"დღეს ჩვენთან ნომენკლატურაა ბიზნესის დირექტორი" - კვირის პალიტრა

"დღეს ჩვენთან ნომენკლატურაა ბიზნესის დირექტორი"

"ჩემი აზრით, "ვიკილიკსის" უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან"

"სკოლებში დაიწყო პროცესი არა პედაგოგების, არამედ კომისრების დანიშვნისა"

"ამ მასალების გამოქვეყნებით ამერიკული დიპლომატია ჰაერში აღმოჩნდა"

როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის შემდეგ დადებითი ემოციების გადმოტანა საქართველოშიც განიზრახა და ისეთი გამოსვლა ჰქონდა, რომ სხვისი არ ვიცი და, პირადად მე ტექსტი სამჯერ მაინც წავიკითხე: მეწარმეებს არ უნდა ვაშინებდეთო; მკაცრად არ უნდა ვსჯიდეთო; საშუალო და მცირე ბიზნესზე დგას საქართველოო, მაგათ და საგადასახადომ ხელჩაკიდებით უნდა იარონ, სამშვიდობოს რომ გავიდნენო... მოკლედ, ვკითხულობდი და გულს უხაროდა. მაგრამ მერე ისიც გამახსენდა, რომ ასეთი რამეები ცხოვრებაში მხოლოდ ლაპარაკით, დაწერითა და დაწერილის კითხვით არ სრულდება.

ისიც გამახსენდა, საით მიჰყავთ ხელჩაკიდებული მეწარმეები საგადასახადოს თანამშრომლებს და ისიც, რომ ბიზნესის დაწყება კი არის ყველაზე იოლი საქართველოში, მაგრამ თუ ადმინისტრირების გამკაცრება ასე გაგრძელდა, ბიზნესსაქმიანობაც ყველაზე საში\ში საქართველოში გახდება. ცხადია, გადასახადებს გადახდა უნდა, მაგრამ ამ ყოვლად უშედეგო ინგლისურისა და კომპიუტერების ნაცვლად თუნდაც საბუღალტრო კურსები რომ გაეხსნა მერიას, ალბათ, ამდენი დაჯარიმებული და გაუბედურებული ბიზნესმენი არ გვეყოლებოდა. ბიზნესმენი და მეწარმეო, გადაჭარბებული ნათქვამია, სიმართლე რომ ვთქვათ, საქართველოში მხოლოდ დიდი და მცირე ზომის მოვაჭრეზეა ლაპარაკი და არა მეწარმეზე.

აი, "ვიკილიკსის" შემთხვევაში კი რა მასშტაბის ვაჭრობასთან გვაქვს საქმე, მომავალი გვიჩვენებს. ფაქტია, რომ მის ავტორს უკვე ორი გაუპატიურების ბრალდებით ეძებენ და თუ გავითვალისწინებთ, ვინ ეძებს, დიდი ხანი არ უნდა დასჭირდეთ.

საქართველოსთან დაკავშირებულ საშინაო თუ საგარეო ამბებზე გია ხუხაშვილს ვესაუბრებით:

- "ჯერ ძალიან ბევრი ხარვეზია სახელმწიფოსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობაში. ჯერაც ძალიან ბევრ მეწარმეს აქვს განცდა, რომ მას სათანადოდ არ უსმენს და უსამართლოდ ექცევა სახელმწიფო. ჯერაც ხშირია შემთხვევა, როცა სასჯელი გაცილებით დიდია, ვიდრე ამას არსებული დარღვევა ითვალისწინებს", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. როგორ ფიქრობთ, ვითარება მართლაც იმდენად გართულდა, რომ უკვე სააკაშვილიც გრძნობს "დაყვავების" აუცილებლობას, თუ ეს გამოსვლა მართლაც სახელმწიფო განვითარების მორიგ ეტაპზე გადასვლის მაჩვენებელი შეიძლება იყოს?

- როგორც ჩვენი უახლესი ისტორია და გამოცდილება გვიჩვენებს, ასეთი განცხადება (და არა მხოლოდ განცხადებები) და დეკლარაცია ბევრი გვსმენია და გვინახავს: რომ მეწარმეობას ხელი უნდა შეეწყოს; რომ საჭიროა მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება. რეალურად კი ხელისუფლება უფრო სადამსჯელო ინსტრუმენტების გამოგონება-გამოყენებით არის დაკავებული, ვიდრე რეალური პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებით.

