"რაც ვნახე, წარმოუდგენელი სისასტიკე და ცინიზმია" - კვირის პალიტრა

"რაც ვნახე, წარმოუდგენელი სისასტიკე და ცინიზმია"

"ქართველს ყოველთვის რცხვენია იმის აღიარების, რომ მისი პროტესტი შიმშილით არის გამოწვეული"

"მეეჭვება, ევროკავშირის იურიდიულ დოკუმენტებში სიტყვა "ოკუპაცია" და "ოკუპანტი" გაჩნდეს"

შვიდი-რვა წლის გოგონა დარცხვენილი ამბობს: - პოლიციელებმა ალყა შემოგვარტყეს და აქეთ წამოგვიყვანეს...

ჟურნალისტის კითხვაზე, თქვენი ნებით წამოხვედითო? - შუახნის ქალი ცრემლებს ყლაპავს: - აბა, ნებით როგორ, შვილო, მე ამ ადგილის არსებობაც კი არ ვიცოდი.…

ახალგაზრდა ქალმა კი თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა: - როგორ გავუძლებთ ამ ყველაფერს?…

ბაკურციხეში აგვისტოში ჩასახლებული ქალი: - ღუმელი არ გვინთია, გაზი არ არის,…შვილიშვილი შეგვეძინა, შეშაზე მივედი და უარი გვითხრეს (ეს ის ადგილია, სადაც შაბათს, დილიდან დევნილებს ძალით მიერეკებოდნენ), სულ ოცდაორი ლარია ჩვენი ფული. მაღაზიაში ყველაფერზე მომატებულია ფასები, სამოცი ლარი ვალი მაქვს, ვეღარ მივდივარ. აგვისტოს მერე აქეთ ვართ - არც გამგებელმა მოგვიკითხა, არც სამინისტრომ და არც არავინ. თითო პურის ფული მაინც მოეცათ! სად ვიმუშაოთ, რა გავაკეთოთ, დღეს-ხვალ…გაძლებაზე ვართ. როგორმე ზამთარმა რომ გადაიაროს, იქნებ მერე გამოჩნდეს რამე სამუშაო.

პოლიციელთა კორდონის წინ ახალგაზრდა ქალი დგას. სულ უკან, კორდონის მიღმა, ბარგსა და ავეჯს სატვირთო მანქანებში უმისამართოდ ყრიან. ქალი აღარ ნერვიულობს, უფრო სწორად, ვეღარ - ცრემლებს ყლაპავს და გულში ბოღმაჩაკლული სათქმელს დაძაბული ამბობს: - იქ ჩვენ ვერ წავალთ, იმიტომ, რომ დედა აქ მყავს დასაფლავებული და საფლავს ვერ დავტოვებ, იმიტომ, რომ მამის საფლავი ერთხელ უკვე დავტოვე იქ, სადაც გავიზარდე. ერთი წლის ბავშვი რეანიმაციაში გვიწევს ხოლმე, ხშირად ავადმყოფობს. წინწყაროში სად წავიყვანო, ცუდად რომ გახდეს?

- სოფლის საერთო საცხოვრებელში გამოყოფილი ფართები საკარმიდამო ნაკვეთის გარეშეა.

- 85 წლის ქალია, წევს, მომაკვდავი. კი არ უნდა ჩამოიყვანონ, უნდა ჩამოასვენონ ბინიდან. რეანიმაციის მანქანას გამოვიძახებთ და სადაც გინდათ, წადითო.…

პარლამენტის წინ სიცივისგან მობუზული ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დგას. შემცივნებული ბავშვები ჩაუხუტებიათ. მესამე, პატარა, მამის ფეხებს უკან იმალება და ისე მოსჩერებია კამერას.

- რამდენი წლის არიან?

- ხუთი, ოთხი და სამი - კაცს სიმწრისა და სიცივისგან ხმა უკანკალებს, - გაუფრთხილებლად მოგვადგა პოლიცია და გამოგვასახლა. ტექნიკური შეფერხების გამო წინასწარ ვერ შეგატყობინეთო. სატვირთოზე დაგვსხეს და წინწყაროში ჩაგვიყვანეს. მუხლამდე ჭაობი იყო - ნაკელის ჭაობი. ვუთხარი, ბავშვებს აქ ვერ გავაჩერებ-მეთქი. უკან წამოვედით, თბილისში. ბარგი დავალაგე ზოგი სად, ზოგი სად, სარდაფებში და ვართ ასე, აქ ვდგავართ.

ჩვენი რუბრიკისთვის უჩვეულო ფორმატში მოყვანილი დიალოგები ჩემი ფანტაზიის ნაყოფი არ გეგონოთ - პალიტრატვ.გე-ს საიტზე თუ შეხვალთ, ყოველი სიტყვის უკან კონკრეტულ ადამიანს დაინახავთ. უფრო სწორად, კონკრეტულ, გულდაწყვეტილ და დაბოღმილ სახეს. ეს არ არის ისტერიკაში ჩავარდნილი ადამიანების მოთქმა, რაც კიდევ უფრო შემაძრწუნებელია. ისეთი სახეები აქვთ, გულნატკენი და დაჩაგრული, გაცნობიერებული რომ აქვთ, ძალა აღმართს ხნავსო. ამ კადრების შემხედვარეს, ბევრი კითხვა მებადება: რატომ ახლა, შუა ზამთარში? რატომ გაუფრთხილებლად, დაუდევრად და ცინიკურად? რატომ ისეთი ადგილებიდან, არავითარი კომერციული თუ სახელმწიფოებრივი დატვირთვაც კი რომ არ შეიძლება ჰქონდეს და რატომ ისეთ ადგილებში, ადამიანს თოხითაც რომ არ შეუძლია თავის რჩენა, რადგან არც თოხს აძლევს ვინმე და არც მიწას, თოხი რომ უბაყუნოს?…რატომ, რატომ, რატომ?

რასაც ვხედავ და ვუსმენ, მეც იგივე განცდა მიპყრობს - ძალასთან რომ ვერაფერს გააწყობ და ვერას გახდები. მათთვის წინასწარ არავის უჩვენებია ხელმეორედ გადასახლების ადგილები, რადგან ჩვენს პრეზიდენტს ხშირად ცათამბჯენების ნახატებით თავის მოწონება ურჩევნია და როგორც ჩანს, დევნილები (ისევე, როგორც ვეტერანები) "ხედს" უფუჭებენ. არც მომხდარის შემდგომ შეუწუხებია თავი ვინმეს განმარტებით და, ალბათ, არც შეიწუხებს. გამოსახლებას ევროკავშირის დამკვირვებლები ესწრებოდნენ. სახეები კი ჰქონდათ შეშინებული, მაგრამ ან ისინი რას იზამდნენ? დიდი-დიდი, დაგმონ, ოღონდ ერთი თვის შემდეგ. გამოსახლებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც ესწრებოდნენ, მაგრამ პარლამენტთან მინიმუმ ასორმოცდაათი ათას კაცს თუ არ დაუყენებ, მათაც არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. რომც დაუყენო, ერთადერთი, რაც შეუძLლიათ, იმაზე ფიქრია, რა უყონ ხალხს, სამების ტაძრისკენ წაიყვანონ თუ რკინიგზის სადგურზე ბათუმის მატარებლის დასაბლოკად. სხვა, ცივილიზებული, საზოგადოებრივი და პოლიტიკური აქტივობის გზა, არ არსებობს და, ალბათ, ამაში დამნაშავე მხოლოდ ხელისუფლებაც არ არის. ქართველებს წარმატებისკენ მიმავალი იოლი გზა გვიყვარს: ხელისუფლებას - ცათამბჯენებისა და რეიტინგების დახატვა და შინ თუ გარეთ თავმოწონება; ოპოზიციას - ქუჩაში დგომა და მუშტების ქნევა ან მოსკოვში სირბილი (გეგონება, იქაური დემოკრატია აქაურს სჯობდეს რამით). ისღა დაგვრჩენია, ჩემო მკითხველო, ვწეროთ მანამდე, სანამ ყველაფერი ლოგიკურ ფინალამდე არ მივა და კიდევ, ვილოცოთ, რომ ფინალი ტრაგიკული არ იყოს.

გასული კვირის ავ-კარგზე გია ხუხაშვილს ვესაუბრებით:

- შუა ზამთარში დევნილების იძულებით გამოსახლების ლოგიკური მიზეზის მოძებნა ძნელია. მე ამ ყველაფერს დიდი დევნა დავარქვი. თქვენი აზრით, რას უკავშირდება ხელისუფლების ესოდენ არაპოპულარული ნაბიჯი?

- ეს არის კითხვა, რომლის პასუხიც შეიძლება ისეთი შემზარავი იყოს, რომ თქმაც მიჭირს, რადგან ყოველთვის გინდა, ადამიანში კარგი დაინახო. აქედან გამომდინარე, სიმართლე გითხრათ, ამ საკითხს შეგნებულად არ ვუღრმავდები.

შეიძლება ითქვას, რომ ამ ხალხს ადამიანებად არ თვლიან. რაც ვნახეთ, წარმოუდგენელი სისასტიკე და ცინიზმია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლების ამ ქმედებაში არის ლოგიკა და სიმართლის მარცვალიც კი, ფორმა, რომლითაც ეს გაკეთდა, ამაზრზენია.

მეორე მხრივ, ემოცია რომ გვერდით გადავდოთ და ცივი გონებით ვიმსჯელოთ, მოტივაცია მრავალნაირი შეიძლება იყოს და მიზეზების მთელი წყებაც გაჩნდეს, თანაც არსებობის უფლება და ლოგიკა ყველას ექნება. მაგალითად, ამის მიზეზი შეიძლება იყოს საპროტესტო მუხტის დაქსაქსვის განზრახვა; ლტოლვილების საკითხის უკან გადაწევა და მიჩქმალვა; ფინანსური მაქინაციები, ლტოლვილთა დახმარებით მანიპულირება, საერთაშორისო სტანდარტებით მიღებული ცხოვრების პირობების დამალვა; უბრალოდ, დათრგუნვა დევნილებისა და მთლიანად, საზოგადოებისა, რომ ხელისუფლება აკეთებს იმას, რაც სურს... როგორც ხედავთ, შეიძლება ძალიან ბევრი მიზეზი იყოს. ისიც შესაძლებელია, ხელისუფლებას ყველაფერი ეს არც აქვს რაციონალურად გააზრებული,  ქვეცნობიერიდან მომდინარე აგრესიულობით არის ნაკარნახევი და მეტი არაფერი.

- ბრძანეთ, ხალხს ადამიანებად არ თვლიანო, მაგრამ ამ პროცესების მომსწრენი და მეთვალყურენი იყვნენ ევროკავშირის მონიტორები, ოპოზიციონერები და ბოლოს, მთლიანად ქართველი საზოგადოება. გასაგები მიზეზების გამო, ოპოზიციისა და საზოგადოების იგნორირება ხელისუფლებისგან შესაძლოა ლოგიკურიც არის, მაგრამ ვითომ არც საერთაშორისო საზოგადოების, ამ შემთხვევაში, ევროკავშირის აზრი ადარდებს ვინმეს?

- ევროკავშირის ფორმებში ჩაცმული პირების კადრები ვებგვერდზე მეც ვნახე, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მთლად დარწმუნებული არა ვარ, რომ ნამდვილად ევროკავშირის წარმომადგენლები იყვნენ. შესაძლოა, ვიღაცას უნდოდა, საზოგადოებას ეფიქრა, რომ ყველაფერი რიგზეა, კანონიერი, რაკიღა გამოსახლება ევროკავშირის წარმომადგენელთა თანხლებით მიმდინარეობდა. საინტერესოა, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვის წარმოადგენდნენ? ყოველ შემთხვევაში, ევროკავშირს ამის შესახებ ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია.

- გასულ კვირას დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ისტორიულ ტაო-კლარჯეთში ტაძრების აღდგენისა და საქართველოში მეჩეთების აშენების საკითხმა. საზოგადოების აზრი ორად გაიყო: ერთნი მიიჩნევენ, რომ ქართული ისტორიული სიმდიდრის პატრონობა აუცილებელია, მეორენი კი მეჩეთების აგებაში ეროვნულ საფრთხეს ხედავენ.

- ნებისმიერ შემთხვევაში ჯობს, ასეთი პროექტები შესაბამის ინსტიტუტებთან კოორდინაციით ხორციელდებოდეს. სხვათა შორის, საქართველოში არც მეჩეთების აშენებაა პრობლემა. არა მგონია, ვიღაცას მეჩეთის აშენება მოენდომებინა ამ პროექტისგან დამოუკიდებლად და მასობრივი პროტესტი გადაღობებოდა წინ. "გაცვლა", "ბარტერი" არ არის ის ტერმინები, რომლებითაც ასეთ თემებზე ლაპარაკი შეიძლება. ვფიქრობ, საპატრიარქოსთან კონსულტაციებით შეიძლებოდა ისეთი ფორმის გამონახვა, რომლითაც, ვთქვათ, ურთიერთტოლერანტობის გამოვლენა დაერქმეოდა ამ ყველაფერს და არ მიეცემოდა ბარტერის კვალიფიკაცია. ამ ამბავს დიდი ხმაური სულაც არ მოჰყვებოდა, მოლაპარაკებაში ერთ-ერთ მხარედ საპატრიარქოც რომ ყოფილიყო ჩართული. მაგრამ აქამდე ეს მისი დემონსტრაციული იგნორირებით მიმდინარეობდა, რაც საქართველოს მსგავს ქვეყანაში, ბუნებრივია, ვნებათაღელვისა და დაეჭვების გარეშე ვერ ჩაივლიდა.

- ტუნისის მოვლენების ამსახველმა კადრებმა მთელი მსოფლიო შეძრა. როგორც ცნობილია, ამ ქვეყანაში სოციალურმა პრობლემებმა ხელისუფლების გადატრიალება და უმართავი პროცესები გამოიწვია. ასეთი მასშტაბის არა, მაგრამ მასობრივი მღელვარება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაშიც არის. საინტერესოა, რომ ტუნისის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი საქართველოსაზე მაღალია - ევროპაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

- სოციალური რევოლუციის რისკი ქვეყანაში ყოველთვის შეიძლება იყოს. თუმცა საქართველოში ასეთი რამ არ მომხდარა და ვფიქრობ, არც მოხდება ორი მიზეზის გამო: პირველი - სოციალურ რევოლუციას ესაჭიროება მაკონსოლიდირებელი ძალები, ავტორიტეტული მემარცხენე პოლიტიკური ორგანიზაციები, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პროფკავშირების საქმეში ჩართვა. სამწუხაროდ, პროფკავშირები ჩვენთან არ არსებობს. რაც შეეხება მემარცხენე პოლიტიკურ ძალებს, ისინი არიან, მაგრამ საპროტესტო მუხტის კონსოლიდაციის უნარი და ძალა არ გააჩნიათ; და მეორეა - ქართული ხასიათი და მენტალიტეტი. ქართველს ყოველთვის რცხვენია იმის აღიარების, რომ მისი პროტესტი შიმშილით არის გამოწვეული. ურჩევნია, ამას მაღალფარდოვანი სახელი დაარქვას, იგულისხმოს შიმშილი, მაგრამ სხვა რამით შენიღბოს. ხშირად საპროტესტო მიტინგების მონაწილეთა მოტივაცია სწორედ სოციალური ხასიათისა იყო, მაგრამ საჯაროდ ამას არავინ აღიარებდა და ასახელებდნენ სიტყვის თავისუფლებას, დემოკრატიასა და ა.შ. აქედან გამომდინარე, სოციალური რევოლუცია საქართველოშიც შესაძლებელია, მაგრამ მას სხვა სახელი დაერქმევა. ასეთი ტიპის რისკები საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს.

- გასულ კვირას, როგორც ნაციონალურმა მაუწყებელმა გვამცნო, საქართველომ მორიგ გამარჯვებას მიაღწია: სიტყვა "ოკუპაცია" ამჯერად ევროპარლამენტის რეზოლუციაში მოხვდა. რისი მომტანია ეს ტერმინოლოგია საერთაშორისო დოკუმენტებში?

- ჯერ ის უნდა ვთქვათ, რომ ამ დოკუმენტში ძალიან  ბევრ რამეზეა ლაპარაკი და საკმაოდ მოკრძალებულ კონტექსტში ხმარობენ სიტყვა "ოკუპაციას". ეს თავისთავად კარგია, მაგრამ ლაპარაკი იმაზე, რომ ეს იყო აქცენტირებულად ნათქვამი, არ შეიძლება. მეეჭვება, ევროკავშირის იურიდიულ დოკუმენტებში სიტყვა "ოკუპაცია" და "ოკუპანტი" გაჩნდეს, რადგან ამას ოკუპანტი ქვეყნისთვის სანქციების დაწესებაც უნდა მოჰყვეს. საქმეც ის არის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები კი არის რეზოლუციაში ნახსენები, მაგრამ ვინ არის ოკუპანტი, ამაზე ევროპელები მოკრძალებულად დუმან. ეს რუსეთის ჩქმეტას უფრო ჰგავდა, ვიდრე კბენას, რაც საზოგადოდ სჩვევია ამ ბოლო დროს დასავლურ პოლიტიკას.

ჩქმეტით კი რუსეთს ვერაფერს უზამ, მეტსაც გეტყვით - კბენითაც ვერაფერს დააკლებ. ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმას, რასაც საქართველოს ხელისუფლება ვერ თუ არ ითვალისწინებს, ძალიან კარგად აცნობიერებს ევროპა - რუსეთი ის ქვეყანაა, რომელიც არასოდეს არაფრად აგდებდა სანქციებსა და მუქარას და პირიქით, კიდევ უფრო აგრესიული და სახიფათო ხდებოდა. დასავლეთმა ეს კარგად იცის და ამიტომაც არ ატარებს ისეთ სახიფათო და ავანტიურისტულ პოლიტიკას, როგორსაც ქართველი ხელისუფალნი, რასაც მე დავითისა და გოლიათის შერკინების პაროდიას დავარქმევდი.