"ვეჭვობ, გაეროს რეზოლუციაში შესული დებულებები შესრულდეს" - კვირის პალიტრა

"ვეჭვობ, გაეროს რეზოლუციაში შესული დებულებები შესრულდეს"

"ხელისუფლებამ არ უნდა დაივიწყოს, რომ პრობლემები, რის გამოც მასობრივი პროტესტი იყო, არსად გამქრალა"

"ლევან ბეჟაშვილს აზროვნებისა და კვალიფიციურობის პრობლემა არა აქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, აქვს გამბედაობისა და ვაჟკაცობის პრობლემა", - განაცხადა "კვირის პალიტრასთან" ორი კვირის წინ ნინო ბურჯანაძემ და უმალ გავხდით ამ პილპილნარევ სიტყვებზე რეაგირების მომსწრენი.

კონტროლის პალატის აქამდე უჩინარი და მდუმარე თავმჯდომარე გასულ კვირას საპარლამენტო ტრიბუნაზე დადგა და ხელისუფალთა მხილებას შეუდგა. კონტროლის პალატის მიერ აღმოჩენილ დარღვევათაგან ყველაზე საინტერესოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული გამოცდების ცენტრის მიერ  არამიზნობრივად გახარჯული 16,5 ათასი ლარი გამოიყურება. ამ ფასად  ცენტრის ხელმძღვანელსა და რამდენიმე თანამშრომელს ვაკის საცურაო აუზი და ფიტნესკლუბი "აუთვისებიათ"(!).

კონტროლის პალატაზე ლაპარაკმა გაგვიტაცა და იმასაც დავძენთ, რომ ეს უწყება მალე ქუთაისში გადაინაცვლებს, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტი. მართალია, ქართული პარლამენტარიზმის აკვანი თბილისში დაირწა, მაგრამ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, - ფეხი ქუთაისში უნდა აიდგასო და გადააქვთ კიდეც პარლამენტი... ამასობაში გიგი უგულავა მიხვდა, რომ ხალხისთვის ნერვების დაწყვეტა არ შეიძლება და C.T. Park-ს მძღოლების ყვლეფის მადა დაუკარგა.

სანამ პრეზიდენტი და სახელისუფლებო გუნდი ქალაქ-ქალაქ, სოფელ-სოფელ, დაბა-დაბა დადიან და ხალხს აბარებენ ანგარიშს, ოპოზიცია ხალხში არ ჩნდება. Aამბობენ, - ხელისუფლების ოპონენტებს ლიდერის პრობლემა აქვს და მის გამოსავლენად პრაიმერი უნდა ჩაატარონო. სანამ ოპოზიცია თვითგამორკვევის პროცესშია, სააკაშვილი კვლავ აღმშენებლობას და უკვე თერჯოლის გამშვენებას გვპირდება.

და კიდევ,  საქართველოს პრეზიდენტმა ქართული დიპლომატიის მთავარ წარმატებად გაეროს რეზოლუცია გამოაცხადა. სწორედ ამ თემით დავიწყეთ საუბარი პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძესთან:

- ბატონო არჩილ,  გაეროს რეზოლუციას დევნილთა დაბრუნების თაობაზე პრეზიდენტმა მაღალი შეფასება მისცა. საინტერესოა ამ რეზოლუციის თქვენეული შეფასება.

- გენერალური ასამბლეა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ერთ-ერთი უმაღლესი ორგანო გახლავთ და ამდენად, მის მიერ მიღებული რეზოლუცია მნიშვნელოვანია. ამ რეზოლუციას, ისევე როგორც გაეროს გენერალური ასამბლეის წინა რეზოლუციას (რომელიც დაახლოებით ასეთივე შინაარსისა იყო და მხოლოდ აფხაზეთის კონფლიქტს შეეხებოდა), პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს.  მას გაცილებით ბევრმა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, ვიდრე წინა რეზოლუციას. მათ შორის დასავლეთის ყველა წამყვანმა ქვეყანამ, რითაც გამოიხატა საქართველოსადმი დასავლეთის კონსოლიდირებული მხარდაჭერა. გენერალური ასამბლეის ბოლო რეზოლუცია რუსეთთან დიპლომატიურ ჭიდილში დამატებით არგუმენტებს სძენს ქართულ მხარეს და მის მხარდამჭერებს. მასში რამდენჯერმე პირდაპირ ან ირიბად არის აღნიშნული საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში მოიაზრება.

