"საქართველოში ანონსირებული რევოლუცია უფრო პიარკამპანიას ჰგავს" - კვირის პალიტრა

"საქართველოში ანონსირებული რევოლუცია უფრო პიარკამპანიას ჰგავს"

"ალ-ქაიდას" ლიდერები სწორედ ლიბიის მკვიდრნი იყვნენ, ვიდრე ავღანეთსა და პაკისტანს შეაფარებდნენ თავს"

სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" ყიდვის სურვილი საუდის არაბეთის მეფე აბდალამ გამოთქვა. როგორც ეგვიპტური და ირანული პრესა იუწყება, ბატონ ცუკერბერგს ბატონი აბდალა 150 მილიარდ დოლარს სთავაზობს. ეს კი სამჯერ მეტია, ვიდრე ექსპერტების მიერ შეფასებული საიტის ღირებულება. რას იზამ - აქვს კაცს საშუალება და გადაწყვიტა, ტახტში ფული გადაიხადოს. როგორც ჩანს, მხცოვანი მეფე არაბი ბლოგერების მიერ 11 მარტს დაგეგმილმა "მრისხანების დღემ" შეაშინა და სანამ აღმოსავლეთი რევოლუციების ალშია გახვეული, რუსეთი გამალებით ცდილობს, კავკასიაში მთავარი მშვიდობისმყოფლის მანტია მოირგოს.

ილჰამ ალიევი და სერჟ სარგსიანი დმიტრი მედვედევის მიწვევით სოჭში ჩავიდნენ. "სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხების განხილვა იგეგმება", - ნათქვამია კრემლის განცხადებაში. ეს განცხადებაშია ნათქვამი, თორემ კრემლის მიერ დარეგულირებული ყარაბაღიც კარგად გვახსოვს, ცხინვალიც და სოხუმიც.

ქართველ პოლიტიკოსებს კი იმედი მიეცათ, აღმოსავლური რევოლუციური ეპიდემია საქართველოსაც გადაედებაო და დაიწყო ტრადიციული განცხადებების სერია სააკაშვილის გადადგომისა თუ გადაგდების თაობაზე - რასაკვირველია, კონკრეტული თარიღებისა და ვადების მითითებით. როგორც ჩანს, ჩვენში პრეზიდენტობისა და მისი "გადაგდების" ვადის გადაწევა განუსაზღვრელი დროითაა შესაძლებელი. ოღონდ პირველ შემთხვევაში - რეალურად, მეორეში - ვირტუალურად, ასე ვთქვათ, გულის მოსაოხებლად. ერთი ანეკდოტის არ იყოს, გურულმა მონადირემ მიზანს რომ ააცდინა და გაქცეულ მელიას მიაძახა, ჩემი ხელიდან კვტარი ხარ შენეო.

დაწვრილებით საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების შესახებ ბატონ სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით:

- გასულ კვირას კვლავაც აქტუალური იყო კაიროს პრეცედენტის საქართველოში გადმოტანის საკითხი. ოპოზიციის ნაწილი კიდევ ერთხელ ალაპარაკდა თარიღებსა და ვადებზე, თუ როდის უნდა შეიცვალოს ხელისუფლება. გაჩეჩილაძის პროგნოზით, "ზაფხულში ყველანი დავისვენებთ სააკაშვილისგან". მანვე დასძინა, რომ "თუ ხელისუფლება უსისხლოდ წავა, კარგია, თუ არა და, მაინც წავა". რევოლუციური განწყობით აქტიურობდა "სახალხო კრებაც", რომელმაც წინააღმდეგობის კომიტეტებისა და შეფიცულთა რაზმების ორგანიზება განაახლა. ისევ ხომ არ ცდებიან ოპოზიციის ლიდერები, როდესაც ხელისუფლების წასვლას თარიღებსა და კონკრეტულ ვადებს უკავშირებენ?

- საზღვარგარეთული მოვლენის კოპირება ყოველთვის მარცხისთვის განწირული ექსპერიმენტია. გასაგებია, რომ ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნები არაბული სამყაროს ქვეყნებში ანალოგიურია, მაგრამ მზადების ფორმა სრულიად განსხვავებულია, რადგან, პრაქტიკულად, არაბული ამბოხება მეტ-ნაკლებად სპონტანური მოვლენა იყო. ყოველ შემთხვევაში, თუ ვინმე რამეს ამზადებდა, და არ გამოვრიცხავ, სწორედ "ალ-ქაიდა" აღმოჩნდეს სულისჩამდგმელი ამ ერთიანი ბუნტისა, ეს არც სრულიად მოსახლეობისთვის იყო ცნობილი და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას ჰქონია პრეტენზია ამ პროცესების ლიდერობისა. საქართველოში ანონსირებული რევოლუცია უფრო პიარკამპანიას ჰგავს, ვიდრე რეალურ მზადებას არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების შეცვლისთვის.

ამიტომ ჯერ უნდა გავაანალიზოთ, რა ტიპის მსგავსება შეიძლება იყოს არაბულ სამყაროსა და საქართველოს შორის ასეთი პროცესების მოლოდინში. ამ თვალსაზრისით საკმაოდ ინფორმაციული იყო მსოფლიო ბანკის, ამერიკის სადაზვერვო სამმართველოს, ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და გაეროს შეჯერებული მონაცემები. აღმოჩნდა, რომ საპროტესტო მუხტის გამომხატველ ადამიანთა საშუალო ასაკი იემენში 19 წლიდან იწყება, ტუნისში კი 30 წლამდე სრულდება. ჩვენთან, ცხადია, ორჯერ მეტი მაინც არის საპროტესტო განწყობის მქონე მოქალაქეთა ასაკი და ამის ახსნაც შეიძლება, რადგან თვრამეტიდან ოცდაათ წლამდე ახალგაზრდები სახელმწიფო სამსახურებში მუშაობენ, ამ ტიპის მოხელეთა უმრავლესობას სწორედ ისინი წარმოადგენენ. შესაბამისად, საპროტესტო მუხტიც ახალგაზრდებში ნაკლებია. ამ მიმართულებით სრულიად შეგნებულად და მე ვიტყოდი, წარმატებითაც, კარგა ხანია მუშაობს "ნაციონალური მოძრაობა".

არადა, ახალგაზრდობის აქტიურობა ასეთ შემთხვევაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასაკოვანი ხალხისა. 1978 წელს სტუდენტებსა და, საზოგადოდ, ახალგაზრდობას რომ არ ეაქტიურა, საბჭოთა კავშირის დაშლას კონსტიტუციაში შეცვლილი გრაფით შევხვდებოდით, სადაც საქართველოს სახელმწიფო ენად რუსული გვექნებოდა გამოცხადებული. ყურადსაღებია სხვა მონაცემებიც: ამბოხებულ ქვეყნებში სიღარიბის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი - 41% იემენშია. ამავე დროს კი ამბოხებულთა საშუალო ასაკი საოცრად დაბალია - 19 წელი. ტუნისში პროტესტანტების ზედა ასაკობრივი ზღვარი ყველაზე მაღალი - 30 წელია. ეს ქვეყანა სულ 7,5%-იანი სიღარიბის მაჩვენებლით მივიდა რევოლუციის აუცილებლობამდე. იქ უკვე 90%-ზე მეტია წერა-კითხვის მცოდნეთა რაოდენობა და უმაღლეს განათლებამიღებულთა რიცხვიც ძალიან დიდია. სხვათა შორის, ტუნისში ქუჩაში მოვაჭრე უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე უმუშევრად ითვლება, ჩვენთან კი საკუთარ ეზოში ბარი რომ დაჰკრას ვინმემ, დასაქმებულად აცხადებენ.

ამასთან, პოლიტიკურ პარტიათა პრეტენზიები ამა თუ იმ რევოლუციის სათავეში ჩადგომისა შეიძლება გამოთქმულ იქნეს მხოლოდ ხალხის ნება-სურვილით და არა თითქოსდა საკუთარი მზაობით ლიდერობისთვის. ამიტომ არა ვარ დარწმუნებული, რომ გაზაფხულზე რაიმე ტიპის წინააღმდეგობა რეალური იყოს ხელისუფლებისთვის, იმ ხელისუფლებისთვის, რომელიც დიდი ხანია მოემზადა და სულმოუთქმელად ელოდება ასეთი ტიპის ქმედებას ოპოზიციისგან, რათა ნებისმიერი ხერხით აღკვეთოს ხელისუფლების შეცვლის არაკონსტიტუციური მცდელობა. ამაზე მიუთითებს ჩემთვის ფრიად შემაშფოთებელი ფაქტი: გადის დღეები და ლამის ისტერიული გახდა დასავლეთის ლიდერების მოწოდებები ლიბიის მთავრობისადმი, რომ ამ უკანასკნელმა შეწყვიტოს ძალადობა და პრეზიდენტი გადადგეს.

ზედიზედ იკრიბება გაერო, იკრიბება ევროსაბჭო, ინტენსიურად იმართება ნატოს სხდომები, საქართველოს ხელისუფლება კი მორცხვად დუმს. ერთი აუგი არ დასცდენიათ ან მუბარაქზე, ან კადაფიზე. არადა, როგორ უყვართ ხოლმე სხვა შემთხვევებში "საერთაშორისო მარაქაში" გარევა. რას ნიშნავს ეს? მკითხველისთვის მიმინდვია დასკვნის გაკეთება.

- რუსეთი არ აპირებს, საქართველოს ძალის გამოუყენებლობის გარანტია მისცეს. ეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორ კარასინმა ჟენევის მოლაპარაკების მე-15 რაუნდზე განაცხადა. ცოტა ხნით ადრე კი რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ ტორშინმა საქართველოს ხელისუფლება დომოდედოვოს ტერაქტის ორგანიზებაში დაადანაშაულა. როგორ ფიქრობთ, ეს განცხადებები რუსეთის შიდა პიარკამპანიისთვის არის გამიზნული თუ რეალური საფრთხის შემცველია?

- უკვე ყველასთვის ნათელია, რომ რუსეთი იძულებულია, დომოდედოვოს ტერაქტის საქმის გახსნაში საკუთარი უსუსურობა სულ ახალ-ახალი ვერსიებით გაამყაროს. საქართველოც სწორედ ამ მიზნით გარიეს ამ ამბავში. არ ვიცი, ხვდებიან თუ არა კრემლში, მაგრამ ეს ბრალდება საკმაოდ კარგი კომპლიმენტია საქართველოს ხელისუფლებისთვის, თუ მას ამგვარი ტერაქტების ჩატარება თვით რუსეთის დედაქალაქში შეუძლია. მაგრამ ასეთი რამ ხომ არ ხდება? ამ კლასის ტერაქტების დამგეგმავი და მომწყობი ქვეყანა ჯერ საკუთარ თავს მიხედავდა და ტერიტორიების სოლიდურ ნაწილს არ დაკარგავდა.

თანაც, ამ ბრალდებას ახმაურებს პირი, რომელიც თანამდებობით კი არის დამშვენებული, მაგრამ რეალურად ნულოვანი მნიშვნელობისაა რუსულ პოლიტიკაში. მგონი, ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. რაც შეეხება კარასინის განცხადებას, უკაცრავად, მაგრამ არავისთვის არ არის გაუგებარი, ვინ ვის ტერიტორიაზე შეიჭრა აგვისტოს ომის დროს.

საქართველო, რაოდენ უჭკუოდაც უნდა ემოქმედა მის ხელისუფლებას, 2008 წლის აგვისტოში საკუთარ საზღვრებს არ გასცილებია, ხოლო რუსეთი ყველა საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო საზღვარს გასცდა და სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიჭრა. ამის შემდეგ ლაპარაკი იმაზე, რომ თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებაზე მხოლოდ თბილისმა და ცხინვალმა ან თბილისმა და სოხუმმა უნდა ილაპარაკონ, პრიმიტიული დემაგოგიაა და სხვა არაფერი, რომლისაც მხოლოდ კრემლს თუ შეიძლება სჯეროდეს.

თუ რუსეთს უნდა რაიმე ტიპის ახალი ხელშეკრულების მიღება, სრულიად მკაფიო უნდა იყოს საერთაშორისო ორგანიზაციათა როლი. სამწუხაროდ, ისინი ყურს იყრუებენ სწორედ მაშინ, როდესაც ელემენტარულ საერთაშორისო სამართლის ლოგიკაზეა ლაპარაკი. თუ რუსეთს მიაჩნია, რომ საქართველო თავს დაესხა თავისი ტერიტორიის ნაწილს და ამ ნაწილთან ითხოვენ თავდაუსხმელობის ხელშეკრულების დადებას, მაშინ ამავე ლოგიკით თბილისმა თავდაუსხმელობის პაქტი უნდა გააფორმოს გორთან, სამტრედიასთან, თელავთან…და ა.შ. ეს ხომ არასერიოზულია და თუკი საქართველომ ოფიციალურად განაცხადა, რომ არ აპირებს რეგიონული კონფლიქტების შეიარაღებული გზით მოგვარებას, რატომ არ უნდა გააკეთოს რუსეთმა თუნდაც განცხადება, რომ მეზობელ ქვეყნებს თავს არ დაესხმება, თუნდაც ყურით მოთრეული მოტივაციით. საქმეც ის არის, რომ რუსეთში საამისო პოლიტიკური ნება არ არსებობს და ამ შემთხვევაში საქართველოს პოზიცია ბევრად უფრო ლოგიკურად მიმაჩნია, ვიდრე რუსეთისა.

- გასულ კვირას ჰააგის ტრიბუნალიც ჩაერთო საქმეში, მაგრამ ჯერჯერობით კადაფი გადადგომას არ აპირებს და კვლავაც ძალაუფლებისთვის იბრძვის. "დიდ პოლიტიკაში" მოთამაშე ქვეყნების აზრი კი ისევ ორად არის გაყოფილი - მათ ლიბიის პროცესებში შეიარაღებული ჩარევა ვერ გადაუწყვეტიათ. რით შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი? ვითომ კადაფის მისცემენ საშუალებას, რომ მოწინააღმდეგეები ამოხოცოს?

- დასავლეთის მთავარი თავსატეხია არგუმენტების მოძიება იმ ვერსიის სასარგებლოდ, რომ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ლიბია უფრო უარესი ძალის ხელთ არ აღმოჩნდება როგორც თვით ლიბიის, ისე რეგიონისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. ვგულისხმობ "ალ-ქაიდას" გაურკვეველ ფუნქციას იმ პროცესებში, ლიბიაში რომ მიმდინარეობს. როგორც ცნობილია, "ალ-ქაიდას" ლიდერები სწორედ ლიბიის მკვიდრნი იყვნენ, ვიდრე ავღანეთსა და პაკისტანს შეაფარებდნენ თავს. ის, რომ ოპოზიციური ფრთა არ არის ამ წინააღმდეგობის ლიდერი, უფრო მეტ ეჭვს ბადებს. არა მგონია, დიდხანს გაგრძელდეს ასეთი კრიზისი, რადგან ერთ მხარეს ძევს ამერიკისა და ევროკავშირის ავტორიტეტი, მეორეზე კი - კადაფის ხელისუფლება.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველი გაკვეთილი უკვე მიიღო და შესაბამისი რეაქციაც ჰქონდა ჯერ კიდევ ეგვიპტის მოვლენების გამწვავებისას, როდესაც ბრძანა, რომ მისთვის მთავარია სამოქალაქო საზოგადოებისთვის მხარდაჭერა და არა ამ ქვეყნების ხელისუფლება და მათი კეთილგანწყობა. რეალურადაც ასეა, რადგან პარალელური აჯანყებები დაიწყო იმ ქვეყნებში, სადაც რეჟიმები ყველაზე სოლიდარულია შეერთებული შტატების პოლიტიკასთან ამ რეგიონში, იმ ქვეყნებში, რომლებიც ყველაზე სანდოა ისრაელისთვის მის სამეზობლოში. ასეთ ვითარებაში შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევს. ევროპა კი კვლავაც დარჩება იმ ვაგონების როლში, რომლებიც არხეინად მიმოდიან პოლიტიკურ რელსებზე, რადგან იციან, რომ მათ ბედსა და მიმართულებას ლოკომოტივი განაგებს. ვაშინგტონი კი, როგორც ლოკომოტივი, შესაძლოა გადავიდეს ლიანდაგიდან, თუ არ გამოიჩინა ის სიბრძნე და გამოცდილება, რაც დაუგროვდა ერაყსა და ავღანეთში წარუმატებელი საომარი ქმედებებით. ამიტომ ნამდვილად არ მშურს პრეზიდენტ ობამასი, რომელსაც ბევრად მეტი ტვირთის აწევა მოუწევს, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებისას წარმოედგინა.

არ გვეგონოს, რომ ყველაფერი ლიბიით ამოიწურება. უკმაყოფილებაა ბაჰრეინშიც, სადაც შეერთებულ შტატებს უდიდესი სამხედრო ბაზა აქვს; არეულობაა იემენშიც, სადაც მოსახლეობა უმძიმეს ვითარებაშია სიღარიბისა და უმუშევრობის თვალსაზრისით. ყველა სხვა ქვეყანაშიც არის მზაობა ხელისუფლების გადაგდებისა. ამისთვის კი მზად არც ევროპაა და არც ამერიკა. ფაქტია, რომ მათ ხელიდან გაუშვეს თავად ხელისუფლებებთან საუბრის ინიციატივა. რაც შეეხება რუსეთის პოზიციას, აქ პუტინისა და მედვედევის დაპირისპირება იკვეთება, რადგან სწორედ პუტინია ის, ვინც მოსკოვში სტუმრად ჩასულ კადაფის რამდენიმე წლის წინ წითელ მოედანზე გაშლილი კარვითა და აქლემებით მიეგება. მედვედევს კი ამ მხრივ ნაკლები ვალდებულება აკისრია აღმოსავლეთთან და სიამოვნებით ჩაჯდება იმ ნავში, სადაც დასავლეთის ლიდერები სხედან.