"ჩვენთან ყველაფერი ყველაზე საუკეთესოა" - კვირის პალიტრა

"ჩვენთან ყველაფერი ყველაზე საუკეთესოა"

"დაანონსებამდე რომ გამართულიყო კონსულტაციები, ამ "მარშში" უფრო მეტი ადამიანი მიიღებდა მონაწილეობას"

"ხელისუფლების აზრით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, დამნაშავეა"

"არ შეიძლება მტერს გაუწვე და ფეხები აულოკო. დათვს რაც უნდა ბაბა ეძახო, შეგჭამს, ჯობს, ჯოხით ან თოფით მოიგერიო. უკეთესია, აერიდო, მაგრამ თუ გადაგეყარა, დათვის ერთი ადგილის ლოკვა საქმეს არ უშველის. მე ამ დათვში დათვს ვგულისხმობ და არა რომელიმე სახელმწიფოს", - ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა. ალბათ, პრეზიდენტი "მტერშიც" მხოლოდ მტერს გულისხმობდა და არა რომელიმე სახელმწიფოს. სხვათა შორის, კარგია, რომ დათვთან დაკავშირებულ ტრადიციულ რიტორიკაში სიტყვა "მორიდებაც" გამოჩნდა, თორემ აქამდე შეიძლებოდა კაცს ჰგონებოდა, დათვი სულაც ტყეში რომ იყოს, უნდა მოვძებნო და ჯოხი ვურტყა თავშიო. ცხადია, ტყეში ჩვენც ტყეს ვგულისხმობთ და არა რომელიმე თვითაღიარებულ რესპუბლიკას.

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა ქუთაისელებს ველოსიპედის ტრასა აჩუქა და პირადი მაგალითითაც უჩვენა, თუ როგორ სჯობია ველოსიპედით სეირნობა ფეხით სიარულს - ისიც ითქვა, მთელი ევროპა ასე მგზავრობსო. როგორც ჩანს, ევროპული ცხოვრების წესი ქუთაისელებს ისე მოეწონათ, რომ ველოსიპედების შესაძენად კუთვნილი ხელფასები მოითხოვეს, მაგრამ ნურას უკაცრავად, ჩვენს ქვეყანაში უკმაყოფილება ხომ კანონგარეშეა გამოცხადებული: გაფიცულ მუშებს პატრული მიუვარდა, ვინც ადგილზე გაილახა, გაილახა, გაქცეულებს კი სულ ხმოვანი ეფექტებით სდიეს და კუდით ქვა ასროლინეს. ასე დარჩა ქუთაისის დემოკრატია და კეთილდღეობა ტელევიზორში.

დაწვრილებით ჩვენს ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პერსპექტივებზე ეკონომიკის ექსპერტს, გია ხუხაშვილს ვესაუბრებით:

- როგორც რუსული გამოცემა "კომერსანტი" წერს, საფრანგეთის სახელმწიფო ბანკი ჩაისსე დეს ეპოტს ეტ ჩონსიგნატიონს-ი ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების განვითარებისთვის 10 მილიარდ ევროს გამოყოფს. ბანკი და ღია სააქციო საზოგადოება "ჩრდილოეთ კავკასიის კურორტები" ერთობლივ კორპორაციას "ნიდერლანდში დაარეგისტრირებენ. ერთობლივი საწარმოს 51% "- ჩრდილოეთ კავკასიის კურორტების", ხოლო 49% სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია France Caucase-ს საკუთრება იქნება. ამის თაობაზე საქართველოში საფრანგეთის ელჩმაც გააკეთა კომენტარი:

"უპირველესად მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ვარ ელჩი და არა რუსეთში. შესაბამისად, დეტალები, თუ რა ხდება რუსეთში, არ ვიცი. რაც შეეხება საქართველოს, შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენ ვაპირებთ ინვესტირებას გუდაურისა და მესტიის განვითარებისთვის". ცოტა უცნაური ხომ არ არის ჩრდილოეთ კავკასიის დაძაბულობის ფონზე ამხელა ინვესტიციების განხორციელება?

- არა მგონია, ამ ამბავს კავშირი ჰქონდეს პოლიტიკასთან. მოგეხსენებათ, 2014 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში ოლიმპიური თამაშები იმართება. შესაბამისად, ბიზნესინტერესები ლოგიკურია, მაგრამ ამ საქმეში უფრო დიდი დატვირთვა ჩრდილოვან მხარეს ექნება. ფრანგული ბანკის ეს კრედიტი რუსული კორუფციული ფულით არის გარანტირებული. მათ აქვთ აბსოლუტურად მყარი ფინანსური გარანტიები, რომ ფორს-მაჟორის შემთხვევაში დახარჯული თანხები აუნაზღაურდებათ.

