ქართველი საზოგადოებისთვის, რომ ვადამდე არჩევნების შემთხვევაში, შედეგების სახით დაიხატება ის სურათი, რომელიც ამ გამოკვლევაშია აღწერილი.

ცხადია, ამას არანაირი მეცნიერული ღირებულება და სანდოობის ხარისხი არ გააჩნია, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი ამ ამერიკული ორგანიზაციის ვებგვერდზე მათსავე კლიენტებად არიან მოხსენიებულნი. არ ვარ დარწმუნებული, სიამაყეს განიცდიდეს რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, მისი პრეზიდენტი რომ ვისიმე კლიენტია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩნდება კითხვა - უკაცრავად, მაგრამ ამ "კლიენტებმა" საკუთარი ჯიბიდან გადაიხადეს მომსახურების ფული? რა დაუჯდათ, რამდენი თვის ხელფასი?

თუ რაიმე სიკაშკაშე მოაკლეს ქართულ ეიფელის კოშკს და იმის ხარჯზე მოიპოვეს თანხა ასეთი გამოკითხვის ჩასატარებლად? არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ მონაცემთა ნაწილი, რაც ციფრების სახით მოგვაწოდეს, ახლოს იყოს რეალობასთან, რადგან საქართველოს მოსახლეობამ შესანიშნავად ისწავლა, როგორი უნდა იყოს მათი პასუხი, მათსავე უსაფრთხოებას რომ გამოადგეს. გულწრფელობის ხარისხი, რომელსაც ასეთი გამოკითხვების დროს არავინ სწავლობს, ძალიან დაბალია და შესაბამისად, დაბალია ნდობის ხარისხიც მისი შედეგების მიმართ. და როდესაც ნაციონალური მოძრაობა იმ ფაქტით ამაყობს - ოპოზიციის მიმართ უნდობლობა მაღალიაო, ნუ დაგვავიწყდება, რომ ისევე, როგორც სააკაშვილის კრიტიკა არ ნიშნავს სიმპათიას პუტინის მიმართ, არც ოპოზიციის კრიტიკა ნიშნავს სიმპათიას პრეზიდენტისადმი. ამდენად ვერაფერ სასიხარულოს ამ მონაცემებში, სატრაბახოდ რომ გვთავაზობს ნაცმოძრაობის პროპაგანდა, ვერ ვხედავ.

- "საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შავ ზღვაში იბანავა და შემდეგ შიშველი ტორსით წარდგა ჟურნალისტების წინაშე. ერთი წლის წინ მისი სასტიკი კრიტიკოსი ვლადიმირ პუტინი ციმბირის ტბაში ანალოგიურად ბანაობდა", - წერს "ლა ფიგარო". ეს ერთი სტატიაა მრავალთაგან, დასავლურ მედიაში შიშველი პრეზიდენტის შესახებ რომ დაიწერა. მაინც, რა არის ეს - კონკურენცია, ურთიერთკომპლექსების მსხვრევა თუ ქვეცნობიერი მიმბაძველობა?

- ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თითქოს სააკაშვილმა და პუტინმა ერთმანეთი დააკომპლექსეს… და ერთმანეთის არსებობა მეზობელი ქვეყნის სათავეში გადაულახავ შინაგან ზღუდედ აქციეს. ვერ დაეწევა ბატონი პუტინი სიმაღლეში საქართველოს პრეზიდენტს. არადა, სურს. ისევე, როგორც ბავშვობაში არნასწავლი ხერხებით ბატონი სააკაშვილი ვერ გამოიჩენს თავს ძიუდოში. მაგრამ ფაქტია, რომ არანაკლები ინტერესი მოიპოვა ჩვენმა პრეზიდენტმა საკუთარი სხეულის დემონსტრირებით, ვიდრე თავის დროზე პუტინმა. ოღონდ ეს უკანასკნელი მაშინ ცხენზე იჯდა, სააკაშვილი კი ამინდის პროგნოზის ცოდნით იწონებდა თავს, როგორც დამწყები სინოპტიკოსი. ასეა თუ ისე, ვფიქრობ, უერთმანეთოდ მათი მმართველობის პერიოდი ბევრად უფრო ფერმკრთალი იქნებოდა…

- ახალნაბანავებმა პრეზიდენტმა ახალი ინიციატივაც შემოგვთავაზა - ჯარიმა დაუმუშავებელი მიწების გამო. რამდენად სამართლიანი იქნება ასეთი გადაწყვეტილება?

- პრეზიდენტის ახალი ინიციატივა დაუმუშავებელი სახნავ-სათესი მიწების შესახებ ერთი მხრივ, პრობლემის აქტივიზაციის თვალსაზრისით, დაგვიანებულიც არის. როდესაც ქვეყანაში 800 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწიდან ასი ათასზე მეტი არ მუშავდება, ეს საკითხი პრეზიდენტობის მე-7 წელს არ უნდა გახსენებოდა. მეორე მხრივ, მიკვირს, მავანთა ცნობიერებაში ჯერ კიდევ რამდენად მყარია საბჭოთა მენტალიტეტი, როდესაც შედეგის გაუმჯობესებისთვის საჭირო იყო საზოგადოებაზე ძალადობრივი ზემოქმედება. საბაზრო ეკონომიკა ჯარიმაზე ადრე წახალისების პრაქტიკას იცნობს. მოდი, გავუნახევროთ მიწის გადასახადი იმ მფლობელებს, რომლებიც მიწას რეგულარულად ამუშავებენ და გავუორმაგოთ მათ, ვინც არ ამუშავებს.

ისედაც, მიწის გადასახადი ბევრად ნაკლებია, ვიდრე საპროცესო გარიგებისგან ბიუჯეტში შესული თანხები. როდესაც ქვეყნისთვის ბევრად პრიორიტეტულია საპროცესო გარიგებები, ვიდრე მიწა, მხოლოდ იქ შეიძლება ვისაუბროთ ჯარიმების ენით. რა გაკეთდა იმისთვის, რომ ეს მიწები დამუშავებულიყო? სად ქრებიან ხოლმე არჩევნების დროს გამოჩენილი ტრაქტორები? ზოგადად, რატომ რცხვენია ჩვენს თავმომწონე ხელისუფლებას, რომ სოფლის მეურნეობა იყოს პრიორიტეტული დარგი? სოფლის მეურნეობაში დაპირებული ვერანაირი ასი საწარმო ვერ ვიხილე, ისევე როგორც ასი საავადმყოფო. მხოლოდ პოლიციის შუშის შენობებს ვხედავთ.… ერთი პრობლემა კი შეიქმნა ხელისუფლებამ - გადასახადის გაზრდის უფლება არ დაიტოვა. მას თურმე რეფერენდუმის გზით უნდა წყვეტდეს ხალხი.

ხოლო იმაზე, რომ ეს ყვავილების ქვეყანა ჯარიმების ქვეყნად აქციეს, აღარ დარდობენ. რომელ უწყებასაც როგორ გაუხარდება, ისე ზრდის ჯარიმებს. ამ ტემპებით, ალბათ ჯარიმების შემოსავალი დამატებითი ღირებულების შემოსავალსაც გადააჭარბებს, რადგან არაფერი ღირებული, კვლავწარმოების ციკლისთვის მახასიათებელი, არ არის წარმოჩენილი ქვეყანაში, როგორც საიმედო გარანტი ბიუჯეტის არსებობისა. მხოლოდ იდეები გვაქვს და მზად ვართ ვაშენოთ ეიფელის კოშკი. არ გამიკვირდება, თუ მალე სემირამიდას ბაღების მშენებლობასაც დავიწყებთ. მაგრამ ამას რომ საკუთარი შემოსავალი უნდა და არა პატიმრობის სურვილდაკარგულ ადამიანთა უკანასკნელი სარჩო-საბადებლის ფულად ქცევა, ამაზე მხოლოდ ქვეყანაზე მზრუნველ მმართველს შეუძლია ფიქრი და არა დღევანდელ კვერცხზე, მეტიც, მის ნაჭუჭზე ორიენტირებულ ხელისუფლებას.

- გასულ კვირაში კოკოითი ვლადიკავკაზის მცხოვრებთ შეხვდა და ახალგორის რაიონიდან წლების წინ წასულთ უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა. "ჩვენ ყველაფერი გვაქვს, რათა საკუთარ მოქალაქეებს ღირსეული პირობები შევუქმნათ, მაგრამ არ გვყავს მოსახლეობა", - განაცხადა სეპარატისტების ლიდერმა. ხომ არ ნიშნავს ეს ყველაფერი იმას, რომ ახალგორში დარჩენილ ქართველ მოსახლეობას უახლოეს მომავალში აყრა ემუქრება?

- გული მწყდება, რომ საქართველოს ხელისუფლება ახალგორის მოსახლეობის მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენის აუცილებლობას ვერ აცნობიერებს. ვგულისხმობ როგორც დევნილებს, ისე ადგილზე დარჩენილებს. მათ მიმართ სრულიად განსხვავებული პოლიტიკის შემუშავებაა საჭირო, რათა მყარი განცდა ჰქონდეთ იმისა, რომ რჩებიან საქართველოს სრულფასოვან მოქალაქეებად, მაგრამ არ უნდა მიატოვონ საკუთარი სახლები და კუთხე. ქართულ სულს ამ მხარეში შენარჩუნება უნდა.

პოლიტიკოსები მოდიან და მიდიან, ვითარება იცვლება, მაგრამ თუ ასე მივატოვეთ ისტორიული მიწები,  ამის გამართლებას შთამომავლობის წინაშე ვერ შევძლებთ.