"პრევენციული სელფ-დეფენსი" - კვირის პალიტრა

"პრევენციული სელფ-დეფენსი"

"კოსოვოს მოდელის" გადმოქართულების მცდელობამ კრახი განიცადა"

დღევანდელი მსოფლიო ომზე ბჭობს და არა სააკაშვილის უნარ-ჩვევებზე

მახსოვს, ბავშვობაში "უბნურ ანაბანას" მასწავლიდნენ: თუ უბანში შენი უბნელების ჩხუბს წააწყდები, ჩაერიე და გააშველე, აი, თუ სხვა უბანში დაინახავ, რომ შენს უბნელებს სცემენ, იქ მტყუან-მართლის გარჩევის დრო აღარ არის, პირდაპირ შენიანებს უნდა მიეხმაროო... პოლიტიკური კონიუნქტურაც გასაგებია, - სააკაშვილის მიმართ სიძულვილიც, ისიც, რომ ქვეყანაში, გნებავთ დემოკრატიის, გნებავთ სოციალური ან ეკონომიკური თვალსაზრისით, საკრიტიკო და საგანგაშო ბევრი რამ ხდება. თავისთავად, მეც არ მომწონს, გაბრწყინებულ საქართველოს მხოლოდ ტელერეალობაში რომ ვხედავ, პრეზიდენტი რომ აღმა-დაღმა დაქრის და ქუთაისს, ანაკლიას, ბათუმს ხან ჰონკონგად, ხან ნიცად და ხანაც ლოს-ანჯელესად აცხადებს.

მაგრამ ამავე დროს, სიძულვილმა ზრდილობა არ უნდა დაგვაკარგვინოს, თორემ იმაზე ბევრად უარესები გამოვჩნდებით, ვისაც ვაკრიტიკებთ. ევროპასა და რუსეთს შორის დღეს არაორდინარული დამოკიდებულებაა. ობიექტურები ვიყოთ - საქართველოს პრეზიდენტი ქვებსაც რომ ისროდეს, მხოლოდ ამის გამო ასეთი დამოკიდებულება არ შეიქმნებოდა. არც ის არის სადავო, ველიკოდერჟავული მანიით შეპყრობილი რუსეთი საქართველოს დასჯით რომ აპირებს დანარჩენი მსოფლიოს ჭკუაზე მოყვანას.

გვესმის, რომ მავანს და მავანს გულუბრყვილოდ ეგონა, ტალიავინი მიხეილ სააკაშვილს დააპატიმრებდა და ჰააგაში წაიყვანდა, მაგრამ რაკი ასე არ მოხდა, ეს იმას არ ნიშნავს, ეთერში მასკარადი მოვაწყოთ და ხმის დაკარგვამდე ვიკივლოთ - ქართველებმა რუსი სამშვიდობოები დახოცესო. სხვა თუ არაფერი, ასეთ სიტუაციაში თუ შენი არგუმენტები რუსულ პროპაგანდას ემთხვევა, ალბათ დაფიქრება სჯობს. ევროპელმა დიპლომატებმა და ექსპერტებმა ათასგვერდიან დასკვნაში რუსეთს ბრალი პირდაპირ ვერ დასდეს, მაგრამ იმდენი მოახერხეს, რომ მისი გამამტყუნებელი ზღვა ფაქტობრივი მასალა დადეს.

წლების განმავლობაში რუსეთი ცდილობდა, საქართველო პროვოკაციაზე წამოეგო და ამისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფერს აკეთებდა. სხვა საკითხია, უნდა წამოჰგებოდა თუ არა რუსულ სატყუარას საქართველოს ხელისუფლება, ისიც - მზად იყო თუ არა ქართული არმია ამ გამოწვევისთვის. დღევანდელი მსოფლიო ამ ომზე ბჭობს და არა სააკაშვილის უნარ-ჩვევებზე. ამიტომაც, თუ სახელმწიფოს და არა სავარძლის ბედი გვაფიქრებს, ამ ომს ნიშნის მოგებით კი არა, თანაგრძნობით უნდა მოვეკიდოთ. ტალიავინის დასკვნა და მის გარშემო მთელ მსოფლიოში ატეხილი კამათი საერთაშორისო სამართალს განეკუთვნება. ამ სფეროს კი ნიშნისმომგები ყიჟინის ნაცვლად, ჭკუადამჯდარი, კომპეტენტური მიდგომა სჭირდება. ფაქტების მომკვლევი კომისიის დასკვნა საერთაშორისო სამართლის ცნობილ პროფესორთან, ლევან ალექსიძესთან გავარჩიეთ:

- ამ დღეებში ოპოზიციის ლიდერთა გამოსვლების მოსმენისას ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ დასკვნა ბოლომდე არ ჰქონდათ წაკითხული. შესაძლოა, საერთაშორისო სამართლის დეტალებში ვერ ერკვეოდე, მაგრამ როდესაც ტელეეთერში გამოდიხარ და საკითხის კომენტირებას ახდენ, ალბათ ის საკითხი შესწავლილი უნდა გქონდეს. სხვათა შორის, იგივე შეიძლება ითქვას ქართულ და უცხოურ მედიასაშუალებებზეც. პირადად ჩემთვის, გამოხმაურებათა შორის ყველაზე ღირებული და ობიექტური ილარიონოვის შეფასება იყო, რომლის აზრითაც, დასკვნა სკანდალურია იმდენად, რამდენადაც სახელმწიფოებს თავისი სუვერენიტეტის დაცვას უკრძალავს და ამას საერთაშორისო სამართლის დარღვევად აცხადებს.

ავტორი იმასაც ამბობს, რომ ტერმინოლოგია, მოყვანილი ფაქტები და შემდგომი შეფასებები აბსოლუტურად არ ეთანხმება ერთმანეთს. სხვათა შორის, თავად ქალბატონმა ტალიავინიმ, გაზეთ "ნიუ- იორკ ტაიმსში" დასკვნის პრეზენტაციის დროს, სიტყვასიტყვით ბრძანა, რომ დიდი ქვეყნის მიერ პატარის დაშინება, მუქარა და ძალის გამოყენება, რასაც 2008 წლის ომში ჰქონდა ადგილი, სამხედრო დანაშაულია და აკრძალული უნდა იყოსო... ახლა, რაც შეეხება თანამიმდევრულობას: უნდა გვახსოვდეს, რომ კომისიას ჰქონდა "ფაქტფაინდინგი", ანუ ფაქტების მომკვლევი დანიშნულება. მის მოვალეობაში არ შედიოდა პოლიტიკური შეფასების გაკეთება და მტყუან-მართლის დადგენა ან ვისიმე გასამართლება. კომისიის ობიექტურობაზე თავიდანვე დიდი ეჭვი მქონდა, ვინაიდან კომისიაში შეიყვანეს რამდენიმე გერმანელი ექსპერტი, რომლებმაც ომის მეორე დღიდანვე საქართველოს ლანძღვა-გინება დაიწყეს.

ეს უკვე იყო დიდი შეცდომა. დასკვნას რიგ მომენტებში აშკარად ეტყობა ამ ექსპერტების ხელწერა და შესაბამისად, შესამჩნევია რუსეთის ზეწოლის კვალიც. მიუხედავად ამისა, კომისიის დასკვნაში ფაქტობრივი მასალა კარგად არის დალაგებული, პრაქტიკულად ყველაფერი, რაზეც მანამდე ქართული მხარე ლაპარაკობდა, ზედმიწევნით და თანამიმდევრულად არის დოკუმენტირებული. დამეთანხმებით, უაღრესად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, როდესაც ესოდენ ტიტულოვანი კომისია დასკვნაში დაწერს, რომ ქართულ სოფლებში ხდებოდა ეთნიკური წმენდა, რომ არ დასტურდება საქართველოს მიერ გენოციდის მოწყობა, რომ რუსეთი გაცილებით ადრეული დროიდან ახდენდა მოსახლეობის ხელოვნურ პასპორტიზაციას და აწყობდა პროვოკაციებს. გეტყვით, რატომაც - რუსეთი, მოგეხსენებათ, ყველანაირად ცდილობდა საქართველო და მისი კონფლიქტური რეგიონები "კოსოვოს მოდელში" ჩაესვა და თავისი ქმედებები ამგვარად გაემართლებინა (ავტორის შენიშვნა: იუგოსლავიას გამოყოფილ კოსოვოს რესპუბლიკაში 1999 წელს, გაეროს 1244 რეზოლუციაზე დაყრდნობით და მანდატით, ნატოს კომპლექსური ოპერაცია დაიწყო.

ეს ითვალისწინებდა სახმელეთო და საჰაერო ძალების აქტიური გამოყენებით მშვიდობის იძულებით დამყარებას რეგიონში. მასირებული ოპერაციის დაწყების მოტივად იქცა საერთაშორისო გამოძიების მიერ დადგენილი ეთნიკური წმენდისა და გენოციდის ფაქტები იუგოსლავიის სამთავრობო და არაფორმალური შეიარაღებული ძალების მიერ. ბელგრადთან მოკავშირეობის გამო, კრემლი ამ ოპერაციის დაწყების კატეგორიული წინააღმდეგი იყო, მაგრამ უმცირესობაში აღმოჩნდა. მას შემდეგ კი, რაც დასავლეთმა კოსოვოს დამოუკიდებლობაც აღიარა, ამ დიპლომატიური მარცხით დაკომპლექსებული რუსეთი გამუდმებით აიგივებდა საქართველოს ქმედებებს იუგოსლავიასთან და აცხადებდა, რომ თუ დასავლეთმა კოსოვო დაიცვა, ანალოგიურად მასაც ჰქონდა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დაცვის მორალური უფლება და ვალდებულება.

2008 წლის აგვისტოში საბრძოლო მოქმედებათა განვითარება სწორედ კოსოვოსას ჩამოჰგავდა და რუსეთიც, აქტიურად მიუთითებდა ქართველთა მიერ ჩატარებულ გენოციდზე ოსი და აფხაზი მოსახლეობის მიმართ), მაგრამ "კოსოვოს მოდელის" გადმოქართულების მცდელობამ კრახი განიცადა. ტალიავინის კომისიამ, რომელშიც რამდენიმე ყოფილ საგარეო და თავდაცვის მინისტრთან ერთად საერთაშორისო სამართლის, სამშვიდობო ძალებისა და სამხედრო საქმეთა ტიტულოვანი ექსპერტებიც შედიოდნენ, არ დაადასტურა საქართველოს მიერ გენოციდის მოწყობა. მეტიც - დასკვნაში წერია, რომ ქართული სოფლების ეთნიკურ წმენდას ოსებთან ერთად ახორციელებდნენ როკის გვირაბით რუსეთის ტერიტორიიდან შემოსული სხვა ეროვნების ბოევიკები და რუსულ რეგულარულ ნაწილებს, რომლებიც იმ დროისთვის ამ ტერიტორიებს აკონტროლებდნენ, მათთვის ხელი არ შეუშლიათ...

- გინდათ, თქვათ, რომ ტალიავინის დასკვნაში რუსეთის ამ დანაშაულებრივ ქმედებათა ანატომიაა გაშიფრული და დადასტურებული?

- სწორედ რომ ასეა, მეტიც - დასკვნაში წერია, რომ აგვისტოს კულმინაციამდე დიდი ხნით ადრე რუსეთი აქტიურად აიარაღებდა ოსურ ბანდფორმირებებს. მისი სახელმწიფოს ტერიტორიიდან როკის გვირაბის გავლით შემოდიოდნენ დაქირავებული თუ მოხალისე ბოევიკები, რუსული რეგულარული ნაწილები მონაწილეობდნენ საბრძოლო წვრთნებში და მათ არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა მანდატი...

- მიუხედავად ამ ფაქტების მოყვანისა, დასკვნის შეფასებით ნაწილში არაფერია ნათქვამი "რუსულ აგრესიაზე", რაზეც ასე ხშირად ლაპარაკობდა საქართველოს ხელისუფლება. მეტიც, დასკვნაში წერია, რომ მასირებული ცეცხლი ცხინვალს პირველად გაუხსნა საქართველომ და სახმელეთო ძალების პირველი შეტევაც საქართველომ განავითარა...

- მე პოლიტიკაში არ ვერევი, მაგრამ ვარ საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი და შესაბამისად, ჩემი დასკვნები და მოსაზრებებიც მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართალს ეყრდნობა. იცით, როგორ არის განმარტებული "აგრესია" ამ სამართალში? გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 1974 წლის რეზოლუციაში ამ ცნების განმარტებისთვის 8 პუნქტია ჩამოთვლილი: ერთი სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების მეორე სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა; ბანდების მომზადება - შეიარაღება და მათი შეგზავნა სხვის ტერიტორიაზე; ჯარი, რომელიც ადრე იყო შეყვანილი მეორე სახელმწიფოს ნებართვით და შემდეგ ამ უკანასკნელმა მისი გაყვანა მოითხოვა, იმ მომენტიდან აგრესორად ითვლება და ბევრი სხვა. ტალიავინის დასკვნაში ლამის რვავე პუნქტში მოყვანილი ქმედებებია დადასტურებული - შემოჭრა ზღვისა და ხმელეთის გამოყენებით; პორტებისა და ინფრასტრუქტურების დაზიანება-ბლოკირება; საჰაერო და საზღვაო დაბომბვები მთელ ტერიტორიაზე... ამის შემდეგ ჩემთვის ცოტა არ იყოს, გაუგებარია ზოგიერთი პოლიტიკოსის სატელევიზიო გამოსვლა და ნიშნის მოგებით ლაპარაკი, რომ პირველად თურმე ჩვენ გაგვისვრია...

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ყველას გვახსოვს რუსული სამშვიდობოების მეთაურ კულახმეტოვის განცხადება ქართული სოფლების დაბომბვასთან დაკავშირებით, რომ ისინი ვეღარ ახერხებდნენ სიტუაციის გაკონტროლებას... გამოდის, რომ 7 აგვისტომდე, ანუ ქართული მხარის შეტევამდე, რუსებს განუცხადებიათ, რომ სოჭის ხელშეკრულებას ვეღარ ასრულებდნენ, რადგან ამ ხელშეკრულების დედააზრი სწორედ სამშვიდობო მისია იყო... ამ საკითხის, უნდა მომხდარიყო თუ არა ჩვენი მხრიდან გასროლა, პოლიტიკურ მხარეს ვერ შევაფასებ, საერთაშორისო სამართლის მიხედვით ვასკვნი, რომ აქ ვერც საერთაშორისო სამართალში აღიარებულ სხვა ნორმების დარღვევას შეხვდებით.

სხვათა შორის, იმავეს ამბობს ფლორენციის უნივერსიტეტის მსოფლიოში აღიარებული პროფესორი, ამჟამად ჰააგის ერთ-ერთი მოსამართლე ანტონიო კასესე - ეს სუვერენული სახელმწიფოსგან მხოლოდ და მხოლოდ თავდაცვა იყო და სხვა არაფერი, რადგან საომარი მოქმედებები მის ტერიტორიას არ გასცდენიაო.

საერთაშორისო სამართალში არსებობს ასეთი ტერმინი: "პრევენციული სელფ-დეფენსი", ანუ თვითდაცვა. ეს ცნება განმარტავს იმ მდგომარეობას, როდესაც სახელმწიფოს ღიად კი არ გამოუცხადეს ომი, არამედ თანდათან მიჰყავთ ომის მდგომარეობამდე, ასე ვთქვათ, "ყელში უჭერენ". იმავე სამართალში მოყვანილია განმარტებებიც, თუ რა შეიძლება სუვერენულ სახელმწიფოს "სელფ-დეფენსში" ჩაეთვალოს: უპირველესად მოქმედება უნდა ხდებოდეს მისსავე ტერიტორიაზე - დამეთანხმებით, რომ საქართველო თავისი ტერიტორიის ფარგლებში მოქმედებდა და რუსეთის საზღვარი არ გადაულახავს; მეორე - აუცილებელი არ არის, ამ პუნქტის ასამოქმედებლად მტერმა მასობრივად გადმოლახოს ქვეყნის საზღვრები. ეს ომი მაინც დაიწყებოდა, აპრილში გეგმავდნენ და დაიწყო აგტვისტოში - თუ აგვისტოში არა, დაიწყებოდა ოქტომბერში... თვით რუსი ექსპერტებიც აღნიშნავდნენ - რომ არა საქართველოს მიერ განხორციელებული ქმედებები, ეს მოხდებოდა სხვა დროს და მაშინ რუსები თბილისშიც მოახერხებდნენ შემოსვლას, სანამ საერთაშორისო საზოგადოებრიობა რეაგირებას მოასწრებდა...

ვიმეორებ, რომ კომისიაში საქართველოსადმი აშკარად აგრესიულად განწყობილი რამდენიმე ექსპერტი იჯდა, რომ გერმანიის ელჩი მოსკოვიდან უშუალოდ უკავშირდებოდა მათ... თავად ქალბატონი ტალიავინიც, ცოტა არ იყოს, ინერტული პიროვნებაა, არ არის შემტევი. მაგრამ თავისთავად, კომისიამ საქართველოსთვის, უფრო სწორად კი სამართლიანობისთვის, მაინც უაღრესად მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა. სამომავლოდ ვფიქრობ, კომისიის მიერ მოგროვილ ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით საერთაშორისო სამართლის გათვალისწინებით მოვამზადო დასკვნა...

- და მაინც, შეიძლება ითქვას, რომ ტალიავინიმ უაღრესად დიპლომატიურად და მოხერხებულად გაართვა თავი დასმულ ამოცანას. მართალია, ორივე მხარე დაადანაშაულა, მაგრამ იქვე აღნიშნა, რომ მის შეფასებებს სამართლებრივი ძალა არა აქვს და ეს მხოლოდ ფაქტების მომკვლევი კომისია იყო. ფაქტები კი რუსეთის სასარგებლოდ ნამდვილად არ მეტყველებს... ვინაიდან კომისიის კომპეტენტურობა და ლეგალურობა ეჭვქვეშ არ დგება და ამას არც რუსეთი უარყოფს, თუ არის შესაძლებელი, თუნდაც თქვენი მონაწილეობით და ხელმძღვანელობით, კომისიის მიერ მომზადებულ ფაქტებზე დაყრდნობით, ჰააგის სასამართლოსთვის საერთაშორისო სარჩელი მომზადდეს?

- ეს ძალიან რეალურია. ჰააგაში რამდენიმე სასამართლო მოქმედებს - იუგოსლავიის, სახელმწიფოთაშორისო და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო. ბოლო ორში სწორედ ამ ფაქტებზე დაყრდნობით შესაძლებელია ეს საკითხი დადგეს...

- გასულ კვირას, ევროსაბჭომ მუქარა არ შეასრულა, თუმცა ხმის უფლების ჩამორთმევის ნაცვლად მკაცრი რეზოლუცია მაინც გამოაქვეყნა. როგორ ფიქრობთ, ევროპა შეიწუხებს თავს საქართველოსთვის და რუსეთს დაუპირისპირდება, თუ გასული საუკუნის ოცდაათიანი წლები შეიძლება განმეორდეს, როდესაც "ბებერმა ევროპამ" მიუნხენის შეთქმულებით, ჩეხოსლოვაკია ფაშისტურ გერმანიას შეატოვა?

- შესაძლოა, ასეთი დამოკიდებულება ევროპელებს ბოლო დრომდეც ჰქონდათ. სხვათა შორის, ტალიავინის კომისია მომხდარში ყველაზე მეტად სწორედ საერთაშორისო საზოგადოებრიობას და ევროპის ქვეყნებს ადანაშაულებს, - ამბობს, რომ მათი აქტივობის შემთხვევაში აგვისტოს კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. აგვისტოს ომის შემდეგ ევროპელები აშკარად გამოცოცხლდნენ. სხვათა შორის, რუსებისთვის ხმის უფლების ჩამორთმევას მეც ვეწინააღმდეგებოდი - მგელი გარეთ კი არ უნდა გაუშვა, პირიქით, გალიაში უნდა გყავდეს, რომ მისი კონტროლი შეძლო. ამიტომაც დადებითად ვაფასებ რეზოლუციას და ვადის მიცემას 25 იანვრამდე. ეს უპრეცედენტოდ მკაცრი შინაარსის რეზოლუციაა და აშკარა ხდება, რომ რუსეთის თავნებობას ევროპა აღარ შეეგუება...

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი