"დღევანდელი გადმოსახედიდან ისღა რჩება, რომ მოსახლეობა აღმოჩნდეს პოლიტიკოსებზე გონიერი" - კვირის პალიტრა

"დღევანდელი გადმოსახედიდან ისღა რჩება, რომ მოსახლეობა აღმოჩნდეს პოლიტიკოსებზე გონიერი"

"რადიკალიზმი და აგრესიულობა რუსულ პოლიტიკაში გაძლიერდება"

"საქართველოს აფხაზეთის ტერიტორიაზე უპირველესად აფხაზები სჭირდება"

ბათუმმა კიდევ ერთ გრანდიოზულ კონცერტს უმასპინძლა - სტინგისა და კრის ბოტის კონცერტისთვის პიაცას მოედანზე საგანგებოდ მოეწყო სცენა, დამონტაჟდა ხმისა და განათების ძვირად ღირებული აპარატურა. რა დაუჯდებოდა მეგავარსკვლავების მორიგი კონცერტი გადასახადების ქართველ გადამხდელს, ამაზე აღარ ვიმსჯელებთ, არც ამ ხარჯების მიზანშეწონილობაზე ვიტყვით რამეს. მხოლოდ მცირე სტატისტიკას მოვიყვანთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდიდან (სანამ მისთვისაც სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი არ დაუდვიათ):

სადღეისო მონაცემებით, უმწეო მდგომარეობაში 545619 ოჯახი იმყოფება, ხოლო 2002 წლის საყოველთაო აღწერის თანახმად, საქართველოში სულ 1174275 ოჯახი ყოფილა. მიგრაციის ქართული ტემპების გათვალისწინებით, დღეს, ცხრა წლის შემდეგ, მათი რაოდენობა კიდევ უფრო შემცირდებოდა. "საქართველოს არჩევანი - ცვალებად პირობებში გამოკვეთილი სამომავლო სურათი", - ასე ჰქვია კარნეგი ცენტრის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამების უფროსი სპეციალისტის, თომას დე ვაალის ახალ ანგარიშს.

ექსპერტის აზრით, უმჯობესია, საქართველოს ხელისუფლებამ პრობლემებზე საჯაროდ ისაუბროს, ვიდრე იძახოს, რომ საქართველო მსოფლიოში ნომერ პირველი რეფორმატორია. "ჰალვას" ძახილით პირში რომ სიტკბოს ვერ იგრძნობ, ეს დასკვნა ბრძენ აღმოსავლეთში რამდენიმე საუკუნის წინ გამოიტანეს, ჩვენამდე კი, როგორც ჩანს, არ მოუღწევია. საქართველო ჩვეული ტემპით ცხოვრობს და პოლიტიკოსებიც ჩვეული წესებით აგრძელებენ პოლიტიკოსობას. პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძესთან საუბარი სწორედ ამ საკითხზე მსჯელობით დავიწყეთ:

- საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ წინადადებებზე რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ხელმოწერა სხვადასხვაგვარად შეფასდა: პოლიტიკური კორუფცია, მანევრი, უშედეგო მცდელობა... თქვენ როგორ შეაფასებდით?

- კორუფციის თაობაზე ყველაზე ხშირად გამოთქმულ ამ ვერსიას ვერ დავეთანხმები - გარდა იმისა, რომ მემარჯვენეებს მთელი ამ ხნის განმავლობაში არ გამოუვლენიათ ინტერესი ფულის მიმართ, საკმაოდ შეძლებული ხალხია და ასეთი ინტერესი არ გაუჩნდებათ.  ჩემი აზრით, მათ არჩევანში გადამწყვეტი როლი პრაგმატიზმმა ითამაშა. მიიჩნიეს, რომ პროცესი შედეგიანი ვერ იქნება და გადაწყვიტეს, მიჰყვნენ პოლიტიკურ პროცესს უკვე ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული ვერსიით. ამ მიყოლაში ალბათ ეცდებიან, ნახონ, რისი გაკეთება შეეძლებათ საპარლამენტო ტრიბუნიდან. თუმცა მათი ეს გადაწყვეტილება სხვა ჯგუფს აძლევს საყვედურის საფუძველს, რადგან სწორედ მემარჯვენეების ინიციატივა იყო თავის დროზე პარლამენტის მანდატების დახევა. ეს ნაბიჯი მათ შეცდომად შეაფასეს.

არც ის არის გამორიცხული, მათი ახალი გადაწყვეტილებაც შეცდომა იყოს, რაკიღა მათმა რეიტინგმა შედეგად ძლიერი რყევა განიცადა. მე ასე არ ვთვლი - ვფიქრობ, უფრო კრიტიკულები უნდა ვიყოთ იმ ჯგუფის მიმართ, რომელმაც ეს პირობები არ მიიღო. მათი ახლანდელი ლაპარაკი ხალხთან ურთიერთობასა და საზოგადოებრივი პროტესტის გამოყენებაზე ნაგვიანევი მეჩვენება. ეს თავიდანვე უნდა ყოფილიყო მათ სტრატეგიაში ჩადებული. თუკი მათ ჰქონდათ პრინციპი, რომ მოლაპარაკების მაგიდა მათი ბრძოლის ერთადერთი ფორმაა, უნდა შეენარჩუნებინათ კიდეც ეს ბოლომდე.

ამ თვალსაზრისით, ჩემთვის მემარჯვენეთა და ქრისტიან-დემოკრატების ნაბიჯი უფრო ლოგიკურია, ვიდრე ექვსეულისა. რაც შეეხება იმას, რამდენად გაუმჯობესდება ყველაფერ ამის შედეგად საარჩევნო გარემო - თავის დროზე მიმაჩნდა, რომ მანდატების დახევა შეცდომა იყო, რადგან მათ პატრონებს საპარლამენტო ტრიბუნა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინათ პოლიტიკური საქმიანობის გასაგრძელებლად. შეცდომა იყო დაშვებული მოგვიანებითაც, როცა "რვიანმა" რაფინირებულ პოლიტიკაზე გააკეთა აქცენტი, რადგან უნდა ყოფილიყო მოლაპარაკებაც და საზოგადოებრივი აქტივობის გზით მხარდაჭერაც. ასე რომ, არჩევნებისა და საარჩევნო გარემოს მიმართ ბევრი პოლიტიკური სუბიექტი უშვებდა სტრატეგიულ შეცდომებს.

დღევანდელი გადასახედიდან ისღა რჩება, რომ მოსახლეობა აღმოჩნდეს პოლიტიკოსებზე გონიერი და არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რაც ყველაზე რეალური ბერკეტია გაყალბების წინააღმდეგ. მაგრამ შეძლებს კი იმედგაცრუებული მოსახლეობა ასეთი პოლიტიკური აქტივობის გამოვლენას? - ძნელი სათქმელია...

- გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დევნილების დაბრუნების უფლებას აღიარებს, მოსკოვმა "პოლიტიზებული დოკუმენტი" უწოდა. მეტიც, რუსეთმა საჯაროდ გამოთქვა საწინააღმდეგო აზრი და მოუწოდებდა თანამეგობრობას, არ დაეჭირა მხარი ამ რეზოლუციისთვის, რითაც აფიქსირებდა, რომ არ აღიარებს დევნილების დაბრუნების უფლებას. არადა, ქართულ-აფხაზურ ან ქართულ-ოსურ კონფლიქტში ყველაზე ნაკლებად სადავო საკითხი სწორედ ის არის, რომ დევნილებს აქვთ უფლება, კანონიერ საცხოვრებელს დაუბრუნდნენ. რაში დასჭირდა რუსეთს ესოდენ არაპოპულარული პოზიციის საჯაროდ გამოტანა?

-  ალბათ, რუსული პოლიტიკაც არ არის ჩვეულ მდგომარეობაში და მის შიგნით რაღაც პროცესები მიდის. როგორც ჩანს, რადიკალიზმი და აგრესიულობა რუსულ პოლიტიკაში გაძლიერდება, რადგან საკმაოდ რთული და დაძაბული არჩევნები ახლოვდება. როგორც ჩანს, ეს "საერთაშორისო აგრესიაც" ზოგადი პოლიტიკური კლიმატის შედეგია.

- აფხაზეთში არჩევნებისთვის ემზადებიან. ამ პროცესში აფხაზთა შორის სულ უფრო აქტიურდება ნაციონალური თემა. როგორც  ""კავკაზსკი უზელი"" იუწყება, თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტობის კანდიდატები აფხაზურ ენაში გამოცდას ჩააბარებენ. ინციდენტს ჰქონდა ადგილი გასულ კვირას აფხაზი თანამშრომლების სანატორიუმიდან დათხოვნის გამოც. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი საკურორტო დაწესებულება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გადაეცა. სოხუმის ცენტრში შეგროვილი აფხაზები ამბობდნენ, რომ რუსებს მათი აზრი მხოლოდ არჩევნების დროს აინტერესებთ... უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის რეალური ზრახვები აფხაზთათვის უფრო და უფრო ცხადი გახდება?

- მოვლენების ასეთი განვითარება სავარაუდო იყო. ქართული მხარე ყოველთვის ამბობდა, რომ რუსეთის ხელში აფხაზებს კარგი დღე არ დაადგებოდათ. რაგინდ განმათავისუფლებლის იდეოლოგიითაც უნდა იყოს შენიღბული რუსული პოლიტიკა, საბოლოოდ, ყველაფერი დაპყრობით და სრული ასიმილაციით მთავრდება. საქართველო და აფხაზეთი კი არა, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ გერმანიისგან გათავისუფლებას სიხარულით შეხვდნენ აღმოსავლეთ ევროპაში, მაგრამ ძალიან მალე ეს სიხარული დაპყრობამ, დაჩოქებამ და რეპრესიებმა შეცვალა... ისტორიაში ვერ გაიხსენებთ ფაქტს, რომ რუსეთის მიერ გათავისუფლებული ერი შემდეგ ისევ რუსეთს არ დაეპყრო... ეს მათ პოლიტიკასა და მენტალიტეტში დევს.

ეს არ არის კონკრეტულად აფხაზების სპეციფიკა, ეს რუსული პოლიტიკის სპეციფიკაა. ამდენად, აფხაზების უკმაყოფილება რუსული თვითმპყრობელობის პროპორციულად კიდევ უფრო გაიზრდება. ამ ფონზე საყურადღებოდ მეჩვენება მამუკა არეშიძის ვერსია, რომელიც დღეს სწორედ ასეთი სახელით გავრცელდა, - ხომ არ დახმარებოდა საქართველო აფხაზეთს მათი დამოუკიდებლობის აღიარებით. ეს საინტერესოა იმდენად, რამდენადაც მხოლოდ კეთილშობილური ჟესტი არ არის. პირველ რიგში, ეს პრაგმატიზმია, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოს აფხაზეთის ტერიტორიაზე უპირველესად აფხაზები სჭირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი რაღაც პერიოდის შემდეგ, იქ მცხოვრები ძირითადი ეთნოსი რუსები აღმოჩნდებიან, საქართველოსთვის აფხაზეთის თემა სამუდამოდ დაიხურება. ამიტომაც მეტი ყურადღებით  და გულისყურით მოვუსმენდი არეშიძის ვერსიას, ვიდრე ეს ქართველმა საზოგადოებამ გააკეთა, მით უმეტეს, ჩემთვის სრულიად მიუღებელია ქვეყნის მოღალატის იარლიყის მიკერება.

ყურადღებას დავუთმობდი კიდევ რამდენიმე არგუმენტის გამო: აფხაზებისთვის  დანარჩენი პრობლემაც დგას, მაგრამ რუსების მხრიდან  არაერთგზის გაისმა აზრი კონფედერაციის შესახებ. ლაპარაკია საქართველოს კონფედერაციაზე, რომელშიც რამდენიმე სუბიექტი გაერთიანდება. ეს დღევანდელ პირობებში გახლავთ ერთადერთი ფორმა, რომელიც რუსეთისგან არ მოითხოვს, უარი თქვას თავის გადაწყვეტილებაზე, რაც რუსეთს, რეალისტები ვიყოთ და, ძალიან  გაუჭირდება. ვგულისხმობ აფხაზეთის აღიარების გაუქმებას. კონფედერაციის ვერსია რუსეთის აღიარებასაც ტოვებს ძალაში და ამავე დროს, რაღაც დონეზე აღადგენს საქართველოს იურისდიქციასაც, რადგან ამით სუბიექტი ერთ მთლიანობაში ერთიანდება. გამორიცხული არ არის, რუსეთის არჩევნების შემდეგ რუსები უფრო მგრძნობიარეები გახდნენ ამ თემის მიმართ, ვინაიდან რუსეთისთვისაც უამრავ პრობლემას შეიცავს ანექსიის ფაქტი და მას მოყოლილი ეკონომიკური თუ  პოლიტიკური ფაქტორები.

ასე რომ, ყველა ამ რეალობის გათვალისწინებით, ვფიქრობ, არ იქნებოდა ურიგო, საქართველოს კონფლიქტების მოგვარების ახალი ხედვა შეეთავაზებინა თანამედროვე მსოფლიოსთვის. ცხადია, აქ მხოლოდ აღიარებაში არ არის საქმე, ეს, როგორც მახსოვს, მამუკამაც დააზუსტა. რადგან მხოლოდ აღიარება აფხაზებს არაფერს მოუტანს. უნდა იყოს ლაპარაკი ხელშეკრულებათა დიდ პაკეტზე, რომლის ერთ-ერთი კომპონენტიც იქნება აღიარება. დანარჩენი პუნქტები უნდა დადგინდეს როგორც ჩვენი, ისე აფხაზების ინტერესებისა და რუსეთის ინტერესების გათვალისწინებითაც. სხვა თუ არაფერი, ეს საშუალებას მოგვცემს რუსებთანაც, აფხაზებთანაც და ოსებთანაც რეალური მოლაპარაკების მაგიდასთან დავსხდეთ. ეს ბევრად პერსპექტიულია, ვიდრე ამჟამინდელი სტატუს კვო.

- "ოქრუაშვილს ბრალად ედება ძალადობრივი ხასიათის განზრახ მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა. წარდგენილი ბრალდების თანახმად, მან საქართველოს ფარგლებს გარეთ ყოფნის პერიოდში განზრახ ჩაიდინა დანაშაული, რის გამოც ბრალდებულის მხრიდან დანაშაულებრივი საქმიანობის გაგრძელების საშიშროება არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა და ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. - ცოტა დაგვიანებული ხომ არ არის ქართული თემიდის რეაქცია?

- ცოტათი დაგვიანებულიც და ცოტათი შემცირებულიც. იმიტომ, რომ თუ ვერსია, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახმიანებს, ჭეშმარიტია, მაშინ იქ მხოლოდ ოქრუაშვილის ბრალეულობაზე არ უნდა იყოს ლაპარაკი. წესით, აქ უფრო მეტი ადამიანი უნდა იყოს ჩართული და ამ ადამიანებს უფრო დიდი როლი უნდა ეკისრებოდეთ. დამეთანხმებით, ჩანაფიქრი ბევრად მასშტაბური ჩანს, ვიდრე ოქრუაშვილს პლუს ორასი ჯარისკაცია. მართალია, რამდენიმე ფიგურა ამ საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებულია, მაგრამ ამ ფიგურებს გენერლობა არ ეტყობათ, ისინი ჯარისკაცების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებენ. არადა, სახელმწიფო გადატრიალებას "გენერლები" უნდა ჰყოლოდა. ასე რომ, გადატრიალების თემისთვის ამ ბრალდების წაყენებას დიდი დამაჯერებლობა არ მოუტანია. ამიტომ ეს, ერთი შეხედვით მნიშვნელოვანი თემა ინტენსიური მსჯელობის საგანი არც გამხდარა და, ალბათ, არც გახდება.

- კახა კუკავასა და გიორგი ცანავას ვოიაჟი რუსეთში თუ შეიძლება ინტენსიური მსჯელობის საგანი გახდეს? "თავისუფალი საქართველოს" პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრები შედგა არა მხოლოდ რუს პოლიტიკოსებთან, არამედ გენადი ონიშჩენკოსთანაც. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს რუსეთის მთავარ სანიტართან შეხვედრაზე ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნების შესაძლო მექანიზმები განუხილავთ. საქართველოს ხელისუფლების ნების გარეშე ამ საკითხის გადაჭრა შესაძლებელია?

- გააჩნია, რას იზამს მთავარი სანიტარი. თუკი აღმოჩნდა, რომ მთავარი სანიტარი აჰყვა ამ ახალგაზრდებს, საზოგადოება ამ შემთხვევაში ვოიაჟს, ალბათ, დადებითად შეაფასებს. ხელისუფლების მხრიდან რა შეიძლება მოჰყვეს ამ ყველაფერს, ძნელი სათქმელია. თუკი უშედეგოდ დარჩა ეს მცდელობა, ესეც არ მგონია ტრაგედია იყოს - უშედეგო მცდელობების მეტი რა გვინახავს...