"ჩვენ ხომ მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ გვაქვს" - კვირის პალიტრა

"ჩვენ ხომ მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ გვაქვს"

"ლიბიაში მოქმედებით დასავლეთი რუსეთს ფაქტობრივად სქემას აძლევს საქართველოში სამოქმედოდ"

"დიდი უბედურება იქნება, თუ საქართველოში პავლიკ მოროზოვის კრედო დამკვიდრდება"

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, თბილისისთვის უკვე ტრადიციად ქცეული მიტინგებისა და დემონსტრაციების სეზონიც ახლოვდება. ერთი შეხედვით, მიტინგები, ისევე როგორც პოლიტიკური დებატები, დემოკრატიის თანამდევია და ეს ცუდი ან გასაოცარი არ არის. ჩვენთვის მისაბაძ დასავლეთის დემოკრატიულ ქვეყნებში უაღრესად მწვავე დებატებიც იმართება და დემონსტრაციებიც, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში სხვაობა ის არის, რომ არც საპარლამენტო და არც მის მიღმა აქციებსა თუ გამოსვლებს შედეგი არ მოჰყვება, გარდა გამომსვლელთა თვითკმაყოფილებისა.

"ის, რომ მოსკოვი შესაშური გულმოდგინებით აკვირდება, თუ როგორ ილექება რუსი გადამხდელების ფული აფხაზი ჩინოვნიკების ჯიბეებში, ის, რომ რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელმა სერგეი სტეპაშინმა რუსული ფინანსური დახმარების ხარჯვის შემოწმებისას 347 მილიონი რუბლის დანაკლისი აღმოაჩინა და ამას არა ქურდობა, არამედ უცნაური ტერმინი "გაძვირებულობა" უწოდა, არ უნდა იქნას აღქმული როგორც დიდსულოვნება და მით უფრო - დახმარების გამღები ხელის სისუსტე. კრემლს არ სჩვევია წვრილმანებში ჩაკირკიტება, მით უფრო, როდესაც წინასწარ იცი, რომ "გაძვირებულობა" იმთავითვე იყო განსაზღვრული... და ამას "აფხაზ ჩინოვნიკებში "ინვესტირება" ეწოდება", - ეს სიტყვები აფხაზ ჟურნალისტ ინალ ხაშიგს ეკუთვნის და მოსკოვის მიერ გაგრის ტერიტორიის "გადაფორმების" სურვილის შესახებ დაწერილ სტატიაშია გამოთქმული.

გულწრფელად ვიტყვი, რომ აფხაზ მოძმეთა რუსი სალდაფონებისგან ჩაგვრა სულაც არ გამიხარდება. არც ნიშნის მოგებას მოვყვები და არც იმის მტკიცებას, რითი და რამდენად სჯობს აფხაზებისთვის ქართველებთან მეგობრობა რუსეთთან "მეგობრობანას" თამაშს. ერთის თქმა კი გადაჭრით შეიძლება - ჟირინოვსკის სამშობლოსთან მეგობრობას ხეირი არავისთვის მოუტანია, მით უმეტეს, არც აფხაზეთს მოუტანს, რადგან რუსეთისთვის აფხაზეთია ძვირფასი და არა აფხაზური სახელმწიფოებრიობა.

KvirisPalitra.Geდაწვრილებით კვირის მნიშვნელოვან საკითხებზე გია ხუხაშვილს ვესაუბრებით:

- თბილისის საქალაქო სასამართლომ ცნობილ ფეხბურთელს, გიორგი დემეტრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის თანახმად, მსჯავრდადებულს სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა ქონებაც - პირადი ჩხრეკისას ამოღებული 30.000 აშშ დოლარი. ცხადია, დამნაშავე უნდა დაისაჯოს, მაგრამ როდესაც ვიცით, ბევრად უფრო მძიმე დანაშაულებზე ბევრად "მსუბუქად" გასამართლებულან მავანნი, რამდენად სამართლიანია საზოგადოების ერთი ნაწილის გულისწყრომა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ სასამართლომ "სამართლიანობის ტესტი" ამჯერადაც ვერ ჩააბარა?

- სამართლის ენა, მოგეხსენებათ, ემოციებს არ ითვალისწინებს. Aაქ, მგონი, ყველაფერი წესრიგში არა გვაქვს. ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ბრალი დასდონ ნებისმიერი ქმედების ჩადენის გამო. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან სახიფათო მუხლი, რომელიც შეიძლება პოლიტიკური ან სხვა მიზნებით ბოროტად გამოიყენონ. კანონმდებლობა უთუოდ დასახვეწია.

