"ვატყობ, რომ სავალალოდ ვეჩვევით უსამართლობას" - კვირის პალიტრა

"ვატყობ, რომ სავალალოდ ვეჩვევით უსამართლობას"

"მედიის ტოტალური გადაქცევა პოლიტიკის ინსტრუმენტად პოსტსაბჭოთა სივრცის  სენია"

პარლამენტის სპიკერის განცხადების მიუხედავად, როგორც ჩანს, პესიმისტთა პროგნოზები გამართლდება და "მედიადაბურულობა" კვლავაც დაბურულად დარჩება. ისევე, როგორც მოუგვარებელი დარჩება დაფინანსების გამჭვირვალობა ამ სფეროში, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; მონოპოლია, პრესის გავრცელება და ყველა ის საკითხი, რისი მოგვარებაც ერთი ხელის მოსმითა და ღირსების დაცვით შეეძლოთ ქართველ კანონმდებლებს, მედიაექსპერტთა ჯგუფის ინიცირებული პროექტების კრებული რომ განეხილათ. ალბათ, არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, როდესაც ოპოზიციონერი ლიდერები "საცა არა სჯობს, გაცლას" ამჯობინებენ, ხელისუფლებას მიაჩნია, რომ დღეს მისი დროა და არა დათმობებისა. Mმაგრამ ისიც ხომ ფაქტია, რომ ეს კარგ საქმესაც ჩრდილს აყენებს.

რაოდენ წრფელი განზრახვაც უნდა ჰქონდეს ხელისუფლებას, ძნელი იქნება დაჯერება, რომ საარჩევნო კოდექსზე დაწყებული კონსულტაციებიც ისე არ დასრულდება, როგორც ეს მედიის შემთხვევაში მოხდა - ანუ ისე, როგორც ხელისუფლებას სურდა: ზედაპირულად და მოსაჩვენებლად. სხვათა შორის, გაგიკვირდებათ და, საქართველოს ხელისუფლება საფრანგეთზე ბევრად მყარიც აღმოჩნდა. სულ რამდენიმე მიტინგი და გაფიცვა საკმარისი გახდა, საფრანგეთის მთავრობა "ჩამოშლილიყო" - გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტმა სარკოზიმ პრემიერისა და მისი კაბინეტის გადადგომა დააკმაყოფილა, მაგრამ ჩვენი პრობლემა ის კი არ არის, ოპოზიციას რომ სააკაშვილის გადაყენება უნდა და სააკაშვილს, თავის მხრივ, ეს არ უნდა.

ცივილიზებულ ქვეყნებში არც მთავრობის გადადგომა მიაჩნიათ ქვეყნის დაქცევად და არც არჩევნებზეა ხოლმე ცოდვა-მადლის ტრიალი. იმიტომ, რომ ქვეყანა ყველაფრის მიუხედავად, თავისი, მართებული გზით ვითარდება და ახალი მთავრობა ყველაფრის დანგრევასა და ახლიდან აშენებას არ დაიწყებს. არც ოპოზიციაა დამფრთხალი ფარასავით გზააბნეული და ერთმანეთის ქილიკზე გაფაციცებული.…

დეტალურად, საქართველოსა და მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებზე ზაზა ფირალიშვილს ვესაუბრებით:

- მედიაექსპერტებისა და ჟურნალისტების საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტი, რომელიც მედიაგარემოს გაუმჯობესებას ეხება, პარლამენტში უკვე შევიდა. საკანონმდებლო ინიციატივა რვა კანონპროექტისგან შედგება და ეხება როგორც ფინანსურ გამჭვირვალობას, ისე სახელმწიფო სახსრების მართლზომიერ ხარჯვას, ლიცენზირებას, სასამართლო დავების საკითხს, მონოპოლიას, საჯარო ინფორმაციის მიღებას.... მაგრამ როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ განაცხადა, კარგად შეისწავლეს საერთაშორისო კანონმდებლობა, პრაქტიკა და ამ ეტაპზე "მაუწყებლობის შესახებ" კანონის გარდა, სხვა კანონების გადახედვის მიზანშეწონილობასა და საჭიროებას ვერ ხედავს. ასეთ შემთხვევაში, ბაქრაძის განცხადება მედია-კანონმდებლობაზე ხომ არ არის მოვალეობის მოხდა ან რამდენად წაადგება მედიაგარემოს გაუმჯობესებას მხოლოდ მფლობელთა ვინაობის დადგენა?

- ხელისუფლებას უამრავი ბერკეტი აქვს საიმისოდ, რომ მედიამფლობელთა ვინაობა კვლავ დაფარული დარჩეს. კიდევ უფრო დაიხვეწება მფლობელთა ვინაობის დამალვის ხერხები. მთავარია, არ მოვდუნდეთ და ხელისუფლება ვაიძულოთ, სულ უფრო და უფრო გაგვიწიოს ანგარიში. ამას კი, მოგეხსენებათ, საკმაოდ დიდი სამოქალაქო კულტურა სჭირდება.

ხელისუფლება უნდა გრძნობდეს, რომ ჩვენი გაბითურება იმ ხერხებით, რომლებსაც აქამდე მიმართავდა, სულ უფრო შეუძლებელი ხდება და ერთ დღესაც აბსოლუტურ მატყუარად, აბსოლუტურად უარყოფით სიმბოლოდ შეიძლება იქცეს თავის მედიასაშუალებებთან ერთად.

გაიხსენეთ 2003 წელი და მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ. ამ თვალსაზრისით, მედიაექსპერტებისა და ჟურნალისტების აქტიურობა ძნელია, გადაჭარბებით შეფასდეს. არ გამოვრიცხავ, რომ ხელისუფლება ყველაფერს იღონებს, რომ მინიმალურ დათმობაზე წავიდეს. მთავარი ეს არ არის. მთავარი ის არის, რადგან საკითხი დაისვა და გახმაურდა, კოსმეტიკური ღონისძიებებით მისი "მოვლა", უბრალოდ, კიდევ უფრო გააღრმავებს ხელისუფლების გაუცხოებას თავისუფალი მედიისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისაგან. ქართული ხასიათი კი, მოგეხსენებათ, როგორია: ქართველი კაცი, ერთი შეხედვით,  თვეებისა და წლების განმავლობაში გულგრილია საზოგადოებრივი პრობლემების მიმართ, ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოჩნდება, რომ ყველაფერი ახსოვს და მზად არის, პასუხიც მოგთხოვოს.

- კითხვა, რა უკეთესია, "იმედი" საერთოდ არ გადიოდეს ეთერში თუ გადიოდეს ამ ფორმით, ჰგავს იმას, მკითხოთ, რა გირჩევნიათ, ქოლერით მოკვდეთ თუ შავი ჭირითო", - განაცხადა პოლონელმა ჟურნალისტმა და ყოფილმა დისიდენტმა ადამ მიხნიკმა ქართველი ჟურნალისტის პასუხად. ეთანხმებით თუ არა და როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს შავი ჭირისა და ქოლერისგან განკურნების საშუალება (საზოგადად, თუ შეიძლება იყოს)?

- მედიის ტოტალური გადაქცევა პოლიტიკის ინსტრუმენტად პოსტსაბჭოთა სივრცის  სენია. ასე იყო ჯერ კიდევ XX საუკუნის პირველ მესამედში შეერთებულ შტატებშიც. შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ზედმეტად ახლო ურთიერთობა ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფთან მედიის ავტორიტეტსა და გავლენას ლახავდა და მის ფინანსურ მდგომარეობაზეც აისახებოდა.  ცხადია, სრული გაუცხოება არც იქ არის, მაგრამ არსებობს გონივრული დისტანცია, რომელსაც ორივე მხარე ინარჩუნებს, ჩვენთან კი ჯერაც თანამშრომლობის ვულგარული ფორმები ბატონობს. ამას ხელს უწყობს ჩვენი ბაზრის სიმწირეც. და მაინც, დამოუკიდებლობის განსაზღვრული ხარისხის გარეშე მედია მედია არ არის, მხოლოდ და მხოლოდ ინსტრუმენტია. როგორც უნდა ვმალოთ ეს, ყველამ ყველაფერი იცის.

