ჰყავს ქართულ პოლიტიკურ "აჯაფსანდალს" მზარეული? - კვირის პალიტრა

ჰყავს ქართულ პოლიტიკურ "აჯაფსანდალს" მზარეული?

"რატომ ამუხრუჭებ, თუ გიწვება, გადაუარე" - ასე გაჩნდა და თვალდათვალ გაძლიერდა კონფლიქტი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის

"მართვადი ქაოსის შექმნაში ჩვენს მეზობელს დიდი გამოცდილება აქვს"

"მოდი, ჯერ ჩვენი მანდარინები დამეგობრდნენ და იაპონიაში დაბრუნების შემდეგ ვიტყვით, რომ პირველი ნაბიჯი გადადგმულია", - განაცხადა იაპონური პოლიტიკური ორგანიზაცია "ისუი-კაის" წარმომადგენელმა აფხაზეთის მარიონეტულ მთავრობასთან შეხვედრისას. ამ პოლიტიკური ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მიცუჰირო კიმურას განცხადებით, იაპონელები დაინტერესებული არიან აფხაზეთთან კავშირის დამყარებით. აფხაზეთისა და იაპონიის მეგობრობის აღსანიშნავად 14 მაისს სოხუმის ერთ-ერთ პარკში მანდარინის ხეებიც დარგეს. მანდარინის დარგვა ცუდი არ არის, მაგრამ, ცოტა არ იყოს, უცნაურია, დამანგრეველი სტიქიის შემდეგ იაპონელი პოლიტიკოსი ხეებს იაპონიის ნაცვლად, ათასობით კილომეტრის დაშორებით, თვითაღიარებულ აფხაზეთში რომ რგავს.

ხვნა-თესვის დაუძლეველმა სურვილმა საქართველოს პრეზიდენტიც აიტანა, თან ისე ძლიერ, რომ სიტყვით გამოსვლისას ტრაქტორისტებს მთელი საერიოზულობით მოუწოდა, წინ რომ ხალხი გიწვებათ, რატომ ამუხრუჭებთ, გადაუარეთო. მერე, როგორც ჩანს, დამსწრე საზოგადოების შეცბუნებულმა სახეებმა გამოაფხიზლა და მიაყოლა, არა, პირდაპირი მნიშვნელობით კი არ გაიგოთ, ასეთ ხალხს დრო გადაუვლისო. თუ პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ, სიმბოლურად ადამიანზე ტრაქტორით გადავლა რომელ პოეტურ მეტაფორაში ჯდება, ძნელი სათქმელია, მაგრამ მეორეც არის - ოპოზიციის შემხედვარე სააკაშვილი კიდევ კონსტრუქციულად იქცევა და ლაპარაკობს. დათბა თუ არა, გამოსვლების სეზონი დაიწყოო და ოპოზიციის ლიდერები ერთმანეთს დაერივნენ:

ვინ მატყუარად და ცრუპენტელად გამოაცხადეს, ვინ - რუსეთის მოსყიდულ აგენტად და ვინ - გათახსირებულად. პარალელურად, ხელისუფლებისგან პარიზში ფეშენებელურად დევნილებმა დაასკვნეს, რომ ამერიკას ჩვენთვის თავისუფლება წაურთმევია და მისი დაბრუნების მოთხოვნით საელჩოს წინ გრანდიოზული აქცია დააანონსეს.

ისე, თეთრი სახლის ადმინისტრაციისთვის საყვედური ქართველ ხალხს ნამდვილად ეთქმის - რაც აქ სამოქალაქო საზოგადოების, გზებისა და სხვა ინფრასტრუქტურების განვითარებისთვის ასობით მილიონი დახარჯეს, იმ ფულით საქართველოში "სამუშაოდ" კომპეტენტური ოპოზიციის დაქირავება-ჩამოყვანაც შეიძლებოდა და ხელისუფლებისაც. ყოველ შემთხვევაში, იმ თხუთმეტი წლით მაინც, რაც სააკაშვილის განცხადებით, ქართული მენტალიტეტის შეცვლას სჭირდება.…

დაწვრილებით ქართველთა მენტალიტეტის, სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებზე ბატონ ზაზა ფირალიშვილს ვესაუბრებით:

- დათბობასთან ერთად საქართველოში პოლიტიკური აქტივობის სეზონიც დაიწყო. რატომ არის ქართული პროტესტი სეზონური? ვითარება ისე შემაწუხებელიც არ არის, რომ საზოგადოება საპროტესტოდ ზამთრის სუსხში გამოვიდეს, თუ პარტიებს არ სურთ თავის შეწუხება?

- მიზეზი, ალბათ, სხვაა. როდესაც ხედავ, რომ მოწოდება მასობრივი გამოსვლებისაკენ ნაკლებად მოქმედებს, ორი გზა გრჩება: ან კარგად უნდა გაიაზრო, რატომ მოხდა ეს, აღიარო, რომ განსხვავებულ საზოგადოებრივ რეალობაში ხარ და ალღო ვერ აგიღია საზოგადოებრივი აზრის დინამიკისათვის, ან ყველაფერი სეზონური, ან რაიმე სხვა მიზეზით ახსნა. ამას კიდევ ერთ მომენტს დავუმატებდი: თარიღთა მაგიას, ზოგჯერ პრიმიტიული მაგიზმის სახეს რომ იღებს. ყველა დიდი გამოსვლა რომელიღაც ღირსშესანიშნავი თარიღისათვის ინიშნება. ეს ჩვენი ძველი სენია. "ვარდების რევოლუცია" და აჭარის ამბებიც ხომ გიორგობას დაამთხვიეს. ასეთი რამ გამართლებული მხოლოდ მაშინ არის, როდესაც ერთჯერადად ან გამონაკლის შემთხვევაში მიმართავ, ხშირი გამოყენებით კი ცვდება.

- საპროტესტო სეზონის დადგომასთან ერთად პარტიებს შორის ახალი ტიპის კონკურენციამ იჩინა თავი - ვინ როდის დაიწყებდა მანიფესტაციებს. მოგვიანებით თარიღებთან დაკავშირებულ უთანხმოებას უფრო მძიმე ბრალდებები მოჰყვა: ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ საერთო-სახალხო გამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე "ქართული პარტიის" ლიდერების ნიჰილისტური განცხადებები სახელისუფლებო თამაშში მათ ჩართულობაზე მიუთითებს. თავის მხრივ, სოზარ სუბარმა ალასანიას დასდო ბრალი რუსეთთან გარიგებაში, რის პასუხადაც რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა ნაძირალა უწოდა. როგორ ფიქრობთ, ჰყავს თუ არა ამ აჯაფსანდალს თავისი მზარეული, თუ ის ქართული პოლიტიკის უმწიფრობის შედეგია? ნებისმიერ შემთხვევაში, რა სარგებელს ნახავს ამ სიტუაციით ცალკე ხელისუფლება და ცალკე საზოგადოება?

- მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ ქაოსს აუცილებლად გამოუჩნდება, როგორც თქვენ ბრძანეთ, თავისი მზარეული. საკმარისია, დაპირისპირებებსა და ერთმანეთისათვის ინიციატივის წართმევაში "მზარეულმა" დაძაბულობის ეპიცენტრები და, შესაბამისად, ემოციური ვექტორები გააჩინოს, რომ მართვაც პრობლემა აღარ არის. წარმოიდგინეთ, როგორ შეიცვლება ჩვენი პოლიტიკური რელიეფი აფეთქება, პოლიტიკური მკვლელობა ან  მსგავსი რამ რომ მოხდეს. ქაოსის მართვაში დაოსტატებულ ძალებს უამრავი ქმედითი და ნაკლებად ქმედითი ხერხი აქვთ. ეს იყო და არის უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციურ ძალებს შეიძლება მოვუწოდოთ, რომ საერთო სტრატეგია შეიმუშაონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღევანდელი სიტუაცია იოლად შეიძლება მართოს ხელისუფლებამაც და, რაც გაცილებით უარესია, იმ საგარეო ძალამ, რომელიც დიდი ხანია ცდილობს ჩვენში საზოგადოებისა და სახელმწიფოს ნიშნები მოსპოს.

- ახალ საპროტესტო ტალღას თავისი ნოვაციაც აქვს: როგორც ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, თუ რუსეთი ტერიტორიას გვართმევს, ამერიკელებს ჩვენთვის თავისუფლება წაურთმევიათ. აშშ-ის საელჩოს წინ დაგეგმილი აქცია და ამერიკელებისთვის "თავისუფლების" გამოთხოვა ზოგმა პოლიტიკურ გულუბრყვილობად ჩათვალა, ზოგმაც - რუსეთიდან ინსპირირებულ წინასწარგანზრახვად. რა შედეგს მოიტანს შეერთებულ შტატებთან ქართველ ოპოზიციონერთა დაპირისპირება?

- ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ეს სიახლე არ არის. როგორც ჩანს, ამ ეტაპზე აქტუალური გახდა 2008 წლის წაგებული ომისა და ხელისუფლების შეცდომების ფსიქოლოგიური შედეგებით სარგებლობა. მე წამიკითხავს რუსი ანალიტიკოსების შეფასებები, რომ იცოდეთ, როგორ ელოდებიან იმ მომენტს, როდესაც საქართველოში ანტიდასავლური განწყობის ლეგალიზება დაიწყება.

რაც შეეხება ამერიკელებს, ისინი დიფერენცირებულად უყურებენ ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებას და "ქართული პარტიის" პროტესტს არ იაზრებენ მთელი ოპოზიციისა და, მით უმეტეს, მთელი ქართველი საზოგადოების პროტესტად. აქ სხვა რამ არის უფრო დამაფიქრებელი. ერთი მხრივ, გარკვეული ძალები ამ აქციით ცდილობენ, მოსინჯონ, თუ რამდენად ძლიერია ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობა და შეიძლება თუ არა ეს პოლიტიკური სტრატეგიის საფუძვლად იქცეს.

გარდა ამისა, და ეს არაერთხელ ითქვა, ეს აქცია, მით უმეტეს, თუ ხალხი გამოვა, თავად სააკაშვილს გაუხანგრძლივებს პოლიტიკურ სიცოცხლეს. ვფიქრობ, ჰილარი კლინტონის ცნობილი გამონათქვამის შემდეგ აშკარაა, რომ სააკაშვილი ამერიკული მმართველი ელიტისთვის წარსულის პოლიტიკოსია. ამგვარმა აქციებმა კი ისინი შეიძლება  სხვა განწყობაზე დააყენოს და აფიქრებინოს, რომ მისი სტაბილურობის გარანტიით  ჩანაცვლება ჯერ შეუძლებელია.

გარდა ანტიდასავლური განწყობისა, ოქრუაშვილის მოწოდება გათვლილია იმ თაობაზე, რომელსაც პანტელეიმონ გიორგაძის შემდეგ პოლიტიკური სახე აღარ გააჩნია და რომელსაც, რაც მთავარია, ფსიქოლოგიურად და ინტელექტუალურად უჭირს პოლიტიკური სიმპათიების ლეგალიზება. რადგან თბილისში ამ თაობის გავლენა მინიმალურია, სტრატეგია უფრო კონსერვატული რეგიონებისკენ იქნა მიმართული.

პირადად მე ამერიკის საელჩოსთან თავშეყრისკენ მოწოდებაზე მეტად იმ ტონმა შემაშფოთა, რომლითაც ირაკლი ოქრუაშვილი ოპონენტებს მიმართავდა. იმედია, მან ვერ მოძებნა ის სიტყვები, რომლითაც თავისი აზრი უნდა გამოეხატა. სხვაგვარად, მისი ტონი შეურაცხმყოფელია.

- საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მენტალიტეტის სრულად შესაცვლელად შვიდ წელიწადს საკმარისად არ მიიჩნევს. როგორც პრეზიდენტმა ბიზნესდაჯილდოება "მერკურზე" გამოსვლისას განაცხადა, მენტალიტეტის სრულად გამოსაცვლელად სულ მცირე 15-20 წელიწადია საჭირო. არის კი საჭირო შეცვლა? ან 15-20 წელი საკმარისია?

- ვფიქრობ, ეს დასავლეთისაკენ მიმართული განცხადებაა და მისი შინაარსი შეიძლება ასე განვმარტოთ: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ არის მოსალოდნელი უახლოეს 15-20 წელიწადში. ზემოთ ნახსენები აქცია ამერიკის საელჩოსთან და საზოგადოდ, ჩვენი პოლიტიკოსების მისწრაფება სამიტინგო-რევოლუციური მეთოდოლოგიისაკენ მას ყოველთვის შეუძლია თავის სასარგებლო არგუმენტად გამოიყენოს. ცხადია, ადრესატად იგულისხმებოდა რიგითი მოქალაქეც, რომელიც ამ მოწოდების თანახმად, 15-20-წლიანი კადაფიზმისათვის უნდა გაემზადოს. მან კარგად იცის, რომ დასავლეთმა შეიძლება მუდმივ ქაოსს ბანალური ავტორიტარიზმი ამჯობინოს. ასეთი რამ ბევრჯერ მომხდარა.

