"გირგვლიანის საქმე ხელისუფლებას სამომავლოდაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის" - კვირის პალიტრა

"გირგვლიანის საქმე ხელისუფლებას სამომავლოდაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის"

"ბენ ლადენი თავის საქმესთან ერთად დაიღუპა"

"ხელისუფლებას ურჩევნია, დასავლეთის საყვედურები  აიტანოს, ვიდრე საარჩევნო გარემო გააუმჯობესოს"

გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შემდეგ, ვასილ სანოძის სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდებამ ბევრი დააეჭვა. მით უმეტეს, რომ ამ შემთხვევის დეტალებშიც ბევრი კითხვა ექსპერტებისათვისაც და საქმეში ჩაუხედავთათვისაც კვლავაც ღიად რჩება. ეს დიქტატორული არა, მაგრამ ტოტალიტარული მმართველობის ერთ-ერთი წინა პირობაც გახლავთ. სანამ არ იქნება თავისუფალი საზოგადოება, რომელსაც საშუალება მიეცემა, თავისუფალ ინფორმაციაზე დაყრდნობით დასკვნები გამოიტანოს და პასუხი მოსთხოვოს ხელისუფლებას, კვლავაც ბევრი კითხვა დარჩება პასუხგაუცემელი.

მეორე საკითხია, რა კეთდება ამ თავისუფლებათა კომპლექსის მისაღწევად? - არც არაფერი. ოპოზიციური პარტიები, რომელთა დიდი ნაწილიც მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა ოპოზიციაში, რომ ამა თუ იმ მიზეზით ხელისუფლების მთავარი არტერიის მიღმა აღმოჩნდნენ, ერთმანეთს მიტინგების დანიშვნის თარიღში ეპაექრებიან, თითქოს სხვა ყველაფერი მოგვარებული ჰქონდეთ. პოლიტიკურ ისტებლიშმენტში…ალბათ კვლავ გრძელი გზის გავლა მოგვიწევს მანამ, სანამ საქართველოში მთავრობა - მთავრობას, ოპოზიცია - ოპოზიციას და მოქალაქეები მოქალაქეებს არ დაემსგავსებიან. მანამდე კი ქვეყანაში და მის მიღმა არსებულ პოლიტიკურ პერიპეტიებზე კახა კაციტაძესთან ერთად ვიმსჯელებთ:

- შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროს ვასილ სანოძესთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთით სანოძემ თვითმკვლელობა სცადა, შს სამინისტროს ინფორმაციით კი ვასილ სანოძეს ტაბელური იარაღი შემთხვევით გაუვარდა. სანდრო გირგვლიანის ოჯახის ადვოკატი შალვა შავგულიძე გირგვლიანის მკვლელობის ხელახალი გამოძიების შემთხვევაში შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროს ვასილ სანოძის, როგორც ამ დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირის მნიშვნელობაზე საუბრობს.  როგორც ცნობილია, ამ შემთხვევას წინ უძღოდა სტრასბურგის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, სადაც გირგვლიანის საქმის გამოძიება, რბილად რომ ვთქვათ, არასრულფასოვნად შეფასდა. როგორ ფიქრობთ, რა პირდაპირი ან ირიბი კავშირი შეიძლება არსებობდეს ამ ორ ფაქტს შორის?

- ვერსია მართლაც სხვადასხვა იყო და არ ვარ კომპეტენტური, ყველა მათგანზე კომენტარი გავაკეთო. ერთი რამ ცხადია: არსებობს რაღაც პირდაპირი თუ არაპირდაპირი ბმა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგში გამოტანილ განაჩენსა და გენერალური ინსპექციის უფროსის დაჭრას შორის. ეს კავშირი იმაში გამოიხატება, რომ ნათელი გახდა შემდეგი: იმის მიუხედავად, რომ გირგვლიანის დაღუპვის შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, გირგვლიანის საქმე კვლავ უდიდეს გავლენას ახდენს ქართულ პოლიტიკაზე. არ არის გამორიცხული, იგი ისევ იმ ფაქტორად მოგვევლინოს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას სამომავლოდაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

