სასოწარკვეთილი ნაბიჯი თუ თავისუფალი არჩევანი - კვირის პალიტრა

სასოწარკვეთილი ნაბიჯი თუ თავისუფალი არჩევანი

"მათ, ვისთვისაც პრეზიდენტი კერპია, ტალიავინის დასკვნა აზრს ვერ შეაცვლევინებს"

საერთაშორისო ეკონომიკურ რეიტინგებში მოხვედრის და გლობალურ პოლიტიკაში მიღწეული გამარჯვებების შემდეგ, საქართველომ კიდევ ერთ აღიარებას მიაღწია - ამჯერად, ტერორისტთა შორის! რუსეთ-საქართველოს ომი და თბილისი-ვაშინგტონის დამოკიდებულებები საყოველთაოდ ცნობილი ტერორისტის, ბინ ლადენის მიმართვაში მოხვდა. ალბათ, გუანტანამოს ციხეს რომ საქართველოში გადმოვიტანთ, ასეთი "ყურადღება" კიდევ უფრო ხშირი იქნება. ისე, გუანტანამოსთან დაკავშირებით ყველაფრის გაგება შეიძლება - იმის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამდენი ხანია, უანგაროდ გვეხმარება და ურთიერთთანამშრომლობის პრინციპიდან გამომდინარე, დროა, ჩვენც დავეხმაროთ; იმისაც, რომ ტერორიზმი თანამედროვე ცივილიზაციის დამღუპველ სენად შეიძლება მოგვევლინოს და მის წინააღმდეგ ჩვენც აქტიურად უნდა ვიბრძოლოთ. გაუგებარი მხოლოდ ერთი რამ რჩება - განა რამხელაა ეს ციხე, რომ შეერთებული შტატების უზარმაზარ ტერიტორიაზე მისთვის ადგილი ვერ მოინახა?! ეგეც არ იყოს, არა მგონია, ამხელა მნიშვნელობის მქონე საპყრობილის დაცვა და "სერვისი" ქართულ პენიტენციარულ სისტემას ანდონ. გამოდის, ციხეს ამერიკელი სამხედროები და სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებიც ჩამოჰყვებიან. თუ საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში მზარდ რუსულ სამხედრო კონტინგენტსაც გავითვალისწინებთ, მსოფლიო დაპირისპირების ეპიცენტრიც და მთავარი ხაზიც საქართველოზე გაივლის! ერთი მხრივ, ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ეს შეიძლება კარგიც იყოს - ოღონდ ზუსტად იმ მომენტამდე, სანამ რომელიმე მხარეს ნერვები უმტყუნებს.

გეოპოლიტიკურ დაპირისპირებასა და სამომავლო პროგნოზებზე პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძეს ვესაუბრებით:

- გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა ერთი მხრივ, კონსტრუქციულად შერაცხეს, მაგრამ მეორე მხრივ, ისიც ითქვა, რომ ამგვარი განცხადებები მხოლოდ განცხადებებად რჩება და რეალურ შედეგს არ უნდა ველოდოთ...

- გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ტრიბუნას საკმაოდ პრაქტიკული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. ერთს რომ იტყვი, ყველა მოგისმენს, რადგან ყველა იქ არის შეკრებილი. იმის გამო, რომ ეს საკითხები აქტიურად შუქდება საერთაშორისო მედიაში, ვინც იქ არ არის, მის ყურამდეც აუცილებლად მიაღწევს. ამ ტრიბუნას, ჩემი აზრით, უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვაც აქვს. ეს არის ორმხრივი, თუნდაც კულუარული შეხვედრები. რამდენადაც ვიცი, ამჯერად ეს შანსი გამოყენებული არ ყოფილა, ისევე, როგორც არ გამოგვიყენებია გასულ წლებში, რადგან ხელისუფლება ასეთ საკითხებს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებს ხოლმე.

- არაოფიციალური ინფორმაციით, სააკაშვილს ჰქონდა სურვილი, ასეთი შეხვედრა ობამასთან გაემართა, თუმცა უშედეგოდ...

- როდესაც ამ ტიპის შეხვედრებზე ვსაუბრობ, სულაც არ ვგულისხმობ ობამასთან ან სხვა, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან შეხვედრას. თავისთავად, კრიტიკისთვის ძალზე მოსახერხებელია იმაზე აპელირება, რომ ობამასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. დიპლომატიაში მუშაობის თორმეტწლიანი გამოცდილებიდან კარგად ვიცი, რომ ასეთი დონის შეხვედრის ორგანიზება არც ისე იოლია. თავისთავად ის ფაქტი, რომ ობამასთან შეხვედრა ვერ მოხერხდა, იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკელებმა ზურგი გვაქციეს. მე უფრო სხვა შეხვედრებს ვგულისხმობდი - კეთილმოსურნეებთან კი არა, ავისმზრახველთან შეხვედრას. ასეთი დონის საერთაშორისო ღონისძიებები იმით არის მოსახერხებელი, რომ საგანგებოდ არ ამზადებ ამ შეხვედრას. რაკიღა ყველა იქ არის, ეს თავისთავად, ყოველგვარი არასასურველი კომენტარისა და აჟიოტაჟის გარეშე შეიძლება მოხდეს. ვფიქრობ, ასეთივე შეხვედრები და მუშაობა იყო საჭირო პოსტსაბჭოთა სივრცის იმ ქვეყნებთანაც, რომლებიც რუსეთის ე. წ. სატელიტები არიან და რომლებზეც ამჟამად მოსკოვის აქტიური ზეწოლა მიმდინარეობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის თვალსაზრისით. რამდენადაც ჩემთვის ასამბლეის მიმდინარეობის შესახებ არის ცნობილი, ასეთი შეხვედრის ორგანიზება არ მომხდარა. ზოგადად, არა მხოლოდ გაეროს კონტექსტში ვგულისხმობ: იმასთან შეხვედრა კი არ არის საჭირო, ვისთანაც უკვე ყველაფერი გარკვეული გაქვს და იცი, ერთმანეთისგან რა გსურთ, არამედ იმასთან შეხვედრაა საჭირო და აუცილებელი, ვისთანაც პრობლემები გაქვს.

- ჩვენთვის ძალზე საინტერესო ინფორმაცია გახმიანდა ბინ ლადენის მორიგ მიმართვაში, როდესაც იგი ევროპელებს ნიშნის მოგებით ესაუბრებოდა საქართველოს მაგალითზე, - აშშ არ დაგეხმარებათო. საერთაშორისო ტერორისტი საკმაოდ ინფორმირებული აღმოჩნდა, - სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაკარგვაც ახსენა და ისიც თქვა, როდესაც რუსეთი ქართველ ხალხს ბომბავდა და ხოცავდა, საქართველოს აშშ-ის დახმარების იმედი ჰქონდა, მაგრამ ფუჭი სიტყვების ამარა დარჩა. როდესაც ამერიკული გემები საქართველოს მიუახლოვდნენ, ყველაფერი დასრულებული იყო და არც მათი ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებოდა ვინმესო. რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი? ჩანს, საქართველო უკვე ტერორისტების ლექსიკის შემადგენელ ნაწილად იქცა?

