"სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება მომავალ წელს, როდესაც სახელმწიფოს ვალების გადახდის დრო მოუვა" - კვირის პალიტრა

"სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება მომავალ წელს, როდესაც სახელმწიფოს ვალების გადახდის დრო მოუვა"

ის-ის იყო, სტატიაზე მუშაობა დავასრულე, რომ "ფეისბუქში" "თვალის დასასვენებლად" გადასულს ჩემი კახელი კოლეგის, გელა მთივლიშვილის წერილი დამხვდა: ამდენ ხანს თელავის წინასწარი დაკავების იზოლატორში ვიყავი, ხალხი აიყვანეს და რატომ, არავინ ამბობსო. მოგვიანებით კი, ვფიქრობ, საინტერესო ამბავი გაირკვა. გელას ნაამბობს უცვლელად გთავაზობთ: "დაკავებული, გვარად კაკიაშვილი ამბობს: ქალიშვილი მყავს ახალი გათხოვილი თბილისში.

სიძე გამოვიპატიჟეთ კახეთში და რომ ჩამოვედით, შუქი ჩაჭრილი დაგვხვდა. დავურეკე მონტიორს და მითხრა, სოფლის გამგეობის შენობასთან ხალხიც მაგ ამბავზეა და მეც აქ ვარო. ჩავედი და ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. მეც გავჩერდი ჩემი მანქანით, ამ დროს "გალსტუკიანი" კაცები მოვიდნენ, მთვრალები იყვნენ.

გუბერნატორად ვინც გაგვეცნო, გვითხრა, ჩვენ ის ხელისუფლება არა ვართ, ხალხს არ მოვუსმინოთ, აბა, გვითხარით, რა პრეტენზიები გაქვთო. მეც ვუთხარი, არც შუქი გვაქვს და არც წყალი-მეთქი. კიდევ რა არ გაქვთო? არც გაზი გვაქვს. წინასაარჩევნოდ მილები მოათრიეს და არჩევნების შემდეგ უკან წაიღეს-მეთქი. ამით დავამთავრე ლაპარაკი. ხმა არ ამოუღიათ, ისე გავიდნენ. ორ წუთში პოლიციელებმა ხელი მომკიდეს და მანქანაში ჩამსვეს. მანქანიდან გადმოვედი, აქ რა მინდა-მეთქი და უკვე ძალით შემტენეს და პოლიციაში წამიყვანეს. იქ რა დაწერეს, არ ვიცი, მე ხელი არაფერზე მომიწერია, არც ის უთქვამთ, რატომ დამაკავეს".

გულწრფელად რომ ვთქვა, მიკვირდა, რატომ შეიკრიბა ხალხი პარლამენტის წინ-მეთქი, როდესაც დასახული მიზნის უშედეგობა იმთავითვე ცნობილი იყო: ნებისმიერ შემთხვევაში, გამომსვლელები გულს მოიფხანდნენ და საღამოს ხალხს დაშლიდნენ თუ "აქტიური ქმედებისკენ" მოუწოდებდნენ. მეორე მხრივ, ლოგიკას მოკლებული იყო ხელისუფლების გამომწვევი ნაბიჯებიც, სწორედ მიტინგების წინ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირება რომ გადაწყვიტა; კომუნალური გადასახადების ადმინისტრირება რომ გაამკაცრა;

ჯარიმები რომ გაზარდა... ალოგიკური იყო იმიტომ, რომ იმავე სიტუაციებში, ანუ "წინასამიტინგო" პერიოდებში, ორი-სამი წლის წინ ჯარიმა და გადასახადი კი არა, პატრულიც კი არავის აჩერებდა ქუჩაში. თუ ამ მონათხრობს ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის მართლაც ეფექტურ სიტყვას დავუმატებთ და იმ აღტაცებულ რეაქციასაც, ევროპის დეპუტატებმა გამოსვლისას შვიდჯერ ტაშით რომ გამოხატეს, მოვლენათა განვითარების საკმაოდ საინტერესო, მაგრამ არცთუ სახარბიელო ანატომიას მივიღებთ:

