უფლება გვაქვს, ვიცოდეთ სიმართლე! - კვირის პალიტრა

უფლება გვაქვს, ვიცოდეთ სიმართლე!

"მოყვარეს პირში უძრახე..."

უუნაროთა რეიტინგში ათრანგიანი წინსვლით მოპოვებული ,,წარმატებით" მაინც ვერ გადავფარავთ იმ წარუმატებლობას, ნახევარი მილიონი დევნილი და ლამის განახევრებული საქართველო რომ ჰქვია

სიმართლეს ალტერნატივა არა აქვს. უკურნებელი სენით დაავადებულ ავადმყოფსაც კი უმხელენ ექიმები საზარელ სიმართლეს, იმიტომ, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება იცოდეს, რა ხდება მის თავს. ტყუილის გასამართლებელ არგუმენტად ვერც იმის მტკიცება გამოდგება, რომ გამარჯვებული ხალხის ტელეკომპანია ხარ და ყველაფერს ისე ამბობ, როგორც გსურს.

მოგახსენებთ, რისთვის დაგვჭირდა ეს შესავალი.

2011 წლის 29 ივლისს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,ფონდი მშვიდობისათვის" ვაშინგტონის ნაციონალურ პრესკლუბში ოფიციალურად წარადგენს კვლევის შედეგებს, რომელსაც 2005 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს. კვლევა მსოფლიოს 177 ქვეყანას მოიცავს და ამ  ქვეყნებში სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობას შეისწავლის, უფრო ზუსტად, კვლევის მიზანი სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობაში ხინჯის, ნეგატივის გამოვლენა და შესაბამისად, უუნარობის ინდექსის მინიჭებაა.  შეფასება სულ 12 მახასიათებლის მიხედვით ხდება. მათ შორის არის: დემოგრაფია, მიგრაცია, დევნილები, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა, საგარეო ინტერვენციის საფრთხე, ეკონომიკა, მოქალაქეთა უსაფრთხოება... ამ მაჩვენებლების მიხედვით დგება საბოლოო, ჯამური ინდექსი და ყველა ქვეყანას ენიჭება ადგილი და ფერი. რაც უფრო ცუდად აქვს ქვეყანას რომელიმე მოცემულ სფეროში საქმე, მით მაღალი უუნარობის ინდექსი ენიჭება. ამიტომ "ფონდი მშვიდობისათვის" რეიტინგში რაც უფრო "მაჩანჩალა" ხარ, მით უკეთესი.

ფონდმა უკვე გამოაქვეყნა 2011 წლის შედეგები. სიის სათავეში ალისფრად შეფერილი სომალია მოქცეული - ქვეყანა, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებს და სრული ქაოსია გამეფებული. სიაში ბოლო, 177-ე ადგილს იკავებს ფინეთი, რომელმაც წელს ეკონომიკური და დემოგრაფიული მაჩვენებლებით ოდნავ აჯობა ნორვეგიას.

საქართველო რეიტინგების ცხრილში  47-ე პოზიციაზეა და ფორთოხლისფრადაა შეფერილი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენში ცხოვრება ფორთოხალივით ტკბილია. უკეთეს პოზიციაზე, ანუ ჩვენზე დაბლა, დაიკავეს ადგილები ჩვენმა მეზობლებმა: აზერბაიჯანმა (63), რუსეთმა (82), სომხეთმა (101), თურქეთმა (104).

იმ დროის განმავლობაში, რაც ეს კვლევა ტარდება, საქართველოს საუკეთესო შედეგი 2006 წელს ჰქონდა. მაშინ მე-60 ადგილზე ვიყავით. 2007 წელს მცირედ ჩამოვქვეითდით და 58-ე ადგილი დავიკავეთ.  2008-ში კი ისევ დავიწიეთ და 56-ე ადგილს დავჯერდით. სამწუხაროდ, ამავე წლის აგვისტოში ქვეყანაში მომხდარმა კატასტროფამ ასევე კატასტროფულად დაგვხია უკან და 2009-ში 33-ე ადგილზე აღმოვჩნდით. მომდევნო წელს 37-ე, დღეს კი, როგორც აღვნიშნეთ, 47-ე ადგილზე ვართ. ჩვენზე უკეთეს პოზიციებზე, ჩვენი უახლოესი მეზობლების გარდა, არიან, მაგალითად, ანგოლა (52), ზამბია (55), ნიკარაგუა (57), მოლდავეთი (66), ლესოტო (71), ბელორუსია (83).

გვაძლევს ვითომ ამგვარი სტატისტიკა  სიხარულის, მით უფრო, აღფრთოვანების საფუძველს? თუნდაც მასში ისეთი ,,ფანტასტიკური ნახტომი" იყოს დაფიქსირებული, როგორიც უუნაროთა ამქარში 37-დან 47-მდე წაწევაა?!  "რუსთავი 2-ზე" ამ სიახლის შესახებ სიუჟეტი შემდეგი ფორმით გავიდა: ,,კიდევ ერთი საერთაშორისო კვლევა, რომელმაც საქართველო ყველაზე წარმატებულ ქვეყნად დაასახელა... საქართველო ყველაზე წარმატებული სახელმწიფოა მსოფლიოს 177 ქვეყანას შორის... კონფლიქტის რისკი შემცირებულია... შემცირებულია გადაადგილებულ პირთა და მიგრაციის ინდიკატორი..." თუმცა, "რუსთავი 2-ს" არც ერთი სიტყვა არ უხსენებია იმის თაობაზე, რომ ამ ჩამონათვალში საქართველოს ბოლოდან 47-ე ადგილი უკავია(?!).

ამ კვლევაში საქართველო სერბეთთან ერთად მართლაც გაუმჯობესებული რეიტინგის მქონედ არის დასახელებული (მათ ყველაზე მეტად გაიუმჯობესეს წინა წლის შედეგი), მაგრამ იმავე რეიტინგში 92-ე ადგილზე გამოჭიმული გაბონი ჩვენგან ჯერჯერობით მაინც ბუზისოდენად მოჩანს.

დასაწყისში უკურნებელი სენი ვახსენეთ. ჩვენს ქვეყანას მოურჩენელი არაფერი სჭირს. გაჭირვებით კი ნამდვილად გვიჭირს და როგორც უნდა მოვინდომოთ, უუნაროთა რეიტინგში ათრანგიანი წინსვლით მოპოვებული ,,წარმატებით" მაინც ვერ გადავფარავთ იმ წარუმატებლობას, ნახევარი მილიონი დევნილი და ლამის განახევრებული საქართველო რომ ჰქვია. ვერც ვერავის მოვატყუებთ, მოცემული ცხრილიც სწორედ ამის დასტურია.

დავით შალიკაშვილი

KvirisPalitra.Ge