ჩვენ ხომ საზოგადოებაზე ხან ვამბობთ, ბრძენიაო, ხან ვამბობთ, ბრბოაო - კვირის პალიტრა

ჩვენ ხომ საზოგადოებაზე ხან ვამბობთ, ბრძენიაო, ხან ვამბობთ, ბრბოაო

"ეს იყო ძალიან კარგად მოფიქრებული და გაწერილი გეგმა,პირველი დღიდან ბოლო დღემდე"

მთავარია, საზოგადოება თავისი ბედის განმკარგავი გახდეს

"7 ნოემბრის გამოცდილება გაითვალისწინეს, როდესაც რუსთაველის პროსპექტის გაწმენდის შემდეგ ხალხი სხვაგან შეიკრიბა და ამიტომ გადაწყვიტეს წელში გაეტეხათ საპროტესტო განწყობა"

ერთი რიგითი, საშუალო-სტატისტიკური ქართველი გახლავართ. მყავს ოჯახი, მაქვს პროფესია. როგორც სხვები, მეც ხშირად ვფიქრობ ჩვენს ცხოვრებაზე - დღევანდელობაზე, მომავალზე. გასული კვირის მოვლენები ამ ფიქრებში ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ მაძლევდა. არ მომწონდა ტელევიზიის წინ დროშა-კეტებით და ფარ-პლაკატებით მომიტინგეთა აღჭურვა. მაღიზიანებდა "რადიკალ-ოპოზიციონერთა" იწილობიწილოს თამაში, ბაქიბუქი, უკან დახევა და მერე თავის მართლება, ერთმანეთის ლანძღვა და გადაბრალება. პოლიტიკოსთა შემხედვარეს, უცნაური განცდა გამიჩნდა - ხალხს ლორის ნაჭერივით უყურებენ.

ჩამოხსნიან, გაასუფთავებენ, ჩამოჭრიან და მერე ისევ შესაბოლად კვამლზე ჩამოჰკიდებენ. რა პრობლემაა, თუ წლების განმავლობაში პრეზიდენტთან ერთად ერთი ჯამიდან ჭამდი და არაფერს იმჩნევდი. მთავარია, დღეს რა გსურს და რა განწყობაზე ხარ. ხალხი, გაწამებული ხალხი ყველაფერს გაპატიებს, გააჩნია, როგორი პიარი და სიტყვით გამოსვლა გექნება. ის კი არა, იმავე ფეშენებელური მანქანებით შეგიძლია იმგზავრო და კომფორტულად იცხოვრო, შემდეგ კი შენივე მოწყობილი მიტინგიდან ამავე ფეშენ-მანქანებით გაქუსლო. მაგრამ ეს მედლის ერთი მხარეა, მეორე მხარეს კი უარესი "სურათია".

KvirisPalitra.Geტელევიზიისა და პარლამენტის წინ მყოფ მომიტინგეთა, უფრო სწორად კი ლიდერთა განწყობა თუ არ მომწონდა, მიტინგის დარბევამ შემზარა. სიმართლე ითქვას, დარბევაზე მეტად იდეამ და ჩანაფიქრმა შემაშინა, რადგან აშკარა იყო, ხელებშეკრულ შუახნის კაცს თუ შეშინებულ პატარა ბიჭს რამდენიმე ჯანმაგარი სპეცრაზმელი სახელმწიფო გადატრიალების გამო კი არ ურტყამდა, ან თავგახეთქილი კაცი თავისივე სისხლის გუბეში გაკოჭილი იმიტომ კი არ ეგდო, რომ მეორედ მიტინგზე მისვლის სურვილი არ გასჩენოდა (ალბათ, ის ფიზიკურადაც ვეღარ შეძლებს ამას), ვიგრძენი, რომ ეს ყველაფერი ჩემთვის კეთდებოდა, ჩემთვის და ჩემისთანა საშუალო-სტატისტიკური ქართველებისთვის, ვისაც ჰყავთ ოჯახი, აქვთ პროფესია და ამ ქვეყანაში ცხოვრობენ, რომ ჩვენ აზრადაც არ მოგვსვლოდა რისამე გაპროტესტება.