რიტორიკა ბევრია, მაგრამ სინამდვილეში ჩვენთან მხოლოდ ე.წ. ნომენკლატურული, კაპიტალისტური ურთიერთობებია ჩამოყალიბებული, როდესაც ნომენკლატურა არის არა მხოლოდ დირექტორი ბიზნესისა, არამედ მას საკმაოდ მკაცრი, ავტორიტარული მმართველობა აქვს ბიზნესში დამყარებული.

მეეჭვება, რომ ლიბერალური მიდგომები იმძლავრებს ამ საქმეში, რადგან კარგა ხანია, რაც ხელისუფლება დღევანდელი კვერცხის მარტივი პრინციპით მოქმედებს. მას დღევანდელი ფულის პრობლემა აქვს და არა აქვს მისი მოპოვების არავითარი სხვა წყარო. ამის გამო ადმინისტრირება არათუ გაიოლდება და შემსუბუქდება, არამედ კიდევ უფრო გამკაცრდება, მიუხედავად მშვიდობისმოყვარე განცხადებებისა.

- სააკაშვილმა კიდევ ერთი განცხადებაც გააკეთა: ნანობს, რომ ზურაბ ანთელიძესთან ერთად ზურაბ ნოღაიდელიც არ გაათავისუფლა. ალბათ, გახსოვთ საბაჟოს უფროსის სატელევიზიო გაკიცხვა და თანამდებობიდან მოხსნა.

- ეს იყო საკვანძო სცენა და იმ დროს ძალიან ბევრი რამ შეიქნა ნათელი. ვინც უნდა იყოს ანთელიძე, მიმაჩნია, რომ იმ ადგილს სრულიად არ შეეფერებოდა, ისევე როგორც ნოღაიდელი არ ყოფილა თავის ადგილზე. მათი პასუხისმგებლობა იმ არაჯანსაღ სისტემაზე, რომელიც დღესაც მოქმედებს, კვლავაც ძალაშია. ცხადია, ნოღაიდელზე ეს უფრო ითქმის, ანთელიძეზე - ნაკლებად. მაშინ გამოიკვეთა დამატებითი ელემენტებიც ურთიერთობებში: გარდა იმისა, რომ პრეტენზიები წაუყენა საბაჟოს უფროსს, პრეზიდენტმა, როგორც გახსოვთ, პირადი შეურაცხყოფაც მიაყენა.

სხვათა შორის, მაშინ ამას არც ნოღაიდელისა და არც ანთელიძის რეაქცია არ მოჰყოლია, თუმც კი ეს უკანასკნელი საკმაოდ შესაბრალისი სანახავი იყო. მე არ ვიცი, რატომ ნანობს დღეს სააკაშვილი. თუ მიაჩნია, რომ ისინი არიან დამნაშავეები ეკონომიკის კოლაფსში, ამას შესაძლოა ობიექტური სინანული ვუწოდოთ, მაგრამ რატომღაც მეჩვენება, რომ მიზეზი სულ სხვა რამ არის. ნოღაიდელი დღეს ოპოზიციაშია და ამ ფლანგიდან ისევ ხელისუფლებას უქმნის პრობლემებს, - არა ქვეყანასა და სახელმწიფო ინტერესებს, არამედ კონკრეტული ხელისუფლების კონკრეტული ძალების ინტერესებს. თუმცა, ჩემი აზრით, ნოღაიდელის ფაქტორით შეშფოთება გადაჭარბებულია, რადგან ის ყოველთვის მიმაჩნდა და დღესაც მიმაჩნია აბსოლუტურად პაროდიულ ფიგურად ქართულ პოლიტიკაში.

- ბოლო დროს ძალიან გახშირდა კონფლიქტური სიტუაციები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გამო და საზოგადოდ, ამ სფეროში. "თქვენს სისხლს დავლევ", "ყელიდან ამოგიღებთ"... ერთია, რომ  განათლების სფეროსთვის ასეთი ლექსიკა, ცოტა არ იყოს, შეუფერებელია, მაგრამ მეორე თავად პრობლემის არსი გახლავთ: ერთნი ფიქრობენ, რომ ესოდენ ფაქიზ სფეროში "ნაჯახის ქნევა" ძალზე სახიფათოა, მეორეთა აზრით კი რეფორმები ყოველთვის მტკივნეულია, მაგრამ აუცილებელიც, მხოლოდ ინფორმირებაშია პრობლემა.

- საქმე ის არის, რომ მოსახლეობის ზედა ასაკობრივი ჯგუფების პოლიტიკური გემოვნება მეტ-ნაკლებად გარკვეულია, ხელისუფლებას კი ორიენტაცია აქვს აღებული ცნობიერების შეცვლისაკენ. ასეთი რამ, მოგეხსენებათ, ზრდასრულ ადამიანებში საკმაოდ რთულია. ამიტომ ხელისუფლების იდეოლოგიური წნეხი უმთავრესად სტუდენტური და სასკოლო ასაკისკენ არის მიმართული, რათა ახალი ქართველის ფორმირება მოახდინონ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი იდეოლოგიური წნეხის მოქმედება გულისხმობს არა საგანმანათლებლო, არამედ იდეოლოგიურ საქმიანობაზე აქცენტის გაკეთებას.

შესაბამისად, დაიწყო პროცესი სკოლებში არა პედაგოგების, არამედ კომისრების დანიშვნისა. თავად შაშკინიც გამონათქვამებით, საქციელითა და პრიორიტეტებით უფრო განათლების სახალხო კომისარს გვაგონებს, ვიდრე XXI საუკუნის განათლების მინისტრს, რომლის ძალისხმევა სწორედ რომ განათლების სისტემის რეფორმისკენ უნდა იყოს მიმართული და არა დისციპლინარული საკითხების განხილვისკენ. რა თქმა უნდა, არც მანდატურის დირექტორად დანიშვნა იყო შემთხვევითი. ესეც  იდეოლოგიზაციის პირდაპირ მიმანიშნებელია.

ყველაფერი ეს ხდება დაახლოებით იმავე სქემით, როგორითაც საბჭოთა კავშირი სარგებლობდა. ერთი ეგ არის, ეს თემაც "ქამრის შემოჭერის" პრინციპს მიუსადაგეს და თუ მაშინ სამი-ოთხი კაცი იყო საჭირო იმისთვის, რომ სისტემა შეეკრა - პარტკომი, კომკავშირი და ა.შ. - დღეს ცდილობენ, ამ ყველაფერს ერთ ადამიანში, მანდატურსა თუ კომისარში მოუყარონ თავი. ის უნდა იყოს პარტკომიც, დირექტორიც და შესაძლოა, სპეცსამსახურების წარმომადგენელიც.

მან უნდა გაატაროს ძირითადი იდეოლოგიური ხაზი, რომელიც ცნობიერების შეცვლას, უფრო ზუსტად კი მუტაციას ემსახურება. ვფიქრობ, ეს პროექტი ჩავარდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ცდას მაინც არ აკლებენ და ამის პირველი სიმპტომი სწორედ 173-ე სკოლა იყო, როდესაც ჩვენდა გასახარად ახალგაზრდებში თავისუფლების წყურვილი იმდენად მაღალი აღმოჩნდა, რომ განათლების სახალხო კომისარი საკმაოდ სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა, მიუხედავად იმისა, რომ სცადა ბავშვებთან დიალოგი. ძალიან მძიმე სანახავი იყო, როდესაც კატეგორიული ტონით ელაპარაკებოდა ბავშვს მილიონიან ბიუჯეტზე.

წესით, ასეთი საკითხები სხვაგან, სხვა ადგილზე და სხვა ვითარებაში უნდა განიხილონ. თვითონ ფორმა, ცხადია, შეიძლება არ იყოს მისაღები. მეტიც, გულდასაწყვეტიც არის, რომ ასეთი ტიპის კონფლიქტი ხდება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მოსწავლეებს შორის, მაგრამ მეორე მხრივ, თავისუფალი აზრი და პროტესტი ახალგაზრდებში რომ არსებობს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ეს ნიშნავს, რომ ქართველ საზოგადოებას კიდევ აქვს პოტენციალი იმ იდეალებისთვის ბრძოლისა, რაც თუნდაც ამ ხელისუფლებას ჰქონდა ქვეყნის სათავეში მოსვლის წინ.