2002 წელს ერთი ცნობილი ქართველი ჟურნალისტი აღშფოთდა, როდესაც რაღაც ლაპარაკს მოვაყოლე, "რუსთავი 2" ჟვანიას ჯგუფს ემსახურება-მეთქი. დღეს ვითარება შეცვლილია და ასეთ გულუბრყვილო გაოცებას ძნელად თუ  გამოხატავს ვინმე. ეს კი, ჩემი აზრით, ნიშნავს, რომ ნორმალური განვითარებისკენ მივდივართ და ერთ დღესაც უხერხული გახდება ის, რაც ჯერ კიდევ დასაშვებია. სხვაგვარადაც ვიტყოდი: დღეს რომ გაჩნდეს რომელიმე ოპოზიციური ძალისგან მართვადი ტელევიზია, შეიძლება საზოგადოებას ეს ისეთივე უბედურებად შემოუბრუნდეს, როგორც ჩვენთვის ცნობილი "გამარჯვებული ხალხის ტელევიზია". თუმცა იმედი მაქვს, რაც შესაძლებელი იყო 2002 წელს, დღეს უკვე შეუძლებელია.

ჩვენ ხომ ძალზე მნიშვნელოვანი გამოცდილება შევიძინეთ ამ წლების განმავლობაში. დარწმუნებული ვარ,  ახლა ძალიანაც რომ მოინდომოს რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ, ახალ "იმედს" ან ახალ "რუსთავი 2-ს" ვერ შექმნის. ვგულისხმობ იმ უზომო ნდობას, რომლითაც ერთ დროს ეს ტელევიზიები სარგებლობდნენ. ჩვენ წინაშე ახლა სხვა ამოცანა დგას: ტელემედია უნდა ვაიძულოთ, შეძლებისდაგვარად გათავისუფლდეს პოლიტიკური მეურვეობისაგან, იქცეს მეოთხე ხელისუფლებად, ნაცვლად დანარჩენი სამის თუ ოპოზიციის ინსტრუმენტური დანამატისა, და პატივი გვცეს ჩვენ, მაყურებლებს. ასე თუ დავაღწევთ თავს შავი ჭირისა და  ქოლერის ალტერნატივას.

- როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, საპროტესტო აქციის შემდეგ მეთორმეტე კლასის რამდენიმე მოსწავლეს სახლში პოლიციისფორმიანი პირები დახვდნენ, წაიყვანეს განყოფილებაში და დაემუქრნენ, რომ აქციებში მონაწილეობა აღარ მიეღოთ. აქციის გამართვისა და სასკოლო გამოცდების გაპროტესტების შემდეგ, სამინისტროში დაიბარეს რამდენიმე სკოლის დირექტორიც, რის შემდეგაც მათ თანამდებობის დატოვება მოუხდათ. "განათლების და მეცნიერების სამინისტრომ შეგნებულად დასწია კომპეტენციის ზღვარი. ჩვენ გავითვალისწინეთ ის შეცდომები, რომლებიც დავუშვით"", - ბრძანა დიმიტრი შაშკინმა. მისივე თქმით, გამოცდები აუცილებლად ჩატარდება. რამდენად სასარგებლოა ეს დაუსრულებელი რეფორმა და ცვლილებები ისეთ ფაქიზ სფეროში, როგორიც სასკოლო განათლებაა? თუნდაც გამოცდების დანიშვნა მართებული ყოფილიყო, რამდენად თავსდება სამართლებრივი სახელმწიფოს ფარგლებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების დასჯა-დაშინების მეთოდები?

