"მსოფლიო კერპი" და ვირტუალური დეველოპერი... - კვირის პალიტრა

"მსოფლიო კერპი" და ვირტუალური დეველოპერი...

"დიდი ფული და პოლიტიკური შეცდომა ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს"

ამ ცნობამ პატარკაციშვილისა და მერდოკის გარიგება გამახსენა

გასულ კვირას უთო რომ ჩაერთო დიასახლისს, ისიც დონალდ ტრამპის მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციაზე ალაპარაკდებოდა. იყო პირდაპირი ჩართვები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სიუჟეტები, ტელემსჯელობები. ნაციონალური მაუწყებლები ისეთი დარაზმულები იყვნენ, რომ არა იაპონიის ტრაგიკული მოვლენები, ალბათ კიდევ ერთ კვირას საქართველოს მოსალოდნელ აყვავებასა და ინვესტიციების სფეროში მაგალითის ძალის ფილოსოფიაზე ისაუბრებდნენ.

ამაღლებულ განწყობას მეც შევუერთდი და ასეთი მსოფლიო კლასის ინვესტორის შემოსვლაც ძალიან გამიხარდა, რადგან მოგეხსენებათ, ფულიანი ხალხი დიდი სიფრთხილით გამოირჩევა - უპერსპექტივო და სარისკო ზონებში ცოცხალი თავით არაფერს დააბანდებენ. ვიფიქრე, რაკიღა ტრამპმა საქართველოსთან გარიგება გადაწყვიტა, ე.ი. მთლად ცუდადაც არ ყოფილა ჩვენი საქმე, როგორც ამას ზოგ-ზოგი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატავს-მეთქი. მაგრამ ის იყო, ამ დასკვნებით ვხარობდი, რომ გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსის" ვებგვერდზე ვინმე ენდრიუ კრამერის სტატიას წავაწყდი:

"ცათამბჯენებს უშუალოდ ტრამპი, მსოფლიოში პირველი ვირტუალური დეველოპერი არ ააშენებს. კარიერის ამ ეტაპზე ის დიდწილად საკუთარი სახელის გამოყენებაზე ლიცენზიას სხვების ნაგებობებზე გასცემს და დეველოპერულ საქმიანობას თავად არ ეწევა, თუმცა ზოგჯერ თავადაც აშენებს ცათამბჯენებს, როგორიცაა მაგალითად ნიუ-იორკში თრუმპ ჭორლდ თოწერ-ი. საქართველოში ტრამპი მხოლოდ ლიცენზიას გასცემს თავისი სახელის გამოყენებაზე, ხოლო მისი კომპანია უძრავი ქონების ორი ობიექტის მართვას განახორციელებს. ის ასევე იმუშავებს შილკ ღოად-თან პროექტების დაფინანსებასა და ცათამბჯენების ბაზარზე წარდგენაზე".

(ვრცლად იხ. გვ. 16). ტრამპმა განაცხადა, რომ ამ კონკრეტულ მომენტში ის არ აპირებს პროექტებში საკუთარი ფულის ჩადებას.„"იმას, გვსურს თუ არა ინვესტიციის განხორციელება, მოგვიანებით გადავწყვეტთ", - თქვა მან. თავისთავად არც სახელის გაყიდვა თუ გადაცემაა უმნიშვნელო საქმე - ბიზნესში, მოგეხსენებათ, სახელი ძალზე ძვირად ფასობს, მაგრამ ამ ცნობამ პატარკაციშვილისა და მერდოკის გარიგება გამახსენა.