ევროპაც და ობამას ამერიკაც თანხმდებიან, რომ რუსეთი "მოკლე საბლით" დაბმული უფრო უსაფრთხოა, ვიდრე გარიყული და გაკიცხული. ამიტომ დასავლეთი კმაყოფილი იქნება, თუ სააკაშვილი საქართველოში ვითარების გაკონტროლებას შეძლებს, რუსეთთან ომის რიტორიკას დაივიწყებს და დემოკრატიისკენ სვლას განაგრძობს თუნდაც კუს ნაბიჯებით - მთავარი პროგრესია და არა სისწრაფე. კონსტიტუციური ცვლილებები, მოწესრიგებული საზოგადოებრივი მომსახურება, გამჭვირვალე შენობები და დისციპლინირებული პოლიცია სააკაშვილისთვის პროგრესია;

მობილიზების შემთხვევაში მას შეუძლია ლამაზად გამოსვლა და სწორი ციტატების გამოყენება ევროპელების წინაშე, რათა ისინი რუსეთთან თავის სამშვიდობო განწყობაში დაარწმუნოს და მხურვალე აპლოდისმენტებსაც იმსახურებს. რჩება ვითარების გაკონტროლება საქართველოში. ეს კი მისთვის უპირველესად ოპოზიციის გაკონტროლებას ან გამკლავებას ნიშნავს და, ბუნებრივია, ხალხის განწყობილების გაკონტროლებასაც. ერთი მხრივ, ეს ლოგიკურია, რადგან პოლიტიკური ლიდერის გარეშე ხალხი უვაცოდ დარჩენილ ფარას ემსგავსება, რაგინდ შეწუხებული იყოს, მხოლოდ ერთ ადგილას წრიალებს და ხმაურობს.

სააკაშვილმა ისტორიაში მანამდე არსებული ხალხის მართვის ორი მარტივი პრინციპი შეაჯერა: რომაული "პურისა და სანახაობის" და რუსული "მათრახისა და თაფლაკვერისა", პლუს XX საუკუნის პროდუქტი - ტელევიზია და აყვავებული, "ასინგაპურებული" ბათუმი და სიღნაღი. თქვენთვის ჩამოიყვანენ დომინგოსა და კარერასს. თუ ოპერა არ მოგწონთ, უკმაყოფილოთა ყველაზე ფართო, შუა თაობის სეგმენტისთვის ტოტო კუტუნიოსა და კრის დე ბურგს ამოიღებენ ნაფტალინიდან.

და თუ მაინც უმადურობას გამოიჩენთ, სოციალურ ან იურიდიულ უსამართლობას ზომაზე მეტად გააპროტესტებთ, პოლიცია მკაცრად და სამაგალითოდ გაგისწორდებათ. სწორედ ასეთი მაგალითით დავიწყეთ მიმოხილვაც. რამდენ ხანს იმოქმედებს ასეთი ფორმულა? სავარაუდოდ, გურჯაანელი კაკიაშვილი უსამართლობის გაპროტესტებას ხელმეორედ ვეღარ გარისკავს. მეტიც, ხვალ, ალბათ, გუბერნატორის სიმთვრალესაც უარყოფს, რადგან სული ტკბილია, ოპოზიცია დაბნეული, ხოლო სტრასბურგი შორს არის. დაბმული და მშიერი ცხოველი დიდხანს ვერ გაძლებს, არათუ ადამიანი, რაც უნდა ლამაზი იყოს საბელი.

