"ეს საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გამოვლინებაა" - კვირის პალიტრა

"ეს საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გამოვლინებაა"

"ერთი მხრივ, არის რუსეთისადმი გაწვდილი ხელი, მეორე მხრივ - პრინციპული პოზიციები იმავე რუსეთის მიმართ"

"მაქვს სურვილი და მოველი, დავინახო გონიერება ქართველი პოლიტიკოსების ქმედებებში"

"ისინი ბოშები არიან, ვცადეთ მათი მოთავსება ინტერნატში, მათ ბარონებთანაც მოლაპარაკება, რაც პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. საფრანგეთში მათ ფული გადაუხადეს დეპორტაციისთვის, მაინც დაბრუნდნენ. სამაგიეროდ, ჩვენს დევნილებს და გაჭირვებულებს ქუჩაში ვერ ნახავთ. ყველა კეთილმოწყობილია", - ასეთი პასუხი მიიღო "ნოვაია გაზეტას" ჟურნალისტმა საქართველოს პრეზიდენტისგან, როდესაც თბილისის ქუჩებში მათხოვრების სიმრავლით დაინტერესდა.

ეს რომ წავიკითხე, კი ვიფიქრე, კაცს იქნებ მტრების გულის გახეთქა უნდა და ხელი რატომ შევუშალო-მეთქი. მაგრამ ისიც ხომ ფაქტია, მელოტმა რაც უნდა დიდი სავარცხლით იაროს, არა მგონია, მტრებს კულულებში მოეჩვენოს. ეგეც არ იყოს, ვფიქრობ, როგორც სახელმწიფო, იმ ასაკს მაინც გავცდით, ბავშვს რომ წამალზე ეუბნებიან, "კაკააო".

დღეს ჩვენ ბევრი რამისგან გვჭირდება განკურნება - სიმართლეს თვალებში უნდა შევხედოთ, გემოს მიუხედავად, წამალი დავლიოთ და იმასაც შევეგუოთ, რომ "კაკას" მოსაპოვებლად შრომა კიდევ დიდხანს დაგვჭირდება. ოღონდ ისე არა, დაბურული შუშები უბრალო მოკვდავებს რომ აუკრძალეს და "უკვდავ" ჩინოვნიკებს - არა. თუ თავისი ხალხისთვის თვალებში შეხედვის არ რცხვენიათ, კეთილი ინებონ და, მათ მიერ მიღებული კანონი ჯერ თვითონ შეასრულონ, თანაც, დევნილებს ბოშებისა და მათი ბარონებისგან დაუბურავი მინიდან უკეთ გაარჩევენ.

"ჩვენ არ ვაპირებთ, ნატოში პრობლემების იმპორტი მოვახდინოთ", - განაცხადა ნიკოლა სარკოზიმ ლისაბონის სამიტზე და ეს სიტყვები ზემოთ ნახსენებ შრომასთან პირდაპირ კავშირშია. ოდესღაც, უნდა მოგვბეზრდეს ევროკავშირიდან და ნატოდან მუდმივი დაპირებების მოსმენა გაწევრებასთან დაკავშირებით. ოდესღაც, ყველა ერთად უნდა მივხვდეთ, რომ ნატოც და ევროკავშირიც ზოგადად სახელმწიფოსა და მისი საზოგადოების უკომპრომისო განვითარების შედეგი უნდა იყოს და არა უმოქმედო მოლოდინისა, სიტყვა "უკომპრომისო" კი სიტყვის მასალად არ გვიხმარია.

გზების დაგება განვითარებაა, სოციალური და ეკონომიკური პროგრამების ხარჯზე მსოფლიო ვარსკვლავების ჩამოყვანა კი - კომპრომისი; შადრევნებისა და ძეგლების აგებაც შეიძლება განვითარებად ჩაითვალოს, თუ კომპრომისის სახით, ჩამონგრეულ-ჩამოფხავებული საავადმყოფოები არ გვექნება ან ბოშებად შენიღბული დევნილები არ გვეყოლება. საფრანგეთის პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას  საქართველოს, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემებიც შეგვახსენა და ეს ნამდვილად არ არის ის შემთხვევა, როდესაც პრობლემებზე მხოლოდ მიგვითითებენ.

