"უნდა მივაღწიოთ, რომ როგორმე მასობრივი იყოს საშუალო ბიზნესის წარმოება" - კვირის პალიტრა

"უნდა მივაღწიოთ, რომ როგორმე მასობრივი იყოს საშუალო ბიზნესის წარმოება"

"ჩვენთან პრიორიტეტი არ არის ის, რაც მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში რჩება ხელისუფლების ნომერ პირველ ამოცანად"

გაფიცულ მძღოლებსა და ხაზების მეპატრონეთა შორის, ავსტრიის მოქალაქე, ვინმე ჰორნუნგ ჰარალდ კრისტიანიც ერია

იმის გამო, რომ მუდმივი კრიტიკა, ელიტურ კორუფციასა და ჩაწყობილ ტენდერებზე ლაპარაკი მოსაბეზრებელია, თანაც, როგორც სახელმწიფოზე გულშემატკივარმა ჟურნალისტმა, სასურველია, ყველა მოვლენაში მხოლოდ უარყოფითი არ ვეძებო, ერთ უაღრესად პოზიტიურ ამბავს მოვყვები: სამარშრუტო ტაქსების მძღოლების გაფიცვამ დამარწმუნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მჭიდროდ არის ინტეგრირებული დასავლურ ეკონომიკასა და ყოველდღიურ ცხოვრებასთან.

თქვენ წარმოიდგინეთ, გაფიცულ მძღოლებსა და ხაზების მეპატრონეთა შორის, ავსტრიის მოქალაქე, ვინმე ჰორნუნგ ჰარალდ კრისტიანიც ერია. როგორც ჩანს, დასავლურმა ინვესტიციებმა საქართველოში იმდენად იმძლავრა, რომ ევროკავშირის ამ პატიოსან მოქალაქეს გადაუწყვეტია, #77-ე სამარშრუტო ხაზი შეესყიდა (ალბათ, სხვა ყველაფერი გაყიდული იყო).

"არავინ ჩადებს ფულს ისეთ ქვეყანაში, სადაც კერძო მესაკუთრის უფლებები დაცული არ არის. მე ლეგალურად ჩავდე ფული სამარშრუტო ბიზნესში. ტენდერში გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ კერძო მესაკუთრის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით თბილისის მერიასაც და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მივმართე, თუმცა მათგან პასუხი ვერ მივიღე. ამიტომ ჩემს უფლებებს აქ ვიცავ", - განაცხადა მძღოლების აქციაზე კრისტიანმა. ალბათ, ბატონი კრისტიანი უარესად აღშფოთდება, თუ გაიგებს უფლების დაცვის ამ კანონიერ ფორმას რა შედეგიც მოჰყვა (სამარშრუტო ტაქსების 8 მძღოლს თბილისის საქალაქო სასამართლომ გვიან ღამით 30-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა) და შესაბამის გადაწყვეტილებამდეც მივა: - წადი, ბიძია, სახლში, მშვენიერი "გაპრიალებული" ქვეყნის მოქალაქე ხარო...

სამწუხაროდ ჩვენს ხელისუფალთ სჩვევიათ - საზოგადოებრივი აზრის შესწავლით დიდად არ იწუხებენ თავს (რა საჭიროა შესწავლა, როდესაც შეგიძლია უბრალოდ, "შექმნა"). ამ დამოკიდებულებამ 2007 წელს რაც მოიტანა, ყველას გვახსოვს. მავანთ ისიც უნდა ახსოვდეთ, რომ კოკა წყალს ყოველთვის ვერ მოიტანს და თუ მოქალაქეთა პროტესტს კვლავაც მხოლოდ ციხით უპასუხეს, ხელისუფლება მრავალფეროვანი არჩევანის წინაშე დადგება. უგანდაში ოპოზიციური აზრის მქონეთ შეჭმით ემუქრებიან;

ლიბიაში არტილერიით და ავიაციით ბომბავენ; ქუვეითსა და საუდის არაბეთში კი ფულს ურიგებენ, ოღონდ, არა ოცლარიან ვაუჩერებს - "დემოკრატიის კომპენსაცია" იქ ყოველ მოსახლეზე სამიდან ათი ათას დოლარამდე ჯდება. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გამოცემა თჰე ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ის მიერ გამოქვეყნებულ ამბოხისთვის განწყობილი ქვეყნების რეიტინგში საქართველომ მეთვრამეტე ადგილი დაიკავა, ალბათ, ზემოთ ჩამოთვლილ ღონისძიებებს ისევ დაფიქრება და საკუთარ მოქალაქეთა აზრის გათვალისწინება სჯობს. მსოფლიოსა და საქართველოში მიმდინარე საკითხებზე ეკონომიკის ექსპერტს, ბატონ დემურ გიორხელიძეს ვესაუბრებით:

- სამარშრუტო ტაქსების მძღოლთა გაფიცვამ დედაქალაქში დიდი დისკომფორტი გამოიწვია. მძღოლები მერიის მიერ სამარშრუტო ხაზებზე ჩატარებული ტენდერის გაუქმებას ითხოვენ, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ გამარჯვებული 4 კომპანიის უკან სანამდვილეში ერთი კომპანია და მერიის მაღალჩინოსნები დგანან. სოციალურ ნიადაგზე ამ მასშტაბის გაფიცვას საქართველო ჩვეული არ არის. რამდენად რეალურია პროცესების კიდევ უფრო მწვავედ განვითარება?