უფრო დაწვრილებით საგარეოპოლიტიკური, პოლიტიკური და მენტალური ასპექტების გათვალისწინებით, მოყვანილი თეორიის შესახებ კულტუროლოგ ზაზა შათირიშვილს ვესაუბრეთ:

- გასულ კვირას საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ბევრი საშინაო თუ საგარეო მოვლენის მომსწრენი გავხდით. ალბათ, სჯობს ჯერ საგარეო მოვლენებზე ვისაუბროთ. ნატოს სამიტს ევროპარლამენტი მოჰყვა, სადაც პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლას მშვიდობასა და რუსეთთან დიალოგზე აუდიტორია ოვაციით შეხვდა. არც რუსეთი დარჩენილა ვალში: ბელგრადში, ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების კენჭისყრაზე, რუსეთმა მხარი თბილისს დაუჭირა, მაშინ, როდესაც საქართველო ყოველთვის აპროტესტებდა ოლიმპიადის სოჭში ჩატარებას.

- დღეს ძალიან ვართ დაკავებული საგარეო ფაქტორით. თუ ამ ყველაფერს ლისაბონის სამიტის გადასახედიდან შევხედავთ, ძალიან საინტერესო სურათი დაიხატება. ერთი შედეგი, რაც ლისაბონის სამიტმა მოგვიტანა, ის არის, რომ, ფაქტობრივად, ევროპამ აღიარა რუსეთი როგორც თავისი ნაწილი. უფრო მეტიც, როგორც მიხეილ სააკაშვილი იტყოდა, ნატოს ისტორიაში პირველად ჩაიწერა ასეთი მუხლი:

ნატო რუსეთის მტერი არ არის. და მეორე: პროგრამა, რაც ამჟამად ალიანსში იქმნება, ფაქტობრივად, გულისხმობს ფორმულას "ნატო პლუს რუსეთი". ეს კი ცივი ომის დასასრულს ნიშნავს და მიგვითითებს XXI საუკუნის ძალიან სერიოზულ ვექტორზე:

თუ XX საუკუნე იყო კაპიტალიზმისა და სოციალიზმის მოდერნიზაციის ორგზის დაპირისპირება, ახლა ეს არის ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირება; ანუ ევროამერიკული ცივილიზაციისა და, ოდნავ პოლიტკორექტულად რომ ვთქვათ, რადიკალური ისლამიზმის დაპირისპირება.

ამ თვალსაზრისით გასაგებია, რომ ევროპაც და ამერიკაც რუსეთში მოკავშირეს ხედავენ. ბრიუსელში სააკაშვილის გამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. რა იყო მისი მთავარი გზავნილი? - რომ არ დაარტყამს არც აფხაზებს, არც ოსებს და არც რუსებს. ფაქტობრივად, მან ფიცი დადო, რომ არ დაარღვევს მშვიდობას და რაც მთავარია, მზად არის რუსეთთან უპირობო მოლაპარაკებისთვის. დანარჩენი - ტაში, ოვაცია - იყო ამ ყველაფრის კარგად შეფუთვა, თავზე ხელის გადასმა და ა.შ. ამ გამოსვლით კიდევ ერთხელ, ნათლად და საბოლოოდ გამოჩნდა, რომ აღარ არსებობს ღერძი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ეყრდნობოდა - ღერძი რუსეთ-ამერიკის დაპირისპირებისა.

აქედან კი გამომდინარეობს ობამას ადმინისტრაციის გაორებული მდგომარეობა: მას ძალიან არ უნდა სააკაშვილს გადაუსვას ხელი, რომ რუსეთი არ გაანაწყენოს, მაგრამ არც იმდენად უნდა "გაუჯავრდეს", რომ რესპუბლიკელები განარისხოს, რადგან, როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ ხოლმე ენამოსწრებულად, საკმარისზე მეტი ინვესტიცია აქვთ ჩადებული სააკაშვილის პროექტში. ჩვენი ვითარება, ჭადრაკის ენაზე რომ ვთქვათ, მუდმივ ქიშს ემსგავსება.

აქედან გამომდინარე, საქართველოს პრობლემა გადაწყდა იმდენად, რამდენადაც ის აღარ იქნება საშიში დასავლურ-ევროპულ-რუსული თამაშებისთვის. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, საქართველო აღარ იქნება დაბრკოლება რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებისთვის და ამ დასკვნის საფუძველს დასავლელი ექსპერტების მოსაზრებებიც იძლევა. სხვათა შორის, ამ კონტექსტში ძალიან ლოგიკურად ჯდება საქართველოში ახალგაზრდული ოლიმპიადის თბილისში ჩატარებისთვის რუსეთის მხარდაჭერა.

ფაქტობრივად, მთელი სიმწვავე, რაც იყო, რაზეც სააკაშვილის ხელისუფლებისა და "ქორი რესპუბლიკელების" თამაში იყო აგებული, აღარ არსებობს. ის აღარ არის საინტერესო პრობლემა და მეორე ადგილზე გადავიდა. პრობლემა კი მოიხსნა, მაგრამ დარჩა სააკაშვილი, რომელიც უკვე ჩვენი პრობლემაა იმ თვალსაზრისით, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა, პრაქტიკულად, ჩიხშია. ქვეყანაში ეკონომიკური აღმავლობა არ შეინიშნება.

სააკაშვილს რომ ეკონომიკური წარმატება ჰქონდეს, მაშინ ის დენთის კასრიც, რომელზეც ვსხედვართ, არ იარსებებდა. სინგაპურის მოდელი, რაზეც ხშირად ლაპარაკობს პრეზიდენტი, ეფემერაა და აბსოლუტურად შეუთავსებელი ქართულ რეალობასთან. სინგაპური არის უნიკალური შემთხვევა, რომელიც შეიქმნა გეოგრაფიული, პოლიტიკური და ისტორიული რეალიებიდან გამომდინარე. შეიქმნა სახელმწიფო კორპორაცია, რომელიც სხვადასხვა ბიზნესოპერაციას ატარებს. ასეთი ტიპის სახელმწიფო კორპორაციის შექმნა საქართველოში პირადად მე უტოპიად მიმაჩნია. არადა, ჩვენ ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ.

- სახალხო წარმომადგენლობით კრებაზე არაერთგვაროვანი კომენტარები გაკეთდა. მავანთ მიაჩნიათ, რომ ეს ოპოზიციის მორიგი მარცხი იყო, ზოგიც პარლამენტის წინ ჩატარებულ მიტინგს ოპოზიციის გამარჯვებად მიიჩნევს. თქვენი აზრით, რა ხდება სინამდვილეში ქართულ პოლიტიკასა და საერთოდ, საზოგადოებაში?

- ერთი მხრივ, ჩვენ გვყავს მოსახლეობის რადიკალურად განწყობილი დიდი ნაწილი, რომლისთვისაც სააკაშვილი მიუღებელია, მაგრამ ასევე მიუღებელია ოპოზიციაც. რის გამო? - მიაჩნიათ, რომ ის ამა თუU იმ ფორმით ხელისუფლებას გაურიგდა. ერთხელ შეიკრიბა ხალხი - გაუშვეს, მეორეჯერ შეიკრიბა - გაუშვეს და ა.შ. ამას უნდობლობა მოჰყვა. პირდაპირ რომ ვთქვათ, ხალხს რადიკალური ქმედება უნდა, მაგრამ ოპოზიციაში შემსრულებელს ვერ ხედავს. ეს იმას ნიშნავს, რომ ვითარება შეიძლება ნებისმიერ წუთში უმართავი გახდეს და ერთადერთი, რასაც მისი გაუვნებლება შეუძლია, ქმედითი ეკონომიკური რეფორმებია. ისეთი რეფორმები, რომლებიც გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას.

