"ხვალვე შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რაც ძირფესვიანად შეცვლის მდგომარეობას" - კვირის პალიტრა

"ხვალვე შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რაც ძირფესვიანად შეცვლის მდგომარეობას"

"საბოლოოდ ეს რეჟიმი ხალხის "ჩვენც გვინდას" უნდა დაჰყვეს"

"ყველაზე მთავარი ფულის კეთებაა და ღარიბები ჭირსაც წაუღია"

"სამყარო თანდათან მასობრივი, საშუალო ადამიანის ასპარეზი ხდება"

საქართველოში კვლავ აქტიური დემონსტრაციების, მსვლელობებისა და მიტინგების "სეზონი" დაიწყო. ყველაფერი იგივეა და უცვლელი (თუმცა ერთი ახალი ლოზუნგი კი მოვისმინე, - "ან სიკვდილი, ან გამარჯვება") - გამოსვლები, სულისკვეთება, მოთხოვნები, მარშრუტი და მიტინგის დრამატურგიაც კი - პროტესტანტები ჯერ რუსთაველზე შეიკრიბნენ, შემდეგ კი გააპროტესტეს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მათ შეკრებას სათანადოდ არ აშუქებდა და ტელევიზიისკენ დაიძრნენ. რაც მთავარია, ისევე როგორც სხვა მიტინგების დროს, ამჟამადაც, ორგანიზატორებს არაფერი ეტყობოდათ, რომ "ზუსტი გეგმის ნატამალი" მაინც ჰქონდათ შემუშავებული. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ "რაღაცას" ელოდნენ. ეს "რაღაც", შეიძლება ხელისუფლების მხრიდან დაშვებული შეცდომაც ყოფილიყო.

ტელევიზიასთან შეკრებილებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, ჭანტურიას ულტიმატუმი წაუყენეს და ამ გმირული ეპოპეის შედეგად, "მოამბეში" მიტინგის ხუთწუთიან ჩართვას მიაღწიეს. დანარჩენი კი კვლავ სცენარის მიხედვით, ანუ, სამწუხაროდ ყოველგვარი სცენარის გარეშე გაგრძელდა (საბოლოოდ მაინც ყველაფერი ხალხის გამძლეობასთან მიდის)... ისე, სიმართლისთვის უნდა ითქვას, რომ მთელ მიტინგს, დაწყებიდან დასრულებამდე, მეორე არხი უწყვეტ, "ნონ სტოპ"-რეჟიმში გადასცემდა, პირველ არხზე კი ვერაფერს გეტყვით.

"შარშანდელი სეზონისგან" განსხვავება ის არის, რომ მოსახლეობის წინაშე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი სხვადასხვა "პროგრამით" წარდგება. მაგალითად, "ქართული პარტია" მიტინგების დაწყებას ოცდაექვსი მაისისთვის გეგმავს, "სახალხო კრებისგან" განცალკევებულ ატმოსფეროში, მათ მიერ მოსახლეობისთვის შეთავაზებული სიახლე კი ირაკლი ოქრუაშვილის ხალხის გვერდით დგომა იქნება, როგორც ეს თავად ოქრუაშვილმა გვაუწყა საგანგებო განცხადებაში.

მოკლედ, ოპოზიცია ერთობ საინტერესო კვირას გვპირდება - მთავარია, რომელიმე მხარეს ნერვებმა არ უმტყუნოს და მოვლენები დრამატულად არ განვითარდეს.…დაწვრილებით საქართველოში არსებულ სიტუაციაზე, იმის მიზეზებსა და გარემოებაზე, რაც ჩვენს პოლიტიკასა თუ ზოგადად, ყოფაში ხდება, ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ვესაუბრებით:

KvirisPalitra.Ge- "ხელისუფლება, რომელიც ხელს უშლის მშვიდობიან რევოლუციას, მიიღებს ძალისმიერ რევოლუციას" -  განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. როგორც ჩანს, შემთხვევა ქართული გარემოსთვის ტრადიციულია: როდესაც საზოგადოება იკრიბება არა კონკრეტული და ყოფითი საკითხის გასაპროტესტებლად, არამედ ერთი აქციით სურს ხელისუფლების შეცვლა. რა შედეგს  მოიტანს ასეთი მცდელობები საზოგადოებისა და პოლიტიკოსებისთვის?

- საკმაოდ წინააღმდეგობრივი მომენტებია, მაგრამ მთავარი ის არ არის, რას ფიქრობენ ან რას ამბობენ. დიახ, როგორც ბრძანეთ, ჩვენთან ძალზე პოპულარული და გავრცელებული გახლავთ პოლიტიკური საკითხების ერთ დღეში და ერთი აქციით მოგვარება თუ გადაჭრა, რადგან დიდი ხანია, საქართველოში პოლიტიკური პროცესები ჩიხში შევიდა. ფაქტობრივად, ბოლო არჩევნების შემდეგ ასეთი მდგომარეობაა. პირადად მე მზა რეცეპტი არ მაქვს, როგორ შეიძლება ამ მდგომარეობიდან გამოსვლა. სიტუაცია კი ნამდვილად რთულია, როგორც საშინაო, ისე საგარეო, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური კუთხით. თან, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ჩვენს შემთხვევაში ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სიტუაცია ერთმანეთზეა გადაბმული, რაც საერთო სურათს კიდევ უფრო ართულებს. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია უსაშველოა და ასე დაუსრულებლად გაგრძელდება. ხვალვე შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რაც ძირფესვიანად შეცვლის მდგომარეობას. თუმცა, რა იქნება ეს "რაღაც", ძნელი სათქმელია.

- ბრძანეთ, რომ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური სიტუაციები ერთმანეთთან არის კავშირში. ერთი მხრივ, მწვავე სოციალური მდგომარეობა, ეკონომიკური ფაქტორი მოსახლეობაში საპროტესტო განწყობას ამძაფრებს, გეოპოლიტიკური ფაქტორიც მოქმედებს -  რუსეთი ამა თუ იმ ფორმით ქართულ პოლიტიკაში ერევა, რაკიღა ქართველი პოლიტიკოსები რუს კოლეგებთან შეხვედრებს მართავენ. მოეწყო საპროტესტო აქცია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან... როგორ ფიქრობთ, ამ ფაქტორთა ურთიერთქმედებამ რამდენად შეიძლება გაამწვავოს სიტუაცია? ხალხს, შესაძლოა, სულაც არ ჰქონდეს პოლიტიკური მიზნები თუ სიმპათიები, მაგრამ აქტიურობისთვის მზად არის.

- მოგვწონს თუ არა, ყოველგვარი იდეოლოგიური ჩანაფიქრის გარეშე უნდა ვაღიაროთ: რუსეთს ამჟამად შორს უჭირავს თავი საქართველოში არსებული პოლიტიკური პროცესებისგან. ყოველ შემთხვევაში, აშკარად არც განცხადებებს აკეთებს და არც მატერიალურ რესურსებს ხარჯავს, არც სამოქალაქო და არც პოლიტიკურ ცხოვრებაში ერევა. პარადოქსია, მაგრამ ამის გამო, მოსახლეობაში მატულობს სიმპათია რუსეთისადმი და ეს უკვე თვალში საცემია. ამის გამო ეს ხალხი მოღალატეებად შევრაცხოთ და დავხვრიტოთ, თუ როგორ მოვიქცეთ, ამის გადაწყვეტა ხელისუფლებისთვის მიმინდვია.

ფაქტია, 2007 წელს ასეთი რამ არ ხდებოდა. ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილმა შეუძლებელი შეძლო - ის, რაც ორასი წელი ვერ მოახერხა რუსეთის იმპერიამ, სააკაშვილმა სულ რამდენიმე წელიწადში გააკეთა - სერიოზული ანტიდასავლური და პრორუსული განწყობები გამოიწვია. 2007 წელს ერთი წლით ამერიკაში წავედი და რომ ჩამოვედი, ასეთი განწყობა აშკარად თვალში საცემი იყო მოსახლეობის ფართო ფენებში - ტაქსის მძღოლებში, ბაზრობაზე, ჩვეულებრივ ადამიანებში. რატომ? - იმიტომ, რომ რუსეთი არ ერევა აქ მიმდინარე მოვლენებში ან პირდაპირ არ ერევა. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ როგორც კი ჩაერევა, მისი რეიტინგი ვარდნას დაიწყებს და მით უფრო დაეცემა, რაც მეტად გააქტიურდება.

ამერიკის შეერთებული შტატების შემთხვევაში კი საქმე ძალზე საინტერესოდ არის - აქტიურობის მიუხედავად მისი რეიტინგი ეცემა. მოგვწონს თუ არა ეს, ამერიკა საქართველოში უნდა აქტიურობდეს კიდეც, რადგან დღეს სხვა გამოსავალი არ არის - ვაშინგტონმა რაღაცები უნდა მოაწესრიგოს ჩვენს ქვეყანაში, რადგან პასუხისმგებლობა აიღო. მაგრამ რამდენად შეუძლიათ ქართველ პოლიტიკოსებს ამით თამაში, სხვა ამბავია. დღეს პრაგმატული და მომგებიანი იქნება სიმართლე და მორალი. ოცი წელი გაგვიხდა დამოუკიდებლობიდან და ხალხი ნიჰილისტურად არის განწყობილი არა მხოლოდ რუსეთისა თუ ამერიკის, არამედ ყველაფრის მიმართ. ასეთ სიტუაციაში, როგორც კი პოლიტიკაში გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მორალურ ნორმებს დააკმაყოფილებს, ბევრ რამეს გააკეთებს და მიაღწევს.

- როდესაც ჩიხურ სიტუაციაზე ვსაუბრობთ, ალბათ მნიშვნელოვან ფაქტორად შემდეგი გარემოება გვევლინება: დასავლეთი აქტიურად მოგვიწოდებს კონსტრუქციული დიალოგისკენ და ამას ქართველ პოლიტიკოსთა ერთი ნაწილიც ემხრობა, რომ საჭიროა მოლაპარაკებებით საარჩევნო გარემოს შეცვლა, რომ პროცესები დემოკრატიული გზით უნდა წარიმართოს. მაგრამ არის პოლიტიკოსთა სხვა ჯგუფიც, რომლის აზრითაც, ქვეყანაში არჩევნებით რაიმეს შეცვლა უტოპიაა, რაკიღა ამის სურვილი და ნება ხელისუფლებას არ აქვს... როგორც ჩანს, გამოსავალი არც მანიფესტაციებშია, სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ერთი ხელის მოსმით ხელისუფლების შეცვლა და მეორის მოყვანა იოლი საქმე სულაც არ არის.

- ჯერ ის  ვთქვათ, ჩვენ რა ტიპის ქვეყანა გვინდა: როდესაც ლაპარაკია ევროპულ და ამერიკულ ორიენტაციაზე, ორი რაღაცის არევა ხდება. ჩვენი სისტემითა და საზოგადოებრივი წყობით ამერიკის შეერთებულ შტატებს გვინდა ვგავდეთ,  თუ უბრალოდ ამერიკული ორიენტაციის ვიყოთ. ეს ორი სხვადასხვა რამ არის. საუდის არაბეთი ამერიკული ორიენტაციისაა, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ დემოკრატიული ქვეყანაა. აქედან გამომდინარე, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ხელისუფლების სურვილი: დემოკრატიაზე აღარც არის ლაპარაკი, ჩვენ ვემსგავსებით სინგაპურს... ხანდახან ახსენებენ "დემოკრატიულ სინგაპურს" მაგრამ დემოკრატიული სინგაპური იგივეა, რაც ავტორიტარული შვეიცარია.

აქედან გამომდინარე, ხელისუფლება შეიძლება იყოს ამერიკული ორიენტაციის, მაგრამ ქვეყანა - არა. მაგალითად, საუდის არაბეთში ბიბლიის შეტანა რომ სცადოთ, ხელს მოგჭრიან. მეორე მომენტია მდიდარი ელიტა. ყველაზე მთავარი ფულის კეთებაა და ღარიბები ჭირსაც წაუღია. ასეთი შეიძლება იყოს მეცხრამეტე საუკუნის კაპიტალიზმი, როგორც ჩარლზ დიკენსს ჰქონდა აღწერილი და რომელსაც კომუნისტები აძაგებდნენ. მაგრამ დღეს ასეთი რამის შექმნა ძალიან რთულია, რადგან თანამედროვე კაპიტალიზმი თავის თავში სოციალიზმის ელემენტებსაც მოიცავს. ლიბერტარიანული მოდელი, რომელიც დღეს ვიღაცებს უდევს თავში, ისეთივე უტოპიაა, როგორიც, სხვათა შორის, კომუნიზმი. დღევანდელი კაპიტალიზმი რთული მოვლენაა და ერთი მოდელიდან ერთის, მეორიდან მეორის აღება და ისეთი რაღაცის შექმნა, რაც ხელს გაძლევს, აბსოლუტურად არარეალური ამბავია.

პრაქტიკულად, საქართველო, გარკვეული აზრით, ლაბორატორიაა, სადაც ექსპერიმენტებს ატარებს ხან ვინ და ხან ვინ - ვისაც რა გრანდიოზული იდეა გაუჩნდება. ეს იდეები იმდენად არაპროფესიონალურად ხორციელდება, რომ კატასტროფული შედეგები მოჰყვება ხოლმე. მერე კი, იმის გამო, რომ ჩვენთან ეკონომიკური და გეოპოლიტიკური პროცესები ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული, ეს ყველაფერი ცუდად სრულდება. შესაძლოა, ვიღაცასთან მწვავე პოლიტიკური ბრძოლა გქონდეს, მაგრამ მასთან ვაჭრობდე და ხალხი ცხოვრებას ახერხებდეს. ამერიკა და გერმანია მეორე მსოფლიო ომში მტრები იყვნენ, მაგრამ დღეს ირკვევა, რომ თურმე ერთმანეთთან სავაჭრო ურთიერთობა ჰქონიათ. ჩვენ კი როგორ ვიქცევით? ამიტომაც არის, რომ დღევანდელი გაურკვეველი სიტუაციის გაწელვა ყველაზე მეტად რუსეთს აძლევს ხელს და ამიტომაც იჩენს შესაშურ მოთმინებას.

რაც შეეხება ამერიკას, ის არცთუ სახარბიელო სიტუაციაშია. რაზე შეფუცხუნდა ბოლო პერიოდში - ყველაფერი იმან გამოიწვია, რაც აღმოსავლეთში ხდება. რომ არა ტუნისის, ეგვიპტის, სირიის რევოლუციები, ამერიკა საქართველოზე არაფერს იტყოდა იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ამერიკისთვის მოულოდნელია. აღმოსავლეთში "მასობრივმა  ადამიანმა " გაიღვიძა. იმ "მასობრივმა ადამიანმა", რომელმაც მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20-ის დასაწყისში ევროპაში გაიღვიძა, ახლა აღმოსავლეთშიც გაახილა თვალი. სამყარო თანდათან ერთიანდება, ანუ ის მასობრივი, საშუალო ადამიანის ასპარეზი ხდება. ადამიანები მინიმალურ კომფორტს ითხოვენ და ამასთანავე სურთ თავისუფლება საკუთარ ქვეყანაში. აღმოსავლელ ადამიანს დღეს ალაჰთან შერწყმა და სუფისტური იდეალები კი არა, კარგი ცხოვრება სურს.

- მართლაც, სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც რევოლუციები მოხდა ან ხდება, მასებს ნაციონალურ-რელიგიური იდეოლოგიით "კვებავდნენ", იდეოლოგიით, რომლის თანახმადაც ერს უდიდესი ნაციონალურ-რელიგიური მისია, ხოლო მის წინამძღოლს ამ მისიის გატარება ეკისრებოდა ზეციური ძალებისგან და ამისთვის ყველაფერი ეპატიებოდა.

- დიახ, მნიშვნელოვანწილად  ასეთი მიდგომა იყო. დღეს კი ეს ადამიანები მოითხოვენ ელემენტარულ პირობებს - ბინას, მანქანას, განათლებას შვილებისთვის, ტანსაცმელს, საკვებს და ა.შ. ანუ იმ ყველაფერს, რაც საშუალო დონის ევროპელს აქვს. ანუ, დღეს ყველას რა  უნდა - დემოკრატია პლატონის გაგებით. ოლიგარქია არის წყობა, რომელიც თანდათან გადადის დემოკრატიაში. ოლიგარქიის დროს მმართველი ჯგუფი მართავს იმიტომ, რომ ბიზნესი და ხელისუფლება ერთი და იგივეა. ამას პლატონი ჯერ კიდევ ოცდახუთი საუკუნის წინ ამბობდა, მერე კი ხალხი ამბობს: ჩვენც გვინდა. ანუ, "მასობრივი ადამიანი" ამბობს, რომ მასაც უნდა კომფორტულად და სოციალური დაცულობით ცხოვრება. სწორედ ეს ხდება დღეს ეგვიპტეში.

- რას გამოიწვევს ეს "ჩვენც გვინდა" საქართველოს შემთხვევაში, როდესაც ხალხი კი იძახის "ჩვენც გვინდაო", მაგრამ, როგორც ჩანს, პოლიტიკოსებსაც თავისი უნდათ...

- საქართველოში "ჩვენც გვინდა" გამოიწვევს იმას, რომ ოლიგარქიული რეჟიმი - და დღეს სწორედ ასეთი რეჟიმია, გადავა დემოკრატიაში, ეს გარდაუვალია და ჩვენთანაც გაიმარჯვებს საშუალო ადამიანი. პოლიტიკოსებს სხვა გზა არ ექნებათ, გარდა იმისა, რომ ამ ნებას დაჰყვნენ.

- ბოლო დროს აქამდე იდუმალებით მოცული ბიზნესმენი ივანიშვილიც გააქტიურდა. მილიარდერი აქამდე მხოლოდ ქველმოქმედებით იყო ცნობილი და არათუ პოლიტიკური შეხედულებების დაფიქსირებას, ზოგადად, თავის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გავრცელებასაც ერიდებოდა. როგორც გაირკვა, სააკაშვილის ხელისუფლებით, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილო ივანიშვილიც ყოფილა...

- ძალიან საინტერესო ფაქტორია. წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც პოლიტიკაში ყოფილა კი არა, ხატოვნად რომ ვთქვათ, მის ახლოს გავლასაც ერიდებოდა, ისე გააგიჟეს, ასეთი რაღაცები თქვა... ხელისუფლებამ და ზოგიერთმა პოლიტიკოსმაც იმას მიაღწია თავისი ქმედებით, რომ ეს კაციც კი აალაპარაკა.