სააკაშვილი უფრო სრულუფლებიან მეურვედ გრძნობს თავს, ვიდრე არჩეულ მმართველად, და ეს არის მისი და ჩვენი, ისევე, როგორც ყოველგვარი ავტორიტარიზმის, ტრაგედია. იგი საზოგადოებრივ ცნობიერებაში საბჭოეთის დაძლევას საბჭოურადვე ცდილობს. არადა, ჩვენს საზოგადოებაში უკვე ძალზე ძლიერია განწყობა, რომელიც მეურვეებსა და ყოვლისმცოდნე რევოლუციონერ-სექტანტებს ვერ მოითმენს. ეს ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ და კვლავ 2003 წლის ფსიქოლოგიური ინერციით ცხოვრობს. არადა, სწორედ 2003-მა წელმა შვა ის იმპულსები, რომლებიც 2003 წლის მონაპოვარსვე  ემუქრება ჩანთქმით.

ხელისუფლებას ეს უნდა გაეთვალა. ამასთან, ოქრუაშვილის ვარაუდი, რომ სააკაშვილით უკმაყოფილება კვლავ პრორუსულ და სტალინისტურ განწყობებს შობდა, რბილად რომ ვთქვათ, არ უნდა იყოს სწორი, თუ ცხადია, როგორც ვთქვი, მართვად ქაოსს არ დავუშვებთ ქვეყანაში.  ჩვენს ჩრდილოელ მეზობელს კი ამაში დიდი გამოცდილება აქვს და გულდასაწყვეტია, თუ ვინმე მისი ინსტრუმენტი აღმოჩნდება.

- "არის ხალხი, ვინც წინ უწვება ტრაქტორებს და გადახვნის საშუალებას არ აძლევს. "არ მესმის, ტრაქტორისტი რატომ ამუხრუჭებს. თუ უწვება, გადაუარონ. ბოდიშს ვიხდი, არ გაიგოთ პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ მათ დრო გადაუვლის, რადგან პროგრესის გაჩერება შეუძლებელია"", - განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ვინც ცდილობს მიწის ხვნა შეაჩეროს, ის ეწინააღმდეგება საქართველოს პროგრესს. რამდენად მისაღებია ქვეყნის მეთაურისგან ასეთი განცხადებები?

- ვერ გეტყვით, რა იყო ეს, მომხრეთა მობილიზების სურვილი თუ პოლიტიკური სადღეგრძელოს ჟანრში წარმოთქმული უაზრო რამ. ერთ რამეს კი ვიტყვი: სააკაშვილი და მისი გარემოცვა თავიანთი სიხისტითა და ავტორიტარიზმით წინ ეღობებიან საზოგადოებრივ განვითარებას. მათი გადარჩენა მხოლოდ ოპოზიციის ცუდად ან გარე ფაქტორზე გათვლილ მოქმედებას შეუძლია. ამ ჯგუფის პოსტრევოლუციური ავტორიტარიზმი, რომელიც იოლად იფარებოდა დიადი მიზნების ნიღბით, ავტორიტარული მმართველობის ჩვევად იქცა.

არადა, ამ წლების განმავლობაში ასპარეზზე გამოვიდა თაობა, რომელიც თავისუფლების გაცილებით უფრო დიდ ხარისხს მოითხოვს და რაციონალიზმის უფრო დიდი მუხტის მატარებელია. უკან მოხედვაც ვერ მოვასწარით და უკვე ზრდასრულები აღმოჩნდნენ ისინი, ვინც გვიანდელი ბოლშევიზმის ან დამოუკიდებლობის პირველ წლებში დაიბადა და ვისთვისაც ქვეყნის სუვერენიტეტი და პიროვნული თავისუფლება, თავისუფალი მასმედია და საბაზრო ურთიერთობები უკვე თავისთავადი ფაქტებია, ხოლო სტალინი და დიდგორის ომი ერთნაირად შორსაა.

ძალზე მნიშვნელოვანია შრომითი და სასწავლებლად გასული მიგრანტების როლიც ახალი საზოგადოებრივი რეალობის შექმნაში. ამ თაობისათვის უცხოა ბოლშევიკური თუ ნაციონალისტური ყაიდის ავტორიტარიზმიც და ექსტრემისტული ლიბერალიზმიც. სწორედ ისინი ქმნიან ჩვენს ხვალინდელ საზოგადოებას და მოითხოვენ თავისუფლების მაღალ ხარისხს. სააკაშვილისა და მისი გარემოცვისთვის კი ჩვენი საზოგადოება ისევ და ისევ უსახო და ნაციონალ-ბოლშევიზმით თუ ქურდული იდეოლოგიით არის დაავადებული და იგი ავტორიტარი მეურვის მეთოდებით უნდა მართო. ასე გაჩნდა და თვალდათვალ გაძლიერდა კონფლიქტი საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. ვფიქრობ, ჩვენი ოპოზიციის ნაწილი სწორედ ამას უგულებელყოფს და ისევ 90-იანი წლების დასაწყისის კატეგორიებით უდგება საქმეს.