"ობამა ნამდვილად XXI საუკუნის ლიდერია" - კვირის პალიტრა

"ობამა ნამდვილად XXI საუკუნის ლიდერია"

"ძალიან ბევრმა თავი დაირწმუნა, რომ მივიდოდა, შეუბერავდა სააკაშვილს და ისიც გაფრინდებოდა"

ვაშინგტონის განცხადებამ ანტისარაკეტო სისტემებთან დაკავშირებით საერთო-ევროპული აურზაური გამოიწვია. ცნობილი ამბავია, რომ თავის დროზე პოლონეთსა და ჩეხეთშიც ბევრი ეწინააღმდეგებოდა ამ სისტემის განთავსებას, მმართველ პოლიტიკურ ძალებსაც დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ საზოგადოებრივ აზრს შესწინააღმდეგებოდნენ. მეტიც, ჩეხეთის პრემიერი, რომელმაც ხელი მოაწერა წინასწარ შეთანხმებას, მოგვიანებით იძულებული გახდა, გადამდგარიყო. ცხადია, საერთო-ევროპულ აურზაურს საერთო-რუსული ზეიმი მოჰყვა - კარგია, რომ ობამა თავის შეცდომებს აღიარებს, იმედია, სხვა საკითხებსაც გადახედავსო და სხვა მრავალი. რატომღაც, მორცხვად დახუჭეს თვალები იმავე განცხადების ბოლო ნაწილზე, სადაც ამ სისტემების კავკასიაში ან მის სიახლოვეს შესაძლო განთავსებაზე იყო ლაპარაკი...

სანამ დიდ პოლიტიკაში დიდი თამაშები გრძელდება, კიდევ ერთი ინფორმაცია გავრცელდა ბორის ბერეზოვსკის თბილისში ჩამოსვლასა და ხელისუფლების მაღალ ეშელონებთან შეხვედრასთან დაკავშირებით. მართალია, ხელისუფლება გადაჭრით, ბერეზოვსკი კი ირიბად უარყოფს ამ ვიზიტს, მაგრამ კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდება - "კვამლი" ამ შემთხვევაში ბერეზოვსკის პირადი თვითმფრინავი გახლავთ, რომელიც ოფიციალურად დაუდასტურებელი ინფორმაციით, თბილისის აეროპორტში იმყოფებოდა.

სექტემბერმა გაიარა, თუმცა დაანონსებული აქციები და აქტიურობა არსად ჩანს. როგორც ჩანს, ხელისუფლება მომდევნო არჩევნებსაც წარმატებულად, "ცალ კარში"  ჩაატარებს, მერე კი აქციებიც განახლდება - გაყალბებისა და უზურპაციის ბრალდებით...

დაწვრილებით, ქართული და საერთაშორისო პოლიტიკური პერიპეტიების შესახებ პოლიტოლოგ ანდრო ბარნოვს ვესაუბრებით:

- ამერიკის შეერთებული შტატების მიერ გაკეთებულმა განცხადებამ რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ლეხ ვალენსას თქმით, - ამერიკა ყოველთვის თავისი ვიწრო ინტერესებისთვის მოქმედებდა და ყველას თავისი სარგებლისთვის იყენებდა. რა იცვლება ობამას ამ ნაბიჯით მსოფლიო პოლიტიკაში?

