"რუსთაველის თეატრი - ტესტი ყველასთვის" - კვირის პალიტრა

"რუსთაველის თეატრი - ტესტი ყველასთვის"

"სამწუხაროდ, აფხაზების თვალში რუსეთი მათი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად რჩება"

"დღესდღეობით, "ბორჯომის" დაბრუნება რუსულ ბაზარზე ყველაზე ნაკლებად არის

ბიზნესთან დაკავშირებული საკითხი, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური თემაა"

აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 27 აგვისტოს მონაცემებით, აფხაზეთის "საპრეზიდენტო არჩევნებში" ამომრჩეველთა ხმების 54, 86 პროცენტით ალექსანდრე ანქვაბმა გაიმარჯვა, ხმების 21,04 პროცენტი მიიღო სერგეი შამბამ, ხოლო რაულ ხაჯიმბამ -19, 83 პროცენტი. როგორც  ჩანს, მას შემდეგ, რაც კიტოვანის მონაწილეობით დადგმულმა სპექტაკლმა ანქვაბის საქართველოს აგენტობის შესახებ არ გაამართლა, კრემლმა ტაქტიკა შეცვალა და უნდობლობის მიუხედავად, თანამშრომლობა ანქვაბთან გადაწყვიტა. კრემლის უნდობლობა კი არა ანქვაბის პროქართულობით, არამედ პროაფხაზურობით იყო გამოწვეული, რადგან სხვა შემთხვევაში, ქართული სპეცსამსახურების აგენტის გაპრეზიდენტებას აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში მოსკოვი არ დაუშვებდა. ასეა თუ ისე, აფხაზეთში სავარაუდოდ ეროვნული თვითგამორკვევის პროცესი მიმდინარეობს და ეს პროცესი არა საქართველოს, არამედ რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული.

პროცესი ძალიან ნელა ვითარდება, მაგრამ რაც მთავარია, ვითარდება და რაც უფრო მალე მიხვდებიან აფხაზები, საიდან მოელით რეალური საფრთხე, მათთვისვე იქნება უკეთესი. რა უნდა შესთავაზოს ამ სიტუაციაში აფხაზებს საქართველომ? - ალბათ, ყველაზე იოლად მისახვედრი პასუხი ეკონომიკური კეთილდღეობა და დასავლური ტიპის დემოკრატიული სახელმწიფოებრიობა იქნება. თუ ამ თვალსაზრისით მივუდგებით, ეგებ, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დამკვრელური ტემპითა და მასობრივი ზეიმებით ქვეყნის მშენებლობა ძალზე გონივრულიც იყოს, რომ არა ამ კურსის ფასადურობა და ირეალურობა. ცხადია, თვალყურს ეამება, როდესაც ტელევიზიით მოისმენ და ნახავ, რომ ანაკლიაში შავიზღვისპირეთის საუკეთესო კურორტი შენდება, რომ ბათუმის თეატრი მსოფლიოში საუკეთესოა, საქართველოს გზატკეცილები კი ყველაზე უკეთ "გატკეცილ-განათებული". მაგრამ ჩვენზე, ქართველებზე რომ აღარაფერი ვთქვათ (გავჩუმდებით, "სახელმწიფო ინტერესების" ხათრით), თავად აფხაზებისთვის ცოტა ძნელი გასაგები იქნება, რატომ ჩამოიშალა გზა ახლად დაგებულ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის იგოეთის მონაკვეთზე, ან რატომ იხარჯება გაუთავებლად მილიონები გომბორის გზაზე, რომელიც პრეზიდენტის განკარგულებით, დაჩქარებული ტემპებით აშენდა და "ლენტი" ისე გაჭრეს, მეგზევეებს ძირითადი სამუშაო დასრულებული არ ჰქონდათ; აღარაფერს ვიტყვით თბილისის აეროპორტზე, ბათუმის ოპერაზე, გაზრდილ და უაზროდ კომბინირებულ გადასახადებზე.…

შესაძლოა, საკითხს არაპატრიოტულად ვუდგები, მაგრამ არ მესმის,  საბავშვო ბაღში ორჯერ მეტი თანხა იმისთვის რატომ უნდა გადავიხადო, რომ ანაკლიაში ყველაზე გრძელი საფეხმავლო ხიდი ორჯერ ააშენონ. ორჯერ იმიტომ, რომ ერთხელ, ის პრეზიდენტს უნდა გაეხსნა, მეორედ იმიტომ, რომ მასზე ადამიანებს უსაფრთხოდ სიარული შეეძლოთ.… არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: მთავრობამ, პირველ რიგში, ჯანსაღი და სამართლიანი სახელმწიფოს შექმნაზე უნდა იფიქროს - როგორც დემოკრატიის, ისე ეკონომიკის თვალსაზრისით. შემდეგ კი ეკონომიკა თავად იზრუნებს ხიდებზეც, სასტუმროებსა და ოპერაზეც - ოღონდ ისეთზე, როგორსაც ეკონომიკა გასწვდება და არა პრეზიდენტის ფანტაზია.… საქართველოში მიმდინარე პროცესებზე სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილს ვესაუბრებით:

- გასულ კვირაში საქართველოს კიდევ ერთი ქალაქი - ანაკლია შეემატა. მართალია, ქალაქი ჯერჯერობით მხოლოდ ორი აშენებული და რამდენიმე მშენებარე ობიექტისგან შედგება, მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, "ეს იქნება შავიზღვისპირეთის შარმ-ელ-შეიხი. ანტალიას და სხვებს მოიტოვებს გვერდზე". სააკაშვილმა სიამაყით აღნიშნა, რომ ევროპაში ყველაზე გრძელ ხიდზე მშენებლები იმ წუთშიც მუშაობდნენ და მის გახსნას მაინც მოასწრებდნენ. ასეთივე ჩქაროსნული ზარ-ზეიმით გახსნილ "ევროპაში საუკეთესო ბათუმის ოპერის თეატრში" და გარეთ ერთნაირად წვიმს... რა საჭიროა ასეთი სისწრაფე? ვის გადასწრებას ცდილობს პრეზიდენტი? - უნდა, მომავალი არჩევნებისთვის ქვეყნის აშენება მოასწროს? ასეთი "დამკვრელური" ტემპებით შენებით მხოლოდ ფასადს შეიძლება ეშველოს, თუ ქართულ სოციუმს მხოლოდ ასეთი დაჩქარება და მუდმივი ქება-დიდება სჭირდება, რომ ამოძრავდეს?

- მშობლები შვილების მიმართ, როგორც წესი, ტენდენციურები, არაობიექტურები არიან და ისინი ყველაზე უკეთესებად მიაჩნიათ. სააკაშვილმა ბათუმი თავის "ქალიშვილად" გამოაცხადა და მოიპოვა "მამის" სუბიექტური უფლება, რომ ის საუკეთესო ეგონოს. როგორც ჩანს, პრეზიდენტი "შვილებს" იმრავლებს და მათ რიცხვს ახლა ანაკლიაც შეემატა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მშობლისა და შვილის დამოკიდებულების ის მოდელი, რომელსაც სააკაშვილი მისდევს, არ არის ევროპულ-რაციონალური და უფრო ავტორიტარულ-აღმოსავლურ-აზიური წარმოშობისაა, რომელშიც მამა-ბატონი სრულ მონოპოლიას ფლობს შვილებზე. ასეთ მოდელში შვილები, ფაქტობრივად, მამების ძალაუფლების ასპარეზს წარმოადგენენ, მასალას, რომლისგანაც მამები იმის გამოძერწვას ცდილობენ, რაც მათ სურთ. ეს  ჩაკეტილი ურთიერთობაა, რომელშიც ვერავინ ჩაერევა, როგორც "მამისაგან" დამოუკიდებელი და მისგან განსხვავებული; საქართველოს პრეზიდენტს არ აინტერესებს სხვები, რომლებიც რაღაც საქმეებს მისგან დამოუკიდებლად გააკეთებენ.  იმასაც კი არ უშვებს, რომ ვინმემ შენობის ფასადები მის ჩაურევლად შეღებოს; თავად ხსნის სასტუმროებს, თეატრებს, შადრევნებს, პარკებს, ძეგლებს, ხიდებს და საერთოდ, ყოველ ნაბიჯზე ცდილობს იმ აზრის გაცხადებას, რომ ყველაფერს, რაც მის საუფლოში ხდება, მისი ბეჭედი აზის. საქართველოს პრეზიდენტი კარგა ხანია არ ქმნის ძალაუფლების ჰორიზონტალურ, პარალელურ სტრუქტურებს. ის არის ყველაფრის წყარო, როგორც ძლევამოსილი "მამა". მას ნებისმიერი "სხვა" მხოლოდ "ხბოს აღტაცების" გამომხატველად წარმოუდგენია იმ საქმეების მიმართ, რასაც თავად აკეთებს.

- ანაკლიაში ახალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო "ოქროს საწმისი" გაიხსნა. სასტუმრო 105 ულტრათანამედროვე ნომრისგან შედგება, ფოიეში უნიკალური ჭაღია, რომელიც სვაროვსკისა და გიშრის თვლებით არის მოჭედილი. კონფლიქტის ზონიდან რამდენიმე კილომეტრში ასეთი ინვესტიციის ჩადება რამდენად გონივრულია? თუ კომერციული არა, ეგებ ეს იდეოლოგიური თვალსაზისით იყოს გამართლებული?

- პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავისი მმართველობის პერიოდში ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოგვარების თვალსაზრისით. უკვე ისეთი ვითარებაც კი იქმნება, რომ აქ გამოუვალი ჩიხია. ცხადია, ეს წარუმატებლობა სუსტი წერტილია, რომელიც აწუხებს საქართველოს პრეზიდენტს და ჩრდილს აყენებს მის ყოვლისშემძლეობას. მას უჩნდება სურვილი, რომ მისი პოლიტიკის ეს "შავი ხვრელი" გადაფაროს, თანაც რაც შეიძლება ბრჭყვიალა და მბზინავი საფარვლით. განსაკუთრებული მონდომებით ის ამას აფხაზეთის სიახლოვეს აკეთებს: ბათუმი, ანაკლია... სურს დააჯეროს აფხაზები, რომ რუსების ხელში ეს მხარე ვერ აშენდება, ხოლო სააკაშვილის ხელში  - გაბრწყინდება. სამწუხაროდ, ასეთი ტაქტიკა ვერ აღმოჩნდა და ვერც აღმოჩნდება წარმატებული, რამდენადაც იმ უნდობლობის დაძლევას, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს შორის არსებობს, ურთიერთობები სჭირდება, ადამიანებს (პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს) შორის ურთიერთობები და არა ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებითა და ცათამბჯენებით თვალის მოჭრა.

- "რუსთაველის თეატრი გააგრძელებს პროტესტს იმ დრომდე, ვიდრე ხელისუფლება რობერტ სტურუაზე არ იტყვის - "ჰო!" - ეს განცხადება რუსთაველის თეატრის მსახიობმა ბესო ზანგურმა გააკეთა, რომელსაც რუსთაველის თეატრის მსახიობთა დასის უმრავლესობა უერთდება. მსახიობებისავე თქმით, რობერტ სტურუას აქვს უამრავი შემოთავაზება არგენტინიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. თუმცა, რატომღაც აქცენტი კეთდება რუსეთიდან წამოსულ შემოთავაზებებზე". რამ გამოიწვია ეს და რამდენად არის შესაძლებელი, როგორც ზოგიერთი პოლიტიკოსი იმედოვნებს, თეატრალური პროტესტი ფართოსაზოგადოებრივ პროტესტში გადაიზარდოს?

- არ მგონია, რომ  "სტურუას საქმე" ფართოსაზოგადოებრივი პროტესტის სტიმულად იქცეს. საქმე ისაა, რომ ამ ამბავმა ვერ შეიძინა საკმარისად სერიოზული და რამდენადმე ტრაგიკული განზომილება. პირიქით, ისე მოჩანს (ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის), რომ სტურუამ ეს ნარატივი თავად შექმნა, თავად დადგა ასეთი აბსურდული, შეიძლება ითქვას, პროვოკაციული სანახაობა და ახლა ამით რაღაცნაირად ტკბება კიდეც. ფაქტობრივად, სტურუამ დღევანდელი ხელისუფლება ანკესზე წამოაგო და გააშიშვლა მისი სახე. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ჩვენთან ყველაფერი ხელისუფლებასთან ლოიალობის ხარისხით იზომება და თუ ხელისუფლების თამაშს არ თამაშობ, ცხენი მუდმივად შეკაზმული უნდა გყავდეს.  ვინ დაიჯერებს არაადეკვატური ადამიანების გარდა, რომ სტურუა ქსენოფობია? სწორედ ამიტომ, ანუ სტურუას მთელი შემოქმედების კონტექსტში, არ ვანიჭებ მის ქსენოფობიურ გამონათქვამებს სერიოზულ მნიშვნელობას, თორემ ეს გამონათქვამები, ცალკე აღებული, რასაკვირველია, სრულიად მიუღებელია. ნამდვილი ხელოვანი არ არის რაღაც ერთი ნაციონალური ლოკაციებით შეზღუდული. მისთვის არა აქვს დიდი მნიშვნელობა, სად შექმნის ხელოვნებას - სამშობლოში თუ მის ფარგლებს გარეთ. იმის თქმა არ მინდა, რომ რობერტ სტურუას არ აღელვებს რუსთაველის თეატრიდან წასვლა, თუმცა, მგონია, რომ მისთვის ეს ღელვა უფრო მეორადია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სტურუა, ალბათ, თავს  გამარჯვებულად თვლის, რადგან აჩვენა ის აბსურდი, რომელშიც ქართველი საზოგადოება ცხოვრობს. მისი რუსეთში სამუშაოდ მოსალოდნელი გადასვლაც პროვოკაციის გაგრძელებაა, ანუ ამბოხებაა თავისუფლების შეზღუდვის წინააღმდეგ. რუსთაველის თეატრის დასის და, საერთოდ, სხვათა რეაქცია არის სერიოზული ტესტი ყველასთვის, რომ საკუთარი ღირსება აჩვენოს. ინტერნეტში წავიკითხე გია ნოდიას კომენტარი, რომ სტურუა საბჭოთა ინტელიგენციის ნაყოფია და თანამედროვე არასაბჭოთა ხელისუფლება ამ გადმონაშთებისაგან გათავისუფლების პრაქტიკას აგრძელებს. არ ვიცი, როგორი დაუნახავი უნდა იყო, რომ სტურუას "საბჭოთა ინტელიგენტი" უწოდო. ეს, უბრალოდ, სირცხვილია.

- რუსეთის მთავარი სანიტარი გენადი ონიშჩენკო აცხადებს, რომ დროა "ბორჯომის" თემაზე საუბარი პოლიტიკურიდან ტექნიკურ რაკურსში გადავიდეს და ქართული წყლის რუსეთის ბაზარზე დასაბრუნებლად უშუალოდ მინერალური წყლის მწარმოებლებს იწვევს მოსალაპარაკებლად. უცნაურია, მაგრამ ქართველი მწარმოებლები ამ საკმაოდ სარფიან წინადადებაზე მორცხვად დუმან. მეტიც - იყო უარყოფა და თავის მართლებაც, რომ მათ რუსეთისთვის ბაზარზე შეშვების თხოვნით არ მიუმართავთ. რა საფრთხის მომტანი შეიძლება იყოს "ბორჯომის" რუსულ ბაზარზე დაბრუნება ქართული სახელმწიფოებრიობისთვის თუ რუსეთს გადავუხდით სამაგიეროს, "ბორჯომის" გარეშე რომ დავტოვებთ?

- ზემოთ ვთქვი, რომ ჩვენთან ყველაფერს ხელისუფლების ბეჭედი აზის და პრაქტიკულად არც ერთ სფეროში არ მიმდინარეობს ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი საქმიანობა. ეს სრული სვლით ეხება ბიზნესსაც, განსაკუთრებით, სერიოზულ ბიზნესს (რომელთა რიცხვს "ბორჯომის" წარმოება ნამდვილად მიეკუთვნება). დღესდღეობით, "ბორჯომის" დაბრუნება რუსულ ბაზარზე ყველაზე ნაკლებად არის ბიზნესთან დაკავშირებული საკითხი, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური თემაა. ასეა რუსეთში კულტურის, მეცნიერების და ა.შ. ექსპორტთან დაკავშირებითაც. "ბორჯომს" გაყიდი, იმღერებ თუ ერთობლივ კვლევას ჩაატარებ, ეს სრულებით აღარ არის ბიზნესმენის, მომღერლისა და მეცნიერის საქმე. დამოკიდებულება ძალიან ჰგავს იმას, რაც  საბჭოთა კავშირში ხდებოდა...

- აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდა. კენჭს მოქმედი დე ფაქტო პრემიერი სერგეი შამბა, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე ანქვაბი და ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იყრიდნენ. რამდენად რეალურია საუბარი იმაზე, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობდნენ რუსეთისთვის სასურველი და არასასურველი კანდიდატები? ან, რამდენად ნიშნავს საქართველოსთვის სასურველს ის კანდიდატი, რომელიც რუსეთისთვის იქნება არასასურველი?

- ვფიქრობ, რუსეთის ხელისუფლებასთან დამოკიდებულების თვალსაზრისით, საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის არსებითი სხვაობა არ არის. სამწუხაროდ, აფხაზების თვალში რუსეთი მათი უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად რჩება. ოდნავი ძვრაც კი არ მომხდარა იმ მიმართულებით, რომ ეს ფუნქცია ქართულ სახელმწიფოს ჩაენაცვლებინა. სანამ აფხაზისთვის "მტერი" ხარ, ის ზურგს შეგაქცევს. აფხაზებს ურჩევნიათ რუსული ფარის ქვეშ ეცადონ თავიანთი თვითმყოფადობის დაცვას, ვიდრე აღმოჩნდნენ იმ ბუნდოვანების, გაურკვევლობისა და გაუცხოების პირისპირ, რაც დღეს ჩვენ შორის არსებობს.

- "კადაფის ბასარ ასადი მიჰყვება, ისეთ ქვეყნებში კი, როგორიც არის ჩინეთი და რუსეთი, ვითარება დაძაბულია. ხალხს თავისუფლება სურს, სწორედ ამას მიაღწია ლიბიელმა ხალხმა", - განაცხადა აშშ-ის სენატორმა მაკკეინმა. მისივე აზრით, დღეს ნებისმიერი დიქტატურა საფრთხეშია."მიუხედავად იმისა, რომ სისხლი იღვრება, დარწმუნებული ვარ, არაბული სამყაროს მოსახლეობას ეს ვითარება უკეთეს მომავალს მოუტანს", - აცხადებს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი და დარწმუნებულია, რომ "არაბული გაზაფხული" მთელ მსოფლიოს მოიცავს. "სირიაში ბრძოლები შემთხვევით არ გამწვავებულა. "ჩვენი დახმარებით მათ ყველაფერი გამოუვათ. მიმაჩნია, რომ რევოლუციების ტალღა, რომელმაც ახლო აღმოსავლეთი მოიცვა, წინ მიიწევს. ვლადიმერ პუტინის ადგილას რომ ვიყო, ასე თავდაჯერებული არ ვიქნებოდი", - განაცხადა სენატორმა. რა საფუძველი აქვს მაკკეინის ვარაუდებს?

- საერთოდ, სენატორი მაკკეინი ცნობილია "ხმამაღალი" განცხადებებით. პუტინის წინააღმდეგ რუსეთის საზოგადოების განწყობების იმ კონდიციამდე მიყვანას, რომ ეს მასობრივ ამბოხში გადაიზარდოს, ვფიქრობ, კიდევ ბევრი წელი დასჭირდება (თუ ეს საერთოდ მოხდა). საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები ცხადყოფს, რომ პუტინს რუსეთის მოქალაქეების თვალში ჯერ კიდევ არ მოუხსნია "გმირის" და "რუსეთის ამღორძინებლის" მანტია. ისეთი მოქალაქეები, როგორიც იური შევჩუკია (ყველას გვახსოვს მისი "მკვახე" და გაბედული გაბაასება პუტინთან პირისპირ შეხვედრისას) რუსეთისთვის, ჯერჯერობით, არატიპური შემთხვევაა. საერთოდ, დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია რევოლუციის "ზემოდან" იმპორტი ნებისმიერ ქვეყანაში. ზემოდან ჩარევა ეფექტიანია მხოლოდ მენეჯმენტის და რესურსებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით. არის თუ არა მზად რუსეთი "შიგნიდან" და დანარჩენი პროგრესული მსოფლიო "გარედან" რუსეთში რევოლუციის პროვოცირებისათვის? ეს მე ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაციების საგნად მიმაჩნია.