- სასკოლო განათლება რომ ლამის თხუთმეტი-ოცი წლის განმავლობაში მიტოვებული სფერო იყო, ცხადია. საჯარო სკოლებში ვითარება კრიტიკას ვერ უძლებდა და ხელისუფლების ჩარევას მოითხოვდა.  მაგრამ, ცხადია, ეს არც იმას ნიშნავს, რომ ჯარისკაცური პირდაპირობითა და სიხისტით ვიმოქმედოთ და უკეთესის იმედით მეთორმეტეკლასელებს, რომლებსაც მხრებზე ისედაც ძალზე მძიმე ტვირთი აწევთ, იგი გავუსამმაგოთ. მინიმალური კომპეტენციის ზღვრის დაწევა  და შეცდომების გამოსწორება ამ ვითარებას, ცხადია, ერთგვარად გამოაკეთებს. საქმე სხვა რამეა:

ამ ქვეყანაში არ უნდა ცხოვრობდეს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ესმის, რომ ყოველი ძალისმიერი ღონისძიება მოზარდებთან ათმაგად მოგიბრუნდება და ამით თვითონ გააღვივებ ამ თაობასთან განხეთქილების თესლს.

არადა, ისინი სულ რამდენიმე წელიწადში გამოვლენ ასპარეზზე და თუ ეს შეცდომა არ გამოსწორდა, მათ შორის - დირექტორების საქმეშიც, არა მგონია, ჩვენთვის ცნობილი უკვდავი პარტია კვლავ  უკვდავი აღმოჩნდეს. გავიხსენოთ, როგორ წარიმართა შევარდნაძის ბედი, როდესაც ახალგაზრდა თაობის დიდმა და აქტიურმა ნაწილმა მასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა. მე არ ვამახვილებ ყურადღებას საკითხის სამართლებრივ მხარეზე. სამწუხაროდ, ვატყობ, რომ სავალალოდ ვეჩვევით უსამართლობას. საქმე სხვა რამეც არის: არ შეიძლება შეუმდგარი ძველი ბიჭებივით გვეშინოდეს დათმობებისა, თანაც მაშინ, როდესაც არც ისე სამართლიანად ვიქცევით და ამ სიჯიუტით საკუთარ თავსვე ვვნებთ.

როგორც ვიცი, მეთორმეტეკლასელებმა პარლამენტის წინ თავყრილობაზე ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მათ თავი აარიდეს  პრობლემის პოლიტიზებას და ხელისუფლებასთან დიალოგის სივრცე დატოვეს. ხელისუფლებამ ჯერ ოროსნები ეძახა მათ, მაგრამ შემდეგ გაიაზრა, რომ უარითა და დაპირისპირებით ამ სივრცეს მოსპობდა. ასეა თუ ისე, ეს ჯობს ხისტ პოზიციას, რადგან მეთორმეტეკლასელთა პოლიტიზება, ვფიქრობ, მხოლოდ მავან მარგინალური ყაიდის პოლიტიკოსებს თუ შეიძლება აძლევდეს ხელს. ერთი შედეგი კი  ნამდვილად დარჩება:

ხელისუფლებამ მთელ თაობაში ჩათესა ეჭვი, რომელსაც სანახაობებითა და გართობათა ორგანიზებით ვერ  უშველის. ისინი მოვლენ სანახაობებზე, გაერთობიან კიდეც, მაგრამ ყოველთვის ეხსომებათ ის, რაც მოხდა. საკმარისი იქნება, გამოჩნდეს მათი გემოვნების პოლიტიკური ძალა, რომ დიდი ალბათობით, მის გარშემო დაირაზმებიან. ახალგაზრდული პოლიტიკა მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.

- სალომე ზურაბიშვილმა საქართველო დატოვა. ის ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოში გააგრძელებს საქმიანობას. "მართალია, მივდივარ, მაგრამ დავბრუნდები", - განაცხადა ზურაბიშვილმა. ქართულ ოპოზიციაში "წასვლის დრო" დადგა? რა შეღავათი იქნება ყოფილი ოპოზიციონერის მუშაობა გაეროს პრესტიჟულ თანამდებობაზე მათთვის, ვინც დარსა თუ ავდარში, ფიზიკური ზეწოლისა და მუქარის მიუხედავად, ქალბატონ სალომეს მიტინგებზე დაჰყვებოდნენ? ისინი ხომ საქართველოში დარჩნენ?