გასულ კვირაში, ევროსაბჭოს ორგანიზებით ქართველი ჟურნალისტები აფხაზ კოლეგებს შევხვდით. შეხვედრის დეტალებზე თავის ტრადიციულ რუბრიკაში ჩემი კოლეგა მერაბ მეტრეველი მოგითხრობთ, მე კი მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სტამბოლში გამართულმა სემინარმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა - ჩვენ, უპირველესად, აფხაზები უნდა დავიბრუნოთ და არა აფხაზეთი.

ქართველთა ძმობას ოდესღაც არც აფხაზები უარყოფდნენ, მერე კი ომმა ჩვენც და მათაც ბევრი საშინელება ჩაგვადენინა. მაგრამ ძმებში ხომ უფროსს უფრო მეტი მოეთხოვება - ჩვენც მეტი გვმართებს, მოთმინებაც და გონიერებაც და აფხაზების დაბრუნებას აუცილებლად შევძლებთ. მით უმეტეს, რომ რუსეთის "მშვიდობისმყოფელობას" ცივილიზებულ მსოფლიოში სულ უფრო ხშირად აფასებენ ოკუპაციად. ამასობაში თავად აფხაზებიც მიხვდებიან, რომ ჩვენგან განსხვავებით, რუსეთს სწორედ რომ აფხაზეთი სჭირდება და არა აფხაზები. პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორთან, ბატონ ზურაბ აბაშიძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია ეთნიკურ წმენდასა და ოკუპაციაზე დიდ დიპლომატიურ გამარჯვებად შეფასდა. როგორც ჩანს, პოლიტიკაში დასავლელი პარტნიორების როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მიმართ გააქტიურების დრო დადგა?

- გააჩნია, აქტიურობაში რას ვიგულისხმებთ. თავისთავად ის ფაქტი, რომ საქართველოს თემა ნატოს საპარლამენტო ასამბლეასა და სამიტზე განიხილებოდა, ძალზე მნიშვნელოვანია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები კვლავაც ინარჩუნებენ საქართველოსადმი ინტერესს და მხარდაჭერას აგრძელებენ. ძნელი სათქმელია, კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ. ბუნებრივია, გვინდა, რომ მეტი კონკრეტული შედეგები იყოს და ყველაფერი განცხადებების დონეზე კი არ დარჩეს, პრაქტიკული გაგრძელებებიც მოჰყვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მაგრამ რუსეთის ცნობილი პოზიციის გამო ეს, ცოტა არ იყოს, გართულებულია.

ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით მოლოდინი, რომ დასავლეთის მიერ დადასტურებულ პოზიციას ლოგიკური გაგრძელება ექნება, ცოტა არ იყოს, გაზვიადებულია. მართალს ბრძანებთ - ნატოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას თუ წავიკითხავთ, რეკომენდაციები მხოლოდ რუსეთის მიმართ არ გამოთქმულა. რამდენიმე ფრიად საყურადღებო რჩევა საქართველოს მიმართაც არის და ვფიქრობ, ამაზე ყურადღება უნდა გავამახვილოთ - მხედველობაში მაქვს პუნქტები, სადაც ლაპარაკია დემოკრატიის განვითარებასა და სხვა საკითხებზე.

- როგორც წესი, ასეთი რეზოლუციები აფხაზების გაღიზიანებას იწვევს. ისინი ნატოს ლამის მთელი კონფლიქტის ინსპირატორად და საქართველოს მთავარ წამქეზებლადაც კი მიიჩნევენ.

- ჩვენმა აფხაზმა კოლეგებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ნატო, ფაქტობრივად, მთელი დასავლური ცივილიზაციაა - დასავლეთი ევროპა და ჩრდილოეთი ამერიკა. არა მგონია, ამხელა სივრცის ხელაღებით კრიტიკა და დადანაშაულება მთლად გონივრული იყოს. ვერ ვიტყვი, აფხაზები პრობლემას ვერ ხედავენ-მეთქი. მაგრამ რატომღაც, მათ ძალიან უჭირთ, საკუთარი თავი დაინახონ ამ პრობლემის ნაწილად. სხვების არ იყოს, თვითკრიტიკა მათაც უჭირთ.

- დღემდე საქართველო და უკრაინა ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით ერთ ჯგუფში განიხილებოდა. თუმცა როგორც გამოიკვეთა, უკრაინას ასე სწრაფად აღარ სურს ინტეგრაცია და საქართველო მისგან გამოიყო. როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ეს მოვლენა პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსული პოლიტიკის გამარჯვებად ჩაითვალოს?