- ერთი ეპიზოდიდან გამომდინარე ძნელია, მასობრივი სოციალური არეულობა იწინასწარმეტყველო. ამის საფუძველი ჯერჯერობით არ არის, რადგან პრობლემა არცთუ მცირერიცხოვან, მაგრამ მაინც ადამიანების ერთ ჯგუფს ეხება.

თუკი ქალაქის ხელისუფლება სწორად იმოქმედებს, მათი ინტერესების დაკმაყოფილებაც შეიძლება და სიტუაციის დამშვიდებაც.

თუ ამ ხალხის აზრი და გასაჭირი უყურადღებოდ დარჩება, ეს შეიძლება სხვა ფორმებში გადაიზარდოს. თუმცა მასობრივ სოციალურ უკმაყოფილებაში ამ ამბების გადაზრდა მაინც შეუძლებლად მიმაჩნია.

- ერთი მხრივ, ხელისუფლებას თავი მოაქვს მსოფლიო რეიტინგებით, რომ საქართველოში ყველაზე ადვილია ბიზნესის დაწყება და წარმატების მიღწევა, მეორე მხრივ, ქვეყანაში სოციალური ფონი სულ უფრო მძიმდება, ხშირია ბიზნესზე ზეწოლის შემთხვევა. ამასთანავე, საშუალო ფენა - მთავარი მამოძრავებელი ძალა სახელმწიფო ეკონომიკისა, ჩვენთან არცთუ დიდი და ეკონომიკურად წინ წასულია. თუ არის სამართლიანი ის ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც ქვეყანაში ტარდება?

- რეიტინგი ცუდი სულაც არ არის. რაც უფრო მეტ რეიტინგში იქნება წინ საქართველო, ცხადია, მით უკეთესია. მაგრამ რეიტინგი ბევრს ვერაფერს წყვეტს, რადგან ეს არის გარკვეული კრიტერიუმის ნიადაგზე შექმნილი წარმოდგენა, რომელიც უამრავ სხვა ფაქტორს არ ითვალისწინებს. ამდენად, არათუ საქართველოში, ნებისმიერ ქვეყანაში ვერანაირი რეიტინგი ვერ გახდება მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ამ ქვეყნის მდგომარეობის შეფასებისას. ყველა დიდ და გავლენიან ფინანსურ კომპანიას თავისი ანალიტიკური ჯგუფი ჰყავს და თუ რომელიმე ქვეყანაში სურთ ინვესტიციის განხორციელება ან ფეხის მოკიდება, ისინი პირველ რიგში ამ ანალიტიკური ჯგუფის კვლევებსა და დასკვნებს ეყრდნობიან. დანარჩენ მონაცემებს მხოლოდ საორიენტაციოდ იღებენ, ინდექსებისა და რეიტინგში ადგილის მიხედვით გადაწყვეტილებებს ამქვეყნად არავინ იღებს.

ასე რომ, რეიტინგმა, შესაძლოა, დათვური სამსახურიც კი გაუწიოს ხელისუფლებას, თუკი ჩათვლის, რომ რაკი ესა თუ ის ინდექსი კარგია, ყველაფერი კარგად ყოფილა. საღი აღქმა ამ ინდექსებისა და რეიტინგებისა აუცილებელია. იმაზე, რომ გამარტივებულია ბიზნესის დაწყება, დავაც არ შეიძლება, მაგრამ ფირმის გახსნის სიმარტივე სულაც არ ნიშნავს ბიზნესის წარმოების სიმარტივეს. დღესდღეობით, ერთი რამ მკვეთრად და გარკვევით შეიძლება ითქვას - მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ღერძი არ არის კერძო სექტორის გაძლიერება და სტიმულირება. არ ხდება ყველა პოტენციალის გამოყენება, რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები იყვნენ წახალისებული და ორიენტირებული აქტიურ ეკონომიკურ საქმიანობაზე, ანუ ჩვენთან პრიორიტეტი არ არის ის, რაც მსოფლიოს ყველა განვითარებულ ქვეყანაში რჩება ხელისუფლების ნომერ პირველ ამოცანად. მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ყოველდღიური საქმიანობა იქითკენ არის მიმართული, რომ კერძო სექტორში მოქალაქეთა აქტიურობა როგორმე შენარჩუნდეს.

ჩვენ მსგავსი არაფერი გაგვიკეთებია და ამიტომაც არის უმუშევრობა ქვეყნის უპირველესი პრობლემა, ამიტომაც დაიკარგა ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი კერძო სექტორში. სახელმწიფო პროგრამებით ინფრასტრუქტურების განვითარებაზე ორიენტირის აღება სამუშაო ადგილების გაჩენას და გაზრდას ხელს ვერ შეუწყობს იმ ტემპებით მაინც, რაც სახელმწიფოს ეკონომიკურ გაზრდასა და ნორმალურ ფუნქციონირებას ესაჭიროება. როგორც წესი, ჩვენთან ეს პრობლემა მხოლოდ მცირე ხანს არის მოგვარებული და შემდეგ პრობლემა კვლავაც პრობლემად რჩება. ამიტომ მთავარი აზრი ეკონომიკური პოლიტიკისა, რომ როგორმე კერძო სექტორი იყოს ძლიერი, რომ როგორმე მასობრივი იყოს საშუალო ბიზნესის წარმოება, კვლავაც მიუღწეველი რჩება. მეტიც, ამ მიმართულებით ჩვენ მოძრაობაც არ დაგვიწყია. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში.

- ქვედა დონეებზე, ანუ იქ, სადაც უბრალო მოქალაქეებს თვალი და ხელი მიუწვდებათ, შეიძლება ითქვას, რომ კორუფცია არ არის - ანუ, პირდაპირ ჯიბეში ფულს არავინ იდებს. ბოლო დროს გახშირდა ლაპარაკი ელიტურ კორუფციაზე - საამისო ეჭვებს არასამთავრობოთა მიერ გავრცელებული ჩინოვნიკთა სასახლეების ფოტოები ან თუნდაც მათი კუთვნილი ძვირფასი ავტომობილები ამძაფრებს.

- ის, რომ კორუფცია ყველა ქვეყანაში მეტ-ნაკლებად არსებობს და ქვეყნის საღი განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია, სადავო არავისთვისაა, მაგრამ კორუფციის მასშტაბები და თვითონ კორუფციის აღქმა არის სხვადასხვაგვარი. კერძოდ, ინსტიტუციონალური ეკონომიკა ამ ყველაფერს ძალზე პრაგმატულად და საღად აღიქვამს: იმ ქვეყანაში, სადაც ეკონომიკური აქტივობა მაღალია, მოქალაქეები მაქსიმალურად ახორციელებენ თავიანთ მიზნებს, მაგრამ როცა სახელმწიფო სტრუქტურები არასრულყოფილი და ინსტიტუციონალურად გაუმართავია, ადამიანები იხდიან ფულს, მაგრამ ეს ფული ბიუჯეტის ნაცვლად გარკვეული პირების ჯიბეებში მიდის. მთელი საიდუმლო ის არის, რომ ჩინოვნიკები ამ ფულს იღებენ რაღაც სამსახურის საფასურად. ის, რომ ეს ფული ბიუჯეტში ვერ ხვდება, სახელმწიფოს პრობლემაა და არა მოქალაქეების. მოქალაქეები იქცევიან ისე, რის საშუალებასაც მათ სიტუაცია აძლევს.

დღეს, როცა ლაპარაკია მასობრივი კორუფციის აღმოფხვრაზე, ლაპარაკი უნდა იყოს იმის შესახებაც, რომ ეკონომიკური აქტივობა საქართველოში გაცილებით მაღალი იყო მაშინ, როცა კორუფციის დონე იყო გაცილებით მაღალი. კორუფციის აღმოფხვრის პარალელურად, რაც უალტერნატივო გახლავთ, აუცილებელია ადამიანების, მოქალაქეების პირადი ინიციატივის გაზრდა ეკონომიკური საქმიანობის გააქტიურებისაკენ. სხვაგვარად სახელმწიფოს ჯანსაღი შემოსავალი ვერ ექნება და მოუწევს ადმინისტრირების გამკაცრება, ეს კი, მოქალაქეებისთვის გაუსაძლისი აღმოჩნდება.

ამიტომაც არის საჭირო ყველანაირი სახელმწიფო პროგრამის ჩართვა მასობრივი ეკონომიკური საქმიანობის სტიმულირებისთვის. თუ მთავარ ამოცანად ამას არ დაისახავენ, ბრძოლა იმისთვის, რომ ვიღაცამ ქუჩაში ქრთამი არ აიღოს, შედეგს ვერ მოიტანს. ახლა მოხდა ის, რაც ხელისუფლებისთვის სასურველი სულაც არ არის - ინსტიტუტები, რომლებიც შეისწავლიან კორუფციას და რეიტინგებს აქვეყნებენ, საქართველოში სხვა ტიპის კორუფციასა და ყბადაღებულ ტენდერებზე ალაპარაკდნენ, რაც უშუალოდ ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან არის დაკავშირებული. ეს კი, არა მგონია, ვინმეს იმიჯს წაადგეს.

- ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას ამერიკის ადმინისტრაციის უპირობო მხარდაჭერა ჰქონდა. მოგვიანებით, როცა ხელისუფლებაში დემოკრატები მოვიდნენ, ქართველი ექსპერტები შეერთებული შტატებისგან საქართველოს უყურადღებოდ დატოვებაზე ალაპარაკდნენ. ამჟამად სხვა ტენდენცია იკვეთება - ვაშინგტონიდან სულ უფრო ხშირად და მკვეთრად გაისმის მოწოდებები დემოკრატიის ხარისხის გაზრდაზე, მედიის დამოუკიდებლობაზე, მოქალაქეთა ჩართულობაზე რეფორმებსა და ქვეყნის განვითარებაში. გასულ კვირაში, ჯეიმს სტეინბერგისა და ფილიპ გორდონის ვიზიტის მთავარი გზავნილიც სწორედ მსგავსი მოწოდებები აღმოჩნდა.

- არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესების ფონზე დასავლეთი მთლიანად შეცვლის დამოკიდებულებას არა მხოლოდ ცალკეული ქვეყნებისადმი, არამედ საგარეო პოლიტიკასაც კი. მიდგომის იმ სისტემამ, რომლითაც დღემდე დასავლეთი და მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიც სარგებლობდა, როგორც ჩანს, თავი ამოწურა და დღეს ჩვენ მომსწრენი ვართ რაღაც ფანტასტიკური ცვლილებებისა იმავე ახლო აღმოსავლეთში. ბუნებრივია, შეერთებული შტატები, როგორც უძლიერესი სახელმწიფო მსოფლიოში, თავისი ინტერესების შესაბამისად მოქმედებს. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო და სამხრეთი კავკასია სწორედ ამ ინტერესებშია მოქცეული.

ცხადია ისიც, რომ შეერთებული შტატები არ არის ერთადერთი, ვისაც აქ ინტერესები აქვს. ამიტომ დიდ სახელმწიფოთა ბალანსის მიღწევა საქართველოსთვის სასურველია. რაკი ჩვენი ისტორიის მანძილზე საქართველო პირველად მოექცა მსოფლიო პოლიტიკის ეპიცენტრში, ეს ბედნიერებაა, მაგრამ მეორე მხრივ, უზარმაზარი თავისტკივილიც არის, რომ ხელისუფლებამ - დღევანდელი იქნება ეს თუ ხვალინდელი, სწორი პოლიტიკა აწარმოოს, რათა თავისი გადაწყვეტილებით ამ რეგიონში დაპირისპირების სტიმულატორი არ აღმოჩნდეს. ბუნებრივია, ამერიკელთა ინტერესი საქართველოსადმი არ არის მოკლევადიანი და ამ ინტერესს სწორად უნდა გამოყენება.

ვფიქრობ, ნეოკონსერვატიული საგარეო პოლიტიკის უგულებელყოფის შემდეგ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია გონივრულ ნაბიჯებს დგამს, რადგან ის პოლიტიკა, რომელმაც ეს უზარმაზარი ქვეყანა ლამის ჩიხში შეიყვანა, არ შეიძლება გაგრძელდეს. პრეზიდენტი ობამა, მიუხედავად იმისა, რომ მას შეერთებულ შტატებშიც კი გარკვეული წინააღმდეგობები აქვს, აბსოლუტურად სწორი მიმართულებით მოძრაობს, რაკიღა ის ცვლის იმ წარმოდგენებს, რომლებიც ამ ბოლო ათი წლის განმავლობაში ნეოკონსერვატიული მარაზმის შედეგად დამკვიდრდა.

ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არაბულ სამყაროში მიმდინარე პროცესები ამერიკელებს სწორ დასკვნებს გამოატანინებს, რის შემდეგაც ისინი არა კონკრეტულ პიროვნებებსა და რეჟიმებს დაუჭერენ მხარს, არამედ ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას და ჭეშმარიტად დემოკრატიული პროცესების განვითარებას. როდესაც ხალხი დაასკვნის, საითკენ ჯობია სვლა, რომელი გეოპოლიტიკური ორიენტაციაა მათთვის მისაღები, ასეთი "გავლენის სფერო" ბევრად საიმედო და მყარი იქნება, ვიდრე ახლო აღმოსავლეთის წლობით დაკონსერვებული ავტორიტარული რეჟიმებია.