რას მოასწავებს ეს "სოციოლოგიური იერიშები?!" - კვირის პალიტრა

რას მოასწავებს ეს "სოციოლოგიური იერიშები?!"

"მსხვილი და წვრილი თანხა არავის აინტერესებს, მთავარია, ბიუჯეტი შეივსოს"

"ერთი მხრივ, უპირობო დიალოგზე საუბარი და მეორე მხრივ, ანტიჯაშუშური კამპანიები?!"

ახალი დადგენილებით, მოქალაქეს, რომელიც რომელიმე კომუნალურ გადასახადს ვერ გადაიხდის, ყველა კომუნალური მომსახურება შეუწყდება. "ჩემს ოჯახს ტრადიცია აქვს, ყოველთვის ვიხდით ყველა გადასახადს. თუ გაქვს სერვისი, მაშინ ამ სერვისისთვის უნდა გადაიხადო კიდეც", - ბრძანა მიხეილ მაჭავარიანმა. ცხადია, თუ ოჯახს ტრადიცია აქვს და ერთი-ორი ბიზნესიც, სერვისისთვის გადასახადები უნდა გადაიხადოს, მაგრამ ვინ-ვინ და პარლამენტის ვიცე-სპიკერმა კარგად უნდა იცოდეს, მაგალითად, რამდენი სოციალურად გაჭირვებული, მრავალშვილიანი ოჯახია საქართველოში.

ეს თუ არ ეცოდინება, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წევრმა ის მაინც უნდა იცოდეს, რომ მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებისგან განსხვავებით (სადაც "სერვისისთვის ფულს იხდიან") საქართველოში მრავალშვილიანებს ყველა შეღავათი მოუხსნეს და საერთოდაც, მრავალშვილიან დედად ითვლება ის, ვისაც ჰყავს 7 და მეტი არასრულწლოვანი(!) შვილი.

სახელმწიფო მხოლოდ მათ ეხმარება ყოველთვიურად 35 ლარით(?). კითხვისა და ძახილის ნიშნების გამოყენება კი იმისთვის დამჭირდა, რომ ცნობისმოყვარე ადამიანმა გადაიანგარიშოს, როგორ შეიძლება 15 წელიწადში (ასეთია არასრულწლოვანების ზღვარი) ადამიანს შვიდი შვილი გყავდეს ან რაში ეყოფა ერთ ბავშვს ხუთი ლარი?! ყოველ შემთხვევაში, ამ თანხით ყველა კომუნალური გადასახადის გასტუმრება ნამდვილად ვერ მოხერხდება და თუ აქამდე გაჭირვებული ოჯახი გადაუხდელობის გამო მხოლოდ უგაზობას ან უშუქობას იტანდა, ამიერიდან ყველაფერს ერთად გამოურთავენ.

ეს მხოლოდ მრავალშვილიანების მაგალითზე, თორემ, სამწუხაროდ, გაჭირვებული ინვალიდიც მრავლად გვყავს ქვეყანაში და პენსიონერიც - მათი ფინანსური მდგომარეობისა და შეღავათების გამოთვლით თავს აღარ შეგაწყენთ. დალოცვილო, უთიშავ, უთიშავ, მაგრამ, როდესაც მრავალათასიანი ჯიპი გემსახურება და სულ ცოტა, 2.500 ლარი გაქვს ხელფასი (დეპუტატთა პრემიები, დანამატები და საწვავის ხარჯი რომ არ ჩავთვალოთ), შენსავე ამომრჩეველს შენს კომუნალურ გადასახადს მაინც ნუ აყვედრი. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან ამ მოვლენაზეც ვისაუბრეთ, თუმცა ინტერვიუ ახალი სამთავრობო ინიციატივით დავიწყეთ:

- როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ხელისუფლების ინიციატივით საქართველოში უნდა შემუშავდეს მედიაგამჭვირვალობის ახალი სტანდარტი. მისი თქმით, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული მედიასაშუალებების მფლობელების ვინაობა უცნობია და საქართველოს ხელისუფლების მიზანია, სწორედ ეს გახადოს გამჭვირვალე. როგორ ფიქრობთ, "დემოკრატიის მორიგ ტალღასთან" გვაქვს საქმე თუ მავანთ ამ თემაზე უცხოელთა დამუნათება მოჰბეზრდათ? რამდენად რეალურია ასეთი კანონის მიღება და ამოქმედება?

- ვფიქრობ, მორიგი ტალღის გარდა, ეს იმ ინფორმაციის შედეგია, ბოლო ხანებში რომ გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი არცთუ სახარბიელოა. ზემოხსენებული ინიციატივის შემდეგ კი ხელისუფლებას სათქმელი მაინც ექნება, რომ საქართველომ რაღაც გააკეთა. არადა, დიდი ხანია უკვე ვამჩნევთ, რომ პრესის გამჭვირვალობაზე პრესაც ლაპარაკობს.

შეგახსენებთ "პრესის ასოციაციის" არაერთგზის განცხადებას, ასევე მათ მიერ მომზადებულ კანონპროექტსაც, რომელიც სწორედ მედიასაშუალებათა მფლობელებისა და დაფინანსების გამჭვირვალობას შეეხება. მივა თუ არა ეს ყველაფერი იმ კონდიციამდე, რომ შედეგი მოჰყვეს და მედია აღარ იყოს კონტროლირებადი, ეს უკვე საკანონმდებლო ნიუანსებში გადადის და ჯერ ძნელი სათქმელია. შესაძლოა, გამჭვირვალე კი გახდეს, ოღონდ რაღაც ნიშნით, ხოლო დამოკიდებულება და კონტროლი კვლავაც კონტროლად დარჩეს. ეს უკვე საქმით გამოჩნდება.

- ის-ის იყო, ამერიკული კომპანიის კვლევებს არჩევდა საზოგადოება, რომ კიდევ ერთი ახალი სოციოლოგიური გამოკვლევა გამოჩნდა. ამჯერად ექსპერტები IღI-ის კვლევების მთავარ გზავნილად ირაკლი ალასანიას რეიტინგზე  გიორგი თარგამაძის რეიტინგის 14-ჯერ მეტობას მიიჩნევენ. რიგგარეშე არჩევნებს პირი არ უჩანს, არც სააკაშვილის რეიტინგი დაუყენებია ეჭვქვეშ რომელიმე სახელმწიფოს თუ საერთაშორისო ორგანიზაციას.

- ექსპერტების შეფასებებშიც გაჩნდა კითხვა "რატომ", რადგან საქართველოში საიმისო არაფერი  ხდება, რომ ამ გამოკითხვებსა და შედეგებს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდეს. ამ კითხვაზე ჩემი ყველაზე ლოგიკური პასუხი კვლავაც არჩევნებს უკავშირდება, ოღონდ ამჯერად არა ქართულს, არამედ ამერიკულს. შესაძლებელია რესპუბლიკურმა პარტიამ ეს შედეგები თავისი ფავორიტის, ამ შემთხვევაში სააკაშვილის, თემაზე რაიმე პიარფორმულის შესაქმნელად გამოიყენოს, ვინაიდან რესპუბლიკურ პარტიას, თავის დროზე, სწორედ "ვარდების რევოლუცია" დარჩა ერთადერთ არგუმენტად ბუშის პოლიტიკის დადებითად შესაფასებლად.

- მაგრამ მოგვიანებით საქართველოში განვითარებული პროცესების გამო რესპუბლიკელებს ამ მოვლენას "წაგებულ" პროექტად უთვლიდნენ.

- დიახ, განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ. ის, რომ ომის შემდეგაც საქართველოს მოსახლეობა მაინც სააკაშვილს უჭერს მხარს - და ეს გამოკითხვებშიც ნათლად იყო წარმოჩენილი - შესაძლოა, რესპუბლიკელებს საარჩევნო კამპანიაში გამოადგეთ. მე ვამბობ, რომ შესაძლებელია, სხვაგვარად სრულიად გაუგებარია, რატომ დაიწყო ასეთი "სოციოლოგიური იერიში" საქართველოზე. არსებობს ვერსია, რაც ასევე გახმიანდა საზოგადოებაში, - დასავლეთში სააკაშვილის შეცვლაზე ხომ არ ფიქრობენ და მისი რეიტინგიც ამიტომ ხომ არ აინტერესებთო.

- სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით 20 პირის დაკავების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. დაკავებულები საქართველოს მოქალაქეები არიან. ამავე სააგენტოს ცნობით, მათ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის სასარგებლოდ მუშაობა ჰბრალდებათ. აგენტთა მასობრივი დაპატიმრება რუსეთთან ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავების მიზეზი ხომ არ გახდება?

