"რევოლუცია ტრაგედიაა ნებისმიერი ხალხისთვის" - კვირის პალიტრა

"რევოლუცია ტრაგედიაა ნებისმიერი ხალხისთვის"

ქართველებს ერთი ენამოსწრებული ანდაზა გვაქვს: სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძვრესო - სანამ დასავლეთევროპელი და ამერიკელი ლიდერები საგანგებო სამიტზე ლიბიის საჰაერო დაბომბვას გადაწყვეტდნენ, კადაფის ძალებმა ოპოზიციას მძიმე დარტყმა მიაყენეს და მათი მთავარი ფორპოსტი - ბენღაზიც აიღეს, რის შემდეგაც საფრანგეთის ავიაციამ კადაფის დარტყმები მიაყენა.

ახლო აღმოსავლეთსა და იაპონიაში მიმდინარე დრამატული მოვლენების გამო, საფრანგეთის ელჩის, ერიკ ფურნიეს მიერ საქართველოს მთავრობის მკაცრი შეფასება საინფორმაციო სივრცეში "ჩაიკარგა", მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ხელისუფლებისთვის ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ხალხი რას გაიგებს (კაცმა რომ თქვას, ასეთ რამეს არც მშვიდობიანობისას აიტაცებდა დიდად ნაციონალური მედია). თურმე მთავარი ის არის, რას ფიქრობს დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებაზე.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ბატონ ზაზა ფირალიშვილს ვესაუბრებით:

- "ევროკავშირის დახმარება ზღვაში წვეთია საქართველოსთვის. გამოდის, არაფერი შეცვლილა: არ არის თავისუფალი მედია, არ არის შრომის პროფესიული კავშირი, მცირეა პროგრესი ეკონომიკაში. ეს უბედურებაა", - განაცხადა საფრანგეთის ელჩმა საქართველოში ერიკ ფურნიემ "ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს"" ანგარიშის მოსმენის შემდეგ. ფრანგ დიპლომატს საქართველომ ნეობოლშევიკური ქვეყნის ასოციაცია გაუჩინა. როგორც წესი, დიპლომატია ემოციისგან შორს დგას ხოლმე. მაშ, რით არის გამოწვეული ფურნიეს აღშფოთება? მან პირველად, ანგარიშის მეშვეობით შეიტყო, თუ რა ხდება საქართველოში? რამდენად ადეკვატურია საქართველოს ნეობოლშევიკურ ქვეყნად მოხსენიება? ხომ არ ნიშნავს კრიტიკის გამძაფრება იმას, რომ ევროპას უკვე მოჰბეზრდა სააკაშვილისთვის რევერანსების გაკეთება?

- უცხოელი დიპლომატის ამგვარი განცხადება ქვეყნის ხელისუფლებისათვის, რბილად რომ ვთქვათ, მიმანიშნებელი უნდა იყოს. ვფიქრობ, განმარტებას არ უნდა საჭიროებდეს, რომ დიპლომატები პირად დამოკიდებულებას ამგვარ საკითხებში თითქმის არასოდეს გამოხატავენ. ჩანს, საფრანგეთის მთავრობაში საქართველოში მიმდინარე პროცესების აღქმაში გარდატეხა მოხდა. და მაინც, შევეცდები, ცალმხრივად არ დავინახო ეს პროცესი. ერთი მხრივ, "ვიკილიქსის" მიერ გამოქვეყნებული მასალები ნიკოლა სარკოზის ქმედებებზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაეჭვების საფუძველს აშკარად იძლევა და რა გასაკვირია, თუ ფრანგული დიპლომატია ამის მიჩქმალვას მოინდომებს საქართველოს ხელისუფლების ბრალდებით, მით უმეტეს, თუ ბრალდება საფუძვლიანია.

სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ქვეყნის ხელისუფლება იძლევა საფუძველს, არასახარბიელოდ მოიხსენიონ. თავი დავანებოთ შედარებით წვრილმან ტიპოლოგიურ მსგავსებებს. ბოლშევიკური, ალბათ, უპირველესად ჩვენს ხელისუფლებაზე ითქმის, რომლის წარმომადგენლებიც დარწმუნებული არიან, რომ მონოპოლიურად ფლობენ ჭეშმარიტებას. ახალი ადამიანისა და ახალი საზოგადოების შექმნის იდეებიც წმინდა წყლის ბოლშევიკური იდეებია, თუ ისინი დემოკრატიულ წანამძღვარს არ გულისხმობენ და ერთი კონკრეტული პოლიტიკური წრის იდეებად რჩებიან. ასეთი ტენდენცია ნებისმიერ მმართველობას, ადრე თუ გვიან, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ფარულ თუ აშკარა შეთქმულად აქცევს.