- უპირველესად, უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალით ნატოში არავის ერეკებიან, როცა ეს ორგანიზაცია შეიქმნა, თავიდანვე ასეთი პრაქტიკა შემუშავდა. ვისიმე ძალით "შეთრევაზე" კი არ იყო ლაპარაკი, არამედ დამსახურებულად უნდა მოხვედრილიყავი ამ ერთობაში. ასე ვთქვათ, რაღაც კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ, როგორც ღირსეულ წევრს, ისე მიგიღებდნენ, განსხვავებით საბჭოთა კავშირის, რუსეთის სამხედრო კავშირისა თუ სატელიტებისაგან - როდესაც ძალითა და ჯარის გამოყენებით იქმნებოდა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია.

ახლაც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, - თავის ირგვლივ რაღაც კონფიგურაციის შექმნა მოსკოვს კვლავაც ძველი მეთოდებით აქვს წარმოდგენილი. ნატოში ასე არასოდეს ხდებოდა და არც დღეს ხდება. თუ უკრაინას არ უნდა ამ კავშირის წევრობა, მისთვის ნატოში "ჩერქეზკა" არავის ჩამოუხევია. ეს თვითონ უკრაინის გადასაწყვეტია.

- "რაც პრეზიდენტის თანამდებობაზე ვიმყოფები, ასეთი ნაყოფიერი კვირა არ მქონია", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლისაბონში, აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან შეხვედრის შემდეგ. ეს ნათქვამი დიპლომატიური ზრდილობის შედეგია თუ მას რეალური საფუძველი აქვს?

- ჩვენ, ყველას, ერთი რამ უნდა გვესმოდეს - სადაც უნდა ვიყოთ, ოპოზიციაში თუ ხელისუფლებაში, თუ არ გვექნება დასავლეთის და, უპირველესად ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაც კი გაგვიჭირდება. ამ ეტაპზე ჩვენი მეზობელი რუსეთის პირისპირ თუ მარტო დავრჩებით, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, აღარაფერს ვამბობ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე - ამის საერთოდ დავიწყება მოგვიწევს.

ამ ურთულეს პირობებში ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი გარანტია და ეს არ არის გაზვიადება. აღნიშნული შეხვედრა ამერიკის პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გამოვლინება, საქართველოს სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაა.

- მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის რუსეთსა და ნატოს შორის გადატვირთვის მომხრეა, რადგან დასავლეთსა და რუსეთს შორის დიალოგით, მეტი კონტაქტითა და ნაკლები დაპირისპირებით, შესაძლოა, რუსეთი მეზობლებთან ურთიერთობისას შედარებით ცივილიზებული გახდეს - ეს მოსაზრება იმეორებს დასავლეთის ლიდერთა დამოკიდებულებას რუსეთისადმი. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილმა ამ მოსაზრებათა გაზიარება დაიწყო?

- იცით, არ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნატოს სამიტზე რუსებს ზედმეტად დაუყვავეს და მისადმი ზედმეტ დათმობებზე წავიდნენ. პირიქით, მგონი, ნატოს სტრატეგიული კონცეფციის შინაარსი, მისი ხასიათი, ის გადაწყვეტილებები, რომლებსაც იღებენ, იმაზე მეტყველებს, რომ ნატოში მტკიცე სოლიდარობაა შენარჩუნებული. სოლიდარობაა იმ პრინციპებზე, რომლებზეც ნატო იდგა ათეული წლების განმავლობაში. უპირველესად კოლექტიური თავდაცვის პრინციპი მაქვს მხედველობაში. ევროატლანტიკურ სივრცესა და საერთოდ მსოფლიოში ნატო საკმაოდ ამბიციურად და რეალისტურად ლაპარაკობს თავის გეგმებზე.

ასე რომ, ვფიქრობ, მის კონცეფციაში ყველა ქვეყნის, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ ევროპის, ინტერესებია გათვალისწინებული. პირველ რიგში იმ ქვეყნებს ვგულისხმობ, რომლებიც ჯერ კიდევ ეჭვის თვალით და შეშფოთებით უყურებენ რუსეთის ფაქტორს. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება ამ პრინციპიდან გამომდინარე რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნის შესახებ, რომ ეს სისტემა გავრცელდება ევროპის მთელ კონტინენტზე, ასევე ჩრდილო ამერიკასა და კანადაზე.