რა შეიძლება ითქვას დემეტრაძის საქმეზე? საზოგადოდ, წინააღმდეგი ვარ, სათამაშო ბიზნესი ასე ფრთებგაშლილი იყოს ქვეყანაში. ძალიან ბევრი ადამიანის ბედის გაუკუღმართებაში აქვს მას წვლილი შეტანილი. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ასეთი რამ არ უნდა არსებობდეს. როგორც ვიცი, დემეტრაძის დანაშაული ადმინისტრაციული სამართლის ფარგლებშიც ეტევა, არც მუქარა ყოფილა, არც დაყაჩაღება და არც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ელემენტები. ამიტომაც სასჯელის სიმძიმე გადაჭარბებულად მეჩვენება. შესაძლებელი იყო დასჯა, მაგრამ ისე, რომ ადმინისტრაციულ სამართალს არ გასცდენოდნენ. გარდა ამისა, დემეტრაძესთან ერთად ორი კაცი დააპატიმრეს, მათგან ერთი - მისირელი გამოუშვეს, რაც ასევე გაუგებარია, რადგან ის ბევრად აქტიურად იყო ამ საქმეში ჩართული, ვიდრე დემეტრაძე.

აქ სხვა ტიპის ინტერესი შეიმჩნევა. ასე რომ, ეს პროცესი, როგორც ჩანს, სამართლებრივად მთლად გამართული არ არის. რაც შეეხება სამართლიანობის პრინციპს, წარმოუდგენელი ამბავი ხდება. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი გახმაურებული დანაშაული, რამაც არა ერთი და ორი ადამიანი, მთელი ოჯახები შეიწირა. ამ საქმეებში მსჯავრდადებულები დღეს თავისუფალნი არიან და თან მათ ბევრად ნაკლები ჰქონდათ მისჯილი. იქაც კი, სანამ სასჯელს იხდიდნენ, მაქსიმალურად კომფორტული პირობები ჰქონდათ. არა მგონია, საღად მოაზროვნე ადამიანს პროტესტის ან უსამართლობის განცდა არ გაუჩნდეს ამის გამო. დემეტრაძის საქმეში არის მესამე კონტექსტიც. ბუნებრივია, თვითონ ქურდულ სამყაროსთან მას პირდაპირი კავშირი არ ექნებოდა. საქართველო ისეთი ქვეყანაა, ყველა ყველას იცნობს.

მე საძმაკაცოები ვიცი, სადაც ერთი ერთ გზას დაადგა, მეორე - მეორეს, მაგრამ ერთმანეთთან მაინც აქვთ ურთიერთობა. ვიღაცასთან რომ ტელეფონით გაქვს ურთიერთობა, ეს დასჯის საფუძველი არ უნდა იყოს. ამასთან, არც იმ პირთა აზრი გაითვალისწინეს, რომლებიც ქართული სპორტის სამყაროში პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობენ და თავდებად უდგებიან ბრალდებულს. ესეც კიდევ ერთი უბედურებაა. ანუ სამ პრობლემასთან გვაქვს საქმე: დარღვეულია სამართლის პრინციპი, ანუ მისი მოქმედების არეალი გადაჭარბებით არის გაფართოებული; სამართალი ძნელი საპოვნელია და საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის ჩატეხილია ხიდი, რომლის მეშვეობითაც ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იქნებოდა. კახი კალაძის განცხადებაც ამაზე მეტყველებს. არა მგონია, მას პოლიტიკური და პარტიული ინტერესები ამოძრავებდეს.

კალაძე უბრალოდ კაცურად მოიქცა, კაცურ საქციელს კი ჩვენი ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი რატომღაც ქურდულ სამყაროსთან აიგივებს. თუ მეგობარს გვერდში უდგახარ, ესე იგი, შენც არა გაქვს რაღაც წესრიგში.

ანუ, პავლიკ მოროზოვის კომპლექსის გაჩენას ცდილობენ. დიდი უბედურება იქნება, თუ მოროზოვის კრედო საქართველოში ტოტალურად დამკვიდრდება.