- ალბათ შეამჩნიეთ, რომ მედვედევის რეაქცია ობამას გადაწყვეტილებაზე კორექტული და კეთილგანწყობილი იყო. თქვა, რომ ამის შემდეგ რუსეთი ისეთივე ყურადღებით მოეკიდება აშშ-ის ინტერესებს, როგორც ეს ობამამ გააკეთა რუსეთის მიმართ. პუტინმა კი ობამას გადაწყვეტილება ცივად მიიღო და მაშინვე შემდგომი დათმობა მოითხოვა. პუტინს კარგად ესმის, რომ მისი რეაქცია ურთიერთობის გაუმჯობესებას ხელს უშლის, მაგრამ მაინც გააკეთა ეს. გარწმუნებთ, ეს შემთხვევით არ ხდება, პუტინისთვის დამღუპველია სიტუაცია, როცა რუსეთს მტერი არ ჰყავს. პუტინი თავიდანვე ამ რიტორიკით მოვიდა რუსეთის სათავეში და დღესაც ამავე იმიჯით აგრძელებს მოღვაწეობას. ეს არის შურისმაძიებელი, დაუნდობელი, აგრესიული, აქტიური და შეუპოვარი ლიდერის იმიჯი, რომელიც სისხლში ახრჩობს რუსეთის მტრებს და უცერემონიო ქედმაღლობით ელაპარაკება მსოფლიოს ლიდერებს. განსხვავებულია მედვედევი, რომელიც რაციონალური, ინტელექტუალური, ლიბერალური და ცივილიზაციისაკენ მიდრეკილი ლიდერის იმიჯს იქმნის და მის შინაგან ბუნებასთანაც ეს უფრო ახლოა.

ვფიქრობ, ზედმეტია მტკიცება, რომ ობამას მედვედევთან ურთიერთობა სურს. მოსკოვში მისი ვიზიტის დროსაც ნათლად გამოჩნდა, რომ პუტინს იგი რელიქტურ არსებად მიიჩნევს, მედვედევში კი პარტნიორს ხედავს. მოსკოვის სამიტის წინ გამიჩნდა ეს ეჭვი და დღემდე მხოლოდ მიმტკიცდება, რომ ობამა ყველანაირად შეუწყობს ხელს მედვედევის გაძლიერებას და ამასთანავე რუსეთთან რეალური პარტნიორობის ჩამოყალიბებას. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ნაბიჯი, რომელიც ამისათვის ამერიკას შეიძლებოდა გადაედგა, ყბადაღებულ ანტისარაკეტო სისტემებზე უარის თქმა იყო. ობამას თავიდანვე არ მოსდიოდა თვალში ეს პროექტი და მისდა საბედნიეროდ, პუტინმაც უსაფუძვლოდ ბევრი იჩხუბა ამის გამო.

ამიტომ ობამას მეტი აღარაფერი დარჩენოდა და ერთი გასროლით ორი სპილო მოკლა  - თავიდან მოიშორა პრობლემატური პროექტი და პუტინი და მისი დინოზავრული ამალა ჰაერში დატოვა. დღეს პუტინს ხელიდან ეცლება მთავარი მტრის ხატი და თუ ეს მოხდა, ამასთან ერთად მისი საჭიროებაც გაქრება. ვის სჭირდება ავი ძაღლი, როცა სამეზობლოში მხოლოდ ირმები ბინადრობენ? ამასვე ეხმიანება რასმუსენის შეთავაზება ნატოსა და რუსეთის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის, ერთობლივი ანტისარაკეტო სისტემის შექმნის შესახებ და სხვ. ერთი სიტყვით, დასავლეთი რუსეთს სამეგობროდ ეპატიჟება და ამისთვის მრავალი მიზეზიც აქვს: რუსეთი მთელ დანარჩენ მსოფლიოში ყველაზე ახლოს დგას დასავლურ ცივილიზაციასთან, მდიდარია ბუნებრივი რესურსებით და მათ ასათვისებლად დასავლური კაპიტალი აუცილებელია, რუსეთი პირდაპირ საფრთხეს ვერ უქმნის დასავლეთს, მაგრამ მტრობის შემთხვევაში ბევრ პრობლემას შექმნის, ამავე დროს რუსეთი გეოპოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი ქვეყანაა და მრავალი სხვა. ასე რომ, დღეს ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის "ჩათრევის" პოლიტიკას, რომელსაც ამერიკა და ნატო ერთობლივად ახორციელებენ. ამ კონტექსტში ჯერ კიდევ პასიურია ევროკავშირი და უნდა ვივარაუდოთ, რომ მისი გააქტიურებაც მოხერხდება. რა თქმა უნდა, აქ ჩნდება და რჩება კითხვა იმის შესახებ, რამდენად მზადაა რუსეთის მოსახლეობა, რომ მხარი ისეთ ლიდერს დაუჭიროს, რომელიც სამოვარს ჩექმით არ დაუბერავს. მკითხაობა ვერაფერს მოგვცემს, დღეს მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ ტენდენცია გავიაზროთ და გავითვალისწინოთ.