- ვფიქრობ, ქალბატონი სალომე გონივრულად მოიქცა. ჩვენი პოლიტიკოსების უმრავლესობას არა აქვს პაუზის გრძნობა, მოვლენებისაგან გარიყვისა ეშინია. ეშინიათ, რომ მათ გარეშე რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი შეიძლება მოხდეს. არადა, პაუზის გაკეთების უნარი პოლიტიკოსის ნიჭიერების ძალზე მნიშვნელოვანი შემადგენელია. გავიხსენოთ, რომ ბოლო ადგილობრივი არჩევნები ახალი ჩამთავრებული იყო, რომ ზოგმა პოლიტიკურმა ჯგუფმა ვადამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე დაიწყო ლაპარაკი. ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ მათ პაუზის გრძნობა არ გააჩნიათ.

ასევე არ გააჩნიათ ეს გრძნობა მათ, ვინც 2007-2009 წლის მოვლენების შემდეგ უახლოეს თვეებში კვლავ მასობრივ გამოსვლებს გეგმავენ. ვისურვებდი, კიდევ რამდენიმე პოლიტიკურ მოღვაწეს აღმოსჩენოდა ეს უნარი და აქტივობის ინერციით, ერთი მხრივ,  თავიანთ საზოგადოებრივ პორტრეტს არ ცვეთდნენ, ხოლო მეორე მხრივ, თავად პროტესტის იდეას არ აუფასურებდნენ. ნამდვილად არ ვგულისხმობ პოლიტიკიდან წასვლას. ვგულისხმობ პაუზას და მეტს არაფერს.

შეუძლებელია მთელი საზოგადოება განუწყვეტლივ დაძაბულობის ზღვარზე ამყოფო, მით უმეტეს, რომ ამ დაძაბულობას არავითარი პოზიტიური შედეგი არ მოსდევს.

პირიქით, სწორედ ამ დროს გავუშვით ხელიდან "საზოგადოებრივი მაუწყებელი", ცენტრალური საარჩევნო კომისია, ხელიდან გავუშვით საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში მონაწილეობის შანსი.

აღარაფერს ვამბობ მრავალ, ერთი შეხედვით, წვრილმან საქმეზე, რომლებმაც ზოგიერთ სიტუაციაში კარდინალური მნიშვნელობა შეიძლება შეიძინოს. რაც შეეხება ქალბატონ სალომეს მუშაობას გაეროში, ვფიქრობ, დასავლეთის გარკვეული  ძალები დაინტერესებული არიან, რომ საერთაშორისო პოლიტიკური აზრი გათავისუფლდეს "ვარდების რევოლუციის" ხიბლისაგან და უფრო საღად აღიქვან აქ მიმდინარე მოვლენები. მას არ ახასიათებს ექსტრემიზმი და ამ საქმეშიც სახელმწიფოებრივად აუცილებელ ზომიერებას დაიცავს. დასავლეთის გათავისუფლება ილუზიისაგან ჩვენში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისათვის აუცილებელი რამ არის.

- საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით მოლაპარაკების დაწყება ოპოზიციას პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ რამდენიმე თვის წინ შესთავაზა. ამის შემდეგ რვა ოპოზიციურმა პარტიამ საკანონმდებლო წინადადებაც კი მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა, თუმცა მზა წინადადებების შეთავაზება უმრავლესობამ ულტიმატუმად მიიჩნია და პროცესი შეფერხდა. განახლების შემთხვევაშიც კი, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს მოლაპარაკებას?