- სასჯელაღსრულების სამინისტროსთან პატიმრების მხარდამჭერი აქცია გაიმართა და პოლიციასთან შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. შედეგად, "შეფიცულთა რაზმის" ხელმძღვანელი, მსახიობი გია ბურჯანაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დააკავეს. არის თუ არა ეს ინციდენტი "ცხელი გაზაფხულის" მომასწავებელი?

- ახალი, პრინციპში, არაფერი ხდება. უბრალოდ, რისკები წელს უფრო მაღალი იქნება, ვიდრე 2008-2009 წლებში იყო. სოციალური ფონი კიდევ უფრო დამძიმებულია და შესაბამისად, საპროტესტო ტალღაც  უფრო დიდი იქნება. ბუნებრივია, ჰაერის ტემპერატურასთან ერთად, პოლიტიკური ტემპერატურაც მოიმატებს. ერთადერთი პრობლემა, რაც ამ გზაზე გვაქვს, ის არის, რომ ამ ყველაფრის მაკონსოლიდირებელი ელემენტი ჯერჯერობით არ არის გამოკვეთილი.

ჩვენ ხომ მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არა გვაქვს. არის ოპოზიციის პრობლემაც, რომელსაც აგრეთვე იმავე ხარისხით, და ზოგჯერ უფრო მეტადაც, საზოგადოების ნდობა დაკარგული აქვს.

დღევანდელ პოლიტიკურ პროცესს ასეთ ტერმინს მივუსადაგებდი: პოლიტიკური იმპოტენცია. პირად შეურაცხყოფად ნურავინ მიიღებს, მაგრამ ფაქტია, რომ სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ საქმის გაკეთება არავის ძალუძს. ამ სენით არის დაავადებული დღეს სრულიად პოლიტიკური ელიტა. თუმცა, იმედი მაქვს, გამოიძებნება პოლიტიკური "პრეპარატი", რომლის დახმარებითაც ისინი პოლიტიკურ პოტენციალს, უპირველესად კი საზოგადოების ნდობას აღიდგენენ. უამისოდ შეუძლებელია ძირეული ცვლილებები ქართულ პოლიტიკაში. საქართველო სწრაფი პოლიტიკური პროცესების ქვეყანაა, ასეთი რამ ერთ-ორ დღეშიც შეიძლება  მოხდეს.

შესაძლოა, ხვალ-ზეგ გამოჩნდეს ვინმე, ძველი ან ახალი, ვისაც ხალხი გაჰყვება. როგორც კი ასეთი ფიგურა გამოჩნდება, პროცესები ელვისებურად განვითარდება.

- "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მიმდინარე მოლაპარაკების ჩიხში შესვლის შემთხვევაში, ქვეყანაში ვითარების დაძაბვას არ გამორიცხავს. "ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ხალხის მოთმინებასაც; მიხეილ სააკაშვილმა ან უნდა დათმოს საარჩევნო გარემო, ან ვითარება ქვეყანაში ძალიან დაიძაბება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ირაკლი ალასანიამ. უცნაურია, რომ ალასანია "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სულ ერთი კვირის წინ რევოლუციურ და ძალადობრივ გზას გმობდა. მეტიც, აცხადებდა, რომ ყველანაირად შეუშლიდა ხელს ასეთი პროცესების განვითარებას. სურვილისა და უნარის შეუსაბამობასთან გვაქვს საქმე თუ პოლიტიკურ ლავირებასთან?

- პირველი განცხადება, დამეთანხმებით, ყურს ძალიან ჭრის - პოლიტიკოსმა, განსაკუთრებით, დღევანდელ სიტუაციაში, ასეთი რამ არ უნდა თქვას. გასაგებია, რომ არის მაღალი რისკი და ხელისუფლებისგანაც დიალოგის სურვილი არ ჩანს. პროცესები ჩიხისკენ მიდის, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ სხვა ტიპის დაპირისპირება შეიძლება იყოს. მაგრამ მე მაინც ვვარაუდობ, რომ ირაკლი ალასანია უფრო სხვა რამეს გულისხმობდა "არდაშვებასა და შეწინააღმდეგებაში". ალბათ, მას სხვაგვარად უნდოდა აზრის ჩამოყალიბება, მაგრამ ერთ-ერთი ძალოვანი უწყებასავით კი გამოუვიდა.

