"ადამიანებს გარკვეულ ზღვრამდე უყვართ უტოპისტები" - კვირის პალიტრა

"ადამიანებს გარკვეულ ზღვრამდე უყვართ უტოპისტები"

"ვერც 20 და ვერც 30-ლარიანი ვაუჩერი ვერ შეაკავებს სოციალურ ბუნტს, თუ ასეთი ტალღა აგორდა"

"ხელისუფლების არათანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს"

ალბათ, ყველაზე გულდაწყვეტით მუბარაქის გადადგომისა და ეგვიპტეში საერთო-სახალხო ზეიმის კადრებს მსოფლიოში სულ ორგან უყურებდნენ: თვითონ ეგვიპტეში მუბარაქის მთავრობა და სანათესავო და საქართველოში - ქართული ოპოზიცია. თბილისსა და კაიროს შორის, როგორც სიტუაციური, ისე პიროვნული თვალსაზრისით, უამრავ სხვაობაზე შეიძლება საუბარი, მაგრამ მთავარი, როგორც უნდა უჭირდეს მავანს ამის აღიარება, როგორც ჩანს, საერთო-სახალხო სურვილია.

ბოლო დღეებში მუბარაქს არმია და სამთავრობო მედიაც დაუპირისპირდნენ, რაც ქართულ სინამდვილეში, რბილად რომ ვთქვათ, ძნელი წარმოსადგენია. ასეა თუ ისე, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო და, პრეზიდენტმა სააკაშვილმა პარლამენტში საანგარიშო გამოსვლისას კიდევ ერთხელ დაგვახვია თავბრუ - გაკეთებულ თუ აწ გასაკეთებელ საგმირო საქმეთა კასკადი დაახვავა. ცხადია, მოსასმენად ასეთი ანგარიში ძალზე სასიამოვნოა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ ამომრჩეველი (როგორი პირობითიც უნდა იყოს ეს ცნება ქართულ სინამდვილეში) დაპირების "გაცუდებას" არ უნდა მიეჩვიოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სოციალური მდგომარეობა გაუსაძლისი გახდება და საპროტესტო მუხტს ვერც ოციანი და ვერც ოცდაათლარიანი დახმარება შეანელებს... დაწვრილებით კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრებით:

- საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლა ტაშით 36-ჯერ შეაწყვეტინეს და სამჯერ ფეხზეც წამოდგნენ. ტაშის რაოდენობა წელს რეკორდული იყო. გასულ წელს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა პრეზიდენტს ტაშით სიტყვა მხოლოდ 14-ჯერ შეაწყვეტინეს. დეპუტატები სავარძლებს ასე ისტერიულად უფრთხილდებიან, თუ უკვე თავადაც სჯერათ ის, რაშიც, სურთ, მთელი საქართველო დააჯერონ? აი, განცხადებები, რომლებსაც მქუხარე ტაში მოჰყვა: 2015 წლისთვის ყველა სკოლა შვედეთისა და ჰოლანდიის სტანდარტების შესაბამისი იქნება; 2015 წლისთვის საქართველოს ყველა ქალაქს საერთაშორისო სტანდარტის გზა დააკავშირებს; 2015 წლისთვის საქართველოში 17 ჰესის მშენებლობა დასრულდება; 2015 წლისთვის ნავთობგადამმუშავებელი საწარმო ქვეყანას ნავთობპროდუქტებით მთლიანად დააკმაყოფილებს, რის შედეგადაც საქართველოში საწვავზე ფასები შემცირდება...

- არაერთხელ ვყოფილვართ სააკაშვილის, რბილად რომ ვთქვათ, თამამი დაპირებების მოწმე. ეს დაპირებები შეეხებოდა ყველა სფეროს - პენსიების 100 დოლარამდე გაზრდით დაწყებული და დაკარგული ტერიტორიების შემოერთებით დამთავრებული. კარგად მახსოვს შევარდნაძის გულის ამაჩუყებელი და მხურვალე აპლოდისმენტების გამომწვევი რიტორიკა - “ხეზე ჩამომკიდეთ, თუ აფხაზეთს ვერ დავიბრუნებო. ასეთი რიტორიკა ძალზე მარტივ გათვლას ეყრდნობა  - დაპირებები მოვლენათა მოსალოდნელ მდგომარეობაზე მიუთითებს, ადამიანებს სურთ უკეთესი მომავლის სჯეროდეთ, რადგან ეს მათ არსებულ მძიმე მდგომარეობას აიოლებს. რამდენჯერ გვიფიქრია, რომ ხვალიდან აუცილებლად დავიწყებთ იმას, რისთვისაც დღეს რესურსები არ გაგვაჩნია, ხოლო ხვალ, მით უფრო,“ზეგ, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, ყველაფერს შეიძლება ეშველოს.

ადამიანებს გარკვეულ ზღვრამდე უყვართ უტოპიები და უტოპისტები, სურთ დაიჯერონ, რომ უკეთესად იცხოვრებენ. განა უტოპისტური პროექტი არ არის თუნდაც ის, რომ 2015 წლისთვის საქართველოში ყველა სკოლა შვედეთის სტანდარტებით იმუშავებს?

საქართველოში, თუ არ ვცდები, 3000 სკოლაა, 2015 წლისთვის ყველა მათგანის შვედურ სტანდარტებზე ამუშავებას განათლების ინფრასტრუქტურაზე დასახარჯავი ეკონომიკური პოტენციალი ვერ გასწვდება. ასეთი ეჭვის განმტკიცებაში უმარტივესი არითმეტიკაც დაგვეხმარება: დღევანდელი ამორტიზებული სკოლების შვედურ სტანდარტებზე მოდერნიზაციას, სულ მცირე, ერთ სკოლაზე საშუალოდ 100.000 აშშ დოლარი ხომ მაინც დასჭირდება? ჰოდა, გაამრავლეთ ეს რიცხვი 3000-ზე. არის კი შესაძლებელი ასეთი თანხების დახარჯვა მხოლოდ სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე უახლოეს 4 წელიწადში? არა მგონია.

უტოპიის მყისიერი მომხიბვლელობის მიუხედავად, ეს მაინც მყიფე სიყვარულია, რომელიც პროტესტსა და ჯანყში შეიძლება გადაიზარდოს მაშინ, თუ დაპირება მუდმივად ცრუვდება.

არ გამოვრიცხავ, რომ 2015 წლამდე ბევრად ადრე, საქართველოში შეუსრულებელი დაპირებებისთვის ადამიანებმა პასუხი ხელისუფლებას აგრესიულად მოსთხოვონ. ამის მაგალითები არსებობს უახლოეს წარსულში.

- როგორ ფიქრობთ, რატომ გახდა ასეთი "საკრალური" დატვირთვის 2015 წელი?

- “საკრალურმა” ზღვარმა პრეზიდენტის მოხსენებაში 2 წლით გადაიწია. მანამდე ასეთ ზღვრად 2013 წელი, ანუ სააკაშვილის საპრეზიდენტო ვადის ბოლო წელი სახელდებოდა (ყველას გვახსოვს საარჩევნოდ ქუჩებში მასობრივად დადგმული ბანერები, რომლებზეც სხვადასხვა პროექტის ხორცშესხმის ბოლო წლად 2013 წელი იყო აღნიშნული). ძნელი წარმოსადგენია, რომ სააკაშვილი დაპირებულ მომავალ მიღწევებს თავისი მონაწილეობის გარეშე ხედავდეს, ამდენად 2015 წელზე აქცენტი შეიძლება შეიცავდეს სააკაშვილის ხელისუფლებაში დარჩენის ფარულ მინიშნებას პრემიერ-მინისტრის პოსტზე. მეორე მხრივ, 2015 წელზე ფიქსაცია ერთგვარი თავდაცვის მექანიზმია - ხელისუფლებაში პირველ პირად მისი არყოფნის შემთხვევაში სააკაშვილს შეუძლია ნებისმიერი წარუმატებლობა შემცვლელს გადააბრალოს.

- "ადამიანები უნდა გრძნობდნენ, რომ მათი პრობლემის შესახებ კარგად იციან მთავრობაში, რომ მათ ტკივილს გრძნობს სახელმწიფო მოხელე, რომელიც სინამდვილეში კაბინეტებში არა საკუთარი წარმატებისთვის, არამედ ხალხის მომსახურედ ზის", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა. "უნდა გრძნობდნენ", ნიშნავს, რომ ხალხს საპირისპირო განცდა აქვს?

- ცხადია, საქართველოს პრეზიდენტს კარგად ახსოვს მისთვის უმძიმესი 2007-09 წლები, რომლებიც ხელისუფლების მიმართ არნახული საპროტესტო მოძრაობით აღინიშნა. იყო მომენტი (2008 წლის გაზაფხული), როდესაც მმართველი პარტიის რეიტინგი ქ. თბილისში 11%-ზე დავიდა. საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილი ძლივს გადაურჩა მეორე ტურს და ხელისუფლების დატოვებას. საერთოდ, ის წლები ხელისუფლების თვითგადარჩენის წლები იყო და ამ პროცესში ხელისუფლებამ ყველა – დასაშვები თუ დაუშვებელი გზა გამოიყენა. ბოლო 2 წელია ხელისუფლება რეაბილიტაციის ხიბლით ტკბება  (რასაც ის, პირველ რიგში, ოპოზიციის სისუსტეს უნდა უმადლოდეს). თუმცა ეს დამუხტული პაუზაა, რომელიც წინააღმდეგობის ახალი ენერგიით ივსება. ცხადია, ხელისუფლება ეცდება, ეს წინააღმდეგობა გაფანტოს, დაშალოს და მომავალ არჩევნებამდე ახალი მასობრივი ბუნტის გაუვლელად მიაღწიოს. ეს რთული ამოცანაა, თუმცა, ხელისუფლება ახლა გაცილებით მობილიზებულია.