- ცოტა ხნის წინ თავად ხელისუფლებამ დაიწყო ლაპარაკი მედიასივრცეში გამჭვირვალობის დამკვიდრებაზე. კერძოდ, მედიასაშუალების მფლობელობა უნდა აეკრძალოთ ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებს. თავდაპირველი ვარიანტით ასეთ კომპანიას მედიასაშუალების აქციების 10%-ის ფლობის შესაძლებლობა ექნებოდა. მიუხედავად სკეპტიკური განწყობისა, როგორც ჩანს, მედიაექსპერტთა ჯგუფის აქტიურობამ ნაყოფი გამოიღო.

- ეს, რა თქმა უნდა, უპირველესად არის შედეგი. მინდა ჩემს მეგობრებს მივულოცო, რომ მათმა ბრძოლამ მცირე ნაყოფი მაინც გამოიღო. თუმცა, მათ მსგავსად მეც მიმაჩნია, რომ ეს არ არის საკმარისი. ხელისუფლება ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია ამ "ათ პროცენტზე" კრიტიკოსთა არგუმენტები, მაგრამ სწორედ ეს ათი პროცენტი გახდებოდა ფანჯარა ტელევიზიებში გაურკვეველი წარმოშობის ინვესტიციებისთვის.

მიუხედავად ამისა, როგორც გითხარით, არც ეს გადაწყვეტილებაა საკმარისი იმისთვის, რომ ქართული მედიასივრცე გაჯანსაღდეს. აუცილებელია, თუნდაც ქართველი მფლობელების მიერ დეკლარირება იმ თანხებისა, რომლებიც ამა თუ იმ ტელევიზიას რეალურად ხმარდება. ზოგჯერ გამოჩნდებიან ისეთი პირები, რომლებისაც არც ბიზნესსაქმიანობა ვიცით და არც სხვა რა ქონება-მემკვიდრეობა აქვთ, მაგრამ მილიონებს აბანდებენ ტელევიზიებში.

საიდან აქვთ მილიონები? ეს საკითხიც უნდა დაისვას, რადგან "ჭუჭყიანი" ფული მარტო ოფშორებიდან კი არ შეიძლება შემოვიდეს, ჩემოდნებითაც შეიძლება შემოიტანონ, რაც არანაკლებ სახიფათოა. როგორც ვიცი, ხელისუფლება ამ საკითხების გათვალისწინებას კანონში სასტიკად ეწინააღმდეგება. ფინანსების კონტროლზე, ჯერჯერობით, დასტური არ უთქვამს.

- მედიასივრცის გაჯანსაღება რომ სახელმწიფო უსაფრთხოებასთანაც პირდაპირ კავშირშია, "ვიკილიკსის" სკანდალმაც დაადასტურა. სხვათა შორის, თუ, ერთი მხრივ, ამ ამბავს "დიპლომატიის 11 სექტემბერს" უწოდებენ, მეორე მხრივ, საიდუმლო დიპლომატიური მიმოწერის გამოქვეყნება მოსწონთ კიდეც და ეს გამჭვირვალობად მიაჩნიათ.

- ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვაფასებთ სათანადოდ ამ ყველაფრის მასშტაბს. ამას მოჰყვება ძალზე სავალალო და სერიოზული შედეგი ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობაში.

ამ მასალების გამოქვეყნებით ამერიკული დიპლომატია, პრაქტიკულად, ჰაერში აღმოჩნდა. რომ აღარაფერი ვთქვათ ამჟამინდელ შედეგზე, როდესაც შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი ტექსტები გამოქვეყნდა. ამ ამბავს გაცილებით უფრო უარყოფითი შედეგი და რეზონანსი ექნება მომავალში.

ამერიკელ დიპლომატებს ძალიან გაუჭირდებათ უცხოელ კოლეგებთან გულახდილი საუბარი. შესაძლოა, ამის გამო ამერიკის საგარეო პოლიტიკა ერთხანს ერთგვარ იზოლაციაშიც მოექცეს. როგორ უნდა გადალახონ ეს კრიზისი, სიმართლე გითხრათ, ახლა ამის თქმა ძალიან მიჭირს.

- როგორ ფიქრობთ, "ვიკილიკსი" მართლაც ერთი ან რამდენიმე კაცის ინიციატივაა თუ ამის უკან უფრო დიდი ჩანაფიქრი იმალება?

- ამ საკითხზე მე ჩემი შეხედულება მაქვს და მოგახსენებთ: გამომდინარე იქიდან, თუ როგორ ვითარდება მოვლენები, ეს ნამდვილად არ არის რამდენიმე პირის შემოქმედება.