ბიზნესის, მასმედიის, საარჩევნო რესურსებისა და სხვათა ტოტალური კონტროლი ბოლშევიკური შეთქმულების ნიშანია და დიპლომატს ახალი არაფერი უთქვამს ისეთი, რაც თავადაც არ ვიცოდით ან არ გვითქვამს. ყველა ის უბედურება, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, ამის შედეგია. სააკაშვილი დასავლური პროექტი იყო, პოსტსაბჭოთა სივრცეზე დასავლური პოლიტიკის ერთგვარი სამარკო ნიშანი. დასავლეთმა იოლად ირწმუნა, რომ საქართველოში იყო ახალგაზრდა და ენერგიული ადამიანების ჯგუფი, რომელიც სათანადო ხელის შეწყობის შემთხვევაში ქვეყნის მოდერნიზაციას შეძლებდა.

რაღაც პროცესები მართლაც დაიძრა, მაგრამ ვხედავთ, რომ დღეს ქვეყნის ხელისუფლება თავისი მორალური რესურსების ამოწურვის ზღვარზეა. რევოლუციური შეთქმულებისა და საზოგადოების უსახო, "პიარმეთოდებით" იოლად მართვად მასად წარმოდგენის შედეგად მოდერნიზაცია ჩიხში იწყებს შესვლას. დემოკრატიული განვითარების გარეშე იგი ფასადურ მოვლენად რჩება.

საყოფაცხოვრებო კორუფცია შეცვალა ელიტურმა და პოლიტიკურმა კორუფციამ, რომელიც დღეს ტოტალურად ამუხრუჭებს ჩვენს განვითარებას.

ყველაზე მძიმე მორალურ და ფსიქოლოგიურ დარტყმას ქვეყანას აყენებს ის გარემოება, რომ ხელისუფლების მთელი სოციალური პოლიტიკა პოლიტიკური ლოიალობის ნიშანზეა აგებული.

თუ რამდენიმე წლის წინ მასმედიის ამა თუ იმ ხარისხით გაკონტროლებას ამართლებდა მოდერნიზაციასთან დაკავშირებული ფსიქოლოგიური და სხვა ტიპის სირთულეები, დღეს კონტროლი თითქმის მთლიანად ახალწარმოშობილი პრობლემების დასაფარად არის აუცილებელი. სხვაგვარად თუ ვიტყვით,

სააკაშვილის ხელისუფლება თანდათან უახლოვდება ფაზას, როდესაც თავისი სიხისტით თავადვე ქმნის თავის საწინააღმდეგო არგუმენტებსაც და სიტუაციასაც.

დიადი გარდაქმნების სახელით წარმოებული იდეოლოგიური, პოლიტიკური და ეკონომიკური კონტროლი საპირისპირო ნაყოფს იძლევა და სხვაგვარად, ალბათ, შეუძლებელიც იყო.

ვიმეორებ, თუ პოსტრევოლუციურ სიტუაციაში ამგვარ კონტროლს ერთგვარი რევოლუციური ლოგიკით ჰქონდა გამართლება, დღეს ეს სიმართლე“თვალსა და ხელშუა ქრება. ის, რისთვისაც ცოტა ხნის წინ ძნელად, მაგრამ მაინც შეიძლებოდა გეწოდებინა გარდაქმნების თანამდევი რამ, დღეს ბანალურ საინფორმაციო ტერორად და პოლიტიკურ კორუფციად მოგვევლინა. სწორედ ამ სიტუაციამ მისცა ფრანგ დიპლომატს ქართული ხელისუფლების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება გაეხმიანებინა. ამ განცხადებას სააშკარაოზე გამოაქვს ის ეჭვი, სააკაშვილის ხელისუფლებაზე რომ გაჩნდა დასავლეთში.

თუ არ ვცდები, ტალეირანს უთქვამს, რევოლუციონერები ვერსალში სხედანო.

