გლობალიზაცია საფრთხე იმისთვის არის, ვინც თავის ფასი არ იცის - კვირის პალიტრა

გლობალიზაცია საფრთხე იმისთვის არის, ვინც თავის ფასი არ იცის

"...ილია ჭავჭავაძის დაბადების 173-ე იუბილეს აღსანიშნავად ყვარლის სახლ-მუზეუმში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა: შემოქმედებითი კოლექტივების მონაწილეობით ჩატარდა კონცერტი, მოგვიანებით ყვარლის ციხის ეზოში, სპეციალურად დადგმულ ფაცხებში, კახეთისთვის დამახასიათებელი სუფრა გაიშალა" - ასე აღწერს საინფორმაციო ბიულეტენი ქართველთა დამოკიდებულებას უახლეს ისტორიაში ყველაზე დიდი ქართველის ხსოვნისადმი.

ცუდს ნუ იფიქრებ, მკითხველო - დასაძრახი არაფერია არც მღერასა და არც ჭამა-სმაში, მით უმეტეს, რომ ბოლო დროს ამა თუ იმ მოვლენათა შემხედვარე ქართველობას ნიჰილიზმი მოგვეძალა. შევცქერით ერთურთს და ხშირად დაბნეულნი ვართ - უფრო და უფრო ძნელი გასაგები ხდება, სად აშენებენ სახელმწიფოებრიობას და სად ძირს უთხრიან ქართველთა იდენტობას;

სად თამამი ლიტერატურული წიაღსვლებია და სად ამავე ლიტერატურის დამცრობა-შეურაცხყოფა - საკუთარი კეთილდღეობის მისაღწევად; სად იბრძვიან სამშობლოსთვის და სად - პოპულარობისთვის... ალაგ-ალაგ, ქრისტეს სახელით, მუშტი-კრივიც იმართება ხოლმე და მერე მიდის დაუსრულებელი ტელემარათონი, ვინ დაარტყა პირველმა და ვინ ვის შეაგინა... თამარისა და კრავაის შთამომავალი ქართველი გოგონები ალკოჰოლს ეძალებიან და ერთმანეთს ასახიჩრებენ...

ზოგჯერ მავანნი უბედურების წყაროს სხვაგან ეძებენ - ევროპისა და ამერიკისგან მომავალი გლობალური საფრთხითაც გვაშინებენ - აი, კაცები ქალებს ემსგავსებიანო, ქალები კაცებსო; კულტურას და რწმენას მზაკვრულად შეგვილახავენ და დაგვავიწყებენო... მე კი სხვა რამის უფრო მეშინია - გლობალიზაცია საფრთხე იმისთვის არის, ვინც თავის ფასი არ იცის. პანტისკენ იმას გაურბის თვალი, ვისაც თურაშაული ვაშლი არ უნახავს. ნიჰილიზმი და ხელის ჩაქნევა დიდ ილიას დღეს ყველაზე მეტად არ მოეწონებოდა, მისივე სიტყვებიდან გამომდინარე:

"ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გულს გაგითბობს, ღმერთი ძლიერია; ყველას გულში, ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა. ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს.

რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის, ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა..." სწორედ ამიტომ, ნიჰილიზმთან ერთად, ალბათ, არც მისი საპირისპირო უკიდურესობა, ეროვნული ამპარტავნობა დაგვაყრის ხეირს - პირადად მე, როდესაც "ოროველას" ვუსმენ, "ვეფხისტყაოსანს" ვკითხულობ, გელათსა და სვეტიცხოველს ვუმზერ, სიამაყის ნაცვლად შიში მიპყრობს - მეც ხომ ქართველი ვარ, პატარა, მაგრამ მაინც ხიდი ამ წარსულსა და ჩემს მომავალს შორის.

უთვალავი განძის პატრონი ვარ და ამ განძს შვილებს ბანკის წიგნაკით ვერ გადავცემ - უნდა ვუმღერო, უნდა წავუკითხო, უნდა ვაჩვენო და უნდა ვაგრძნობინო... რადგან, როგორც სულმნათი ილია ამბობდა, "ადამიანი, თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმისათვის, რომ კაცურ-კაცად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი". ვაკეთებთ კი? - შევძლებთ კი? უნდა გავაკეთოთ და უნდა შევძლოთ...