საქართველოს ხელისუფლებისათვის ამ სიტუაციის სწორად გაანალიზება ძალზე მნიშვნელოვანია. მაგალითად, შეიძლება დავსვათ ასეთი კითხვა: რუსეთია მტერი თუ პუტინი? იქნებ ჯობდეს, დავუშვათ, რომ ეს სწორედ პუტინია და იქნებ, არსებობს შანსი, რომ მედვედევმა განსხვავებული ხაზის არჩევა შეძლოს? ამაზე სერიოზული მსჯელობაა საჭირო, მაგრამ თუ ეს ასეა, მაშინ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ კადრებთან ურთიერთობას, რომლებსაც მედვედევი ანიჭებს უპირატესობას ჩრდილოეთ კავკასიაში თუ აფხაზეთში, მაქსიმალურად უნდა ავარიდოთ თავი სწრაფ შედეგებზე ორიენტირებულ პოლიტიკას... როგორც ვთქვი, ამ თემებზე მსჯელობა ცალკეა საჭირო. აქ მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანია, რუსეთში პუტინი არ დაუბრუნდეს საპრეზიდენტო სკამს.

დავუბრუნდეთ ანტისარაკეტო სისტემას და ვიკითხოთ: რეალურად რა დათმო ამერიკამ? ვთქვათ, პოლონეთში სახმელეთო სისტემის ნაცვლად, ჩრდილოეთის ზღვასა და ხმელთაშუა ზღვაში, თურქეთის სამხრეთით ან ისრაელის სანაპიროსთან ამერიკის ფლაგმანი გემები განთავსდება; სამხედრო თვალსაზრისით, ირანიდან მომდინარე შესაძლო საფრთხე ნეიტრალიზებული იქნება; რაც შეეხება აღმოსავლეთევროპელი პარტნიორების უკმაყოფილებას, - ჩეხების უმეტესობა თავიდანვე ნეგატიურად იყო განწყობილი ამ სისტემის მიმართ, პოლონელებს კი ამერიკა  "პეტრიოტის" კომპლექსის დამონტაჟებას დაჰპირდა და მათ ამით დაამშვიდებს. კიდევ სად რჩება პრობლემა, იქ, რომ ამერიკამ რუსეთთან დათმო? მაგრამ სწორედ ეს არის ობამას სტრატეგია და ამიტომ ეს პრობლემა კი არა, უპირატესობაა. სამაგიეროდ, ამ  დათმობის”სანაცვლოდ მეტი შანსი ჩნდება, რომ შეიცვალოს სიტუაცია თავად რუსეთში და სადავე ხელში აიღოს მედვედევმა. რუსეთში მედვედევს დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს. პუტინი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ახალ-ახალი პროვოკაციით ასაზრდოოს ამერიკასთან მტრობის სინდრომი.

აი, ახლა, მაგალითად, უკრაინაში დიდი მსჯელობა და მზადებაა რუსეთის შესაძლო თავდასხმების მოსაგერიებლად, რაც, ბუნებრივია, პუტინის "დინოზავრების შემოქმედება" იქნება, მაგრამ როგორც ჩანს, ობამას სჯერა, რომ რუსეთის პოლიტიკაში ცვლილებები შესაძლებელია და სწორედ აქეთ არის მიმართული მისი სტრატეგიაც.

