"საქართველო მონოპოლიის ქვეყანაა" - კვირის პალიტრა

"საქართველო მონოპოლიის ქვეყანაა"

"ხელისუფლება თამაშობს სტურუას თამაშს და არა პირიქით"

"თეატრის მთავარი თემაა, თუ რას უშვრება ძალაუფლება ადამიანს"

სააგენტო "ინტერპრესნიუსში" ერთ უცნაურ ინფორმაციას წავაწყდი: ახლახან ძალაში შესულა საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც სამშენებლო ნებართვების გამარტივებას ისახავს მიზნად. თურმე, ამიერიდან მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანო საპროექტო ობიექტის მხოლოდ არქიტექტურულ ნაწილს შეითანხმებს, დეტალური შიდა დაგეგმარების, კონსტრუქციული და გეოლოგიური დასკვნის წარმოდგენის გარეშე. აქვეა ერთი სიახლეც: თუ მოქალაქეს ბინაში ძველი ფანჯრების ახლით შეცვლა უნდა, მერიას უნდა მიმართოს, რის შემდეგაც ხუთ დღეში გაიცემა ნებართვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონდამრღვევს ზედამხედველობის სამსახური გამოავლენს და გაფრთხილების შემდეგ შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისრება. ერთი შეხედვით დიდი ალოგიკურობა გამოდის: ადამიანს მშენებლობაში უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან - გეოლოგიურ დასკვნას და კონსტრუქციულ ნაწილს არ სთხოვ და "საქმეს უადვილებ", სამაგიეროდ, ფანჯრის გამოცვლას საგანგებო ნებართვა უნდა. ალბათ, ამ ყველაფერსაც მხოლოდ მორჩილების ფსიქოლოგიური თუ გადატანითი მნიშვნელობით ახსნა შეიძლება მოეძებნოს. ხელისუფლებას არ აინტერესებს ის, რაც სიღრმეშია და არ ჩანს - ანუ მშენებლობის უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტები. სამაგიეროდ, ფანჯრის შეცვლაზეც კი "მამა მარჩენლისგან" რომ აიღებს ნებართვას მოქალაქე, ხელისუფლების რწმენა კიდევ  უფრო "განუმტკიცდება".

ძალაუფლებისა და ხელისუფლების ურთიერთგავლენაზე ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილს ვესაუბრეთ:

- "სახელმწიფო, რომელიც მოცემულობით არის მულტიეთნიკური და მულტიკულტურული, ვერ შეეგუება და ვერ დააფინანსებს ქსენოფობიას. ქსენოფობიაში იგულისხმება ის გამონათქვამები, ეთნიკური მეტაფორები, რომელთაც სტურუა იყენებდა მრავალრიცხოვანი ინტერვიუების დროს", - განაცხადა კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ. ოფიციალური ვერსიის მიუხედავად, რეჟისორის სამსახურიდან გათავისუფლება საზოგადოებამ სხვადასხვაგვარად გაიგო: ერთნი ამბობენ, რომ ამის პროვოცირება თავად სტურუამ მოახდინა; მეორეთა აზრით, ეს გადაწყვეტილება ავტორიტეტებთან ბრძოლის ლოგიკური გაგრძელებაა.

