"ჩვენ ინტენსიურად ვღარიბდებით" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ინტენსიურად ვღარიბდებით"

რევოლუციისა და მრავალწლოვანი უღლის გადაგდების სურვილი, როგორც ჩანს, დიქტატორული რეჟიმის ქვეყნებისთვის გადამდები აღმოჩნდა - ოცდაათწლიანი მმართველობის შეცვლაზე უკვე იემენსა და იორდანიაშიც ლაპარაკობენ; ქუვეითში ხელისუფლებამ მოსახლეობისთვის კომპენსაციის დარიგება გადაწყვიტა, ვენესუელის პრეზიდენტმა უგო ჩავესმა კი ნაციონალური ტელევიზიით მოსახლეობას მოუბოდიშა:

"პატიებას ვთხოვ ვენესუელის მოსახლეობას შეცდომების გამო, რომლებიც ჩემი პრეზიდენტობის თორმეტწლიანი მმართველობის მანძილზე დავუშვი", - ბრძანა ლეგენდარულმა ავტორიტარმა მმართველმა. მოკლედ, სოციალურ ნიადაგზე მსოფლიოში რევოლუციური ციებ-ცხელება დაიწყო და თავისა თუ სავარძლის გადარჩენას ყველა საკუთარი მეთოდით ცდილობს.

საქართველოს საამაყოდ უნდა ითქვას, რომ როდესაც მიმომხილველები მსოფლიო პრესაში ბუნტსა და რევოლუციაზე ლაპარაკობენ, მიხეილ სააკაშვილის ამასწინანდელ მანევრებსა და ოპოზიციის გაბითურებას სამაგალითოდ მიიჩნევენ, ერთ-ერთი ექსპერტი კი დასძენს, მუბარაქს საქართველოს პრეზიდენტისგან ბევრი რამის სწავლა შეეძლოო. ვის ვისგან შეეძლო სწავლა, ერთია, მაგრამ სხვისი მაგალითის გათვალისწინება საქართველოს ხელისუფლებასაც რომ არ აწყენდა, ფაქტია - ეგვიპტეც, ტუნისიც და საბერძნეთიც - ანუ, ქვეყნები, სადაც დღემდე საპროტესტო გამოსვლები მძვინვარებს (საბერძნეთში ბოლო დროს ჩაწყნარდა), სწორედ ტურისტული ორიენტაციის გახლდნენ. ყველა მათგანმა ათი-ოცი წლის წინ გაიარა ის გზა, რომლის გავლისკენაც ჩვენი პრეზიდენტი ასე გულმხურვალედ მოგვიწოდებს. ტურისტული ქვეყნის შენება სამამულო წარმოების არარსებობისა და მსოფლიო კრიზისის დროს ძალიან ჰგავს ვითარებას, კაცს ოჯახში პურის ფული რომ არ ჰქონდეს და ვალით "ლიმუზინს" ყიდულობდეს.

ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ რეალობასა და პერსპექტივებზე ალექსანდრე თვალჭრელიძეს ვესაუბრებით:

- ეგვიპტეში ათდღიანი ანტისახელისუფლებო გამოსვლებისას 300-ზე მეტი კაცი დაიღუპა და 5000-მდე დაშავდა. უკვე მეორე კვირაა, ოპოზიცია პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის გადადგომას ითხოვს. ის ეგვიპტეს 30 წელია მართავს. საზოგადოდ, ხანგრძლივი ავტორიტარული მმართველობა აღმოსავლეთისთვის უცხო არ არის. ამიტომაც მიმომხილველები უკვე მესამე ძალის ინტერესებზე ლაპარაკობენ. რამდენად შესაძლებელია, სოციალური და შიდაპოლიტიკური მოტივაციის გარდა, ეგვიპტის მოვლენების უკან სხვა ინტერესებიც მოქმედებდეს?

- მართალია, არც პოლიტოლოგი ვარ და არც გეოპოლიტიკოსი, მაგრამ ეგვიპტეში მიმდინარე მოვლენებზე საკუთარი აზრი მაქვს. მიაქციეთ ყურადღება, ორიოდე დღის წინ რა თქვა ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ? - მუბარაქი უნდა წავიდესო. ჰილარი კლინტონმა კი, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეგვიპტის არმიას ყოველწლიურად გრანტის სახით მილიარდ სამას მილიონ დოლარს აძლევდა, სი-ენ-ენზე გამოსვლისას განაცხადა, მთავრობამ და პრეზიდენტმა პატივი უნდა სცენ ხალხის ნებასო. ეს იმის მომასწავებელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა მოკავშირე ქვეყნებში დემოკრატიული რეჟიმების დამყარებაზეა ორიენტირებული. ჯერჯერობით, ეგვიპტეში არმია აკონტროლებს ვითარებას. მუბარაქის მომხრეთა მიტინგები რით დამთავრდა, ესეც ვნახეთ და შეიძლLება მუბარაქი ქვეყანაში აღარც არის.

- როგორც საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მთავარი ორიენტირი ტურიზმია. ეგვიპტე ამ მხრივ ბევრად განვითარებული ქვეყანაა, ასევე საბერძნეთიც, რომელიც სოციალურ ნიადაგზე სახელმწიფოებრივ ქაოსს ბეწვზე გადაურჩა. ღირს კი ამ მიმართულებით განვითარება? ჩვენ ხომ ახლა ვიწყებთ და მძიმე სოციალური ფონი, პროდუქტების ყოველდღიური გაძვირება უკვე დაიწყო.

- ჩვენ ძალიან ღრმად გავაანალიზეთ ტურიზმი და მისი ეკონომიკური შედეგი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის. 2009 წელს ყველაზე ბევრი ტურისტი (2010 წლის მონაცემები  ჯერ არ არის ცნობილი) საფრანგეთში ჩავიდა - დაახლოებით სამოცდათექვსმეტი მილიონი. მეორე ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატებია, მან ესპანეთს გაუსწრო. მოგეხსენებათ, არც საფრანგეთი და არც შეერთებული შტატები ეკონომიკის განვითარების სტრატეგიაში ტურიზმზე აქცენტს არ აკეთებენ.

იმ ქვეყნებში კი, სადაც ტურიზმია წამყვანი დარგი, ყველგან დეფოლტი ან დეფოლტის საშიშროებაა. ესენი არიან საბერძნეთი, პორტუგალია, მალდივის კუნძულები, ეგვიპტე და ა.შ. რატომ? იმიტომ, რომ ტურიზმში სუფთა მოგების წილი ძალიან დაბალია.

დიდი დრო არის საჭირო იმისთვის, რომ ტურიზმში ჩადებული ინვესტიცია დაიფაროს და მოგება მიიღო. ამ დარგის სპეციალისტები დაახლოებით ორმოცდაათ წელს ასახელებენ ხოლმე. ამიტომ ქვეყანაში ტურიზმის დომინანტობისას აუცილებელია ინფლაციის ძალიან დაბალი დონე. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ამ სფერომ მოგება მოიტანოს და შვებად იქცეს მოსახლეობისთვის.

ინფლაციამდე ესპანეთს არაფერი უჭირდა. როგორც კი ინფლაცია მომძლავრდა, ქვეყანა მაშინვე დეფოლტის წინაშე დადგა. ასე რომ, ტურიზმი ვერასდროს ააყვავებს საქართველოს. არ შეიძლება ქვეყანა მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის გარეშე არსებობდეს. თუნდაც საქართველოს მილიონობით ტურისტი მოაწყდეს, ჩვენ ისღა დაგვრჩება, სხვა ქვეყნებს გავუყიდოთ საკვები და სხვა პროდუქცია, რადგან ჩვენთან ბევრი არაფერი იწარმოება. ჩვენთან, აგრარულ ქვეყანაში, სადაც მოსავლიანი მიწები გვაქვს, ერთ სულზე სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება ბევრად დაბალია, ვიდრე სომხეთში - ამ მთაგორიან ქვეყანაში, აზერბაიჯანში კი, სადაც ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, ფაქტობრივად, უდაბნოა, მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ რვა მთელსა და სამ მეათედს სოფლის მეურნეობა შეადგენს. წარმოგიდგენიათ? ეს ხომ ძალიან დაბალი მაჩვენებელია იმ ქვეყნისთვის, რომელსაც უხვმოსავლიანი მიწებიც აქვს და არც სარწყავი წყალი უჭირს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი გლეხი მხოლოდ თოხისა და ბარის ანაბარაა დარჩენილი. ამიტომაც ხდება, რომ მოხმარებულ საკვებში შინმოწეული და იმპორტირებული პროდუქციის წილი დაახლოებით ერთი და იგივეა.

როდესაც ქვეყანაში იმპორტი ექსპორტზე დაახლოებით ხუთჯერ დიდია, ძალიან ძნელია ეკონომიკური ბალანსის შენარჩუნება. ვფიქრობ, ჩვენთან ფასების გაზრდა და მზარდი ინფლაცია შედეგია დიდი ფულის ცუდი მიმოქცევისა, რაც ეკონომიკის ჩამორჩენით არის გამოწვეული.

როგორც გითხარით, ადგილობრივი წარმოება პრაქტიკულად არ არსებობს და ეკონომიკა, ფაქტობრივად, მომსახურებაზეა დამოკიდებული. ეკონომიკა არ არის დამოუკიდებელი დარგი, ის სოციალურ სექტორთანაა გადაჯაჭვული. მოლოდინი უკვე ამოიწურა - ხალხი მოლოდინში ინვესტიციას აღარ დებს. ამას ის მოჰყვა, რომ პრივატიზაციამ იმ ნიშნულს მიაღწია, რაზეც თქვენი გაზეთის ფურცლებზე ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვლაპარაკობდით. გასაყიდი ძალიან ცოტა რამ დარჩა, ის კი, რაც გაიყიდა, არ განვითარებულა. შედეგად, შეიქმნა საბიუჯეტო პრობლემები, რომლის ერთადერთ საშველად დღეს მთავრობას ფულის გამოშვებაღა რჩება, რაც უდავო ინფლაციის წყარო და მიზეზია. აი, ასეთია კრებსითი სურათი ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობისა. მას მხოლოდ ერთი მიზეზი არა აქვს, ეს მიზეზთა ერთობლიობაა, რასაც მცდარი ეკონომიკური პოლიტიკა განაპირობებს.

- შესაძლებელია თუ არა სოციალურ ნიადაგზე საქართველოშიც დაიწყოს ეგვიპტის მსგავსი მოვლენები?

- საფრთხე, რასაკვირველია, არის. ხელფასები და პენსიები არ იზრდება, ჩვენ კი ინტენსიურად ვღარიბდებით. როდის აივსება ხალხის მოთმინების ფიალა, არავინ იცის. საბედნიეროდ, საქართველოში არ არსებობს ქარიზმატული, სოციალური (სოციალური და არა პოლიტიკური) ლიდერი, თორემ ხალხის უკმაყოფილების ორგანიზებას არაფერი უნდა.

თუკი ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეები გამოჩნდა, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია, მაგრამ არა მყისიერად. ჩემი აზრით, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციისადმი ხალხის ნდობის მანდატი, ფაქტობრივად, ამოწურულია. არა მგონია, ასეთ ვითარებაში, როდესაც პოლიტიკაში ისევ ათი წლის წინანდელ სახეებს ხედავ, სერიოზული ძვრები მოხდეს. ჩემი აზრით, მხოლოდ ერთიანი, სახალხო იდეის გარშემო შეიძლება  ხალხის გაერთიანება. თუ ასეთი იდეა გაჩნდება ან ხელისუფლებაში, ან ოპოზიციაში, მაშინ ის არჩევნებს მოიგებს, სახელმწიფო რესურსების უკანონოდ გამოყენების მიუხედავად.

- თქვენ მცდარ ეკონომიკურ პოლიტიკაზე ლაპარაკობთ,  საქართველოს ხელისუფლება კი ინფლაციას მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს უკავშირებს, თითქოს ეს იმის ნიშანია, რომ საქართველო მსოფლიო ეკონომიკის ნაწილია. გარდა ამისა, მცდარ ეკონომიკურ პოლიტიკაში თავისი წილი პასუხისმგებლობა, ალბათ, მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდსაც უნდა ჰქონდეთ? საქართველოს მთავრობა ხომ ხშირად იღებს მათგან რეკომენდაციებს?

- საქართველოს ეკონომიკა სულაც არ არის მიბმული მსოფლიო ეკონომიკაზე. აშშ-ში ეკონომიკა ვითარდება, უმუშევრობა მცირდება, დასაქმებულთა რაოდენობა მატულობს. მეტიც, 2010 წელს წარმატებულ წლად განიხილავენ. 2009 წლის ზაფხულში კი ბარაქ ობამამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კრიზისის ცეცხლი ჩამქრალია.

ეკონომიკური კრიზისი სანედლეულო და ფასიანი ქაღალდების ბაზარს შეეხო. საქართველო ამ ბაზარში ჩართული არ არის.

გაიძახიან, არიქა, ავსტრალიაში წყალდიდობაა და შაქარი გაძვირდებაო და მართლაც, მყისიერად ძვირდება. საქმეში ჩახედული ადამიანისა და პროფესიონალისთვის ეს სასაცილო და არადამაჯერებელი არგუმენტია, რადგან კონტრაქტი იმ შაქარზე, რომელიც საქართველოში იყიდება, სულ მცირე, ხუთი თვის წინ არის ხელმოწერილი ფიქსირებული ფასით. უბრალოდ, ეს არის ცდა, მოსახლეობისგან რაც შეიძლება მეტი ფული ამოიღონ ბიუჯეტის როგორმე შესავსებად.

რაც შეეხება მსოფლიო ბანკსა და სავალუტო ფონდს, ზოგჯერ მეჩვენება, რომ ჩვენს მოსახლეობას მათ მისიასა და ფუნქციაზე მთლად სწორი წარმოდგენა არა აქვს: სავალუტო ფონდი უფრო გლობალურ პროცესებს ადევნებს თვალყურს. მაგალითად, არ მოხდეს ზვავისებრი ინფლაციური ვარდნა. სხვათა შორის, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სწორედ სავალუტო ფონდის დახმარების შედეგი იყო, რომ საქართველო დეფოლტს გადაურჩა. რაც შეეხება მსოფლიო ბანკს, მისი ფუნქციაა, საქართველოს ეკონომიკა გლობალური ეკონომიკის სინქრონული იყოს. ამ ინსტიტუტებმა საქართველოში შექმნეს ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური საბანკო სექტორი, რომელიც, თუ ძვირ კრედიტებს არ ჩავთვლით, საკმაოდ კარგია.

ჩვენთან ეკონომიკა რომ არ ვითარდება, საერთაშორისო ორგანიზაციების კი არა, მხოლოდ ჩვენი ცუდი მოწაფეობისა და ოროსნობის ბრალია. ყოველთვის მასწავლებლის ბრალი არ არის, რომ მოსწავლემ სასწავლო პროგრამა ვერ აითვისა. მსოფლიო ბანკის პოლიტიკას უნდა გავყვეთ, ოღონდ გონივრულად. მსოფლიო ბანკი გლობალიზაციაზე მუშაობს, რაც ლიბერალური ეკონომიკური სისტემის გლობალურ გავრცელებას ითვალისწინებს. ლიბერალური ეკონომიკური სისტემა კი იმას ნიშნავს, რომ ქმედების თავისუფლება გაქვს, თუკი ძირეულ კანონებს ექვემდებარები. შეიძლება ასეთი მაგალითიც მოვიყვანოთ:

როცა მსოფლიოს ნებისმიერი ქალაქის ქუჩებში დავდივართ, არჩევანში თავისუფალი ვართ, მაგრამ გადასასვლელზე წითელ შუქზე ქუჩა არ უნდა გადავკვეთოთ. როცა საერთაშორისო ინსტიტუტების პირობებზე ვლაპარაკობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთ ეკონომიკურ წითელ შუქზეა ლაპარაკი. ჩვენ ზოგადი კანონები არ უნდა დავარღვიოთ. არადა, ხშირად ვარღვევთ: ვთქვათ, ვამეტებთ ფულის ემისიას, ვადიდებთ ფულის ბრუნვას, რაც საინფლაციო პროცესებს იწვევს. ეს იმიტომ კი არ ხდება, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არასწორ რჩევებს გვაძლევენ, არამედ იმიტომ, რომ ხშირად მათ რეკომენდაციებს არ ვითვალისწინებთ.

- მას შემდეგ, რაც პუტინის მიერ დომოდედოვოს ტერაქტის საქმის გახსნილად გამოცხადება მედვედევმა გააკრიტიკა (პრეზიდენტმა თქვა, რომ საჭიროა მუშაობა და არა პიარი), მიმომხილველები ორ პარტნიორს შორის აშკარა დაპირისპირებასა და გამწვავებაზე ლაპარაკობენ. რამდენად რეალური შეიძლება იყოს პუტინისა და მედვედევის მტრობა?

- პუტინი და მედვედევი გადაფსკვნილი ძმაკაცებიც რომ იყვნენ, მათ საარჩევნო კამპანიაში ძალიან მწვავე დაპირისპირება ელით, რადგან პირველ რიგში მათი გუნდები ვერ აიტანენ ერთმანეთს. ეს ძალაუფლების მოყვარული ხალხია და არც ერთს წასვლა არ სურს. ასე რომ, დაპირისპირება გაზაფხულისთვის სულ უფრო და უფრო გამწვავდება და ეს იქნება ძალიან  გავლენიანი კლანების პაექრობა.