- ზემოთ აუცილებელი საქმეები ვახსენე და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება, ვფიქრობ, ერთ-ერთი მათგანია. როგორც ვიცი, მოლაპარაკებას საერთაშორისო დამკვირვებლები ადევნებენ თვალს და ეს იმის გარანტიაა, რომ პოზიტიური შედეგი მაინც ექნება. გარდა ამისა, ეს არის შანსი ოპოზიციისათვის, თავი დააღწიოს ირაციონალურ სამიტინგო აჟიოტაჟს, სუფრული ჟანრის პოლიტიკასთან გაიგივებას და დაგვანახოს ჩვენც და საერთაშორისო წრეებსაც, რომ პოლიტიკური გონის მატარებელია და მხოლოდ მკერდში ხელის ბრაგუნით არ აპირებს ქვეყნის ხსნას.

ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი ის იქნება, ამ მოლაპარაკებაზე იშვას ხელისუფლების ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი თავისი სახელმწიფოებრივი პროექტითა და პოლიტიკური არსენალით. ჩვენ ნებისმიერ საკანონმდებლო ცვლილებაზე მეტად სწორედ ეს გვესაჭიროება:

ვითარება, როდესაც პოლიტიკური ცხოვრება მხოლოდ სახელისუფლებო ცენტრში კი არ იქნება თავმოყრილი, არამედ როდესაც ხელისუფლებას მეორე პოლიტიკური ცენტრის სახით ეყოლება გონიერი და წესიერი ალტერნატივა, როდესაც ხელისუფლების მარცხი ჩვენთვის აღარ იქნება ეროვნულ-სახელმწიფოებრივი მარცხის თანაზომადი.

ისევ მოლაპარაკებათა თემას თუ მივუბრუნდებით, ოპოზიციის წარმატებას ამ ასპარეზზე მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ მასში გონიერი და წესიერი პოლიტიკური ძალა იარსებებს და აღარ იქნება ისეთ ქაოსურ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის.

უამისოდ მთელ ამ აქტივობას შედეგი არ მოჰყვება, რადგან კარგად ორგანიზებული და მობილიზებული ხელისუფლება თავისი ადმინისტრაციული რესურსებით ყოველთვის დაამარცხებს ფრაგმენტირებულ ოპოზიციას.

- აშშ-ის ექსპრეზიდენტ ჯორჯ ბუშს დაკითხვებზე წამების ტექნიკის გამოყენება გამართლებულად მიაჩნია.  მან ბრიტანულ "თაიმსთან" ინტერვიუში განაცხადა, დაკითხვებზე წამების ტექნიკის - დახრჩობის იმიტაციის გამოყენებით დიდ ბრიტანეთში ტერაქტების აღკვეთა მოხერხდა, კერძოდ, აეროპორტ ჰითროუშიო. უხერხული ხომ არ არის ასეთი განცხადებები იმ ქვეყნის ექსპრეზიდენტისგან, რომელიც მთელ მსოფლიოში იცავს დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს?

- ცხადია, უხერხულია, თუმცა არა ვარ დარწმუნებული, იმავეს არ აკეთებდნენ ისინი, ვინც ამას საჯაროდ არ ამბობს. ბუშს სჩვევია არადიპლომატიური განცხადებები და, თუ შეიძლება ითქვას, კოვბოური პირდაპირობა. ეს მისი პოლიტიკური პორტრეტის აუცილებელი ელემენტია. სამწუხაროდ, ომს  აქვს თავისი კანონები, რომლებიც ყოველთვის ვერ თავსდება სამართლებრივ ჩარჩოებში. მთავარია, ომი არ დაიწყოს, თორემ თუ დაიწყო, უკანონობა მისი აუცილებელი თანამდევია.

რუსები დღემდე არ აღიარებენ თავიანთ დანაშაულს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა, ცხადია, არავინ დაიჯერებს, რომ იქ წესიერი და დამჯერი მოწაფეებივით იქცეოდნენ. ვიმეორებ, მთავარია, ომი  არ დაიწყოს. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაჰმადიანი ტერორისტები ომის რეჟიმში ცხოვრობენ და ომის კანონებით ხელმძღვანელობენ.