ამ გზაზე დამშვიდებული ვერც ობამა იქნება, რადგან რესპუბლიკელები მის პატარა შეცდომასაც კი ეროვნულ ტრაგედიად წარმოაჩენენ. დამაიმედებელი ის არის, რომ ორივე - ობამაც და მედვედევიც - დღეს პრეზიდენტია, ამდენად, სიტუაციას ისინი უფრო აკონტროლებენ, ვიდრე მათი ოპონენტები. ამიტომ, აქ აღწერილ სცენარს განხორციელების კარგი შანსი აქვს. ბოლოს და ბოლოს, თუ მედვედევმა სიტუაციის ფეხის აწყობა ვერ შეძლო, ამერიკას შეუძლია, ძველ მიდგომას დაუბრუნდეს, მაგრამ ეს იქნება დაბრუნება მორალური უპირატესობით, რაც ამერიკის სამოქმედო შესაძლებლობებს ერთი ათად გაზრდის, ამიტომ, ძალზე დასაფასებელია, რომ ობამა ნამდვილად XXI საუკუნის ლიდერია და არა XII საუკუნის.

დაბოლოს, ორი სიტყვა ჩვენთვის ყველაზე საინტერესო თემის შესახებ  - რატომ ახსენა ჯეიმს კარტრაიტმა კავკასია და რა რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ ამაზე რუსებს? ჯერ რუსების რეაქციის შესახებ ვილაპარაკოთ: დუმის დეპუტატების უმრავლესობის რეაქცია საინტერესო მხოლოდ იმდენადაა, რამდენადაც გარკვეულ ტენდენციას ასახავს. მათი ცალ-ცალკე განხილვა უაზრობაა, ზოგად ტენდენციას რაც შეეხება, რამდენიმე კომენტარის მიხედვით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ დეპუტატები თამაშგარე არიან და ლამის ხრუშჩოვის ტექსტებით ლაპარაკობენ. ეს განცხადებები ზედაპირულია, რაც იმას ნიშნავს, რომ დუმას ამ პროცესში როლი არა აქვს და როგორც ყოველთვის, დეპუტატებს მოგვიანებით ეტყვიან, რაზე და როგორ უნდა იფიქრონ. ეს ყველაფერი შეიცვლება მას შემდეგ, რაც მედვედევი საპასუხო სვლების გაკეთებას დაიწყებს და უნდა ველოდოთ, რომ ეს სვლები სწორედ ირანის საკითხის გარშემო გაკეთდება.

თუ ეს მართლაც მოხდა, ამერიკასა და რუსეთს შორის სხვა მრავალ სფეროში დაიწყება დაახლოების პროცესი, რაც მედვედევის პოზიციას განუზომლად გააძლიერებს, პუტინს კი შეიძლება ისე გაუხდეს საქმე, რომ ფუნქცია დაკარგოს და გადადგომამაც კი მოუწიოს - ცოტა ვიოცნებოთ, არა უშავს! სწორედ ამ დაახლოების პროცესში თუ დაიძვრება საქართველოს საკითხიც, თავიდან ალბათ ნელა და მდორედ, მაგრამ ნელ-ნელა მომწიფდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ფორმატი და გეგმაც. ვფიქრობ, ყველანი იმაზე უნდა დავფიქრდეთ, რომ თუ რეალისტურად მივუდგებით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის პრობლემების მოგვარების უკეთესი გზა არ არსებობს. მე პირადად დიდი იმედით ვუყურებ იმ ფაქტს, რომ მოძალებული კრიტიკის მიუხედავად, ობამა თანამიმდევრულად მიუყვება თავის გეგმას, ასევე იმედი მაქვს, რომ რუსეთშიც ლიდერთა ერთი ნაწილი იპოვის ძალას და ამ გეგმის მეორე ნახევარს წარმატებით განახორციელებს. ჩვენ მთლიანად ხელს გვაძლევს ამერიკასა და რუსეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავება და წარმატებული და დემოკრატიული რუსეთის ხილვა, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს ყველა არსებული პრობლემის მოგვარებას. თუ ახალი მსოფლიო ომი და ახალი გლობალური გადანაწილება არ მოხდა, საზღვრების ურღვევობის პრინციპს ვერაფერი შეცვლის.

