"რომ არ ყოფილიყო ასანჟი, გამოჩნდებოდა სხვა ვინმე" - კვირის პალიტრა

"რომ არ ყოფილიყო ასანჟი, გამოჩნდებოდა სხვა ვინმე"

"ეს არის გლობალიზაციის არასასიამოვნო, მაგრამ აუცილებლად თანმხლები მოვლენა"

"არა მგონია, სახელმწიფო მდივანი უსაფრთხოების სისტემის არასრულყოფილებას გადააყოლონ"

"რუსეთის პოზიციის გამო დღემდე არ არის დამტკიცებული საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიყიდვის საკითხი. ჩვენ საქართველო, სულ ცოტა, რადარებით მაინც უნდა აღვჭურვოთ", - ამბობს ჯონ მაკკეინი "ვაშინგტონ პოსტის" მიერ გავრცელებულ თავის განცხადებაში. ამ ინფორმაციამ ორი გრძნობა გამიჩინა: მადლიერებისა და შიშნარევი სიამაყისა. პირველი, ცხადია, ბატონ სენატორს ეკუთვნის, აი, მეორე კი ჩვენს პრეზიდენტს:

ერთადერთი ქვეყანა, ვინც რუსული აგრესიის დროს სამხედრო ხომალდებით წყალს გვიგზავნიდა, ამერიკის შეერთებული შტატები იყო, ახლა თურმე რადარებიც კი სახვეწარი გაგვხდომია (თან, ყიდვით, ჩუქებით კი არა). სრულიად ევროკავშირი რუსეთის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე ჟღურტულებს, ქვეყნისა, სადაც გასულ წელს ხუთი ჟურნალისტი მოკლეს, სადაც დემოკრატიას ჩალის ფასი აქვს და სადაც საერთაშორისო სამართალზე ღირებულად ჩინოვნიკის ლოგიკა ითვლება.…ახლა იმასაც გეტყვით, შიში და სიამაყე რა შუაშია:

ზემოთქმულის გათვალისწინებით, თუ ჩვენმა პრეზიდენტმა იცის, რასაც აკეთებს, კრემლს რომ უჩხიკინებს ხოლმე, ძალიან საამაყოა. თუ არ იცის, მაშინ - ძალიან საშიში. სხვათა შორის, მაშინ, როდესაც ევროპელი და ამერიკელი ლიდერები ბჭობდნენ, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა უნდა დავამყაროთ, მერე რა, თუ დარღვევები აქვთ, ცოტას დემოკრატიაზე დავხუჭავთ თვალს, ცოტას მილიტარიზაციაზე და "ბაღანეც გამოსწორდებაო", რუსეთის უმაღლესმა ხელისუფლებამ იქით დაუწყო დასავლეთს ჭკუის სწავლება: ასანჟი რომ დაიჭირეთ, ეგ სადაური დემოკრატიააო.

ისე, რომ არა საქართველოში განცდილი სამარცხვინო ჩავარდნები, შეიძლებოდა "ვიკილიკსის" რუსულ წარმოშობაზეც გვეფიქრა, მაგრამ როგორი საქმეა, საქართველოში კოჭოია გყავდეს და შვედეთში - ასანჟი.

საქართველოსა და მის გარეთ მომხდარი მოვლენების შესახებ პოლიტოლოგ კახა კაციტაძეს ვესაუბრებით:

- საქართველოში აფეთქებათა სერიის მოწყობაში ბრალდებულების დაკავებამ საზოგადოებაში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. მავანნი რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მძიმე მდგომარეობაზე ლაპარაკობენ, მავანნი კი "კოჭოიას" ტერორისტობას ეჭვის თვალით უყურებენ.

- იმან, რაც ტელევიზიით გადმოიცა, უკმარისობის გრძნობა დამიტოვა. მიზეზი კი ბევრია: რა ორგანიზაციის წარმომადგენელია ის ბორისოვი, ხეირიანად ვერ გავიგეთ, რადგან "იმედი" მას გრუ-ს, ანუ სამხედრო დაზვერვის ოფიცრად მოიხსენიებდა, "რუსთავი 2" კი ეფ-ეს-ბეს, ანუ რუსეთის ფედერალური დაზვერვის თანამშრომლად, მაგრამ ეს კიდევ არაფერია.

ამ კოჭოიას მოუხელთებელ ჯოდ წარმოდგენას ან საკონტაქტო ტელეფონის ჩვენებასა და გახმიანებას რა აზრი ჰქონდა? ამ საქმის დეტალები და ვერდიქტი სასამართლო პროცესზე უნდა გაირკვეს და გაიშიფროს. მაგრამ იმან, რაც დღემდეა ცნობილი, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა.

- "თუ დემოკრატიაა, დემოკრატია იყოს. რატომ ჩასვეს ასანჟი ციხეში? ეს დემოკრატიაა?" - ასეთი იყო ვლადიმირ პუტინის კომენტარი "ვიკილიკსის" შემქმნელის დაპატიმრებაზე, - "ჩვენთან, სოფელში ასე ამბობენ: "Чья бы корова мычала, а ваша бы молчала!", - დასძინა რუსეთის პრემიერმა.

- საწყალი ასანჟი მარტო საერთაშორისო სკანდალის მიზეზი კი არ გახდა, უკვე ყველა ცდილობს მისი სახელი შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენოს. ბუნებრივია, პუტინიც ამ თემას შიდა აუდიტორიასთან ურთიერთობისთვის იყენებს.

- მაგრამ ბოლო დროს იმასაც ამბობენ, რომ "ვიკილიკსი" შეიძლება სწორედ რუსეთის დაზვერვის პროექტია.

- ჩვენთვის, ქართველებისთვის, ამაზე ლაპარაკი ორ უკიდურესობაში გადავარდნა იქნება.

როგორ წარმოგიდგენიათ ერთმანეთის გვერდიგვერდ ორი თემა: ერთი მხრივ, უზარმაზარი საერთაშორისო დონის ოპერაცია, რომელიც, თუ ოპერაცია იყო, უნაკლოდ ჩატარდა, და მეორე მხრივ, კოჭოია ტერორისტი, რომელმაც თვალსა და ხელშუა გააცურა რუსეთის დაზვერვის რეზიდენტი?

თუ ვიტყვით, რომ ამით რუსეთმა ხეირი ნახა, მაშინ ცოტა სხვა ვითარებასთან გვაქვს საქმე. ეს ვითარება თავის სასარგებლოდ შეიძლება ბევრმა მოთამაშემ გამოიყენოს, დაწყებული ისრაელით და დამთავრებული ირანით. ცხადია, მხოლოდ ეს არ გვაძლევს საბაბს, "ვიკილიკსი" "მოსადის" ან "ისლამური რევოლუციის დამცველთა კორპუსის" პროექტად შევრაცხოთ. ვფიქრობ, ეს იყო ჩვეულებრივი, კერძო ხასიათის ქურდობა თუ ინფორმაციის ამოღება ერთი კონკრეტული არხიდან.

სხვათა შორის, ასანჟისთვის ინფორმაციის უკანონოდ მოპოვება-გავრცელებაზე ბრალი არ წაუყენებიათ. ამ ბრალდებაზე ამერიკაში ლაპარაკობენ, ინგლისში კი ის სხვა მოტივით, შვედების მოთხოვნით დააპატიმრეს - გაუპატიურების თუ გაუპატიურების მცდელობისთვის.

KvirisPalitra.Ge- ასანჟის დაკავების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ყოველდღიურმა დანიურმა გაზეთმა Politiken-მა "ვიკილიკსის" ყველა საიდუმლო დოკუმენტის ასლი გადაიღო და უახლოეს მომავალში გამოქვეყნებასაც აპირებს. იგივე გააკეთა კიდევ ათამდე სხვა ევროპული გაზეთის რედაქციამაც. როგორც ჩანს, ვიკიმანია შეუქცევად ხასიათს მიიღებს. გარდა ამისა, ალბათ, არის საფრთხეც, რომ მავანმა "ვიკილიკსის" სახელი არაკეთილსინდისიერად, თავისივე შეთხზული ამბის გასავრცელებლად გამოიყენოს.

- რასაკვირველია, შეიძლება.

ამ ინფორმაციის გავრცელებამ იმდენად მასშტაბური ხასიათი მიიღო, რომ თუ ვინმე მოინდომებს, თავისუფლად შეძლებს "ვიკილიკსზე" მითითებით უსინდისო ფალსიფიკაცია გაავრცელოს. თან, "ვიკილიკსის" მასალები იმხელა მოცულობისაა, რომ დიდი მედიასაშუალებებიც კი მის ჯეროვნად წაკითხვას, თარგმნასა და დამუშავებას ვერც ასწრებენ.

ძალიან ხშირად თვალში მოგხვდებათ "გუგლის" პროგრამული თარჯიმნით გადმოთარგმნილი მასალები. მეორე უბედურება კიდევ ის არის, რომ ქართულ მედიაში პროგრამული თარჯიმნით გადმოღებულ მასალებს ხელმეორედ თარგმნიან და ავრცელებენ. ერთი რამ ცხადია:

ეს არის გლობალიზაციის ისეთივე, თუნდაც  არასასიამოვნო, მაგრამ აუცილებლად თანმხლები მოვლენა, როგორიც შეიძლება იყოს ნარკოტრეფიკი ან საერთაშორისო ტერორიზმი.

თუმცა იმედია, საფრთხის მასშტაბურობით "ვიკილიკსი" ამ დონის არ იქნება. ამიტომაც ვამბობ: რომ არ ყოფილიყო ასანჟი, გამოჩნდებოდა სხვა ვინმე. თუ ახლა არა, ხუთი-ათი წლის შემდეგ, მაგრამ აუცილებლად გამოჩნდებოდა. ჩვენთან და რუსულ მედიაშიც "ვიკილიკსის" გამო უფრო და უფრო აქტუალური ხდება დებატები იმის შესახებ, თუ ვინ და როგორ დაიწყო აგვისტოს ომი.

რუსები ცდილობენ, გამოქვეყნებული მასალები თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ, საქართველოში კი, პირიქით, გააბათილონ. ცხადია, "ვიკილიკსით" ამის დადასტურებაც შეუძლებელია და უარყოფაც. რაც აქამდე გამოქვეყნდა, ეს არის დიპლომატების მიმოწერა ხელმძღვანელ ინსტანციებთან, მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტთან. როდესაც საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ვასწავლიდი, დავინტერესდი, როგორ და რა დონეზე იღებენ სახელმწიფო მნიშვნელობის გადაწყვეტილებებს ამა თუ იმ ქვეყანაში, რა მექანიზმთან გვქონდა საქმე და საინტერესო მომენტები აღმოვაჩინე:

მაგალითად, ის, რომ ამერიკის პოლიტიკას, გარდა კონცეპტუალური ბაზისისა, შიდაპოლიტიკური სიტუაციისა და საერთაშორისო ვითარებისა, დიდწილად განაპირობებს გადაწყვეტილების მიღების სისტემაც. "ვიკილიკსის" მასალების უმეტესობა კი სახელმწიფო დეპარტამენტისთვის განკუთვნილი კონფიდენციალობის ყველაზე დაბალი რანგის მატარებელი დიპლომატების ანგარიშებია.

დააკვირდით: "ვიკილიკსის" ინფორმაცია სწორედ და მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის დიპლომატების საქმიანობას უკავშირდება. აქ ვერ შეხვდებით ვერც სამხედრო ატაშეების მიმოწერას, ვერც დაზვერვის ცენტრალური სამმართველოს რეზიდენტების გზავნილებს. ამიტომაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამ ჯგუფმა ვერ გატეხა ვერც პენტაგონისა და ვერც სი-აი-ესის საიტები, მათ მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამულ უზრუნველყოფაში შეაღწიეს.

ამერიკაში გადაწყვეტილებების მიღების ძალზე რთული მექანიზმი მოქმედებს და სასაცილოა, რუსები რომ ამბობენ, ელჩის ანგარიშით იმის დადგენა შეიძლება, ვის მიიჩნევს ამერიკა ომის გამჩაღებლადო.

მე როგორც საჯარო აკადემიურ ნაშრომებში წამიკითხავს, ასეთი გადაწყვეტილებების მიმღები ძირითადი ორგანო ამერიკაში სახელმწიფო უშიშროების საბჭოა. როგორც ჩანს, ყველა ინფორმაცია სწორედ იქ იყრის თავს. როდესაც კრიზისული ვითარებაა, ცხადია, როგორც ყველა ქვეყნის ელჩი, ისე ამერიკის ელჩებიც მოსკოვსა თუ თბილისში, მოპოვებულ ინფორმაციასა და მის ანალიზს ვაშინგტონში გზავნიან.

ვაშინგტონში თავს იყრის სხვა წყაროების ინფორმაციაც. მაგალითად, ამერიკის ყველაზე მრავალრიცხოვანი სადაზვერვო სამსახური, რომლის შესახებაც არცთუ ბევრი რამ არის ცნობილი, ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოა, გასამხედროებული ტიპის ორგანიზაცია. სხვათა შორის, სწორედ ამ სააგენტომ მოახერხა წლების წინ ბრეჟნევის სატელეფონო საუბრების რეგულარული ჩაწერა. სააგენტოს თანამგზავრების საკმაოდ კარგი ქსელიც აქვს და მასში სხვა უწყებების თანამგზავრთა ჩართვაც შეუძლია.

ამ სისტემების მეშვეობით სააგენტო საჭირო რეგიონში, ამ შემთხვევაში კონფლიქტის ზონაში, დეტალურ რადიოელექტრონულ დაზვერვას ატარებს. სხვათა შორის, ჰყავთ ძალიან ბევრი ენის პროფესიონალი თარჯიმანი და მოპოვებულ ინფორმაციას ანალიზთან ერთად ცენტრში გზავნიან. ეს მხოლოდ ერთი სეგმენტია ვითარების შესწავლისა - ნუ დაგვავიწყდება, რომ თავისი და არაერთი სადაზვერვო სამსახური ჰყავს პენტაგონსაც, რომლებიც თავიანთი არხებით შეისწავლიან რეგიონში არსებულ ვითარებას. ინფორმაცია ცენტრში სი-აი-ეიდან და სამხედრო ატაშეებისგანაც მიდის.

ასე რომ, მხოლოდ ელჩის გზავნილით დასკვნის გამოტანა, თუ რას ფიქრობდა, რას აკეთებდა ან ვის ემხრობოდა და რა ინფორმაცია ჰქონდა თეთრი სახლის ადმინისტრაციას, ძალიან არასერიოზული იქნება. რა დავალებები მიიღეს ელჩებმა, რა დაევალა პენტაგონს ან უშიშროების სამსახურებს, ამის შესახებ, საბედნიეროდ, არაფერი გამოქვეყნებულა.

როგორც გითხარით, "ვიკილიკსზე" დადებული საელჩოების ანგარიშები მხოლოდ ერთი და არცთუ მნიშვნელოვანი სეგმენტია იმ დიდი გლობალური ქსელისა, საიდანაც ვაშინგტონში მიდის ინფორმაცია და რომლის გაანალიზების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებებს. რაც გამოქვეყნდა, მას ვერც ერთი მხარე ვერაფრის დასამტკიცებლად ვერ გამოიყენებს. არსებითი სწორედ ეს არის და არა ის, რამდენჯერ ახსენეს წერილებში ვაშაძე ამერიკელმა დიპლომატებმა, ან რას სწერდა ბასი ჰოლბრუქსს.

- ანუ საქმე არც ისე რთულადაა, როგორც ამას მიმომხილველები ხატავენ?

- ცხადია, შოკი ძალიან დიდი იყო. ეს მაინც შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, თან ძალიან დიდი ინფორმაციული ნაკადებია. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენ მოვლენებს მაინც ერთგვარი პროვინციული თვალსაწიერით აღვიქვამთ ხოლმე: თუ რამე გამოქვეყნდა ან გახმაურდა, ვამბობთ, ეს მხოლოდ ჩვენ და რუსეთს შეგვეხებაო. ამერიკელები "ვიკილიკსის" სკანდალმა სულ სხვა მიზეზით აღაშფოთა. კერძოდ, გამოჩნდა მათი სახელმწიფო სისტემის ორი დიდი ნაკლი: პირველი ის, რომ დიპლომატები ენაჭარტალები და ჭორიკანები ყოფილან, და მეორე და მთავარი - მზარდი გლობალიზაციის ეპოქაში სახელმწიფოს კონფიდენციალურობის დაცვის მექანიზმი შემუშავებული არ ჰქონია.

იყო კიდევ ორი უაღრესად მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც "ვიკილიკსმა" გამოაქვეყნა და დარწმუნებული ვარ, გავლენას იქონიებს საერთაშორისო ურთიერთობებზე: საუდის არაბეთის მეფის განცხადება, ირანს დაარტყითო, და მეორე, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან დაკავშირებული კორესპონდენცია, სადაც არაბები უახლეს ფრანგულ ავიაგამანადგურებელ "რაფალეს" დასცინიან.

მართალია, მას მაინც ყიდულობენ, მაგრამ იარაღის ბაზარზე ეს ძლიერ რყევას გამოიწვევს, რადგან მის შეძენას ბევრი ქვეყანა აპირებდა. "ვიკილიკსის" სხვა პუბლიკაციები უფრო ამერიკელთა შიდა სახელმწიფო პრობლემებს, მისი აპარატის მდგრადობას შეეხება. შესაძლოა, ჩვენნაირ ქვეყანაში ეს უმნიშვნელო იყოს, მაგრამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ერთი ძალიან კარგი თვისება აქვს, - მისთვის მომხდარიდან დასკვნის გამოტანა და სამომავლოდ გათვალისწინება აუცილებელი წესია.

არა მგონია, ამ სკანდალს ჰილარი კლინტონი გადაჰყვეს. ცოტა სასაცილო იქნება, სახელმწიფო მდივანი უსაფრთხოების სისტემის არასრულყოფილებისთვის გადააყენონ, მაგრამ ასეც რომ მოხდეს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ამერიკისთვის კიდევ ერთი გამოცდა იქნება.