"ოქრუაშვილი ამ ამბის გახმაურებამდე პოლიტიკური გვამი იყო" - კვირის პალიტრა

"ოქრუაშვილი ამ ამბის გახმაურებამდე პოლიტიკური გვამი იყო"

"თბილისის საკრებულომ ოკუპანტ ქვეყანას დედაქალაქის სოციალური განწყობის მართვა ჩააბარა"

"მეცხოველეობამ საქართველოში კვდომა დაიწყო"

აბა, რა ქნან, ფული საიდანღაც ხომ უნდა ამოიღონო, - ასეთი კომენტარიც მოვისმინე აღშფოთებული მეზობლებისგან, რომლებსაც ვერაფრით გაერკვიათ, რა კავშირია ელექტროენერგიის მოხმარებასა და დასუფთავებას შორის. მათთვის დამაჯერებელი ვერც მერიის არგუმენტი აღმოჩნდა, ხალხმა იმ ბინებიდან ამოწერა დაიწყო, სადაც არ ცხოვრობდნენ, ნაგვის გადასახადი რომ არ გადაეხადათო. თუ არ ცხოვრობდნენ, უნდა ამოწერილიყვნენ კიდეც, აბა, რა უნდა ექნათო. რაც შეეხება "ფულის საიდანღაც ამოღებას", ხელისუფლების მდგომარეობაც არ არის სახარბიელო:

არმიას - იარაღი, ავტომობილებს - ასფალტი, პოლიციას - შემინული შენობები და მტკვარს შუშის ხიდი სჭირდება. ცხადია, გადასახადები თუ არ აიკრიბა, ვერც ბიუჯეტი შეივსება და ვერც თვალი გაიხარებს, მაგრამ თვალის გახარება რომ კუჭისთვის ვერაფერი ხეირია? ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, ჯანსაღი ეკონომიკა შექმნას და მერე ეკონომიკა თვითონ იზრუნებს გზებზე, სკოლებზე, პენსიონერებზე, ავადმყოფებზე, კარგად მყოფებზე, მაგრამ ჯანსაღ ეკონომიკას ჯანსაღი სტიმულირება და რეალური დემოკრატია სჭირდება.

მავანთ კი ისიც უნდათ, მილიონები პიარღონისძიებებზე დაიხარჯოს, სამსახურებრივი შვეულმფრენებითა და ლიმუზინებითაც იქროლონ, კანონიც ჩექმასავით მოირგონ და თანაც თვეში ერთხელაც გამოიცვალონ; სხვადასხვა სფეროში მონოპოლიები შექმნან და კრიტიკული აზრიც არავინ გამოთქვას. ყველაფერი ხომ საბოლოოდ მოსახლეობას აწვება კისერზე. შედეგი კი ის იქნება, რომ ერთხელაც, სადაც ვიწროა, ძაფი იქ გაწყდება.

მერე ვერც პარიზელი "ბუათი" შეშინდება ვინმე და ვერც მოსკოვიდან "მგელი მოვიდას" ძახილით - გამწარებული და გათითოკაცებული ადამიანები არც ოპოზიციას მოუსმენენ და არც პლასტმასისტყვიებიანი აბჯარასხმული ჯარისკაცებისა მოერიდებათ. მგელიც იმ დროს გამოჩნდება, მის გამოჩენას რომ არავინ დაიჯერებს და ქართული სახელმწიფოებრიობა ათწლეულებით დაიხევს უკან.… ქართული პოლიტიკისა და ეკონომიკის მნიშვნელოვან ასპექტებზე ექსპერტ გია ხუხაშვილს ვესაუბრებით:

- საფრანგეთის ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე კვლავ მედიასკანდალში აღმოჩნდა გახვეული. ამჯერად მისი განცხადება ქართულ-ოსურ კონფლიქტს უკავშირდება. თავდაპირველი ვერსიით, ომის დაწყების პასუხისმგებლობა მან საქართველოს დააკისრა, რასაც არა მხოლოდ ქართველი, ოსი პოლიტიკოსებიც გამოეხმაურნენ. მოგვიანებით კი ფურნიემ თემის აჟიტირება ნაწილობრივ ჟურნალისტის არასწორ ინტერპრეტაციას, ნაწილობრივ კი თავის ემოციურობას დააბრალა. როგორც ჩანს, ფურნიესა და მედიის ურთიერთობის ფენომენი დიპლომატიის ისტორიაში ცალკე თემად შევა. რამდენად შეეფერება დიპლომატს პრესასთან ემოციური საუბარი, რაც უნდა პროვოკაციულ კითხვებს სვამდეს ჟურნალისტი?

- ფურნიეს ვეთანხმები, კითხვა მართლაც არაკორექტულად დაუსვეს, რადგან მასში იმთავითვე იყო ჩადებული, ასე ვთქვათ, საფრანგეთის შეურაცხმყოფელი პასუხი. რაც შეეხება ფურნიეს, მას ქართულ სინამდვილეში ერთგვარი გაორება სჭირს, რაც ვფიქრობ, ცუდი ნამდვილად არ არის, რადგან გარდა იმისა, რომ ადამიანი შეიძლება იყოს დიპლომატი, ის არის პიროვნებაც, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, სულერთი არ არის საქართველოში განვითარებული მოვლენები. მისი ემოციური გამოსვლებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ის ამ ქვეყნის პატრიოტიც არის. იმ პირობითობის, იმ ნიღბის შენარჩუნება, რომლის ტარებასაც დიპლომატობა ავალდებულებს, როგორც ჩანს, ფურნიესთვის დროდადრო შეუძლებელი ხდება. ამ დროს ის იმას ამბობს ხოლმე, რასაც ფიქრობს. თუმცა შემდგომში, ასე ვთქვათ, სხვადასხვა მექანიზმით ამ ნიღბის უკან დაბრუნება უწევს ხოლმე.

ასეა თუ ისე, ფურნიეს ასეთი ინციდენტები ჩემთვის უფრო დადებითი ასოციაციის გამომწვევია, ვიდრე უარყოფითისა. აქვე ვიტყვი, რომ იყო დაშვებული შეცდომებიც, მაგრამ მათაც აქვს ახსნა. მაგალითად, როდესაც ლაპარაკი იყო გასული საუკუნის დასაწყისში განვითარებულ მოვლენებზე საკამათო ისტორიული ფაქტების მოშველიებით. მაგრამ, ვფიქრობ, ფურნიე უფრო 2008 წელს გულისხმობდა, უბრალოდ, გამომდინარე იქიდან, რომ ეს ახალი და მტკივნეული საკითხია, საუბარი შედარებით შორიდან დაიწყო. ეგონა, ამით რეაქციას შეარბილებდა. სამწუხაროდ, პირიქით გამოუვიდა, რადგან ძალიან საკამათო და შეიძლება ითქვას, ისტორიულად არასწორი ფაქტები მოიყვანა. მაგრამ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ბევრად ფასეულია ფურნიე როგორც პიროვნება, რომელსაც, ეტყობა, ნამდვილად აწუხებს, როცა საქართველოში რაღაც ხდება.

- გასულ კვირას თბილისის საკრებულომ დაჩქარებული ტემპით მიიღო დადგენილება, რომელიც დასუფთავების გადასახადის ელექტროენერგიის ხარჯვაზე მიბმას გულისხმობს. უცნაურია, მაგრამ ხელისუფლება აცხადებს, რომ ნაგვის გადასახადის ოდენობა შემცირდება იმ პირთათვის, რომლებიც ელექტროენერგიას ეკონომიურად ხარჯავენ. ანუ, ვინც სიბნელეში დაჯდება, არც დასუფთავებისთვის გადაიხდის ფულს? თქვენი აზრით, რა ლოგიკა შეიძლება ამ ყველაფერში იყოს?

- მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არსებობს ერთიანი კომუნალური გადასახადი, მაგრამ ეს სულ სხვა სისტემაა, რომელშიც ყველა კომუნალური გადასახადი კომპლექსურად იგულისხმება. ის კი, რაც თბილისის საკრებულომ მიიღო, სრული აბსურდია. ერთი გადასახადი მეორეს პროპორციულად იზრდებოდეს, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ არის და არც შეიძლება არსებობდეს, რადგან სავსებით ალოგიკურია. თავი რომ დავანებოთ იმ სოციალურ რიტორიკას, რაზეც ხელისუფლება გვესაუბრება და რაც, ასე ვთქვათ, ამახინჯებს რეალურ ვითარებას, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: პირველი - ეს სრულიად სხვადასხვა სუბიექტია, რომლებთანაც მოქალაქეებს, როგორც მომხმარებლებს, აქვთ კონტრაქტი ორმხრივი ვალდებულებებით; ანუ, ის ვალდებულია მომემსახუროს, მე კი ვალდებული ვარ, გადავიხადო შესაბამისი ღირებულება. რა კავშირი შეიძლება იყოს დენსა და ნაგავს შორის? თუ უფრო მეტ ელექტროენერგიას მოვიხმარ, მეტი ნაგავი მექნება გადასაყრელი? აქ არც სამართლებრივი და არც ლოგიკური კავშირი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს.

გამოდის, კომერციულ სტრუქტურას ევალება მუნიციპალური საწარმოს ხარჯების აკრება ერთი მხრივ, და მეორე მხრივ, პროპორციულად არის მიბმული კომერციულ გადასახადზე მუნიციპალური გადასახადი.

ამ დადგენილებით, ფაქტობრივად, კრემლი გახდა თბილისში ყველა გადასახადზე პასუხისმგებელი. მოგეხსენებათ, "რაოეს-თელასი" რუსული კომპანიაა და კრემლიდან იმართება. გამოდის, ყველა ბერკეტი მოსკოვს ჩაუგდეს ხელში - რუსეთთან მუდმივი ომის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ამ ყველაფრის მოსკოვისთვის გადაბარება, რბილად რომ ვთქვათ, საეჭვო და უცნაურია. მით უმეტეს, ვითარებაში, როდესაც ლამის ყოველდღე გვიხსნიან, რომ თურმე რუსეთს საქართველოში აგენტურა ჰყოლია. ამ ბრალდებით დაჭერილი ათობით პირიც ვნახეთ. დიდი ბოდიში, მაგრამ მთელი კომუნალური გადასახადების დინამიკა წყალზე, ელექტროენერგიაზე, დასუფთავებაზე ვის ხელშია? ეს ხომ ძალიან კარგი მექანიზმია სოციალური უკმაყოფილების რისკების სამართავად?

რაღად უნდა კრემლს აგენტურა, როდესაც ლეგალურად ჩააბარეს უზარმაზარი ინფორმაციული ნაკადის მართვა საქართველოს დედაქალაქში? ამ ინფორმაციის სისტემატური ანალიზით იოლად Aშეიძლება სოციალური რისკებისა და განწყობის როგორც გამოთვლა, ისე მართვა.

ეს ყველაფერი ძალიან სასაცილოა და უკვე აბსურდამდე მიდის, მაგრამ ამავე დროს მტკივნეულიცაა თბილისის მოსახლეობისთვის. როგორ უნდა აიხსნას ის, რომ თბილისის საკრებულომ ხმათა უმრავლესობით მტერ, ოკუპანტ და თავდამსხმელ ქვეყანას, ფაქტობრივად, დედაქალაქის სოციალური მონაცემებისა და განწყობის მართვა ჩააბარა?

- ასევე მძიმე სოციალური საკითხია ხორცის გაძვირება. ხელისუფლების მტკიცებით, ხორცის 80%-იანი გაძვირება ევროკავშირის ექსპერტების მოთხოვნა ყოფილა. ეს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. ცოტა ძნელი დასაჯერებელია, ბაროზოს სააკაშვილისთვის ხორცის გაძვირება ეთხოვა. ეს "ეჭვი" საბოლოოდ გაფანტა ევროკომისიის დელეგაციის მიმართვამ, სადაც დელეგაციის წევრი ხუან ეჩანოვე პირდაპირ ამბობს, რომ "ევროკომისიას არასოდეს უთხოვია ოფიციალური თბილისისთვის, დაუყოვნებლივ შემოეღო რეგულაცია, რომელიც ბაზარზე მხოლოდ სასაკლაოზე დაკლული ხორცის შეღწევას უზრუნველყოფდა.

