"ლიბერალური ტერორი შობს ფუნდამენტალიზმს და - პირიქით" - კვირის პალიტრა

"ლიბერალური ტერორი შობს ფუნდამენტალიზმს და - პირიქით"

"გულითაც რომ გვინდოდეს, დღეს ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ რუსების მსგავსად"

"საქართველო "ჰიბრიდული რეჟიმების" სექტორში 103-ე ადგილზე მოხვდა უგანდის, მოზამბიკის, კამბოჯის, კენიისა და ბუტანის შემდეგ"

ზოგჯერ ისეთი განცდა გრჩება ადამიანს, რომ ჩვენს "საზოგადოებრივ ელიტებს" (ასე მოიხსენიებენ ამ ბოლო დროს პოლიტიკოსებს და სხვა საზოგადოებრივად აქტიურ პირებს) ძალიან უყვართ ჩხუბი. საკმარისია, გამოჩნდეს მეტ-ნაკლები მნიშვნელობის საკამათო თემა, რომ მედიადებატებში დიდი თუ პატარა ერთვება. ამ დროს სასურველია, რაც შეიძლება რადიკალური გამონათქვამები გამოიყენონ, მოახდინონ კატეგორიული შეფასებები, წამოაყენონ მოთხოვნები. ცხოვრება კი კამათიდან კამათამდე თავისი გზით მიდის, ყოველგვარი საზოგადოებრივი განვითარების გარეშე.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ხელისუფლებას აკრიტიკებენ, თან, თვალიცა და კბილიც ერთმანეთზე უჭირავთ, ემანდ, რამე არ მოხდეს და რეიტინგულად ვინმე ჩემზე წინ არ აღმოჩნდესო; სამოქალაქო სექტორი (თუკი ასეთი რამ კიდევ არსებობს ჩვენში) გრანტებსა და ფასეულობებს შორის დასუნსულებს - მალე იქამდეც მივალთ, რომ ტელევიზორებში უცხოური ფონდების დაფინანსებით, მედუზათა უსაფრთხო ცხოვრებაზე გავა სოციალური რეკლამები. "შოუ-ბიზ-ელიტაც" ფაფხურობს, შავ კოსტიუმებსა და მოჭიმულ ფარჩა-ატლასებში (ზოგჯერ ნათხოვარშიც) ისეთ მიღებებზე (ანუ, სვეტურად, "ივენთებზე") დადიან, ევროპულ-ამერიკული ელიტის ბანკეტების კარიკატურას რომ ჰგავს. ხელისუფლებასაც მეტი რა უნდა - საერთო ინფანტილურობის ბურუსში გახვეული თვითკმაყოფილ ცხოვრებას ეწევა და უკვე მერამდენედ იღებს თავის თავზე მორგებულ კანონს - ხან საგადასახადოს და ხანაც საარჩევნოს.

ცხოვრება კი გრძელდება - სხვათა შორის, არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც და ის ახალ მოთხოვნებს უყენებს მათ, ვისაც გადარჩენა და განვითარება უნდათ. რუსეთი ჯერ კიდევ რჩება კონდიციაში, როდესაც ასე თუ ისე, საერთაშორისო აზრს შეღავათს უწევს. თუმცა ასე როდემდე გაგრძელდება, ძნელი სათქმელია - ის კი არ არის საშიში, სადამდე სურს ამა თუ იმ ხელისუფლებას თავისი ქვეყნისა და ხალხის მიყვანა, საშიში ის არის, სადამდე სურს ხალხს თავის ხელისუფლებას გაჰყვეს. ეს არა მხოლოდ რუსეთზე, საქართველოზეც ითქმის - "გაყოლის ხარისხს" რაც შეეხება, ამის მაჩვენებლებიც ქვეყნდება ხოლმე - ამჯერად, ქართველი ხალხის წინსვლის (თუ უკუსვლის?) ინდექსი ბრიტანული ჟურნალ ""ეკონომისტის"" ანალიტიკურმა კვლევითმა კომპანიამ გამოაქვეყნა.