როცა საქმე საქმეზე მიდგა და ,,ტელეიმედს" "ამერიკელი მფლობელისგან" დაცვა დასჭირდა, აღმოჩნდა, რომ გარიგებაში მერდოკის მხოლოდ სახელი იყო და სხვა არაფერი, სახელი და კიდევ, მართვაში ძალზე უცნაური ფორმით მონაწილეობა. ჰოდა, ,,იმედმა" ასეთი "სახელობითი ლიცენზიით" რა ხეირი ნახა, ეგეც ყველას გვახსოვს. ცხადია, "ტრამპთაუერის" შემთხვევა გაცილებით მასშტაბურია და იმედია, ის იღბლიანიც აღმოჩნდება - ,,იმედისგან" განსხვავებით.… დეტალურად ამ და სხვა თემებზე ბატონ რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით:

KvirisPalitra.Ge- "რაც შეეხება ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მთელ ევროპასა და მსოფლიოში თქვენ მართლაც კერპი ხართ. საქმე, რომელიც ამ ადამიანმა გააკეთა, ნამდვილად უპრეცედენტოა. ამერიკის შეერთებული შტატები უნდა ამაყობდეს, რომ ასეთი პარტნიორი ჰყავს" - ბრძანა ამერიკელმა მილიარდერმა დონალდ ტრამპმა ქართულ სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას, როცა საქართველოში ე.წ. "ტრამპთაუერების", ანუ ცათამბჯენების მშენებლობაზე კონტრაქტს მოაწერა ხელი. ვიდრე კონტრაქტზე გადავიდოდეთ, ორიოდ სიტყვა "მსოფლიოს კერპსა და სიამაყეზე" ვთქვათ. ამ დონის ბიზნესმენის დაინტერესება ძალიან კარგია და ეგებ მაგალითის მიმცემიც აღმოჩნდეს, მაგრამ ასეთი გადაჭარბება, სხვა ბიზნესმენებში წახალისების ნაცვლად, ეჭვს ხომ არ გააჩენს?

- რა თქმა უნდა, ბუნებრივია ის ინტერესი, რომელიც საქართველოსა და სააკაშვილისადმი ტრამპის დამოკიდებულებამ გააჩინა. ბოლო ხანებში ასეთი დამოკიდებულებით გათამამებულები არ ვართ. გარდა იმ თავისებურებისა, რაც ბიზნესმენებს პოლიტიკოსებისადმი ახასიათებთ, ტრამპის მხრიდან ქართულ თემაზე ასეთი პედალირება იმ პოლიტიკურ საკითხში, რომ სააკაშვილი სამაგალითო მმართველი და კერპიც კი ყოფილა, რესპუბლიკელების  - ბუშის, მაკკეინისა და ასე შემდეგ - პოლიტიკის გაგრძელება მგონია. მათთვის ქართული თემა მომგებიანად ითვლება და ისინი ყოველთვის ცდილობდნენ, ქართულ-რუსული თემის კომბინაციით მოეგოთ პოლიტიკური ოპონენტებისთვის. ლოგიკა მარტივია - საქართველო წარმატებულია, რუსეთი კი აგრესიული. როგორც ვიცით, ტრამპი პოლიტიკაში ფეხის შედგმას აპირებს და როგორც ჩანს, ქართული თემატიკით ესოდენი დაინტერესებაც ამით უნდა იყოს გამოწვეული.

- სხვათა შორის, ტრამპს სააკაშვილი მსოფლიო კერპად მთლად არგუმენტების გარეშეც არ გამოუცხადებია - მან მსოფლიო ბანკის რეიტინგებიც მოიშველია და პოლიციის რეფორმაც ახსენა. საინტერესოა, სხვა, უარყოფითი მაჩვენებლების შესახებ არაფერი იცოდა, თუ ჩათვალა, რომ ამის შესახებ ლაპარაკი არ ღირდა?

- რუსთაველმა ბრძანა: ,,ზოგჯერ თქმა სჯობს არათქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების". ცუდზე არაფერი თქვა იმიტომ, რომ მას ამის თქმა ხელს არ აძლევდა. ლოგიკური ამბავია - მოლაპარაკე მხარე სათქმელად სწორედ იმას არჩევს, რაც მას კონკრეტულ სიტუაციაში სჭირდება.

ამ შემთხვევაში კამათი პიარის სფეროში გადაინაცვლებს. აქ, შესაძლოა, ვინმე ფიქრობდეს, რომ ასეთი ნაბიჯი მომგებიანია, სხვას კი პირიქით მიაჩნდეს. პოლიტიკაში ბიზნესმენების მოსვლის ამ რამდენიმე შემთხვევას თუ დააკვირდებით, დიდად შედეგიანი არც ერთი არ ყოფილა და ისინი, როგორც წესი, დიდ შეცდომებს უშვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ფული ჰქონდათ. ასე რომ, დიდი ფული და პოლიტიკური შეცდომა ერთმანეთს სულაც არ გამორიცხავს…

- უშუალოდ ამ გარიგებას რაც შეეხება: ქართულმა ნაციონალურმა მაუწყებლებმა მთელი დღე დაუთმეს საზეიმო განწყობის შექმნას იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის ნომერი პირველი ბიზნესმენი საქართველოში ინვესტიციას ახორციელებს და ცათამბჯენების აშენებას გეგმავს. თუმცა გაზეთ "ნიუ-იორკ ტაიმსში" გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, ტრამპს ამჯერად მხოლოდ თავისი სახელის ლიცენზია გაუყიდია, ფულის ჩადებას კი მსგავსი ტიპის პროექტებში უახლოეს მომავალში არ აპირებს. ეს ნიშნავს, რომ ინვესტიციაზე ლაპარაკი, ცოტა არ იყოს, გადაჭარბებულია, თუ ტრამპის თუნდაც სახელის "ყიდვა" საქართველოში ინვესტიციების მოზიდვას დიდად წაადგება?

- სავარაუდოდ, ეს არ არის მხოლოდ ტრამპის სტრატეგია. ეკონომისტები, რომლებიც უფრო ჩახედულნი არიან მსგავს საკითხებში, ძალიან ხშირად ამბობენ, რომ  კერძო ფირმები საქართველოს მსგავს ქვეყნებში თავის ფულს არ დებენ. ისინი თავიანთი ავტორიტეტით ახერხებენ სახსრების მოზიდვას და შემდეგ ეს მოზიდული თანხები ხდება ინვესტიციის საფუძველი. ძალიან მკაცრიც ნუ ვიქნებით ამ სტრატეგიის შეფასებაში. დღეს ჩვენ ესეც გვაძლევს ხელს. ესეც არ იყოს, ამგვარი სტრატეგია არც მარტო ტრამპისთვისაა დამახასიათებელი და არც მარტო საქართველოსთვის. საერთოდ, ყველა სარისკო რეგიონთან ასეთი ფრთხილი სტრატეგია სჩვევიათ ბიზნესმენებს, რომლებიც ფულს უფრთხილდებიან. და მგონი, ეს გასაკვირიც არ უნდა იყოს.

- რუსული მედიის ცნობით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთში ვიზიტისას განაცხადა, რომ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების შესახებ ვაშინგტონი თბილისს ესაუბრა. მედიაში რუსი ჩინოვნიკების კომენტარიც მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ პირდაპირი დაპირება "საქართველოს პრობლემის" მოგვარებაზე არ ყოფილა. მაგრამ "ის, რომ ამერიკელებს ამის თაობაზე ქართულ მხარესთან მოლაპარაკება ჰქონდათ, დადასტურდა.. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ალბათ, ერთადერთი საერთაშორისო "კოზირია", რომელიც საქართველოს რუსეთის მიმართ აქვს და მის გამოყენება-არგამოყენებაზეც დიდი ხანია ბჭობენ. შესაძლოა თუ არა, "კოზირი" მეგობრებმა საქართველოს ფუჭად გადააგდებინონ ან ზოგადად, მის შენარჩუნებას თუ აქვს აზრი - რაში შეიძლება ის საქართველომ გამოიყენოს?

