"ერთია საქართველოს მთავრობის დასჯა და მეორე - ქართველი ერისა" - კვირის პალიტრა

"ერთია საქართველოს მთავრობის დასჯა და მეორე - ქართველი ერისა"

"ჩვენ საშიშ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ქმედით მექანიზმს, რომ ეს საშიშროება კატასტროფაში არ გადაიზარდოს, ვერ ვხედავ"

"აქ ამ პასპორტებს არავინ აიღებს. ჩვენ გვაქვს შეთანხმება რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ და მოქალაქეებს აქვთ როგორც რუსეთის, ისე აფხაზური პასპორტები. ასე რომ, ჩვენ ქართული დოკუმენტები არ გვჭირდება. თბილისის წინადადება მორიგი ბოდვაა და არანაირ შედეგს არ მოიტანს", - განაცხადა შამბამ. თუ გავითვალისწინებთ, თავისი არსით რას ნიშნავს "ნეიტრალური დოკუმენტი", გამოდის, ბატონი შამბა ოფიციალურად ადასტურებს იმას, რისი ეჭვიც ბოლო დროს თავად აფხაზ საზოგადოებაში გაჩნდა და რასაც თავგამოდებით უარყოფს თვითაღიარებული მთავრობა - აფხაზეთის დამოუკიდებლობა მითია და რეალურად მას რუსეთის გუბერნიის ნაწილად გამოცხადებისთვის ამზადებენ. სხვაგვარად ძნელი ასახსნელია, თუ შენი ხალხის დამოუკიდებლობა მართლაც გსურს, რატომ უნდა უარყო დოკუმენტი, რომელიც საქართველოსთან კავშირს არ გაიძულებს, სამაგიეროდ, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის საშუალებას გაძლევს.

საქართველოსთვის რუსეთის თემა აქტუალური ისეთ ერთგულ პარტნიორებთანაც აღმოჩნდა, როგორიც ამერიკისE შეერთებული შტატებია. როგორც ჩანს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) რუსეთის გაწევრების გამო საქართველოს გაძალიანებამ ამერიკელები ძალიან გააღიზიანა. აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაქ ობამას მთავარი მრჩეველი რუსეთის საკითხებში მაიკლ მაკფოლი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეგნებულად ამბობს უარს მოსკოვსა და თბილისს შორის შუამავლობაზე. მეტიც, მაკფოლის თქმით, აშშ თბილისს მიუთითებს, რომ მსო-ს შესახებ მოლაპარაკება "რუსეთთან სხვა პოლიტიკური დავების დარეგულირების მექანიზმი არ არის". მისივე თქმით, ამ საკითხის გადაჭრით პირადად აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამაა დაინტერესებული. ანუ, არადიპლომატიური ენით რომ ვთქვათ, პოლიტიკის თამაშს თავი დაანებეთ და რასაც გეუბნებიან, გააკეთეთო.

ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) რექტორს გიორგი მარგველაშვილს ვესაუბრებით:

- გორის რაიონში, სოფელ ზეღდულეთთან მოსახლეობასა და პოლიციას შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. მოსახლეობის თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გარდა საძოვრებისა, რომლის ფართობიც 75 ჰექტრამდე ტერიტორიას შეადგენს, ინდოელ ინვესტორს 100 ჰექტრამდე სარეზერვო მიწებიც მიჰყიდა. ამ ვითარებაში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი ხშირად ლაპარაკობს სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე, რამდენად ლოგიკურია გლეხების დატოვება უმიწოდ? ალბათ, არის მედლის მეორე მხარეც: რაკიღა თავისი ძალებით ადგილობრივი მოსახლეობა მიწას ვერ ამუშავებს, მას შეუძლია უცხოელი ინვესტორის ფერმაში დასაქმდეს?

- საქართველოს სოფლის მეურნეობა სამოცდაათი წლის განმავლობაში, რამდენადაც ექსპერტების ზოგადი შეფასებებით ვიცი, არარაციონალურ გარემოში იყო. მას ჰქონდა ენერგომატარებლები, ტექნიკა, ძირითადი საწარმოო საშუალებები რეგულირებად ფასებში, ხოლო მისი პროდუქცია საბაზრო ფასებით იყიდებოდა. ანუ, ეს იყო ისეთი გარემო, რომელიც არც ერთ  ბიზნესს არა აქვს. ამდენად, გლეხის შრომა ძალიან კარგად ფასდებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, დონბასში ვიღაც ჩადიოდა მაღაროში, მოიპოვებდა ქვანახშირს, რომლის მეშვეობითაც გამომუშავდებოდა ელექტროენერგია და იქიდან, სხვების მსგავსად, გლეხსაც ელექტროენერგია კაპიკებად ჰქონდა, ვაშლს კი იმავე დონბასელ მაღაროელზე საბაზრო ფასებით ყიდდა. ეს იყო არალოგიკური რეალობა. როგორ უნდა შეიცვალოს დღეს ეს არალოგიკური რეალობა - ინვესტორების შემოყვანით თუ სხვა ნაბიჯებით, ამაზე მსჯელობისთვის კომპეტენტური არა ვარ. ვიცი, რომ კომუნისტების დროს საქართველოს სოფლის მეურნეობაში ძალიან კარგი, მაგრამ არარეალური საბაზრო გარემო იყო. ისიც ვიცი, რომ ეს ყველაფერი დაინგრა, მაგრამ როგორ უნდა შეიქმნას ახალი რეალობა ამ სფეროში, რომელიც უფრო ლოგიკურიც იქნება და ამასთან, ქმედითიც, ვერაფერს გეტყვით. ამაზე სჯობს, სპეციალისტებმა ისაუბრონ.

- ებრაელი ბიზნესმენების გასამართლების შემდეგ, საქართველო-ისრაელის ურთიერთობა ელვის სისწრაფით ვითარდება, სამწუხაროდ, უარესობისკენ. სასამართლოს შემდგომ მოვლენებს შორის ოფიციალური კავშირი არ არსებობს, მაგრამ ფაქტია, რომ დროში ერთმანეთს ემთხვევა. ებრაული კომპანიის მიერ 100 მილიონ დოლარზე შეტანილ სარჩელს სხვა აქტივობებიც მოჰყვა: ებრაული თავდაცვითი კომპანიის Global CST-ის დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერმა სერგეი შამბამ მიიღო. ამის შესახებ სააგენტო "აპსნი პრესი" იუწყება. მხარეებს შორის საუბარი ისრაელ-აფხაზეთის მომავალ ურთიერთობაზე - თავდაცვითი შეიარაღების, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და სხვა სფეროთა განვითარების საკითხებზე შედგა. საქართველოში ისრაელის ელჩის, იცხაკ გერბერგის განმარტებით, ისრაელი არ აპირებს აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, მათთვის იარაღის მიყიდვას და აცხადებს, რომ კერძო ბიზნესმენებს ისრაელის ხელისუფლების სახელით ლაპარაკის უფლება არა აქვთ.

- ეს ძალიან მნიშვნელოვანი, საგულისხმო და საინტერესო ფაქტია. ოფიციალურ თელ-ავივს დაფიქრება მართებს იმ ღირებულებებზე, რომელთაც ეს ქვეყანა ატარებს. ეს არ არის ერი, რომელიც გუშინ შეიქმნა, მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. როდესაც ისეთი ქვეყნები თანამშრომლობენ, როგორიც ისრაელი და საქართველოა, უთუოდ გასათვალისწინებელია, თუ რა არის ერთა შორის ურთიერთობა. შესაძლოა, ვინმეს არ მოსწონდეს და პრეტენზია ჰქონდეს მთავრობასთან, მაგრამ ებრაელებსა და ქართველებს ერთმანეთთან მთავრობები არ აკავშირებთ. მათ ეროვნული ურთიერთობა აქვთ. საქართველოს მთავრობის დასჯა, ალბათ, ბუნებრივად გამოიყურება იმის ფონზე, როგორც მოექცა ის ებრაელ ბიზნესმენებს, მაგრამ ერთია საქართველოს მთავრობის დასჯა და მეორე - ქართველი ერისა.

ასეთ ერებს, რომლებსაც მრავალსაუკუნოვანი მეგობრული ურთიერთობა აქვთ, დიდი სიფრთხილე მართებთ. ქართველებიც და ებრაელებიც პასუხს ვაგებთ არა მხოლოდ დღევანდელი დღის, არამედ განვლილი საუკუნეების წინაშეც - ებრაელები თავიანთი წინაპრების წინაშე, ჩვენ კი - ჩვენი წინაპრების. ასეთ ვითარებაში იმპულსურმა და ნაჩქარევმა ნაბიჯებმა შეიძლება დიდი შეურაცხყოფა მიაყენოს ჩვენს წინაპრებს. აქედან გამომდინარე, ძალიან შეშფოთებული ვარ იმ სისწრაფით, რომლითაც ისრაელის მხარე სჯის ჩვენს ხელისუფლებას. მეშინია, ეს ყველაფერი ქართველი ერის დასჯად არ იქცეს. ეს საშიშია მათი ეროვნული ღირებულებებისთვისაც. ეს შეიძლება რომელიმე ახალშექმნილ ქვეყანას შეეშალოს, მაგრამ ისრაელს, რომელიც ტრადიციებზე აფუძნებს თავის სახელმწიფოებრიობას, მის ხელმძღვანელობას მართებს ანგარიშის გაწევა უფრო მეტად საკუთარი წინაპრებისთვის, ვიდრე დღევანდელი რეალობისთვის. საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები შესაძლოა გადაითარგმნოს ქართველი ერის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებად. ეს კი უაღრესად საფრთხილოა.

- კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დაკვეთილი კვლევების განსაჯაროებამ მედიისა და არასამთავრობო სექტორის უკმაყოფილება გამოიწვია. ლაპარაკია გამოკითხვებზე, რომლის თანახმადაც, მოსახლეობას ინფორმაციის მიღება მხოლოდ მერვე რიგში აინტერესებს - სერიალების, იუმორისტული და სხვა გასართობი პროგრამების შემდეგ. რამდენად რეალური გეჩვენებათ გამოკითხვის შედეგები და ამასაც რომ თავი დავანებოთ, რამდენად სამართლიანია, გამოკითხვების მიხედვით ლიცენზირების შეზღუდვა მედიასივრცეში?

-  ჩვეულებრივ, ასეთ საკითხებზე ძნელია პასუხის გაცემა, რადგან ერთი მხრივ, ამგვარ სიტუაციებს, ასე ვთქვათ, ბაზრის უხილავი ხელი აგვარებს. რაც ხალხს აინტერესებს, იმას აკეთებს მედიაც. ამას არ სჭირდება სოციოლოგიური გამოკვლევა. მაგრამ აქ ყოველთვის არის სახელმწიფოს ინტერესი, რაც იმით გამოიხატება, რომ მთლიანად მედიაბაზარს არ მიებას არსებული ტენდენცია. ასეთი შემთხვევებისთვის შექმნილია "საზოგადოებრივი მაუწყებელი", რომელიც საგანმანათლებლო-შემეცნებით გადაცემებს სთავაზობს საზოგადოებას, მაგრამ ეს ნორმალურ გარემოშია კარგი და ქმედითი. როდესაც ქართულ რეალობაზეა ლაპარაკი, ყველამ კარგად ვიცით, რომ მედიის დიდი ნაწილი პოლიტიზებულია; და მეორე - რომც ჩაატარო ასეთი კვლევა, ასე ვთქვათ, აბსოლუტურად საიმედო კომპანიის მეშვეობით, სადაც პოლიტიზების ეჭვი სრულიად გამოირიცხება, აუცილებლად უნდა გაითვალისწინო ის ფაქტორი, რომ ველი, რომელსაც იკვლევ, თავიდანვე ზემოქმედების ქვეშ არის.

ანუ, ეს არ არის გარემო, სადაც ადამიანი თავისუფლად უპასუხებს შენს შეკითხვებს. თუ ძალიან აპოლიტიკურ რამეს არ ეკითხები, მაგალითად, შროშანი მოგწონს თუ ვარდიო, აბსურდულია, ადამიანისგან გამოკითხვით ობიექტური პასუხი მიიღო პოლიტიკურ თემებზე. მახსოვს, 2003 წელს, როდესაც პარალელური დათვლები ტარდებოდა, სპეციალისტებს ვესაუბრე. როგორც მითხრეს, თუ მოსახლეობის 20% უარს გეუბნება პასუხზე, მაშინ მთლიანად შედეგებია საეჭვო და გასაუქმებელი. სწორედ ეს 20% გკარნახობს თვითონ ველის, გამოკითხული ადამიანების მზაობას, თუ რამდენად გულწრფელად გელაპარაკებიან. ამიტომ საზოგადოდ კვლევების თაობაზე დიდი კითხვის ნიშანი მაქვს, რამდენად მართებულად შეიძლება მან ხალხის პოზიცია აჩვენოს.

- მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის მზად იქნება "სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, დოკუმენტის შექმნის მიზანია, რუსული პასპორტიზაციის ორბიტიდან გამოსვლა და ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობის შესაძლებლობა. ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას შეეძლება დოკუმენტი ნებაყოფლობით მიიღოს. ეკა ტყეშელაშვილის თქმით, იმისათვის, რომ ყველა პრობლემა გამოირიცხოს და დოკუმენტი იყოს მიმზიდველი, მას არ ექნება საქართველოს სახელმწიფო სიმბოლიკა და არ იქნება მოქალაქეობის დამადასტურებელი. სტატუს-ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის" მფლობელ ახალგაზრდებს საშუალება მიეცემათ, განათლების მისაღებად სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ და საქართველოს პრეზიდენტის ფონდიდან და საქართველოს მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროგრამიდან დაფინანსებაც კი მიიღონ. რა დადებითი და უარყოფითი მხარეები შეიძლება ჰქონდეს ამ გადაწყვეტილებას?

- მე არ ვიცნობ ანალოგიურ პრაქტიკას თანამედროვე მსოფლიოში, რომ დეტალურად ვისაუბრო მის შესაძლო შედეგებსა და ქმედითობაზე. მაგრამ რაც ერთი შეხედვით ჩანს, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ დადებითად შეიძლება შევაფასო, რადგან, ერთი მხრივ, შენ არ უნდა შეზღუდო შენივე ხალხი - მათ შეიძლება ბევრი რამ სჭირდებოდეთ თვითაღიარებული ტერიტორიის მიღმა - მკურნალობა, განათლება თუ ბევრი სხვა ჰუმანური მნიშვნელობის რამ. ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან და ისეთივე უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, როგორითაც დანარჩენები. მეორე მხრივ, რუსული პასპორტის არმიღება უაღრესად მნიშვნელოვანია და ამის გამოც მხარს ვუჭერ ამ გადაწყვეტილებას, რადგან ვიმეორებ, ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ხალხს არ ჰქონდეს რუსეთის მოქალაქეობა. იმიტომ, რომ ერთ-ერთი საფუძველი, რის გამოც რუსეთი მიმართავს ჩვენს წინააღმდეგ ძალადობრივ მოქმედებებს, საკუთარი მოქალაქეების დაცვის საბაბია. დაბოლოს, კიდევ ერთი არგუმენტი, რატომაც შეიძლება ეს მომეწონოს, არის ის, რომ ჩვენ მათ ვუქმნით არარუსული იდენტურობის პრეცედენტს, რითაც ამ ხალხის რუსეთში გათქვეფას შეიძლება ხელი შეეშალოს. არადა, სწორედ აქეთ არის მიმართული დღეს რუსეთის პოლიტიკა. ამდენად, მიმაჩნია, რომ ეს კარგი პოლიტიკაა.

- "ჩვენს პარტიას არა ჰყავს ბელადი, რადგან სწორედ ბელადომანიამ მიიყვანა ქვეყანა ამ მძიმე მდგომარეობამდე. პირობას გაძლევთ, რომ წელს ყველაფერი დამთავრდება და სააკაშვილი საქართველოს უკანასკნელი ბელადი იქნება", - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა პარტიის ყვარლის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე. ხომ არ იმეორებს უკვე ჩადენილ შეცდომებს ოპოზიცია თარიღებისა და ვადების დასახელებით ან რამდენად რეალურია, ძალთა დღევანდელი განლაგების გათვალისწინებით, "სააკაშვილის წელს დამთავრება"?

- ჩვენ უნდა ვისაუბროთ დაახლოებით ისეთ პროგნოზირებად საკითხზე, როგორიცაა, მაგალითად, ამინდი ოქტომბერში. ძალიან ძნელია, მაგრამ რეალობა შემდეგია - საქართველოში ძალიან მაღალია  ხელისუფლებით უკმაყოფილების მუხტი. უკმაყოფილებაა იმის გამო, რომ მაღალი გადასახადებია, რომ ეკონომიკა არ ვითარდება, ირღვევა ადამიანის უფლებები. მოკლედ, მთელი კომპლექსია, ქართველი არ არის კმაყოფილი ცხოვრებით. თან, განა უბრალოდ - არა უშავს, დღეს ასეა და ხვალ რაღაცა გვეშველებაო, არა - ის უკმაყოფილოა მომავლის იმედის გარეშე. ეს ყველაფერი ძალზე საშიში ფონია სოციალური აფეთქებისთვის. მეორე მხრივ, ის, ვინც უნდა მოახდინოს აფეთქება, ანუ პოლიტიკური ძალები, არ არიან კონსოლიდირებული საარჩევნო კამპანიების დროსაც კი, ისინი ერთმანეთთან ქიშპობას უნდებიან.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ეს უკმაყოფილება არ გამოიხატება პოლიტიკური აქტივობით. აი, ეს არის დღევანდელი რეალობა. რამ შეიძლება ის შეცვალოს? - ძალიან ბევრმა რამემ. ჩვენ ვსხედვართ დენთის კასრზე, რომელსაც პატრუქი სველი აქვს - ოპოზიციის სახით და რომელიც ვერასგზით თავის თავს ცეცხლს ვერ უკიდებს. ამიტომ სურათი ბევრმა რამემ შეიძლება შეცვალოს, მაგალითად,  შეიძლება ძალიან საშიში იყოს დასავლელი პარტნიორების გაღიზიანება; რუსეთის ფაქტორი; ეკონომიკური პრობლემები; კიდევ ერთი შეცდომა არაპროგნოზირებადი ხელისუფლებისა - ჩვენ საშიშ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ ქმედით მექანიზმს, რომ ეს საშიშროება კატასტროფაში არ გადაიზარდოს, ვერ ვხედავ.

- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს უკვე მოჰყვა პირველი შეფასებები. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ზოგიერთ საკითხს დოკუმენტში არ ეთანხმება. ალბათ, ძალზე მნიშვნელოვანია ამერიკის ელჩის ვიდეოკომენტარიც, რომელიც ქართული სუბტიტრების თანხლებით იყო ჩაწერილი. როგორც ჩანს, ქართული მედიის მდგომარეობაზე ესეც მეტყველებს, დიპლომატი სხვაგვარად ინტერპრეტაციებს ვერ ასცდებოდა.

- დიახ, ერთი მხრივ, ეს ტელევიზიებისადმი უნდობლობაზე მიგვანიშნებს, მეორე მხრივ კი, ამ განცხადების ქართველ ხალხამდე მიტანის სერიოზულ მნიშვნელობაზე. ეს არ იყო დიპლომატის რიგითი განცხადება, რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ტელეარხის მაყურებელს სხვადასხვა თარგმანით მოესმინა. როგორც ჩანს, ჯონ ბასს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, განცხადება მისულიყო ქართველ საზოგადოებამდე, ისე, როგორც ეს მან თქვა. რაც შეეხება თვით განცხადებას, მისი შინაარსით დაბნეული და შეშფოთებული ვარ. ბევრად მერჩივნა, სურათის ნათლად დასანახად გავცნობოდი აშშ-ისა და საქართველოს ურთიერთობის დღევანდელი ფორმატის მთელ სპექტრს. ის, რომ საქართველოში ადამიანის უფლებები ირღვევა, ძველი ამბავია.

კიდევ რა პრეტენზიები აქვს, გარდა დემოკრატიისა, შეერთებულ შტატებს ქართულ სახელმწიფოსთან? ამ განცხადებამ მე ბევრად მეტი კითხვა გამიჩინა, ვიდრე შეიძლება იყოს განცხადება, რომ შეერთებულ შტატებს არ მოსწონს საქართველოს დემოკრატიული გარემო. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი აქ იყო 2009 წელს. მან გააკეთა განცხადება დემოკრატიის საჭიროების შესახებ, მაგრამ ამას შედეგი არ მოჰყოლია, თუმც მაშინ დაძაბული ვითარებაც იყო. დღეს, როდესაც ასე ვთქვათ, შტილის პირობებში დასავლეთი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები თავიანთ შეშფოთებას აფიქსირებენ, მე მაინტერესებს არა მარტო დემოკრატიასთან დაკავშირებული რა პრეტენზიები აქვთ საქართველოს მთავრობასთან, არამედ სხვა საკითხებიც, რადგან ეჭვი მაქვს, რომ უკმაყოფილება მხოლოდ დემოკრატიის ნიადაგზე არ აღმოცენებულა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი რიგითი საკითხია და ვშიშობ, ბევრად უფრო დიდია პაკეტი პრეტენზიული საკითხებისა, ვიდრე მედია და დემოკრატია შეიძლება იყოს.