"ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება" - კვირის პალიტრა

"ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება"

"ლიბერალურ ექსტრემიზმს კულტურულ ჩიხში შეჰყავს ჩვენი საზოგადოება"

"ჩვენი დაუფიქრებლობა და ილუზიები ჩვენვე დაგვხვდება წინ"

"ამ ვითარებაში ყოველგვარმა საკანონმდებლო ბონაპარტიზმმა და რევოლუციურმა თავქარიანობამ შეიძლება დეტონატორის როლი შეასრულოს"

გასულ კვირას საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსმა" სავსებით უწყინარი ინფორმაცია გამოაქვეყნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ვერა ქობალიას საავადმყოფოში მოთავსების შესახებ. უცნაურია, მაგრამ ამას ხელისუფლების მძვინვარე რეაქცია და კატეგორიული უარყოფა მოჰყვა. მეტიც, მცირე ხნის შემდეგ ეს ფაქტი უარყო თავად საავადმყოფომაც. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მედპერსონალის საუბრის აუდიოჩანაწერთან ერთად ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტოსურათიც არსებულა.

როგორც ჩანს, მინისტრი არ შეიძლება ცუდად ხდებოდეს, რადგან ქვეყნის მტრებს არ სძინავთ და ამ ამბავს უმალ აცნობებენ "იქ, სადაც საჭიროა". ქვეყნის მტრებს რაც შეეხება, ხელისუფლებამ ამ თემაზე მორიგი "ჯაშუშური ისტორია" შემოგვთავაზა და მორიგი რებუსიც გაჩნდა. ამდენი ჯაშუში, ალბათ, "ცივი ომის" პერიოდში არ ჰყოლიათ არც მოსკოვს და არც ვაშინგტონს. მართალია, ზოგიერთი ბრალდებულის ჩვენება გამოქვეყნდა, მაგრამ დასკვნის გამოტანა მაინც ძნელია.

ისღა დაგვრჩენია, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სიტყვები გავიმეოროთ, - იმედია, გამოძიება დამაჯერებელ არგუმენტებს შემოგვთავაზებს. ჯერჯერობით კი რუსულ სამხედრონომრებიან "ნივაში" მჯდომი რუსი პიროვნების ვიდეოჩანაწერი და შენობის გეგმის კადრი დიდი ვერაფერი ფანტაზიის საშუალებას იძლევა. ისე, ცოტა არ იყოს, უცნაურია: თუ კაცი იმისთვის დაიჭირეს, რომ კომპიუტერში გასაიდუმლოებული შენობის გეგმა ჰქონდა, მერე ამ გეგმას ტელევიზიით რატომღა გვიჩვენებენ - ფოტოშოფის საშუალო მცოდნეც კი ხომ ამ კადრისგან კარგ ფოტოს დაამზადებს? "რა შეეძლო გადაეღო ფოტოგრაფს ისეთი წარმოუდგენელი, რაც სხვას არ ჩაუდენია. "არ ვიცი, სააკაშვილის რა ქმედება მოხვდა მათ ფოტოკადრებში", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ასეთი გახლავთ ერთ-ერთი ვერსია კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ფოტოკორესპონდენტების დაკავებისა. საზოგადოებაში იყო აზრიც, რომ ეს ყველაფერი "რელიგიურ გაერთიანებათა შესახებ" კანონთან დაკავშირებული ამბების მისაჩქმალად მოხდა. ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ისე, თავისთავად კანონს იმხელა საფრთხისა არაფერი ეტყობა, ეჭვს უფრო მისი სტახანოვური ტემპით მიღება აჩენს და კიდევ ის გარემოება, რომ კანონის მიღებით გაჩნდა საფუძველიც და საჭიროებაც რელიგიურ გაერთიანებათა რეგისტრაციის კრიტერიუმებისა და თავად ამ სტატუსის უფლებრივი დეტალური განმარტებების მიღებისა.

აი, აქ რა და როგორ იქნება, ჩვენი კანონმდებლების სტახანოვური ჩვევების გათვალისწინებით, მართლაც რომ დასაფიქრებელი და გასაფრთხილებელია. გასაფრთხილებელია ის მცირე ქსენოფობიური ელემენტებიც, რაც ამ მოვლენების შემდგომ ქართულ პრესასა და სოციალურ ქსელებში გამოჩნდა. მხოლოდ ერთს დავძენთ: ტაშისკარის ბრძოლას, თევდორე მღვდელთან ერთად, მეორე გმირიც ჰყავს - სომეხი მღვდელი, რომელმაც გორისკენ მიმავალ ოსმალოთა ჯარს ცხვირწინ აუყარა ხიდი და გორელები აოხრებას გადაარჩინა.

გასულ კვირასვე ცნობილი გახდა, რომ პატარკაციშვილის ოჯახი დათანხმდა, გამოიწვიოს უკან ყველა საჩივარი და აღარ გამოთქვას პრეტენზია სამაუწყებლო კომპანია "იმედსა" და მთაწმინდის პარკზე (იტოვებს უფლებას განაგრძოს დავა ჯოზეფ ქეისთან საქართველოს ფარგლებს გარეთ სხვა აქტივების გამო), სანაცვლოდ, სამწლიანი შესვენების შემდეგ, გააგრძელებს ბადრი პატარკაციშვილის მიერ დაწყებულ ეკონომიკურ და საქველმოქმედო საქმიანობას. როგორც ჩანს, მიუხედავად "იმედის" გასხვისების ამბის აშკარა ბუნდოვანებისა, მისი ბედი საბოლოოდ გადაწყდა.

KvirisPalitra.Geფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან გასული კვირის მნიშვნელოვან თემებზე საუბარი რელიგიური სტატუსის თემით დავიწყეთ:

- რელიგიური გაერთიანებისთვის სტატუსის მინიჭებას დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. ეს საკითხი მრავალშრიანია და შეიძლება რამდენიმე კითხვად დავყოთ: თქვენი აზრით, რა საფრთხის შემცველი შეიძლება იყოს ეს კანონი ქართული სახელმწიფოებრიობისთვის? იმისდა მიუხედავად, ჰქონდა თუ არა დიდი მნიშვნელობა ამ კანონს, საჭირო იყო თუ არა მისი სასწრაფოდ მიღება? - პატრიარქმა საგანგებოდ სთხოვა ხელისუფლებას მიღებამდე კანონპროექტი საფუძვლიანად განეხილათ. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა ორ დღეში მისი სამგზის განხილვაც მოასწრო და პრეზიდენტმა - ხელის მოწერაც. აქ უფრო სხვა რამესთან, მაგალითად, ხელისუფლებისა და ეკლესიის დაპირისპირებასთან ხომ არა გვაქვს საქმე, ვიდრე "დიდ სომხურ შეთქმულებასთან", როგორც ამის დახატვას მავანნი ცდილობენ? თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ეს ყველაფერი სწორედ გარეგინ II-ის საქართველოში ვიზიტს დაემთხვა და ფაქტია ისიც, რომ ამ ვიზიტის შემდეგ სომხურმა პრესამ ყოველთა სომეხთა კათალიკოსს მრისხანე დახვედრა მოუწყო უშედეგო ვიზიტის გამო. ხომ არ არსებობს საშიშროება, ეს ყველაფერი ქსენოფობიასა და ეთნიკური შუღლის გაღვივებაში გადაიზარდოს? რამდენად გაუძლებს ასეთ სცენარს ქართული სოციუმი?

- საქმე ის არის, რომ ამგვარი კანონის აუცილებლობა მართლაც არის. არ მინდა, სამართლებრივ დეტალებს შევეხო, ჯობს, ეს იურისტებს დავუთმოთ. მე მინდა ვილაპარაკო მხოლოდ იმ კონტექსტზე, რომლითაც მოვლენები განვითარდა. ფაქტია, რომ საკანონმდებლო ცვლილებათა შემუშავებაში მართლმადიდებელი ეკლესიაც მონაწილეობდა და როგორც პატრიარქის განცხადებიდანაც ჩანს, ასეთი სამართლებრივი ნორმის მომხრეც იყო.  ამასთან, ეკლესიას სჭირდებოდა გარანტია იმისა, რომ სამართლებრივი ცვლილებები არ მიებმებოდა ქონებრივ პრობლემებს, ან თუ მიებმებოდა, საკითხი სამართლიანად იქნებოდა დასმული. შეიძლება არ დავეთანხმოთ ეკლესიის პოზიციას, მიგვაჩნდეს, რომ საკითხის ამგვარი დასმა ლიბერალიზმის პრინციპებს უპირისპირდება, მაგრამ გვსურს თუ არა, ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ინსტიტუცია ასე სვამს საკითხს. მას ზურგს ათიათასობით მორწმუნე უმაგრებს და ეს უნდა გათვალისწინებულ იქნეს.

სამწუხაროდ, მათ, ვინც ასე დაჩქარებულად მიიღეს ცვლილებები, ეს არ გაითვალისწინეს. მეტიც, როგორც ყველაფრიდან ჩანს, არც ჩათვალეს საჭიროდ, გახსენებოდათ, რომ რელიგიური ცხოვრება უფაქიზესი სფეროა, უფრო ფაქიზი, ვიდრე პოლიტიკური ან ეკონომიკური სფეროები და რომ კონსენსუსის მაქსიმუმის გარეშე მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმების მიღება არ შეიძლება. მით უმეტეს, როდესაც ამ ცვლილებებს ახორციელებს ის ხელისუფლება, რომლის წარმომადგენლებიც არაერთხელ არიან შემჩნეული, რბილად რომ ვთქვათ,  ეკლესიის მიმართ გულგრილობაში და არც ამგვარი ცვლილებებისათვის საჭირო ნდობის კრედიტი აქვთ.

ცხადია, სომხური ფაქტორი არსებობს და არც ამაზე შეიძლება თვალის დახუჭვა. გლობალიზაციის ერთ-ერთი პროდუქტი - რელიგიური ნაციონალიზმი სომეხ საზოგადოებაში ისევე არსებობს, როგორც ჩვენსაში. გარეგინ II-ის განცხადება, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ექვსი ეკლესიის საკითხი ისმება, უნებურად სხვადასხვა პუბლიკაციაში დასახელებულ საქართველოში მდებარე ექვსას სომხურ საკულტო შენობას მახსენებს. ის, რაც ამ პუბლიკაციებში შეგხვდებათ, იოლად შეიძლება გაგებულ იქნეს როგორც ტოტალური რელიგიური ექსპანსიის გეგმები. ამაზე თვალის დახუჭვა არ შეიძლება. ამ ვითარებაში ყოველგვარმა საკანონმდებლო ბონაპარტიზმმა და რევოლუციურმა თავქარიანობამ შეიძლება დეტონატორის როლი შეასრულოს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე.

გადამწყვეტი როლი ექნება, აქტიურ პოზიციას დაიკავებენ თუ არა ქართველი და სომეხი საზოგადოების ის წარმომადგენლები, ვისაც ესმით, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ვითარების ესკალაციას. არ უნდა დავუშვათ, რომ სხვადასხვა ყაიდის რადიკალები კიდევ ერთხელ გამოძვრნენ ჯურღმულებიდან.

ეკლესიას უნდოდა ხელისუფლების სახით ჰყოლოდა ბუნებრივი მოკავშირე, რომელიც  დაეხმარებოდა, რათა საქართველოში არსებული სომხური ტაძრების გრიგორიანული ეკლესიისათვის გადაცემის საკითხი სომხეთში მდებარე მართლმადიდებელი ტაძრების ბედს დაჰკავშირებოდა. ეჭვი არ არის, საკითხის ასე დასმა სამართლიანიცაა და გონივრულიც, რადგან უკვე ნახსენები ექსპანსიის სურვილისაგან დაზღვევის მექანიზმებს ქმნის. სამართლიანობა მოითხოვს, შესწავლილ იქნეს საქართველოში მდებარე სომხური ტაძრების პრობლემა ისევე, როგორც სომხეთში მდებარე ქართული ტაძრებისა. როგორც ჩანს, ჩვენი ხელისუფლების ბევრ წარმომადგენელს პოლიტიკური კლაუსტროფობია ჭირს და მსოფლიო ლიბერალური რევოლუციის კატეგორიებში განიხილავს პრობლემებს, ისევე როგორც ბოლშევიკები განიხილავდნენ პროლეტარული რევოლუციის კატეგორიებში. ქცევის წესიც ანალოგიურია.

მაშინაც იყო და დღესაც არის ვიწრო წრე, რომელსაც, როგორც ჩანს, მიაჩნია, რომ ჩვენ, დანარჩენები, მხოლოდ მასალა ვართ ახალი ადამიანისა და„ახალი საზოგადოების შესაქმნელად. ყველაფრიდან ჩანს, რომ მათ ქცევას სწორედ ეს ფსიქოლოგიური წანამძღვარი აქვს.  ეს კი ისეთი რამ არის, რასაც დიდხანს ვერ შენიღბავ პიარმანიპულაციებით. ბოლო დროს ხშირად მახსენდება 20-იან თუ 30-იან წლებში გადაღებული ერთი მუნჯი ფილმი, სადაც აღწერილია, თუ როგორ ცდილობენ კომკავშირელები შუა საუკუნეების ტაძრის ადგილას კაშხლის აშენებას და როგორ ედებიან ფეხებში„ჩამორჩენილი მოხუცი ქართველი ინტელიგენტები. ნამდვილად არ მეგონა, თუ ამგვარ რევოლუციურ ლოგიკას კიდევ ერთხელ შევესწრებოდი.

- როგორ შეაფასებდით "ოპოზიციური "ექვსიანის" მიერ კოალიციის შექმნას? ამას საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებასთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა უძღოდა წინ. რა პერსპექტივა აქვს საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებას?

- ამ კითხვაზე პასუხი წინა  პასუხის გაგრძელება იქნება. დღეს ჩვენ გვჭირდება ხელისუფლების პოლიტიკური ალტერნატივა, რომელიც თავს მოუყრის ჩვენს პრობლემებს სულიერებისა და კულტურის, ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროებში და თანამედროვე სამყაროს ენაზე აამეტყველებს. მან ქვეყნის განვითარების ალტერნატიული პროექტი უნდა შემოგვთავაზოს, რომელიც მცირე ნიუანსურ განსხვავებებზე კი არ იქნება დაფუძნებული, არამედ ძირეულზე. მაგრამ, თუ იგი მხოლოდ იმავეს გაკეთებას დაგვპირდება, ოღონდ უკეთ და უფრო სამართლიანად, ეჭვი მეპარება, კარდინალურ წარმატებას მიაღწიოს. ცხადია, ყველაფერი დიდ გონებრივ ძალისხმევას მოითხოვს მათგანაც და ჩვენგანაც. მათ ხომ ის სატკივარი უნდა გაახმაურონ, რაც ამ ყმაწვილების მიერ განხორციელებული ე. წ. ლიბერალური რევოლუციის წლებში დაუგროვდა ყველა ჩვენგანს. საკითხს ასე დავსვამდი:

ძალამ, რომლის აუცილებლობასაც ვვარაუდობთ, ოპონირება უნდა გაუწიოს  იმ ლიბერალურ ექსტრემიზმს, რომელსაც ეკონომიკურ, პოლიტიკურ და, რაც ჩემთვის ყველაზე მწვავეა, კულტურულ ჩიხში შეჰყავს ჩვენი საზოგადოება.

- შეძლებს კი ახალშექმნილი კოალიცია ამ მისიის შესრულებას?

- ახალი კოალიცია გამოცდილი სუბიექტებისაგან შედგება. მათ კარგად იციან, რომ მათ მიმართ ყურადღება ისევე შეიძლება გაქრეს, როგორც გაჩნდა. მაისის მოვლენებმა ცხადყო, რომ საიმედო პოლიტიკური ალტერნატივის გარეშე ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება თანდათან ჩიხში შედის. დღეს ხელისუფლებას შეუძლია ნებისმიერ ჩანაფიქრს შეასხას ხორცი: გაყიდოს სტრატეგიული ობიექტები და ბუნებრივი რესურსები, უიმედოდ მიატოვოს სოფლის მეურნეობა, აგდებით მოეპყრას ჩვენს რელიგიურ ინტერესებს. ამიტომაც, როგორც ვთქვი, კოალიციას დიდი იმედი უკავშირდება. ეს კი საკმაოდ დიდი კაპიტალია, ახალ გაერთიანებას თავიდანვე ერთგვარ ფუფუნებას რომ უქმნის.

ასევე დიდი კაპიტალია ნდობის საკმაოდ მაღალი ხარისხი მასში გაერთიანებული სუბიექტების უმრავლესობისადმი. თუმცა ისიც არის, რომ იგი მუდამ გამადიდებელი შუშის ქვეშ იქნება. ჩვენ საკმაო გამოცდილება დაგვიგროვდა საიმისოდ, რომ იოლად ავყვეთ ემოციას და დავივიწყოთ, რომ ჩვენი დაუფიქრებლობა და ილუზიები ჩვენვე დაგვხვდება წინ. კოალიციის წინაშე ახლა საკმაოდ დიდი შესაძლებლობებია ჩვენი ფრაგმენტირებული და მცირე პარტიებში გაფანტული პოლიტიკური, ელექტორატული და სხვა რესურსებისა, რაც მთავარია, საზოგადოებრივი მოლოდინის სახით. იმედი ვიქონიოთ, რომ შეძლებს ყოველივე ამის მობილიზებას და როგორც მისი ლიდერები ამბობენ, ერთ მილიონ ამომრჩევლად გადაქცევას. ცხადია, გადამწყვეტი როლი ეკისრება ჩვენი საზოგადოების პოზიციასაც. ამ მხრივაც საიმედო ნიშნები იკვეთება.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ უახლოეს ხანებში ასპარეზს კიდევ ერთი ან ორი ახალი გაერთიანება მოევლინოს. ამ გაერთიანების მიზანი ნათელი იქნება - კოალიციის შექმნის ფაქტი უნდა ჩაიკარგოს ანალოგიურ ინფორმაციულ ქაოსში. ეს ხელისუფლების ძველი და საყვარელი ხერხია და ესეც ძალზე მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, თუ რამდენად სიცოცხლისუნარიანია "ექვსიანი" და რამდენად საფუძვლიანია მასზე დამყარებული იმედი. არც იმას გამოვრიცხავ, კოალიციის შემადგენლობა შეიცვალოს. არავითარი მისტიკური თუ სიმბოლური მნიშვნელობა არა აქვს, მის შემადგენლობაში ექვსი სუბიექტი იქნება თუ ხუთი. მთავარია, სუბიექტები მასში ორგანულად იყვნენ გაერთიანებული და ზოგიერთის განცხადებები უხერხულ მდგომარეობაში არ აგდებდეს სხვებს. ვისურვებდი, უფრო ღრმა ინტეგრაცია მომხდარიყოს, მაგრამ ჯერ, როგორც ჩანს, ეს შეუძლებელია.

ხელისუფლებას დღეს ჯერ კიდევ სრულიად არათანაზომადი ძალები უწევენ მეტოქეობას. ისინი ჩამორჩებიან მას საკადრო რესურსებით, საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედების ინსტრუმენტებით, თვითორგანიზების უნარით და ა.შ. როგორც ვთქვი, უმთავრესი საზრუნავი, რომელიც ახლა გვაქვს, ხელისუფლების ძლიერი ალტერნატივის შექმნაა. კოალიციამ სწორედ ეს ნიშა დაიკავა. სწორედ ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა იყო მისი შექმნა. სხვაგვარად ჩვენი ხელისუფლების თავნებობის დაბალანსება შეუძლებელი იქნება. ეს კი არანაკლები ეროვნული საფრთხეა, ვიდრე მოძალადე მეზობელი ან  ეკონომიკური კრიზისი. ასეთ ვითარებაში ყველაზე კარგი ხელისუფლებაც კი თავს ვერ დააღწევს ცდუნებას, პატარა პოლიტიკური ჯგუფების მიერ შექმნილი ქაოსი პოლიტიკური კორუფციით მართოს.

რაც შეეხება არჩევნებს, იგი გარდაუვალია. ამიტომაც არ ღირს კითხვის დასმა იმის შესახებ, შეგვიძლია თუ არა სამართლიანი არჩევნების ჩატარება, მით უმეტეს, მის ალტერნატივად რევოლუცია მივიჩნიოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ და ამით დავუდასტუროთ საკუთარ თავს, რომ დღევანდელი სამყაროს ღირსეული, საკუთარი თავის მოვლის უნარის მქონე ნაწილი ვართ.