- შემოდგომა და გაზაფხული მაინც არამდგრადი კლიმატის პერიოდებია. შესაძლებელია "ეპიდემიასთან" გვაქვს საქმე, რადგან @ჯაშუშები დაიჭირეს სომხეთში, დაიჭირეს ირანშიც. ალბათ, საქართველოშიც იგივე ხდება. ჯაშუშების "მოძალება" მხოლოდ ქართული "სენი" არ არის, ეს სხვადასხვა სახელმწიფოსაც სჭირს და ჩვენც, ალბათ, ამ ეპიდემიას ავყევით. ფრიად საყურადღებოა, რომ ბოლო დროს არაერთხელ გახმაურდა სააკაშვილის ინიციატივა - ის მზად არის რუსეთთან დიალოგისთვის ყოველგვარი წინა პირობის გარეშე. აქედან გამომდინარე, ჯაშუშების დაკავება ორაზროვან დამოკიდებულებას ქმნის რუსულ-ქართული ურთიერთობების მიმართ.

რა თქმა უნდა, დასაჭერი უნდა დაიჭირო, მაგრამ ყოველთვის დგება საკითხი: ამის თაობაზე რა ხარისხის ხმაური გაძლევს ხელს. ალბათ, გახსოვთ, ჯაშუშების დაჭერის პირველი ტალღა რომ იყო, რუსეთმა ის კი არ გვისაყვედურა, რატომ დაიჭირეთო, ამხელა აურზაური რა საჭირო იყოო, მხოლოდ ამას გაუსვა ხაზი. ახლა ჯერ ხმაური ატყდა და მერე კი განმარტებებს ველით და არა მხოლოდ საქართველოში - მსოფლიო პრესამაც დიდი ყურადღება დაუთმო ამ ამბავს. ჩვენი ორაზროვნება რუსულ-ქართულ ურთიერთობაში, ანუ ერთი მხრივ, დიალოგის მზაობაზე საუბარი და მეორე მხრივ, ხმაურიანი ანტიჯაშუშური კამპანიები შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ საქართველოს სურს ამ მოლაპარაკებაში უფრო პრინციპული და ძალისმიერი გამოჩნდეს, ვიდრე თვინიერი და დამთმობი.

- სწორედ რუსეთთან ურთიერთობის გადახედვასა და საზოგადოდ, საქართველოს საგარეო კურსის ცვლილებაზე ლაპარაკობდა ახალი "ქართული პარტიაც", მაგრამ დაარსებიდან უმოკლეს ხანში ამ მოძრაობას უფრო და უფრო მეტი სირთულეები ხვდება. ჯერ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სოზარ სუბარის ძმა დაიჭირეს, შემდეგ პარტიის ორი წევრი. როგორც ამ მოძრაობის ლიდერები ამბობენ, ყველაფერი მათ მომავალ პოლიტიკურ აქტიურობას უკავშირდება. ასეთი რა ძალა შეიძლება ჰქონდეს ერთი თვის დაარსებულ პარტიას, ხელისუფლება ასეთ პირდაპირ და ძალისმიერ მეთოდებს რომ იყენებს?

- ეს კითხვა, ალბათ, ყველას გაუჩნდება, ჯერ პარტია არ დაბადებულა და უკვე სახიფათოაო? მაგრამ დიდი გაკვირვებაც არავის დასტყობია ამ მოვლენების გამო და ეს არის სამწუხარო. ისე შევეჩვიეთ ხელისუფლების ზეწოლას, რომ ასეთი ამბები აღარ გვიკვირს. უბრალოდ, ასეთი შემთხვევები კიდევ ერთხელ გვაფიქრებინებს, რომ ეს პარტია რეალური ოპოზიციაა. ბოლო დროს ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ ხელისუფლებამ პოლიტიკურ ოპონენტებთან გამოზომილი ტაქტიკით ბრძოლა ისწავლა, მაგრამ ცხადია, ხალხის ნდობა ასეთი რეპრესიული ნაბიჯებით არ გაიზრდება.

- ახალი საკანონმდებლო ცვლილებით, მოქალაქეს, რომელიც რომელიმე კომუნალურ გადასახადს ვერ გადაიხდის, ყველა კომუნალური მომსახურება შეუწყდება. გარდა ამისა, თბილისში დამოკლდება ავტობუსის მარშრუტები, შემცირდება ტრანსპორტის ეს სახეობაც და დაახლოებით 100-ზე მეტი ავტობუსის მძღოლი დროებით უმუშევარი დარჩება. შესაბამისად, შორ მანძილზე გადაადგილებისთვის მოქალაქეებს ორ-სამჯერ მეტი თანხის გადახდა მოუწევთ. ისედაც რთულ სოციალურ ვითარებაში ამის გაკეთება რამდენად ლოგიკურია, ან თქვენი აზრით, რითია ეს ყველაფერი გამოწვეული? წესით, მოსახლეობის გაღიზიანება ხელისუფლებას არ უნდა აძლევდეს ხელს.