სწორედ ამიტომ ჩემთვის საამაყო იყო 28 მაისი, როდესაც პარლამენტის წინ "სახალხო კრების" აქციაზე ათგზის მრავალრიცხოვანი მიტინგი გაიმართა. ხელისუფლების სისასტიკით აღშფოთებული სამოქალაქო საზოგადოების აქცია ისე დასრულდა, რომ პოლიტიკოსებს სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აქ შეკრებილთ არც ბურჯანაძისა და არც "სხვა ჯანაძის" პოლიტიკური შეხედულებები არ აინტერესებდათ. მათ მხოლოდ საკუთარი უფლება და პოლიტიკოსთა უპასუხისმგებლობა აწუხებდათ და ეს უკვე ნიშნავს სამოქალაქო საზოგადოების არსებობას საქართველოში. სამოქალაქო საზოგადოებასთან კი ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ბევრად წინდახედული უნდა იყვნენ, თუ პოლიტიკურ ასპარეზზე ყოფნა სურთ.

ცხადია, პრაგმატული რომ ვიყოთ, გასული კვირის მოვლენებში (ისევე, როგორც საზოგადოდ ქართულ პოლიტიკაში) საგარეო ფაქტორებსაც თავისი წვლილი ჰქონდა. ამაზე ისიც მეტყველებს, როგორ "გაიშალა თმა" დარბევის პირველივე დღეს რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევაზე (რუსეთმა, რომელმაც ამავე საქართველოში სოფლები გადაწვა) და როგორი თავშეკავებული რეაქცია ჰქონდა ამერიკის ელჩს საქართველოში, მით უმეტეს, რომ ჯონ ბასი ხელისუფლების მიმართ, როგორც წესი, ლოიალობით არ გამოირჩევა.

სხვათა შორის, საინტერესოა ისიც, რომ მიტინგის წინაც და დარბევის შემდგომაც მავანთ აშკარად სცადეს ანტიამერიკული განწყობის გაჩენა. პირადად მე კი ამას თუნდაც იმიტომ ვერ შევურიგდები, რომ პალიტრატვ.გე, რომლის მენეჯმენტშიც ვმუშაობ, ერთ-ერთი იყო იმ მცირეთაგან, ვინც მომიტინგეთა სასტიკი დარბევის ფაქტები ამცნო საინფორმაციო ვაკუუმში მყოფ საზოგადოებას. ეს ვებგვერდი კი, ძირითადად, სწორედ ამერიკის მთავრობის აქტიური დახმარებით შეიქმნა, როგორც მეთოდოლოგიის, ისე ტექნიკური აღჭურვის თვალსაზრისით. შესაძლებელია, ხელისუფლებამ დიპლომატებს ის აჩვენა, რაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით.

KvirisPalitra.Geთუმცა, სამართლიანობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების მსგავსად, მომხდარი დაგმო და დეტალური გამოძიება მოითხოვა. ასეა თუ ისე, მთავარი, რაც ამ დრამატულ მოვლენებს მოჰყვა, მაინც, ალბათ, უფრო სხვა რამ არის: მიტინგის დარბევის შემდეგ, შაბათს და კვირას, პარლამენტის წინ შეკრებილმა სამოქალაქო საზოგადოებამ კონკრეტული და კანონიერი მოთხოვნები წამოაყენა.

მოთხოვნები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობას უკავშირდება და თუ ეს მოთხოვნა შეუქცევად და მასობრივ ხასიათს მიიღებს, მაშინ დიდ პოლიტიკურ თამაშებს საქართველოს ბედზე ისეთივე გავლენა ექნება, როგორიც გერმანიაზე, საფრანგეთსა ან ბელგიაზე შეიძლება ჰქონდეს. მთავარია, საზოგადოება თავისი ბედის განმკარგავი გახდეს. კონკრეტულად კი გასული კვირის მოვლენებზე მამუკა არეშიძეს ვესაუბრებით:

- სანამ დეტალებზე ვილაპარაკებთ, ალბათ, ჯობს ჯერ ზოგადი შეფასება გთხოვოთ. ოფიციალური ვერსიით, 25 მაისის მოვლენებს მიტინგის დაშლა ეწოდა. ჯერჯერობით, ხელისუფლება გადაცდომაზეც კი არ ლაპარაკობს. როგორია თქვენი ვერსია?

- ეს იყო დარბევა და არა დაშლა, მაგრამ მე პატარა პრეამბულა მინდა ჩემს ნათქვამს გავუკეთო: იმ დღეს ტელევიზიით მოვისმინე განცხადება, რომ დემონსტრანტებმა სახელმწიფოს მოუწყვეს შანტაჟი და სახელმწიფო ამას არ მოითმენს. ამ წინადადების ბოლოს დიდი ძახილის ნიშანი იგულისხმებოდა. ეს განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა, რომელსაც, მახსოვს, 1991 წელს მეგაფონი ვერ გავაგდებინეთ ხელიდან, "ჩაუშესკუ-ჩაუშესკუს" ეძახდა გამსახურდიას და მერე აქტიურად იყო ჩართული მთელ იმ კამპანიაში, რაც დეკემბერ-იანვარში განვითარდა.

სხვათა შორის, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი წევრი მაშინაც მონაწილეობდა ანტისამთავრობო გამოსვლებში, ისეთში, ახლა რომ ამბობენ, ხელისუფლებამ არ უნდა მოითმინოსო. ისიც შემიძლია გითხრათ, რომ იმ პერიოდში პირები, დღეს რომ ხელისუფლებაში არიან, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ. ეს ძალიან მწარე ღიმილს იწვევს ხოლმე ჩემში, ეს ადამიანები დღეს ერთად სხედან და გადასარევად გრძნობენ თავს. ეს გადახვევა ლირიკა იყო, მაგრამ ერთსაც დავამატებ:

KvirisPalitra.Ge2003 წელსაც მახსოვს ასეთი ქმედებები. იმავეს აკეთებდა ეს ხალხი და მაშინაც მათი ქმედება ხელისუფლების წინააღმდეგ იყო მიმართული. როგორი იყო, ცუდი იყო თუ კარგი, მნიშვნელობა არა აქვს. პრინციპი ის არის, რომ ორივე შემთხვევაში ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივად მოხდა. ვინმეს თუ ჰგონია, მე და ჩემს კოლეგებს, ვინც მაშინ ჟურნალისტები ვიყავით, ეს ამბები დაგვავიწყდა, ძალიან ცდება.

დღეს ეს ადამიანები ჭკუას გვარიგებენ, რომ ამის გაკეთება ახლა არ შეიძლება და როდესაც ნინო ბურჯანაძეზეა ლაპარაკი, სწორედ მათ ასწავლეს ასეთი ტიპის მოქმედებები. ის მათი მეთოდოლოგიის გამგრძელებელია და ამდენად, ნინო ბურჯანაძის ქმედებაში საკვირველი ჩემთვის არაფერია. მიუღებელია მხოლოდ ის ფორმა, რა ფორმითაც მოხდა ყველაფერი.

- გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, თუ როგორ დატოვა ბურჯანაძე-ბიწაძის ესკორტმა მიტინგი სპეცრაზმის გამოჩენისთანავე. ცოტა არ იყოს, ძნელი გასაგებია, იმის მიხედვით, რასაც ხელისუფლება ავრცელებს და რასაც თუნდაც თვითონ ბურჯანაძე აცხადებდა მიტინგზე კუნთმაგარ ბიჭებზე, მათ მოსვლასა და დახვედრაზე. მთელი ეს ორომტრიალი, პარლამენტიდან ტელევიზიისკენ და პირიქით სიარული, დროშა-კეტებისა და ფარ-პლაკატების დარიგება იმისთვის იყო საჭირო, რომ რუსთაველის პროსპექტზე სპეცრაზმი მისულიყო და მას იქაურობა დაეტოვებინა? ეს ყველაფერი მის მიზნებს გაუგებარს ხომ არ ხდის?

- ყოველ შემთხვევაში, ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ბურჯანაძემ დარბევის დაწყებისთანავე დატოვა იქაურობა. მე შემიძლია წარმოვიდგინო, რომ ის დაცვამ გაარიდა იქაურობას იძულებით ან რაიმე სხვა მიზეზი ვთქვა. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ არის ლამაზი ფურცელი მის ბიოგრაფიასა და მთელი ამ აქციის ისტორიაში. მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ იქ სხვა ლიდერებიც იყვნენ და მარტო ნინოსაც არ ჩაუტარებია ეს აქცია. მაგალითად, ბოლო ოცდასამი წელია, ყოველი ასეთი სიტუაციის შემდეგ ირაკლი ბათიაშვილს საზოგადოება ხან მორგში ეძებს, ხან მოკლული ჰგონია და ხან გატაცებული. რა ვიცი, ერთი და იგივე გრძელდება ამდენი წლის განმავლობაში.

მაგრამ იქ სხვა ლიდერებიც იყვნენ, ვისაც საკმაოდ მწარედაც მოხვდათ და მერე ამ ლიდერების ძებნაც იყო გამოცხადებული მთელ საქართველოში. მაგალითად, მურმან დუმბაძე, რომელიც საშინლად ნაცემი ძლივს იპოვეს თელავის იზოლატორში, ზოგი კინოთეატრ "რუსთაველიდან" გამოჰყავდათ. ასე რომ,

ნინო ბურჯანაძის საქციელს ნამდვილად ვერავინ მოიწონებს, მაგრამ იყვნენ ლიდერები, რომლებიც ბოლომდე ადგილზე დარჩნენ.

მინდა ვთქვა, რომ ეს ღონისძიება, გარდა იმისა, რომ მისი შედეგით საშინლად გაღიზიანებული ვარ, წარმატებული ვერ იქნებოდა. იმიტომ, რომ გარკვეულწილად გამოცდილებაც არის დაგროვილი; გარდა ამისა, ძალიან კარგად მოახერხა ხელისუფლებამ მიტინგის მიბმა რუსულ ინტერესებზე და სხვათა შორის, მიტინგის ორგანიზატორებსაც მიუძღვით ამ საქმეში წვლილი. ეს საპროტესტო აქცია განწირული იყო და ამიტომაც არ მივიდა იმდენი ხალხი, რამდენიც მის ორგანიზატორებს სურდათ და წარმოედგინათ.

KvirisPalitra.Geჩვენ ხომ საზოგადოებაზე ხან ვამბობთ, ბრძენიაო, ხან ვამბობთ, ბრბოაო. ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერაფრით ჩამოყალიბდა, ბოლოს და ბოლოს, რას წარმოადგენს მისი ელექტორატი, ბრბოს თუ სიბრძნეს? მიუხედავად ამისა, შემიძლია გითხრათ, რომ მოქალაქეთა უმრავლესობამ მიიღო გამოცდილება. ისინი ხვდებიან, რომ ამ ხელისუფლებასთან მიტინგები და აქციები არ გამოდის, რადგან ჯერ ერთი, ყურად არაფერს იღებს და მეორეც, ყოველთვის ახვედრებს კონტრპროპაგანდას, რომ ეს არის რუსების მართული აქციები და ა.შ. პასუხისმგებლობას მთლად ჩემს თავზე ვერ ავიღებ, მაგრამ ამ მიტინგებს რუსების არც ორგანიზებული ეტყობოდა რამე და არც დაფინანსებული. ამ ღონისძიებაში ფული არ ჩანდა.

ყოველ შემთხვევაში, მე არ ვიცი. შეიძლება ვინმეს ფული გადაუხადეს კიდეც და აქციაზე არ მოვიდნენ, მაგრამ რაც თვალში საცემი იყო, იმას ვამბობ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქ რამდენიმე გარეშე თუ შიდა ძალამ ერთმანეთი გამოიყენა. მაგალითად, მთლად დარწმუნებული არა ვარ, რომ რუსეთის ხელისუფლებას ამ რეჟიმის მოშორება უნდა, რადგან ზოგიერთ ფაქტორს ძალიან კარგად იყენებს.

იყო კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც არ გახმაურებულა: 24 მაისს, საღამოს, მოულოდნელად გაწყდა სამხრეთოსური ტელეეთერი, გამოვიდა ბორის ჩოჩიევი და განაცხადა, რომ ხვალ, ე.ი. 25-ში, სამხრეთ ოსეთის გავლით საქართველოში ჩასვლას აპირებს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი. ამით დაამთავრა და შეწყვეტილი გადაცემა ისევ გააგრძელეს. როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები ამბობენ, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნათ, რომ ვიღაცამ დაავალა ამ კაცს, გამოსულიყო და ასეთი განცხადება გაეკეთებინა. არ ყოფილა არც შეფასება ან მოწოდება, რომ ეს დაუშვებელია, ან ელანძღათ ოქრუაშვილი, ჩვენი მტერი მოდისო.

დარწმუნებული ვარ, რუსეთი გარკვეულ კარტს ათამაშებდა. ამაში მონაწილეობდნენ თუ არა მიტინგის მონაწილენი და მათ შორის - ნინო ბურჯანაძე, არ ვიცი, ალბათ, მომავალში ამასაც გავიგებთ, ყოველ შემთხვევაში, რუსეთს რაღაც სქემა ჰქონდა დამუშავებული, რაღაც ამოცანის შესრულებას ლამობდა: კერძოდ, მაქსიმალურად დაეძაბა ვითარება, მაქსიმალურად შეექმნა იმისი ფონი, რომ საქართველოში არის მწვავე დაპირისპირება და რომ ამაში თვითონაც მონაწილეობს.

არა ვარ დარწმუნებული, რომ ირაკლი ოქრუაშვილის თემაც სათავისოდ არ გამოიყენეს, ან მართლა იყო თუ არა ირაკლი ჩართული ამ გეგმაში. ამის თქმა დაზუსტებით დღეს არ შემიძლია, მაგრამ დასკვნის გამოტანის საშუალებას შექმნილი ვითარება მაძლევს. ზოგიერთი ანალიტიკოსი იმასაც ამბობს, რომ ხელისუფლებამ ნინო სათავისოდ გამოიყენა, ნინომ კი - ხალხი. საბოლოოდ, თავისი მიზნებისთვის ხელისუფლებამ ხალხი სასტიკად დაარბია, მაგრამ მერე ვერ გათვალა და ყველაფერი დამთავრდა იმით, რითიც უნდა დამთავრებულიყო ამ ტიპის დარბევა.

სხვათა შორის, რომ ვაკვირდები, როგორც მიდიოდა მოედნის ე. წ. გაწმენდა, აშკარად ჩანს, რომ ხალხი ალყაში იყო. როგორც ჩანს, 7 ნოემბრის გამოცდილება გაითვალისწინეს, როდესაც რუსთაველის პროსპექტის გაწმენდის შემდეგ ხალხი სხვაგან შეიკრიბა და ამიტომ გადაწყვიტეს წელში გაეტეხათ საპროტესტო განწყობა. ის კი, რაც მერე მოხდა უკვე დაკავების ადგილებში, ცალკე საუბრის თემაა. ჩემი აღშფოთება სწორედ იმით არის გამოწვეული, თუ როგორ დაარბიეს მიტინგი და როგორ ექცეოდნენ ხალხს დაკავების შემდეგ.

ეს იმიტომ მოხდა, რომ შეკრება აღარავის გაებედა, მაგრამ შთაბეჭდილება მრჩება, რომ მხოლოდ ამისთვისაც არ გამოუჩენიათ ასეთი სისასტიკე. მავანმა, ვინც ამას გეგმავს, თავისი ხალხის ბუნება ძალიან კარგად იცის. იცის, რომ ერთხელ ასე სამაგალითოდ დასჯა კონტრრეაქციას იწვევს შემდგომი გამოსვლებისთვის. ეს ან უცხოელი პიარკონსულტანტების რჩევით გაკეთდა, ან ის მოხდა, რასაც ხშირად ვამბობ ხოლმე - ხელისუფლებაში ჩაბუდებული მეხუთე კოლონის წინასწარგანზრახული ქმედებაა, რომელიც ამავე ხელისუფლების წინააღმდეგ მუშაობს. იმიტომ, რომის, რაც მიტინგის დარბევის შემდეგ პოლიციის განყოფილებებში ხდებოდა, უსასტიკეს ლათინურამერიკულ და აზიურ რეჟიმებში თუ შეიძლება მოხდეს.

ამათ ადამიანების ისეთი ფსიქოტიპი ჩამოაყალიბეს, რომლისთვისაც წმინდა არაფერია. არსებობს ორი თეზა: ვინც ამ ხელისუფლების წინააღმდეგია, რუსეთის მომხრეა და მტერი, და მეორე - მათთვის მთავარია პრემიის მიღება, რაც, სხვათა შორის, მცირე ოდენობის არ არის. თუ გინდა, ერის გადაგვარებას ჩაუყარო საფუძველი, ასეთი ტიპის ადამიანები უნდა შექმნა. ის, რომ "სახალხო კრების" ეს ღონისძიება ასე ვითარდებოდა და შემდეგ დასრულდა იმით, რითიც დასრულდა, ერთი პიარტექნოლოგიის ჩარჩოში ჯდება.

თუნდაც ის, რომ ხელისუფლებამ ძალიან კარგად იცოდა სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ, იცოდა და შეგნებულად მიუშვა ნებაზე მოვლენები, რომ ხალხი შეკრებაზე მისულიყო. მიუშვა იმიტომ, რომ მისი აზრით, ეფექტური ფინალი მოემზადებინა. არ გამოამჟღავნა ასეთი უნიკალური მასალა სახელმწიფო გადატრიალების თაობაზე. თავისთავად ფაქტი, რომ არ მოხდა დანაშაულის პრევენცია, დიდი დანაშაული და ამორალური ქმედება მგონია. აქ სპონტანური არაფერი ყოფილა. ეს იყო ძალიან კარგად მოფიქრებული და გაწერილი გეგმა, პირველი დღიდან ბოლო დღემდე.