თუ ქვეყნის ხელისუფლება კიდევ უფრო გაამძაფრებს კონფლიქტს საზოგადოებრივი განვითარების ტენდენციებთან, მწვავე დაპირისპირება გარდაუვალია.

დღეს იგი უპირისპირდება არა რეტროგრადულ ძალებს, როგორც ამის წარმოდგენას ცდილობს საშინაო და საერთაშორისო ასპარეზზე, არამედ ბიზნესის განვითარებას, დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბებას, საზოგადოდ, იმ რეფორმებს, რომლებიც დღეს, აქ და ახლაა აუცილებელი და კვლავ თავისი პოსტრევოლუციური წარმოდგენებისა და პარადიგმების ტყვეობაში რჩება.

ხელისუფლება ჯერ  კიდევ ახერხებს თავისი საინფორმაციო საშუალებებითა და საკმაოდ დახვეწილი პოლიტიკური ტექნიკით შექმნას პოლიტიკურ ძალათა ბალანსი ქვეყანაში, რაშიც მას შეუფასებელ დახმარებას უწევენ ის ძალები, რომლებიც მიტინგისა და რევოლუციის იქით სხვა პოლიტიკურ ქცევას ვერ ხედავენ. ვფიქრობ, ხელისუფლების წარმომადგენელთა უდიდესი ნაწილი  ვერ ხვდება, რა საფრთხეს უქადის მას ქვეყნის სრული კონტროლი. ეს ხომ ტოტალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს ყოველივე იმის გამო, რაც ხდება.

ხელისუფლება თავად უნდა იყოს დაინტერესებული თავისი ალტერნატივის ჩამოყალიბებაში, პასუხისმგებლობის გადანაწილებასა და ამით პოლიტიკური დაძაბულობის განეიტრალებაში.

სხვაგვარად სრულ პასუხისმგებლობას თავს ვერ დააღწევს და საქმეს თავად მიიყვანს კიდევ ერთი რევოლუციური წრის დატრიალებამდე. მოკლედ თუ ვიტყვით, ხელისუფლება თანდათან ვერსალში მჯდომ რევოლუციონერს ემსგავსება და წარმოუდგენელია, პროფესიონალი მიტინგოსნების გარდა ვინმეს ეს არ აშინებდეს.

- ქართული ოპოზიცია კვლავ ცვლილებებზე ლაპარაკობს, ერთნი - რევოლუციის გზით, მეორენი კი - არჩევნების. "ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მცდელობას, ხელისუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს ძალაუფლება და ნებისმიერი ოპოზიციური ძალის მცდელობას, ძალადობით მოვიდეს ხელისუფლებაში, "თავისუფალი დემოკრატები" დაუპირისპირდებიან და აღკვეთენ"", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ სააგენტო "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას. მეორე მხრივ, ერთობა არც რევოლუციის მომხრეთა შორისაა. სოფო ხორგუანის თქმით, ""ქართული პარტია" პროვოკატორ ნინო ბურჯანაძის გვერდით ნამდვილად არ დადგება". ასეთი მოცემულობით, რამდენად რეალურია ცვლილებებზე საუბარი ქართულ პოლიტიკაში?

- ცხადია, ძალზე ძნელია. ოპოზიციური ძალები ჯერაც ვერ შეთანხმებულან მარტივ სიცხადეებზე და აქცენტი გადატანილი აქვთ თეორიტიზირებაზე იმის შესახებ, ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა შეცვალონ თუ რევოლუციით. ოდნავ უტრირებას მოვახდენ - ეს ჰგავს კამათს იმის შესახებ, მოწინააღმდეგეს გოლი მარცხენა ფეხით გაუტანო თუ მარჯვენათი. პოლიტიკა მრავალფუნქციური რამ არის და რომელიმე მეთოდის იმთავითვე გამორიცხვა შეუძლებელია. და მაინც,

ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რევოლუციის იდეა საქართველოში მარგინალურ იდეად იქცეს და საბოლოოდ არ ჩამოყალიბდეს ხელისუფლებათა მონაცვლეობის უმთავრეს გზად.

რევოლუცია ტრაგედიაა ნებისმიერი ხალხისათვის. დღეს კი ყოველ წამს გვესმის განცხადებები იმის შესახებ, რომ არჩევნების გზით ამ ხელისუფლების შეცვლა შეუძლებელია. არ შეიძლება პროცესებს მხოლოდ მოცემული ხელისუფლებისა და მოცემული ოპოზიციის მასშტაბებით ვაფასებდეთ. როგორი მძიმეც უნდა იყოს სიტუაცია და როგორი გულგატეხილობაც უნდა იყოს ხალხში, ეს არ ნიშნავს, რომ საარჩევნო გარემო არ უნდა გაუმჯობესდეს. ამა თუ იმ ხარისხით ნორმალური საარჩევნო გარემო ჩვენი, როგორც საზოგადოების ღირსების საქმეა და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის გამარჯვების ან რომელიმე სახელისუფლებო ძალის გადაყენების საშუალება. ახალ გარემოს შეიძლება დღესვე არ მოჰყვეს პოლიტიკური შედეგი, მაგრამ იგი აუცილებელი წინა პირობაა იმისა, რომ ოდესმე მაინც შევძლებთ რაციონალური და სამართლიანი წესრიგის დამყარებას ჩვენს პოლიტიკურ სამზარეულოში.

თუ ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ნორმალური არჩევნების ორგანიზება არ შეგვიძლია, თანამედროვე სამყაროში არც ყოფილა ჩვენი ადგილი.

მეორე მხრივ, არც ის არის გამორიცხული, რომ ხელისუფლების სიხისტემ გვაიძულოს, ქუჩაში გავიდეთ და ასე ვაიძულოთ იგი, კარდინალურ დათმობებზე წავიდეს. საარჩევნო გარემოცა და ქუჩის აქციებიც ინსტრუმენტებია საზოგადოებისათვის და რომელიმე მათგანზე წინასწარ უარის თქმა გაუგებარია. რაც შეეხება რევოლუციას, ეს არის პოლიტიკური ქმედების უკიდურესი ფორმა. როგორც შევთანხმდით, მთავარი რევოლუციონერები ვერსალში სხედან. მათ გარეშე ნებისმიერი რევოლუციური იდეოლოგია სწრაფად მარგინალიზდება.

- სომხეთის დედაქალაქ ერევანში ოპოზიციის მრავალათასიანი საპროტესტო აქციები დაიწყო. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დემონსტრანტები არც დაშლას აპირებენ და არც მშვიდობიანი განწყობის შენარჩუნებას. მოახერხებს თუ არა ოპოზიცია ერევანში იმის გაკეთებას, რაც ვერ მოხერხდა ვერც ბაქოში და ვერც თბილისში? როგორ ფიქრობთ, იქცევა თუ არა სომხეთი კავკასიაში გარდატეხის პიონერად?

- საეჭვოა. თუ იმას გულისხმობთ, რომ ტუნისის მოვლენები მთელ არაბულ სამყაროს მოედო, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოედო სწორედ ეთნიკურად, კულტურულად და რელიგიურად ერთგვაროვან სამყაროს და ამ მოძრაობათა მოტივები მსგავსი იყო. სომხებს სულ სხვა გარემოებებთან უწევთ ბრძოლა. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს ქვეყანა უკვე ოცი წელია ცხოვრებას განაგრძობს ისე, თითქოს საბჭოთა კავშირი არც დაშლილიყოს.

- იაპონიაში განვითარებული დრამატული მოვლენების შემდეგ მთელ მსოფლიოში ატომური ელექტროსადგურების საწინააღმდეგო კამპანია დაიწყო. ამ ყველაფრის ფონზე, ორმოცი წლის წინანდელი სომხეთის ატომური სადგური არცთუ უსაფრთხოდ გამოიყურება. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა საქართველოს თუნდაც მორალური უფლება (სხვა თუ არა) ამ სადგურის რევიზია მოითხოვოს?

- ცხადია. თუ ატომური ელექტროსადგური ჩვენთვის საფრთხეს შეიცავს, სრული უფლება გვაქვს და ვალდებულიც ვართ, სომხეთს საერთაშორისო საზოგადოებრიობის წინაშე  მოვთხოვოთ, გაგვაცნოს, რა მდგომარეობაშია სადგური. აქ, ვფიქრობ, საეჭვო და საჭოჭმანო არაფერია. უფრო მეტიც, სომხურმა მხარემ პერიოდულად უნდა მისცეს  უსაფრთხოების გარანტია მეზობელ ქვეყნებს.