სქემა ასეთია: მოგეხსენებათ, ჩინოვნიკს არ შეუძლია ფულის დაბანდება ინვესტიციებში. ამიტომაც ხშირად ე. წ. უცხოელი პარტნიორები შემოჰყავთ და ინვესტიციების მეშვეობით კრიმინალურ ფულს ათეთრებენ. მერწმუნეთ, ეს არ არის ფრანგული ინვესტიცია. ეს არის ქეშით ან რაიმე სხვა ტიპის აქტივებით გამყარებული ფინანსური კომბინაცია, რასაც ბანკის სახელს არქმევენ.

არა მგონია, ამის გამო უკმაყოფილების საბაბი გვქონდეს. ფურნიეს განცხადება კი მხოლოდ და მხოლოდ დიპლომატიურია. ბუნებრივია, მიზეზთა გამო ვერ ილაპარაკებდა იმაზე, რაც რუსულ-ფრანგულ შეთანხმებაში ხდება. მან შესაძლო უკმაყოფილების კომპენსაციის მიზნით გუდაურსა და მესტიაში ინვესტირება ახსენა. ალბათ, იქ ათი-ოცი ფრანგი ტურისტი დაისვენებს ხოლმე. ასეა თუ ისე, ეს ჩვენთვის საზარალო არ არის - საქმე გვაქვს ჩრდილოეთ კავკასიაში ფრანგული ბანკისა და რუსი ჩინოვნიკების შეთანხმებასთან. ეს მათი სპეციფიკური საქმეა და ქართულ არბიტრაჟში გასარჩევი ნამდვილად არ არის.

- "მაქვს ამბიცია, რომ ფოთი იყოს 100%-იანი დასაქმების ქალაქი", - ბრძანა საქართველოს პრეზიდენტმა ფოთში სტუმრობისას. მიხეილ სააკაშვილმა ვერა ქობალიასთან ერთად ფოთში საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი. "ვქმნით ტექნიკურ სასწავლებლებს, კულტურულ-საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურას იმისთვის, რომ ახალგაზრდობა მომზადდეს, ხალხი კომფორტულად გრძნობდეს თავს და ეს იყოს მართლაც ცენტრალური ქალაქი საქართველოსთვის. აეროპორტის მშენებლობა ძალიან დიდი გარღვევაა აქაურობისთვის. ეს იქნება ყველა ამინდში მომუშავე აეროპორტი, სადაც ყველა ტიპის თვითმფრინავი დაჯდება. ის იქნება ყველაზე თანამედროვე აეროპორტი საქართველოსა და კავკასიაში და მუდმივად დატვირთული იქნება: ჩამოიყვანს ტურისტებს, ბიზნესმენებს და თითოეული ჩვენგანის ოჯახს წარმოუდგენლად მეტ შემოსავალს მოუტანს", - განაცხადა პრეზიდენტმა და უფრო და უფრო გაურკვეველი ხდება, რომელია მსოფლიოს საუკეთესო ქალაქი: ბათუმი, ქუთაისი, სიღნაღი თუ ფოთი?

- ეს ხელისუფლების სტილია, ჩვენთან ყველაფერი ყველაზე საუკეთესოა. თუ ცოტა ხნის წინ საუკეთესო ევროპელები ბათუმელები იყვნენ, მერე საუკეთესო ევროპელები სვანები გახდნენ. ახლა ვიგებთ, რომ ცენტრალური ქალაქი არა ქუთაისი ან ბათუმი, არამედ ფოთი ყოფილა. ქართული ანდაზა რომ არის, სადაც ჩახვალ, იქაური ქუდი დაიხურეო, ალბათ, ამის მიხედვით მოქმედებს ხელისუფლება. სინამდვილეში ეს ყველაფერი პროპაგანდაა. ადგილობრივ მოსახლეობას რაც სიამოვნებს, ის ზარი ჩამოჰკრავს ხოლმე გვირაბში (ზებუ გავიხსენოთ).

ვისურვებდი, რომ პრეზიდენტის სიტყვები ახდეს. მეც გულით მინდა, ფოთი მსოფლიოში საუკეთესო ქალაქი იყოს, მისი აეროპორტი კი უსაფრთხო და ამინდგამძლე, ფოთელები კი ასი პროცენტით იყვნენ დასაქმებული. მაგრამ ფოთთან დაკავშირებული დაპირებები ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ გვახსოვს, როდესაც ეკონომიკურ ზონებზე იყო ლაპარაკი და იმასაც გვპირდებოდნენ, ფოთში მარტო ფოთელები კი არა, მთელი რეგიონის მოსახლეობა დასაქმდებაო, 50000 სამუშაო ადგილზე იყო ლაპარაკი. ახლა შედარებით მოკრძალებული მიზანი დასახელდა: ფოთის დასაქმება. ნამდვილად მისასალმებელია, მაგრამ კითხვებიც გვაქვს: სად არის თავისუფალი ინდუსტრიული თუ ეკონომიკური ზონა? სად არის არაბი ინვესტორი, რომელსაც იქაურობა უნდა აეყვავებინა? ჯერ სამართავად აიღო და მერე გაყიდა? ან რომ გაყიდა, როგორ გაყიდა მართვაში აღებული პროექტი? მოკლედ, ფოთში ბევრი უცნაური ამბავი ხდება და სამწუხაროდ, ნდობისა და ოპტიმიზმის საფუძველი არა გვაქვს. მანამდეც ბევრი თქმულა და გაკეთებით არაფერი გაკეთებულა. ახლა რატომღა უნდა დავიჯეროთ?

- პრეზიდენტი ხშირად საყვედურობს ხოლმე ოპონენტებს, ქვეყნის შენებას აკრიტიკებთო. ერთი შეხედვით თითქოს საქმე გვაქვს დაბოღმილ ადამიანებთან, რომლებსაც არასოდეს არაფერი მოსწონთ, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ქვეყანაში ყოველდღე ახალ ობიექტს ხსნის და ახალ პროექტს იწყებს. მაგრამ მეორე მხრივ, არის კი ქვეყნის ეკონომიკა იმდენად განვითარებული, რომ ყველა ქალაქში ახალი აეროპორტისა და ინფრასტრუქტურის აშენებას გასწვდეს? ხელოვნური და ნაჩქარევი ხომ არ არის ეს ყველაფერი?

- მე ვადასტურებ, რომ რაღაც ნამდვილად კეთდება და ბევრი რამ ჩემთვისაც გასახარია. მეტი სინათლეა, მეტი წესრიგი. ეს, ცხადია, კარგია, მაგრამ ეს არ არის პირდაპირი მაჩვენებელი ეკონომიკური კეთილდღეობისა და განვითარებისა. ინფრასტრუქტურა მხოლოდ ირიბ მაჩვენებლად თუ გამოდგება. ჩემი აზრით, ქართული ეკონომიკა, შეიძლება ითქვას, არ არსებობს, რადგან ქვეყანაში არ იქმნება დამატებითი ღირებულება. ჩვენ მომხმარებელი ქვეყანა ვართ, რომელიც უფრო მომსახურების სფეროზეა ორიენტირებული და ამითაც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს. ეს კი საბოლოოდ მაღალ სოციალურ რისკებზე აისახება. აი, ეს არის პრობლემა. სანამ ადგილობრივი წარმოება არ განვითარდება და არ შეიქმნება ჯანსაღი კონკურენტული გარემო, მანამდე ვილაპარაკებთ ამ დამხმარე მეურნეობაზე და ეკონომიკის განვითარებაზე ვერ გადავალთ. ნურავის ეგონება, რომ ჩვენ გაკეთებულს არ ვამჩნევთ. ვამჩნევთ და ძალიანაც გვიხარია, მაგრამ გრძელვადიანი პერსპექტივა ამ ყველაფერს არა აქვს. ყოველდღიურად მხოლოდ მოკლევადიან ამოცანებს ვწყვეტთ და ვერაფრით გადავდივართ უფრო ხანგრძლივი განვითარების პერსპექტივაზე.

- ახლახან ქუთაისში დიდი ზეიმით გაიხსნა ბილიკები ველოსიპედისტებისთვის და საქართველოს ულამაზეს ქალაქში მორიგი ევროპული ტრადიციის წამოწყების მოწმენი გავხდით. თუმცა რამდენად უთავსდება ევროპულ ტრადიციებს გაფიცული მუშების დარბევა-დაპატიმრება, სხვა საკითხია. როგორც ცნობილია, გაერთიანებულმა პროფკავშირების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ქუთაისის მეტალურგიულ საწარმო "ჰერკულესთან" პოლიციელები 20-მდე მანქანით მივიდნენ და საწარმოს მუშა-მოსამსახურეების საპროტესტო აქცია დაშალეს. დააკავეს აქციის 12 მონაწილე, მათ შორის - 4 მოშიმშილე. თუმცა, პროფკავშირებში არ გამორიცხავენ, რომ დაკავებულთა რაოდენობა მეტიც იყოს, რადგან აქციის დარბევის დროს მონაწილეები გაიქცნენ და მათ პოლიციელები ავტომობილებით დაედევნენ. გაფიცულები განსაკუთრებულს არაფერს მოითხოვდნენ, მხოლოდ შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და საწარმოდან დათხოვნილი 17 თანამშრომლის სამუშაოზე აღდგენას.

- ცნობილი ფილმის ცნობილი ფრაზა უნდა გავიხსენოთ: "ნუ იქნება მხოლოდ ბუნტი!" - სწორედ ამ პრინციპით მოქმედებს ხელისუფლება. რაც შეეხება ველოსიპედის ტრასებს, ეს ცუდი არ არის, მაგრამ ძალიან სასაცილოა, ქუთაისში, XXI საუკუნეში კეთილდღეობის მაჩვენებელი პროპაგანდა ამაზე ააგო. იქ ისიც ითქვა, თუ გზა არ იქნა, ველოსიპედი საიდანღა უნდა ყოფილიყოო. ჩემს ბავშვობაში ასეთი გზები სულაც არ იყო, მაგრამ ველოსიპედები ნამდვილად გვქონდა და მშვენივრადაც ვსარგებლობდით, მით უმეტეს, რომ ველოსიპედებით მგზავრობის კულტურა საქართველოში ნამდვილად არ არის. თუ ასეთი კულტურა გაჩნდება, მთელი ქუთაისი ველოსიპედებით ივლის და ძალიან ბედნიერი იქნება, ცხადია, არც ამის წინააღმდეგი ვიქნები.

რაც შეეხება ქუთაისის განვითარებას, ამ ქალაქშიც გვპირდებოდნენ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და მრავალმილიარდიან ინვესტიციებს. მაგრამ ესეც ჯერჯერობით საპნის ბუშტად რჩება და რამდენიმე მილიარდი რამდენიმე მილიონზეა გაჩერებული, პერსპექტივაც არსად ჩანს. რაც შეეხება გაფიცულთა დარბევას, აქ სისტემურ პრობლემას ვაწყდებით. ქართული შრომითი კანონმდებლობა მონისა და ბატონის ურთიერთობას ჰგავს, არ არის დასაქმებულის ინტერესები დაცული. დამსაქმებელს ნებისმიერი მიზეზით შეუძლია დასაქმებულის გათავისუფლება ისე, რომ არც სოციალური და არც სხვა ტიპის ვალდებულება არ იკისროს. თუმცა ამ ყოვლად მიუღებელი კანონის ფარგლებშიც კი სრულიად გამაოგნებელია, რაც ქუთაისში მოხდა. მუშები კუთვნილ ხელფასებსა და შრომის პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ, მეტს ხომ არაფერს? გაფიცვაც კანონიერად გამართეს. მიუხედავად ამისა, დაარბიეს. როგორც ვიცი, დაკავებულები პოლიციაში არც კი წაუყვანიათ, სხვაგან წაიყვანეს და იძულებით ამუშავეს. ეს ხომ უზნეობაა. ასეთი რამ არაცივილიზებულ ქვეყნებშიც კი იშვიათად ხდება. ხელისუფლება ყველაფერს პოლიტიკურ ჭრილში აფასებს. ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, დამნაშავეა.

- "ეროვნული ფორუმი" 27 სექტემბერს თბილისში "ქართველთა მარშის" მოწყობას გეგმავს. როგორც "ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე აცხადებს, მარში ეროვნული მოძრაობის მეორე ეტაპის დასაწყისი უნდა გახდეს და ხალხმა ხელისუფლებას თავისი მრისხანება აჩვენოს. რა შედეგს მოიტანს მორიგი "მარკეტინგული" ხედვა ქართულ საპროტესტო რიტორიკაში? ითქვა ისიც, რომ 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა და შესაძლოა ეს ანტიაფხაზურ აქციაში გადაიზარდოს.

- ანტიაფხაზურ რიტორიკას რაც შეეხება, ვფიქრობ, "ფორუმი" ამ საკითხს გონივრულად უდგება და არა მგონია, საამისო საფრთხე არსებობდეს. თუმცა, მაინც ჯობდა, ამ დღისთვის არ დაემთხვიათ აქცია და ოპონენტები შეცდომაში არ შეეყვანათ. მარშს რაც შეეხება, მე მესმის ოპოზიციის, რომელიც ცდილობს ვითარება მოსინჯოს და გარკვეულწილად ხელისუფლებას თავისი ძალა აჩვენოს მომავალი პოლიტიკური პერიპეტიების წინ. თავის მხრივ, ისიც შეამოწმოს, რა შეუძლია და რა - არა. მაგრამ, ვფიქრობ, საკითხი არასწორად არის დაყენებული:

ერთი მხრივ, როცა ლაპარაკობ ერთიანობაზე და სხვა პოლიტიკურ ძალებს ეპატიჟები აქციაში მონაწილეობის მისაღებად, მეორე მხრივ კი ჯერ აცხადებ "მარშს" და მერე სთავაზობ მონაწილეობას, მთლად მართებული არ უნდა იყოს.

მოგეხსენებათ, თვით ოპოზიციაშიც არ არის ერთიანობა და სხვა პოლიტიკური სუბიექტები ამიტომაც შეხვდნენ ცივად ამ წინადადებას. დაანონსებამდე რომ გამართულიყო კონსულტაციები, ალბათ, ამ აქციაში უფრო ბევრი მიიღებდა მონაწილეობას.