რაც შეეხება კარტრაიტის მხრიდან კავკასიის ხსენებას, გამოვრიცხავ, რომ ეს ანტისარაკეტო კომპლექსის კავკასიაში განთავსებას ნიშნავდეს. ვფიქრობ, კარტრაიტმა ამ გზით დიპლომატიურად მიანიშნა, რომ კავკასიის სტაბილურობა ამერიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მოსკოვს არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ამერიკას კავკასიაში რამეს გამორჩება. ფორმალურად კი კარტრაიტის განცხადებაში ყველაფერი მართალია - პოლონეთის სამხრეთის ნებისმიერი წერტილი უფრო ახლოა კავკასიასთან.

- შეიარაღებული ძალების შეფასებასთან დაკავშირებით მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების ოპტიმიზმისა, ნატოს ახალმა გენერალურმა მდივანმა თავის პირველსავე დიდ გამოსვლაში საქართველო ნატოს სტანდარტებთან შეუსაბამოდ მოიხსენია, თუმცა ტრადიციულად ისიც ბრძანა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების შანსი კვლავაც აქვს.

- დღეს მიმდინარე პროცესები სწორედ ამ ფონის მომწიფებას გულისხმობს. მანამდე კი საქართველოს საკითხი ღიად დარჩება, თუმცა წინასწარვეა დათქმული, რომ ეს საკითხი რაღაც მომენტში დადებითად უნდა გადაწყდეს. დღეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად ნატოში გაწევრება, არამედ – უსაფრთხოების მყარი გარანტიების მიღება და ეკონომიკური განვითარება, სახელმწიფო ინსტიტუტების დახვეწა და გაძლიერება, საშინაო პოლიტიკის მოწესრიგება, განათლების დონის ამაღლება, დემოგრაფიული საკითხების გაუმჯობესება და სხვ. რა თქმა უნდა, თავდაცვის ორგანიზება ერთ-ერთი უპირველესი ამოცანაა და ამაში მთელი მოსახლეობა უნდა ჩაერთოს, რაც იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ იარაღით ხელში ირბინოს. მე წინააღმდეგი ვარ ყველანაირი ფეტიშიზმის.

- რადას გავლენიანი დეპუტატის, ტოლსტოუხოვის განცხადებით, როგორც კი იანუკოვიჩი უკრაინის პრეზიდენტი გახდება, კიევი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობას აღიარებს.

- ეს პრიმიტიული პროპაგანდაა. უკრაინა არასოდეს აღიარებს სეპარატიზმს. იანუკოვიჩს კი მართლაც სერიოზული შანსი აქვს, თუმცა, შესაძლოა, გამარჯვება მაინც ტიმოშენკომ მოიპოვოს. ნებისმიერ შემთხვევაში, სეპარატიზმის წახალისება უკრაინას დაღუპავს. უკრაინის ეკონომიკა ამერიკის დაუხმარებლად ვერ იარსებებს და ნებისმიერი ახალი ლიდერი დასაღუპავად იქნება განწირული, თუ ეკონომიკა არ მოაგვარა, იანუკოვიჩი კი კამიკაძე არ არის.

- მიუხედავად დაანონსებული, დიდი სასექტემბრო აქტივობებისა, ოპოზიცია უმოქმედოდაა, რასაც ვერ ვიტყვით პრეზიდენტზე. როგორ ფიქრობთ, ერთიანმა ოპოზიციამ, როგორც ასეთმა, წარმატების შანსი ხელიდან გაუშვა?

- ვფიქრობ, ერთიან ოპოზიციას, როგორც ასეთს, წარმატების შანსი არც არასდროს ჰქონია. ჯერ ერთი, ვიკითხოთ, რა წარმატების შანსი უნდა ჰქონდეს ერთიან ოპოზიციას რევოლუციის გარდა? მაგრამ რევოლუციის იდეას ყველა მათგანი უარყოფდა, მიუხედავად იმისა, რომ რეალურად სწორედ ამას ცდილობდნენ. სამწუხაროდ, რამდენიმე თვე ამგვარ რეალობაში გავატარეთ. ძალიან ბევრმა თავი დაირწმუნა, რომ მივიდოდა, შეუბერავდა სააკაშვილს და ისიც გაფრინდებოდა. სამწუხაროდ, საგაზაფხულო პოლიტიკური აზროვნება ამაზე შორს არ წასულა. ვშიშობ, ზაფხულის განმავლობაში მხოლოდ ის მოხდა, რომ ოპოზიცია გაზაფხულის სცენარის უპერსპექტივობაში დარწმუნდა, ახალს კი ვერაფერს გვთავაზობენ.

