"ხელისუფლება იძულებული შეიქნა ფოტორეპორტიორები გაეთავისუფლებინა" - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება იძულებული შეიქნა ფოტორეპორტიორები გაეთავისუფლებინა"

"ჟურნალისტებმა აგრძნობინეთ ხელისუფლებას, რომ უსამართლობას არ შეეგუებოდით"

ანძა - კიდევ ერთი ქმედითი ინსტრუმენტი?!

"მაინტერესებს, მოიხდიან თუ არა ბოდიშს ჟურნალისტები, როდესაც სასამართლო მტკიცებულებები გამოქვეყნდება", - განაცხადა "ეგრეთ წოდებულ მედიაზე" საუბრისას ბატონმა ვაშაძემ, რომელსაც, სხვათა შორის, ჯიბეში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოწმობასთან ერთად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქის პასპორტიც უდევს. იმ რუსეთისა, რომლის ხან მონობას და ხანაც ჯაშუშობას აბრალებს ხოლმე ქართველ ჟურნალისტებს ხელისუფლება. საქმის არსებითი განხილვა არ მომხდარა და შესაბამისად, არც ის "ძალიან სერიოზული მტკიცებულებები" უნახავს მსოფლიოს, რაზეც ტელეკომპანია ბი-ბი-სის შს მინისტრის მოადგილე ესაუბრებოდა…და მაინც, ვფიქრობ, დადგა დრო, ქართულმა მედიამ "ბოდიში მოიხადოს":

- ბოდიში იმისთვის, რომ ქურციკიძისა და აბდალაძის გრუ-ს აგენტებთან სატელეფონო საუბრების სქემის გამოქვეყნების შემდეგ, მტკიცებულებაში მითითებულ ნომრებზე დავრეკეთ და აგენტების ნაცვლად რიგითი მოქალაქეები შეგვრჩა ხელთ, რომლებიც ამ ნომრებით თურმე უკვე ათი წელია სარგებლობენ;

- ბოდიში იმისთვის, რომ კა-გე-ბესთვის გადაცემული გაეროს ქართველ თანამშრომელთა გვარების გადახაზული სიის ნახვის შემდეგ სულმა წაგვძლია და გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზე შევედით, სადაც ეს გვარები სრულად იყო მოცემული;

- ბოდიში, რომ გამოვიკვლიეთ - თურმე იმ წელს, რომელ წელსაც აბდალაძე ,,ჯაშუშურ ფოტოებს" იღებდა, გიორგაძის პარტიას ახვლედიანის ქუჩაზე ოფისი ჯერ არ ჰქონია გახსნილი;…

სამწუხაროა, მაგრამ ბოდიში, რომ ასეთი მტკიცებულებების შემდეგ, ამ საქმეში არსებულ სხვა, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დოკუმენტების ლეგიტიმურობაც საეჭვო გახდა.…

გასულ კვირას ბათუმში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, საქართველოში ყველაფერია იმისთვის, რომ ოჯახებმა უკეთესად იცხოვრონ, მაგრამ ინიციატივა თვითონაც  უნდა გამოიჩინონო. ალბათ, იმ 600000 ოჯახის სახელითაც უნდა მოვიხადოთ ბოდიში, რომლებიც სიღარიბის ზღვარს მიღმა არიან და შემწეობის სააგენტოს მიზერული დახმარების დანიშვნისთვის მიმართეს. ბოდიში უნდა მოვიხადოთ იმისთვისაც, რომ 26 მაისს ვიდეოკამერები ჩვენი ხელით არ დავამსხვრიეთ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოთხოვნის შემდეგ, შსს-ს მაღალჩინოსანი ვაიძულეთ ფაქტების გამოძიებასა და დასჯილებზე ფაქტებისა და დასჯილების გარეშე ელაპარაკა, - ვინ  დავსაჯეთ, რისთვის და როგორ, ამას ვერ გეტყვითო. არადა, სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს მონდომებული, ასეთი პირები გამოააშკარაოს, საჯარო გახადოს და თავისი უწყებისგან გამიჯნოს, რათა ხალხმა "კარგი" და "ცუდი" პოლიციელის არსებობა ირწმუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოება იმ მოტყუებული ბავშვის როლში აღმოჩნდება, უხეირო ფოკუსს რომ უჩვენებენ, იმიტომ, რომ ბავშვია. დასასრულ, ვფიქრობ, ქართულ მედიას ბოდიშთან ერთად მადლობაც აქვს გადასახდელი, რადგან მტკიცებულებებთან ასეთი დამოკიდებულებით ყველას დაჭერა შეეძლოთ და არ დაიჭირეს. ხელისუფლებას რომ დემოკრატიასთან თავისებური დამოკიდებულება აქვს, ერთი პრობლემაა. არანაკლები პრობლემაა ქართულ ოპოზიციაშიც. ჯერ იყო და, ოქრუაშვილი გადმოდგა პარიზიდან და გაჩეჩილაძეს სულ მოღალატე-გამყიდველი უძახა; მერე აქედან გუნცაძე გაეპასუხა და ექსთავდაცვის მინისტრი შეამკო - "გაფარჩაკებული და გაბახებული კაცი უწოდა. მოკლედ, ვისი პარტია ვის ოფისშია, სულ უფრო ძნელი გასაგები ხდება.…

ქართულ რეალობასა და მომავალზე რამაზ საყვარელიძეს ვესაუბრებით:

- ფოტორეპორტიორები: ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი გედენიძე, გიორგი აბდალაძე და ნათია გედენიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. მსჯავრდადებულებმა პირობა დადეს, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლებენ. შესაბამისად, კომენტარი არ გაუკეთებიათ და, ალბათ, არც გააკეთებენ. "ჯაშუში ფოტორეპორტიორების" საქმე კვლავაც ბურუსით მოცული დარჩა. საზოგადოებაში კი რამდენიმე ვერსია გაჩნდა: ნაწილი მომხდარს ქართული მედიის გამარჯვებად მიიჩნევს; ხელისუფლება ამბობს, რომ რეპორტიორებისგან მეტად მნიშვნელოვანი ცნობები მიიღეს; არიან პესიმისტებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ხელისუფლებამ მიზანს მიაღწია: კონკრეტული რეპორტიორები დააშინა, დანარჩენებს კი მაგალითი უჩვენა და საბოლოოდ, თავი არც მტკიცებულებათა მოძიებით შეიწუხა.

- იყო ის ვერსიაც, რომ მტკიცებულებები არც ყოფილა, ანუ საბრალდებო კალათა ცარიელი იყო და ამისთვისაც აირჩიეს საპროცესო შეთანხმების გზა, რათა ღია სასამართლო პროცესზე საკითხის არსებითი განხილვა არ მომხდარიყო და შესაბამისად, მავანნი უხერხულ მდგომარეობაში არ აღმოჩენილიყვნენ. ამას თუ დავამატებთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და სხვა დიპლომატიური მისიების თუ საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებს, რომ ინტერესით ადევნებდნენ თვალყურს ფოტორეპორტიორების საქმის განვითარებას, ცხადი ხდებოდა, რომ თუკი ბრალდებები არ დატოვებდა დამაჯერებელ შთაბეჭდილებას, უცხოელი პარტნიორებისგან ეს შეუფასებელი არ დარჩებოდა.

მგონია, რომ ჟურნალისტების ძალისხმევამ გახადა უცხოელები უფრო აქტიური, ამ უკანასკნელთა აქტიურობამ კი, თავის მხრივ, ხელისუფლება აიძულა, ტაქტიკა შეეცვალა.

მაგრამ მაინც არ შევაფასებდი ამ ეტაპს როგორც გამარჯვებას ან დამარცხებას. თუ გამარჯვებაზეა ლაპარაკი, ეს არის როგორც ჟურნალისტების, ისე ხელისუფლების გამარჯვება, რადგან მან ვნებები მოთოკა და საქმე უფრო რაციონალური გზით წაიყვანა. მაგრამ ეს გახლავთ მხოლოდ ერთი ეპიზოდი იმ დიდი დაპირისპირებისა, რაც მომავალში შეიძლება განვითარდეს, რადგან პრობლემები ხელისუფლებას დამოუკიდებელი მედიის გამო გაუჩნდა. აქედან გამომდინარე, ეს ხელის შემშლელი ფაქტორი უნდა "განეიტრალდეს".  ვშიშობ, რომ მომავალში ეს ფაქტი ხელისუფლების ახალი მოქმედებების მიზეზი გახდება.

- ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა და დასავლეთის დიპლომატიურმა მისიებმა პროცესის სათავეშივე განაცხადეს, რომ გამოძიებისგან საფუძვლიან არგუმენტებს ელოდნენ. ასეთი კი არაფერი გახმაურებულა. რამდენად მოსალოდნელია, რომ ხელისუფლებას რეპორტიორების დაპატიმრებისთვის არგუმენტებს მოსთხოვენ? როგორ ფიქრობთ, თუნდაც ქართველი საზოგადოება უნდა დაკმაყოფილდეს რეპორტიორების გათავისუფლებით თუ უფრო საფუძვლიანი მტკიცებულებები მოითხოვოს?

- მტკიცებულებათა ქონა-უქონლობა, რა თქმა უნდა, ყველასთვის თვალში საცემი იქნება. თემის გააქტიურება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დასჭირდება მისი გახსენება რომელიმე მხარეს - გინდ მედიას და გინდ საზოგადოებას.

არა მგონია, საქართველოს უცხოელმა მეგობრებმა ამ ეტაპზე ყურადღება გაამახვილონ ამ თემაზე, თუმცა მათ მეხსიერებაში ეს დღეები აუცილებლად ჩარჩება და ეს იქნება მორიგი, მკაფიო სიგნალი, რომ ქართულ დემოკრატიაში ყველაფერი მთლად რიგზე არ არის. სამოქალაქო აქტივობას რაც შეეხება, ის ინიციატივა, რაც სახელმწიფო უშიშროების დამცველ კანონმდებლობაში გაჩნდა მისი დაზუსტებისა და კონკრეტიზაციის თვალსაზრისით, ვფიქრობ, ეს საკითხი დავიწყებას არ უნდა მიეცეს და პირიქით, უნდა გააქტიურდეს კიდეც, რომ ამ ტიპის კანონდარღვევებზე უფრო კონკრეტულად ილაპარაკონ და არა ისეთი ზოგადი და ბუნდოვანი ბრალდებებით, როგორიც ამ საქმეში იყო.

- "26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული შიდა მოკვლევის შედეგად ის სამართალდამცავებიც დაისაჯნენ, რომლებმაც ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა. თუმცა, კონკრეტულად რამდენი კაცი და ვინ დაისაჯა ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის გამო, პოლიციის ჩინოვნიკს არ დაუკონკრეტებია. "დანარჩენი ინფორმაცია საჯარო არ არის", - დასძინა შოთა უტიაშვილმა. რამდენად ადეკვატურია ასეთი თემების გასაიდუმლოება ან რა ვალდებულია საზოგადოება ხელისუფლების ზეპირ განცხადებას დასჯერდეს, რომ ესოდენ გახმაურებული საქმის გამო ვიღაცები სადღაც დასაჯეს, მაგრამ ვინ და როგორ, ამასაც კი არ გვეუბნებიან?

- ალბათ, ეს საზოგადოების უპატივცემულობაა, რადგან წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, სადაც სახელმწიფო საიდუმლოება შესაძლებელია დაფარული ყოფილიყო, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბიუჯეტიდან დაფინანსებულ პოლიციის სექტორზე, რომელსაც უშუალო შეხება აქვს მოსახლეობასთან და მოსახლეობასაც სრული უფლება აქვს იცოდეს, რა მდგომარეობაა ამ სფეროში. მით უმეტეს, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ბრალდებები ადამიანის უფლებათა დარღვევის თაობაზე.

არა მგონია, სადმე არგუმენტები არსებობდეს იმისა, რომ უნდა გასაიდუმლოვდეს პოლიციის სისტემაში მიმდინარე მოვლენები, მით უმეტეს, როდესაც ლაპარაკია საზოგადოების წინაშეE ჩადენილ დანაშაულზე და მით უფრო, თუ ეს დანაშაული პოლიციელებმა ჩაიდინეს,

როგორც ეს თავად პოლიციის მაღალჩინოსანს უთქვამს თავის განცხადებაში. თავის დროზე, საიდუმლო არ გახადეს გირგვლიანის საქმე - ავად თუ კარგად, საზოგადოებამ იცოდა კონკრეტული პირები, რომელთაც ამ საქმესთან ჰქონდათ კავშირი. დღეს კი გაუგებარია, ან იქ რატომ იყო ღია, ან აქ რატომ არის დახურული. მგონი, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ ყველაფერი, რაც პოლიციაში ხდება, მაქსიმალურად გამჭვირვალე იყოს, რადგან პოლიცია, მოგეხსენებათ, საზოგადოებრივ წესრიგს იცავს. თუ საზოგადოებაში წესრიგს ისე დაიცავენ, რომ თავად მას არაფერს შეეკითხებიან, ცხადია, იქნება გადაცდომები და ეს ყველაფერი ისევ ჩვენი, საზოგადოების პასიურობის ბრალი იქნება - თუ არ მოვითხოვთ, არც არაფერს შეგვეკითხებიან.

- "ერთი მცირეტირაჟიანი ფერადი ჟურნალი წერს, ვის რად უნდა შენი კიჩი, არქიტექტურული ბიჟუტერია. ამ კიჩის სანახავად მე თვითონ უარს ვამბობ სიღნაღში სიარულზე. ამაზე ერთადერთი პასუხია - ვაი შენს პატრონს. მე არაფერს ვამბობ მის გონებრივ შესაძლებლობაზე, არავინ მინდა გავაკრიტიკო, მაგრამ ამას ხომ ჰგონია თავი ძალიან განათლებული. ეს არის რუსეთის მიერ ჩამოყალიბებული მონის კლასიკური ტიპი, რომელსაც ჰგონია, რომ ჩვენ ვართ ყველაზე ჩამორჩენილები, მახინჯები, გამოუსწორებლები და ჩვენგან არასოდეს არაფერი დადგება. ამ აზროვნებას ანგრევს "რედისონი" და "შერატონი", - განაცხადა პრეზიდენტმა. მანამდე კი საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართულ მედიას "ეგრეთ წოდებული" უძახა და ქართველი ჟურნალისტების შეკითხვებზე უკმაყოფილებაც გამოთქვა. ბზარი ვირტუალურ და რეალურ საქართველოს შორის სულ უფრო იზრდება: ერთი მხრივ, აწესებენ ახალ გადასახადებს, ძვირდება სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა, მცირდება შეღავათები; მეორე მხრივ კი პრეზიდენტი საქართველოს უკვე აშენებულად აცხადებს და ქართულ ოჯახებს უკეთ ცხოვრებისთვის ინიციატივის გამოჩენისკენ მოუწოდებს... როგორც ჩანს, მედიამ და საზოგადოებამაც უფრო უნდა მოვინდომოთ ქვეყნის აღმშენებლობის დანახვა, თუნდაც ის მაინცდამაინც მკაფიოდ არ ჩანდეს.

- თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მედიის ერთი ნაწილი არ იმსახურებს ხელისუფლების გულისწყრომას და ეს მხოლოდ დამოუკიდებელ მედიას ეხება, რომელიც თურმე "ეგრეთ წოდებულიც" ყოფილა, მაშინ გაუგებარია, რატომ დაიმსახურა ასე მკაცრი შეფასება მთელმა პრესამ. კარგი იქნებოდა, კრიტიკის საგანი კონკრეტული პირები ყოფილიყვნენ. მაგრამ ეს ხომ კრიტიკა არ არის? ხელისუფლების ზედა ეშელონებს სჩვევიათ ისეთი შეფასებები, კრიტიკისგან შორს რომ დგას და უფრო შეურაცხყოფას ისახავს მიზნად, ვიდრე დავას ამა თუ იმ პოზიციაზე. მაგრამ ეს ხომ ახალი არ არის? ჩვენ ბევრად ადრე ტერმინი "ჩარეცხილები" დაგვიმკვიდრეს. ასე რომ, მედია ამ შემთხვევაში გამონაკლისი არ ყოფილა. ადამიანი, სამწუხაროდ, ისეა მოწყობილი, რომ თავისი სამრეკლოდან ამჯობინებს მოვლენათა შეფასებას. დემოკრატიაც იმისთვის არის მოგონილი, რომ ასეთი ადამიანი ილუზიების მსხვერპლი არ გახდეს და შეცდომა არ დაუშვას.

სამოქალაქო ინსტიტუტებმა, საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ ხელისუფლებას პრობლემები დაანახონ და მიახვედრონ, რომ მათი გადაჭრა აუცილებელია, რადგან სხვაგვარად რეალობას ვერ შეეგუებიან. აი, ჟურნალისტებმა კი აგრძნობინეს ხელისუფლებას, რომ კოლეგების არასერიოზული ბრალდებებით დაპატიმრებას არ შეეგუებოდნენ. ეს ჩანდა ჟურნალისტების ყოველდღიურ გამოსვლაში, მათ ყოველ ინტერვიუსა და სტატიაში და მისაღები თუ მიუღებელი ფორმით ხელისუფლება იძულებული შეიქნა, ფოტორეპორტიორები გაეთავისუფლებინა.

თუკი მიუღებელ მოვლენებზე საზოგადოების შეუგუებლობა მკაფიო იქნა, ნაყოფს ყოველთვის გამოიღებს.

- თბილისის ანძის გასხვისებაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ მის კერძო მფლობელობაში გადასვლის შემდგომ უფრო გაიოლდება და უკონტროლო გახდება ზეწოლა მცირერიცხოვან დამოუკიდებელ სატელევიზიო და რადიოსადგურებზე.

- საერთოდ, ტელეანძა ბუნებრივი მონოპოლისტია - რაკიღა ის ერთია და თუკი მისი პირობები მიუღებელი იქნება, ტელევიზია ან რადიოსადგური სხვას ვერ მიმართავს. არადა, თუ ანძა კერძო კომერციული სტრუქტურა იქნება, ამაში ვერავინ შეზღუდავს. შესაბამისად, ეს თავისთავად ოდიოზური ფაქტია და კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ საქართველოში ანტიმონოპოლისტური პროცესები, უბრალოდ, არ არსებობს - პირიქით, მონოპოლიებს ხელს უწყობენ. რა თქმა უნდა, ანძის კერძო მფლობელობაში გადასვლა დამოუკიდებელ ელექტრონულ მედიას არსებობის შანსს შეუმცირებს. ბოლოს და ბოლოს, კერძო სტრუქტურა ისეთ ფასებს დააწესებს, რომ ვერ გადაუხდიან და ვერც პასუხს მოსთხოვენ, მისი საკუთრება იქნება და რამდენადაც უნდა, იმდენად გააქირავებს.

სახელმწიფოს შემთხვევაში კი საქმე გაცილებით სხვაგვარად იყო. შესაბამისად, გაყიდვის შემდეგ ანძა კიდევ ერთი ქმედითი ინსტრუმენტი გახდება ხელისუფლების ხელში რადიოსადგურებისა და ტელეკომპანიების გასაკონტროლებლად.

- გასულ კვირას გამწვავდა ვნებები ქართულ ოპოზიციაში - "ქართული პარტიის" თანათავმჯდომარე ირაკლი ოქრუაშვილმა ყოფილი თანამებრძოლი ლევან გაჩეჩილაძე პარტიის გეგმის გაცემაში დაადანაშაულა და მოღალატე და გამყიდველი უძახა. მეორე მხრივ, კოკა გუნცაძე ბლეფს უწოდებს, რომ ოქრუაშვილის საქართველოში ჩამოსვლას ლევან გაჩეჩილაძემ და ნინო ბურჯანაძემ შეუშალეს ხელი.

- გაჩეჩილაძის ფიგურა ნამდვილად არ არის აქტუალური ხელისუფლებისა და საზოგადოდ, აპოლიტიკური პროცესებისთვის. მე  მაინც მგონია, რომ ოქრუაშვილმა რეაბილიტაციის ასეთი ფორმა მოძებნა და ჩათვალა, რომ ყველაფრის გაჩეჩილაძეზე გადაბრალებით თვითონ უფრო სანდომიანი გამოჩნდებოდა. თუმცა, არა მგონია, ეს სწორი გადაწყვეტილება იყოს. პრობლემა ის არის, რომ

ეს არცთუ სახარბიელო სურათი ადამიანებს ნელ-ნელა პოლიტიკაზე აუცრუებს გულს.

ახალგაზრდობას აღარც უნდა გახედვა პოლიტიკისკენ და ნაცვლად იმისა, სწორედ ახალგაზრდობას პოლიტიკური ოპონირების მაღალი კლასი აჩვენონ, რომელმაც ხვალ-ზეგ მათი ადგილი უნდა დაიკავოს, ისე იქცევიან, რომ პოლიტიკაში ხელისა თუ ფეხის შეყოფის სურვილსაც კი ჰიგიენურ მიზეზთა გამო აკარგვინებენ.