- ქვეტექსტები და მათი ამოცნობა არ მხიბლავს. რას უნდა ნიშნავდეს ბინ ლადენის ნათქვამი? - იმას, რაც თქვა! უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს მოსახლეობის ერთი ნაწილისთვის ბინ ლადენის ნათქვამი სიმართლეს შეეფერება. აგვისტოს ომის დროს ხალხი მართლაც მოელოდა აშშ-ისგან ქვემეხებითა და ტანკებით დახმარებას. ჩანს, ამაში დიდი წვლილი ქართველმა მაღალჩინოსნებმაც შეიტანეს. მაშინ კულუარებშიც და ღიადაც, ამის შესახებ აქტიურად ლაპარაკობდნენ. მახსოვს, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის, ეკა ტყეშელაშვილის განცხადება, რომ რუსეთისთვის პასუხის გაცემა და საქართველოს დაცვა დასავლეთისთვის ღირსების საკითხი იყო და თუ ეს არ მოხდებოდა, დასავლეთის პრესტიჟი შეილახებოდა. ცხადია, ეს ფაქტის წინაშე დაყენებაა და ამგვარი მიდგომა სწორი არ არის. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, - მოექცევა თუ არა საქართველო ტერორისტთა თვალთახედვის არეში, ცხადია, მოექცევა, თუ საქართველო აქტიურად იმოქმედებს ანტიტერორისტულ კამპანიაში. ასეთ მოქმედებას გარკვეულწილად ადგილი ახლაც აქვს - თუ გავითვალისწინებთ ერაყსა და ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების ყოფნას. მაგრამ გააქტიურებაში ვგულისხმობ საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედროების გამოჩენას და გუანტანამოს ციხიდან ჩვენთან ვიღაც-ვიღაცების გადმოყვანას...

- მაგრამ მეორე მხრივ, თუ ეს საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციას და უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყობს ხელს?

- მართლაც ასეა. უფრო სწორად, ზედაპირზე ჩანს ასე. მაგრამ თუ ყველაფერს გავიაზრებთ, ჩვენ ხომ ძალიან პატარა ტერიტორია გვაქვს. თუ საქართველოში ორი ასეთი დაპირისპირებული ძალა განლაგდა, როგორიცაა რუსეთი, თავისი მშენებარე ბაზებით კონფლიქტურ რეგიონებში და მათგან რამდენიმე ათეულ კილომეტრში ამერიკის შენაერთი - გნებავთ, გუანტანამოს ციხით, გნებავთ, ანტისარაკეტო ელემენტებით, როგორ უნდა უზრუნველყოს ამან საქართველოს უსაფრთხოება, ჩემთვის ცოტა ძნელი გასაგებია.

- გამოვა, რომ მთელ მსოფლიოში დაპირისპირებული ორი უზარმაზარი ძალა ცხვირს ცხვირზე საქართველოში მიადებს?

- სწორედ ასე იქნება. საკითხი ძალზე მარტივად შეიძლება დაისვას - ორი ამხელა ძალის დაპირისპირების ასპარეზად თუ საქართველოს ერთი ბეწო ტერიტორია იქცა, ეს ზრდის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას თუ ამცირებს? ჩემი აზრით, ამცირებს! თუ ამერიკელთა აქ შემოსვლა იძულებითი ნაბიჯია, რადგან რუსეთმა უკვე დაიწყო თავისი ბნელი ზრახვების განხორციელება აფხაზეთსა და ოსეთში და ახლა შესაბამისი საპირწონე ღონისძიებებია საჭირო და სხვა გამოსავალი არ არსებობს, ეს უკვე სასოწარკვეთილი ნაბიჯია და არა თავისუფალი არჩევანი.

- ზოგადად, რამდენად რეალურია მსჯელობა გუანტანამოს ციხის საქართველოში გადმოტანაზე?

- რეალური კი არა, მგონი, ეს საკითხი უკვე გადაჭრილიც არის, ტექნიკური დეტალებიც თანხმდება. მდგომარეობა განსაკუთრებით სახიფათო აგვისტოს შემდეგ გახდა, რადგან რუსეთი ასეთი მასშტაბებით საქართველოში შემოსული არ ყოფილა. ასე ინტეგრირებულად არც ამერიკელები იყვნენ ჩვენთან - აქ სამხედრო ფაქტორიც იგულისხმება, სადაზვერვოც, კონტრსადაზვერვოც და რა ვიცი, ყოველგვარი ფაქტორი. გამოდის, ორივე მხარე ცდილობს ერთმანეთს დაასწროს. ასეთ ვითარებაში სიტუაციის კიდევ უფრო გამწვავებამ და ძალთა კიდევ უფრო დაპირისპირებამ, არა მგონია, ქვეყნის უსაფრთხოება გაზარდოს!