ჩემი აზრით, ამ ყველაფრის უკან რუსული სპეცსამსახურები დგანან. არც ის იყო შემთხვევითი, რომ მასალები ეუთოს სამიტის წინ გამოქვეყნდა. ასეთი ოპერაციის დაწყება და შემდეგ ზურგის გამაგრება მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე სპეცსამსახურს შეუძლია.

რუსულმა სპეცსამსახურებმა, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კრიზისი ჰქონდათ, დღეს სამივე კომპონენტი აღადგინეს: მათ აქვთ ინტელექტუალური პოტენციალი, რამდენად სკეპტიკურადაც უნდა უყურებდეს ამას ვიღაც საქართველოში; აქვთ დიდი ტრადიციები; აქვთ თეორიული ტექნოლოგიები და რაც ყველაზე მთავარია, აქვთ ფინანსებიც.

რუსეთის უზარმაზარ ეკონომიკას, პრაქტიკულად, სპეცსამსახურები აკონტროლებენ და ამით შეუზღუდავი ფინანსური რესურსები აქვთ. ახლა რუსეთი პირველ ნაბიჯებს დგამს ველიკოდერჟავული მისიის შესასრულებლად. ერთი მხრივ, ეს არის პასუხიც გახმაურებულ "ჯაშუშურ სკანდალებზე", როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ათობით აგენტი გამოავლინეს, და მეორე მხრივ, საქმე გვაქვს ძალიან შორს მიმავალ გეგმებთან.

უდავოა, "ვიკილიკსის" მასალებმა ძალზე მძიმე დარტყმა მიაყენა ამერიკის დიპლომატიას. მიუხედავად იმისა, მართლაც რუსები დგანან ამის უკან თუ არა, ამიერიდან მათ შეუძლიათ ამ თემით კარგად იხეირონ: "ვიკილიკსის" სახელით ათასი ტყუილ-მართალი შეიძლება გამოქვეყნდეს და ძნელი იქნება იმის გარკვევა, აქვს თუ არა კავშირი ინფორმაციას რეალურ დოსიესთან.

- ალბათ, "ვიკილიკსის" სკანდალმა გავლენა მოახდინა ეუთოს სამიტზეც. ამერიკის სახელმწიფო მდივანს ბევრი უხერხულობა შეექმნებოდა მიმოწერათა გახმაურების გამო, თუმცა მთავარ მიზეზად, როგორც ჩანს, მაინც რუსეთის ობსტრუქციული პოზიცია იქცა. ასტანის მაგალითზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეუთო მთლად ქმედითი ორგანიზაცია არ არის? თუნდაც ძალიან დიდი, მაგრამ მაინც ერთი ქვეყნის ახირების გამო ამხელა ორგანიზაციამ ოფიციალური დოკუმენტი ვერ მიიღო და "მემორიალური დეკლარაციის" ანაბარა დარჩა.

- ეუთო რომ უუნაროა კონფლიქტების გადაჭრაში, უახლესმა ისტორიამაც ცხადყო. ეს ორგანიზაცია ეფექტური იყო კონფლიქტების კონსერვაციაში და სხვათა შორის, ესეც ძალზე საჭიროა. ზოგჯერ ობიექტური გარემოებების გამო აუცილებელია კონფლიქტის კონსერვაცია, რომ ცხელ ფაზაში არ გადაიზარდოს. თვითონ ეს თემა იმდენად რთული და მრავალმხრივია, რომ მხოლოდ ეუთოს მათი დაძლევა ნამდვილად გაუჭირდება. თუმც, ზემონახსენებ მიზეზთა გამო, ძალიან სკეპტიკურიც არ ვიქნები.

ცხადია, ასტანის სამიტზე დაძაბულობის შეტანაში დიდი როლი შეასრულა "ვიკილიკსმაც". ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მძიმე მდგომარეობაშია, განსაკუთრებით - ერთი დოკუმენტის გამო, სადაც ის პრაქტიკულად ჯაშუშური მასალის მოპოვებას ავალებდა გაეროში ამერიკელ დიპლომატებს, მათ უცხოელ კოლეგებზე პრივატული ინფორმაციის შეგროვებას სთხოვდა. აქედან გამომდინარე, დაძაბულობა ამ სამიტზე იმთავითვე იყო.

"ვიკილიკსის" მეშვეობით გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ბევრჯერ იჩენს თავს და არაერთი საერთაშორისო სკანდალის მიზეზიც გახდება.