- "ეკონომიკა უნდა იყოს ყოველგვარი მონოპოლიის გარეშე, ალბათ გსმენიათ, ვინ მიგაკარებს ამ სფეროს, ყველაფერი დანაწილებულია: ის ამას აზის, ეს - ამას. საქართველოში ვერავინ ვერაფერს დააჯდება, ამას ვამბობ ძალიან მკაცრად და ეს არის ჩვენი პრინციპი"", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა, მაგრამ რეალობა ხომ სხვაგვარია. თუნდაც ნაციონალური ელექტრონული მედია ხომ აშკარად მონოპოლიზებულია (როგორც ცნობილია, ერთი შეხედვით, კონკურენტი არხების - "რუსთავი 2"-ის, "იმედის", "საქართველოსა" და "რეგიონ თივის" სარეკლამო სამსახურები გაერთიანებულია)? აღარაფერს ვამბობ ხორცის, შაქრის, საწვავის ბიზნესზე, რაზეც ხშირად ლაპარაკობენ ქართულ პრესაში. ზოგადად რაში დასჭირდა დღეს პრეზიდენტს მონოპოლიებზე საუბარი?

- ქართულ მრეწველობაში ისეთი ჩავარდნაა (სოფლის მეურნეობის მეთაურობით), რომ თავად ხელისუფლებასაც უჭირს, რეალობას გვერდი აუაროს. საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოში მოხმარებული პროდუქციის 80% ექსპორტზე მოდის, რაც ქართულ ეკონომიკას კოლაფსს უქადის თანამდევი ნეგატიური მოვლენებით. ასეთებია ინფლაცია, ეკონომიკური აქტივობის დემოტივაცია, სიღარიბისა და უმუშევრობის ზრდა, შრომითი ემიგრაცია და ბევრი სხვა. ყველა ეს პრობლემა უკვე დღესაა უმწვავესი და სწორედ ამიტომ დაისვა განსაკუთრებული აქცენტები მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის შველაზე პრეზიდენტის მოხსენებაში. მეორე მხრივ, დღევანდელი ვითარების ერთგვარი პარადოქსულობა და არათანამიმდევრულობა ისიცაა, რომ ხელისუფლება “შიგნიდან” თავისი გავლენის ქვეშ მყოფი მონოპოლისტური კომპანიების არსებობას ლობირებს, ხოლო ფორმალურად ლიბერტარიანული ეკონომიკის პრინციპებს აცხადებს და ზოგიერთ შემთხვევაში ახორციელებს კიდეც (ანტიმონოპოლიური სამსახურის გაუქმება, საყოველთაო პრივატიზაცია, ზოგიერთ სექტორში გადასახადების ლიბერალიზაცია და სხვ.). ეკონომისტი არ ვარ, მაგრამ ხელისუფლების არათანამიმდევრული ეკონომიკური პოლიტიკა შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

- ცხადია, პრეზიდენტის ანგარიშში ელექტროენერგიის გადასახადზე 20-ლარიანი დახმარების გაცემაც მოხვდა. დამატებით მიხეილ სააკაშვილი მოსახლეობას მარტში 30-ლარიანი სასურსათო ვაუჩერების დარიგებას დაჰპირდა. როგორც ჩანს, მთავრობას "სოციალური ბუნტის" მართლაც ეშინია. რამდენად რეალურია ასეთი საფრთხე?

- ვერც 20 და ვერც 30-ლარიანი ვაუჩერი ვერ შეაკავებს სოციალურ ბუნტს, თუ ასეთი ტალღა აგორდა. 30 ლარი 3 კილო ხორცია, რომელსაც ოთხსულიანი ოჯახი ერთ კვირაში მოიხმარს, ხოლო ელექტროენერგიის 20-ლარიანი ვაუჩერი კომუნალური გადასახადების ერთმანეთზე “გადაბმის” პირობებში თვიურ დავალიანებასაც კი ვერ დაფარავს.

მეტიც, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ, როგორც ეკონომისტები განმარტავენ, ასეთი ვაუჩერები ინფლაციის მასშტაბს უფრო გაზრდის. ასე რომ, არსებობს რისკი, ეს ვაუჩერები პროტესტის გაძლიერების კატალიზატორებიც კი აღმოჩნდეს.

- "მე მალე ჩავალ აფხაზეთში, როგორც ეპარქიის ხელმძღვანელი", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ "ბი-ბი-ს"ის რუსული რედაქციისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. როგორ ფიქრობთ, თუ იქნება ამაზე თანახმა რუსეთის ეკლესია, ან მოხერხდება თუ არა აფხაზეთში უწმინდესის ჩასვლა რუსეთის ეკლესიის სურვილის გარეშე?

- აფხაზეთში პატრიარქის ჩასვლის პერსპექტივა არ არის უტოპიური, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით: ჯერ ერთი, აფხაზეთს ესტუმრება სასულიერო პირი, რომლის მისიაც გაჯერებული იქნება ისეთი ღირებულებებით, რომლებიც ვიწრონაციონალური და პოლიტიკური ჩარჩოებით არ არის შეზღუდული (სახარების მცნებებს ყველა მორწმუნე ქრისტიანი იზიარებს, ეროვნების მიუხედავად). გარდა ამისა, ილია მეორე აფხაზეთს აუცილებლად რუსეთის პატრიარქის ლობირების და არა მისი პროტესტის ფონზე ესტუმრება, რაც, ცხადია, მისი ვიზიტის მიმართ აგრესიას გაანელებს. ყველა შემთხვევაში, თუ ვიზიტი შედგა, ეს იქნება დადებითი მოვლენა, რადგან პატრიარქი აღმოჩნდება ერთადერთი საჯარო და მაღალი რანგის პირი საქართველოდან, რომელიც აფხაზეთს 90-იანი წლების ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შემდეგ ეწვევა.

- 2010 წელს საქართველომ გავლენიან ამერიკულ კომპანიებს საკუთარი ინტერესების ლობირებისთვის 1.5 მილიონ დოლარზე მეტი გადაუხადა. ინფორმაციას ამის შესახებ Eurosianet.org ავრცელებს. ინტერნეტგამოცემის ცნობით, ქართული მხარე აშშ-ის ხელისუფლების წინაშე თავის წარმოსაჩენად ოთხ ფირმას იყენებს მაშინ, როცა აზერბაიჯანი და ყაზახეთი - მხოლოდ ერთს. რამდენად საჭიროა ამხელა რესურსების ხარჯვა სახელმწიფოს პიარზე, თუ ეს მხოლოდ ხელისუფლების პიარისთვის კეთდება? რამდენად დასაშვებია მესამე ვარიანტი - ამ შემთხვევაში, ხელისუფლების პიარი სახელმწიფოს პიარსაც ნიშნავდეს?

- ვერ ვიტყვი, რომ დღეს საქართველოს უცხოური ლობისტური კომპანიების დახმარება არ სჭირდება. ცხადია, ეს ძალზე ძვირი ჯდება, თუმცა ამგვარ კომპანიებთან თანამშრომლობის გარეშე საქართველოს ძალიან გაუჭირდებოდა საგარეო ასპარეზზე რუსეთთან ინფორმაციული ომის წარმართვა და თუნდაც ტერმინ -“ოკუპაციის”- დამკვიდრება ომის დროს დაკარგული ტერიტორიების მისამართით.

- ეგვიპტის შეიარაღებული ძალების უმაღლესი საბჭო ქვეყნისა და მოსახლეობის დაცვის გეგმას განიხილავს. მისი განცხადების თანახმად, არმია ვალდებულებას იღებს, დაიცვას ხალხი, მათი ინტერესები და უსაფრთხოება. როგორც ჩანს, მუბარაქის გადადგომაში გადამწყვეტი როლი არმიამ შეასრულა. როგორ გესახებათ ეგვიპტის მომავალი მუბარაქის ოცდაათწლიანი მმართველობის გარეშე? - პირველი დემოკრატია აღმოსავლეთში თუ მორიგი რელიგიურ-ფანატიკური სახელმწიფო?

- მე არა ვარ აღმოსავლეთმცოდნე და პროფესიული პროგნოზის გაკეთება გამიჭირდება. ცხადია, რომ მუბარაქის რეჟიმი ავტორიტარული იყო, რომელიც ხალხს ყელში ამოუვიდა. ისიც ცხადია, რომ ეგვიპტე და მუბარაქი არაბულ სამყაროში ერთ-ერთ იმ იშვიათ ძალას წარმოადგენდა, რომელთანაც დასავლეთი ათეული წლების განმავლობაში ნაყოფიერად თანამშრომლობდა. "მუსლიმთა საძმო", რომელიც, სავარაუდოდ, უკვე ყოფილ რეჟიმს ჩაანაცვლებს, არ არის დაცული იმ საფრთხისაგან, რასაც განვითარებული დასავლეთისთვის ისლამური ფუნდამენტალიზმი ჰქვია. ვნახოთ, რას მოგვიტანს ეგვიპტური რევოლუცია.