- ეს ძველი თამაშია. ჯერ კიდევ შევარდნაძის დროს, როდესაც ლობისტებს რომელიმე საკითხის გატანა უნდოდათ, ყველაფერი ხან სავალუტო ფონდს ჰბრალდებოდა, ხან მსოფლიო ბანკს და ხანაც ევროკავშირის მოთხოვნებს. ამ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ეს კომენტარები ძალიან შორს არის სინამდვილისგან, რადგან სურვილის შემთხვევაში, ევროკავშირიც და ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ინსტიტუტიც გაგებით მოეკიდებოდა არსებულ რეალობას - ეს არის პროცესი, სადაც ერთჯერადად და ელვისებურად ღონისძიებების გატარება არ შეიძლება.

მით უმეტეს, მაშინ, როდესაც არც ინფრასტრუქტურებით და არც ადმინისტრირებით მზად არ ვიყავით. როდესაც ბაზრის საზღვრები არა გაქვს დაცული, არ არის შესაბამისი კონკურენცია, არის საფრთხე, რომ ზედნადები ხარჯები კატასტროფულად გაიზარდოს, ევროკავშირი ნამდვილად გაგებით მოეკიდებოდა ამ გარემოებას და დროში საკითხების სტრატეგიულად გაწერის შემთხვევაში ყველაფერი უმტკივნეულოდ და გაძვირების გარეშე მოხდებოდა. შესაბამისად, როდესაც ეს ნორმა ამუშავდა, ამან გამოიწვია ბაზრის მონოპოლიზება. სურსათის უვნებლობის თემა დღევანდელ სამყაროში და მათ შორის, საქართველოშიც, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ უნდა გაკონტროლდეს არა მხოლოდ ადგილობრივი ნაწარმი, არამედ იმპორტული საქონელიც, რადგან სწორედ იმის გამო, რომ ეკონომიკურ საზღვრებს არ აკონტროლებენ, ქართულ ბაზარზე უხარისხო პროდუქციის უზარმაზარი ნაკადი შემოდის.

სურსათის უვნებლობის სამსახურების გაუქმება დანაშაული იყო.

დღესაც არ აპირებენ მის აღდგენას. აბსურდი ის არის, რომ საბაჟო ორგანოები არიან პასუხისმგებელი იმპორტირებული პროდუქციის ხარისხზე. როგორ შეიძლება საბაჟო იყოს კომპეტენტური ამ დარგში? თურმე "რისკების ანალიზის საფუძველზე" აკონტროლებენ უხარისხო პროდუქციას საბაჟო პუნქტებზე. თუ ვიღაცას მართლაც უნდა ამ სფეროში საქმის გაკეთება ისე, რომ ადგილობრივი წარმოება არ დაზარალდეს, პირველად ეკონომიკური საზღვრების დაცვა უნდა დაიწყოს და ადგილობრივი ინფრასტრუქტურები შექმნას. ყველა რეგიონში უნდა მოეწყოს ინფრასტრუქტურა, რომ კაცს ცოცხალი პირუტყვით ნახევარი საქართველოს გადაკვეთა არ სჭირდებოდეს. ადგილზევე შეეძლოს საქონლის დაკვლაც, დაფასოებაც და ბაზარზე მიწოდებაც.

საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ეს ყველაფერი ლობისტების მუშაობის შედეგია. მაგრამ ეს სისტემებიც ვერაფერს მოიგებენ - ნატახტრის იქნება თუ სხვა. ზედნადები ხარჯების ზრდა ადგილობრივი წარმოების პროდუქტზე ფასების კატასტროფულ ზრდას იწვევს. ადგილობრივი მეცხოველეობა ჩაკვდება უხარისხო ხორცის იმპორტთან კონკურენციაში. ჩვენ ხომ კარგად ვიცით, იაფი გაყინული ხორცი საიდან შემოდის საქართველოში. საბოლოოდ, ეს მონოპოლისტური სასაკლაოებიც წაგებული დარჩებიან, რადგან გაყინულ იმპორტირებულ ხორცს, მოგეხსენებათ, არც დაკვლა სჭირდება, არც დაჭრა და არც დაფასოება. ამ სფეროში ორი მიმართულებით მიდის დეგრადაცია: არაჯანსაღი სისტემის გამო ზედნადები ხარჯები კატასტროფულად გაიზარდა და შესაბამისად, მეცხოველეობის დარგი საფრთხის წინაშე დადგა. პარალელურად კი საძოვრების ხვნა დაიწყეს.

ერთი მხრივ, გლეხებს საძოვრებზე ექმნებათ პრობლემა და არ ვიცი, სად უნდა ატარონ პირუტყვი გამოსაკვებად, ალბათ, მაკდონალდსში ან სუპერმარკეტიდან უნდა უზიდონ საკვები; და მეორე მხრივ, წვალებით გაზრდილი პირუტყვი სასაკლაომდე მთელი საქართველოს გავლით მიიყვანონ. ასე რომ, მეცხოველეობის დარგმა კვდომა დაიწყო. ეს არა მარტო ხორცის, რძის პროდუქტების წარმოებაზეც აისახება და ჯაჭვურად კიდევ ბევრ სხვა დარგს დაარტყამს. არ მინდა შეთქმულების თეორიის განვითარება, მაგრამ მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ყველაფერი საძოვრებზე პრობლემის შექმნიდან დაწყებული და ზედნადები ხარჯების კატასტროფული ზრდით დამთავრებული ხორცის იმპორტიორთა ინტერესებშია.

ყველაფერი სწორედ იმპორტის ტოტალური ზრდისკენ მიდის.

- რუსეთის ავი ზრახვების სატელევიზიო განეიტრალებით განებივრებული ვართ, თუმცა გასულ კვირას შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია მაინც განსაკუთრებული იყო. როგორც სატელევიზიო აღიარებით ჩვენებაში თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი გიორგი საათაშვილი აცხადებს, "ირაკლი ოქრუაშვილი აპირებდა 200 რუსი სპეცრაზმელით შემოსვლას, სადაც დახვდებოდა 20-მდე შეიარაღებული ქართველი, რის შემდეგ მათ საგუშაგოების განიარაღება უნდა განეხორციელებინათ. ამის შემდეგ კი აპირებდნენ გორში მდებარე სპეცრაზმის შენობაზე და შიდა ქართლის სამხარეო სამმართველოზე თავდასხმას".

- ასეთი ისტორიების ისტერიულად გამეორება არავის ინტერესებში არ შედის, მათ შორის - არც ხელისუფლების. მეტსაც გეტყვით, ოქრუაშვილი ამ ამბის გახმაურებამდე პოლიტიკური გვამი იყო.

მას შემდეგ, რაც მან ბილეთი აიღო და საქართველოში აღარ ჩამოვიდა, როგორც პოლიტიკოსი თავისი პარტიიანად დამთავრებული იყო. ამ ისტორიით კი მისი რეანიმირება მოხდა. თუ ლოგიკას მივყვებით და ვიტყვით, რომ რაღაც ლოგიკა არსებობს ყველაფერ ამაში, ერთადერთი ის დასკვნა გამოდის, რომ ვიღაცას ოქრუაშვილის პოლიტიკაში დარჩენა სჭირდება, რაკიღა მომავალშიც არის დაგეგმილი "ბუად" მისი გამოყენება.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მისი მომხრეებიც კი მასზე გულგაცრუებული იყვნენ. ახლა კი აღმოჩნდა, რომ ოქრუაშვილი მაინც მაჩო ყოფილა, რაკKიღა 200 კაცით აპირებდა საქართველოს აღებას. XXI  საუკუნეში ბლოკპოსტების განთავსების ქამარში გამოკერებული სქემის წინ და უკან ტარება ღიმილის მომგვრელია. ერთი ისღა აკლდა სურათის დასრულებას, ტყეში რადისტი ეპოვათ, მორზეს ანბანით რუსებს რომ ინფორმაციას გადასცემდა.

ჩვენდა სამწუხაროდ, რუსებმა მშვენივრად იციან, სად არის ბლოკპოსტები და, ალბათ, ბევრი ისეთი რამეც ეცოდინებათ, რაც ჩვენ არ ვიცით.

შეიძლება ეს ხალხი მართლაც ფაფხურობდა და გამოდის, იდიოტები ყოფილან. ის 200 სპეცრაზმელიც როგორ მოჰყვებოდა აშკარა სასაკლაოზე, ესეც გაუგებარია. დიდი ბოდიში, მაგრამ 26 მაისს ჩვენ ვნახეთ კბილებამდე შეიარაღებული ათასობით ქართველი სპეცრაზმელი.

ეს ხალხი სად იქნებოდა მაშინ, როდესაც რუსი ჯარისკაცები თბილისს აიღებდნენ? როგორ უნდა მოეგო მათთვის ბრძოლა ცხინვალიდან გადმოპარულ 200 სპეცრაზმელს? რა, დევები იყვნენ?! ფაქტობრივად, გვეუბნებიან, რომ დღEევანდელ საქართველოს 200 კაცი აიღებდა. როგორც ჩანს, ამ ისტორიის შეთხზვა იმისთვის გახდა საჭირო, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, ოქრუაშვილი არც ისეთი კურდღელი ყოფილა, როგორც 26 მაისს გამოჩნდაო.

- ბარაქ ობამას განცხადებას ავღანეთიდან გამოსვლაზე საფრანგეთის, გერმანიისა და ინგლისის განცხადებები მოჰყვა. ოფიციალური პარიზი ავღანეთიდან სამხედრო კონტინგენტის გაყვანას ისეთივე ტემპით აპირებს, როგორითაც აშშ და ამ პროცესის დასრულებას 2014 წლისთვის გეგმავს. ბრიტანეთის ხელისუფლება სამხედრო ძალის გაყვანას 2015 წლისთვის დაასრულებს. ბერლინი კი ივლისის დასაწყისში ავღანეთის თავდაცვას ზოგიერთ პროვინციაში უსაფრთხოების დაცვის უფლებას გადასცემს. ანალოგიური განცხადება გააკეთა ესპანეთმაც. ამ ვითარებაში, ცოტა არ იყოს, უცნაურია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება ავღანეთში სამხედრო' კონტინგენტის გაზრდის შესახებ. როგორც ჩანს, ავღანეთს მსოფლიო საქართველოს იმედად ტოვებს?

- გასაგებია, რა მოტივიც უდევს ავღანეთში ქართული კონტინგენტის გაზრდას. საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თანამეგობრობაში ფუნქციას ეძებს. ის ხვდება, რომ სხვა ფუნქცია (თუნდაც ენერგეტიკული და გეოპოლიტიკური) კვანძის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაწილისა, შეცდომებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად, დაკარგული გვაქვს. დაბალია დემოკრატიის ხარისხიც.

ერთადერთი, რითაც შეიძლება ფუნქცია შევიძინოთ, ავღანეთის მიმართულებაა, რათა ჯარების გაგზავნით ხელისუფლებამ რაღაც როლი ითამაშოს.

მაგრამ ეს იქნება არა თანასწორუფლებიანი, არამედ მხოლოდ "გამოსაყენებელი" პარტნიორის ფუნქცია, რომელიც მუდმივად ეყოლებათ დაყენებული ნატოს ღია კართან და ეტყვიან, რომ კარი ღიაა, მაგრამ შესვლის უფლებას არასოდეს მისცემენ.