- როდესაც ხელთ ძვირფასი ნივთი, მაგალითად, ოქროს ზოდი გიჭირავს, პრობლემა არის მისი დაცვა, თორემ შესაძლოა, ძალიან სწრაფად დაკარგო. ამიტომაც ღარიბებზე უფრო ძლიერი დაცვა ჰყავთ მდიდრებს, რადგან მათ დასაკარგი მეტი აქვთ. ჩვენ ხელში ჩავიგდეთ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრების ბერკეტი. არის თუ არა ეს სიმდიდრე და შენაძენი? - დავუშვათ, არის, მაგრამ მაშინ დამცავი მექანიზმებიც უნდა გვქონდეს. იმდენი ქვეყანაა დაინტერესებული, რომ რუსეთი მსო-ში გაწევრდეს, საქართველოს მეტისმეტი სიჯიუტე  თითოეული მათგანის აგრესიას გამოიწვევს, მერე კი მათი აგრესიისგან დამცავი მექანიზმი დაგვჭირდება, თუნდაც თავი გავანებოთ იმას, რომ სხვა ქვეყნებს აგრესიაში რუსეთი ალბათ გადაუსწრებს.

ზოგადად, თუკი კოზირებისა და ბანქოს ლოგიკით ვილაპარაკებთ, შეუძლებელია, მარტო ერთი კოზირით ბანქოს თამაში მოიგო. ამიტომაც მეჩვენებოდა თავიდანვე, რომ მეტისმეტი ხმაური ამ ერთი "კოზირის" გარეშე სულაც არ იყო ადეკვატური და რეალობას, შესაძლოა, უსიამოვნო შედეგებამდე, უფრო სწორად, იმედგაცრუებამდე მივეყვანეთ. არ ვიცი, მთელი ეს პროცესი რით დასრულდება და შესაძლოა, სულაც არ აღმოჩნდეს სასაყვედურო, ანუ უშედეგო ქართული მისიის მიერ გაწეული სამუშაო, მაგრამ ის კი ფაქტია - თუ რამე შედეგი იქნა, ის ბევრად დაბალი იქნება, ვიდრე ამას საქართველოში ატეხილი აჟიოტაჟის გამო მოველით. ვთქვათ, როგორიცაა, ჩვენი გავლენის დაბრუნება დაკარგულ ტერიტორიებზე. ასეთი რამ არალოგიკურია. შედეგი ალბათ იქნება, ოღონდ უფრო მოკრძალებული.

- ამერიკის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მიმდინარე კვირას ტუნისსა და ეგვიპტეს ესტუმრება. "ვაპირებ გამოვხატო პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციისა და ამერიკელი ხალხის მხარდაჭერა მათ მიმართ და ავუხსნა, რომ მათთან პარტნიორობის სურვილი გვაქვს", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა. ვიზიტის ფარგლებში ჰილარი კლინტონი აპირებს ლიბიის ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდეს, რომლებიც კვლავინდებურად ქვეყნის ლიდერ მუამარ კადაფის გადადგომას ითხოვენ. როგორც ჩანს, შეერთებული შტატები უკვე შეუდგა იმ პოლიტიკის განხორციელებას, რაზეც პრეზიდენტი ობამა საუბრობდა - რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისა და არა მათი რეჟიმების კეთილგანწყობა. ლაპარაკია იმ ტიპის ქვეყნებზე, სადაც მრავალწლიანი დიქტატურები არსებობს.

- სიტყვა "დიქტატურა" საკმაოდ ადეკვატურია ასეთი ქვეყნების მიმართ, თუ გავიხსენებთ, რომ წლების განმავლობაში იქ ლამის სამხედრო რეჟიმები მოქმედებდა. საინტერესო ის არის, რომ რევოლუციური პროცესები დაიწყო ისეთ დიქტატორულ ქვეყნებში, სადაც ამერიკისადმი ლოიალურად განწყობილი რეჟიმები იყო. ასე რომ, თუ ამ კონტექსტში განვიხილავთ თემას, მაშინ კიდევ უფრო გაძნელდება თქმა, რა პროცესებთან გვაქვს საქმე და რითი დასრულდება ეს ყველაფერი.

აღმოსავლეთმცოდნეები ამბობენ, რომ აქ ფუნდამენტალური ისლამიზმი არაფერ შუაშია და რომ აქ დიქტატორულ რეჟიმებთან მებრძოლი ხალხის ნება მოქმედებდა. ლოგიკა გასაგებია, მაგრამ მეტისმეტად მარტივი. საინტერესოა, რატომ გაჩნდა დიქტატურასთან ბრძოლის სურვილი ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში და თანაც ერთ რეგიონში, თან დასავლეთისადმი ლოიალურად განწყობილ ქვეყნებში. შესაძლოა, სურვილი კი გაჩენილიყო ერთდროულად, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომელი ძალა გამოიყენებს ამ საპროტესტო მუხტს.

ის, რომ კლინტონი ან ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენელი მიდის და ერთგულებასა თუ მეგობრობას ეფიცება ამ ქვეყნებს, ამერიკისთვის ძალზე უჩვეულოდ და წამგებიანად გამოიყურება. ასეთი ნაბიჯები საფიქრებელს ხდის, რომ ამერიკას ეშინია, საერთოდ არ დაკარგოს ეს ქვეყნები. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ამ პროცესების იქით არ აღმოჩნდეს ფუნდამენტალისტური დაჯგუფებები. საკმარისია, ამ ხავერდოვანი რევოლუციების შედეგად ამ დაჯგუფებებმა მათთვის ხელსაყრელი ხალხი მიიღონ ხელისუფლებაში, რომ დასავლეთი ენერგომატარებლების კონტროლს, ფაქტობრივად, დაკარგავს.

- სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით საინტერესოდ ჟღერს ლიბიის ოპოზიციის განცხადება. ისინი დახმარებას სთხოვენ დასავლეთს, მაგრამ მეორე მხრივ, კატეგორიულად წინააღმდეგნი არიან ამერიკის ან ზოგადად, ნატოს ჯარების ლიბიის ტერიტორიაზე შესვლის. ჩვენ მხოლოდ საავიაციო დახმარებას ვითხოვთ და არა ჯარების შემოყვანას, - ასეთი იყო ერთ-ერთი გავლენიანი ოპოზიციური ლიდერის ტელემიმართვა. როგორც ჩანს, კადაფის გადაგდების შემდეგ, შიშობენ, ახალი მთავრობის ფორმირებაზე დასავლეთმაც არ იქონიოს გავლენა იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის ჯარები ქვეყნის ტერიტორიაზე იქნებიან.

- ასეთი შიში სულაც არ არის გამორიცხული. თუ ვივარაუდებთ, რომ ფუნდამენტალისტები დააკვირდნენ პრეზიდენტ ბუშის პოლიტიკას და როლს საქართველოში "ვარდების რევოლუციის" მოხდენისას და მოგვიანებით მის მცდელობასაც, სხვა ხავერდოვანი რევოლუციებით შესულიყო შუა აზიის ქვეყნებში, რატომ არის გამოსარიცხი, რომ ფუნდამენტალისტებმაც იგივე ხერხი იხმარეს, რათა ახლო აღმოსავლეთის ტოტალური კონტროლი აეღოთ ხელთ და შესაბამისად, ევროპა-ამერიკაც მათზე დამოკიდებული გაეხადათ. სანამ ამ კითხვებს არ გაეცემა პასუხი, ახლო აღმოსავლეთის რევოლუციებზე ამაღლებული ტონით საუბარი, ცოტა არ იყოს, ნაადრევად მეჩვენება.