ამავე დროს, ამას აკეთებენ არა კონკრეტულად ვინმეს საწინააღმდეგოდ, პირიქით, - რუსეთს ეპატიჟებიან კიდეც თავდაცვის ასეთ სისტემაში - ერთად დავგეგმოთ და ერთად განვახორციელოთო. საქართველოს მიმართაც ჯერჯერობით უკან დახევა არ დაგვინახავს - ყველა დამოკიდებულება ჩვენთვის პრინციპული საკითხების მიმართ შენარჩუნებულია. ამავე დროს, უნდა ითქვას, რომ ეს არ კეთდება კონფრონტაციული ნიშნით და ვისიმე ჯიბრით. ასე რომ, მოკლედ თუ შევაჯამებთ, ერთი მხრივ, არის რუსეთისადმი გაწვდილი ხელი, მეორე მხრივ - პრინციპული პოზიციები იმავე რუსეთის მიმართ.

- "იტარ-ტასის" ცნობით, რუმინეთის პრეზიდენტი დნესტრისპირეთში რუსეთის სამშვიდობო ძალების ევროკავშირის ცისფერჩაფხუტიანებით ჩანაცვლებას მოითხოვს. "ეს თავიდან აგვაცილებს ახალ ომს დნესტრისპირეთში", - განაცხადა ბასესკუმ. როგორც ჩანს, რუსეთის "სამშვიდობო ხელწერას" უკვე სხვა რეგიონებშიც ცნობენ და აფასებენ?

- ზუსტად იმავე ფილოსოფიით ხელმძღვანელობს რუსეთი დნესტრისპირეთში, როგორითაც, მაგალითად, აფხაზეთში. სამწუხაროდ, არა მგონია, რომ რუსეთმა ამჯერადაც ყურად იღოს ეს მოწოდება. მიუხედავად ამისა, ძალიან პესიმისტურებიც რომ არ ვიყოთ, თუ დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება უფრო დინამიკურ ხასიათს მიიღებს, არ არის გამორიცხული, ამ დადებითმა ფონმა დიდ პოლიტიკურ სივრცეში დადებითი გავლენა იქონიოს კონფლიქტურ რეგიონებში, მათ შორის დნესტრისპირეთში, აფხაზეთსა თუ ე.წ. სამხრეთ ოსეთშიც სიტუაციის მოგვარებაზე.

- გასულ კვირაში საქართველოში მორიგი სამთავრობო ცვლილებები მოხდა - გიგა ბოკერია ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა; თემურ იაკობაშვილი ამერიკაში საქართველოს ელჩად "გამწესდა", რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად კი ეკა ტყეშელაშვილი დაინიშნა. როგორ ფიქრობთ, მაღალ თანამდებობებზე ასეთი ხშირი ცვლილებები ხელს არ შეუშლის გრძელვადიანი რეფორმებისა თუ პროექტების განხორციელებას?

- მართალი გითხრათ, ამაში ვერანაირ კარდინალურ ხელისშემშლელ ელემენტს ვერ ვხედავ. სახელმწიფოებში ხდება ასეთი გადაადგილებები პოლიტიკურ თანამდებობებზე. თუმცა ეს ძალიან ხშირადაც არ უნდა ხდებოდეს. პირიქით, ყველა ჩვენს ახალდანიშნულ ხელმძღვანელს წარმატებას ვუსურვებდი.

- მომავალი კვირა დიდ აქტივობას გვპირდება - 23 ნოემბრის აღნიშვნისთვის ხელისუფლება ემზადება, 24 ნოემბერს ოქრუაშვილის პარტია გვპირდება "ღონისძიებას", რომელმაც თავის მხრივ, 25 ნოემბერს დანიშნული წარმომადგენლობითი სახალხო კრება გააკრიტიკა. რას მოელით ერთი, მეორე ან მესამე ღონისძიებისგან?

- მაქვს სურვილი და მოველი, რომ დავინახო გონიერება ქართველი პოლიტიკოსების ქმედებებში. გონიერებაა საჭირო და ასევე, რეალიზმისა და პრაგმატიზმის გამოვლინება. ჩემი სურვილია, მოვლენები ცივილიზებულად, კანონის ფარგლებში განვითარდეს, რომ ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ შევცვალოთ ქვეყანა უკეთესობისკენ, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და განმტკიცებისკენ. ამ თვალსაზრისით საქართველოში სერიოზული ცვლილებებია საჭირო. პირადად ჩემი რჩევა ყველა პოლიტიკოსის მიმართ შემდეგი იქნება - მოემზადონ არჩევნებისთვის…