საქართველო "ჰიბრიდული რეჟიმების" სექტორში 103-ე ადგილზე მოხვდა უგანდის, მოზამბიკის, კამბოჯის, კენიისა და ბუტანის შემდეგ. დემოკრატიის ინდექსი საარჩევნო პროცესის და პლურალიზმის, მთავრობის ფუნქციონირების, პოლიტიკური ჩართულობის, პოლიტიკური კულტურისა და სამოქალაქო თავისუფლების მაჩვენებლების მიხედვით დაადგინეს. ცხადია, ყველაფერში პოზიტივი უნდა ვეძებოთ და ამჯერად, გასახარი ის არის, რომ ამავე სექტორში მოხვდნენ რუსეთი - 107-ე და სომხეთი - 109-ე ადგილზე.

ბატონ ზაზა ფირალიშვილთან საუბარი რუსეთის შესახებ დავიწყეთ:

- მოსკოვში კავკასიელებსა და რუსებს შორის სპორტული გულშემატკივრობის ნიადაგზე დაწყებული ეთნიკური დაპირისპირება დღესაც გრძელდება. დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის გამართულ მიტინგზე რუსეთის დედაქალაქში სულ ორასი კაცი თუ იკრიბება, კავკასიელთა წინააღმდეგ დემონსტრაციებზე ათასობით შეიკრიბა. როგორც ჩანს, პრობლემა გაცილებით ღრმაა, ვიდრე ფეხბურთის ერთი ფანის მიერ მეორის მკვლელობა შეიძლება იყოს?

- რუსეთში ძალზე ძლიერია რევანშისტული განწყობილებები. საბჭოთა იმპერიის ნგრევა რუსი საზოგადოების დიდმა ნაწილმა აღიქვა არა სამართლიანობის აღდგენად, არამედ ისტორიულ მარცხად და რევანშისათვის დაიწყო მზადება. ეს პუტინის ცნობილი განცხადებიდანაც ჩანს, გეოპოლიტიკური კატასტროფის შესახებ რომ გააკეთა და რომელიც მნიშვნელოვანი მინიშნება აღმოჩნდა რუსული ნეოიმპერიალისტური რევანშიზმისათვის. ეს უკანასკნელი კი ისეთი ძალაა, რომელსაც რეალური მტერი თუ არ ჰყავს, გამოიგონებს.

2008 წლის ომმა ვერ დააშოშმინა ეს ვნებები, პირიქით, უკმარობის გრძნობა დაუტოვა. გაიხსენეთ, როგორ მოითხოვდნენ ალექსანდრე დუგინი და მისთანები თბილისის აღებას. "ქართველს, როგორც ამაყ კავკასიელს, არ ესმის, თუ ბოლომდე რატომ არ დაჩაგრეს", - აცხადებდა დუგინი. ჰოდა, ამ სიტუაციაში მას ახალი ობიექტი ესაჭიროებოდა და ფეხბურთის ნიადაგზე მომხდარი მკვლელობა ნაციონალისტური და რევანშისტული ვნებების გაღვივების საბაბი აღმოჩნდა.

ნობელის პრემიის ლაურეატმა, მწერალმა გიუნტერ გრასმა წუხილი გამოთქვა, რომ რუსეთს ჯერაც არ მოუნანიებია ბოლშევიზმის ეპოქის დანაშაულებანი.

ქრისტიანული სინანულის ნაცვლად დღეს ჩვენ რევანშიზმის გაძლიერებას ვხედავთ.

რუსეთი უზარმაზარი ქვეყანაა, რამდენიმე ათეული ეთნოსითაა დასახლებული და უჭირს საკუთარი სახელმწიფოებრივი სხეულის ზიდვა, თუ რაიმე შემაკავშირებელი იდეით არ იქნა გაერთიანებული. ამიტომაც აქვს ამ ქვეყანას ავტორიტარიზმისაკენ მიდრეკილება, დემოკრატიას კი ქვეყნის დაშლის გზად განიხილავენ. ამ ქვეყანაში დემოკრატიით დაინტერესებულები არიან უმცირესობები და არა უმრავლესობა. მესამე რომის იდეასთან თამაშით პუტინს, ნებით თუ უნებლიეთ, ძალზე რთულ ფაზაში შეჰყავს თავისი ქვეყნის ცხოვრება.

თუ ასე გაგრძელდა, არც ისე შორს არის დრო, როდესაც ჩვენ, ყველანი, ახალი ისტორიული ექსპერიმენტის მომსწრენი გავხდებით, ოღონდ ამჯერად - მესამე რომისა და მართლმადიდებლობის სახელით. ეს იგივეა, რომ რუსეთი კიდევ ერთხელ შეიძლება დაუპირისპირდეს მთელ სამყაროს და ახალ ბოროტებათა წყაროდ იქცეს.

სამწუხაროდ, დასავლეთში ცუდად ესმით ეს და ფიქრობენ, რომ ყველაფერ ამას ფინანსურ-ეკონომიკური გზებით და არასამთავრობო ორგანიზაციათა ოფისებში შემუშავებული პროექტებით მოევლება. პირადად მე ძალზე საშიშად მიმაჩნია პუტინის განცხადება იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობა, თურმე, ისლამთან უფრო ახლოსაა, ვიდრე კათოლიციზმთან.

ამ დროს მან თავისი მრჩევლის, ალექსანდრე დუგინის დოქტრინა გაიმეორა იმის შესახებ, რომ მართლმადიდებლობასა და შიიტურ ისლამს შინაგანი კავშირები და ერთიანი მისია აქვთ და რომ მათ ერთიანად უნდა დაამარცხონ დასავლეთიდან მოვლენილი ბოროტება. ამას რომ მსოფლიოს უდიდესი ქვეყნის ლიდერი არ ამბობდეს, ვიფიქრებდი, გაუნათლებელი, ახირებული ვინმე ახალი და უცნაური რელიგიის შექმნას ცდილობს-მეთქი.

- დიდოელი ლეკების ერთ-ერთმა წარმომადგენელმა პარლამენტარ ნუგზარ წიკლაურს 15000-მდე თანამემამულის თხოვნა გადასცა. დიდოელი ლეკები აღნიშნავენ, რომ მათი უფლებები რუსეთის ფედერაციაში უხეშად ირღვევა. საფრთხე ემუქრება მათ ენას და მათ კულტურას და მათ საქართველოს იურისდიქციაში შესვლის სურვილი აქვთ. თქვენი აზრით, ღირს თუ არა, საქართველომ,  ცხინვალსა და სოხუმში რუსეთის მაგალითითა და ჯიბრით იმოქმედოს, თუ შეიძლება ეს ფაქტი ერთიანი კავკასიური იდეის ნაწილად ჩაითვალოს?

- გულითაც რომ გვინდოდეს, დღეს ჩვენ ვერ ვიმოქმედებთ რუსების მსგავსად. თავისთავად ფაქტი, რომ კავკასიელები ჩვენკენ მოიწევენ, არა მხოლოდ კარგია, ძალზე მნიშვნელოვან საერთაშორისო არგუმენტადაც შეიძლება იქცეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემებთან დაკავშირებით. ჩვენთან უფრო ახლო კონტაქტის სურვილს გამოთქვამენ არა მხოლოდ დიდოელები, არამედ, რამდენადაც ვიცი, ჩეჩენი და ინგუში ნაციონალისტებიც, რომლებიც ისლამიზაციაში ნაციონალურ და კულტურულ საფრთხეს ხედავენ. სამწუხაროდ, ჩვენ არა ვართ მზად, მათი იმედები გავამართლოთ, თუმცა კი სახალხო დიპლომატიის დონეზე კავშირები და დახმარება აუცილებელია.

- ჟურნალისტ ჯაბა ხუბუას მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას სააკაშვილისა და ოპოზიციის შეხვედრებთან დაკავშირებით, დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ლევან გაჩეჩილაძე ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილისთვის 12 მილიონი არ მოუთხოვია. ხუბუა ამტკიცებს, რომ ამის დამადასტურებელი ფაქტები აქვს. ქართულ პოლიტიკაში ბრალდებათა ახალი ეპოქა იწყება?

- თუკი რაიმე დეფიციტი არსებობს ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში, პოლიტიკური ძალების მიმართ ნდობის დეფიციტია. სააკაშვილისათვის ეს არის ძალზე ხელსაყრელი ვითარება. არა მგონია, მას ან მის გარემოცვას ილუზიები ჰქონდეთ, რომ ოდესმე 2003-2004 წლების ავტორიტეტსა და სიყვარულს დაიბრუნებენ. სამაგიეროდ, მათ გამოუჩნდათ ახალი შანსი: საყოველთაო გულგრილობა პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რასაც კიდევ უფრო აღრმავებს დათვის მოკვლამდე მისი ტყავის გაყოფის მცდელობა. სწორედ ამ გულგრილობამ მოაგებინა მას ადგილობრივი არჩევნები და მომავალშიც, თუ ასე გაგრძელდა, იგი არანაკლებად წარმატებული იქნება. ადმინისტრაციული რესურსებითა და მასობრივი ამომრჩევლის გაბითურებით ყოველთვის მოაგროვებს ხმების საჭირო მინიმუმს.

- ერთ-ერთ ქადაგებაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა - გადაცემა, რომელიც დავით პაიჭაძეს მიჰყავდა, იყო ცუდზე უარესი და მიმართული ეკლესიისა და ხელისუფლების წინააღმდეგო. პაიჭაძის პასუხი იყო - პატრიარქს აქვს თავისი აზრი, მე მაქვს ჩემი გადაცემაო... ერთი მხრივ, ალბათ, აკრძალული თემები არ უნდა არსებობდეს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ როგორც წესი, ქართველ საზოგადოებაში ასეთ შემთხვევებს "ლიბერალებისა" და "კონსერვატორების" მძაფრი დაპირისპირება მოჰყვება. ერთნი ისტერიულად აკრიტიკებენ ეკლესიას და მეორენი ლამის ანტიეკლესიურ მასონურ შეთქმულებაზე მოთქვამენ. ჩვენს საზოგადოებაში ამ ტიპის დაპირისპირების "მოთხოვნილება" არსებობს, თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე?

- სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოება ექსტრემისტული აზროვნებისაკენ აღმოჩნდა მიდრეკილი, რის გამოც ლიბერალიზმიც ისეთივე ავტორიტარულია, როგორიც კონსერვატიზმი. არ გაგიკვირდეთ, ისტორია იცნობს ამგვარი ექსტრემისტული ლიბერალიზმის მაგალითებს. ამის დასტურად საფრანგეთის რევოლუციის შემდგომი წლების გახსენება კმარა. ჰეგელი ამ წლებს განიხილავდა, როგორც მაგალითს იმისა, როგორ შეიძლება იქცეს აბსტრაქტული თავისუფლების იდეა ამავე იდეის დიქტატურად.

ექსტრემისტული და აგრესიული ლიბერალიზმი, საბოლოოდ, საკუთარი თავის წინააღმდეგ მიიმართება და შედეგად, თუნდაც ჩვენს შემთხვევაში, ტყვეობაში მყოფ ტელევიზიას ვიღებთ. ლიბერალური ტერორი შობს ფუნდამენტალიზმს და - პირიქით.

ცხადია, ეკლესია პირველ რიგში, მისტიკურ-თეოლოგიური ფენომენია და მისი წევრები ვართ ყველანი, ვინც მორწმუნეებად მივიჩნევთ თავს. იგი, ამასთანავე, სოციალური ინსტიტუციაც არის, რომელიც იმავე თვისებებს ავლენს, რასაც ნებისმიერი სხვა ინსტიტუცია. ეკლესიას, როგორც მისტიკურ-თეოლოგიურ ფენომენს, როგორც ქრისტეს სხეულს, ვქმნით ჩვენ, სასულიერო პირები და მორწმუნეები. მისი კრიტიკა კონკრეტული იდეოლოგიის, ათეიზმის სფეროა - ან გწამს, ან - არა.

სხვა შემთხვევაა, როდესაც ვსაუბრობთ ეკლესიაზე, როგორც სოციალურ ინსტიტუციაზე, როგორც იმგვარ დაწესებულებაზე, სადაც რეალური და კონკრეტული ადამიანები მოღვაწეობენ. ჩვენ ხშირად ამ ორ რამეს ვურევთ ერთმანეთში და შედეგად გაუგებრობას ვიღებთ. რუის-ურბნისის საეკლესიო კრება ვერასოდეს ჩატარდებოდა, ეკლესია, როგორც ინსტიტუცია კრიტიკას რომ არ დაქვემდებარებოდა.

ქართველი მოღვაწეები და მაკარი ანტიოქიელიც ვერასოდეს ამხელდნენ იმ სასულიერო პირებს, თურქებთან ტყვეებით რომ ვაჭრობდნენ და თავიანთ ეპარქიებში თვითნებობდნენ. რა ვქნათ, თვალი დავხუჭოთ იმაზე, რომ მავანთ ქვეყანა შუა საუკუნეებში სურთ მიაბრუნონ, თან ისე, რომ მხოლოდ ზერელე და ინფანტილური წარმოდგენები აქვთ ამ ეპოქაზე?

ამგვარი აკრძალვები თავად ეკლესიას ვნებს და დარწმუნებული ვარ, პატრიარქს ეს არ ჰქონდა მხედველობაში. ალექსანდრე შმემანი, ანდრეი კურაევი, პეტრე მეშჩერინოვი და სხვები მართლმადიდებელი სასულიერო პირები არიან, მაგრამ საკმარისია, თვალი გადავავლოთ მათ ნაწერებს, აღმოვაჩენთ, რომ ამგვარი კრიტიკა თურმე ეკლესიის წიაღშივეა შესაძლებელი. ცხადია, -“არა განსაჯო - ქრისტიანისათვის ჭეშმარიტებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს თვალის მიამიტურ დახუჭვას ან, მით უმეტეს, რომელიმე კატეგორიის ადამიანთა პრეროგატივას, რომ მათი ავტორიტეტი იმთავითვე ხელუხლებელი იყოს.

სხვაგვარადაც ვიტყვი: ბოლო წლების განმავლობაში, ნებსით თუ უნებლიეთ, ეკლესიას პოლიტიკური ფუნქცია დავაკისრეთ. ეკლესიის პოლიტიზაცია კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თვალწინ თეოლოგია შეიძლება ნაციონალისტური და გეოპოლიტიკური წარმოდგენებით გაიჟღინთოს და შედეგად უცნაური ქრისტიანობა მივიღოთ. ასე დაუკავშირდა ერთმანეთს ზერელე ქრისტიანობა, ასეთივე ზერელე და ოპერეტული ქართული ნაციონალიზმი და (ზედმეტად ხშირად) მესამე რომის მოსკოვური იდეა. არა მხოლოდ დაუკავშირდა, არამედ პოლიტიკურ იდეოლოგიადაც ცდილობს გაფორმებას.

რაც შეეხება აზრის თავისუფლებას, ჩემთვის, როგორც ქრისტიანისათვის, ცხადია, რომ თავისუფალი აზრის გარეშე ქრისტიანი ვერ ვიქნები და იგი ის ღირსებაა, რომელიც ჩემმა რწმენამ მომანიჭა.

ისეთებიც არიან, ვინც დიდი სიამოვნებით შეცვლიდნენ წმინდა წერილს და თავიანთ ლიბერალურ გემოვნებას დაუქვემდებარებდნენ. უნდა იცოდეთ, ლიბერალიზმის სახელით მსოფლიოში წმინდა წერილის რამდენი უცნაური ინტერპრეტაცია შექმნილა. სხვაგვარად ვიტყვი: ჩვენ შევძლებთ და დავივიწყებთ ჩვენს ფუნდამენტალისტურ თუ ლიბერალურ უტოპიებს, ჩვენს ექსტრემიზმს შევარბილებთ და ერთად ცხოვრებას ვისწავლით. სწორედ ეს იქნება ჩვენი ქრისტიანობაც და ლიბერალიზმიც.

- თურქმენეთის სკოლებში ფილმს აჩვენებენ, სადაც ამერიკული გავლენის უარყოფით მაგალითად საქართველო და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია დასახელებული. ავტორების აზრით, საქართველოში რევოლუცია სწორედ უფროსკლასელთათვის და სტუდენტებისთვის "უწყინარი პროგრამებით" დაიწყო, რომლებსაც ამერიკაში ერთი წლის განმავლობაში ამ რევოლუციურ იდეებს უნერგავდნენ. შესაძლებელია, რუსულ-ამერიკული იდეოლოგიების დაპირისპირებასთან გვქონდეს საქმე პოსტსაბჭოთა სივრცეში და რა როლი აქვს აქ საქართველოს?

- გამიჭირდება, სერიოზულად აღვიქვა თურქმენული პროპაგანდა. ეს ქვეყანა სულ  უფრო და უფრო ემსგავსება ჩრდილო კორეას.  ეს სულ სხვა სამყაროა. მისი მესვეურები ცდილობენ, თავისუფლების იდეა კარიკატურად აქციონ და საამისოდ სააკაშვილის ფიგურას იშველიებენ. საბედნიეროდ, საქართველოში თავისუფლებასა და ქვეყნის “ისტორიაში დაბრუნებას მხოლოდ სააკაშვილი არ განასახიერებს და ეს არ არის ის ბოლო სიტყვა, რომელსაც ჩვენ ჩვენს უახლეს ისტორიაში ვიტყვით.

როგორ გასაჭირშიც უნდა ვიყოთ, საკუთარ თავს შეურაცხყოფას ვერ მივაყენებ და ქართულ სიტუაციას თურქმენულს ვერ შევადარებ. 2003-ში კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, პროცესები რევოლუციურად განვითარებულიყო, დღესაც შემიძლია გავიმეორო, რომ მაშინ სააკაშვილი რევოლუციურ ტალღაზე და ხმების 98%-ით რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში, შემდეგში ისიც და მისი გარემოცვაც უფრო ფრთხილად მოეპყრობოდნენ ქვეყანას და ასეთი ჭირვეული თავნებობით არ შეუდგებოდნენ არც ისე კარგად მოფიქრებული რეფორმების განხორციელებას.

მაგრამ ვერც მაშინ და ვერც ახლა კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი ჩვენში თურქმენული სიტუაციის არსებობას.

პოსტსაბჭოთა სივრცე რომ დასავლური და ველიკოდერჟავულ იდეოლოგიათა დაპირისპირების ასპარეზად იქცა, ცხადია. თუ გულახდილები ვიქნებით, ამას დიდად შეუწყო ხელი ლიბერალიზმის აგრესიულმა იმპორტმა. ამგვარი აგრესიულობის მიზეზით ლიბერალიზმი, თავისთავად უკეთილშობილესი იდეოლოგია,  იდენტობათა და კულტურათა მსხვრევას გაუიგივდა. თუ გავიხსენებთ, რა შედეგი მოჰყვა ამას ირანში, ჩვენთან მიმდინარე პროცესებიც უფრო გასაგები გახდება. რუსული პროპაგანდა სწორედ ამ ნოტებზე ცდილობს თამაშს და თავისი გარემომცველი ქვეყნების ირანიზაციას უწყობს ხელს.