პირველ ადგილზე რეფორმების გატარებაში და 103-ზე დემოკრატიის ინდექსით(?!) - კვირის პალიტრა

პირველ ადგილზე რეფორმების გატარებაში და 103-ზე დემოკრატიის ინდექსით(?!)

"შინაარსით უფრო დემოკრატიულმა კონსტიტუციამ შეიძლება არადემოკრატიული რეალობა შვას"

შიდაოპოზიციური დაპირისპირება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ოპოზიციური კულტურის ამაღლებას

ახალი წელი სულ ორიოდე დღის შემობრძანებულია და ქართველობაც ჯერ კიდევ საზეიმო ეიფორიაშია. ღმერთმა ინებოს, ასეთი განწყობა მთელი წლის განმავლობაში გაგვყვეს. თუ ჩავთვლით, რომ გასულ 2010 წელს საქართველოში ყველაზე მთავარი - მშვიდობა არ დარღვეულა, ყველაფრის მიუხედავად, ის უკვე წარმატებულ წლად შეიძლება ჩაითვალოს. რას მოგვიტანს ახალი წელი? - ალბათ, სწორედ იმას, რასაც შევქმნით, რასაც გამოვიწვევთ და დავიმსახურებთ. სხვა ბავშვებივით, თოვლის ბაბუას წერილებს მეც ვწერდი.

მერე კი დროთა განმავლობაში გავაცნობიერე, რომ თოვლის ბაბუისთვის რაც უნდა გრძელი წერილი მიმეწერა, იმაზე მეტს მაინც არ მომიტანდა, რისი საშუალებაც ჩემს მშობლებს ჰქონდათ. ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჯერ კიდევ ამ ილუზიის ტყვეობაში ვართ: ზოგი  ელის ლიდერს, რომელიც ხელისუფლებას ერთ დღეში "დაამთავრებს" და მეორე დღიდანვე ცხოვრებას შეცვლის; ზოგი ევროკავშირისა და ნატოს წევრობას ელის და იმედოვნებს, რომ მიღებისთანავე აყვავდება ქართული ეკონომიკა, დაგვიბრუნდება დაკარგული ტერიტორიები.

არადა, "თოვლის ბაბუა" იმაზე მეტს ვერ მოგვიტანს, რისი საშუალებაც თავად გვაქვს. ჩემი მთავარი საახალწლო სურვილიც ეს იქნება: მეტი შევძლოთ, მეტად გავისარჯოთ, მეტი დავიმსახუროთ. გარჯაში მხოლოდ ფიზიკური შრომა არ მიგულისხმია, ფიქრიც დიდი გარჯაა, რაც ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ გვმართებს.

დაწვრილებით გასული წლის მთავარ მოვლენებსა და ახალი წლის პერსპექტივებზე პოლიტოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრებით:

- გასული წლის შეფასებისას ხშირად გამოთქვამდნენ მოსაზრებას, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, რომ პოლიტიკაში ძვრები არ ყოფილა. თქვენი აზრით, ჩვენი საზოგადოება, უბრალოდ, მიეჩვია სკანდალებითა და მასობრივი გამოსვლებით ცხოვრებას, თუ მნიშვნელოვანი მართლაც არაფერი მომხდარა?

- ბოლო წლებში საქართველო ისეთი პოლიტიკური ციებ-ცხელებისა და მასობრივი გამოსვლების რეჟიმში ცხოვრობდა, რომ მათთან შედარებით 2010 წელი მართლაც მშვიდობიანი და სტაგნაციური გამოვიდა. 2007-08-09 წლებში საქართველოში ხელისუფლების ცვლილებას ელოდნენ, მმართველი პარტია არაერთხელ აღმოჩნდა გაბრაზებული ელექტორატის პერმანენტული და უსიამოვნო ზეწოლის ობიექტი.

ხელისუფლებამ ძალების მაქსიმალური მობილიზაციით (მათ შორის - უკანონო საშუალებების გამოყენებით), აგრეთვე, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის შესაშური არარაციონალობის წყალობით, შეძლო“ბეწვის ხიდზე გავლა.

2010 წელი სწორედ მრავალგზის დაჭრილი ხელისუფლების რეაბილიტაციისა და დამარცხებული ოპოზიციის მარგინალიზაციის დემონსტრირების წელი იყო.

- დაასახელეთ, თქვენი აზრით, ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა გასულ წელს საქართველოში და ერთი - მსოფლიოში.

- საქართველოსთვის ასეთ მოვლენად მაინც ახალი კონსტიტუციის მიღება მიმაჩნია. პარადოქსული რამ ხდება: შინაარსით თითქოს უფრო დემოკრატიული კონსტიტუცია (ვგულისხმობ სახელისუფლებო შტოებს შორის ძალაუფლების უფრო დაბალანსებულ გადანაწილებაზე აპელირებას), შეიძლება ავტორიტარული მმართველობის ინსტიტუციონალიზაციის მთავარ გარანტად იქცეს, რამდენადაც ტოვებს იმის შანსს, ახლანდელმა პრეზიდენტმა მმართველობა, პრაქტიკულად, იმავე ძალაუფლების მოდუსით, პრემიერ-მინისტრის რანგში განაგრძოს;

ანუ, შინაარსით უფრო დემოკრატიულმა კონსტიტუციამ შეიძლება არადემოკრატიული რეალობა შვას. გამოდის, დემოკრატიის ინტერესების დასაცავად ჯობდა ძველი, ძლიერ საპრეზიდენტო მმართველობაზე აგებული და ნაკლებად დემოკრატიული კონსტიტუცია შეგვენარჩუნებინა. კონსტიტუცია ხომ იმით ფასდება, თუ როგორი რეჟიმის შექმნას უწყობს ხელს? ასე აღმოჩნდა ქართველი საზოგადოება გაჩხერილი უფრო კარგი კონსტიტუციით უარესი რეალობის მიღების ანტინომიურ ველში.

რაც შეეხება მსოფლიოში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენას, ორიგინალობას ვერ დავიჩემებ, თუ ვიტყვი, რომ ასეთი "ვიკილიკსის" მიერ ატეხილი სკანდალია, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება. "ვიკილიკსმა" მსოფლიო პოლიტიკისა და დიპლომატიის სამზარეულოში ჩაგვახედა. ასეთ სითამამეზე პირადად მე ამბივალენტური დამოკიდებულება მაქვს: ასანჟი გვიმხელს პოლიტიკური სამზარეულოს იმ ინგრედიენტებს, რომლებიც, შესაძლოა, უხერხულობას ქმნის, მაგრამ ამას საბოლოო პროდუქტი არ დაუზიანებია.

რამდენჯერ გვითქვამს ჩვენს თუნდაც ძალიან ახლობელ ადამიანზე ვიწრო წრეში ცუდი რამ, დაგვიცინია, იქნებ გაგვილანძღავს კიდეც, მაგრამ ამით ჩვენი დამოკიდებულება მისდამი არსებითად არ შეცვლილა. ასანჟის ინტრიგა აბსოლუტურად გამართლებულად მიმაჩნია იმ შემთხვევებისთვისაც, როდესაც კულუარული რეცეპტებით საზოგადოებისათვის სახიფათო პროდუქტი მომზადდა. იმ უზარმაზარ მასალაში, რომელიც "ვიკილიკსმა" გამოამზეურა, მოიძებნება როგორც ერთი, ისე მეორე ხასიათის“"ნედლი" ინფორმაცია. საბოლოო ანგარიშით, ამ სკანდალის პროვოცირება მე უფრო სასარგებლო მოვლენად მიმაჩნია.

- მოხდა თუ არა გასულ წელს ისეთი რამ, რაც უკვე ახალ, 2011 წელს იქონიებს გავლენას და გაგრძელებაც მოჰყვება, გნებავთ, სოციალური ან პოლიტიკური თვალსაზრისით?

- მინდა მჯეროდეს, რომ ასეთ მოვლენად იქცევა 2010 წელს ოპოზიციის საქმიანობის ახალი სტრატეგიის ინიცირება, რომელიც გამოიხატა რვა ოპოზიციური პარტიის ერთობლივი ძალისხმევით, შეეცვალათ საარჩევნო გარემო. ბოლო სამი წლის განმავლობაში ოპოზიციის ძირითადი სტრატეგია იყო არა ხელისუფლების დასუსტება, არამედ მისი რევოლუციური და უპირობო შეცვლა.

სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნის ფონზე ლამის ეროვნულ ღალატად ჩაითვალა ნებისმიერი სხვა, ნაკლებად რევოლუციური და ლოკალური პრობლემების გადასაწყვეტი ინიციატივა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიცია ყველაზე მეტად სწორედ ამ სტრატეგიამ დააზარალა და ეს, პრაქტიკულად, ჰარაკირის ტოლფასი გამოდგა. მისასალმებელია, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი დაგვიანებით, მაგრამ მაინც მიხვდა ამას და დაიწყო აქტიურობა, რამაც მომავალ წლებსა და უახლოეს არჩევნებში უფრო დემოკრატიული რეჟიმის გაჩენას უნდა შეუწყოს ხელი, რისი თავიდათავი სამართლიანი არჩევნებია.

- დემოკრატიისკენ სავალ გზაზე გასული წლის სამ მთავარ მოვლენად ახალი კონსტიტუცია, მედიაგამჭვირვალობის ინიციატივა და ახალი ეკონომიკური კურსი დასახელდა. თქვენი აზრით, რამდენად სამართლიანად და სწორად განხორციელდა ეს პროექტები სახელმწიფოებრივი განვითარების თვალსაზრისით?

- კონსტიტუციის თაობაზე უკვე მოგახსენეთ. ხელისუფლების ინიციატივა მედიამფლობელობის გამჭვირვალობის თაობაზე (რაც არასამთავრობო სექტორის, დამოუკიდებელი მედიასაშუალებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხანგრძლივი ზეწოლის შედეგია) უთუოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა. თუმცა, როგორც არაერთხელ ითქვა, ეს ინიციატივა არასაკმარისია და მედიის გამჭვირვალობისთვის (მაგალითად, ფინანსური) კიდევ ბევრია გასაკეთებელი.

ახალი საგადასახადო კოდექსიც სამეწარმეო საქმიანობის ლიბერალიზაციისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დადებითი რეალური ეფექტი იქმნება არა მხოლოდ პროგრესული სოციალური რეგულაციების (კანონების) შემოღებით, არამედ ამ რეგულაციების შესაბამისი რეალობის მოწყობით, ანუ კანონების ამუშავებით.

ფაქტია, რომ ამ ორი კომპონენტის ერთმანეთისაგან გათიშვამ მიიყვანა ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის ინდექსი ისეთ სამარცხვინო ნიშნულამდე, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ 103-ე ადგილზე გვამყოფებს, ე.წ.“ჰიბრიდული რეჟიმების”სექტორში.

- გასულ წელს, პირველად საქართველოში, პირდაპირი არჩევნებით თბილისის მერი ავირჩიეთ. შეფასებები აქაც ორად იყოფა: ერთნი თვლიან, რომ ეს იყო პირველი შემთხვევა საქართველოში, როდესაც წაგებულმა გამარჯვებულს მიულოცა და საზოგადოდ, არჩევნები ცივილიზებულად ჩატარდა, მეორენი კი ტოტალურ დარღვევებსა და გაყალბებაზე ლაპარაკობენ. როგორია თქვენი აზრი?

- 2010 წლის ადგილობრივი ხელისუფლების არჩევნებს არ შეიძლება დააბრალო, რომ ტოტალური დარღვევებითა და გაყალბებით ჩატარდა. ოპოზიციამ ამ არჩევნებში მოიმკო ის შედეგი, რომელსაც მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში თესავდა. არასაპარლამენტო ოპოზიციის არათანამიმდევრულობა - ილუზორული გაერთიანებისკენ სწრაფვა, პოლიტიკურ ბანაკებს შორის უშედეგო მედიაცია, საკუთარ ძალებში დაურწმუნებლობა, პოლიტიკური ღირებულებების აღრევა, ცუდად დაგეგმილი საარჩევნო კამპანია - ყველაფერი ეს აშკარად წამგებიანი იყო გიგი უგულავას მიზანმიმართული  და თანამიმდევრული საარჩევნო კამპანიის ფონზე (რაშიც მას, მეორე მხრივ, ფასდაუდებელი სამსახური გაუწია ფინანსური რესურსების შეუფერხებელმა მობილიზებამ და მორჩილმა ტელემედიამ).

ყველაფერმა ამან განაპირობა სახელისუფლებო კანდიდატის მხარდამჭერთა მობილიზება და მერყევთა ერთი ნაწილის გადმობირება, ხოლო ოპოზიციით იმედგაცრუებულ მოქალაქეთა დიდმა ნაწილმა არჩევნებს ზურგი აქცია. არადა, ოპოზიციას, უფრო კონკრეტულად,"ალიანსს" ჰქონდა პოტენცია და შანსი იმისა, უგულავასთვის რეალური კონკურენცია გაეწია ადგილობრივ არჩევნებში. "ალიანსმა" და მისმა ლიდერებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს შანსი ხელიდან გაეშვათ. არასაპარლამენტო ოპოზიციამ არათუ ხელი შეუშალა, არამედ ხელი შეუწყო უგულავას წარმატებას.

- "სახალხო კრება" და ნიჰილისტურად განწყობილი პროტესტანტები; ოპოზიციის ურთიერთბრალდებები მოსყიდვისა და გარიგების თაობაზე; "მაესტროს" გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი - თქვენი აზრით, ეს ყველაფერი წაადგება თუ არა ქართული სოციუმის პოლიტიკასთან დამოკიდებულებას?

- ოპოზიციური პოლიტიკოსების ბოლოდროინდელი დაპირისპირება და უმწვავესი ბრალდებები კიდევ უფრო გააღრმავებს ოპოზიციის კრიზისს, მის მიმართ ამომრჩეველთა ნიჰილისტურ დამოკიდებულებას. თუმცა, საბოლოოდ ამ პროცესებს შეიძლება დადებითი შედეგიც მოჰყვეს: პირველი -

ვფიქრობ, საბოლოოდ დაესვა წერტილი ოპოზიციის საყოველთაო გაერთიანების ილუზორული პროექტის ლობირებას როგორც თავად ოპოზიციური პარტიების, ისე ოპოზიციური ელექტორატისგან.

ოპოზიცია გაუმართლებლად დიდხანს ჩარჩა ამ, ერთ დროს საკმაოდ მომგებიან პოლიტიკურ სტრატეგიაში, რომელიც, პოლიტიკური პარტიების გამოცდილების ზრდასთან ერთად, თანდათან იქცა არარეალისტურად; და მეორე, - კიდევ უფრო გამკვეთრდება ოპოზიციურ პარტიათა მიერ მონიშნული სეგმენტების საზღვრები, ანუ ოპოზიციური პარტიები დაიწყებენ თავიანთი ნიშის მონახვას და არ“"ინადირებენ" მთელ ოპოზიციურ ელექტორატზე.

ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველსაც საშუალება მიეცემა, უერთგულოს რომელიმე პოლიტიკურ პარტიას არა იმ ნიშნით, რაც ამ პარტიას სხვა ოპოზიციურ პარტიასთან აერთიანებს (ასეთი გამაერთიანებელი ნიშანი, როგორც ადრე ითქვა, სააკაშვილის სიძულვილი იყო), არამედ ამ პარტიის კონკრეტული პროგრამისა და ღირებულებების გამო. ამრიგად, ოპოზიციურ ამომრჩეველს მოეხსნება "ვალდებულება", რაც აქამდე ჰქონდა, - უგულშემატკივროს მთელ ოპოზიციას;

მესამე - დაიწყება ოპოზიციური სპექტრის კრისტალიზაცია: ზოგიერთი პოლიტიკოსი, პარტია ჩამოიწერება, მოსალოდნელია ოპოზიციური პარტიების გამსხვილებაც და ა.შ. საბოლოოდ შეიძლება ითქვას, რომ შიდაოპოზიციური დაპირისპირება ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ოპოზიციური კულტურის ამაღლებას.

- დამოკიდებულება ამა თუ იმ მოვლენის ან სფეროს მიმართ საქართველოში კვალავაც ულტრარადიკალურია. ხელისუფლება აცხადებს, რომ ეკონომიკა ყვავის, ტურიზმი განვითარების ზენიტშია, რეფორმები წარმატებით მიმდინარეობს... მეორე მხარე 2011 წელს ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ კოლაფსს გვიქადის. თქვენი პროგნოზი როგორი იქნება?

- საქართველო ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად აღიარეს რეფორმების გატარებაში. თუმცა, ერთია რეფორმების გატარება, ხოლო სხვა - რეფორმის შინაარსი და, რაც მთავარია, მისი პროდუქტი. 2011 წელი რეფორმების შუალედური ან გრძელვადიანი პროდუქტების შეფასების წელი იქნება განათლების სფეროში, ბიზნესსა და ეკონომიკაში, პოლიტიკაში, მედიაში და ა.შ. უდავოა, რომ  2011 წელს ხელისუფლების ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევა იქნება უმწვავესი სოციალური პრობლემების მოგვარება.

ქვეყანაში იზრდება უმუშევრობა, ღატაკი და ღარიბი ოჯახების რიცხვი, ხელისუფლება თავად ლაპარაკობს ინფლაციის ზრდაზე და მის შემდგომ მატებასაც წინასწარმეტყველებს, ინვესტიციების ნაკადმა მნიშვნელოვნად იკლო - ყველაფერი ეს ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება დენთის კასრად იქცეს.

რასაკვირველია, მედიის თავისუფლებისა და გამჭვირვალობისკენ გადადგმული პირველი ეფექტიანი ნაბიჯი ჯაჭვურ რეაქციას გამოიწვევს და მას აუცილებლად მოჰყვება ტელემედიის სახელისუფლებო წნეხისაგან გათავისუფლების სხვა მექანიზმების ამოქმედების მოთხოვნა. 2011 წელს ხელისუფლება იმ ზომით იგრძნობს დისკომფორტს, რა ზომითაც უპასუხებს ზემოაღნიშნულ გამოწვევებს.