- ქვეყანა, რომელსაც დიდად განვითარებული არა აქვს წარმოება და მისი ბიუჯეტის შევსების ძირითადი წყარო სხვადასხვა სახის ჯარიმა თუ გადასახადია, როგორც ჩანს, იძულებულია შექმნას ახალი ბერკეტები იმისთვის, რომ კიდევ გაჩნდეს საგადასახადო ნაკადი ბიუჯეტში. ჩვენ ხომ ვხედავთ, რომ მსხვილი და წვრილი თანხა აღარავის აინტერესებს, მთავარია, ბიუჯეტი როგორმე შეივსოს. ცხადია, ეს არ არის კარდინალური გადაწყვეტა პრობლემისა, მაგრამ, როგორც ჩანს, მდგომარეობა იმდენად მძIიმეა, რომ ამ დროებით ნაბიჯზეც თანახმა არიან.

ბრძანეთ, წესით, ხალხის გაღიზიანება ხელს არ უნდა აძლევდეთო. ჯერჯერობით ისიც ფაქტია, რომ საზოგადოება პრეტენზიებს არ გამოთქვამს. ყველა ქვეყანაში, როგორც კი ფასები იზრდება (და ფასები ყველგან იზრდება), მოსახლეობა ხელფასების გაზრდას ითხოვს და ამით ხდება ცხოვრების დონის შენარჩუნება. ჩვენთან მოსახლეობა პრაქტიკულად არაფერს ითხოვს, არადა, ფასების ზრდის ტენდენცია შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მოსახლეობის პასიურობაა მიზეზი იმისა, რომ ხელისუფლებას ხელები გახსნილი აქვს ყველა იმ "გამოგონებისთვის", რაც კი ბიუჯეტის ახალ შემოსავალთან იქნება დაკავშირებული.

- სოხუმის რეჟიმის განცხადებით, ქონებასთან დაკავშირებული ყველა მოქალაქის საქმე დამოუკიდებლად უნდა გადაწყდეს, რადგან რუსეთის მოქალაქეობა ამ დროისთვის იმ ქართველ დევნილებსაც აქვთ, რომლებიც აფხაზური მხარის მტკიცებით, აფხაზებს ებრძოდნენ. ასე ცდილობენ სეპარატისტები რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთში უძრავი ქონების დაკანონებაზე უარის გამართლებას. რუსული პრესა ამ არგუმენტს აგრესიულად შეხვდა. რამდენად შორს შეიძლება წავიდეს ამ ნიადაგზე რუსულ-აფხაზური კონფლიქტი?

- საქართველოში ხელისუფლებაც და ექსპერტებიც ყოველთვის ამბობდნენ, რომ აფხაზებისა და რუსების ურთიერთობა არ იქნება ისეთი მშვიდობიანი და ხავერდოვანი, როგორც პირველ ეტაპზე ჩანდა. თუ გავიხსენებთ, ბაღაფში, ფაქტობრივად, რუსეთის სურვილის საწინააღმდეგოდ აირჩიეს. ეს საკმაო არგუმენტია საიმისოდ, რომ აფხაზები არცთუ მორჩილ ხალხად ჩათვალო. ყოველ შემთხვევაში, არცთუ მორჩილად საიმისოდ, რომ რუსეთს აფხაზეთში კომფორტული და თავისუფალი მოქმედების საშუალება ჰქონდეს თავისი მზაკვრული მიზნის მისაღწევად. ამიტომ დაპირისპირება შეიძლება ძალიან შორს წავიდეს.

იმდენად შორს, რამდენად შორსაც წავა რუსული თვითმპყრობელური პოლიტიკა. ვფიქრობ, რუსეთი არ მიიყვანს ამ პროცესს ასეთ ესკალაციამდე და ეცდება, სხვა გამოსავალი გამონახოს, რადგან რუსეთისთვის აფხაზეთიც და ე.წ. სამხრეთ ოსეთიც დღეს ზედმეტი ეკონომიკური ტვირთია. თუ პროცესი ძალიან გამწვავდა, თვითონვე შეეცდება ეს ტვირთი მოიშოროს. როგორი ფორმით, ამას, ალბათ, დრო გვიჩვენებს.