- "ქართული პარტია" 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციებს იწყებს. "ჩვენ უკვე მოვიცავთ 50 ათას აქტიურ წევრს და მებრძოლს იმისათვის, რომ დანარჩენ ოთხ მილიონ ადამიანთან ერთად სააკაშვილის რეჟიმი მოუსავლეთში გავგზავნოთ", - განაცხადა ეროსი კიწმარიშვილმა. "რეჟიმიდან" მას არავინ გამოხმაურებია, სამაგიეროდ, გამოეხმაურნენ "სახალხო კრებიდან", რომლის 21 მაისისთვის მიღებულ გეგმას ""ქართულმა პარტიამ" 9 მაისისთვის მიღებული გადაწყვეტილებით გადაუსწრო. ნონა გაფრინდაშვილის აზრით, "ქართული პარტიის" გადაწყვეტილება სერიოზულ ეჭვებს ბადებს. ცოტა არ იყოს, კომიკური სიტუაცია ხომ არ იქმნება, როდესაც პოლიტიკური პარტიები უკვე "დასწრებაზე" არიან, რომელი ადრე გამართავს მიტინგს?

- რასაკვირველია, ამ ყველაფერს კომიკური ელფერი დაჰკრავს. ჯობდა 9 მაისს არაფერი გადმოეტანათ  და ელემენტარულ შეთანხმებას მაინც ჰქონოდა ადგილი. თუმცა აქ ერთი საინტერესო მომენტია: ეს ერთგვარი თამაში დასწრებაზე არის ილუსტრაცია იმისა, რომ პოლიტიკოსები მიიჩნევენ, - მასობრივი აქციების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება საზოგადოების შეკვეთაა. რამდენად სამართლიანად თვლიან ამას, სხვა საკითხია, მაგრამ როგორც ჩანს, ასე ფიქრობენ და იმაშიც დარწმუნებულნი არიან, რომ ვინც იყოჩაღებს და ამ "სახალხო დაკვეთას" პირველი შეასრულებს, ხალხის დადებითი განწყობაც მისკენ იქნება. როგორც ჩანს, მათი მოქმედებაც ამ პრიმიტიული მიდგომითაა განპირობებული. სინამდვილეში პოლიტიკური მოძრაობის რეიტინგს ბევრი სხვა, ბევრად სერიოზული და მნიშვნელოვანი კრიტერიუმი განაპირობებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ამ გზით დასახული მიზნის მიღწევის რეალურობაზე.

- საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანისთვის მიმდინარე ხელისუფლება-ოპოზიციის კონსულტაციები იმით დასრულდა, რომ "ოპოზიციური რვიანი" დაიშალა. მიუხედავად ამისა, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ის ინდივიდუალურ რეჟიმში განაგრძობს ამ თემაზე მოლაპარაკებებს. თუ ჩანს რეალური გრძელვადიანი კონსულტაციებით საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების გზა და კონცეპტუალურად ცოტა უფრო სხვა რამ - თუნდაც პოლიტიკური ნების არსებობა ხომ არ არის ამისთვის ჯერ საჭირო?

- საეჭვოა, თუ ჰქონდათ გაცნობიერებული მოლაპარაკებების მონაწილე ოპოზიციურ ძალებს ის, რომ ხელისუფლებას ურჩევნია, დასავლეთისგან საყვედურები აიტანოს, ვიდრე საარჩევნო გარემო რეალურად გააუმჯობესოს. გაუგებარია, პროცესებზე კონტროლის დაკარგვის რისკის ქვეშ რატომ უნდა ჩაიყენოს ხელისუფლებამ თავი, როცა შეუძლია ეს არ გააკეთოს და თან, ამისთვის პასუხსაც ვერავინ მოსთხოვს, - მოლაპარაკებების მონაწილე პარტიებს ხელისუფლებაზე ზეწოლის მექანიზმი არც ჰქონდათ და არც აქვთ. არსებობს მხოლოდ ილუზია, რომ ხელისუფლება გამოიჩენს კეთილ ნებას და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის დასავლეთის რეკომენდაციებს შეასრულებს.

