"გაზსადენის გაყიდვით უფრო მეტს დავკარგავთ, ვიდრე მივიღებთ" - კვირის პალიტრა

"გაზსადენის გაყიდვით უფრო მეტს დავკარგავთ, ვიდრე მივიღებთ"

"ნოღაიდელისგან ფულის გადაუხდელობა გასაკვირი სულაც არ არის"

"კატინის" საქმეში მართლაც არ უნდა იყოს ყველაფერი სუფთად, რაკიღა რუსეთთან დაპირისპირება თავისი პრორუსული დამოკიდებულებით ცნობილმა დონალდ ტუსკმაც გადაწყვიტა. სმოლენსკში მომხდარ ავიაკატასტროფაში, რომელმაც პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის და 95 პოლონელის სიცოცხლე იმსხვერპლა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი რუს ავიადისპეტჩერებს ადანაშაულებს: "დღეს შეიძლება ითქვას, რომ კატასტროფა არ მოხდებოდა, "სევერნის" აეროპორტის ავიადისპეტჩერებს დაფრენის ნებართვა რომ არ გაეცათ. პილოტებისთვის ყველაფრის გადაბრალება უპატიებელი შეცდომაა".

საინტერესოა, როგორი იქნება თავად პოლონელ გამომძიებელთა დასკვნა. როგორც წესი, ასეთი შემთხვევები ათწლეულების განმავლობაშიც კი ბურუსით არის მოცული, ისიც ფაქტია, რომ პოლონელებისთვის სიმართლის დადგენა ეროვნული თავმოყვარეობის საკითხი იქნება. რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის თავმოყვარეობას, - თუ გამოქვეყნებული ფოტოებით ვიმსჯელებთ, ობამასთან შეხვედრის შემდეგ სააკაშვილის თავმოყვარეობა ასი პროცენტით დაკმაყოფილებულად შეიძლება ჩაითვალოს. მანამდე პრეზიდენტმა თავბრუ American Enterprise-ში შეკრებილ საზოგადოებას დაახვია - საქართველოს განვითარების შესახებ მის გამოსვლას ევროპის ბევრი განვითარებული ქვეყნის ლიდერი სიამოვნებით მოაწერდა ხელს. ცხადია, ბევრი რამ კეთდება და გაკეთებულა კიდეც, მაგრამ ასეთი ავტოდითირამბები და გაზვიადება, რაც გაკეთდა, იმასაც ფასს უკარგავს.… დაწვრილებით ქვეყანასა და მის გარეთ მიმდინარე მოვლენებზე რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით:

- ობამა-სააკაშვილის შეხვედრაზე ინფორმაცია თეთრი სახლის ადმინისტრაციამაც გაავრცელა. პრეზიდენტებს მოგვიანებით ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენიც შეუერთდა. როგორც ჩანს, ობამას ადმინისტრაციისთვის საქართველოს საკითხი კვლავ აქტუალური ხდება?

- პირველ რიგში, მინდა "კვირის პალიტრის" მკითხველს ახალი წელი მივულოცო და ბედნიერება ვუსურვო. წარმატებას გილოცავთ თქვენც - რაკიღა მკითხველმა "კვირის პალიტრის" ჟურნალისტების საკმაოდ ძლიერ გუნდში გამოგარჩიათ და წლის ჟურნალისტად დაგასახელათ. რაც შეეხება თქვენს კითხვას - ყოველი შეხვედრის შემდეგ სწორედ ეს შეკითხვა გაისმის, შეიცვალა თუ არა რაიმე საქართველოსთან დამოკიდებულებაში. რეალურად ვაკვირდებით, რომ შეხვედრების შინაარსი, ყოველ შემთხვევაში, ის, რაც ჩვენამდე აღწევს, დიდი აქტუალურობით არ გამოირჩევა. ვფიქრობ, ეს გარკვეული თვალსაზრისით, არა იმდენად საქართველოს თემითაა განპირობებული, რამდენადაც იმასთან კავშირით, რაც ობამასთვის მართლაც მწვავეა. კერძოდ, მისი ოპონენტების კრიტიკაში ხშირად ფიგურირებს ქართული თემა და საქართველოს უყურადღებოდ მიტოვება. სწორედ ამიტომ გამოკრთება შიგადაშიგ ობამას ადმინისტრაციის დღის წესრიგში ამა თუ იმ ფორმით საქართველოს საკითხი.

ასეთივე ხასიათი ჰქონდა საქართველოს მიმართ თეთრი სახლის ადრინდელ აქტიურობასაც. სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონის ვიზიტი გავიხსენოთ, - მაშინ საჯაროდ ისეთი არაფერი უთქვამს, რისი განცხადების სახით თქმაც ამერიკაშივე არ შეეძლო. სავარაუდოა, სწორედ ვიზიტში იყო საქმე - ანუ, იმის ჩვენებაში, რომ ამერიკისთვის საქართველო სულერთი არ არის. ასე რომ, ასეთ შეხვედრებში, როცა არსებითი საკითხი არ წამოიჭრება და სამართლიანი, მაგრამ მაინც მხოლოდ მადლობის გადახდით სრულდება, სწორედ ეს მომენტი უნდა იყოს ჩადებული - შიდაპოლიტიკური ოპონენტებისთვის იმის დამტკიცება, რომ საქართველო შუა ბრძოლაში არავის მიუტოვებია.

- ძალიან ბევრი რამ გვაქვს, საამაყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში, American Enterprise-ში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "შევხედოთ, როგორი ცათამბჯენები შენდება საქართველოში კერძო ბიზნესის წყალობით. ჩვენს პატარა ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროს არაოკუპირებულ ნაწილში, ამჟამად უფრო მეტი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროა და მეტი მშენებლობა მიმდინარეობს, ვიდრე მოსკოვში" - ცხადია, წარმატებებზე საუბარი შეიძლება და კარგიცაა, მაგრამ ასეთი გადაჭარბება რა საჭიროა? ვითომ, ამერიკელი დიპლომატები და ჟურნალისტები ვერ გაარკვევენ, საქართველომ შვეიცარიას გაუსწრო თუ არა? პრეზიდენტს ხომ შეეძლო უფრო მოზომილად ეთქვა სათქმელი?

- ალბათ, მაინც უფრო პიარული პრინციპი მოქმედებს - მე ვიტყვი და ერთმა პროცენტმაც რომ დამიჯეროს, ხომ კარგი, თუ ისიც არ დაიჯერებს, რა დაშავდებაო. ასეთი არდაშავების მოდელი მთლად სწორი არ არის, რადგან დაშავდება ის, რომ შენს სიტყვას ფასი დაეკარგება. ეტყობა, ამას სააკაშვილი ანგარიშს არ უწევს. ალბათ, სტილსაც აქვს მნიშვნელობა, რადგან მიხეილ სააკაშვილს ქება უფრო უყვარს, ვიდრე კრიტიკული დამოკიდებულება იმის მიმართ, რაც მის სახელს უკავშირდება. ნაწილობრივ ხასიათის თავისებურება განსაზღვრავს იმას, რომ საერთაშორისო ასპარეზზეც იმ სტილით ილაპარაკო, რა სტილითაც შიდა პროპაგანდა მუშაობს -  იმ "საოცარი" წინსვლის ჩვენებით, რისი გადამოწმებაც ნებისმიერი უცხოელი ბიზნესმენისთვისაა შესაძლებელი.

- ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ყოფილმა თანამშრომელმა, მოძრაობა "კოკოითი ფანდარასტ"ის ლიდერმა ვლადიმირ სანაკოევმა ვლადიკავკაზში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ირონის" ფსევდონიმით საქართველოში "ეფ-ეს-ბე"ს დავალებებს ასრულებდა. ამ განცხადებამ არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია - ცხინვალში სანაკოევის "შტირლიცობა" დიდად არ სჯერათ, თბილისში კი ექსპერტების ნაწილი ამას შესაძლებლად მიიჩნევს.

- ვლადიკავკაზში გაკეთებული განცხადების ტექსტს დავამატოთ ინტერვიუ ერთ-ერთი ქართული ტელევიზიის პირდაპირი ეთერით. მან, ჯერ ერთი, აგენტობა იუარა, - ფული არასოდეს ამიღია, უბრალოდ, ნაცნობები იყვნენ სპეცსამსახურების თანამშრომლებიო. საერთოდაც, არეული პასუხები ჰქონდა - ეს არ იყო ერთი ლოგიკური ხაზით წარმართული საუბარი. ეს გვაფიქრებინებს, რომ ამბავი უფრო შეთხზულია, ვიდრე რეალური. ძნელი სათქმელია, რაში დასჭირდა სანაკოევს ამის მოგონება. ჩემთვის ყველაზე სარწმუნო მამუკა არეშიძის კომენტარია, რომელმაც ეჭვი შეიტანა სანაკოევის სიტყვების სიმართლეში მის აგენტობასთან დაკავშირებით, რადგან ის არც სერიოზულ ინფორმაციას ფლობს და არც საიმისო გავლენა ჰქონდა, რომ აგენტობა შესძლებოდა. როგორც ჩანს, მან ეს უფრო პირადი ცხოვრების მოსაწყობად, უფრო სწორად კი პრობლემების მოსაგვარებლად მოიგონა.

- რუსეთის ხელისუფლებას ხომ ყოველ წუთს შეუძლია სანაკოევის სიტყვების გაბათილება - თუ ცხინვალში გაკეთებულ საპროტესტო განცხადებებსაც გავითვალისწინებთ, სანაკოევი კარგ დღეში არ აღმოჩნდება..

- რუსეთს შეუძლია არა მხოლოდ გააბათილოს, არამედ ცრუბრალდებაზე საქმეც კი აღძრას. ის რომ აგენტი ყოფილიყო - სერიოზული აგენტი ასეთ საკითხებზე საჯაროდ არ უნდა ლაპარაკობდეს. იგი  არასერიოზული ფიგურაა, რომელიც შეიძლება წვრილმან დავალებებს ასრულებდა კიდეც. მოგეხსენებათ, ასეთი ხალხი დიდი ჭკუით არ გამოირჩევა. ვერც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიზანი საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია იყოს, მათ შორის, იმ ხელისუფლებისაც, ცხინვალის რეგიონის ადმინისტრაცია რომ ჰქვია.

- 2011 წელს ქართული ოპოზიცია არცთუ წელგამართული შეხვდა - ჯერ იყო და, ურთიერთბრალდებების ნიაღვარი გაჩნდა ფულის აღებასა თუ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. მოგვიანებით, ამას ტელეკომპანია "მაესტროსთან" დაკავშირებით ატეხილი ხმაური დაემატა. წელს კი იუსტიციის სამინისტრომ მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის"" ბედი ზურაბ ნოღაიდელთან დაპირისპირებული თანაპარტიელების სასარგებლოდ გადაწყვიტა - თავის მხრივ, საკუთარი პარტიიდან გაგდებული ექსპრემიერი თანაპარტიელების სახელფასო დავალიანების დაფარვას არ აპირებს. როგორც თავად განაცხადა, ის ადამიანები, ვინც მის წინააღმდეგ ღალატში მონაწილეობდნენ, ფულს ვერასდროს მიიღებენ. რამ გამოიწვია ეს მოვლენები - ქართული ოპოზიციის უმწიფრობამ თუ ხელისუფლების "სიმწიფემ"?

- ხელისუფლების ხელი, შესაძლოა, დაინახო ნოღაიდელის ისტორიაში და ყოფილი პრემიერი ამბობს კიდეც - ყველაფერი ხელისუფლებამ მომიწყოო. მაგრამ ფაქტობრივი პრობლემაც არის: გადაიხადა ნოღაიდელმა სახელფასო დავალიანება თუ არ გადაიხადა? თუ არ გადაუხდია, ხელისუფლება სულაც არ იყო საჭირო იმისთვის, რომ მის თანაპარტიელებს პროტესტი გამოეთქვათ. შესაძლოა, ხელისუფლებამ  "წააშველა" ამ მოვლენებს ხელი, მაგრამ ფულის გადახდის საკითხი რომ დგას, ცხადია. მეორე მხრივ, ნოღაიდელისგან ფულის გადაუხდელობა გასაკვირი სულაც არ არის. მისი მინისტრობა სწორედ ხელმომჭირნეობით იყო ცნობილი. ეს მას ხასიათში უნდა ჰქონდეს, ცუდია თუ კარგი ამგვარი ხასიათი, ძნელი სათქმელია.

ფინანსთა მინისტრისთვის ალბათ კარგია, სხვა მხრივ რა მოგახსენოთ. ხასიათში ამ კაცს უხეშობაც აქვს - რამდენჯერმე ჟურნალისტებთანაც ჰქონდა კონფლიქტი იმის გამო, რომ მედიის წარმომადგენლებს საკუთარი ხელქვეითებივით მიმართავდა. თუმცა ამგვარი ტონით ხელქვეითებსაც არ უნდა მიმართავდეს კაცი. ამ ტიპის კონფლიქტებმა ბუნებრივად მოამწიფა ის, რაზეც ნოღაიდელს თავად უნდა ეფიქრა - შესაძლოა, ვინმეს მოხერხებულად გამოეყენებინა თავისი მიზნებისთვის მისი და მისი პარტიის ურთიერთობა. რაც შეეხება სხვა კონფლიქტებს, მაინცდამაინც ვერც იქ ვხედავ ხელისუფლების ბოროტ განზრახვას, რადგან ძალიან ბუნებრივად გამოიყურება ის, რაც მოხდა. "ქართულმა პარტიამ" ოქრუაშვილის პირით გაღიზიანება გამოამჟღავნა ბურჯანაძის მიმართ. მერე ბურჯანაძის მეუღლემ "ქართულ პარტიაზე", კერძოდ კი გაჩეჩილაძეზე რაღაცები ილაპარაკა ჟურნალისტთან.

იმისთვის კი აღარ გაუწევია ანგარიში, რომ ჟურნალისტს ელაპარაკებოდა და ეს ყველაფერი გაზეთის ფურცლებზე მოხვდებოდა. ვფიქრობ, აქედან ჩამოყალიბდა ის ისტორია, რაც ჩამოყალიბდა. იმდენად ხშირად აყალიბებდნენ ურთიერთგამომრიცხავ ვერსიებს ქალბატონი ნინო, ბატონი ბადრი და ჟურნალისტი, რომელიც ამ პროცესში მონაწილეობდა, რომ მგონი, შემთხვევითობათა რიგმა შექმნა ის სკანდალი. თავის მხრივ, მე თუ მკითხავთ, ეს ყველაფერი ძალიან არახელსაყრელი იყო თვით ბიწაძისა და ბურჯანაძისთვის, უფრო ნაკლებად კი გაჩეჩილაძისთვის, რადგან თუ ვინმე დამჯერებელი იყო ამ ვერსიისა, სკანდალის გამოქვეყნებამდეც დაიჯერებდა, რადგან ამაზე საუბარი მანამდეც იყო. ისეთი არაფერი გამოქვეყნებულა, რომ ვინც არ დაიჯერა, იმათ აზრი შესცვლოდათ. მეჩვენება, რომ უფრო საკუთარ თავს ავნო ამ ხმების ავტორმა, ვიდრე "ქართულ პარტიას".

- აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კორპორაცია თბილისთან რუსეთ-სომხეთის გაზსადენის საქართველოს ნაწილის პრივატიზებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ სააგენტო აპა-ს კორპორაციის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განუცხადა. მისი თქმით, აზერბაიჯანულ მხარეს ამ გაზსადენის გამოყენება შავი ზღვის სანაპიროსთან გაზის ექსპორტირებისთვის სურს - ქართულ ოფიციოზს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. იმის გათვალისწინებით, რომ გაზსადენით სომხეთი სარგებლობს, რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს კავკასიის პოლიტიკურ დაფაზე?

- პირველი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ შეიცვლება როგორც ქართულ-სომხური, ისე ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები. პირველ შემთხვევაში, ცხადია, უარესობისკენ, რადგან თბილისსა და ერევანს შორის ნდობაც დაიკარგება და პარტნიორობაც. მაგრამ დადებითისკენ არც თბილისსა და ოფიციალურ ბაქოს შორის შეიცვლება რამე, რადგან თუ გაზსადენის კონტროლი აზერბაიჯანის ხელში გადავა, საქართველო ავტომატურად დაკარგავს იმ სტრატეგიულ და გეოპოლიტიკურ წონას, რაც ამ გაზსადენის ფლობით, თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე ჰქონდა. ასე რომ, თუ გავრცელებული ინფორმაცია რეალობასთან ახლოა, საქართველოს ხელისუფლება გაზსადენის გაყიდვით გაცილებით მეტს დაკარგავს, ვიდრე თანხის ან რაიმე სხვა დივიდენდების სახით შეიძლება მიიღოს.