"აშშ-ის ადმინისტრაციას ჩვენს ხელისუფლებასთან მკაცრი საუბარი ექნება" - კვირის პალიტრა

"აშშ-ის ადმინისტრაციას ჩვენს ხელისუფლებასთან მკაცრი საუბარი ექნება"

"რატომ არ ჩანს ის კაცი, ვინც ებრაელი ბიზნესმენები თავის დროზე ჩამოიყვანა საქართველოში"

მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის კომენტირებისას ელჩმა ჯონ ბასმა, როგორც ჩანს, ობიექტურობისთვის, საქართველოს მნიშვნელოვანი მიღწევებიც ახსენა, თუმცა პრობლემების შესახებ უფრო მეტი ისაუბრა. მისივე თქმით, ეს ტენდენციები იწვევს განსაკუთრებულ წუხილს აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ აღებული ვალდებულების ფონზე  - ჩაერთოს თანამშრომლობაში, მხარი დაუჭიროს და დაიცვას სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების დამცველები.

"სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა უკანასკნელ პერიოდში მოუწოდა ლიდერებს და მთავრობებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება აღიქვან პარტნიორად და არა - მოწინააღმდეგედ", - განაცხადა ელჩმა. სამწუხაროდ, კრიტიკული აზრი საქართველოში კვლავაც ანტისახელისუფლებო რიტორიკად აღიქმება. რაკიღა ხელისუფლებას ჩვენში სახელმწიფოსთან აიგივებენ, ხელისუფლების ამა თუ იმ ქმედების კრიტიკა ავტომატურად ნიშნავს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრებას.

ამჯერად ვერც ქალური ხიბლი შემაჩერებს და ვერც აღნიშნული ტენდენცია. გასულ კვირას გაზეთ "ყველა სიახლეს" გადავხედე და გულს შემომეყარა - სტატია მოგვითხრობდა, როგორ ეძებდა ქალბატონი ხათუნა კალმახელიძე საჩხერეში აკაკის საფლავს. მიუხედავად იმისა, რომ თავი მწერლობის ბრწყინვალე მცოდნე ნამდვილად არ მგონია, აკაკის საფლავი სად არისო, ვინმემ რომ სერიოზულად მკითხოს, შეურაცხყოფად მივიღებ - პირად კი არა, ეროვნულ შეურაცხყოფად. მთაწმინდის პანთეონში სულ ორმოცდაოთხი ნეშტი განისვენებს და ყველა მათგანი ღირსია, მათი ვინაობა ყველა ქართველმა იცოდეს.

დაწვრილებით კი საქართველოსა და მის მიღმა მიმდინარე მოვლენებზე მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით:

- საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს კვლევებმა ქართულ პოლიტიკურ წრეებში ტრადიციული ვნებათაღელვა გამოიწვია. პოლიტიკოსების დიდი ნაწილი მას უნდობლობას უცხადებს, ნაწილი კი ეთანხმება. როგორც ცნობილია, NDI-მ გამოკითხვები პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების რეიტინგთან დაკავშირებით ჩაატარა. შედეგი ასეთია: ლიდერობს "ნაციონალური მოძრაობა", შემდეგ ადგილებს კი ქრისტიან-დემოკრატები, ლეიბორისტები და თავისუფალი დემოკრატები ინაწილებენ. თქვენი აზრით, რამდენად სარწმუნოა ასეთი შედეგი?

- იმ ქვეყანაში, სადაც თავისუფლების ინდექსი საშუალო ან დაბალია, ჩატარებული ასეთი კვლევებისა არ მჯერა, იმიტომ კი არა, რომ კონკრეტულად, NDI-ს არ ვენდობი. ამ შემთხვევაში მას ვერც თაღლითობას დავაბრალებ და ვერც გაყალბებას, მაგრამ როცა საზოგადოების დიდ ნაწილს არ აქვს საშუალება და სურვილი, ბოლომდე გულწრფელი იყოს, ძნელია დაეყრდნო ასეთი ტიპის კვლევებს. საზოგადოების დიდი ნაწილი, რიგი მიზეზების გამო, ასეთ გამოკითხვებს არცთუ გულწრფელად პასუხობს.

- ისრაელმა საქართველო ისევ შეიყვანა საშიში ქვეყნების სიაში. სპეციალისტების ვარაუდით, ჩამონათვალში დასახელებულ ქვეყნებში საფრთხე "ჰეზბოლას" ან "ჰამასის" ტერორისტებისგან გამომდინარეობს. ისრაელში მიაჩნიათ, რომ ამ საფრთხეს ირანთან საქართველოს მჭიდრო კავშირი განაპირობებს. როგორ ფიქრობთ, გაცხადებული მიზეზი გულწრფელია, თუ მნიშვნელოვანი როლი ამ გადაწყვეტილების მიღებაში ებრაელი ბიზნესმენების გახმაურებულმა საქმემაც შეიტანა?

- სერიოზული მოხერხება უნდოდა იმას, რომ ერთ-ერთ მთავარ პარტნიორთან ისე გაიფუჭო ურთიერთობა, როგორც ჩვენ ისრაელთან გავიფუჭეთ. ისრაელის ხელისუფლებაზე განსაკუთრებით 2008 წლის აგვისტოს შემდეგ საკმაოდ სერიოზული ზეწოლა ხორციელდებოდა რუსეთის ხელისუფლების მხრიდან. ისრაელმა ამ ზეწოლას იმით უპასუხა, რომ უარი განაცხადა საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვაზე. ისრაელის პოლიტელიტის წარმომადგენლებმა ძალზე უხეში და აგდებული პასუხიც კი გასცეს ჟურნალისტებს, როცა საქართველოსთვის ,,მერკავის" ტიპის ტანკის მიყიდვაზე ჩამოვარდა ლაპარაკი.

ჯერ ერთი, ისრაელმა ამით ვერ მიაღწია მიზანს, რადგან საქართველოსთვის იარაღის მიყიდვაზე უარის თქმის სანაცვლოდ რუსეთს სირიისთვის არ უნდა მიეყიდა ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები და რუსეთმა ეს მაინც გააკეთა. ეს ობიექტურობის ერთი ნაწილია. მეორე ის არის, რომ ისრაელის სტრატეგიულ-პოლიტიკური საყრდენი სამხრეთ კავკასიაში შეიცვალა და აგვისტოს ომის შემდეგ ასეთად მისთვის აზერბაიჯანი იქცა. სხვა დანარჩენი უკვე საქართველოს ხელისუფლების მცდარი ნაბიჯების შედეგია, რამაც ისრაელ-საქართველოს შორის გაუცხოება გამოიწვია. რაც შეეხება ფუქსსა და ფრენკელს - ეს ორი ბიზნესმენი რომ არაკეთილსინდისიერად იქცეოდა და მათ რომ აფერისტული სქემით მოატყუეს საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება, ჩემთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს.

თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით, საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო სხვაგვარად მოქცეულიყო. დღეს ამბობენ, ამ ორმა ადამიანმა სიტყვა არ შეასრულაო. რა გამოდის: თუ ებრაელებმა პირობა დაარღვიეს და საქართველოს ხელისუფლებას ამის დამამტკიცებელი იურიდიული საბუთები აქვს, მაშინ არასწორად ჩაატარეს სასამართლო პროცესი და ამიტომაც მიიღო ქვეყანამ ასეთი მძიმე დარტყმა - ასი მილიონი დოლარის გადასახდელის სახით. ე.ი. თავის დროზე, გულარხეინი თუ უდიერი დამოკიდებულების გამო წაგვიგია ეს პროცესი საერთაშორისო არბიტრაჟზე. მეორე მხრივ, თუ ქართულმა მხარემ ამ ადამიანების ბრალეულობის დამტკიცება ვერ მოახერხა, ეს ფული უნდა გადაგვეხადა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მოატყუეს საქართველოს ხელისუფლება. მთელი სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი იმ ადამიანმაც, ვინც თავის დროზე ეს ბიზნესმენები საქართველოში ჩამოიყვანა და ზვიად გამსახურდიას შეახვედრა. მოკლედ, ეს არის მეტად რთული სიტუაცია.

ამ საქმეში ჩაერივნენ პრემიერ-მინისტრი პერესი და საგარეო საქმეთა მინისტრი ლიბერმანი. საქართველოში ჩამოვიდა ისრაელის ორი ძალზე გავლენიანი პიროვნება - აშდოდის რაბინი გაგულაშვილი და მირალაშვილი, ძალზე მდიდარი ადამიანი, რომელიც ამავე დროს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე არსებული ებრაელთა კონგრესის ერთ-ერთი ლიდერია. ისინიც უკმაყოფილო წავიდნენ თბილისიდან არა იმიტომ, რომ მათი თხოვნა არ დააკმაყოფილეს, იმიტომ, რომ აქ ცუდად მიიღეს. ახლა ამ ყველაფერს რატომ ვყვები: მსოფლიოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ სივრცეში რომ ებრაელებს დიდი გავლენა აქვთ, ეს ჩემგან არავის ესწავლება. არ შეიძლება ამ ადამიანებს ასეO მოექცე. ყველამ კარგად იცის, როგორ დააპატიმრეს ეს ბიზნესმენები - ისინი პრემიერმა მოიწვია და შემდეგ დააკავეს. ეს მეტად არასერიოზული ნაბიჯი იყო საქართველოს მხრიდან. ამიტომაც აქვს ერთგვარ დემარშებს ადგილი:

საელჩოს დახურვა, ქართველი მაღალჩინოსნების ვიზიტების ბლოკირება და ახლა საშიში ქვეყნების სიაშიც შეგვიყვანეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ისრაელს ყოველთვის შეჰყავს  ამ სიაში ქვეყნები, რომლებსაც თბილი ურთიერთობა აქვთ ირანთან. ცხადია, იყო ზემოთ ნახსენები დამატებითი ფაქტორებიც, რის გამოც, ისრაელი საქართველოს შავ სიაში სიამოვნებით შეიყვანდა. ეს თავისთავად ცუდი ამბავია, რადგან საქართველოს მსოფლიოში ბევრი გულახდილი მოკავშირე არ ჰყავს და ვინც გვყავს, მათთან უფრო ფრთხილი პოლიტიკის გატარება, გააზრებული მოქმედება გვმართებს.

- აშშ-ის საელჩომ გაავრცელა საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ჯონ ბასის ვიდეოკომენტარი. ელჩი აღნიშნავს, რომ საქართველოს წელს მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, თუმცა რჩება წინსვლის შესაძლებლობა საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებების უკეთ დაცვის კუთხით. "ჩვენ კვლავ გვაღელვებს მოწოდებული ანგარიშები კანონის შერჩევით გამოყენებაზე, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურის ნაკლებობაზე, მედიის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებზე განხორციელებულ ზეწოლასა და მთავრობის ჩარევაზე პროფესიული კავშირების საქმიანობაში. სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა უკანასკნელ პერიოდში მოუწოდა ლიდერებსა და მთავრობებს, რომ სამოქალაქო საზოგადოება აღიქვან პარტნიორად და არა მოწინააღმდეგედ", - განაცხადა ელჩმა. ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც ჩანს, თანდათან ივიწყებს ტრადიციულ ლოიალობას საქართველოს ხელისუფლების მიმართ და მისი ტონი უფრო და უფრო მკაცრდება.

- მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ადმინისტრაციამ თვითონ დაუშვა არაერთი შეცდომა ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, გავიხსენოთ თუნდაც გუანტანამოს ცნობილი ეპიზოდი და ბოლო დროს გახმაურებული, ამერიკელ სამხედროთა მიერ ჩადენილი დანაშაულობები ავღანეთში და სხვა ადგილას, ის მაინც მკაცრად სთხოვს მოკავშირეებს ადამიანის უფლებათა დაცვას. აქ ის ფაქტორიც მუშაობს, რომ აშშ-ის ადმინისტრაციას არ უყვარს, როდესაც თავისი მოქალაქეები პრეტენზიას უყენებენ - ჩემ მიერ გადასახადებში გადახდილი ფული იმ ქვეყანაში იხარჯება, რომელიც ადამიანის უფლებებს არ იცავსო.

ამ ანგარიშის კრიტიკულობაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სახალხო დამცველის ანგარიშებმაც. ესეც საინტერესო ნიუანსია - არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ტუღუში სახელისუფლებო კანდიდატი იყო, მაგრამ ტუღუშიც სუბარის გზას გაუყვა, ანუ სიმართლეს ვერ მალავს. ეს ცხადია, დიდი დარტყმაა ხელისუფლებისთვის, მაგრამ ამავე დროს, ინტერესის საგანს წარმოადგენს დიპლომატიური მისიებისთვის, რომლებიც გულისყურით ადევნებენ თვალყურს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. შედეგებზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ  დარწმუნებული ვარ, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია თავის ამომრჩეველთან ამის გამო დისკომფორტს არ შეიქმნის და საქართველოს ხელისუფლებასთანაც მკაცრი საუბარი ექნება.

- უცნობმა მამაკაცმა, რომელმაც რადიო "თავისუფლებაში" დარეკა და მსმენელს თავი დოკუ უმაროვად გააცნო, განაცხადა: "ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც რამდენიმე მოჯაჰედი დაიღუპა და მეც მოკლულად გამომაცხადეს. თუმცა, ისინი ჩემგან ვერ გათავისუფლდებიან, მე უკვე საპასუხო დარტყმას ვამზადებ. დაელოდეთ ახალ ამბებს უახლოეს მომავალში". რამდენად მძიმე მოსასმენი იქნება რუსეთისთვის დაანონსებული "ახალი ამბები"?

- დოკუ უმაროვი მართლაც არ იმყოფებოდა იქ, სადაც რუსეთის რეკლამირებული სპეცოპერაცია ჩატარდა, ანუ ინგუშეთში. ვიცი, რომ ამ ოპერაციის შედეგად უმაროვის გარემოცვის მაღალი მდგომარეობის მქონე პირები დაიღუპნენ. დღეს დოკუ უმაროვი შევიწროებულია და ვეღარ მართავს იმარატს. იმარატის წევრები დამოუკიდებლად მოქმედებენ და საქმის კურსში მხოლოდ ბოლოს აყენებენ უმაროვს. ზოგადად, უნდა ითქვას, რომ დღეს ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული სიტუაცია უფრო რუსეთის ხელისუფლებას აძლევს ხელს, რაკიღა იქ შიშმა დაისადგურა და ნაკლები აქტივობაა, მაგრამ აქტივობა მაინც არის - ამაზე ბოლოდროინდელი ტერაქტებიც მეტყველებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით ბალყარეთის ჯამაათი აქტიურობს და ტურისტულ ინფრასტრუქტურებზე განხორციელებული ტერაქტიც მათი დამსახურებაა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ არ დაუშვან სოჭის ოლიმპიადის ჩატარება.

- ამ თვალსაზრისით ძალზე აქტუალური იყო გაგრის მიმდებარე ტერიტორიის საკითხი, რაც, რუსეთს სწორედ სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის სჭირდება.

- სწორედ ამ საკითხზე შეხვდნენ ერთმანეთს აფხაზური და რუსული დელეგაციები. დემარკაცია მოხდა ფსოუს გასწვრივ და აიბგას მონაკვეთი, სწორედ ის ხსენებული ას სამოცი კვადრატული კილომეტრიც ღია დარჩა. საქმე ის არის, რომ მედია შეცდომაში შეიყვანეს. ტერიტორია, რომლის მითვისებაც რუსეთს სურს, არა გაგრის მიმდებარე, არამედ მისი ზედა ტერიტორიაა და დაახლოებით, ორმოცდაათი კილომეტრით არის ქალაქიდან დაშორებული. სოფელი აიბგა მაღლა, მთებში მდებარეობს და საბჭოთა დროიდან მოყოლებული, რუსეთთან სადავო ტერიტორიას წარმოადგენდა. ეს არის მხოლოდ აფხაზებით დასახლებული ტერიტორია, რომელიც მდინარის ორივე მხარეზეა განთავსებული.

მდინარის მარჯვენა მხარე რუსეთის ფედერაციის საკუთრებად ითვლებოდა, მარცხენა კი - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა, თუმცა სახნავ-სათესი მიწები სწორედ აფხაზების მხარეს იყო განთავსებული. საბოლოოდ, ეს ტერიტორია იმით არის მნიშვნელოვანი, რომ ის არა გაგრის, არამედ რიწის ტბის მიმდებარეა. თუ რუსებმა მისი მითვისება მოახერხეს, მთიდანაც დაცულები იქნებიან და რიწის ტბაზეც გასასვლელი ექნებათ, რაც ტურისტული ინვესტირებისთვის შესანიშნავი ნიადაგია. როგორც ჩანს რუსების გეგმებში რიწის ტბის ხელში ჩაგდებაც შედის. ალბათ რუსები ამ ტერიტორიაზე თავიანთ ახალშექმნილ სამთო-მსროლელ ბრიგადას განათავსებენ, რომელიც, სხვათა შორის, შვეიცარიელებმა გაწვრთნეს. ეს საკითხი ჯერ არ დახურულა, ისევ ღიად რჩება.

მართალია, აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელი ვალერი კვარჩია მუშტებს იბრაგუნებს გულში, აფხაზური მიწის ერთ გოჯს არ დავთმობთო და განწყობაც აფხაზებში შესაბამისია, მაგრამ გამორიცხული არ არის, რუსეთმა არენდით აიღოს ეს მიწა და ამით დამთავრდეს ამბავი. - რუსეთის მიერ არენდით აღებული მიწა კი უკან დაბრუნებული არავის უნახავს. ჯერჯერობით ასეთი ვითარებაა მოლაპარაკებათა მეორე რაუნდის თანახმად. ვნახოთ, რას მოიტანს მესამე რაუნდი. ის კი ფაქტია, რომ აფხაზ საზოგადოებაში ამ ამბავმა უაღრესად ანტირუსული განწყობა შექმნა - ანტისახელისუფლებო ხომ არის და ბოლო დროს ანტირუსულიც დაემატა. ცხადია, ხელისუფლებისაც მესმის, რადგან ერთი მხრივ, მისი ბიუჯეტის სამოცდაათი პროცენტი რუსეთიდან ფინანსდება, მეორე მხრივ კი, საზოგადოებასაც უნდა გაუწიონ ანგარიში. რასაკვირველია, პატივს ვცემ აფხაზებს, მაგრამ მათი ეს საქციელი, ცოტა არ იყოს, უცნაურია - თან სურთ, ყველაფერი ჰქონდეთ რუსებისგან და თან არაფრის დათმობა არ უნდათ.

მათი ხასიათი გამოიწრთო ბრძოლაში და ალბათ ასეც უნდა მოიქცნენ. რუსეთმა აფხაზეთის მფარველობით ძალზე სტრატეგიული მიმართულება ჩაიგდო ხელში - სამხრეთ კავკასიიდან უკვე გაგდებული იყო და თავისი ჯარით უკან დაბრუნდა. ამიტომაც, უფლება არ აქვს, აფხაზებს დამატებით რაიმე მოსთხოვოს. კიდევ ერთი ფაქტორი: მეშვიდე მცდელობის შემდეგ ბაღაფში, როგორც იქნა, წავიდა თურქეთში. უშედეგობას აქამდე საქართველოს ხელისუფლებას აბრალებდნენ, მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ ამ ვიზიტის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე რუსეთის ხელისუფლება იყო. ბაღაფშის ამოცანაა, თურქეთიდან აფხაზეთში მუჰაჯირების დაბრუნებას ჩაუყაროს საფუძველი, რის შესახებაც რუსეთში  არაერთხელ უთქვამთ, ეგღა გვაკლია, ორმოცდაათი ათასი მუსლიმანი თავზე დავისვათ და აფხაზეთში თურქეთის გავლენა გავაძლიეროთო. ვნახოთ, რას მიაღწევს ამ ვიზიტით ბაღაფში, თუმცა, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ სერიოზულ ხალხთან აპირებს შეხვედრას.