- ამას მე ერთ უაღრესად მნიშვნელოვან კონტექსტში განვიხილავდი: ეს არის ხელოვანისა და ძალაუფლების დამოკიდებულება. რობერტ სტურუას დამოკიდებულება ძალაუფლებასთან გუშინ და დღეს არ დაწყებულა. ეს მინიმუმ 1972 წელს დაიწყო. რომ მოვყვეთ იმ პერიოდიდან, იქნება ,,კავკასიური ცარცის წრე", ,,რიჩარდ მესამე", ,,ყვარყვარე", ,,მეფე ლირი" თუ სხვა, უცხოეთში დადგმული სპექტაკლებიც, ეს არის ძალაუფლების თეატრი. რეჟისორი სწავლობს ძალაუფლებას, როგორც მოვლენას. სწავლობს, აშიშვლებს, ამხელს. თანამედროვე თეატრი თავისთავად ძალაუფლებასთან ბრძოლაა. შექსპირიდან მოყოლებული ასეა: თეატრის მთავარი თემაა, თუ რას უშვრება ძალაუფლება ადამიანს. ეს ეხება იმათ, ვისაც აქვთ ძალაუფლება, და იმათაც, ვისზეც ხორციელდება ძალაუფლება. ამ ამბავში გაცილებით საინტერესოა, თუ რას უშვრება ძალაუფლება ადამიანს, რომელიც მისი მფლობელია. სწორედ ამას უტრიალებს რობერტ სტურუა თავის შემოქმედებაში. მე ვიტყოდი, რომ მისი მოხსნაც კი მისი თეატრის გაგრძელებაა. ამ აზრით ხელისუფლება თამაშობს სტურუას თამაშს და არა პირიქით. ეს განცდა განსაკუთრებით გამიმძაფრდა მაშინ, როდესაც მინისტრის ბრძანებაში საშინელი ბიუროკრატიული ენით დაწერილი გათავისუფლების ტექსტი და ქვეპუნქტებზე მითითება წავიკითხე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ჩვენ მარადიული განმეორებებისა და წრეზე ბრუნვის სტადიაზე ვართ, ანუ აბსოლუტურ საბჭოთა კავშირში ვცხოვრობთ. ჩვენ მანკიერ წრეში ვტრიალებთ და რომ გვგონია, 2011 წელში ვცხოვრობთ, სინამდვილეში გასული საუკუნის 80-იანი და ზოგჯერ შეიძლება 30-იანი წლებიც არის.

ხელისუფლებას საკუთარ თავზე მცდარი წარმოდგენა აქვს. ფიქრობს, რომ პროგრესულია. სინამდვილეში ასეთი დაბალი კულტურის ხელისუფლება საქართველოს კარგა ხანია, არ ჰყოლია. ამიტომაც არის დღეს სტურუა აქტუალური. ე. წ. "უძრაობის" პერიოდში სტურუას სპექტაკლები კარგად ასახავდა როგორც არსებულ ვითარებას, ისე ძალაუფლების ხასიათს. ხელისუფლებაში ახლაც საბჭოური ტიპის ხელისუფლებაა, უბრალოდ, ესენი ახალგაზრდები არიან. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, ერთხელ უკვე ნანახის გამეორებაა და ეს ყველაფერი რობერტ სტურუას სპექტაკლებშიაც გვაქვს ნანახი. რაც შეეხება ქსენოფობიას: ხშირად ამბობენ, რომ ხელისუფლება არათანამიმდევრულია. ეს რომ ასეა, სტურუას გათავისუფლებამაც დაადასტურა. სააკაშვილს ეკუთვნის სიტყვები: "ჩვენ არა ვართ ზანგები," "საქართველო არ არის ზიმბაბვე", "საქართველო აფრიკის ქვეყანა არ არის". ასე რომ, თუ ბოლომდე ვიტყვით სათქმელს და არნოლდ სტეპანიანი პრინციპული იქნება, უნდა აღიაროს: თუ რობერტ სტურუა ქსენოფობია, მაშინ იმავე ლოგიკით მიხეილ სააკაშვილი რასისტი გამოდის.

- ხშირად ამბობენ, რომ ხელისუფლება ცდილობს ახალი ტიპის იდეოლოგიის დამკვიდრებას, იდეოლოგიისა, რომელიც ერთი მხრივ დასავლურ, ლიბერალურ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს და მეორე მხრივ, საბჭოური მორჩილების პრინციპზე იყოს აგებული, სადაც სახელმწიფო ერთმნიშვნელოვნად ნიშნავს ხელისუფლებას. თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას, შეიძლება თუ არა მას ხორცი შეესხას?

- თქვენს კითხვაში გარკვეულწილად პასუხიც იგულისხმება. ამიტომაც ვცხოვრობთ გროტესკში. ეს სტურუას შემოქმედების მთავარი ჟანრია. ჩვენც ამ ჟანრში ვცხოვრობთ. ჩვენი ხელისუფლება სტურუას თეატრის ნაწილია და ამიტომაც შემთხვევით არ ერითმება სტურუას რურუა. ეს სარკისებური ანარეკლია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ბრეჟნევის "უძრაობის პერიოდის ხელისუფლებას ჰგავს. რურუაც ამ ანარეკლის ნაწილია. რურუა სტურუას პაროდიაა. სწორედ 70-იან წლებში დადგა სტურუამ შატროვის "ლურჯი ცხენები წითელ ბალახზე", რასაც მაშინ დიდი ამბები მოჰყვა. სტურუა სულ ბეწვის ხიდზე გადიოდა და მოხსნა ვინ? - რურუამ. ის, რომ კომუნისტებმაც არ იკადრეს სტურუას მოხსნა და რურუამ თეატრიდან გაუშვა, თავისთავად ფანტასტიკური ამბავია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ხელისუფლება თავისი არსით საბჭოური და ამავე დროს სასაცილოა. ეს არის არასერიოზული ხელისუფლება, თან საშიში და თან სასაცილო.

- ბოლო დროს საქართველოში ძვირად ღირებული კონცერტები მომრავლდა. ბათუმის პიაცაზე ამომავალი, მოქმედი თუ ვადაგასული ვარსკვლავების ცვენაა. ეს ყველაფერი კი გასულ კვირას "ქეთო და კოტეს" ულტრათანამედროვე დადგმით დაგვირგვინდა. კონცერტზე საგანგებოდ ჩასული აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება ერთხმად აქებდა მიუზიკლის შემსრულებელ-დამდგმელთა გენიალურობას. იმისდა მიუხედავად, თუ რა ხარისხის იყო კონკრეტული კონცერტი, საქართველოში სახელისუფლებო და არასახელისუფლებო ხელოვანთა წრეები ჩამოყალიბდა, სადაც ერთს შეუძლია თავისი ფანტაზიების ხორცშესხმაში ასიათასობით ლარი დახარჯოს, მეორეს კი ფანტაზიის გამოვლენაც შეიძლება მავნებლობად ჩაეთვალოს.

- საქართველოში ყველაფერი ხელისუფლებისადმი ლოიალობით იზომება. ჩვენთან ხომ კულტურული კონსენსუსი აღარ არსებობს. როგორც სააკაშვილი იტყოდა, კულტურა "ჩამოშლილია." კულტურულ ქვეყანაში ხელოვანი შეიძლება იყოს მემარჯვენე ან მემარცხენე, მაგრამ თუ დიდი ხელოვანია, ნებისმიერ შემთხვევაში პატივს მიაგებენ. ფილოსოფოსი სარტრი მემარცხენე იყო, ჰაიდეგერი - მემარჯვენე. სხვათა შორის, ბევრი მას ნაცისტად მიიჩნევდა. პოლიტიკური განსხვავების მიუხედავად, სარტრი ჰაიდეგერს მასწავლებლად აღიარებდა. ჩვენთან კი რა ხდება? თუ ბუბა კიკაბიძე შენი მომხრეა, დიდი მომღერალია; თუ მეორე ხელოვანი მოწინააღმდეგეა, ცუდი რეჟისორია. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ თუ საქართველოში კულტურის ნარჩენი იყო, დღეს კულტურა აღარ არსებობს. ეს კი კატასტროფაა. ასეთ ვითარებაში რაიმე ახალ ესთეტიკაზე ლაპარაკი აღარც არის. ვიქტორ დოლიძე ძალიან ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ ,"ქეთო და კოტე" მაინც ოპერეტაა და არა ოპერა. ეს მსუბუქი ჟანრის ნაწარმოებია და მისი შესრულება არასოდეს ყოფილა პრობლემა. მე სხვა რამ მაინტერესებს: შეძლებს თუ არა ეს სამთავრობო-საკონცერტო გუნდი ""ნიბელუნგების ბეჭდის" დადგმას? ამერიკის ქალაქი სიეტლი კულტურით გრანდქალაქებს არ მიეკუთვნება, მაგრამ რიჰარდ ვაგნერის ეს ნაწარმოები ყოველწლიურად იდგმება და ეს არავის უკვირს.

-  "აირექსის" ბოლო კვლევის მიხედვით, მედიაგარემო საქართველოში ბოლო რვა წლის განმავლობაში პრაქტიკულად არ შეცვლილა. ექსპერტების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოში კარგი მედიაგარემო არასდროს ყოფილა, თუმცა 2003 წლამდე მოსახლეობის ინფორმირება და სახელისუფლებო პროპაგანდის ალტერნატიული ცნობების გავრცელება უფრო ადვილი და ხელმისაწვდომი იყო; სხვათა აზრით, შევარდნაძის ეპოქასთან სააკაშვილის ეპოქის შედარება უზნეობაა.

- სხვათა შორის, ეს აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ სულაც არ არის საჭირო შევარდნაძის იდეალიზება. ისე კი გამოდის, რომ შევარდნაძის მთავარი შეცდომა სწორედ პრესის, მედიის თავისუფლება ყოფილა და ეს გახლდათ მთავარი ხელშემწყობი მომენტი ვარდების რევოლუციისა. ეს სააკაშვილმაც მშვენივრად იცის. ამიტომ არასოდეს დაუშვებს, რომ ნაციონალური არხები თავისუფალი იყოს. რომ არა "რუსთავი 2" და პრესის თავისუფლება, სხვათა შორის, მეტ-ნაკლებად მაშინდელი პირველი არხისაც, სადაც პირდაპირ ისმოდა შევარდნაძის კრიტიკა, რევოლუცია, ალბათ, ვერ მოხდებოდა. აქედან გამომდინარე,  სააკაშვილი ცდილობს საინფორმაციო პოლიტიკა შემდეგნაირად ააგოს: ნაციონალური არხები - ერთ ხელში, რაც შეეხება სხვა პრესას - სრული მარგინალიზაცია: აქედან მოდის გამონათქვამები, რომ გაზეთებს არ კითხულობს, იზღუდება სამთავრობო სტრუქტურებში მათი გამოწერა და ა.შ. მთავარი ის კი არ არის, ქვეყნის სამი მთავარი არხი რას გადასცემს, მთავარია, რომ სამივე მთავარ არხს ხელისუფლება ტოტალურად აკონტროლებს. ხალხმა ძალიან კარგად იცის, რომ რასაც ამ არხებზე გადასცემენ, ტყუილია, მაგრამ მათი ფლობა ძალაუფლების ნიშანია და სწორედ ეს განაპირობებს საზოგადოებრივ განწყობასაც - თუ ვის ეკუთვნის ხელისუფლება ქვეყანაში, თუ ვინ მართავს პროცესებს მისი, მოქალაქის დამოკიდებულებისა და მოსაზრებების მიუხედავად, და ამას ყველა შეგუებულია. როგორც კი ამ მედიასაშუალებებში სხვა პოზიცია გახმაურდება, მაშინვე ცნობილი გახდება ყველასთვის, რომ ძალაუფლება სხვის ხელში იწყებს გადასვლას. ამიტომაც თვით მედიუმია მთავარი გზავნილი საზოგადოებისთვის და არა ინფორმაცია, რასაც მედიუმი გადასცემს.

- ალბათ, ამიტომაც არის საზოგადოება შეგუებული ტოტალურ დეზინფორმაციას. ბევრი გამოკვლევის თანახმად, საზოგადოების უმრავლესობა სამთავრობო მედიასაშუალებებს არ ენდობა, თუმცა პროტესტსაც არავინ გამოთქვამს.

- სწორედ ასეა. პროტესტს კი იმიტომაც არ გამოთქვამენ, რომ მთავარი არა მედიასაშუალების გავრცელებული ინფორმაციაა, არამედ ის, თუ ვისი საკუთრებაა ესა თუ ის მედიასაშუალება. საზოგადოდ, საქართველო ხომ მონოპოლიების ქვეყანაა, ოღონდ ყველა და ყველაფერი ხელისუფლების ხელშია. ასეთ პირობებში, ბუნებრივია, ეკონომიკაც ვერ ვითარდება, როდესაც კონკურენცია არ არსებობს, როგორ გინდა, განვითარდე? და ხელისუფლება იძულებულია მხოლოდ გადასახადების მომატებით, ანუ მონღოლური პრინციპით იარსებოს. როდესაც ძალაუფლება და ეკონომიკა ერთი სისტემაა, საზოგადოებისგან, მოქალაქეებისგან ფულის ამოღების მხოლოდ ერთი გზა არსებობს - ისე ამოღლიტო, როგორც მონღოლები ღლეტდნენ. მე ვამბობ, რომ დღევანდელი ხელისუფლება მონღოლური ხელისუფლებაა და ეს არ უნდა იყოს გაგებული ქსენოფობიურ განცხადებად. პირიქით, არსებობს მოსაზრება, რომ მონღოლური ცივილიზაცია ომის ორგანიზებაში საუკეთესო იყო. ამ მხრივ ჩვენი ხელისუფლებაც საუკეთესოა, ოღონდ საკუთარ ხალხთან ომში.