ილიას იუბილეს რომ არ გამოვხმაურებოდით, არ იქნებოდა, მაგრამ არც დღევანდელობის დავიწყება ივარგებს, მით უმეტეს, რომ გასული კვირა მოვლენებით ერთობ დატვირთული გახლდათ - მარტო რუსეთის სამხედრო მზვერავის დღესასწაულზე გამოვლენილი ჯაშუშთა ქსელი რად ღირს... ეგ არის, რომ შოუების მოწყობას ვერ გადავეჩვიეთ და ვინ იცის, მართლაც საშური და საჭირო საქმე ხელისუფლებამ კერძო ტელეკომპანიაში გაშვებული მხატვრულ-დოკუმენტური ფილმით საქილიკოდ აქცია. იაგო კაჭკაჭიშვილთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ.

- რუსეთის ჯაშუშების დაკავებასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება გავრცელდა - რუსეთმა ეს ყველაფერი სააკაშვილის ფანტაზიას მიაწერა და განაცხადა, რომ თავის მოქალაქეებს ყველგან და ყველა საშუალებით დაიცავს. საქართველოში კი ერთგვარი უკმაყოფილება ტელევიზიით გადაცემულმა ფილმმა გამოიწვია. რატომ მისცეს მასალა მხოლოდ ერთ, კერძო ტელეკომპანიას ან რამდენად ქმედითია და რას ემსახურება ამ სახის პროპაგანდა?

- რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ჯერჯერობით მხოლოდ ორი ავტორ-შემფასებელი ჰყავს - საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ფართომასშტაბიანი რუსული აგენტურის გამოვლენას თავის ძლევამოსილებას მიაწერს და რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ამ ყველაფერს სააკაშვილის ფანტაზიისა და მისი ანტირუსული კამპანიის ნაყოფად მიიჩნევს. საზოგადოებას ჯერ არ მიუღია ალტერნატიული ინფორმაცია დამატებითი წყაროებიდან, რომლებსაც ევალება ხელისუფლების თვითდაჯერებულობის კონტროლი და გადამოწმება.

ასეთი წყაროებია სასამართლო, დამოუკიდებელი ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები (ადგილობრივი თუ საერთაშორისო) და სხვა. ის ფილმი, რომელიც "რუსთავი 2"-მა გაუშვა, მხოლოდ სახელისუფლებო პოზიციის გაგრძელებაა, რომელიც ამ პოზიციას უფრო მეტად პროპაგანდისტულ ელფერს სძენს და არანაირად არ ჩაითვლება ალტერნატიულ წყაროდ, რომელიც ხელისუფლების პოზიციებს ობიექტურად გაამყარებს. სავსებით მოსალოდნელია, რომ რუსული აგენტურა საქართველოში მოქმედებს, თუმცა საზოგადოებას ჯერ კიდევ სჭირდება იმაში დარწმუნება, დაიჭირა თუ არა ხელისუფლებამ ბნელ ოთახში კატა, რომელიც შესაძლოა, იქ მართლაც იმყოფებოდა.

- ნოემბრის მოვლენებიდან სამი წელი გასრულდა. დღევანდელი მოცემულობით, რისი თქმა შეიძლება ქართულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ფორმაციაზე. ეს უფრო დემოკრატიაა ლიბერალიზმის გარეშე, თუ ლიბერალიზმი დემოკრატიის გარეშე. რატომ გამორიცხავს ჩვენს სინამდვილეში ერთი ცნება მეორეს?

- ვიტყოდი, რომ საქართველოს ჯერ კიდევ ბევრი აკლია როგორც დემოკრატიის, ისე, მით უფრო, ლიბერალური დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით. მაგალითად, დემოკრატიის ამოსავალი პრინციპი სამართლიანი საარჩევნო გარემოს და თავისუფალი არჩევნების უზრუნველყოფაა, რაც საქართველოში ჯერ კიდევ "აქილევსის ქუსლად" რჩება. როგორც ცნობილია, ლიბერალური დემოკრატიის არსი ის არის, რომ უპირატესობა ენიჭება არა უმრავლესობის გადაწყვეტილებებს, არამედ ინდივიდებისა და ცალკეული ჯგუფების ინტერესებს.

უფრო ზუსტად, უმრავლესობის გადაწყვეტილებები მხოლოდ იმ ზომით მიიღება, რამდენადაც ისინი არ არღვევენ პიროვნების თავისუფლებას, რომელ უმცირესობასაც უნდა ეკუთვნოდეს ეს პიროვნება, ნებისმიერი (პოლიტიკური, ეკონომიკური, რელიგიური, ეთნიკური და ა.შ.) ნიშნით. დავაკვირდეთ, რა ხდება ჩვენთან: მმართველი გუნდი ყოველთვის თავის სასარგებლოდ იყენებს იმას, რომ უმრავლესობაშია და გადაწყვეტილებებს ამ უპირატესობის გამოყენებით იღებს, რითაც ახდენს ალტერნატიული მოსაზრებების უგულებელყოფას, რომელიც, შესაძლოა, ფორმალურად კანონიერიც კი იყოს (ბოლო კონსტიტუციური ცვლილებები პარლამენტმა ყველა წესის დაცვით მიიღო);

ბიზნესმენი ვერ რისკავს ოპოზიციურ ტელევიზიაში რეკლამის მიტანას, რადგან იცის, რომ მისი კერძო ინტერესები უმრავლესობის რისხვას შეეწირება; ფართობის მფლობელს ეშინია, ეს ფართობი ოპოზიციურ პარტიას მიაქირაოს, რადგან აქაც უმრავლესობის აშკარა თუ ფარული ცენზურა მოქმედებს. ამდენად, დემოკრატია, თუ ის ლიბერალურ ღირებულებებს არ შეერწყა, შეიძლება ძალადობის წყაროდაც კი იქცეს - სხვათა შორის, ამას ჯერ კიდევ პლატონი ამბობდა ანტიკურ საბერძნეთში.

თავი დავანებოთ ხელისუფლებას - თავად საზოგადოება მოქმედებს კოლექტიურ-იდეოლოგიური სტანდარტებით, რომელთათვისაც უცხოა ნებისმიერი განსხვავება და გადახვევა. ლიბერალური დემოკრატიის არსი მარტივად ასეც შეიძლება გამოითქვას: დასაშვები და მისაღებია ყველაფერი, რაც არ შეიცავს სოციალურ საშიშროებას, ანუ არ ემუქრება სხვის უსაფრთხოებას. ჩვენს საზოგადოებას ძალიან დიდი გზა აქვს გასავლელი ასეთი ლიბერალური ცნობიერების ჩამოყალიბებამდე.

- ადამიანური განვითარების მიხედვით, საქართველო მსოფლიოში 74-ე ადგილზეა. გაეროს განვითარების პროგრამის ანგარიშში ბელორუსი - 61-ე, რუსეთი - 65-ე, უკრაინა - 69-ე, ყაზახეთი - 66-ე, აზერბაიჯანი კი 67-ე ადგილზე აღმოჩნდა. 169 ქვეყნის სიის ბოლოში ზიმბაბვეა. გამოკვლევა ცხოვრებისა და სოციალური დაცვის, ჯანმრთელობის, განათლების დონის და კულტურული განვითარების, დანაშაულის მდგომარეობის, გარემოს დაცვისა და გადაწყვეტილებების მიღებაში ადამიანთა მონაწილეობის მიხედვით ჩატარდა. ხომ არ აუფერულებს ეს მონაცემები ხელისუფლების აღტყინებას იმის თაობაზე, რომ სხვადასხვა მიღწევაში საქართველოს რეიტინგი "ცას კაწრავს"?

- ფაქტია, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მიერ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის (ადამიანური განვითარების) შეფასება გაცილებით კომპლექსური და ადეკვატურია, ვიდრე ცალკეული მახასიათებლების (მაგალითად, ბიზნესის წარმოების სიიოლის) ჭრილში ქვეყნის რეიტინგი. არავინ დაობს, რომ მნიშვნელოვანი მიღწევაა საქართველოში ბიზნესის ლეგალურობასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და სამართლებრივი სირთულეების მოხსნა, რაც გულისხმობს ბიზნესის რეგისტრაციის, აღრიცხვაზე აყვანის და სხვა ბიუროკრატიული მექანიზმების გამარტივებას.

თუმცა, ბიზნესის დაწყების და გალეგალურების სიიოლე არავითარ შემთხვევაში არ არის მისი შენარჩუნების არათუ გარანტი, არამედ საკმარისი წინა პირობაც კი. ამას ხელს უშლის, მაგალითად, საბანკო კრედიტების მაღალი ტარიფები. თუმცა ყველაზე დამაბრკოლებელი ის არის, რომ საქართველოში ეკონომიკური საქმიანობა არ არის პოლიტიკური ინტერესებისა და გავლენებისაგან დაცლილი. სამწუხაროდ, პარტიულობა ეკონომიკური ეგალიტარიზმის (კერძო საკუთრების თანაბრად გადანაწილება ინდივიდუალურ მეურნეობებს შორის) მნიშვნელოვანი ბარიერია. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოში, ჩავარდნილი ბიზნესის გამო, ფრუსტრირებული ადამიანების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე წარმატებული ბიზნესმენებისა.

და კიდევ: საქართველოში მასობრივი (ანუ წვრილი) ბიზნესი უკიდურესი სიღარიბისაგან თავის დაძვრენას უფრო ემსახურება, ვიდრე გამდიდრებას. თბილისში ყოველი მეოთხე მანქანა, ალბათ, კერძო ტაქსია. სავარაუდოდ, ტაქსის ბიზნესის დაწყება არსად არის ისე ადვილი, როგორც საქართველოში. მაგრამ ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ტაქსისტობა ღირსეულ სოციალურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს? ცხადია, არა.

- "მათ დასჭირდებათ ბევრი კვების პროდუქტი, სასტუმროები და გარდა ამისა, ეს შექმნის დიდ ინტერესს საქართველოსადმი ინდოეთის მოსახლეობაში. შესაბამისად, სამუშაო ადგილების და ტურიზმის განვითარების მხრივ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება"", - განაცხადა ინდოეთიდან დაბრუნებულმა ვერა ქობალიამ, როდესაც ბოლივუდში შეხვედრაზე საუბრობდა. რამდენად ადეკვატური იქნება ქართული ეკონომიკის ინდურ კინოინდუსტრიაზე მიბმა, ან რამდენად სერიოზულია ინდოეთის მოსახლეობის იმედზე ქართული ტურიზმის ყოფნა?

- არავინ დაობს იმაზე, რომ ტურიზმი საქართველოში შემოსავლის ერთ-ერთი სერიოზული წყარო შეიძლება გახდეს და რომ ტურიზმის პოტენციალი ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი პირობაა. თუ ამ საქმეში თავის წვლილს მსოფლიო კინოინდუსტრიაც შეიტანს, ეს მხოლოდ მისასალმებელია. აქ სხვა რამეა საკითხავი: ჯერ ერთი, ტურისტული ინფრასტრუქტურის აწყობას და, რაც მთავარია, ამ ინფრასტრუქტურით უცხოელების პროვოცირებას ბევრი წელი დასჭირდება და ეს პროცესი შედეგებს მხოლოდ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოიღებს (და არა 1-2 წელიწადში, როგორც ამას ხელისუფლება გვპირდება).

მეორეც, აუცილებელია ტურიზმის სამიზნე ადგილების ფრთხილი და გააზრებული შერჩევა და შექმნა, რაც ათასჯერ აწონილ კონცეფციას უნდა დაეყრდნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავიდან ვერ ავიცილებთ ნეგატიურ უკუეფექტს. კერძოდ, ტურისტულ ცენტრებად უნდა ვაქციოთ ის, რაც საქართველოს დანარჩენი ქვეყნებისგან განასხვავებს და არა ის, რაც მას სხვებთან ამსგავსებს.

მაგალითად, ვერანაირად ვერ მოიზიდავ და განაცვიფრებ ევროპელს განახლებული სიღნაღით, რადგან ასეთი დიზაინის პატარა ქალაქს ევროპაში ასობით ნახავთ, იგივე ითქმის ბათუმზეც. ჯერჯერობით საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურა ჰომოგენიზაციის ნიშნით უფრო ვითარდება, ვიდრე უნიკალურობაზე აქცენტირებით.

- ინგლისურის სწავლა რომ სრულიად საქართველოს სტრატეგიული მიზანია, ყველამ ვიცით. გასულ კვირას, საქართველოში სტუმრობისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩეჰრ მოთაქიმ განაცხადა, რომ საქართველოში სპარსული ენის სპეციალისტები ჩამოვლენ. ზოგადად, ირანთან სამეგობროდ პერსპექტივები ბევრ დარგში დაისახა და დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის დიპლომატიური მანევრირებაც, ალბათ, ძალიან კარგია, მაგრამ გაუძლებს კი ერი ამდენი ენის მასობრივ სწავლას?

- საქართველოში სპარსული ენის შესწავლის პერსპექტივა არანაირად არ შეიძლება შეედაროს ინგლისურს. ირანული ენა ვერასოდეს გახდება მასობრივი შესწავლის საგანი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თავად ირანელები საგარეო ურთიერთობებში, სხვადასხვა სფეროში, ინგლისურს იყენებენ. რამდენჯერმე შევხვედრივარ თეირანის უნივერსიტეტის პროფესორებს და მათ მშვენივრად იცოდნენ ინგლისური. დარწმუნებული ვარ, ასე იქნება ბიზნესის სფეროშიც. მეორე მხრივ, საქართველოში ყოველთვის გატაცებით ეუფლებოდნენ აღმოსავლურ ენებს, მათ შორის, ულამაზეს სპარსულ ენას. ვფიქრობ, საქართველოში ყოველთვის იქნებიან ისინი, ვინც მოინდომებენ დედანში წაიკითხონ და გადმოაქართულონ ფირდოუსის, ჰაფეზის თუ ომარ ხაიამის გენიალური ქმნილებები.