"ბევრი გვყავდა ახლო აღმოსავლეთში ისრაელის მსგავსი პარტნიორი?" - კვირის პალიტრა

"ბევრი გვყავდა ახლო აღმოსავლეთში ისრაელის მსგავსი პარტნიორი?"

"ჩვენ ამ ხელისუფლების არაადეკვატურობის ხარისხს ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ"

"ტელევიზიების გაკონტროლებით ინფორმაციის მართვა უკვე ვეღარ ხერხდება"

პროცესზე, რომლის შემდეგაც ორივე მხარე ნასიამოვნები და კმაყოფილი რჩება ხოლმე, სულ სხვა წარმოდგენა მქონდა. თურმე, სასამართლო პროცესიც შეიძლება ასეთი იყოს. თან, საერთაშორისო სასამართლო პროცესი და თან, უმაღლეს დონეზე მიღწეული კმაყოფილებით. ყოველ შემთხვევაში, ჰააგაში ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ რუსეთისა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო თავდაჯერებული მიულოცავდა თავის ხალხსა და ქვეყანას გამარჯვებას.

სიმართლე, რომელიც ძალიან მარტივი გასაგებია, საქართველოშიც ვიცით და დარწმუნებული ვარ, რუსეთშიც ეცოდინებათ, ოღონდ ვერც ერთი ქვეყნის ნაციონალური ტელემედია ამაზე საჯაროდ ვერ ილაპარაკებს. რუსეთის სიმართლე ის არის, რომ აგვისტოში საქართველოს ხელისუფლება მისსავე პოლიტიკურ ახლომხედველობაზე წამოაგეს და კონსტიტუციური წესრიგის დამყარებისკენ უბიძგეს, რისი სრული უფლებაც, სხვათა შორის, საქართველოს გაეროს წესდების თანახმად ჰქონდა.

მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში სამართალს ისეთივე ფასი აქვს, როგორიც ხშირად საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ამიტომაც რუსეთი არც აგრესიისთვის დაუდანაშაულებია ვინმეს და არც უცხო ქვეყანაზე თავდასხმაში. საერთაშორისო სამართლისა და საქართველოსთვის გაღებული ერთადერთი მოწყალება - სიტყვა "ოკუპაციის" ხსენება იყო, ოღონდ მხოლოდ ხსენება და ისიც მხოლოდ ერთეულ შემთხვევებში.

რაც შეეხება საქართველოს მხარეს, მარტო პიარზე რომ არ ეფიქრა და სარჩელით პირდაპირ ჰააგის ტრიბუნალისთვის არ მიემართა, საერთაშორისო ბიუროკრატიის სხვადასხვა ინსტანციაში ხანგრძლივი ბრძოლით რამდენიმე წლის შემდეგ ეგებ შედეგისთვის კიდეც მიგვეღწია. მაგრამ ჩვენს ახალგაზრდა მთავრობას ხომ ყველაფერი "გუშინ" უნდა.

კახა კაციტაძესთან საუბარი სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

- როგორც ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ვერდიქტის თანახმად,  რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვა მის კომპეტენციაში არ შედის. გარდა ამისა, ჰააგის სასამართლომ უარყო რუსეთის შუამდგომლობა, რომლის მიხედვითაც რუსული მხარე ამტკიცებდა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დავა არ არსებობს. უცნაურია, მაგრამ ჰააგის პროცესის ასეთი დასასრული საქართველომაც და რუსეთმაც საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "რუსეთის მხარე მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია". თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ჰააგის სასამართლომ ქართული მხარის მთავარი მოთხოვნა დააკმაყოფილა და ვერდიქტი საქართველოს წარმატებად უნდა ჩაითვალოს. თქვენი აზრით, სად არის სიმართლე? ვითომ შესაძლებელია, სასამართლომ ორივე მოდავე მხარე გაამართლოს?

- ალბათ, უმჯობესია, თუ ამაზე საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი ილაპარაკებს. მე მხოლოდ ის  შემიძლია გითხრათ, რა შთაბეჭდილებაც ამ საქმეზე გამოქვეყნებული მასალების გაცნობის შემდეგ დამრჩა. ჯერ ერთი, ასეთი დამოკიდებულება ახალი ნამდვილად არ არის. საქართველოს ხელისუფლება აგვისტოს ომის შემდეგაც ამბობდა, რუსეთი დავამარცხეთო და მაპ-ზე რომ უარი გვითხრეს, იმაზე უკეთესი მივიღეთო.

ამ საკითხის კომენტირებისას მე  დავეყრდნობი ლევან ალექსიძის მოსაზრებას, რომელიც ამბობს, რომ ჰააგაში სარჩელის წარდგენისას პროცედურული ნორმები თავიდანვე დაირღვა, რომ ჯერ გაეროს სათანადო კომიტეტისთვის უნდა მიგვემართა. უხეშად რომ ვთქვათ, თუ 1993 წლიდან მიდიოდა ეთნიკური წმენდა, 2008 წლამდე სად ვიყავით? 2008 წელზე საჩივარი რომ შეგაქვს, თუ მეორე მხარე უკვე თხუთმეტი წელია ეთნიკურ წმენდას ახდენს, ამ თხუთმეტი წლის განმავლობაში ბრალდებული ქვეყნისთვის შენვე რომ არ მოგიშორებია სამშვიდობო ძალების სტატუსი, ცოტა არ იყოს, ძნელი გასაგებია.…

- ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ რუსეთისგან მოსალოდნელი საფრთხეებისა და პროვოკაციების შესახებ, რასაც რუსეთში მოახლოებულ არჩევნებს უკავშირებენ. ამ პროგნოზებთან სინქრონული აფეთქებები და აფეთქების მცდელობები ავის მომასწავებელ მოლოდინს მართლაც აჩენს, მით უმეტეს, რომ ლეიბორისტების ოფისთან დაღუპული მოქალაქის გარდა ტერაქტმა კიდევ ერთი სიცოცხლე იმსხვერპლა. როგორც ცნობილია, ბათუმში ბომბის აფეთქებას შსს-ს ოფიცერი შეეწირა. თუ საფრთხე მართლაც იქიდან მოდის, რისი გაკეთება შეიძლება პრევენციისთვის?

- ჩვენ სრულიად სხვა სამყაროში ვცხოვრობთ, მაშინ, როდესაც დანარჩენი მსოფლიო სრულიად სხვა რეალობისა და გამოწვევების წინაშე დგას. ყველაზე საზარელი სწორედ ეს არის - რეალურ პროცესებთან აცდენა. არც საქართველოს ხელისუფლება, არც სატელევიზიო მედია, რეალობაში რა ხდება, არ აანალიზებენ. დილით შეიძლება გამოაცხადონ, არიქა, ევროპელებმა გაგვყიდეს და დაგვაქციესო, საღამოს კი ეს ყველაფერი პირიქით, საქართველოს გამარჯვებად და დაფასებად მონათლონ. ჩვენს მედიაში რუსეთის როლი ავადმყოფურად არის გაზრდილი და გაზვიადებული.

ჩვენ ისე ვიქცევით და ვაზროვნებთ, თითქოს მსოფლიო კვლავაც ცივი ომის ეპოქაში ცხოვრობდეს, სადაც რუსეთი და ამერიკა სამკვდრო-სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთთან დაპირისპირებული და მისი ხაზი სწორედ კავკასიაზე, კონკრეტულად კი საქართველოზე გადის. ასეთმა დამოკიდებულებამ უკვე ქრონიკული სახე მიიღო. ამ თეორიის თანახმად, რუსეთი ცდილობს საქართველო დაანგრიოს, რის შემდეგაც მსოფლიო ბატონობას ჩაიგდებს ხელში. მაგრამ ეს ხომ ძალიან არასერიოზულია? ეს ყველაფერი ლამის ბოდვამდე დადის.

თუმც აქვე ერთი მნიშვნელოვანი საკითხია გასათვალისწინებელი. როდესაც ჰიპერბოლიზებულ წარმოდგენებსა და ბოდვაზე ვლაპარაკობ, ცხადია, არ ვგულისხმობ, რომ ყველაფერი გამოგონილი და ტყუილია, რომ არავითარი საფრთხე არ არსებობს. ბოდვა, თავისი არსით, მთლად რეალობისგან მოწყვეტილი კი არ არის. ძალიან ხშირად ბოდვაა არა ფაქტები, არამედ როგორ ვაკავშირებთ მათ ერთმანეთთან. მაგალითად, ბოდვა არ არის ის, რომ ყირგიზეთის რევოლუცია, პოლონეთის პრეზიდენტის დაღუპვა და ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა სინქრონულად მოხდა. მაგრამ ბოდვაა, როცაA ამ მოვლენებს შორის მიზეზშედეგობრივ კავშირს ხედავ და ვიღაცის ნამოქმედარად განიხილავ.

სამწუხაროდ, ამავე ზეშეთქმულების კონტექსტში მოიაზრებენ იმას, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება და რაც თავისთავად ძალიან საინტერესო პროცესია თუნდაც იმ აზრით, რომ შეიძლება საქართველოსაც შეეხოს. სანამ ამ შეთქმულებითი ცნობიერებიდან გამოვდივართ და რუსეთსაც ასე ვუყურებთ, ჩვენ ვერ გავიაზრებთ, რა ხდება ჩვენ ირგვლივ და რა ტენდენციები შეიძლება საქართველოზე გავრცელდეს. მოდი, ყველაზე მარტივი ფაქტები დავაფიქსიროთ:

მასობრივი ანტისახელისუფლებო გამოსვლები აღმოსავლეთში ერთნაირად ხდება როგორც პროამერიკულ, ისე მის წინააღმდეგ განწყობილ ქვეყნებში. ეს მოხდა პროამერიკულ ეგვიპტეში, პროფრანგულ ტუნისში, არეულობაა ბაჰრეინში, სადაც ამერიკის მეხუთე ფლოტის შტაბბინაა და ამავე დროს, არეულობაა სირიასა და ლიბიაშიც, სადაც მკვეთრად ანტიამერიკული განწყობაა. ან, იმათ საყურადღებოდ რომ ვთქვათ, ვინც ამტკიცებენ, ანტისახელისუფლებო გამოსვლებს საქართველოში რუსეთი გეგმავსო. ასეთი გამოსვლები სომხეთშიც იმართება და მასაც რუსეთი გეგმავს?

ასე რომ, უპირველესად ის იკვეთება, რომ ეს არის რაღაც გლობალური ტენდენციის გამოხატულება და არა რომელიმე სუბიექტის მიზანმიმართული მოქმედება - იქნება ამერიკა თუ რუსეთი. ინფორმაციის განვითარებასა და პოსტინდუსტრიულ პერიოდზე გადასვლასთან დაკავშირებულმა პროცესებმა საპროტესტო მუხტი გააჩინა. სწორედ ამაზე გამოვლენილმა არაადეკვატურმა რეაქციამ გამოიწვია რევოლუციების ტალღა. XIX საუკუნის ინდუსტრიული რევოლუციების ჯაჭვი იმან გამოიწვია, რომ მრეწველობის განვითარება გაცილებით სწრაფი ტემპით მიდიოდა, ვიდრე სოციალური და პოლიტიკური ცვლილებები.

შესაბამისად, ეს იწვევდა უამრავ სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემას, ეს ყველაფერი კი რევოლუციურ სიტუაციას წარმოშობდა. დაახლოებით ანალოგიური ვითარებაა ახლაც. მაშინ, 1830-1848 წლებში, რევოლუციებმა, პრაქტიკულად, მთელი ევროპა მოიცვა. ახლა ინფორმაციული ეპოქაა და ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ ახლო აღმოსავლეთის პროცესებს "ფეისბუკის რევოლუციებსაც" უწოდებენ. აქ ძალიან ბევრი ფაქტორის ერთობლიობა, ინფორმაციის სწრაფი გავრცელება წარმოქმნის რევოლუციურ განწყობებსა და სიტუაციებს.

რაც უნდა იუაროს ჩვენმა ხელისუფლებამ, საქართველოც ასეთი ტიპისა და კრიტერიუმების ქვეყნებში გადის, ცხადია, მეტ-ნაკლები ხარისხით. რევოლუციის თავიდან აცილება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ ხელისუფლება მოახერხებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრებისა და ეკონომიკის ევოლუციურად გარდაქმნასა და მისადაგებას თანამედროვე, ინფორმაციულად ზეგანვითარებულ ეპოქასთან.

სხვა გამოსავალი არ არის, რადგან ტელევიზიების გაკონტროლებით ინფორმაციის მართვა უკვე ვეღარ ხერხდება. სწორედ აქ არის გასაღები და არა რუსეთისა თუ ამერიკის დაპირისპირებაში, ან რუსეთიდან მომავალ შეთქმულებების თეორიებში. რასაკვირველია, თუ საქართველოში შესაბამისი ვითარება და ასე ვთქვათ, ნიადაგი შეიქმნა, დაინტერესებული ქვეყანა - მნიშვნელობა არა აქვს რუსეთი იქნება თუ ჩინეთი, ყოველთვის შეეცდება ეს სათავისოდ გამოიყენოს, დააჩქაროს ან მისთვის სასურველი მიმართულებით წაიყვანოს პროცესები. ნუ შექმნიდა საქართველოს ხელისუფლება ასეთ წინა პირობებს და ვერც ვერავინ ისარგებლებდა.

- ებრაელ ბიზნესმენებს, რონი ფუქსსა და ზეევ ფრენკელს მსჯავრი დაედოთ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც ქრთამის მიცემას გულისხმობს. რონი ფუქსს - 7 წლით, ზეევ ფრენკელს კი 6 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯათ. რონი ფუქსს დაეკისრა 500 ათასი ლარის გადახდა, ზეევ ფრენკელს კი 100 ათასის. ამ ვითარებაში, როდესაც სწორედ ამ საკითხის გამო გადაიდო ქართველ მაღალჩინოსანთა ვიზიტები ისრაელში და საკმაოდ კრიტიკული გამოხმაურებაა მსოფლიო მედიაში, საქართველოს პროკურატურის წარმომადგენელი ლაპარაკობს მოსყიდულ საერთაშორისო მედიასა და "ბოროტ" უცხოელ ბიზნესმენებზე, რომლებსაც ლამის მთელი საქართველოს ჯიბეში ჩადება ნდომებიათ. ვითომ ასეთი დამოკიდებულება ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს?

- ეს ფაქტი საქართველოს მხოლოდ უარყოფით შედეგს მოუტანს, მათ შორის - უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეშიც. ამას რომ თავი დავანებოთ, რა, ბევრი გვყავდა ახლო აღმოსავლეთში ისრაელის მსგავსი პარტნიორი? საქმე ის არის, რომ ჩვენ ამ ხელისუფლების არაადეკვატურობის ხარისხს ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ. ალბათ, გვგონია, რომ მართალია, ტელევიზიით სრული სიგიჟე და უპასუხისმგებლობა ჩანს, მაგრამ სადღაც, კაბინეტში ვინმე ჭკვიანი მაინც ზის, რომელიც სისულელის ჩადენას არ დაუშვებს.

არადა, საქმე ძალზე სერიოზულადაა. მსოფლიო ისტორიაში მრავლად არის ფაქტი, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება ბევრად უფრო რესპექტაბელური იყო, ვიდრე საქართველოსია, მაგრამ წინდაუხედავი ქმედებებით საქმე რევოლუციამდე მიიყვანეს. ცხადია, ამით იმის მტკიცება არ მინდა, რომ მაინცდამაინც ამა და ამ რიცხვში რევოლუცია მოხდება-მეთქი. კი, ეს გარდაუვალი იქნება, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში კარდინალური რეფორმები არ გატარდება.

დაჩი გრძელიშვილი