შესაძლებელია, განცხადების კონტექსტი იყო შეცვლილი. რაც შეეხება სიტუაციის დაძაბვის პროგნოზს, ყველაფერი მართლაც აქეთ მიდის, რაკიღა მოლაპარაკების არანაირი რესურსი აღარ დარჩა. სიმართლე გითხრათ, ეს არც მიკვირს,  ამ ქვეყანაში ცხოვრებითა და ამ თუ წინა ხელისუფლებასთან ურთიერთობით დიდი გამოცდილება შევიძინეთ. ჩვენთან ყველა ხელისუფლებას ტრადიციულად უჭირს კომუნიკაცია ოპოზიციასა და საზოგადოებასთან. ერთადერთი, რა რჩევაც შემიძლია ყველა პოლიტიკოსს მივცე, ის არის, რომ თანამიმდევრულნი იყვნენ თავიანთ ნაბიჯებსა და განცხადებებში, რომ მსგავსი შეკითხვები არ გაჩნდეს.

- გასულ კვირას პარლამენტის წინაშე აღმასრულებელი ხელისუფლება წარდგა. აყვავებულ და კიდევ მეტად ასაყვავებელ ქვეყანაზე მოსაუბრე მინისტრები ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ, თითქოს კარგად დადგმულ სპექტაკლს ვუყურებდით, რომლის ჩაშლასაც "ხულიგნური" გამოხდომებით ცდილობდა საპარლამენტო ოპოზიცია. პარლამენტს მიღმა პოლიტიკური ცხოვრება ნელ-ნელა დუღილს იწყებს, აქციები იმართება და წინააღმდეგობის კომიტეტები იქმნება და ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საქართველოში ორი პარალელური სამყაროა: საპარლამენტო, სადაც ბევრი ქვეყნისთვის შესაშური დემოკრატიაა, რაკიღა არჩევნების გზით პარლამენტში მოსული ოპოზიცია ასეთი მრისხანებით უტევს ხელისუფლებას და არც ეს უკანასკნელი რჩება ვალში; და პარლამენტს მიღმა სამყარო, სადაც პოლიტიკური ლიდერებიც ტოტალიტარიზმსა და პოლიტიკურ ჩიხზე ლაპარაკობენ.

- საპარლამენტო დებატები ჩემში პოლიტიკური სპექტაკლის ასოციაციას იწვევს, აქ ყველას თავისი როლი აქვს: მე ჩემსას ვიტყვი, შენ - შენსას, ბოლოს კი ყველა ერთად ვიქნებით. კი, საპარლამენტო ოპოზიციის მწვავე განცხადებები ბევრჯერ მომისმენია, მაგრამ ისიც მინახავს, ამაზე პასუხებს გაღიმებული რომ უსმენდნენ. თითქოს მან თავისი თქვა, თავისი როლი ითამაშა და დანარჩენი სხვა "აქტიორის" საქმე იყო.

განსაკუთრებით კურიოზული იყო ბატონ თორთლაძის დემარში, პროტესტის ნიშნად დარბაზი რომ დატოვა. მეგონა, რომელიმე მინისტრის გამოსვლას აპროტესტებდა, არადა, ის გაუპროტესტებია, ჩემი არც ერთი გამოსვლა მედიაში რატომ არ გავიდაო. შეიძლLება იფიქრო, მედიამ რომ არ გააშუქა, დარბაზის დატოვება რა  შუაშიაო, მაგრამ სინამდვილეში თორთლაძემ ამით თქვა, რომ სპექტაკლში რაღაც როლი ჰქონდა და როცა ტელეეთერში ვერ მოხვდა, სიტუაცია როლიდან მოხსნილი მსახიობივით გააპროტესტა - სცენა დატოვა.

- არანაკლებ გაოცებას იწვევს ერიკ ფურნიეს განცხადებები. თუ ორი კვირის წინ ელჩი საქართველოს ხელისუფლებას უმკაცრესად აკრიტიკებდა,  გასულ კვირას საფრანგეთის საელჩოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია: "საქართველო რეგიონის ერთადერთი სახელმწიფოა, რომელსაც დემოკრატიული შეიძლება ეწოდოს, რადგან აქ არჩევნები ტარდება იმ კრიტერიუმებით, რომლებსაც ეუთო მიესალმება და დამაკმაყოფილებლად მიიჩნევს. "იგი ყოფილი საბჭოთა კავშირის, ალბათ, ერთადერთი სახელმწიფოა, ევროკავშირში გაწევრებული ქვეყნების გარდა, სადაც სხვადასხვა ორიენტაციის ოპოზიციური პარტიების მიმდევრებს თავისუფლად შეუძლიათ აზრის გამოხატვა. აქ არ არის იმის ადგილი, უკრაინისა და სომხეთის გამოცდილებაზე ვისაუბროთ, მათ განსხვავებული ლოგიკა აქვთ, მაგრამ უნდა ითქვას, რომ საქართველო გამოირჩევა შეუთავსებელი ორიენტაციების მქონე პარტიათა დიდი რიცხვით, რაც ამავდროულად ოპოზიციის სისუსტეს ხელს უწყობს", - აცხადებს ფურნიე.

- როგორც ჩანს, ფურნიე ბუნებით ძალიან სამართლიანი ადამიანია და საქართველოც ძალიან უყვარს. მეტსაც გეტყვით, ის ბევრ ქართველზე მეტ პატრიოტადაც მიმაჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ ფურნიე დიპლომატია, ზოგჯერ ყელში ამოუვა ხოლმე უსამართლობა და იტყვის, რასაც ფიქრობს. მაგრამ საპასუხოდ, ალბათ, მასზე დიპლომატიური გავლენები ამოქმედდება ხოლმე და იძულებულია, კუთხეები უფრო მოამრგვალოს, რათა დიპლომატიურ ჩარჩოებში დარჩეს და ყველაფერი სკანდალში არ გადაიზარდოს.

ეს, სხვათა შორის, არ არის პირველი შემთხვევა. მას ადრეც გაუკეთებია უმწვავესი განცხადებები, შემდეგ კი ტონი შეურბილებია. მართალია, ბოლომდე არ უარყოფს, მაგრამ ტონს კი შეარბილებს ხოლმე. ნამდვილად დასაფასებელია, რომ ფურნიე თუნდაც ეპიზოდურად სიმართლეს გვეუბნება. ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს კაცი დიპლომატია და ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის უფლება არა აქვს.

- როგორც მსოფლიო მედიასაშუალებები ვარაუდობენ, ლიბიაში საერთაშორისო კოალიციის ოპერაცია, შესაძლოა, ჩიხში შევიდეს. ოპერაციაში თავისი როლის შემცირების განზრახვაზე უკვე განაცხადა აშშ-მა, ნორვეგიამ კი გაიწვია თავისი თვითმფრინავები, რაკიღა ვერ გაარკვია, ვინ აიღებს თავზე ოპერაციის ხელმძღვანელობას. რამდენად იოლი იქნება კადაფის დამარცხება, მეორე საკითხია. ჩვენთვის კი, ალბათ, უფრო მნიშვნელოვანი პრეცედენტული ამბავი უნდა იყოს - გიორგი თარგამაძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სემინარზე განაცხადა, რომ "თუ კოალიციური ძალები გააძევებენ კადაფის, იმავეს თავის თავზე აიღებს რუსეთი საქართველოში. ეს სცენარი რეალურია. ნამდვილად შესაძლებელია სიტუაციის ესკალაცია. შესაძლოა ეს რუსეთმა გამოიყენოს თუნდაც ე. წ. რევანშისთვის დასავლეთთან. მართლაც, აგვისტოს აგრესია და ქართული ავტონომიების დაცვა რუსეთმა უკვე შეადარა კოსოვოს აღიარების პრეცედენტს. ზემოთქმულის გათვალისწინებით, რა საფრთხე შეიძლება გვემუქრებოდეს?

- საფრთხე მართლაც რეალურია. ამაზე ბოლო ორი კვირაა ვლაპარაკობ.

ლიბიაში მიმდინარე მოვლენები ყველაზე ცუდი საქართველოსთვის არის. ლიბიაში მოქმედებით დასავლეთი რუსეთს, ფაქტობრივად, სქემას აძლევს საქართველოში სამოქმედოდ. მოსკოვის პრინციპია, "შენთვის თუ შეიძლება, ჩემთვისაც შეიძლება". გაიხსენეთ, როგორ მოჰყვა კოსოვოს აღიარებას აფხაზეთის პრეცედენტი.

დასავლეთი რასაც აკეთებს, ზუსტად იგივე სქემა, ძალიან სავარაუდოა, რუსეთმაც გამოიყენოს საქართველოში, თანაც უკვე შემოდგომაზე, რადგან გაზაფხულზე რუსეთში არჩევნებია და პუტინს თეთრი ცხენი სჭირდება. ერთადერთი, რაც საქართველოს შეუძლია გააკეთოს, ამ საკითხის ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების წინაშე დაყენება და პრევენციულ გარანტიებზე საუბარია.