- "თუ მსოფლიო შეიშლება, არც ჩვენ დავრჩებით ვალში, წინააღმდეგობას გავუწევთ და ლიბიაზე თავდამსხმელებს სიცოცხლეს ჯოჯოხეთად ვუქცევთ", - ეს განცხადება ლიბიის ლიდერმა მუამარ კადაფიმ პორტუგალიურ ტელეარხ RTP-თან ინტერვიუში, გაეროს რეზოლუციის მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. შაბათ საღამოს ნატოს საჰაერო ძალებმა შეტევა დაიწყეს. ხომ არ დააგვიანდა "მსოფლიოს" ლიბიის მოვლენებზე რეაქცია? გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს რუსეთმა, ჩინეთმა, გერმანიამ, ბრაზილიამ და ინდოეთმა. ხომ არ გადაიქცევა ახლო აღმოსავლეთი ახალი მსოფლიო განხეთქილების მიზეზად?

- გაეროს ცნობილი რეზოლუციის შემდეგ, კადაფიმ უარი თქვა ძალის გამოყენებაზე ოპოზიციის წინააღმდეგ, თუმცა კი უკვე გაჩნდა ეჭვი, თუ რამდენად იცავდა პირობას, რადგან თვითმფრინავების გარდა მას რჩებოდა სხვა შეიარაღებაც, რასაც კადაფის ძალები აქტიურად იყენებდნენ. როგორც ნატოს საჰაერო ოპერაციის დაწყებამდე უცხოეთის საინფორმაციო საშუალებები გადმოსცემდნენ, კადაფის ჯარებმა მეტი გააფთრებით შეუტიეს ამბოხებულებს. გაეროს რეზოლუცია, მიუხედავად ზოგი ბუნდოვანებისა, ძალზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია და კადაფის, ალბათ, გაანადგურებენ არა სახმელეთო სამხედრო ინტერვენციით, არამედ სტრატეგიულ ობიექტებზე საჰაერო წერტილოვანი დარტყმებით, მისი სამხედრო ძალების პარალიზებით  და დანარჩენს უკვე აჯანყებულები მოუვლიან.

ერაყისა და ავღანეთის შემდეგ დასავლეთი, ალბათ, მოერიდება სახმელეთო სამხედრო ძალების შეყვანას მაჰმადიანურ ქვეყანაში, რადგან ეს ისლამური ექსტრემიზმისათვის დამატებითი ენერგიის მიცემის ტოლფასია. პროცესი, ალბათ, სწრაფი იქნება. საეჭვოა, საქმე ხანგრძლივ სამოქალაქო ომამდე მივიდეს. თავად დასავლეთსაც არ აძლევს ხელს ამ პროცესების გაჭიანურება. კადაფის ფსიქოლოგიური არამდგრადობა და უცნაური სალტო-მორტალეები -  ხან აჯანყებულებს უწოდებს "ალ-ქაიდას" აგენტებს, ხან კი იმუქრება, "ალ-ქაიდასთან" კავშირის დაჭერით - პროცესების სწრაფი წარმართვის იმედს იძლევა. როგორც ჩანს, არაბული რევოლუციების ტალღა ამით დამთავრდება. ბაჰრეინის პროცესებზე კონტროლი თავად არაბებმა ითავეს და ამ ორიოდე დღის წინ ამ ქვეყანაში საუდის არაბეთის ათასკაციანი სამხედრო ნაწილი შევიდა.

ცალკე თემაა იმ ხუთი ქვეყნის პოზიცია, რომლებსაც გაეროს უშიშროების საბჭოს 1973-ე რეზოლუციისათვის ხმა არ მიუციათ. ვფიქრობ, რუსეთი და ჩინეთი გაეროს გააქტიურებაში აშშ-ის გლობალური პოლიტიკის წარმატების წანამძღვარს ხედავენ. ამას დაუმატეთ ისიც, რომ კადაფი რუსული იარაღის ერთ-ერთი უდიდესი დამკვეთია და მისი რეჟიმის დამხობის შემთხვევაში რუსეთის ზარალი 5 მილიარდ დოლარად ფასდება.