ამასობაში ხელისუფლება აქტიურად მუშაობს და აშკარაა, რომ თუნდაც მომავალ ადგილობრივ არჩევნებს ყველაზე სერიოზულად ისევ ხელისუფლება ეკიდება. კონკრეტული იდეებისა და ინიციატივების ნაკლებობა ოპოზიციაში ისევე მწვავედ იგრძნობა, როგორც ადრე. თუმცა, შემოდგომა ჯერ წინაა და ვნახოთ, რა იქნება. ასეა თუ ისე, ოპოზიციის საგაზაფხულო აქტივობას ალბათ მაინც ჰქონდა ის შედეგი, რომ ხელისუფლება გამოფხიზლდა და უფრო რეალისტურად ეკიდება საკუთარ თავსაც და ზოგადად გარემოსაც. მაგრამ თუ ოპოზიცია თვისებრივად უკეთეს ხარისხში არ გადავიდა, თუ ისევ ტვინის ჭყლეტა დაგვჭირდა, რომ მათ მოქმედებებში კრიმინალსა და პოლიტიკას შორის ზღვარი მოვძებნოთ, მაშინ ან ხელისუფლება გახდება რეპრესიული და ან – ოპოზიცია გადაგვისვრის უფსკრულში. არჩევანის გაკეთება სწორედ ამ ორ პერსპექტივას შორის მოგვიწევს და ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის ლომის წილი ოპოზიციაზე იქნება. თავად განსაჯეთ, როგორია ქვეყნის მართვა იმ პირობებში, როდესაც ნებისმიერი ხელსაყრელი შემთხვევისას ყველა ოპონენტი მზადაა, რომ რევოლუცია მოაწყოს. რასაკვირველია, ბევრს ეს არ მოეწონება და გაუკვირდებათ, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე არაფერს ვამბობ, მაგრამ სწორედ ესაა საქმე, რომ ყველამ გაიგოს: მრგვალი მონეტის ზურგი სამკუთხედი ვერ იქნება და ვერც უზურგო მონეტა იქნება სამგანზომილებიანი სხეული.

ქვეყანას დიახაც სჭირდება ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივა და არა – გაღიზიანებული ან თუნდაც ძალიან გაბრაზებული ადამიანები ერთადერთი მოთხოვნით, რომ დაუყოვნებლივ შეიცვალოს ხელისუფლება. კარგად უნდა განვსაზღვროთ, რას შეიძლება ვუწოდოთ ოპოზიციის წარმატება, ვფიქრობ, არასწორია, თუ ამაში ხელისუფლების დაუყოვნებლივ შეცვლა იგულისხმება. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს არჩევნებით, როგორც ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. თუ ვადამდე არჩევნებს გულისხმობთ, ოპოზიცია ძალიან სუსტია, შანსი ხელიდან გაუშვა და დღეს ამას ვერ მოახერხებს, მეტიც, ასეთი მოთხოვნის დაყენების ლეგიტიმაციაც არა აქვს. ჩემი აზრით, ყველაზე ხელსაყრელია ძლიერი პოლიტიკური ალტერნატივის ჩამოყალიბება და თუ რომელიმე პოლიტიკური ძალა ამას მოახერხებს, ეს იქნება უდიდესი წარმატება ამ ძალისთვისაც და მთლიანად საქართველოს მომავლისთვის. საამისო ნიადაგი და წინა პირობები ნამდვილად არსებობს, მთავარია, პოლიტიკურ ლიდერებს პოლიტიკოსის ხედვა ეყოთ.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი