"მედვედევის ინტერვიუს დეტალურად გაანალიზება სჭირდება" - კვირის პალიტრა

"მედვედევის ინტერვიუს დეტალურად გაანალიზება სჭირდება"

"ჩვენს თავში ჩაბეტონებულია აზრი, რომ ჩვენი საქმე აუცილებლად სხვამ უნდა გააკეთოს"

"ბუშმა მაგიდაზე მუშტიც დაურტყა რუსეთს, მაგრამ ამას ორი დღე მოანდომა და მანამდე სარკოზის ეუბნებოდა, ცოტა ხანს მოიცადეო"

სამი წელი გავიდა აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. როგორც ამ სამი წლის განმავლობაში ტრადიციულად ხდება ხოლმე, ალბათ, მავანნი იტყვიან, რომ რუსეთი უთანასწორო ომში დავამარცხეთ და ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ. სხვები საქართველოს შეცდომებზე ილაპარაკებენ, კიდევ სხვები უფრო შორს წავლენ და მშვიდობიან, მძინარე ცხინვალზე თავდასხმასაც ახსენებენ. დრო კი გადის და ათეულათასობით ჩვენი მოქალაქე კვლავაც დევნილია და ერთი ადგილიდან მეორეში იძულებით გადაჰყავთ. გასულ კვირას მედვედევის მედიდური ინტერვიუც მოვისმინეთ: წაგებული და დაბოღმილი ქვეყნის მოქალაქის პოზიცია ნამდვილად არ მალაპარაკებს, მაგრამ ასეთი ინტონაციები საუბარში პატარა და კომპლექსიან კაცებს აქვთ ხოლმე. პატარას რომ ვამბობ, ცხადია, ფიზიკურ მონაცემებს არ ვგულისხმობ, მაგრამ ჯობს, მედვედევსა და პუტინზე რუსეთის მოქალაქეებმა იდარდონ - ჩვენ ჩვენი გაჭირვებაც გვეყოფა - ათეულათასობით დევნილი, დაკარგული ტერიტორიები, წაგებული ომი და მილიონობით დოლარად ღირებული მეგაკონცერტები, ასევე ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ ჯობს ბათუმი ნიცას. ალბათ, ომწაგებულ ქვეყანაში სხვა აქცენტებს უნდა სვამდნენ და სხვა კითხვებზე უნდა ეძებდნენ პასუხს. მით უმეტეს, რომ ჩვენს გასაკეთებელს არც ევროპა გააკეთებს და არც ამერიკა - მათ თავიანთი ინტერესები და პრობლემები საკმარისად აქვთ. აგვისტოს მოვლენებსა და საზოგადოდ, საქართველოსა თუ მის საზღვრებგარეთ მიმდინარე მნიშვნელოვან პროცესებზე თედო ჯაფარიძეს ვესაუბრებით:

- უახლოეს წარსულში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციაში, ბისეკში მუშაობდით. დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკა არა მხოლოდ სახელმწიფოს განვითარების, მისი დემოკრატიის, საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმმართველიც არის. შავი ზღვის აუზის ქვეყნების გარდა, ბისეკში დამკვირვებლის სტატუსით მსოფლიოს განვითარებული ქვეყნებიც შედიან. ამიტომაც საინტერესოა ამ ორგანიზაციიდან დანახული საქართველო როგორც ეკონომიკური, ისე გლობალური და გეოპოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით.

- პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე, შავი ზღვის რეგიონში ორ ძირითად ინტერესს გამოვყოფდი - რუსეთისა და თურქეთის. მოგეხსენებათ, ეს ორი ქვეყანა ისტორიულად ერთმანეთის მოწინააღმდეგენი იყვნენ, მაგრამ დღეს, შეიძლება ითქვას, პრაგმატული ინტერესებიდან გამომდინარე, შავი ზღვის აუზში ძალიან კარგად ახერხებენ ურთიერთობას - აქ მათი პოლიტიკური, ეკონომიკური ინტერესები იკვეთება და თანამშრომლობის ხარისხიც ძალიან მაღალია. თუ გავითვალისწინებთ, რომ სავაჭრო ბალანსი ამ ორ ქვეყანას შორის წელიწადში 50 მილიარდ დოლარს აღწევს, საკმაოდ მჭიდრო და ინტენსიური ურთიერთობა გამოდის. ეს არის ორი ძირითადი მოთამაშე, რომლებიც რეგიონში, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ მიმართულებებსა და პერსპექტივებსაც განსაზღვრავენ. რა თქმა უნდა, ბისეკში შედიან არანაკლებ საინტერესო ქვეყნებიც, ნატოსა და ევროკავშირის წევრები, მათ შორის - საბერძნეთი, რუმინეთი და ბულგარეთი, ასევე პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ქვეყანა აზერბაიჯანი, რომელიც, რასაც მე ვკითხულობ და ვეცნობი, სწრაფად ვითარდება და დღეს თუ არა, ხვალ სამხრეთ კავკასიის ლიდერად მოგვევლინება.

ბისეკში სულ შავი ზღვის რეგიონის 12 სახელმწიფო და უფრო მეტი დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყანა შედის. აქ ხშირად იმართება ხოლმე მწვავე დისკუსიები და დებატები, მათ შორის - ტაბუდადებულ რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზეც, რომლებიც, ბისეკის წესდების მიხედვით, ამ ორგანიზაციაში არ უნდა განიხილებოდეს. მაგრამ თუნდაც ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობისას გვერდს ვერ აუვლი უსაფრთხოების პრობლემებს - ორივე სტაბილურობის ცნებაში შემავალი კომპონენტია და მათი ცალ-ცალკე განხილვა დღეს შეუძლებელია. რაც შეეხება საქართველოს, ვერ გეტყვით, რომ ამ დებატებში დიდი აქტიურობით გამოირჩეოდნენ საქართველოს წარმომადგენლები. ვგულისხმობ დიპლომატიურ კულუარებს, სადაც რეგიონის წარმომადგენლები იკრიბებიან ხოლმე, ერთმანეთს მოსაზრებებს უზიარებენ, ხშირად საკმაოდ ცხარედ კამათობენ კიდეც. თუ ამ დისკუსიებში საქართველოს სახელი გახმიანდა,  უფრო მეტი კითხვა აქვთ, ვიდრე პასუხები - თანაც, ნეგატიური. მაგალითად, კითხვებია ბოლოდროინდელ მოვლენებზე, ფოტორეპორტიორების საქმეზე, მანამდე იყო 2007 წლის მოვლენებზე. ასეთი კონტექსტები საქართველოს უფრო პრობლემატურ ქვეყნად წარმოაჩენს, ვიდრე მოწინავედ. თუმცა იგივე ხალხი ზოგიერთ სფეროში საქართველოს წინსვლასაც ხედავს.

პრინციპში, კრიტიკული შეკითხვებიც იმიტომ აქვთ, რომ მათთვის საქართველოს მდგომარეობა სულერთი არ არის - რეგიონში არსებული ქვეყნების ბედი და მდგომარეობა ხომ მნიშვნელოვანწილად ერთმანეთზეა დამოკიდებული,…თუნდაც ეკონომიკური განვითარებისა და უსაფრთხოების საკითხების ერთმანეთთან უშუალო კავშირიდან გამომდინარე. იქ, სადაც არ არის სტაბილურობა და გარანტირებული უსაფრთხოება, არ არსებობს თავისუფლება და თავისუფლების ყველა კრიტერიუმი, განსაკუთრებით კი პიროვნების თავისუფლება, ძნელია, იფიქრო სრულფასოვან ეკონომიკაზე, განვითარებაზე ან ბიზნესის წარმოებაზე. ამ ყველაფრის წინსვლის წინა პირობა მხოლოდ თავისუფალმა ადამიანმა უნდა შექმნას.

- ბრძანეთ, რომ მიუხედავად ისტორიული მტრობისა, თურქეთი და რუსეთი შესანიშნავად ახერხებენ ერთმანეთთან ურთიერთობას, როდესაც საქმე პრაგმატულ ეკონომიკურ ინტერესებს ეხება. რუსეთთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ ევროკავშირის ქვეყნებიც. საზოგადოდ, საქართველოში მიაჩნიათ, რომ რაკიღა რუსეთი საქართველოს მტერია, მას მსოფლიომაც ომი უნდა გამოუცხადოს. შესაბამისად, რუსეთისთვის განკუთვნილი ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მკაცრი რეზოლუციები ლამის საერთო-სახალხო ზეიმის საფუძველი ხდება ხოლმე.

- პოლიტიკა, საშინაო იქნება თუ საგარეო, თუ განაწყენებაზე აიგო, შედეგიანი ვერ იქნება. პოლიტიკა ძალიან ხისტია და თუ მისი განვითარება ყოველდღიურ წყენაზე ან სიხარულზე ააგე, შორს ვერ წახვალ. ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მხარდამჭერ რეზოლუციას ისეთი ამბავი მოჰყვება ხოლმე, რომ კაცს შეიძლება ეგონოს, აგერ, ხვალიდან თბილისს უკვე ამერიკის არმია და ავიაცია დაიცავსო. ეს რომ არ ხდება, მერე ნიჰილიზმი გვეუფლება. ჩვენ მუდმივად ვავალდებულებთ სხვებს, ჩვენ მაგივრად აკეთონ საქმე. როდესაც ამერიკაში საქართველოს ელჩი ვიყავი, რამდენჯერ გახარებული ჩამოვსულვარ, კონგრესმა საქართველოს ამდენი და ამდენი მილიონი დახმარება გამოუყო-მეთქი. სხვაზე არ ვამბობ, ჩემს მეგობრებს ხშირად აგდებულად უთქვამთ, ეგ რა არის, კაცო, უფრო მეტი ვერ გამოგზავნესო? ჩვენ ორი ცნება გვერევა ერთმანეთში - სიმპათია და პოლიტიკა. საქართველო ლამაზი და პატარა ქვეყანაა, ის ომში დაამარცხა უზარმაზარმა მონსტრმა - რუსეთმა, რომელიც უსამართლოდ მოგვექცა. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, სიმპათია საქართველოსკენ იხრება, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმ დიდი მეგობრებისა და გულშემატკივრებისა, რომლებიც საქართველოს დიდ პოლიტიკაში ჰყავს, სიმპათია ერთია და ინტერესი - მეორე. რეალური პოლიტიკა კი სწორედ ამ ინტერესებისგან იქმნება და არა სიმპათიებისგან. ხშირად უთქვამთ ჩემს ამერიკელ მეგობრებს, რომლებიც დიდი გავლენით სარგებლობდნენ თეთრ სახლში, თედო, ჩემო ძვირფასო, ძალიან გვიყვარს ედუარდ შევარდნაძეც, მიხეილ სააკაშვილიც, საქართველოც, მაგრამ თქვენი გულისთვის რუსეთთან ომს არ დავიწყებთო. ამიტომ ეს რეზოლუციები და განცხადებები, განსაკუთრებით კი პოლიტიკურ სეზონში გაკეთებული, უფრო კონკრეტულ მიზანსა და ემოციაზეა გათვლილი, ვიდრე რეალურ პოლიტიკაზე. არ შეიძლება, ევროპელი ან ამერიკელი პოლიტიკოსი გამოვიდეს და 2008 წლის თარიღთან დაკავშირებული ზერელე განცხადება გააკეთოს. რა თქმა უნდა, განცხადებები იქნება ემოციურიც და მხარდამჭერიც, მაგრამ იქცევა კი საქმედ?

ევროპა ძალიან არის დამოკიდებული რუსულ ენერგომატარებლებზე და რუსეთი ამას ძალიან პრაგმატულად იყენებს კიდეც. ამიტომაც არის, რომ ნებისმიერი "ხისტი" და "დამანგრეველი" განცხადებისა თუ რეზოლუციის მეორე დღეს ევროკავშირის მთავარი მოთამაშეები - გერმანია, საფრანგეთი, იტალია, თუნდაც ინგლისი რუსეთთან რიგში დგანან და  ორმხრივ საკითხებს კულუარულად ან თუნდაც საჯაროდ აგვარებენ.

ამიტომაც, ისევ დიპლომატიის დანიშნულებას დავუბრუნდები, ჩვენ ამ წესების თანახმად უნდა ვითამაშოთ და არ დავარღვიოთ არსებული ბალანსი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ ამოვვარდებით ამ სტრატეგიული კონტექსტიდან. ეს არ არის იოლი, ძალიან ძნელია. არ მინდა ისე გამოჩნდეს, თედო ჯაფარიძე სახლში ზის და ქადაგებს, პოლიტიკა როგორ ვაწარმოოთო, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენთან ამგვარი მარტივი განტოლების ადეკვატურად და ჩვენი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ გაგების პრობლემაა და ეს დილემა მხოლოდ 2003 წლის შემდეგ არ გაჩენილა. ის ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდანვე შლეიფად მოგვყვება, განსაკუთრებით კი ჩვენს თავში ჩაბეტონებულია აზრი, რომ ჩვენი საქმე აუცილებლად სხვამ უნდა გააკეთოს.

- სამი წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ტრაგიკული მოვლენებიდან. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი ხელისუფლება მარცხს არ აღიარებს და ამბობს, რომ რუსეთს ნიღაბი ჩამოვგლიჯეთ, რაც დიდი გამარჯვებაა. მეორე მხრივ, გასულ კვირას გამოქვეყნებულ ინტერვიუში მედვედევი იმადლება, სააკაშვილი ჩემთან ვალშია, მან უნდა აღიაროს, რომ მე შევაჩერე ჯარები. ისინი რომ თბილისში შესულიყვნენ, დღეს საქართველოს სხვა პრეზიდენტი ეყოლებოდაო. ამ საკმაოდ ვრცელ ინტერვიუში აშკარად ჩანს, რომ რუსეთს უნდა რეგიონში მთავარ დამრეგულირებლად გამოჩნდეს. მეტიც, საქართველოს მაგალითზე ჭკუა აზერბაიჯანსა და სომხეთსაც უსწავლიათ, მედვედევის თქმით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარების შემდეგ ორივე ქვეყნის პირველ პირებს, ილჰამ ალიევსა და სერჟ სარგსიანს, რომლებიც იმ დროს სოჭში იყვნენ, თურმე უთქვამთ, რაც მოხდა, "კავკასიისთვის ცუდია, ძალიან მძიმეა, თუმცა ეს ჩვენთვის გაკვეთილია: ჯობს უსასრულო მოლაპარაკებები გავმართოთ მთიანი ყარაბაღის მომავალზე, ვიდრე მივიღოთ ომის თუნდაც ხუთი დღეო".

- განა ღირდა რუსეთისთვის ნიღბის ჩამოხსნა იმ ფასად, რადაც აგვისტოს ომი დაგვიჯდა? რუსეთის ნამდვილი სახე ხომ დიდი ხანია, ისედაც ყველასთვის ნაცნობი იყო - იმპერიით დაწყებული, კომუნიზმით გაგრძელებული და დღევანდელი სახით დამთავრებული.

ეს ძალიან მძიმე თემაა. დავიწყოთ მედვედევის ინტერვიუთი. სახელისუფლებო ექსპერტებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს თუ მოვუსმენთ, ამ ინტერვიუსაც საქართველოს გამარჯვებად აფასებენ. მე კი ავიღებდი ქაღალდსა და კალამს და თუნდაც ამ ინტერვიუს დეტალურად გავაანალიზებდი. გავაანალიზებდი იმ გზავნილებს, რაც ინტერვიუში გახმაურდა, მაგრამ ტექსტის უკან თუ სტრიქონებს შორის არსებული აზრის წაკითხვა ან ამ სურვილის უქონლობა ქართველების მთავარი პრობლემაა. ჩვენ ვჩქარობთ ხოლმე, პიარზე ავაგოთ დასკვნებიცა და მოსაზრებებიც. ჩემი აზრით, ამ ინტერვიუში იყო უფრო მეტი რიტორიკა, ვიდრე პოლიტიკოსის მოსაზრებები. დღევანდლამდე 2008 წლის თემის უამრავი ანალიზიც გაუკეთებიათ და პერსპექტივებზეც უმსჯელიათ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ექსპერტებს. ვინ დაიწყო? - ჩემთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის მთავარი ტკივილი ამ ომის შედეგია - დაკარგული ტერიტორიები, ომწაგებული არმია და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების ურთულესი პერსპექტივა. შეიძLლება განსაზღვრული პერიოდის შემდეგ ეს პერსპექტივა ამა თუ იმ ფორმით გამოჩნდეს, მაგრამ ჯერჯერობით ვერაფერს ვხედავ.

ომის დაწყებისთანავე ბევრმა სახელმწიფომ დაგმო რუსეთის აგრესია და მხარი დაუჭირა საქართველოს. პროცესში აქტიურად ჩაერთო ევროკავშირიც და ამერიკაც - ბუშმა მაგიდაზე მუშტიც დაურტყა რუსეთს, მაგრამ ამას ორი დღე მოანდომა და მანამდე სარკოზისაც ეუბნებოდა, ცოტა ხანს მოიცადეო. ეს მნიშვნელოვანი დეტალებია და ვფიქრობ, ვითარების გასაანალიზებლად ყურადღება უნდა მივაქციოთ.

- მოგვიანებით ეს ფრაგმენტი სარკოზიმ გაიხსენა, თეთრმა სახლმა კი უარყო. რისთვის სჭირდებოდა იმ მომენტში ბუშს დაყოვნება?

- "ის მომენტი" ურთულესი იყო. შესაძლოა, რაღაც არასწორი ინტერპრეტაციაც იყო, - ბუშმა სხვანაირად უთხრა და სარკოზიმ სხვანაირად გაიგო. დიდ პოლიტიკაში ასეთი ამბებიც ხდება ხოლმე. მედვედევის ინტერვიუდან გამომდინარე, უცხოელ ექსპერტთა წრეებში დიდი დებატები გაიმართა იმის თაობაზე, იყო თუ არა ამერიკელების თანხმობა და წაქეზება საომარი მოქმედებებისკენ. როგორც მედვედევი ამბობს, საქართველოში ჩამოსულმა კონდოლიზა რაისმა ჩამოუტანა სააკაშვილს თანხმობა ომის დაწყებაზე. როგორც ამერიკის პოლიტიკა ვიცი, ჩემთვის წარმოუდგენელია, ასეთი რამ მომხდარიყო. ამერიკა არასოდეს მისცემდა საქართველოს გარანტიას, დაიწყე და დაგეხმარებიო, რადგან ასეთი რამ რუსეთსა და ამერიკას შორის ომის დაწყება იქნებოდა. არც ერთი ამერიკელი, არც დემოკრატი და არც რესპუბლიკელი, რუსეთთან ომს არ დაიწყებს და არა იმიტომ, რომ რომელიმე მათგანს რუსეთი გულზე ეხატება.

ყველაფერი ეს პრაგმატული და სტრატეგიული ინტერესების გამო ხდება. შესაძლებელია, იყო საუბარი საქართველოს პრეზიდენტსა და კონდოლიზა რაისს შორის და იქ გამოთქმული მოსაზრებების არასწორი ინტერპრეტირება მოხდა. მაქვს სხვა ინფორმაციაც იმ პირისგან, რომელსაც თეთრ სახლში ძალიან მაღალი პოზიცია ეკავა და პრეზიდენტ ბუშისა და სააკაშვილის ერთ-ერთ ბოლო, ომისწინა შეხვედრას ესწრებოდა. ბუშმა პიჯაკის სახელოზე მოჰკიდა ხელი და უთხრა: მიშა, არც იფიქრო რუსეთთან ვითარების კონფრონტაციაზე, იცოდე, ჩვენ ამაში არ ჩავერევითო. მოგვიანებით კი იმავე პირს უთხრა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ბუშის მარჯვენა ხელი იყო, მიდი სააკაშვილთან სასტუმროში და კიდევ ერთხელ გაუმეორე, რაც ვუთხარი. თავი კი დამიქნია, მაგრამ შევატყვე, რომ ჩემი ნათქვამი კარგად ვერ გაიგოო. ასე რომ, ძალზე ძნელია დღეს მსჯელობა, თუ ვინ რა და როგორ გაიგო, თუმცა, მაშინ საქართველოსა და ამერიკის განსაზღვრულ წრეებში დადიოდა  ხმა ბლიცომზე. ჩემთვისაც უთქვამთ ამერიკელ მეგობრებს აქედან ჩასული ქართველი პოლიტიკოსების დანაქადები, ეს დაჟანგული ტანკები და მშიერი ჯარისკაცები ჩვენთვის არაფერია, ერთ დღეში გავანადგურებთო. ცხადია, ეს არ ნიშნავს ომის გამოცხადების დეკლარირებას, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება რომ არსებობდა, ცხადია. მეორე მხრივ, მაშინდელ ვითარებაში შეჯახება გარდაუვალი იყო - ომისწინა პერიოდის სხვადასხვა ფაქტორს თუ შევაჯერებთ, ამაში დავრწმუნდებით. სხვა მრავალთან ერთად, უმთავრესი იყო განვითარების ორი მოდელის კარდინალური წინააღმდეგობა.

ერთი მხრივ, საქართველოს მოდელი, რომელიც ნატოსთან აქტიურ ორიენტაციაზე იყო გადასული და მთელი სახელმწიფოს განვითარება სწორედ ამაზე აიგო, მაშინ, როდესაც იმავე ფაზაში რუსეთის მოდელი საბჭოთა კავშირის დანგრევის გამო დაკარგული გავლენის აღდგენასა და მეზობელი ტერიტორიების რკინის ხელით დამორჩილებას ითვალისწინებდა. ეს ორი მოდელი განწირული იყო იმისთვის, რომ ერთმანეთს სადღაც დასჯახებოდა.