თუმცა აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ რეზოლუციას არა აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა. ის არ არის სავალდებულო არც წევრი ქვეყნებისთვის და არც იმათთვის, ვისაც ეს რეზოლუცია ეხება. ვეჭვობ, რომ მასში აღნიშნული დებულებები შესრულდება. არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ რუსული მხარე მიიღებს ამ რეზოლუციით გათვალისწინებულ დებულებებს და ყველაფერს შეასრულებს. პირიქით, ყველანაირად ეცდება, ხელი შეუშალოს ამ რეზოლუციის განხორციელებას, რომელშიც გათვალისწინებულია დევნილთა ღირსეული და უსაფრთხო დაბრუნების პროცესის ხელშეწყობა, დაბრუნების გრაფიკის შედგენა და ასევე დევნილთა ქონების ხელშეუხებლობა. ცხადია, რუსეთი ამ საკითხებს იგნორირებას გაუკეთებს.

აქედან გამომდინარე, ამ რეზოლუციის შესრულებას არ უნდა ველოდოთ, თუნდაც იმიტომ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს არაერთი რეზოლუცია აქვს მიღებული, რომელთაც პირდაპირი მოქმედების ძალა ჰქონდათ, რომელთა შესრულებაც სავალდებულო იყო, მაგრამ არ სრულდებოდა. რატომღა შესრულდება რეზოლუცია, რომელსაც პირდაპირი მოქმედების ძალა არა აქვს? მაგრამ გენერალური ასამბლეის (რომელიც უფრო წარმომადგენლობითი ორგანოა, ვიდრე უშიშროების საბჭო და მასში ფაქტობრივად მთელი მსოფლიოა წარმოდგენილი) რეზოლუციას მაინც აქვს პოლიტიკური მნიშვნელობა. აგვისტოს ომის შემდგომ მსოფლიოში უდიდესმა ფორუმმა დააფიქსირა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დევნილთა უპირობო დაბრუნების უფლება და ადგილზე მათი ქონების ხელშეუხებლობა.

- რუსეთი პრობლემებს ქმნის ჩრდილო კავკასიაშიც. ბოლოდროინდელი აფეთქებებისა და ტერაქტების სერია (რამდენიმე დღის წინ მახაჩყალის პროკურორი მოკლეს) რამდენად უნდა გვაძლევდეს შეშფოთების საფუძველს?

- იქ მიმდინარე პროცესებს თავისი ფესვები აქვს, რაც საქართველოსთან პირდაპირ კავშირში არ არის. ამიტომაც ვერ ვხედავ საფრთხეს, რომ ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებმა საქართველოში ადვილად გადმოინაცვლოს ან რაიმე გაგრძელება პოვოს ჩვენთან. თუ მაინც დავძაბავთ ფანტაზიას, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ რუსეთი ყურადღების გადმოტანისთვის შეეცდება აქ მსგავსი პროცესების პროვოცირებას, მაგრამ რუსეთი იმდენად არის ჩაფლული თავის პრობლემებში, არა მგონია ამის თავი ჰქონდეს. ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესებს, რომელიც დღითი დღე უფრო მძაფრ ხასიათს იღებს, რუსეთის ფედერალური ხელისუფლება დიდხანს ვერ გაუმკლავდება.

საფრთხეს იმ შემთხვევაში უნდა ველოდოთ, თუკი განმეორდა წლების წინანდელი ვითარება პანკისის ხეობაში, როდესაც ე.წ. ბოევიკები თავს აფარებდნენ საქართველოს და აქედან ცდილობდნენ რუსეთის ხელისუფლებისათვის პრობლემების შექმნას. ვფიქრობ, წარსულის გამოცდილება უნდა გავითვალისწინოთ და არ დავუშვათ მოვლენათა მსგავსი განვითარება.

- რუსეთი ლამის ყელამდეა ჩაძირული საკუთარ პრობლემებში, მაგრამ მაინც არ აკლებს ყურადღებას სეპარატისტულ რეგიონებს. მედვედევისა და პუტინის კვალდაკვალ  მოსკოვის მერი ლუჟკოვი ჩადის ცხინვალში და "ცხინვალის აღმშენებლობაში" მონაწილეობას აპირებს. გარდა ამისა, რუსეთის გავლენით სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა ვენესუელის პრეზიდენტმა აღიარა.

- აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისადმი  ყურადღება ბოლო დროს რუსეთის გაზრდილი ამბიციების გამოხატულებაა. დასავლეთთან დაპირისპირებისას რუსეთს ახალი საგარეო პრიორიტეტი გაუჩნდა, - რამენაირად მოახდინოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მის მიერ ცნობის საერთაშორისო ლეგალიზაცია და რაც შეიძლება მეტი ქვეყანა აიყოლიოს ამ საკითხში. რუსეთი დიდი ქვეყანაა და წესით სხვა საგარეო პრიორიტეტები უნდა ჰქონდეს, მაგრამ მისი უპირველესი ამოცანა დღეს არის დანარჩენი მსოფლიოს მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა. რუსეთი ამისთვის ძალას არ იშურებს,  სხვადასხვა ქვეყანაზე გავლენას ახდენს და როგორც ვნახეთ, ერთ-ერთი - ვენესუელა დაექვემდებარა მის ზეწოლას და პრეზიდენტმა უგო ჩავესმა განაცხადა, რომ აპირებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას. რუსეთი უკან არ იხევს. ამ ყველაფრის უკან დგას მისი ურყევი სურვილი, არ დაუშვას, ერთი მხრივ, შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ კავკასიაში მოპოვებული სტრატეგიული პოზიციების დათმობა და, მეორე მხრივ, საქართველოს ნატოში რეალური ინტეგრაციის პროცესის განახლება.

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ცნობა-არ ცნობის საკითხის გამო რუსეთსა და დასავლეთს შორის დაპირისპირება განიხილება როგორც ერთგვარი ტესტი - შეძლებს თუ არა რუსეთი ამ დაპირისპირებაში გამარჯვებით განიმტკიცოს ზესახელმწიფოს სტატუსი. სხვა საკითხია, რამდენ ხანს ეყოფა ამ პოლიტიკისა და კურსის გატარებისათვის რუსეთს ძალა, მაგრამ ფაქტია, რომ სეპარატისტული რეჟიმები მისი მთავარი საზრუნავია. სხვათა შორის, რუსეთში უკვე გაისმის შეკითხვები იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა მიზანშეწონილი უზარმაზარი ფინანსური რესურსების ხარჯვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მაშინ, როდესაც ქვეყნის სხვა რეგიონებში ძალზე არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა. ვარაუდობენ, რომ ჩრდილო კავკასიაში მიმდინარე პროცესები იმითაც არის განპირობებული, რომ ეს რეგიონი რუსეთში ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით.

- მსოფლიოში ალბათ კიდევ მოიძებნება ქვეყნები, რომლებიც მსგავს "ცდუნებებს" დახარბდებიან. ხომ არ უნდა ველოდოთ საქართველოსგან მოგლეჯილი ტერიტორიების აღიარებების სერიას?

- არ არის გამორიცხული, რომ მართლაც გავხდეთ აღიარებათა სერიის მოწმენი და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვვარაუდობ, რომ დროთა განმავლობაში რამდენიმე ქვეყანამ (შესაძლოა, ეს იყოს ათამდე სახელმწიფო) საჭიროდ ჩათვალოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობა, მაგრამ სამართლებრივად ეს არაფერს შეცვლის. ამ აღიარებებით აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ვერ გახდებიან საერთაშორისო სამართლის სუბიექტები. ვერ გახდებიან გაეროს წევრები და ვერც საერთაშორისო კონვენციების მონაწილეები. გავლენიანი და მნიშვნელოვანი ქვეყნებისაგან ეს ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ შესაძლოა, ცენტრალური ამერიკის ან აფრიკის რამდენიმე ქვეყანა დაექვემდებაროს რუსეთისგან რაიმე სახის ზეწოლას, ცდუნებას და დაპირებებს. ასეთი რამ ალბათ მოხდება, მაგრამ  ტრაგედია არ უნდა შევქმნათ იმისგან თუ 3 ქვეყნის ნაცვლად ამ ტერიტორიების დამოუკიდებლობას  ხვალ, დავუშვათ, 10 ქვეყანა ცნობს. კოსოვო სამოცამდე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობამ ცნო, მაგრამ Kმაინც არ არის საერთაშორისო სამართლის სუბიექტი. მით უმეტეს, ვერ გახდება ასეთად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.

- ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და ბოლო დროს ხელისუფლების თვალში საცემ აქტიურობაზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. აქტიურობს პრეზიდენტი, აქტიურობს მთავრობა, რომელიც ხალხს რუსთაველზე, ხანაც რეგიონებში აბარებს ანგარიშს.

- ამას ორი მიზეზი აქვს. პირველი, ხელისუფლებამ სერიოზული კრიზისი გადაიტანა. ხანგრძლივ აქციებსა და გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან  ზეწოლას ფუჭად არ ჩაუვლია. ჩემი აზრით, ამის გამო სერიოზულად დაფიქრდა ხელისუფლება და მას შემდეგ, რაც ერთგვარი პაუზა დადგა, ცდილობს ყველას აჩვენოს, რამდენად ანგარიშვალდებულად თვლის თავს საზოგადოებასთან. ეს არის გათვლილი იმაზე, რომ  შემცირდეს საპროტესტო ელექტორატში ნეგატიური მუხტი. და მეორე, ადრე თუ გვიან, ესა თუ ის არჩევნები ჩატარდება და ხელისუფლება დროს არ კარგავს. ის ფაქტობრივად, საარჩევნო რეჟიმშიც იმყოფება. როგორც ვიცით, მომავალი გაზაფხულის ბოლოს დაგეგმილია ადგილობრივი არჩევნების ჩატარება. ზოგი არ გამორიცხავს ვადამდე საპარლამენტო არჩევნებსაც, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, ნაკლებსავარაუდოა ვადამდე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, თუ არ გაჩნდა რაიმე დამატებითი ფაქტორი, რის გამოც შესაძლოა, ეს საკითხი დაისვას დღის წესრიგში. სწორედ ამით შეიძლება ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯების ახსნა.

- თვალში საცემია აქამდე პასიური უწყებების გააქტიურებაც. მაგალითად, კონტროლის პალატის თავმჯდომარემ ლევან ბეჟაშვილმა სხვადასხვა სახელმწიფო უწყება, მათ შორის განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროები სერიოზულად გააკრიტიკა.

- კონტროლის პალატის გააქტიურება შესაძლოა ხელისუფლების ახალი ტაქტიკური სვლა იყოს. ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ თვითკრიტიკულია. Uუნდა გავიხსენოთ ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის მიერ საკუთარი მინისტრების გაკრიტიკება. ახლა კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირით ვისმენთ ცალკეული სახელმწიფო სტრუქტურის კრიტიკას. რეალურად ამას რა მოჰყვება, რამდენად ზედაპირული ან სიღრმისეული მოვლენაა ეს, დრო გვაჩვენებს. გავიხსენოთ C.T. Park-თან დაკავშირებით მერიის გადაწყვეტილებაც.  ამ შემთხვევაშიც გამოჩნდა, რომ ხელისუფლებამ დაინახა და შეისმინა ხალხის უკმაყოფილება. უგულავამ არასწორი გადაწყვეტილების ალტერნატივა შემოგვთავაზა. როგორ იმუშავებს ეს სიახლე, მომავალში გამოჩნდება, მაგრამ კარგი ის არის, რომ ხელისუფლებამ ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის უფრო მისაღები გადაწყვეტილება მიიღო. ამგვარი გადაწყვეტილებებით ხელისუფლება ცდილობს, ხალხთან სიახლოვე დააფიქსიროს. Aეს სწორია, რადგან საქმე ეხება თბილისს, სადაც ხელისუფლებისადმი მხარდაჭერა დაბალია. ეს პრობლემა კარგად დაინახა ხელისუფლებამ და ცდილობს დედაქალაქში მისდამი მხარდაჭერა გაზარდოს.

- ხელისუფლების უეცარი გააქტიურების ფონზე მეტისმეტად უმოქმედოდ ჩანს ოპოზიცია. თითქოს ერთგვარი  მარცხის განცდა იგრძნობა მის პასიურობაში.

- ჩანს, ოპოზიციაში ახალი ვითარების გააზრება ხდება და ადგილი აქვს ძალთა გადაჯგუფებას. ოპოზიცია დაბნეული და დეზორიენტირებულია. ამ გადაჯგუფებათა შემდეგ ახალი სურათი გვექნება, მაგრამ რამდენად შეძლებს ოპოზიცია ახალი ძალით ერთობლივად დაუპირისპირდეს ხელისუფლებას? ვფიქრობ, მოკლე დროში ოპოზიცია ვერ მოახერხებს ძალის სათანადო მოკრებას. მასში აღარც უწინდელი ერთიანობაა. ამის მიზეზი თავის დროზე არასწორად დასახული სტრატეგიული მიზნები გახდა. რადგან დასახული ამოცანები ვერ განხორციელდა და მიზანი ვერ იქნა მიღწეული, ამან აზრთა სხვადასხვაობა და შესაძლოა კამათიც გამოიწვია, რასაც დაბნეულობა მოჰყვა. ასევე, ოპოზიციის პასიურობის მიზეზი საპროტესტო ელექტორატის განწყობების ცვლილებაშიც უნდა ვეძებოთ. საპროტესტო ელექტორატის ნაწილი, რომელიც გაზაფხულზე აქტიურობდა და მზად იყო თავისი პოზიცია ქუჩაშიც გამოეხატა, იმედგაცრუებულია და აღარა აქვს ქუჩაში გამოსვლის სურვილი.

ელექტორატმა დიდი ფსიქოლოგიური ენერგია დახარჯა და ამ მუხტის განახლებას დრო სჭირდება. უახლოეს ხანში ეს ვერ მოხდება, მაგრამ არჩევნების მოახლოებასთან ერთად მუხტი ისევ დაგროვდება საზოგადოებაში, - თუკი ხალხმა დაინახა, რომ თუნდაც სასამართლო, მედიის თავისუფლება ან საარჩევნო კოდექსი ისევ არ არის დამაკმაყოფილებელი, ისევ არ არის პირობები სამართლიანი არჩევნების ჩატარებისა. ამ თემების წამოწევით ოპოზიციამ შესაძლოა ისევ  მოახერხოს საპროტესტო ელექტორატის ქუჩაში გამოყვანა. ამიტომაც საპროტესტო ტალღის ახალ აღმავლობას შემოდგომაზე კი არა, უფრო მეტად მომავალი წლის გაზაფხულზე, მარტი-აპრილის თვეებში უნდა ველოდოთ.

რაც შეეხება ოპოზიციის ერთიანობას, ის დაირღვევა, თუკი რამდენიმე პარლამენტში გასული ოპოზიციონერი მიიღებს ხელისუფლების შემოთავაზებას და მანდატების აღდგენის შემდეგ პარლამენტში შევა.  პარლამენტში რამდენი ოპოზიციონერიც უნდა შევიდეს, ხელისუფლებას მაინც საკონსტიტუციო უმრავლესობა ექნება. ამიტომაც არ ეშინია პარლამენტში ოპოზიციური ადგილების ზრდისა. თუმცა ეს დაასუსტებს პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციას.

დღეს ოპოზიციაზე გაცილებით ძლიერ პოზიციაშია ხელისუფლება.  მაგრამ არ უნდა დაივიწყოს, რომ პრობლემები, რის გამოც ქუჩაში მასობრივი პროტესტი იყო, არსად გამქრალა, არც გადაწყვეტილა და არც არავის დავიწყებია. უბრალოდ, ის მხარე, რომელსაც ეს პრობლემები არ დავიწყებია და აწუხებს, დროებით დეზორგანიზებულია. შესაძლოა, ადრე თუ გვიან ამ მხარემ კვლავ მოახდინოს ძალების მობილიზება და კვლავ გამოხატოს მძაფრი პროტესტი.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი