"ის, რომ ისრაელის საელჩო დუმს, ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია" - კვირის პალიტრა

"ის, რომ ისრაელის საელჩო დუმს, ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია"

"მაშინდელი ჩინოვნიკების სასახლეები დღევანდელთან შედარებით ქოხმახებად მოჩანს"

აქამდე ტოტალურ ვიდეოკონტროლს საზოგადოების დიდი ნაწილი ავტორიტარიზმის პირველ ნიშნად აღიქვამდა. "კვირის პალიტრასა" და www.kvirispalitra.ge-ზე გამოქვეყნებულმა ძმებ ლუტიძეებისა და პოლიციის ინციდენტთან დაკავშირებულმა ფოტო-ვიდეომასალამ, შეიძლება ითქვას, პირველად დაგვანახა, რომ თურმე ვიდეო თვალთვალს დემოკრატიის სამსახურიც შესძლებია. ცხადია, იმ პირობით, თუ ვიდეოკამერის პატრონი მასალის გამოქვეყნებას არ შეუშინდება, მედიაც დროულ რეაგირებას მოახდენს და საზოგადოებასაც ადეკვატური რეაქცია ექნება თანამოქალაქეთა უფლებების შელახვაზე.

მანამდე კი, სანამ ქართული სასამართლო თავისი უსამართლობის გამართლებას ცდილობდა, შეერთებული შტატების დაზვერვამ დაასკვნა, მართალია, თვითონ ამაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ გარემოება კი ნამდვილად ისეთია, რომ თუ სააკაშვილს პრემიერობა მოუნდა, კონსტიტუციურად არავითარი პრობლემა არ ექნებაო. ეს ის კონსტიტუციაა, რომლის განხილვა ზაფხულის პაპანაქებასა და ხვატში ფაცხაფუცხით "ჩაარბენინეს". როგორც ჩანს, 2015 წელი ბატონ პრეზიდენტის საანგარიშო გამოსვლაში არცთუ უსაფუძვლოდ ფიგურირებდა. სწორედ აქეთ გადმოსწია სააკაშვილმა ჩვენთვის სანატრელი ქვეყნის აშენება და იმ ჟამის მოსვლა, როდესაც ევროკავშირი გულამოსკვნილი უნდა გვეხვეწოს თავის წევრად მიღებაზე. მანამდე კი "დი ველთი" ვიკილიქსის მასალებს აქვეყნებს, საიდანაც კარგად ჩანს, თუ რა შეხედულება აქვთ ევროპელ ლიდერებს საქართველოს ხელისუფლებაზე.

დაწვრილებით, ამჟამინდელ და მომავლის პოლიტიკურ პერიპეტიებზე ბატონ კახა კაციტაძეს ვესაუბრებით:

- ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ჯეიმს კლაპერი სენატის დაზვერვის კომიტეტისთვის წარდგენილი მოხსენების ერთ-ერთ თავში "კავკასია და ცენტრალური აზია" ამბობს, რომ მართალია, მიხეილ სააკაშვილი თავის სამომავლო გეგმებს არ განსაზღვრავს, მაგრამ ახალი კონსტიტუციით მისთვის ხელმისაწვდომია ყველა ის პარამეტრი, რომელიც 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მას კვლავ ხელისუფლებაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს, ამჯერად პრემიერ-მინისტრის რანგში". როგორც ჩანს, ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე შეეგუვნენ იმას, რაზეც საქართველოში დროდადრო ვკამათობთ ხოლმე?

- ამერიკისა და საზოგადოდ, ყველა ქვეყნის დაზვერვას ერთი სპეციფიკა აქვს: ფაქტებს პოლიტიკურ შეფასებებსა და ინტერპრეტაციებს არ უკეთებენ.

აქ ნათქვამია მხოლოდ ის, რომ მათ ხელთ არსებული ყველა ინფორმაციის თანახმად, სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობას აპირებს. აქედან დასკვნის გამოტანა უკვე პოლიტიკოსების საქმეა. ასეთია პრაქტიკა. ჩვენთან კი ეს მოხსენება უკვე ისე გასაღდა, როგორც ამერიკის დასტური სააკაშვილის პრემიერობაზე.

მე მინახავს ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის გასაიდუმლოებული მონაცემები - მაშინ ეროვნული დაზვერვა ჯერ კიდევ არ არსებობდა. მინახავს საქართველოს შესახებაც და იქ ყოველთვის ასეთი სტილი იყო - ტენდენციის დაფიქსირება და არა შეფასება. რაც შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ ამერიკული დაზვერვის მონაცემების თანახმად, სააკაშვილი შეეცდება დარჩეს ხელისუფლებაში პრემიერ-მინისტრად. ეს არის და ეს.

- ყოველ შემთხვევაში, თუ გარემოებათა მიხედვით შეერთებულ შტატებში ამის ხელშემშლელ პირობებს ვერ ხედავენ, გამოდის, სააკაშვილს, სურვილის გარდა, პრემიერობის შანსიც დიდი ჰქონია.

- მე ასე არ ვიტყოდი. პირიქით, ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, ჩემი აზრით, ზუსტად საპირისპიროს ცხადყოფს. სამწუხაროდ, ქართული მედია სათანადო ყურადღებას არ უთმობს იმას, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება. ჩვენთან ფიქრობენ, რომ ეს საქართველოზე გავლენას არ მოახდენს, მაგრამ ჩემი აზრით, ასე არ არის. ეს ჩვენ არ შეგვეხებაო, ორი კატეგორიის ადამიანები ამბობენ. პირველი - ესენი არიან ხელისუფლების იდეოლოგები, რაშიც მათ ან მათი ოჯახის წევრებს ხელფასი ეძლევათ და მათ ობიექტურობაზე ან აკადემიურობაზე ნამდვილად არ შევჩერდები. მეორე კი, ცოტა არ იყოს, სასაცილო და სუსტი არგუმენტები, რომლებიც ექსპერტთა თანამეგობრობას აქვს. მაგალითად, გაჩნდა მოსაზრება, რომ საქართველოში არ არის საშუალო კლასი და ამიტომაც რევოლუცია ვერ მოხდება.

თუ მსოფლიო ისტორიას გადავხედავთ, ასეთი ერთადერთი რევოლუციაა, როდესაც ჯერ საშუალო კლასი გაჩნდა და მერე მოახდინა რევოლუცია - ეს იყო ინგლისის ეგრეთ წოდებული სახელოვანი თუ დიდებული რევოლუცია. თორემ საფრანგეთის რევოლუციის დროსაც კი საშუალო კლასი არ იყო სტრუქტურირებული და ამიტომაც სხვადასხვა რადიკალური დაჯგუფება ძლიერდებოდა. ახლა რომ ვთქვათ, ეგვიპტეში საშუალო კლასი დაშლიგინობდაო, არაადეკვატური თვალსაზრისი იქნება. ჩემი აზრით, აქ მთავარი სამი ფაქტორია: პირველი არის ის, რომ საქართველოსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ტიპოლოგიურად მსგავსი რეჟიმებია. მათ ახასიათებთ პარტიული და სახელისუფლებო სტრუქტურების შეზრდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებით დიდი როლი ბიზნესისა და პოლიტიკური ცხოვრების წარმართვაში, მტრის ხატი, ტელევიზიების გაკონტროლება და ა.შ.

ამაზე ბევრი გვისაუბრია და ახლა აღარ გავიმეორებ. ტიპურად არის ერთი და იმავე აღნაგობის, ერთი და იმავე წყობის სისტემები, თუმცა ისტორიულად და კულტურულად სხვადასხვა წიაღიდან ამოზრდილი. მაგალითად, ლათინურამერიკული და ახლო აღმოსავლური დიქტატურები სამოციან წლებში ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ მჭიდრო ისტორიული და კულტურული ურთიერთობა არ ჰქონიათ. ამიტომაც ასეთ საზოგადოებებში ერთგან დაწყებული კრიზისი, ამავე ტიპის საზოგადოებებზე სხვაგან აისახება. მეორე - ამას ემატება საქართველოში არსებული ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარება და ხელისუფლებას არავითარი გამოსავალი ამ ვითარებიდან არა აქვს - მგონი, ვერავინ დაიწყებს სერიოზულად იმის მტკიცებას, რომ რაიმე გამოსავალს გვთავაზობს ხელისუფლება:

ოცლარიან ვაუჩერებზე არაფერს ვიტყვი, ტურიზმის განვითარებასა და პერსპექტივებზე კი ეგვიპტის მაგალითის შემდეგ სათქმელიც არაფერი რჩება. იქ რაც მოხდა, ყველამ ვიცით და, ალბათ, ისიც ვიცით, რომ საქართველოში არც პირამიდები გვაქვს და არც შარმ-ელ-შეიხის ლაჟვარდოვანი სანაპიროები. ერთადერთი, რაც შეიძლება ეგზოტიკის სახით ტურისტებს შევთავაზოთ, სათაფლიის გამოქვაბულში ჩატარებული მთავრობის სხდომის ჩვენებაა, მაგრამ ამისთვის ჩვენს მთავრობას დღედაღამ გამოქვაბულში ჯდომა მოუწევს. მესამე მომენტი ის არის, რომ, ბუნებრივია, ახლა გლობალიზაციის ეპოქაა და ეს ტალღა საქართველომდე აუცილებლად მოაღწევს.

დღეს ინფორმაციის გაცვლისა და გავრცელების უამრავი საშუალებაა, მაგრამ არათუ დღეს, გავიხსენოთ, 1848-49 წლებში მთელ ევროპას როგორ მოედო რევოლუციების ქარცეცხლი. საფრანგეთიდან წამოსულმა ამ ტალღამ ბალკანეთამდე მიაღწია. მაშინ განზე მხოლოდ ინგლისი და რუსეთი დარჩნენ. ინგლისი იმიტომ, რომ მაშინ იქ უკვე მეტ-ნაკლები დემოკრატია იყო, რუსეთი კი რატომაც გადარჩა, გასაგებია. ავსტრია-უნგრეთიც კინაღამ დაშალა რევოლუციების ტალღამ. ამ ყველაფრის გათვალისწინებით მაშინ პირიქით დავსვამ შეკითხვას: რატომ აგვივლის გვერდს ეს ტალღა? ხელისუფლების არგუმენტი, რომ საქართველოში ეს 2003 წელს უკვე მოხდა და აღარ მოხდებაო, იგივეა, მავანმა თქვას, ბაბუაჩემი უკვე მოკვდა და მე აღარ მოვკვდებიო. გარდა ამისა, საყურადღებოა ობამას ბოლო განცხადება, რომლის ორიგინალიც ჯერჯერობით არ მინახავს, მაგრამ მის უტყუარობაში ეჭვი არ მეპარება. მან გააფრთხილა ავტორიტარული მმართველები, რომ თუ მათ ხალხი დაუპირისპირდა, ამერიკა ხალხის მხარეს დადგება.

იმისთვის კი, რომ ხალხი თავის ქვეყნებში შექმნილ რეალობაში გაერკვეს, ამერიკა ოცდახუთ მილიონ დოლარს გამოყოფს და ეს თანხა ახლო აღმოსავლეთში ინტერნეტისა და ბლოგინგის განვითარებას მოხმარდება. ცხადია, რასაც ვამბობ, კინოფილმ ,,ნატვრის ხის" პასაჟად არ უნდა იქნეს აღქმული, კაცი რომ დგას და გახარებული გაიძახის, რევოლუცია მოდისო. მრავალგზის მითქვამს, რომ რევოლუცია დიდად სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ აქ რევოლუციას ქმნის და ხელს უწყობს თავად ხელისუფლება თავისი ქმედებებით.

ფაქტია, რომ ყოველ წელს საქართველოში მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება, ვიდრე გასულ წელს იყო და ვფიქრობ, ეს სადავო აღარ არის. როდესაც ასეთი ვითარებაა და ამას გარეშე ფაქტორებიც დაერთვება რევოლუციური ტალღების სახით, მაშინ ნამდვილად რაღაცას უნდა ველოდოთ.

თანაც, დააკვირდით ერთ ძალიან საყურადღებო ამბავს: ამ ახლო აღმოსავლურ რევოლუციებში ვინ არის ძირითადი დარტყმის ობიექტი: მმართველი პარტია, რომელიც ჩვენი "ნაცმოსავით" არის შეზრდილი ხელისუფლებასთან, და Aშინაგან საქმეთა სამინისტრო. ეგვიპტეში უკვე დააპატიმრეს შინაგან საქმეთა მინისტრი. ფაქტობრივად, ისე მოხდა, რომ სამხედროებმა მთელი მთავრობა დატოვეს ხელისუფლებაში და მხოლოდ სამ კაცს შეექმნა პრობლემა. პირველ რიგში, ეს არის ალ-ადლი, შინაგან საქმეთა მინისტრი - მას დააბრალეს ყველაფერი და დააპატიმრეს თუნდაც იმიტომ, რომ მოსახლეობის გული მოეგოთ და მღელვარება ჩამცხრალიყო.

სხვათა შორის, მუბარაქის პარტიასაც დაახლოებით იგივე სახელი - "ნაციონალურ-დემოკრატიული პარტია" ერქვა და ყველაზე მეტად მოსახლეობის მრისხანება სწორედ მას დაატყდა თავს. სასაცილო ის არის, რომ რიგითი პოლიციელები მიდიან ალ-თაჰრირის მოედანზე და გაიძახიან, ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენც რიგითი ეგვიპტელები ვართო.

ეს იმიტომ, რომ პოლიციელებთან მასობრივი ანგარიშსწორება დაიწყო ხალხმა.

- პრეზიდენტის საანგარიშო გამოსვლისას ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა ელიტური კორუფცია ახსენა. თუმცა პრეზიდენტის აღშფოთებასა და ფაქტების დაკონკრეტების მოთხოვნას ვერაფერი დაუპირისპირა. მოგვიანებით კი მოძრაობა "არამ" პოლიტიკოსთა და თანამდებობის პირთა მშენებარე სახლების ფოტოგამოფენა მოაწყო. ასეთი "გამოფენა", თავის დროზე, მაშინ ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმაც მოაწყო, მაგრამ დღევანდელ ჩინოვნიკთა მშენებარე და აშენებული სასახლეები ბევრად უფრო პომპეზურია, ვიდრე მაშინდელი, მაგრამ საქმე ის არის, რომ საზოგადოებას დღეს ისეთი მძაფრი რეაქცია ფოტოებზე აღარ ჰქონია. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ საზოგადოება გულგრილი გახდა და ასეთი რამეები აღარ უკვირს. ან არა და, ვისაც უკვირს, იმას სათანადოდ ექცევიან?

-  მე უფრო მგონია, რომ ხალხს ამაში გასაოცარი არაფერი დაუნახავს.

"არამ" საჯაროდ გამოფინა ის, რაც ყველამ ისედაც იცის. მაშინ კი, როდესაც სააკაშვილმა ფოტოები ააფრიალა, ეს სიახლე იყო ვიზუალური თვალსაზრისით. არადა, მაშინდელ ჩინოვნიკთა სასახლეები დღევანდელთან შედარებით ქოხმახებად მოჩანს.

რაც შეეხება ბატონ დეპუტატის განცხადებას, ეს იმას ჰგავს, ყვავი რომ დათვს თვითმფრინავიდან გადმოხტომაზე დაიყოლიებს და მერე ჰკითხავს, ფრენა თუ იციო? დათვი რას უპასუხებს, ალბათ, ყველას გვახსოვს, ისევე როგორც ყვავის ნიშნის მოგება, თუ "ერთი ადგილი" არ გქონდა, რაღას ხტებოდიო.

- ცოტა არ იყოს, გაურკვეველი და ურთიერთსაწინააღმდეგო კომენტარები მოჰყვა ინფორმაციას ისრაელის საელჩოს დახურვის თაობაზე. თავად ისრაელის მხარე არაფერს ამბობს; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველაფერს ახალ შენობაში გადასვლას უკავშირებს, საპარლამენტო უმრავლესობის ზოგიერთი წევრი კი ვარაუდობს, რომ ეს საქართველოს ირანთან მეზობლობას უკავშირდება. ზოგიც ებრაელი ბიზნესმენების სკანდალურ დაკავებას იხსენებს.

- მოდი, ასე ვთქვათ: ეს არ არის იმის მაჩვენებელი, რომ  საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე პოზიცია გაიძლიერა. ის, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვას ამბობს და ისრაელის სალჩო დუმს, ძალიან მრავლისმეტყველი ფაქტია და ნიშნავს, რომ რასაც საგარეო სამინისტრო ამბობს, სინამდვილეში ისე არ არის, თორემ ამ ამბავს დაადასტურებდნენ.

ასე რომ, ფაქტის შეფასება ასეთი შეიძლება იყოს: საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს კიდევ ერთი მინუსი დაეწერა.

- სომხური სააგენტო ნეწს.ამ-ის მტკიცებით, ბაქოელმა ემისრებმა ყარაბაღის ახალ ომში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების გაწვევა დაიწყეს. მანამდე სომხეთში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ღვინის სამშობლო სომხეთია და სიტყვა "კახეთიც" კი სომხური წარმოშობის ყოფილა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამგვარი ინფორმაციის გავრცელება მიზნად ორი ქვეყნის დაპირისპირებას ისახავს?

- ძალიან ძნელია, მიხვდე, ეს ყველაფერი სპეცსამსახურების ნამოქმედარია თუ ორი სისულელის გავრცელება დაემთხვა ერთმანეთს. ალბათ, ყველაზე გონივრული მათი იგნორირება იქნება.

- გამოცემა იე ჭელტ-მა ვიკილიქსის მასალებზე დაყრდნობით ერთობ საინტერესო სტატია გამოაქვეყნა სათაურით: "ნატო ბედნიერ ოჯახს თამაშობს". მასში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ნატოში მიმდინარე პროცესებია აღწერილი. სტატიაში ნათქვამია, რომ ჰოლანდიელები საქართველოს "მოუმწიფებელ დემოკრატიად" მიიჩნევდნენ, მიხეილ სააკაშვილს კი ახასიათებდნენ როგორც "ემოციურ, კორუმპირებულ სახელმწიფო მეთაურს, რომლის ნდობაც არ შეიძლება", გერმანელები კი სააკაშვილს "გიჟსა და სახიფათოს" უწოდებდნენ". ამ შეფასებების წაკითხვის შემდეგ, ალბათ, ძნელია, ნატოსა და ევროკავშირზე იოცნებო.

- მოდი, მე ჯერ სხვა პუბლიკაციას შეგახსენებთ, რომელიც 2008 წლის ომიდან საკმაოდ მალე გამოქვეყნდა. ეს იყო 2008 წლის ოქტომბერში ფრანგულ "ლე მონდში" გამოქვეყნებული სტატია. ინგლისელი ჟურნალისტი ჯონათან ლითლი თავის სტატიაში აღწერს ომის დროს გორში ყოფნას, სადაც ბევრი საინტერესო მომენტია. მაგალითად, რუსების შემოსვლამდე მცირე ხნით ადრე, როგორ აწონებდა ბატონი ვარძელაშვილი მას თავის ორასბოთლიან კონიაკის კოლექციას მაშინ, როდესაც რუსებს წუთი-წუთზე უნდა აეღოთ გორი. ამაზე მნიშვნელოვანი სხვა მომენტია:

პირისპირ დარჩენისას მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია, როგორ ეკითხება ჯონათან ლითლს პრეზიდენტზე. სიტყვასიტყვით, ჟურნალისტი ასე იგონებს: მანქანაში ყოფნისას ლომაიამ ხმას დაუწია და ჩუმად მკითხა, რას ფიქრობენ დასავლეთში სააკაშვილზეო. საინტერესოა, რისი ეშინოდა ლომაიას? ალბათ, პასუხის, რაც მიიღო: ზოგიერთს მიაჩნია, რომ ის არაადეკვატურია, ზოგიერთს კი - გიჟიაო. ლომაიას შეცბუნებული სახე მიუღია და რამდენჯერმე გაუმეორებია, მიშაზე ამბობენ, რომ შეშლილიაო? ასე რომ, დასავლურ პრესაში ეს ინფორმაცია თუ შეფასება ჯერ კიდევ 2008 წელს გახმიანდა. ევროკავშირსა და ნატოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე შეგვიძლია არც ვიფიქროთ მანამდე, სანამ ეს ხელისუფლება იქნება და არა მხოლოდ რუსეთის ფაქტორის გამო. იქნება დრეიფი, ვითომ მოძრაობა.

სინგაპურთან მსგავსების თემაც იმიტომ  წამოსწიეს წინა პლანზე, რომ ჩვენს ხელისუფალთ იმედი ჰქონდათ, აზიის მმართველების მსგავსად, მათაც არ მოსთხოვდა დასავლეთი დემოკრატიული ღირებულებების დაცვას.

მაგრამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებმა ამ მოსაზრებაშიც მნიშვნელოვანი კორექტივები შეიტანა.