ამას კი ჩვენ ვერ ვხედავთ, პირიქით, ისედაც გაუარესებულ სოციალურ ფონზე ხელისუფლებამ სწორედ მიტინგების წინ გაახმაურა მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირება, კომუნალური ადმინისტრირების გამკაცრება, ახალი ჯარიმების შემოღება... გავითვალისწინოთ ისიც, რაზეც, სხვათა შორის, ძალიან ხშირად ლაპარაკობენ დასავლელი ექსპერტები: სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმდება მომავალ წელს, როდესაც სახელმწიფოს ვალების გადახდის დრო მოუვა. გარდა ამისა, იმ დროისთვის ოთხმილიარდიანი დახმარებაც ამოიწურება. ხარჯებს გაზრდის ოლიმპიური თამაშებისთვის სამზადისიც, თუმცა ეს პოლიტიკური თამაში უფრო მგონია და სჯობს ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ.

ასეთ ვითარებაში, როდესაც ოპოზიციაზე გადავიდა მოსახლეობის სიძულვილი, ნებისმიერ წამს შეიძლება სოციალური აფეთქება მოხდეს, მაგრამ ოპოზიციაზე განრისხება დროებითია. საკმარისია გამოჩნდეს ძალა, რომელიც ხალხის განწყობით თამაშს შეძლებს, რომ რისხვა ისევ ხელისუფლებას მიუბრუნდება.

- ოღონდ ჯერ ის არის საკითხავი, რისხვის ინსპირატორთა უკან უცხო ქვეყანა ხომ არ იქნება? და მეორე, რამდენად შეძლებს თქვენ მიერ ნახსენები ძალა ხალხის განწყობით თამაშსა და მის გაკონტროლებას? როგორც წესი, ჯინის ბოთლში ჩაბრუნება სოციალური აფეთქების დროს შეუძლებელია ხოლმე.

- შესაძლოა, ეს ისეთი ძალა იყოს, რომელზეც წარმოდგენაც არა გვაქვს. ისევე, როგორც წარმოდგენა არა გვაქვს შედეგზე, რაც პროცესის ესკალაციამ შეიძლება გამოიწვიოს. როდესაც დღევანდელ ორჭოფულ ვითარებაში ქუჩაში ამდენი პროტესტანტი კიდევ გამოჩნდა, ყველაზე სერიოზული სიმპტომია იმ ვითარებისა, რის საშიშროებაზეც გესაუბრეთ.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით ყველაფერი შეიძლება მოხდეს. მით უმეტეს, რომ

ხელისუფლება არხეინად არის და დაქსაქსული ოპოზიციის შემხედვარეს ყველაფერი მოგვარებული ჰგონია. 1913 წელსაც ეგონათ, ყველაფერი მოგვარებულიაო და, ფაქტობრივად, არაფრის გამო პირველი მსოფლიო ომი დაიწყო.

ცხადია, ჩვენს შემთხვევაში გაცილებით მცირე მასშტაბზეა ლაპარაკი, მაგრამ დღეს ის ვითარებაა სწორედ, როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. რაც მთავარია, მიუხედავად ამ ერთი შეხედვით გარკვეული ვითარებისა, არავის აქვს სტაბილურობის განცდა - დაწყებული ჯიხურის მოვაჭრით და დამთავრებული მონოპოლისტი მილიონერით. იცით, რაზე იდგა სტალინის დანაშაულებრივი რეჟიმი ათწლეულების განმავლობაში?  - ხალხს სტაბილურობის განცდა ჰქონდა.

სტაბილურობის განცდა დღეს თვით ხელისუფლებასაც არა აქვს, უამისოდ კი ვერანაირი ფორმისა და ტიპის სახელმწიფო ვერ იარსებებს. გნებავთ, კრება დაარქვით, გნებავთ - ოპერა და ბალეტი, ათიათასობით კაცი რომ ამ არეულ და პოლიტიკური ნიჰილიზმით გაჯერებულ ვითარებაში შეიკრიბება, როგორც მოგახსენეთ, ძალზე საგანგაშოა.

- არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც თავს "მოლოტოვის კოქტეილს" ადარებს და აცხადებს, რომ ჯერ ერთიან მონოლითად ჩამოყალიბდება, შემდეგ კი სახალხო მუხტს საჭირო მიმართულებას მისცემს. როგორც ჩანს, ეს მიმართულება არც სააკაშვილის რეჟიმის გახანგრძლივება უნდა იყოს და სხვათა შორის, არც არჩევნების გზით რაიმეს შეცვლის სურვილი... რა შანსი აქვს "ქართულ პარტიას" რეალურად?

- გამომდინარე იმ "გადღაბნილი" ვითარებიდან, რაც ახლახან დავხატეთ, ყველას ყველაფრის შანსი შეიძლება ჰქონდეს. უფრო მეტიც, 2000 წელს იტყოდით, რომ სააკაშვილს უფრო მეტი შანსი ჰქონდა, ვიდრე ნათელაშვილს? სხვათა შორის, ახლა სოციალური ფონი უფრო დამძიმებულია, ვიდრე მაშინ იყო და ღმერთმა იცის, რა მოხდება. შეიძლება მთელი ეს გათვლები და ევროპიდან თუ ამერიკიდან ვითარების სტაბილიზების მცდელობა სულ გაცამტვერდეს. ერთი რამეც გავითვალისწინოთ: თუ აქ რაღაც მოხდა, დასავლეთი როგორც ყოველთვის "გააპრავებს" იმ რეჟიმს, რომელიც მოვა. ამის ნათელი მაგალითია ყირგიზეთი.

- ალბათ, ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ეს ძალა საქართველოში ვითარების გაკონტროლებას მოახერხებს. ასეთ დროს საგარეო ორიენტაციასაც არ ექნება მნიშვნელობა?

- ჩემი აზრით, არა. მთავარია, მკვეთრად ტერორისტული და მთლად "ალ-ქაიდას" მხარდამჭერი ძალა არ იყოს... თუ ის ვითარების გაკონტროლებას შეძლებს, მეორე დღესვე ლეგიტიმურად გამოაცხადებენ, მით უმეტეს, რომ რუსეთსა და ევროპას შორის ძირეული დაპირისპირება ჩავლილია. მოგვწონს თუ არა ეს, სხვა საკითხია, მაგრამ ასეა.

- ლეონიდ პარფიონოვის კრიტიკულ გამოსვლას მსოფლიო მედიაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ცნობილი რუსი ჟურნალისტის განცხადებას ვრცელი რეპორტაჟები მიუძღვნეს ქართულმა ნაციონალურმა მაუწყებლებმაც და იმას გაუსვეს ხაზი, თუ რა მძიმე მდგომარეობაა რუსულ მედიაში. მაგრამ მის შეფასებებში საქართველოსთან ბევრ საერთოსაც ნახავდით. ისიც ფაქტია, რომ თავად პარფიონოვი ქართული მედიისა და საზოგადოდ, საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მდგომარეობას არცთუ საგანგაშოდ მიიჩნევს.

- თქვენს ნათქვამზე ერთი ძველისძველი საბჭოთა ანეკდოტი გამახსენდა: ამერიკელი და საბჭოთა ჟურნალისტი კამათობენ, სად უფრო მეტი სიტყვის თავისუფლებააო. ამერიკელმა უთხრა, ჩვენთან, მაგალითად, ნებისმიერს შეუძლია ქუჩაში გამოვიდეს და რეიგანი ლანძღოსო. საბჭოელმაც არ დააყოვნა და ეგ რა პრობლემაა, ჩვენთანაც, თუნდაც წითელ მოედანზე, ვისაც მოესურვება, შეუძლია გამოვიდეს და ლანძღოს რეიგანიო.

თუ რუსეთზე მაღალი ხარისხი ქართულ დემოკრატიას იმიტომ აქვს, რომ ქართულ მედიაში, რუსეთისგან განსხვავებით, პუტინის კრიტიკა ყველას თავისუფლად შეუძლია, სხვა საქმეა... მაგრამ საინტერესოა, რა მოხდება, თუ ქართული დემოკრატიის მაქებარი რუსი ჟურნალისტები სააკაშვილის ლანძღვას დაიწყებენ.