"რვიანის" დაშლის შემდეგ ამ ინდივიდუალურმა შეხვედრებმაც კომიკური სახე მიიღო. გამოდის, რომ აქამდე საბითუმო თუ ჯგუფური ვაჭრობა მიდიოდა და რაღაც ეტაპზე საცალო, დახურული ვაჭრობის პრინციპზე გადავიდნენ. არა მგონია, ამ შემთხვევაში რაიმე სახის სერიოზული ლაპარაკი შეიძლებოდეს პოლიტიკური სისტემის ძირეულ ტრანსფორმირებაზე, რაც უნდა გახდეს კიდეც ბაზისი არა მხოლოდ საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებისა, არამედ ზოგადი, დემოკრატიული პროცესების ამოქმედებისა ქვეყანაში. უბრალოდ, ყველა მონაწილე სუბიექტი შეეცდება, რაც შეიძლება მეტი პირადი დივიდენდი მოიპოვოს ამ მოლაპარაკებებში. ეს არის და ეს. ამიტომაც ოპოზიცია ოლიმპიური პრინციპით მოქმედებს - მთავარია მონაწილეობა, გამარჯვება აუცილებელი არ არის. პოლიტიკაში იმიტომ მიდიხარ, რომ "რაღაც პოლიტიკა" განახორციელო, ანუ მოხვიდე ხელისუფლებაში. თუკი ამას არ ისახავ მიზნად, შეგიძლია სხვა სფეროში იმოღვაწეო, მაგრამ როგორც ჩანს, ეს პოლიტიკოსები სხვა სფეროშიც არ უქნია ღმერთს.

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე განაცხადა: "საქართველოში დანაშაული გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რუსეთსა და ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცეში. ასევე უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე გერმანიაში, საფრანგეთსა და თუ ინგლისში და ეს არ არის მხოლოდ ციფრები". თქვენც ასე პოზიტიურად  შეაფასებდით პოლიციის რეფორმას საქართველოში? რა თანაფარდობაშია ეს "ნაკლები დანაშაული" და სტაბილურობა დემოკრატიასთან?

- პოლიტიკური მეცნიერებების ელემენტარული ცოდნა, რომელიც კაცობრიობას აქვს, ადასტურებს, რომ მხოლოდ ერთ სფეროში გატარებული რეფორმები ტოტალურ და გლობალურ სტაბილურობას ვერ მოიტანს. შეიძლება ხელი შეუწყოს, მაგრამ მხოლოდ თვითონ ვერ შექმნის ამ სტაბილურობას. შესაძლოა, რაღაც მადლიერება გამოითქმის საპატრულო პოლიციის მიმართ, მაგრამ ის, რომ საპატრულო პოლიციის შექმნამ გადაწყვიტა საქართველოს წინაშე მდგარი პრობლემები, წმინდა პიარული სვლა და აბსურდია, რაც, მეეჭვება, ვინმეს სჯეროდეს საქართველოში.

- შეერთებული შტატებისგან ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე გაკეთებულმა განცხადებამ და მსოფლიოს ლიდერების მხრიდან ამას მოყოლილმა მისალმებისა თუ მილოცვის ტექსტებმა უფლებადამცველთა აღშფოთება გამოიწვია. ლაპარაკობენ იმაზეც, რომ სასამართლოს გარეშე ბენ ლადენი კაცობრიობის მტრად არ უნდა გამოეცხადებინათ; რომ მაშინ მოკლეს, როცა შეუიარაღებელი იყო, როცა საფრთხეს არ წარმოადგენდა ოპერაციაში მონაწილე სპეცრაზმელებისთვის და ა.შ. ადამიანის უფლებათა ზედმეტ უტრირებასთან ხომ არ გვაქვს საქმე, მით უფრო მაშინ, როცა მსოფლიოს ნომერ პირველ ტერორისტზე ვლაპარაკობთ?

- ვფიქრობ, მაინც უტრირება ხდება და ეს გასაგებიცაა. თემა ისეთი "მსუყე" იყო, მოვლენები ასეც უნდა განვითარებულიყო მას შემდეგ, რაც ფართო საზოგადოებრიობამ ბენ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ შეიტყო. თოფი ეკიდა სცენაზე, მას მეხუთე მოქმედებაში უნდა გაესროლა და გაისროლა კიდეც. ხომ ყველამ იცოდა, რომ ადრე თუ გვიან ეს მომენტი დადგებოდა.

- კითხვები გაჩნდა პაკისტანის ხელისუფლების მიმართ, როდესაც გაირკვა, რომ ბენ ლადენი ისლამაბადიდან სულ რამდენიმე კილომეტრში მდებარე ვილაში ცხოვრობდა. იმავე შინაარსის კითხვები ალბათ სპეცსამსახურებსაც უნდა დავუსვათ - როგორ აღმოჩნდა მსოფლიოს წამყვანი სპეცსამსახურებისთვის შეუმჩნეველი ეს ფაქტი?

- სპეცსამსახურების პასუხისმგებლობა კიდევ ცალკე საკითხია. აქ სხვა მომენტიც არის საინტერესო: ბენ ლადენის დაღუპვა დაემთხვა ახლო აღმოსავლეთის რევოლუციებს, რომლებშიც არავითარი ისლამური მუხტი აღარ იგრძნობა. შეიძლება ითქვას, რომ ბენ ლადენი დაიღუპა თავის საქმესთან ერთად. ანუ ის, რასაც მსოფლიო ჯიჰადის გაჩაღება ერქვა, ვეღარ განხორციელდა და ამ იდეის ჩავარდნის პარალელურად დაიღუპა იდეის ავტორიც. ერთგვარი სიმბოლიზმიც არის მის სიკვდილში.

- ისიც ფაქტია, რომ ბენ ლადენის ლიკვიდაციით მსოფლიო ტერორიზმის საფრთხე არ შენელებულა. პირიქით, თუ ინტერპოლის მსოფლიო მოწოდებას გავითვალისწინებთ, ეს საფრთხე ბევრად გაიზარდა, თუნდაც, შესაძლო სპონტანური შურისძიების აქტების სახით..

- ცალკეული ტერორისტული აქტებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ პროცესების გრძელვადიანი ანალიზი ერთ მომენტს აჩვენებს: სათანადო სტრატეგიული კურსის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ისლამურ საზოგადოებაში რადიკალური განწყობები არ გაჩნდეს ან სადაც გაჩენილია, შესუსტდეს. უბრალოდ, საჭიროა სათანადო სტრატეგიის შემუშავება და ამ სტრატეგიის განხორციელებაში სათანადო რესურსების ჩადება, ანუ ის მოსაზრება, რომ ისლამი თავისთავად ექსტრემისტულია, არასწორი აღმოჩნდა. თუმცა, ისევ ვიმეორებ, მოკლევადიან პერსპექტივაში რასაკვირველია, რადიკალური ქმედებები იქნება.

- ლიბიაში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, შეტაკებები გრძელდება სირიაშიც. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები უკვე ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქის დახვრეტაზე ლაპარაკობენ. მიუხედავად ამისა, დასავლეთი, როგორც ჩანს, ლიბიის გამოცდილებიდან გამომდინარე,  სირიის ხელისუფლების მიმართ კარდინალურად მკაცრი ზომების მიღებას არ აპირებს.

- სირიაში რაც ხდება, უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანია. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ სირიაში ორმოცი წელი კი არ ჰყოლიათ პრეზიდენტი, იგი ახალგაზრდა კაცია. მეორე, სირია არის ყველაზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ფუნდამენტური მოთამაშე და იქ ხელისუფლებისა და შესაბამისად, პოლიტიკური კურსის შეცვლას ძალიან დიდი ცვლილებები მოჰყვება მთელ ახლო აღმოსავლეთში, ამიტომ სირიას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. რაც შეეხება შეიარაღებულ ჩარევას, დასავლეთის მხრიდან ეს არ მოხდება.

ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სადამდე ეყოფა შიდა რესურსები ბაშარ ალ-ასადის ძალაუფლების შესანარჩუნებლად. თუკი ის შეძლებს სიტუაციის კონტროლს და სტაბილურობის დამყარებას, არა მგონია, ვინმემ აუტკივარი თავი აიტკივოს და შეიარაღებული ძალებით შეუვარდეს ქვეყანაში. ჩვენთვის, როგორც უახლესი, ისე მეტ-ნაკლებად შორეული წარსულიდან ცნობილია, რევოლუციური განწყობების შემთხვევაში რა ბედი ერგოთ ბევრად ძლიერი რესურსების მქონე ქვეყნების მმართველებს - ეგვიპტის პრეზიდენტით დაწყებული და ირანის შაჰით დასრულებული.

უნდა გავითვალისწინოთ ის გარემოებაც, რომ სირიაში ხელისუფლება ხელთ ალავიტების მცირერიცხოვან სექტას უპყრია, რითაც ქვეყნის მოსახლეობა ძალიან უკმაყოფილოა. ასე რომ, სტაბილურობის დამყარება სირიის პრეზიდენტს ძალიან გაუჭირდება. რაც შეეხება ლიბიას, ეს დროის ამბავია, თორემ საერთაშორისო საზოგადოებრიობამ უკვე იქამდე შეტოპა და იმდენად კონსოლიდებულია, რომ კადაფის ბედი გადაწყვეტილია და ეს თვითონაც გაცნობიერებული აქვს. დროის ამბავია - ადრე იქნება თუ გვიან, აქაც კადაფის რესურსები ითამაშებს საბოლოო როლს.

- ტოტალური კონტროლის წყალობით, ირანში საზოგადოებრივი აქტივობა, მიტინგებისა და დემონსტრაციების სახით, აღარ შეინიშნება. სამაგიეროდ, აჰმადინეჟადის პრეზიდენტობა, შესაძლოა, ირანის სულიერი ლიდერის განწყობას გადაჰყვეს - ირანის პარლამენტში უკვე პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა ლაპარაკი.

- როგორც ჩანს, ირანი თვისებრივი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. სტატუს კვო, ის მყიფე ბალანსი, რომელიც საერო და სასულიერო ხელისუფლებათა შორის არსებობს, უახლოეს მომავალში, დაირღვევა. ცალკე საკითხია, რომელი აჯობებს და რომლის მოცულობითი წილი გაიზრდება ქვეყნის მართვასა და გავლენათა სფეროების ახალ გადანაწილებაში. ჯერჯერობით ჩანს, რომ უკან დახევას არც აჰმადინეჟადი აპირებს და არც ალი ჰამენეი.

თუ გლობალური თვალსაზრისით განვსჯით, ეს გახლავთ ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მოვლენათა კომპლექსური განვითარებისა. ამ კომპლექსში კი ზემოთ ნახსენები სირიის სიტუაცია, დასავლეთის სტრატეგია და რევოლუციური პროცესების დინამიკა იგულისხმება. საბოლოო ჯამში, სწორედ ეს ფაქტორები განსაზღვრავენ უახლოესი 15-20 წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში პოლიტიკურ-ეკონომიკურ ფორმაციას.