"კაზაკი რაზბოინიკის" თამაშის დროა ახლა?" - კვირის პალიტრა

"კაზაკი რაზბოინიკის" თამაშის დროა ახლა?"

"ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ოპოზიცია უკვე მეორე ლიგაა"

"საზოგადოებამ ნათლად დაინახა, ვინ იყო ვეტერანების დარბევაზე განკარგულების გამცემი"

სატელევიზიო პროექტი - "პრეზიდენტი პასუხობს ხალხის შეკითხვებს" - გასული კვირის იმდენად მნიშვნელოვანი თემა აღმოჩნდა, რომ  აღმოსავლეთში მიმდინარე რევოლუციური ბატალიებისადმი ინტერესიც კი დაჩრდილა. პრეზიდენტი ხალხს იმ თემებზე ელაპარაკა, რაც ყველაზე მეტად აინტერესებდათ, მაგრამ საზოგადოებამ სწორედ უმწვავეს საკითხებზე ვერ მიიღო ამომწურავი პასუხი. სააკაშვილმა ოსტატურად აუარა გვერდი შიდა პრობლემებზე ლაპარაკს, მაგრამ ვერ სძლია ცდუნებას, უკვე სპარინგ-პარტნიორად ქცეული ვლადიმირ პუტინი არ ეხსენებინა. მასზე ლაპარაკმა იმდენად გაიტაცა, რუსეთის "ფაქტობრივი პირველი" რეპტილიად მოიხსენია. ამ ეპითეტს პუტინის მრისხანება რომ მოჰყვება, უცხოურმა პრესამ უკვე იწინასწარმეტყველა. განრისხებული პუტინი კარგს რომ არაფერს მოიმოქმედებს, ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს, მაგრამ რატომ უნდა ჰქონდეს საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის პრემიერის გამოწვევისა და გაღიზიანების სურვილი და რას არგებს ეს ჩვენს ქვეყანას, ძნელი სათქმელია.

სააკაშვილმა ხალხთან საუბრისას ოპოზიციას ფაქტობრივად დასცინა. სახელმწიფოს ძირის გამომთხრელებად დასახა და მერე ცინიკურად დაუყვავა, - ასეთი ძალაგამოცლილები და მისუსტებულები მეტად მესიმპათიურებითო. ოპოზიციის პასუხი ამაზე, წესით, მინიმუმ იმის ჩვენება მაინც უნდა ყოფილიყო, რომ სულს არ ღაფავს, მაგრამ ამას შნო და მოცლა ხომ უნდა. ოპოზიციას არც შნო აღმოაჩნდა და ვერც მოიცალა.  ერთმანეთთან ძიძგილაობაში ქართული ოპოზიცია ისე გაერთო, რომ სააკაშვილისთვის ხეირიანი სიტყვიერი (ქმედებას ვინ ჩივის) პასუხის გაცემაც გადაავიწყდათ.

გასულ კვირას ქართულ ბიზნესს ქომაგად საგადასახადო ომბუდსმენი დაუდგინეს. დაიცავს კი ბიზნესის თავისუფლებას პრემიერის ყოფილი მრჩეველი გიორგი პერტაია, რომელიც, როგორც ამბობენ, თავად არის თავისუფლებას მოკლებული, რადგან ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს?

გასული პოლიტიკური კვირის მთავარ თემებზე ექსპერტ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრეთ:

- ფორმა ხალხთან დიალოგისა იმდენად ჰგავდა პუტინის ფანტაზიის ნაყოფს, როგორც ჩანს, ამ ორმა პოლიტიკოსმა ვერა და ვერ გადალახა ერთმანეთის კომპლექსი.

მწვავე საკითხებისგან თავის არიდება არახალი პრაქტიკაა სახელმწიფოთა იმ მეთაურებისათვის, რომელთაც პრობლემები აქვთ შიდა დემოკრატიასთან. ამიტომ არ მიკვირს, როდესაც პასუხგაუცემელი დარჩა ისეთი მწვავე შეკითხვა, როგორიც იყო სახელმწიფო სტრუქტურების მიერ დევნილთა გაძევების ველური ფორმა, რომელიც თქვენმა კოლეგამ, მერაბ მეტრეველმა დასვა. პრეზიდენტს კრიტიკული სიტყვა არ წამოსცდენია დევნილთა სამინისტროს ბარბაროსული მოქმედების გამო და ეს არის მიმანიშნებელი, ვინ იყო ასეთი ველური დავალების ავტორი. ვერ გავიგეთ, იცნობს თუ არა პრეზიდენტი 18 ქართველი მეზღვაურის პრობლემას, რომლებიც ამდენი ხანია მეკობრეთა ტყვეობაში არიან. ბათუმში ჩატარებული ურიცხვი კონცერტიდან თუნდაც ერთის გამოტოვება დადებითად გადაწყვეტდა ამ საცოდავი ადამიანების ბედს.

პრეზიდენტის ნათქვამი, რომ შეჭირვებული ადამიანების გამო არაერთხელ უტირია, ყალბ სენტიმენტალობად აღვიქვი. თუ ასე განიცდის პენსიონერების მდგომარეობას, დაპირებული 100 დოლარი მაინც მიეცა მათთვის.

ჩემი აზრით, ვეტერანებს შეგნებულად მიაყენა პრეზიდენტმა შეურაცხყოფა. მათ ისეთი რამ დასწამა, საკუთარი თავიც კი დაავიწყა. საზოგადოებამ ამ შემთხვევაშიც ნათლად დაინახა, ვინ იყო ამ ვეტერანების დარბევაზე განკარგულების გამცემი.

- როგორც მოსალოდნელი იყო, პრეზიდენტი ვერ გაექცა რუსეთისა და პუტინის თემას. რუსეთის პრემიერის რეპტილიად მოხსენიება რამდენად დაათბობს საქართველო-რუსეთის ურთიერთობას და წაადგება ტერიტორიული პრობლემის მოგვარებას?

- როდესაც სააკაშვილი რეპტილიად იხსენიებს პუტინს, ფაქტია, ცდილობს, რუსეთის პრემიერი გააბრაზოს.

ასეთი მსოფლმხედველობა აქვს მთელ ხელისუფლებას და ერთი კაცი ვერ გამოჩნდა, რომელიც შესთავაზებდა პრეზიდენტს, რაიმე სხვა ტერმინით მოეხსენიებინა მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელი. ის, ვისაც უპირობო დიალოგზე თანხმდები, მეორე კვირას ქვეწარმავალს არ უნდა შეადარო. ასეთი აბუჩად აგდებული ტონი მიღებული არ არის საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნების ლიდერებს შორისაც კი.

- არაერთი კითხვა დაუსვეს პრეზიდენტს სოციალურ თემატიკაზე, ფასების ზრდასა და ინფლაციაზე, იყო კი მისაღები პრეზიდენტის პასუხი, - ამას ვერ გავექცევითო?

- ინფლაციის დაძლევაზე ხელების დაბანა და  ლაპარაკი - სახელმწიფოს არ ძალუძს ამ პროცესის დარეგულირებაო, გამოხატულია არაერთ ეკონომიკურ კვლევაში, რომელიც რეალურად საბაზრო ეკონომიკას კი არა, ქართულ ველურ "ბენდუნომიკას" იკვლევს.

ჩვენი არშემდგარი ერჰარდი, ბატონი ბენდუქიძე უარს ამბობს სურსათის უვნებლობის კანონმდებლობის მიღებაზე. მისი თანამოაზრეები ამას იმით ასაბუთებენ, რომ სჯობს, ადამიანმა თავად იზრუნოს ჯანმრთელობაზე, თვითონ შეამოწმოს, რას ჭამს, ვიდრე რომელიმე ბიუროკრატს ენდოს ამ საკითხში.

ამ ლოგიკას თუ მივყვებით, გასაკვირი, ალბათ, არც პრეზიდენტის ის ნათქვამია, რომ ჩინელებს ჭამა დაუწყიათ. საკვირველი მხოლოდ ის არის, რომ ჩინეთს მადა საქართველოში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოემატა განსაკუთრებით, რასაც ფასების ზრდა მოჰყვა. უცნაურია, რომ ამ დროს თურქებს ჭამისთვის თავი დაუნებებიათ, რადგან ერთი და იგივე წამალი სტამბოლში თბილისზე ორჯერ იაფია. ფასთა სხვაობებს თუ მადით გავზომავთ, არ მგონია, წინ წავიდეს არა მარტო ჩვენი ეკონომიკა, არამედ ცნობიერებაც.

ინფლაციის დასაძლევი ღონისძიებების გატარება შესაძლებელია, მაგრამ ამის წინ დგას ერთი ურყევი წინააღმდეგობა - ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობა.

დაიჯერებს ვინმე, რომ ჩვენი ხელისუფლება რაიმე გასართობ ღონისძიებას მოაკლებს ფულს და საბიუჯეტო ხარჯებს შეამცირებს? მახსენდება შარშან, დაახლოებით ამ დროს, დასავლელი კოლეგების მიმართ ქილიკობდა პრეზიდენტი სააკაშვილი, - რას შვრებით, როგორ აგვარებთ სახელმწიფოს ხარჯზე ინფლაციის პრობლემას. აი, ჩვენ არ გვაქვს ეს პრობლემა და შეგვიძლია ჩვენი სპეციალისტებიც გამოგიგზავნოთ, რომ ეკონომიკური კრიზისიდან გამოხვიდეთო. ცინიზმსაც აქვს საზღვარი. ამას ამბობს ადამიანი, რომელმაც 4 მილიარდი დოლარი მიიღო იმ ქვეყნებიდან, რომელთა ხელისუფლებასაც აკრიტიკებდა, დასცინოდა და ვერ ხვდებოდა, ფინანსური ნაკადის შემოდინების შეწყვეტის შემდეგ თავადაც მათ მდგომარეობაში რომ აღმოჩნდებოდა.

სააკაშვილს ცუდი ეკონომიკური მრჩევლები ჰყავს, თუმცა არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ პრეზიდენტი რომელიმე ეკონომიკურ მრჩეველს ეკითხება რამეს და ისე ლაპარაკობს.

ეკონომიკური პრობლემები იქამდე გაგრძელდება, სანამ ჩვენი მოსახლეობის ნაწილი შიმშილით სიკვდილს ხმის ამოღებას არ ამჯობინებს. არ გამოვრიცხავ, სოციალური უკმაყოფილება ხელისუფლების ინტერესშიც შედიოდეს, რადგან ხალხის უსუსური წინააღმდეგობა გაფორმდება, როგორც კრემლის ინტერვენცია ქართულ რეალობაში, დასახელდება პიროვნებაც, ვისაც თურმე მოსკოვი პრეზიდენტად სვამდა. დაერევიან უიარაღო ხალხს, იქნება სისხლი, მივიღებთ ისეთ შედეგს, რომ მომდევნო 10 წელი კიდევ არავინ გაბედოს ქუჩაში გამოსვლა. 2007 წელს ხომ მოვისმინეთ, - საქართველო უკვე შემდგარი სახელმწიფოა და პროტესტს არ დაუშვებსო. თურმე ტუნისი, რომელიც დიდი ხანია ევროკავშირის ასოცირებული წევრია, სახელმწიფო არ ყოფილა.

- მაგრამ გავიხსენოთ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილს გადადგომად დაუჯდა 2007 წლის ნოემბერი.

- კანონმდებლობა ხომ უკვე მომზადდა, სათანადო სცენარებიც მომზადდება. ჩვენ ხომ 6-ჯერ მეტი სასჯელი გვაქვს წვრილმანი ხულიგნობისთვის, ვიდრე სტალინს ჰქონდა საბჭოთა პერიოდში. ადამიანი, როგორც ფასეულობა, ამ ხელისუფლებისთვის ნულოვანი განზომილებაა. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რაიმე ტიპის პროვოკაცია მოაწყოს ხელისუფლებამ, რომ სისხლი დაიღვაროს და შემდგომ გაშმაგებულმა ძალა გამოიყენოს. ხელს არავინ ანძრევდა 7 ნოემბერს, მაგრამ ზარ-ზეიმით გამოიყენეს ყველანაირი ტექნიკა. უწესო ბავშვებივით ვერც ახლა ისვენებენ. უამრავი ვითომ არალეტალური იარაღი შემოიტანეს, კანონიც მზად არის, ციხეებიც, მაგრამ მასობრივ დაჭერას ვერ ახორციელებენ. მომსწრენი ვართ, ერთმანეთთან საკითხის გარჩევის ნაცვლად, ცალკე გაჩეჩილაძე და ცალკე ბურჯანაძე როგორ ქმნიან რაიონებში თავ-თავიანთ დამრტყმელ ძალას. საინტერესოა, ერთ სოფელში დაარსებული ეს ორი მოძრაობა რას იზამს, ვის დაუპირისპირდება?

"კაზაკი რაზბოინიკის" თამაშის დროა ახლა? ამ პოლიტიკოსების მიზანი, დარწმუნებული ვარ, შიდა დაპირისპირება არ არის, მაგრამ საშიშია, უნებლიეთ უმართავი პროცესების დაწყების საბაბი არ გახდნენ.

პოლიტიკური ნიშნით გაყოფილი ქართველობა ერთმანეთს კი არ უნდა დაერიოს, საერთო პრობლემის წინააღმდეგ უნდა გაერთიანდეს. გაჩეჩილაძე და ბურჯანაძე ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის კი არა, საქართველოში პირველობისთვის ეცილებიან ერთმანეთს, რადგან ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ოპოზიცია უკვე მეორე ლიგაა. მეორე ლიგის ჩემპიონობისთვის კი თავს არავინ იკლავს. 30 მაისის არჩევნებს ნოკდაუნი ვუწოდე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ნოკაუტი ყოფილა. ახლა ნოკაუტიდან გამოფხიზლების, ფეხზე წამოდგომისა და მიღებული გამოცდილების უკეთ გააზრების დროა.

-  Human Rights watch"-ის ბოლო დასკვნა საქართველოში დემოკრატიის ხარისხზე, მედიის თავისუფლებაზე, დევნილებისადმი დამოკიდებულებაზე, პენიტენციალურ სისტემაზე ძალიან კრიტიკულია. კრიტიკა თუ შეცვლის ხელისუფლების მიდგომებს დემოკრატიისადმი?

- წინა წლებისგან განსხვავებით ჯერჯერობით ვამჩნევ იმას, რომ ყველა უცხოელი დიპლომატი კარგად არის ინფორმირებული იმის შესახებ, რაც აქ ხდება. ამ გამოცოცხლებას მივაწერ აშშ-ის ახალ ელჩს. მისი წინამორბედი სააკაშვილის აპოლოგეტი იყო და ორიენტირებული იმაზე, - მთავარია, ბუნტი არ იყოსო. ეს მიდგომა შეიცვალა და ინფორმირებულობის სრულიად სხვა დონე ეტყობოდა ქალბატონ კლინტონს, როდესაც აქ ჩამოვიდა. ის, რომ მანდილოსნისთვის პოლიციელის მუშტის დარტყმას ერთ საათში მოჰყვა აშშ-ის ელჩის განცხადება, საქართველოში მიმდინარე პროცესების ახლებურად დანახვის შედეგია.

ჩვენი კომპასის საწყალი ისარი ერთდროულად უნდა იყოს მიქცეული დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენაც და სინგაპურიდან თეირანამდე უნდა მოძრაობდეს. ამ დროს გაზსადენი, ჩვენი სიმშვიდის ერთადერთი წყარო, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე ფუნქციას გვინარჩუნებს, ისე ჰაიჰარად ამოიღეს არასაინვესტიციო (არაგასაყიდი ობიექტების სიიდან), რომ უკვე შექმნეს დაძაბულობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, რადგან ორივეს სურს ეს მილსადენი შეიძინოს. აქტიური ნეიტრალიტეტის პოლიტიკის ნაცვლად რეგიონში გაუგებარი დაბალანსების პოლიტიკის გატარება დავიწყეთ - ხან სომხეთს ვასიამოვნებთ, ხან - აზერბაიჯანს. რის გამოც საბოლოოდ ორივე მეზობელს გავანაწყენებთ.

- ბიზნესის დაცვის აუცილებლობის შესახებ ლაპარაკს საგადასახადო ომბუდსმენის პოსტის შემოღება მოჰყვა. გააუმჯობესებს ეს ფაქტი ბიზნესგარემოს საქართველოში?

- არაერთხელ გამომიხატავს სურვილი, რომ ბიზნესომბუდსმენის თანამდებობა შემოღებულიყო. ჩემი აზრით, ეს უნდა ყოფილიყო ომბუდსმენის ოფისის გამამდიდრებელი ძალა, მაგრამ მივიღეთ მორიგი ფალსიფიკაცია. პრემიერ-მინისტრის მიერ ამ პოსტზე თავისი მრჩევლის დანიშვნა, არ მგონია, ბიზნესის ინტერესების დაცვას დიდად წაადგეს. ეს მაგონებს ხელ-ფეხშებორკილი ადამიანის მცდელობას, ხელი გააქნიოს. პრემიერ-მინისტრს თავისი ყოფილი მრჩეველი გიორგი პერტაია აქამდე არ ურჩევდა, კარგად მოიქეციო? სამწუხარო რეალობაა, რომ არც ახალნომინირებულ პირს და არც პრემიერ-მინისტრს არ გააჩნიათ საკმარისი ბერკეტები სიტუაციის გასაუმჯობესებლად. არ მინდა მუშაობის სურვილი დაკარგოს, მაგრამ ერთხელ მაინც რომ ეთქვათ გიორგი პერტაიაზე, როცა პრემიერის მრჩეველი იყო, - ხმა ამოიღო, რაიმე უსამართლობის წინააღმდეგ მოხსენებითი ბარათი მაინც დაწერაო, უფრო იმედიანად ვიქნებოდი. თან საგადასახადო ომბუდსმენი ბიზნესომბუდსმენი არ არის. ბიზნესის დაცვა მხოლოდ საგადასახადო ქვითრების შემოწმება არ არის. ზეწოლის უამრავი სხვა საშუალება აქვს ხელისუფლებას, რომელიც ელიტური კორუფციითა და სახელმწიფო რეკეტით არის დაკავებული.

- სამუშაო ადგილების გაზრდის საშუალებად თუ გამოდგება "ბოლივუდთან" ურთიერთობა და იზიარებთ ამ მხრივ ეკონომიკის მინისტრის ოპტიმიზმს? "ბოლივუდს" ინდუსი ინვესტორიც მოჰყვა საქართველოში, რომელმაც 4 საავადმყოფო იყიდა თბილისში.

- გაუგებარია მინისტრის განცხადება, - თითო ფილმის გადაღებისას საქართველოში 1000 კაცი ჩამოვაო. ვატერლოოს ომი ხომ არ უნდა დავდგათ რეალური გვამებით?! იქიდან ჩამოსული კაცი ამბობს, - სასიყვარულო ფილმი მაქვს გადასაღებიო და რა საჭიროა ყოველ ფეხის ნაბიჯზე დიდი ციფრებით აპელირება. სანამ ინვესტორზე რამეს ვიტყოდეთ, უნდა გავიგოთ, რა გვარია გუფთა, მისი ნამდვილი გვარი "შვილზე" მთავრდება თუ "ძეზე". ეს ინვესტორი რუსეთის მოქალაქეა. უცნაურია, რომ მან ისე იყიდა ობიექტები, არ იცოდა, რას ყიდულობდა. თანაც ნიკა ყიფშიძე არ არის იმდენად თავმდაბალი ადამიანი, რომ მამამისის თერაპიის ინსტიტუტი სხვას მისცეს. მალე ყველაფერი, მათ შორის, ამ ობიექტების რეალური მფლობელის ვინაობა გამოჩნდება. ობიექტებში გადახდილი თანხებიც ძალიან შემცირებული მეჩვენება.

ბიზნესმენი 300 ათასად რომ ყიდულობს საავადმყოფოს და ხუთოთახიანი ბინაც ამდენივე ღირს, ბუნებრივად ჩნდება კითხვები. 100 საავადმყოფოს პროექტი არის ყველაზე სერიოზული და ფაქტებით დადასტურებული თაღლითობა, რომლის იდეათმპყრობელი ბატონი ბენდუქიძე გახლდათ. ეს პროგრამა რეალურად იყო ქალაქის პრესტიჟულ რაიონებში მდებარე მიწების ხელში ჩაგდება. ახლაც ამ მიზნით ყიდიან საავადმყოფოების შენობებს.

- კულუარებში გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი აფხაზეთში ჩაბრძანებას, მოლოცვას და შეხვედრების გამართვას აპირებს.

- ამის შესახებ მეც მსმენია. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მზადყოფნა, ჩავიდეს ეპარქიაში, რომელსაც სათავეში უდგას, არა მხოლოდ რელიგიური, არამედ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოვლენა იქნება. ეს იქნება დიდი გარღვევა ქართულ-აფხაზური დიალოგის დაწყების კუთხით. უწმინდესი და უნეტარესი არაერთხელ ყოფილა ჩიხურ სიტუაციაში სწორი გზის მიმანიშნებელი და ეს შემთხვევაც ასეთად მიმაჩნია. სასურველია, თუ პატრიარქის აფხაზეთში ჩასვლა არ განხორციელდება როგორც სახელისუფლებო ტელეკომპანიების პიარაქცია. უკვე ისეთი მოლოდინი გაჩნდა ამ ვიზიტის მიმართ, რომელიც მხოლოდ დააფრთხობს აფხაზურ მხარეს. მავნებლობაა, რომ პატრიარქის სურვილი, ჩავიდეს აფხაზეთში, პროპაგანდისტული ძალების მხრიდან უკავშირდება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. ასეთი მოლოდინის შექმნა ამ ვიზიტის შესაძლებლობასაც კი გამორიცხავს.