'"ვიღაცას სურს, საგადასახადო სისტემის მოწესრიგება ბიზნესად აქციოს" - კვირის პალიტრა

'"ვიღაცას სურს, საგადასახადო სისტემის მოწესრიგება ბიზნესად აქციოს"

"უბნის საგადასახადო ოფიცერი, ინფორმატორის გარდა, საარჩევნო აგიტატორისა და კოორდინატორის ფუნქციასაც შეასრულებს"

"დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გადამჭრელი ღონისძიებების დაწყების შესახებ განაცხადა" - ერთ-ერთ უცხოურ საინფორმაციო ვებგვერდზე გამოქვეყნებული ამ სათაურის წაკითხვის შემდეგ კითხვა შეშფოთებულმა განვაგრძე. "...ნოთინგემში 50 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა პოლიციის განყოფილებას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლა; არეულობების შედეგად ინგლისისა და ჰოლანდიის ნაკრებ გუნდებს შორის საფეხბურთო მატჩი აღარ შედგება; ბირმინგემთან ახლოს დამნაშავეებმა რამდენიმე ავტომობილი დაწვეს, მანჩესტერის ცენტრში გაძარცულია მაღაზიები, ამავე ქალაქში "ბი-ბი-სის" ოპერატორს დაესხნენ თავს, რომელიც მაროდიორების ქმედებებს ტელეკამერით იღებდა. ინგლისის პარლამენტმა შექმნილი ვითარების გამო საზაფხულო არდადეგები შეწყვიტა და საგანგებო სხდომა გამართა..." - იუწყებოდა "ბრიტანული ამბების ბიულეტენი". მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობების შედეგად ლამის ნახევარი ლონდონი გაპარტახდა და გაიძარცვა,  "გადამჭრელი ღონისძიებების" სახით ლონდონის ქუჩებში ტანკების თუ არა, ავტომატებით შეიარაღებული ჯარისკაცების გამოჩენას მაინც ველოდი. მაგრამ, როგორც მავანი იტყვის ხოლმე, ნურას უკაცრავად - ხელისუფლების განკარგულებით, პოლიციას ნება დართეს, მაროდიორების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენოს... თბილისში 26 მაისს დარბეული მიტინგი, დასისხლიანებული ადამიანები და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინოვნიკთა არხეინი კომენტარები გამახსენდა...

დაწვრილებით კვირის მნიშვნელოვან თემებზე ეკონომიკის ექსპერტ გია ხუხაშვილს ვესაუბრებით:

- ხელისუფლება დევნილთა გამოსახლებას განაგრძობს, ამჯერად უკვე კომპაქტური განსახლების ადგილებიდან. არადა, საქართველოს კანონმდებლობით, ასეთი რამ საქართველოს შესაბამის ტერიტორიაზე იურისდიქციის აღდგენამდე, კომპაქტური განსახლების ობიექტიდან, კატეგორიულად იკრძალება. მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 24 მაისის ბრძანების შესაბამისად, დევნილის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში, პოლიცია ვალდებულია შეწყვიტოს კომპაქტური განსახლების ობიექტიდან დევნილთა გამოსახლების პროცედურები. მაგრამ ეს 2007-ში, ნოემბრის ცნობილი მოვლენების შემდეგ ხდებოდა. ახლა კი, როგორც ჩანს, მთავრობა თვლის, რომ ძალაუფლების შენარჩუნების პრობლემა მოხსნილი აქვს და აღარც მოსახლეობასთან ლოიალობაა საჭირო.

- არაფერი ახალი არ ხდება, ჩვეულებრივი  სეზონური ციებ-ცხელების ამბავია: ზაფხულში ოპოზიცია ისვენებს და არც საზოგადოებაა მაინცდამაინც აქტიური. სწორედ ამ დროს იწყება ასეთი უცნაურობები ხელისუფლების მხრიდან, თუმცა ეს ზაფხული ამით გამორჩეული იყო. ზედიზედ რამდენიმე უჩვეულო ამბის მომსწრენი გავხდით - დაიწყო საპატრიარქოში მომხდარით და გაგრძელდა ფოტორეპორტიორების დაპატიმრებით; ამას მოჰყვა სკანდალური ჩანაწერები, რომელზეც არავის ჰქონია რეაქცია; ზაფხულობით, ისედაც დევნილობაში მყოფი ადამიანების საცხოვრებლიდან გამოდევნა სამწუხარო ტრადიციად იქცა. ერთი მხრივ, ის, რაც სასტუმრო "აფხაზეთში" ხდებოდა, არც იყო ლამაზი - ქალაქის ცენტრში ასეთ მდგომარეობაში მყოფი შენობა საერთოდ ამოვარდნილია გარემოს კონტექსტიდან. მაგრამ ის ფორმა, რომელსაც იყენებენ ისედაც გაუბედურებული ადამიანების გამოსასახლებლად და ის კომპენსაცია, რითაც მათი თავიდან მოშორება სურთ, მართლაც საშინელებაა, თუმცა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ეს არც ახალია და არც წარმოუდგენელი.

- სამაგიეროდ, ამ ზაფხულს გვაქვს სიახლეები საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით. საინტერესოა, ცივილიზებულ მსოფლიოში "მოხალისე" ინსპექტორების მსგავსი პრეცედენტი თუ არსებობს. რაკიღა ამ ადამიანების შრომითი ანაზღაურება მათ მიერ გამოწერილი ჯარიმების პროპორციულია, მცირე მაღაზიების მეპატრონეები ინსპექტორთა მხრიდან სიმულანტობის ვირტუოზულ ოსტატობაზე ჰყვებიან: ფეხმძიმე ქალის მოჩვენებითი გულის წასვლით, ხოლო წყლის მიწოდების შემდეგ ჩეკის მოთხოვნით დაწყებული და ქურდბაცაცობით დასრულებული - მოხალისე ინსპექტორმა მოპარული ნაყინის სანაცვლოდ ჩეკი მოითხოვა...

- წარმოუდგენელია ასეთი მიდგომა, - ვიღაცას სურს, საგადასახადო სისტემის მოწესრიგება ბიზნესად აქციოს. ბიზნესი ორიენტირებულია მოგებაზე და შესაბამისად ყოველთვის კეთილსინდისიერი ვერ იქნება, მით უფრო, როცა ინსპექტორის შემოსავალი დამოკიდებულია ვიღაცისთვის ხაფანგის დაგებაზე. ამ დროს შესაძლოა ადამიანის ფანტაზია ძალზე შორს წავიდეს და არა მხოლოდ ჩამოთვლილ, უარეს ფაქტებსაც ჰქონდეს ადგილი. სიმართლე გითხრათ, არც გამიგია, რომ ასეთი უცნაურობა სხვაგანაც ხდებოდეს. ამას დაემთხვა მეორე სიახლე ამ სფეროში - ისე, ზოგადად, ძალზე ინოვაციური გახდა საგადასახადო სამსახური საქართველოში. უბნის საგადასახადო ოფიცერი მეორე უბედურება და პირველის მსგავსი გაუგონარი ამბავია. როგორც ხელისუფლებამ გვამცნო, უბნის ოფიცრებმა თუ ინსპექტორებმა მეწარმეებს ცხოვრება უნდა გაუადვილონ, მაგრამ მათ უფრო "უბნის მაყურებლის" ფუნქცია დაეკისრებათ. რატომღაც მეჩვენება, რომ  ეს რეფორმა საარჩევნო მიზნებისთვის არის განკუთვნილი, რათა ხელისუფლებაში მავანს არჩევნების წინ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეს, ვინ რითი სუნთქავს, რა შემოსავალი აქვს, როგორი განწყობა, ხომ არ გამოხატავს უკმაყოფილებას და ა.შ. ასეთ ვითარებაში უბნის საგადასახადო ოფიცერი, ინფორმატორის გარდა, საარჩევნო აგიტატორისა და კოორდინატორის ფუნქციასაც შეასრულებს. მას ეცოდინება, ვის რა "სისუსტე" აქვს უბანში და სად რა მექანიზმის ჩართვაა საჭირო. როგორც ჩანს, ყველა უწყებას დაევალა, ახალი ადმინისტრაციული მექანიზმებით უზრუნველყონ არჩევნებში სასურველი შედეგის მიღწევა.

- გასაგებია, რომ საარჩევნოდ ხელისუფლება უკვე არსებული ბერკეტების მობილიზებაზეც იზრუნებს და ახლის შექმნაზეც. მაგრამ რით აიხსნება არაპოპულარული ნაბიჯები, რაც ფასების ზრდასთან არის დაკავშირებული? სამარშრუტო ტაქსების გაძვირებისა და "ელექტრონაგავის" შექმნიდან მცირე ხნის შემდეგ, ალასანიას პარტიამ განაცხადა, რომ ""თბილისის წყლის"" შესყიდვას ერთ-ერთი ქართული ბანკი აპირებს, რაც, სავარაუდოდ, წყლის გადასახადის გაზრდას გამოიწვევს... მოსახლეობის მოთმინებას ცდიან, თუ რასთან გვაქვს საქმე?

- უფრო მარტივად არის საქმე: ფიქრობენ, გაგვდის და რატომაც არ უნდა გავაკეთოთო... ფაქტი ის არის, რომ არც ერთი ასეთი ქმედება არ დასჯილა. მათ ყოველთვის გასდით ასეთი ტიპის აგრესიული ქმედებები და მშვენივრად ხედავენ, რომ პოლიტიკური პარტიების სახით საზოგადოებრივი პროტესტის მაკონსოლიდირებელი ელემენტი ქვეყანაში არ არის, არც პროფკავშირები არსებობს. მათი ბუნებაა ისეთი, რომ რაც სურთ, ის უნდა მიიღონ  და აქედან გამომდინარე ხდება ყველაფერი. რაც შეეხება "თბილისის წყალს", ვერ გავიგე, რატომ დააყენა დღეს ეს საკითხი ამ პარტიამ, ეს ამბავი გაცილებით საჭირბოროტო იყო მაშინ, როცა ამ ობიექტის, "თბილისის წყლის" პრივატიზება ხდებოდა. დღეს მერიასთან ან ქალაქის მუნიციპალიტეტთან დავა არ მიმაჩნია მართებულად, რადგან ეს ორგანიზაცია კერძო საკუთრებაშია, კერძო სუბიექტებს შორის გარიგებაზე პასუხის მერიისგან მოთხოვნა კი გაუგებარია. თავის დროზე "თბილისის წყლის" პრივატიზაცია ნამდვილად სკანდალური იყო და პოლიტიკოსებს რომ მაშინ ეაქტიურათ, დღეს ეს პრობლემები აღარ იქნებოდა. შედეგად ის მივიღეთ, რომ ,,თბილისი რაოესსა" და ,,თბილისის წყალს" ერთი მეპატრონე - რუსეთი ჰყავს. ბევრად მძიმეა ის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, კომუნალური ადმინისტრირება გაერთიანდა და წყალზე გადასახადის გადაუხდელობის გამო მოქალაქეებს დენსაც უთიშავენ. შესაძლოა მე პრეტენზია მქონდეს წყლის ხშირი შეწყვეტის გამო, სასამართლოში ვჩიოდე და შესაბამისად, არც ფულს ვიხდიდე, ამის გამო დენიც უნდა გამითიშონ და სრულ იზოლაციაში მომაქციონ? რატომ? - იმიტომ, რომ სერვისზე გაპროტესტება არ გავბედო და შევეგუო იმას, რასაც წყლის, დენის ან გაზის გამანაწილებელი კომპანია მოინდომებს. ეს ხომ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტებია... ერთ-ერთის მიმართ პროტესტის გამოთქმის გამო კონსოლიდირებული დასჯა მიუღებელია. ხომ არ სჯობია, პოლიტიკურმა პარტიებმა ასეთი საკითხები გააპროტესტონ და არა ის, რატომ აპირებს ერთი კერძო სუბიექტი მეორესთან გარიგებას. ისიც გაუგებარია, რატომ იწვევს გადაყიდვა ავტომატურად გაძვირებას - რა, ახლანდელ მფლობელს სინდისი აწუხებს და ვერ აძვირებს?

- ამ ზაფხულს კიდევ ერთი უცნაურობის მომსწრენი გავხდით: დედაქალაქის მთავრობამ საბავშვო ბაღები დიფერენცირებულად, უბნების მიხედვით, გააძვირა. მაგალითად, ვაკე-საბურთალოზე ბაღი უფრო ძვირი იქნება, ვიდრე გლდანი-ნაძალადევში... ხელისუფლება ამას იმით ხსნის, რომ თურმე ცენტრალურ რაიონებში უფრო ძვირად ღირებული სერვისები ყოფილა - ეს, ალბათ, სიტუაციას დაამძიმებს, გამოდის, რომ ე.წ. პრესტიჟული უბნების ბაღებში ბავშვებს უკეთ ასწავლიან, უვლიან და აჭმევენ, ვიდრე პერიფერიებში?

- ქალაქის მერია ყველაფერს ისე უყურებს, როგორც ბიზნესს, თავიდან იცილებენ ვალდებულებებს. ჩვენ გადასახადებს იმისთვის ვიხდით, რომ მუნიციპალიტეტს თავისი ბიუჯეტი ჰქონდეს და ქალაქი სოციალურ საჭიროებებს საკუთარი თანხებით უმკლავდებოდეს. მათ კი გადაწყვიტეს, ეს ფული თავიანთი შეხედულებებით, სხვა საჭიროებებს მოახმარონ და სოციალური პრობლემატიკა თვითდაფინანსებაზე გადაიყვანონ. ზუსტად ამ ბიზნესლოგიკიდან არის გამომდინარე ქალაქის ზონებად დაყოფა და საბავშვო ბაღებზე გადასახადების ამგვარად დაწესებაც. გამოდის, რომ საქმეს კომერციული კუთხით უდგებიან. ისიც უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთი საჭირბოროტო თემაა დასუფთავების გადასახადის მიბმა ელექტროენერგიის გადასახადზე. გვარწმუნებენ, ეს სოციალურად სამართლიანიაო, არადა თავდაყირა ლოგიკაა, რადგან ზამთრის დღეებში, როგორც წესი, უფრო მეტი ელექტროენერგია მოიხმარება.  გარდა იმისა, რომ დღე უფრო მოკლეა და სინათლის ანთება უფრო დიდხანს გვჭირდება, მოქალაქეთა უმრავლესობას საშუალება არ აქვს, ერთბაშად დიდი თანხა გადაიხადოს და გაზის გამათბობელი დააყენოს, ამიტომ ისევ ელექტროენერგიით თბება. ამდენად, ელექტრობის  მოხმარება სეზონურად ცვალებადია. რაც შეეხება ნაგავს, ის ზამთარშიც და ზაფხულშიც ერთნაირად გროვდება. მაშინ, რატომ უნდა გადავიხადოთ მის გატანაზე ზამთარში უფრო მეტი ფული? საქმეც ისაა, რომ გადათვალეს, გადმოთვალეს, რაღაც მრგვალი თანხა მიიღეს და გადაწყვიტეს, ფული გაეკეთებინათ. რაც მთავარია, ამ ყველაფერს ყალბი სოციალური რიტორიკით ფუთავენ - საბავშვო  ბაღებში გადასახადების დაწესებასაც ამგვარად შეფუთავენ. იტყვიან, რომ ვარკეთილში ღარიბები ცხოვრობენ, ვაკეში - მდიდრები და ერთნაირად რატომ უნდა გადაიხადონო. ამ დროს, ხომ ყველამ ვიცით, რომ მდიდრები ვარკეთილშიც შეიძლება ცხოვრობდნენ და პირიქით, არც ღარიბების ნაკლებობაა ვაკესა და საბურთალოზე. ახალი არც ამაშია არაფერი - ჩვენი ხელისუფლება დიდი ხანია ამ ლოგიკით მართავს ქვეყანას და სანამ გაუვა, ასეც გააგრძელებს.

- გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხელისუფლება "საქართველოს რკინიგზის", "სახელმწიფო ელექტროსისტემისა" და "ნავთობისა და გაზის კორპორაციის" აქციების საერთაშორისო ბირჟებზე გატანას გეგმავს. ამისთვის მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებიც კი განახორციელა. ერთი მხრივ, მისასალმებელიც არის, თუ ქართული კომპანიების აქციები საერთაშორისო ბირჟებზე კონკურენტუნარიანი იქნება, მაგრამ ექსპერტები შიშს გამოთქვამენ, რომ ამ შემოვლითი სქემით ქართული სტრატეგიული ობიექტების რუსულ მფლობელობაში გადასვლის საფრთხე იზრდება. რამდენად საფუძვლიანია ეს მოსაზრება?

- მოსაზრება აბსოლუტურად საფუძვლიანია. თავი გავანებოთ იმაზე მსჯელობას, შეიძლება თუ არა არსებობდეს რაიმე ფარული გარიგება ან შეთანხმება. მარტივი ლოგიკით მივყვეთ: ეს ორგანიზაციები არანაირ საერთაშორისო სტანდარტებს არ აკმაყოფილებენ, რითაც შეძლებდნენ ღია ვაჭრობაში მონაწილეობას. რას ნიშნავს საერთაშორისო ბირჟაზე კვოტირება: ობიექტზე მთელი ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა იყოს, ანუ პოტენციურმა ინვესტორმა დაწვრილებითი, ობიექტური ინფორმაცია უნდა შეაგროვოს ამა თუ იმ ორგანიზაციაზე, რათა აქციების შესყიდვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება შეძლოს . არც ერთი ჩამოთვლილი კომპანია არ აკმაყოფილებს სტანდარტებს არც გამჭვირვალობის და არც სანდოობის მხრივ. აქედან გამომდინარე, აქციების შესყიდვით მხოლოდ პოლიტიკურად მოტივირებული მხარე შეიძლება დაინტერესდეს, რომელსაც არა ბიზნესი, არამედ სხვა ინტერესები ამოძრავებს. ასეთი მხარე, პირველ რიგში, რუსეთია, თუმცა არ არის გამორიცხული, სხვა მეზობლებმაც გამოიჩინონ დაინტერესება. ასე რომ, ეს არის ახალი ფორმა მიზანმიმართული გასხვისებისა, თუმცა სიმართლე გითხრათ, პირდაპირადაც რომ მოენდომებინათ გაყიდვა, არა მგონია, ვინმეს შეეშალა მათთვის ხელი. როგორც ჩანს, ხელისუფლების შიგნით რაღაცების დამტკიცებას ცდილობენ. ალბათ, გადაწყვიტეს ახალი ტექნოლოგია გვაჩვენონ, თორემ მანამდეც გადაუციათ რუსეთისთვის ობიექტები, ერთ-ორ კაცს ძალიანაც გვიხმაურია, მაგრამ მაინც ის გაუკეთებიათ, რაც სურდათ. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ არც ერთი ცივილიზებული ინვესტორი არც საქართველოს რკინიგზას და არც ნავთობის კორპორაციას არ იყიდის, რადგან ბნელ ოთახში შავი კატის ყიდვაზე არავინ დათანხმდება.