- კიდევ ერთი საერთაშორისო საკითხი, რომლის გადაჭრასაც დასავლეთიც, საქართველოც და რუსეთიც ერთნაირად ელოდებიან: როგორც ვარაუდობენ, ჰაიდი ტალიავინის კომისიას მუშაობაც დასრულებული აქვს, გამოძიებაც და დასკვნაც, მაგრამ ახლა უკვე რუსეთსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობს ჭიდილი, ვის დაბრალდეს ომის დაწყება. არის მეორე ვერსიაც - რომ ტალიავინის დასკვნა, ევროკავშირისთვის ტრადიციულად, დაბალანსებული იქნება და მასში კონკრეტული დამნაშავეები არ დასახელდებიან...

- ცხადია, დაბალანსებული იქნება, იმ აზრით, რომ ცალსახად, ერთ რომელიმე მხარეს დამნაშავედ არ გამოაცხადებენ. ამავე დროს, არც ორმოცდაათი ორმოცდაათზე გაიყოფა დანაშაულის ტვირთი. თუმცა მწვავე კრიტიკა აუცილებლად იქნება და აშშ-რუსეთს შორის ჭიდილი თუ ვაჭრობაც, ალბათ, იმ თემაზე მიმდინარეობს, თუ ვისკენ გადაიხრება მწვავე კრიტიკის სასწორი. ისე კი, ეს იქნება შიდა მოხმარების დოკუმენტი, ერთგვარი სახელმძღვანელო ევროკავშირის შემდგომი პოლიტიკის განსაზღვრისათვის, იმის თაობაზე, თუ როგორ განიხილოს საქართველოს ქმედება: რად მიიჩნიოს იგი -  მსხვერპლად თუ თავდამსხმელად! მაგრამ ჩვენ იმდენად პოლარიზებული საზოგადოება გვყავს, ვფიქრობ, საქართველოს შიდა მოხმარებისთვის ამ დოკუმენტს დიდი მნიშვნელობა არ ექნება. მათ, ვისთვისაც პრეზიდენტი კერპია, ასეთი დოკუმენტი აზრს ვერ შეაცვლევინებს. რაც უნდა ეწეროს შიგ, მაინც იტყვიან, ქვეყნისთვის ასე იყო საჭიროო. მათ კი, ვისთვისაც სააკაშვილი კერპი არ არის, - აგვისტოში რა მოხდა და როგორ მოხდა, ყველაფერი იციან. ასე რომ, შეხედულებას ვერც ეს ნაწილი შეიცვლის. ათმა ტალიავინიმ ათჯერ რომ დაწეროს რაღაც სხვა, ჩვენ მაინც გვეცოდინება, რა და როგორ მოხდა! ჩვენს საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარესაც ხომ წამოსცდა, ხომ იცით, ვინ რა დაიწყოო... დოკუმენტს მნიშვნელობა არ ექნება არც ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. მას საქართველოსთან ურთიერთობა არც სამართლიანობისთვის გადაუწყვეტია და არც უსამართლობისთვის - თავისი კონკრეტული ინტერესები აქვს, რომლის თანახმადაც საქართველო კონკრეტულ გეოპოლიტიკურ არეალში მისი მოკავშირე უნდა იყოს. ამაზე ვერანაირი დასკვნა და გამოძიება ვერ იმოქმედებს. ასე რომ, ტალიავინის დასკვნის "მომხმარებლები" ევროკავშირის მაღალი რანგის ჩინოვნიკები იქნებიან, რომლებიც დოკუმენტის შინაარსიდან გამომდინარე, ინსტრუქციებს მისცემენ დაბალი რანგის ჩინოვნიკებს, თუ როგორ და რა დონეზე დაეხმარონ საქართველოს.

- რაც შეეხება საქართველოს შიდა პოლიტიკურ ვითარებას, იგი ცოტა არ იყოს, დამაბნეველია. ერთი მხრივ, ოპოზიცია მაისის მგზნებარე დღეებში უარს ამბობდა არჩევნებში მონაწილეობაზე და ცხელი სექტემბრითაც იმუქრებოდა. სექტემბერი იწურება, ოპოზიცია კი კვლავ დუმს. ჩანს, არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას! რამდენად შეიძლება ოპოზიციას წარმატების იმედი ჰქონდეს?

- ჯერჯერობით, ორი ოპოზიციური ლიდერის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ალასანია და სუბარი, მათივე განცხადებით, არჩევნებში მონაწილობას მიიღებენ. ძალიან დიდი ალბათობაა, რომ სულ მცირე ერთი კანდიდატი ოპოზიციის მხრიდან მერის არჩევნებზე კიდევ დაემატება (პარლამენტს შიგნითა იქნება ეს თუ პარლამენტს გარეთა, ამაზე არ მაქვს ლაპარაკი). რაც შეეხება გარემოებებს - პოლიტიკური კაპიტალი ალასანიასაც და სუბარსაც დაგროვილი აქვთ. მასმედიაზე ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ისინი ალბათ ამ კაპიტალს ვეღარ გაზრდიან. ვერც მასმედიის და ვერც რესურსების გათვალისწინებით, რადგან მათ არაფრის კეთება არ შეუძლიათ. მათ მხოლოდ ლაპარაკი შეუძლიათ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ შესაბამისი ბერკეტები არა აქვთ. ოპოზიციას მხოლოდ იმის კრიტიკა შეუძლია, რაც არის და შეეცდება საზოგადოებას უკეთესი შესთავაზოს. ერთადერთი, რაზეც შეუძლიათ აქტიურად იზრუნონ, ეს საარჩევნო გარემოს შეცვლაა. სამწუხაროდ, მეეჭვება, მაისამდე ეს მოასწრონ. რაღაცას ალბათ მოასწრებენ, მაგრამ ისე ვერა, რომ უკმაყოფილო თბილისელთა ხმების საარჩევნო უბნებთან მატერიალიზება მოახდინონ. თუ ეს შეძლეს, რაც სასწაულის ტოლფასი იქნება, მაშინ გამარჯვება გარანტირებული აქვთ.

- ალბათ, ისიც გასათვალისწინებელია, რომ სახელისუფლებო ძალებმა უკვე დაიწყეს კიდეც აქტიური წინასაარჩევნო კამპანია...

- ჩვენ შესაძლოა, ამას ვერ ვამჩნევთ, მაგრამ გარეშე თვალისთვის იოლი შესამჩნევია, მით უმეტეს მათთვის, ვინც პოლიტტექნოლოგიებში ერკვევა. ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლება საარჩევნო კამპანიას ეწევა. მაგრამ ეს არ არის არჩევნებისთვის მზადება. ეს ქცევის წესია. მათ ჰყავთ ამერიკელი პიარტექნოლოგები, რომლებიც რჩევებს აძლევენ. ამ რჩევების თანახმად, ხელისუფლებამ ისეთი რეჟიმით უნდა იმოქმედოს, თითქოს ხვალ არჩევნები ჰქონდეს - თუნდაც მის დანიშვნას არც აპირებდეს. ვთქვათ, იმავე უგულავას შემთხვევაში, მერის არჩევნები გამოცხადდა. უბრალოდ, ეს ქმნის მცდარ შეხედულებას, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის ემზადება და წელს თუ არა, გაისად მაინც, აუცილებლად ჩატარდება რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები...

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი