"ტურიზმში სიყალბეს ვერ გააპარებ" - კვირის პალიტრა

"ტურიზმში სიყალბეს ვერ გააპარებ"

"სანამ ძმობაზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე მტრობა უნდა მოვშალოთ"

უცხოეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, აშშ-ის პოლიციას პრეზიდენტ ბარაქ ობამას ბიძა ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის დაუკავებია. როგორც "ასოშიეითედ პრესი" იუწყება, 67 წლის ონიანგო ობამა აშშ-ში არალეგალურად ცხოვრობს. კანონის წინაშე თანასწორობაზე ჩვენი პრეზიდენტიც ბევრს ლაპარაკობს ხოლმე. ძმასა და ახლო ნათესავებზე ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ ერთ ფაქტს კი მოვიყვან, რაც, ალბათ, სხვასაც შეუმჩნევია: რამდენიმე თვეა, ავტომობილებზე დაბურული მინები აიკრძალა. რიგითი მოქალაქეები კანონის უზენაესობას შეეგუვნენ და ვისაც დაბურული ჰქონდა (ასეთი კი ძალიან ბევრი იყო), მინას მუქი ფერი უსიტყვოდ მოხსნა. სამაგიეროდ, ამას ვერ ვიტყვით სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის თანამშრომლებზე, რადგან ნაირფერი საშვებით აჭრელებული (ხშირად უსაშვოდ) ავტომობილები საქართველოში კვლავაც დაქრიან. ისიც არაერთხელ შეგვინიშნავს, ასეთ მანქანას "თვალდახუჭული" პატრულის თვალწინ საგზაო მოძრაობის წესები რომ უხეშად და გამომწვევად დაურღვევია. სახელმწიფო ინტერესების გულისთვის რას არ მოითმენს კაცი, მაგრამ მერწმუნეთ, ასე ისეთ სახელმწიფოს ვერასოდეს ავაშენებთ, რომლის ინტერესების დაცვაც შეიძლება ღირდეს.

ვესაუბრებით პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილს:

- საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს შარშან 2, წელს კი 3 მილიონი ტურისტი სტუმრობდა. როგორც სააკაშვილი იმედოვნებს, პროცესი გეომეტრიული პროგრესიით უნდა გაიზარდოს. თუმცა 2011 წლის დასრულებამდე 4 თვით ადრე ოფიციალური სტატისტიკა პროგნოზირებულს ზუსტად 2-ჯერ ჩამოუვარდება. სააკაშვილი ხშირად ამბობს იმასაც, რომ ქართული შავიზღვისპირეთი მალე არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიო ტურიზმის ცენტრებს შორის მოწინავე და ყველაზე განვითარებული იქნება. როგორია რეალობისა და პროგნოზების თავსებადობა?

- თავისთავად ქვეყნის ამბიცია, რომ ტურისტული ცენტრი გახდეს, მისასალმებელია იმ შემთხვევაში, თუ სწორად არის გაცნობიერებული პასუხისმგებლობა ასეთი პრეტენზიისა. ყველამ ვიცით, რომ ჩვენში მომსახურების სფერო სრულიადაც არ შეესაბამება იმ მოლოდინს, რაც საქართველოს სუპერტურისტულ ქვეყნად წარმოჩენასთან გვაკავშირებს.

გადის წლები, შენდება სასტუმროები, მაგრამ მომსახურების დონე, სამწუხაროდ, ჩამორჩება ინფრასტრუქტურის გაკეთილშობილების ტემპს. ვწუხვარ, რომ დღევანდელი ახალგაზრდა თაობა, როგორც წარსულში, ჩემი ახალგაზრდობის თაობა, იძულებულია, შეეგუოს ყალბ სტატისტიკას, რომელსაც საბჭოთა რიტორიკისგან განსხვავებას ვერ ვატყობ.

"მილიონი" ძალიან იოლად სათქმელი ციფრი გახდა ჩვენი ხელისუფლებისთვის. იქნებ იმიტომ, რომ საკუთარ მილიონს ძალიან ადვილად, ძალისხმევის გარეშე შოულობენ და ითვისებენ. ამიტომ მემილიონე ტურისტი აჭარაში, რომელიც სწორედ სექტემბრის პირველ რიცხვში დაჯილდოვდა ბათუმში, მომასწავებელია იმისა, რომ თვლაში პრობლემა გვაქვს, - მილიონზე ნაკლები ციფრი  გვეცოტავება, ხოლო მილიონი კაცი თუ სარგებლობდა აჭარის სანაპიროთი და მშვენიერი შავი ზღვით, შედეგზე ვინღა ზრუნავს. რა გაანიავებს აჭარის სანაპიროს, როცა  მრავალკილომეტრიან პლაჟზე არც ერთი ტუალეტი არ დგას? რომელი ტურისტი წავა იმ კურორტზე, სადაც პლაჟიდან სახლში უნდა ირბინოს ბუნებრივი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად?

უკეთესი მდგომარეობა არც თბილისშია. ადგნენ ჩვენი ხელისუფლების წარჩინებულნი, რომლებიც წინასაარჩევნო პერიოდში მეტროთი დაბრძანდებოდნენ, და ტაქსით გაიარონ ქალაქში, მძღოლებს ჰკითხონ, რამდენი ათასი არიან და როგორ ,,აკეთილშობილებენ" იძულებით თბილისის გარემოს. ტურისტულ ქვეყნებში ასე არ ხდება. ტურიზმის განვითარება ფეშენებელური ,"შერატონისა" და "კემპინსკების" მშენებლობით კი არ უნდა დაიწყოს, არამედ ელემენტარული ინფრასტრუქტურების მოწყობით. ცნობილი გამოთქმაა, თუ გინდათ, მიხვდეთ, რა ქვეყანაში ხართ, უნდა ნახოთ ბაზარი, სასაფლაო და საზოგადოებრივი საპირფარეშო. ამ პრიმიტიული კომპონენტების უქონლობის გამო ჩვენი ქვეყანა ვერ იქნება მიმზიდველი ტურისტებისთვის. თავი რომ დავანებოთ იმ ფასადურობას, დარწმუნებული ვარ, ტურისტი ვერ იქნება ნასიამოვნები, როცა ევროპულად გაწკრიალებული და აშენებული ქუჩის პარალელურ ქუჩაზევე სრულიად სხვა ეპოქას, ცხოვრების სხვა დონესა და ჰიგიენურ გარემოს აღმოაჩენს, თავისი მოუწყობლობითა და სავალალო ანტისანიტარიული მდგომარეობით. რასაკვირველია, ერთხელ აპატიებ საკუთარ თავს ასეთ შეცდომას, მაგრამ მეორედ აღარ გაიმეორებ და სამოგზაუროდ სხვა ქვეყანას აირჩევ. ელემენტარულ სტატისტიკას მოგიყვანთ, რაც მითხრეს და ვნახე კიდეც გონიოსა და კვარიათის სუპერმარკეტებში. მათი მეპატრონეები ამბობენ, რომ თუ შარშან სეზონზე დღეში 2.000 ლარს ვაჭრობდნენ, წელს ეს ციფრი ათჯერ არის შემცირებული. სამწუხაროა, რომ ჩვენი მოქალაქეები გამოსავალს მხოლოდ ქვეყნიდან ემიგრირებაში ხედავენ.

საკურორტო ზონების მცხოვრებთათვის ახალი საგადასახადო სისტემის შემოტანამ გააძვირა ქირა და შესაბამისად, შეამცირა ადგილობრივ ტურისტთა რაოდენობაც. იმისთვის, რომ ქვეყანა ტურისტული გახდეს, გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ტურიზმში სიყალბეს ვერ გააპარებ. ეს არ არის ის სფერო, რომელშიც ფასადურობით მიაღწევ წარმატებას.

- "საქპატენტში" ადასტურებენ ინფორმაციას, რომ ჟურნალისტმა ოლეგ პანფილოვმა საკვები ჰალსტუხის დიზაინის დარეგისტრირებაზე წარადგინა განაცხადი. თუ განაცხადი დაკმაყოფილდა, საქართველოში საჭმელი ჰალსტუხები გაიყიდება. იდეის ავტორები არიან ოლეგ პანფილოვი და კოალიცია "ევროპული საქართველოსთვის" წარმომადგენელი ლევან ჩოლოყაშვილი. ჰალსტუხის ანოტაციაში წერია, რომ "ჰალსტუხის ჭამა" ხელს უწყობს პირადი ცხოვრების რეფორმირებას და ხარისხის ამაღლებას; აძლიერებს თავისუფლებისა და დემოკრატიის მადას, ეხმარება ავტორიტარიზმით დაავადებული საბჭოთა მენტალიტეტის მქონეებს; დამზადებულია ნატურალური პროდუქტისგან".

- თუ გვინდა დემოკრატიული ქვეყანა ვიყოთ, ღმერთმა ხელი მოუმართოს ყველას, ჭამოს ის, რისი ჭამაც არ არის მიღებული. ამ პრინციპით იდეის ავტორებს საჭმელი კიდევ ბევრი ექნებათ და, ალბათ, საინტერესო ინოვაციებსაც შემოგვთავაზებენ. ღმერთმა შეარგოთ ის, რაც მათ გემოვნებას დააკმაყოფილებს. მაგრამ არა მგონია, მიმდევარი ბევრი ჰყავდეთ. ჩვენს ხელისუფლებას იმიტაციის ნიჭი მომადლებული აქვს და ამ ნაბიჯსაც მოიწონებს. ეგ არის, ევროპა მეცოდება, როდესაც ევროპულ საქართველოში ამდენ ანტიევროპულ ნიადაგზე გაღვივებულ პირს ვხედავ.

- გასულ კვირას დასრულდა არჩევნები აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში. როგორც გამარჯვებული კანდიდატის, ალექსანდრე ანქვაბის შტაბის ხელმძღვანელმა ლეონიდ ლაკერბაიამ განაცხადა, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობაში წინსვლას არ ელის: "როგორც ვიცი, სცადეს, განახლებულიყო შლაინინგის პროცესი, მაგრამ ქართული მხარე კონტაქტის აღდგენას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ასე რომ, ბურთი თქვენი პოლიტიკოსების მოედანზეა. ჩვენგან კი ინიციატივების საჭიროებას ვერ ვხედავ. ჩვენ მხოლოდ ერთი საკითხი გვაქვს გადასაწყვეტი - თანაარსებობის, თანაარსებობას კი მხოლოდ აღიარებაში ვხედავთ". შლაინინგის პროცესად წოდებულ შეხვედრათა სერიაში ორივე მხარის პოლიტიკოსები და ექსპერტები მონაწილეობდნენ. ერთნი თვლიან, რომ გაუთავებელ შეხვედრებს აზრი არა აქვს, მეორე მხრივ, სამოქალაქო დონეზე შეხვედრები, ქართველთა და აფხაზთა შორის კავშირის დამყარება ნდობის გაჩენას შეუწყობს ხელს, რაც თავის მხრივ, მოლაპარაკებათა საფუძველი შეიძლება გახდეს. თქვენ როგორ ფიქრობთ?

- რაც უნდა თავი მოვიკატუნოთ, რომ აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები არ გვაინტერესებდა, ინტერესი იყო. ზოგისთვის ეს იყო მოლოდინი რაიმე პოზიტივისა, ზოგისთვის კი კმაყოფილება პროგრესის არარსებობის დასადასტურებლად. ერთი რამ ცხადია: აფხაზეთი, ისევე როგორც დანარჩენი საქართველო, არსებობს და განაგრძობს საკუთარი გზით სვლას. ამიტომ ის, რომ უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში უკვე მესამედ ირჩევენ აფხაზეთის მოქალაქეები პრეზიდენტს (თუნდაც გარეგნულად), ასევე თვითონ პროცესი არჩევნებისა ბევრად მიმზიდველი ჩანს, ვიდრე ჩვენთან ჩატარებული არჩევნები, დაფიქრებად ღირს. სხვა თუ არაფერი, ის მაინც ვიცით, ვის ენდობა აფხაზი მოსახლეობის ნახევარზე მეტი და შეგვიძლია  წარმოვიდგინოთ, ვისთან შეიძლება მოლაპარაკება და რა თემაზე.

ჩვენი ხელისუფლების პოზიციაში ძვრა არ მომხდარა. 1990 წლიდან ერთი და იგივე წინადადებები გაისმის, ერთი და იმავე ტერმინოლოგიას იყენებენ მარიონეტულ მთავრობაზე ლაპარაკისას, რომლებიც ოკუპანტებს დაუქირავებიათ. ასე ვერაფერს მივაღწევთ. ჯერ ელემენტარული კავკასიური ზრდილობა აღვიდგინოთ ტერმინოლოგიაში და ერთმანეთთან მიმართვისას. დარწმუნებული ვარ, სრულიად ობიექტურია როგორც ქართული, ისე ევროპული და ამერიკული ტერმინოლოგიის ის ფრაზა, რომელიც ოკუპირებულად მოიხსენიებს ამ ტერიტორიებს და ოკუპანტად აცხადებს რუსებს, მაგრამ აფხაზეთში მცხოვრები ადამიანების მუდმივად შეურაცხყოფა სიკეთეს ვერ მოუტანს ვერც ერთიან საქართველოს და ვერც აფხაზეთის მეზობელ საქართველოს. ამიტომ ცოტა მეტი ნიჭი და გამბედაობაა საჭირო ახალი და ორიგინალური ხედვის შემუშავებისთვის. უნდა გავაცნობიეროთ, რომ პროგრესისთვის მიუღებელია ფორმულა "ილაპარაკეთ ან ჩემთან, ან არავისთან". ბატონმა ანქვაბმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე ბრძანა, რომ მზად არის ყოველგვარი პირობის გარეშე საქართველოს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის, იმისდა მიუხედავად, სააკაშვილი იქნებოდა მთავრობაში თუ არა. ეს იყო მკაფიო და განსხვავებული ნოტი რუსეთის უკვე მოსაბეზრებელ მელოდიაში, რომელსაც ის საქართველოს საკითხზე ახმოვანებს ხოლმე, როდესაც მოლაპარაკებაზეა საუბარი.

ვერ ვიტყვი, რომ ეს ანქვაბის სრულიად დამოუკიდებელი ფრაზა იყო. შეიძლება, ეს თემა მოსკოვთანაც მოსინჯა. მიუხედავად ყველაფრისა, თავად ანქვაბსა და მის გუნდთან ურთიერთობას თუ ჩვენ ვერ შევაფასებთ როგორც პერსპექტიულს, საწყენი იქნება. ერთში ვარ დარწმუნებული: მოლაპარაკებას წინ უნდა უსწრებდეს დიალოგი, დიალოგი საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის, ყოველგვარი ხელშეკრულებისა და სტატუსის განხილვის გარეშე. ეს უნდა იყოს ელემენტარული ადამიანური ურთიერთობების აღდგენა. იმ ურთიერთობისა, რომელიც ქართველებსა და აფხაზებს საუკუნეების განმავლობაში არასოდეს უჭირდათ. დიდი პერსპექტივა აქვს, უპირველეს ყოვლისა, პროფესიულ და ახალგაზრდულ კავშირებს, ასევე სპორტულ შეხვედრებს. არ ვგულისხმობ მაინცდამაინც რაგბის, სადაც ერთმანეთისთვის თავ-პირის მტვრევაა დაშვებული. ჭადრაკი მაინც ვითამაშოთ აფხაზებთან. გარდა ამისა, დღესაც მაღალია ინტერესი ქართული სამედიცინო პოტენციალის მიმართ, რასაც ვერ ვიტყვით ჩვენს ხელისუფლებაზე - ნათელია, ეს დარგი უფრო და უფრო მძიმე დღეში ვარდება. ამიტომ ის დაინტერესება, რაც ჩრდილოკავკასიელებსა და აფხაზებს ყოველთვის ჰქონდათ ამ მიმართულებით, შეიძლება დაიკარგოს. მე თავად გახლდით შლაინინგის პროცესის მონაწილე და შედეგიანად მიმაჩნია ის კონტაქტები, რაც აფხაზეთის არასამთავრობო სექტორთან დავამყარეთ.

ცხადია, ეს იოლი არ ყოფილა, მაგრამ შედეგი მაინც გვქონდა. მთავარია, ამ პროცესში, კანდიდატურების შერჩევაში, ხელისუფლება არ ჩაერიოს. ყველას უნდა ჰქონდეს შეხვედრებში მონაწილეობის საშუალება, თუნდაც ძალზე რადიკალურად განწყობილ პირებს. მთავარია, ორივე მხარემ გაითავისოს, რომ სანამ კონკრეტულ საკითხებზე დაიწყებოდეს მოლაპარაკება, მზად ვართ ერთმანეთთან ურთიერთობისთვის. სანამ ძმობაზე დავიწყებდეთ ფიქრს, მანამდე მტრობა უნდა მოვშალოთ. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის შიშისა და სიძულვილის გარეშე ვიცხოვროთ. სხვა თუ არაფერი, მეზობლობა მაინც უნდა გვქონდეს ნორმალური, სანამ უფრო მეტზე ვიფიქრებთ. მაგრამ სანამ ამ პოზიციამდე მივალთ, თბილისმაც და სოხუმმაც ის უნდა გააცნობიერონ, რომ  მხოლოდ საკუთარ პოზიციაზე დაყრდნობით ვერაფერს მიაღწევენ.