"თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ამ ამბავს უნდა ერქვას "ანძაც მე მინდა" - კვირის პალიტრა

"თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ამ ამბავს უნდა ერქვას "ანძაც მე მინდა"

"რესპუბლიკელები ცდებიან, რაკი თვლიან, რომ დეფოლტის შემთხვევაში დემოკრატები თეთრი სახლის გასაღებს დაკარგავენ"

"ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებული ამ საიდუმლო გამოძიების მონაცემები ბევრად მოკრძალებულია"

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვების ერთ-ერთი სიუჟეტის რესპონდენტმა გიგანტურ აჭარულ ხაჭაპურზე გვამცნო, ჩვენს სტუმრებს წელს რვამეტრიანი ხაჭაპური დავაგემოვნებინეთო, შესაძლებელია, ცენტრალურ და აჭარის ხელისუფალთ სტრუქტურული ბიზნესის განვითარების მართლაც რაიმე საიდუმლო აქვთ ამოხსნილი, თუმცა საეჭვოა, საიდუმლო რვამეტრიანი ხაჭაპურების ცხობასა და მრავალმილიონიანი კონცერტების გამართვაში მდგომარეობდეს. მით უმეტეს, თუ ამ საესტრადო კულინარიული ფუფუნების მიღმა იქვე, იმავე ქალაქში უპოვარ მოხუცებსა და მარტოხელა დედებს ქუჩაში ტოვებ მხოლოდ იმისთვის, რომ მათი საცხოვრებლის - სათნოების სახლის ადგილას მორიგი კაფე გსურს ააშენო. აბა, ნიციდან და კანიდან ჯერჯერობით ინვესტორები არ მორბიან.

როგორც ჩანს, მათზე ტურისტთა რაოდენობის მხოლოდ ვირტუალური სტატისტიკა არ მოქმედებს - ტურიზმის დეპარტამენტი მალე ისეთ ეშხში შევა, რომ საქართველოში ტურისტების რაოდენობა საქართველოს მოსახლეობასაც გადააჭარბებს.…მით უმეტეს, ქვეყნის იმიჯზე საელჩოებიც აქტიურად ზრუნავენ: კიევში საქართველოს საელჩოს თანამშრომლის მიერ შიშველი უკრაინელი ქალის "გალახვის" გამო სრულიად ქართველი საზოგადოება აღშფოთებას არ მალავდა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ:

"ჩვენთვის გაუგებარია, რომ პირი, რომელმაც ძალა გამოიყენა, თავისუფალია. ისინი კი, ვინც ფოტორეპორტიორების მხარდამჭერ აქციას მართავდნენ, უნდა დაისაჯონ, თუნდაც ადმინისტრაციული სასჯელით. დღეს მილიციამ პრესაში გაავრცელა განცხადება, რომლითაც აქციის მონაწილეებს განყოფილებაში ნებით გამოცხადებისკენ მოუწოდებს, სადაც მათ ადმინისტრაციული სასჯელი გაუფორმდებათ. მილიციამ რატომღაც სასამართლოს გარეშე გადაწყვიტა, რომ ისინი დამნაშავეები არიან", - განაცხადა მოძრაობა ,,ფემინის" ლიდერმა ანა ჰუტსოლმა. მისი თქმით, გალახული ინა შევჩენკო სეირნობდა, როდესაც მილიციამ დააკავა და მიზეზად საქართველოს საელჩოს განაცხადი დაუსახელა. სამართალდამცველები მას საელჩოს თანამშრომლის პროვოცირებას ედავებიან. ალბათ, მედიისა და საზოგადოებისადმი თავისი დამოკიდებულების დანერგვა საქართველოს ხელისუფლებამ უკვე ქვეყნის საზღვრებსგარეთაც დაიწყო.

დაწვრილებით ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე სოსო ცისკარიშვილს ვესაუბრებით:

- "ვაშინგტონ თაიმსმა" ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ "ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ თბილისში 2010 წლის 22 სექტემბერს აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ აფეთქებასთან რუსული გრუ-ს კავშირი დაადასტურა. ძალიან სამწუხარო და საგანგაშოა, რომ რუსეთი ოფიციალურად მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმში", - ეს განცხადება კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ სტატიის კომენტირებისას გააკეთა. ნაციონალურად მაუწყებელმა ტელემედიამ კი ისიც გვამცნო, რომ საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან ტერაქტი შესაძლოა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობის გაფუჭების მიზეზად იქცეს. საფუძვლიანია თუ არა ერთ სტატიაზე დაყრდნობით ასეთი მოლოდინის შექმნა?

- მართალი გითხრათ, ვაშინგტონში გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია მეამა და კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, როდესაც ჩავთვალე, რომ ამერიკული მხარე ადასტურებს ქართული სპეცსამსახურების ვარაუდს. თუმცა როგორც მოვლენათა განვითარება ცხადყოფს, ჩემი კმაყოფილება  ნაადრევი გამოდგა და მით უმეტეს, ნაადრევია საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადება. მაგრამ მისგან შეჩვეული ვართ მსგავსი განცხადებების მოსმენას. თავად ეს ქალბატონი, როგორც ინფორმაციის წყარო, სანდო რომ იყოს, საქართველო და აზერბაიჯანი დიდი ხანია, ერთი სახელმწიფო უნდა იყვნენ. პირადად მე იმედი გამიცრუა ამ ორიოდე დღის წინ გავრცელებულმა ცნობამ, რომელიც ეყრდნობა ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სპეციალური კვლევის შედეგებს, სადაც ამ ტერაქტში რუსეთის მონაწილეობაზე მკაფიო მინიშნება აღარ ფიქსირდება.

,,ნიუ-იორკ თაიმსში" გამოქვეყნებული ამ საიდუმლო გამოძიების მონაცემები ბევრად მოკრძალებულია. საკითხი თითქოსდა იხურება იმით, რომ აფეთქება იყო გამოწვეული არა რუსულ-ამერიკული, არამედ რუსულ-ქართული ურთიერთობის კონტექსტით. თუმცა ვერც იმას ვიტყვი დაბეჯითებით, რომ სტატიაში მოყვანილი ანონიმური ჩინოვნიკის, როგორც წყაროს, არგუმენტაცია დამაჯერებელია. ახლა კი თითქოს განიმუხტა აუცილებლობა რუსულ-ამერიკულ ურთიერთობაში ამ საკითხის კვლევისა, მაგრამ საკითხი ღია რჩება, ვიდრე რუსული მხარე არ წარმოადგენს არგუმენტებს თუნდაც იმ ვირტუალური ოფიცრის, ბორისოვის უდანაშაულობის დასამტკიცებლად. ასე რომ, საქმე როგორი ნახევრად გამჭვირვალეც იყო, ასეთადვე დარჩა. ოღონდ იყო გაელვება თითქოსდა გამჭვირვალე ინფორმაციისა, რომელიც შემდგომ პრაქტიკულად უარყო ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ. ვფიქრობ, ასეთი კვლევების შედეგები, რომელიც ამერიკის სახელმწიფო საიდუმლოებაა, ამერიკულ მედიაში შემთხვევით არ იჟონება.

- სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უკრაინაში ვიზიტისას რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა. შეხვედრის დროს პატრიარქებმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხიც განიხილეს. რუსეთის პატრიარქმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს საპატრიარქოს კანონიერ იურისდიქციაზე ისაუბრა. ეს საქართველოში სხვადასხვა ინტერპრეტაციის საფუძვლად იქცა. ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მადლიერებით მოიხსენია რუსეთის პატრიარქი და იმედი გამოთქვა, რომ მისი სიბრძნისა და სიკეთის წყალობით შეიძლება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც აღდგეს. თუმცა იყო დიამეტრულად განსხვავებული პოზიციაც, რომ რუსეთი დამპყრობლურ სახეს ეკლესიით ვერ შეინიღბავს. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ შეხვედრას?

- როგორც ვიცი, საქართველოს საპატრიარქო ორი წელი ცდილობდა ეს შეხვედრა შემდგარიყო. ეკლესიური წესების მიხედვით, თავად რუსეთის პატრიარქს ეკუთვნოდა საქართველოში ვიზიტი, როგორც ახალ თავკაცს მართლმადიდებელი საპატრიარქოსი, მაგრამ ასე არ მოხდა. უფრო მეტიც, რამდენიმე მცდელობა სხვადასხვა ტერიტორიაზე მათი შეხვედრისა უშედეგოდ დამთავრდა და ეს არ მომხდარა საქართველოს საპატრიარქოს მიზეზით. ამიტომ მნიშვნელოვნად მიმაჩნია უკვე ფაქტი ასეთი შეხვედრისა, რაშიც არ შეიძლება არ დავინახოთ უპირველესად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კეთილი ნება. ამავე დროს, პატრიარქ კირილის განცხადებები მიგვანიშნებს, რომ რუსეთის ეკლესია მკაფიოდ აფიქსირებს ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციის საზღვრებს.

შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელიც იყო, რომ თუნდაც ამ ეტაპზე მაინც რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ჭეშმარიტება არ უარუყვია. ვფიქრობ, ეს მხოლოდ რუსეთის პატრიარქის თვითნებობა არ არის, რადგან ვიცი, რამდენად მჭიდროა რუსეთის ეკლესიისა და ხელისუფლების ურთიერთობა, რაც ბევრად უფრო შესუსტებულია ქართულ სინამდვილეში. იმავეს მაფიქრებინებს მოქალაქეების რეაქციაც, რაც სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებით გახმაურდა, თუნდაც სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისა, რომლებიც არ ერიდებიან ქართული საპატრიარქოს შეურაცხყოფას. ამით კი ვითარება იძაბება. კარგია, როდესაც არის ურთიერთგაგება პატრიარქებს შორის, მაგრამ, ჩემი აზრით, ამას უნდა მოჰყვეს სამოქალაქო საზოგადოების ადეკვატური ნაბიჯები, რომ ეს ყველაფერი არ დარჩეს ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა და არ გვეგონოს, რომ ყველაფერი უკვე გადაწყდა. როგორც უნდა იყოს, კარგი იქნება, თუ ეს ინიციატივა მხოლოდ საქართველოს პატრიარქის ინიციატივად არ დარჩება და მას მხარს დაუჭერენ როგორც საზოგადოება, ისე სამთავრობო წრეებიც.

- "ანძის მართვის უფლებით გადაცემის პროცესი მთლიანად ტრანსპარენტული და გამჭვირვალეა", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ მთავრობის სხდომაზე. მაგრამ ანძის შეძენის მსურველზე ცნობილი არაფერია. მეტიც, თბილისის ანძის პოტენციური ინვესტორები ობიექტის გასაცნობად არც მისულან, - ეს თავად შპს "ალფა-კომის" დირექტორის მოადგილე ბორის ადამიამ განაცხადა. დამოუკიდებელი მედია ეჭვობს, რომ კერძო პირისთვის გადაცემის შემთხვევაში, ტელეანძა და მისი ინფრასტრუქტურა ხელისუფლებისთვის მედიაზე ზეწოლის ერთ-ერთი ქმედითი ბერკეტი იქნება.

- ჩემი აზრით, ნებისმიერი ეჭვი ემყარება შიშს, რომლის საფუძველიც, თავის მხრივ, პირადი გამოცდილებაა. ასეთი გადაწყვეტილება რომ რომელიმე აღიარებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოს მიეღო, იქ არა მხოლოდ ჟურნალისტები, არამედ მთლიანად საზოგადოება გამოთქვამდა პროტესტს. აქ კი შეჩვეული ვართ, რომ მედიის მიმართ არაჯანსაღი დამოკიდებულება ხელისუფლების სისხლის მამოძრავებელი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.  თუ ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ, ამ ამბავს უნდა ერქვას "ანძაც მე მინდა". ასეთია გზავნილი, რომელსაც ქართველი საზოგადოება ამჟამად ავლაბრის რეზიდენციიდან იღებს.

- "ნუ დაგვტოვებთ მშიერს!" - ასე აპროტესტებდნენ ბათუმში წმინდა ფრანჩესკასა და წმინდა ნინოს სათნოების სახლიდან გამოსახლებას მობინადრენი, რომლებიც შენობის დანგრევის შემდეგ ღამეს ქუჩაში ათენებენ. განახლებულ და აყვავებულ ბათუმში ეს, ცოტა არ იყოს, მძიმე სანახაობაა. უცნაურია, რომ მთავრობამ, რომელსაც ლამის ყოველ კვირას აჭარაში მეგავარსკვლავები ჩამოჰყავს, ათიოდე უსახლკაროსთვის  ვერ მოიცალა.

- მრავალმილიონიანი გართობა ბათუმში ჩვენმა ხელისუფლებამ და მისმა აპოლოგეტებმა ტრადიციად აქციეს, მიზეზი კი უკიდურესი დეფიციტია ცნებისა, რომელსაც ზნეობა ჰქვია. მხოლოდ უზნეო ხელისუფლებამ შეიძლება სისტემატური ხასიათი მისცეს დევნილების გამოსახლებას, უსახლკაროთა და უპოვართა ქუჩაში გამოყრას; მიზნად დაისახოს, რაც შეიძლება მეტი უპოვარი იყოს საქართველოში და არც დამალოს, რომ მისთვის ყველაზე დიდი საფრთხე მდიდარი ქართველია; წლების განმავლობაში უფრთხის რაიმე წინა პირობის წარმოჩენას, რომ საქართველოში საშუალო კლასმა არ მოიკიდოს ფეხი.…ასეთ ვითარებაში ბრმების, ყრუებისა და მუნჯების ტურიზმს თუ განვავითარებთ, თორემ არც ერთი ტურისტი ცხრა მთას იქით არ წავა მხოლოდ ეკონომიკის მინისტრის რეკომენდაციების საფუძველზე. სურვილი და იდეა ტურიზმის განვითარებისა ძალიან კარგია და შეიძლება კარგი გაგებით მოწამლულიც იყო ამ იდეით და სხვას ვერაფერს ამჩნევდე, მაგრამ თუ კაცთმოძულეობა ხელისუფლების პოლიტიკად დარჩა, ასეთ ქვეყანაში ტურისტი დასასვენებლად არ ჩამოვა. მას საკუთარი პრობლემებიც ჰყოფნის თავის ქვეყანაში, რომ იმავესა და უარესს დასასვენებლად წასულიც არ წააწყდეს.

- ამერიკის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ ტელეეთერით საგანგებოდ მიმართა მოსახლეობას საბიუჯეტო კრიზისის თაობაზე. პრეზიდენტის გამოსვლა ყველა წამყვანმა ტელეარხმა გადასცა. თუ დეფოლტს გამოვაცხადებთ, არ გვექნება საკმარისი თანხები იმისთვის, რომ თქვენი ყველა ანგარიში დავფაროთ, მათ შორის - მოხუცებულობისა და ინვალიდობის პენსია, ასევე ვერ შევძლებთ სახელმწიფო კონტრაქტების ანაზღაურებას, რომლებიც ათასობით კომპანიასთან არის გაფორმებულიო, - ბრძანა პრეზიდენტმა. თუ რესპუბლიკელები ამერიკის სახელმწიფო ვალის ზედა ზღვრის აწევას არ დათანხმდებიან, უკვე ამ კვირაში ქვეყანაში დეფოლტი გამოცხადდება. საინტერესოა, რომ ობამას გამოსვლის შემდეგ მოსახლეობას მიმართა კონგრესის სპიკერმა ჯონ ბეინერმაც, რომელმაც შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ბარაქ ობამას დააკისრა. ბეინერის თქმით, თუ პრეზიდენტს სურს კონგრესისგან სახელმწიფო ვალის ზღვრის აწევის უფლება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შეუმცირებლად მიიღოს, მიზანს ვერ მიაღწევსო. ამ დროს საქართველოს პარლამენტის სპიკერისგან თუნდაც უმნიშვნელო საკითხზე პრეზიდენტისთვის შეწინააღმდეგება სრულიად წარმოუდგენელი ამბავია.

- რასაკვირველია, შეერთებულ შტატებში დემოკრატიული სისტემა სრულად მოქმედებს. სავსებით ნათელია ამ მოვლენის პოლიტიკური კონტექსტი, რომელიც მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. ჩემი აზრით, რესპუბლიკელები ცდებიან, რაკი თვლიან, რომ დეფოლტის შემთხვევაში დემოკრატები თეთრი სახლის გასაღებს დაკარგავენ. ვშიშობ, რომ ეს ნაბიჯი ბუმერანგივით დაუბრუნდებათ რესპუბლიკელებს, რადგან ამერიკელი მოსახლეობისთვის სავსებით ნათელი იქნება, თუ ვისი პოლიტიკური ამბიციების გამო არ მოხერხდა დეფოლტის თავიდან აცილება. ამჟამად, როდესაც უკვე არსებობს სენატის ვეტო კონგრესის გადაწყვეტილებაზე, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, მაგრამ ობამას დროული და გულწრფელი გამოსვლა, რასაკვირველია, კონსოლიდაციას უფრო შეუწყობს ხელს, ვიდრე დაპირისპირებას. და მაინც, ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატები შეძლებს ამ რთული ვითარებიდან გამოსვლას, თუნდაც იმიტომ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, როგორც უზარმაზარ ფინანსურ მონსტრთან, მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობაც არის დაკავშირებული.