"რუსეთი საქართველოს შეიარაღებას წინ ვერ აღუდგება" - კვირის პალიტრა

"რუსეთი საქართველოს შეიარაღებას წინ ვერ აღუდგება"

"დღევანდელ რეალობაში კონკურენტული პოლიტიკური ბრძოლა შეუძლებელია"

აგვისტოს ტრაგიკული მოვლენების წლისთავმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სიმბოლიზმის კასკადის თანხლებით ჩაიარა - ქართველებისთვის უჩვეულო ორგანიზებულობით დაინთო უამრავი საპროტესტო კოცონი, აეწყო ცოცხალი დროშა და სხვ.

ცხადია, პროტესტის გამოთქმის უფლება შეუზღუდავია, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად შედეგიანი იქნება იგი. სხვა საკითხია ისიც, ყველას გვაქვს თუ არა გაცნობიერებული შედეგის საჭიროება - სხვადასხვა საპროტესო აქცია იმით დაგვირგვინდა, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის თავმჯდომარემ 8 აგვისტოს რუსულ ფაშიზმზე გამარჯვების დღედ დაწესება მოითხოვა. სიტყვებზე - "რუსული" და "ფაშიზმი" არ ვკამათობთ, სადავო "გამარჯვებაა". თუ ეს ასეა, მაშინ ან პროტესტი, ან ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისია რაღა საჭირო იყო, გამარჯვებულებს ხომ არაფრის აღდგენა არ სჭირდებათ, ბრძოლისას დახარჯული ენერგიის გარდა...

ვლადიკავკაზში ჩასული რუსეთის პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობდა, ველიკოდერჟავული იერი შეენარჩუნებინა, თუმცა ამხანაგი მედვედევის ამგვარი ხელოვნურობა ღიმილის მომგვრელი იყო. როგორც ჩანს, კრემლში "გაღმა შედავების" პოლიტიკა ამჯობინეს - სარკოზისადმი მიწერილ უსტარში მედვედევი მადლობას იხდის... თბილისელი ავანტიურისტების შეჩერების გამო. ალბათ იმიტომ, რომ ეს "ავანტიურისტები" დასავლეთ ევროპას დროულად რომ არ შეეჩერებინა, მოსკოვს აიღებდნენ... გასულ კვირას, ერთი წლის წინ დატრიალებული მოვლენების მიზეზებსა და გარემოებებზე ბევრი ითქვა, ამიტომაც პოლიტოლოგ შალვა ფიჩხაძესთან საუბარი სამომავლო პერსპექტივებზე დავიწყეთ:

- რამდენად რეალურია კონფლიქტურ რეგიონებში ვითარების დამშვიდების შანსი?

- გააჩნია ჩვენ, საქართველოს რას მოგვიტანს ეს "ვითარების დამშვიდება"... თუ რუსული გავლენისა და რეალური მმართველობის ქვეშ ისე დამშვიდდა და დაწყნარდა ვითარება, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ყოველგვარი შანსი დავკარგეთ, ამგვარი მშვიდობა სიკეთეს არ მოგვიტანს. ცხადია, იმას არ ვგულისხმობ, რომ ამ რეგიონებში ომი და არეულობა გვჭირდება და არა სიმშვიდე. ალბათ, უფრო თქვენი კითხვის შინაარსს შევცვლიდი და საკითხს ასე დავაყენებდი - არის თუ არა ვითარების მოგვარებისა და დარეგულირების ისეთი შანსი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არ შეილახოს. რა თქმა უნდა, შანსი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შარშან აგვისტომდე იყო, მაგრამ არა ნულოვანი. ამასთანავე ვითარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ერთმანეთისგან განსხვავებულია - შარშან აფხაზეთში ომი არ ყოფილა, ცხინვალში კი სისხლი დაიღვარა. ამდენად, სამხრეთ ოსეთის პრობლემა აფხაზეთთან შედარებით შარშანდელზე ბევრად უფრო გამწვავდა. რაც შეეხება ერთ საკითხს - ხელისუფლებამაც და საზოგადოებამაც ალბათ უფრო უნდა გამიჯნოს, განასხვავოს და განაზოგადოს, ვისთან გვაქვს საქმე. თუ საქმე გვაქვს რუსეთთან, მაშინ მასთან მოლაპარაკება უნდა ვაწარმოოთ. მოლაპარაკებაში არ ვგულისხმობ, რომ სასწრაფოდ რუსეთს უნდა ჩავეხუტოთ, მაგრამ საურთიერთობო გზების მოძიება რომ აუცილებელია, ცხადია. რა გზები უნდა გამოიძებნოს, ხელისუფლების გადასაწყვეტია.

თუ სეპარატისტების სახით სრულ მარიონეტებთან გვაქვს საქმე და ყველაფერს რუსები გადაწყვეტენ, შემდეგ ცხინვალსა და სოხუმს კრემლი ფაქტებს დაუდებს წინ, მაგრამ ის, რაც ბაიდენმა თქვა და მოგვიანებით ჩვენებმა დამჯერი მოწაფეებივით გაიმეორეს - კონფლიქტურ რეგიონებს ვთავაზობთ ფართო ავტონომიას, ფედერაციის სუბიექტობასო და სხვ., იმაზე მეტყველებს, რომ ცხინვალისა და სოხუმის სახით მთლად მარიონეტებთან არ უნდა გვქონდეს საქმე. რაკიღა მათ რაღაცას ვთავაზობთ, ბაიდენის მოწოდებით იქნება ეს თუ მის გარეშე, იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ სამუშაო ვერსიად მაინც უშუალოდ სეპარატისტებთან ურთიერთობას განვიხილავთ. იმაზე ლაპარაკი, რომ ესენი მხოლოდ მარიონეტები და შემსრულებლები არიან, მხოლოდ პროპაგანდის ნაწილი მგონია. ყველა მომენტი კარგად უნდა განვსაზღვროთ და გავიაზროთ - რა არჩევანს ვაკეთებთ, უფრო სწორად, როგორია სინამდვილეში ვითარება, რადგან სამწუხაროდ, არჩევანი არცთუ ფართო გვაქვს. რეალობის მიხედვით უნდა ავირჩიოთ სამოქმედო გზა, რომლის მეშვეობითაც კონფლიქტებს მოვაგვარებთ და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შევძლებთ... არსებული რეალობის გამომხატველია, თანაც არცთუ უმნიშვნელო ნაწილი, ვლადიკავკაზში ჩასული მედვედევის განცხადებაც - რომ რუსეთი უკან აღარ დაიხევს და რომ მან ეს ერთხელ უკვე გააკეთა შარშან აგვისტოში...

- აგვისტოში "უკან დახევაში" ალბათ იმას გულისხმობდა, რომ თბილისისკენ წამოსული რუსული ჯარები სადღაც შეჩერდნენ?

- როგორც ჩანს. თუმცა მეორე მხრივ, იმავე რუსეთის 58-ე არმიის სარდალმა, ხრულოვმა კატეგორიულად განაცხადა, რომ რუსული ჯარები თბილისში შესვლას არ აპირებდნენ და რომ ეს მტკნარი სიცრუეა... ასეა თუ ისე, მედვედევი გასულ თვეებთან შედარებით, აგვისტოს მოვლენების წლისთავზე, საკმაოდ რიხიანად გამოიყურებოდა. მან წერილითაც მიმართა სარკოზის და მადლობა გადაუხადა თბილისელი ავანტიურისტების დაშოშმინებისთვის...

- ეტყობა, რუსეთს საერთაშორისო რეაქცია აღარ აშფოთებს.

- ვფიქრობ, რუსეთი არც შარშან უფრთხოდა ამ რეაქციას. ეჭვი მეპარება, რომ ცხინვალში ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების გაშლამდე მოსკოვმა წინასწარ, შესაბამისი სიგნალები არ დაუგზავნა დასავლეთის ქვეყნებს. ცხადია, ამ სიგნალებში დეტალურად არ იქნებოდა აღწერილი, კონკრეტულად რას და როდის აპირებდა რუსეთის გენერალური შტაბი, მაგრამ სავარაუდო მოქმედებაზე ნამდვილად მიანიშნებდნენ... ეს არც იმას ნიშნავს, რომ 7 აგვისტომდე დასავლეთმა და რუსეთმა მოილაპარაკეს და ცხინვალის ბედი გაარკვიეს, მაგრამ დასავლეთის შესაძლო რეაქციაზე რუსეთს იმ დროისთვის ნიადაგი უკვე მოსინჯული ჰქონდა. შეუძლებელია კრემლს ეს არ გაეკეთებინა - ამას მხოლოდ ბრიყვი თუ ჩაიდენდა. ვიძახოთ, რუსები ბრიყვები არიან და ჟანგიანი ტანკები ჰყავთო, მაგრამ მთლად ასეც არ არის საქმე... მოსკოვში, ასე თუ ისე, აგვისტომდე, მაპატიეთ გამოთქმისთვის, მაგრამ უკვე "აზრზე იყვნენ", რა რეაქცია მოჰყვებოდა მათ შეტევით ოპერაციებს საქართველოზე.

მედვედევის რიხიანობის მიზეზი "შიდა მოხმარება" გახლავთ - ეს "რიხი" ნაწილობრივ რუს ამომრჩეველზე იყო გათვლილი, ნაწილობრივ კი უცხოეთზე, - ჩვენ მაინც ჩვენსას მივაღწიეთო. და მართლაც - რუსებმა სამხედრო გამარჯვებას მიაღწიეს, ამჟამად კი ამ გამარჯვების პოლიტიკურ კაპიტალში გადაყვანის პროცესი მიმდინარეობს. რითი დამთავრდება ყველაფერი, ძნელი სათქმელია. დარწმუნებული ვარ, რუსეთი დიპლომატიურ ასპარეზზე აქტიურ მუშაობას აგრძელებს იმისთვის, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების პროცესში მარტო არ დარჩეს. ამგვარი მცდელობა ჯერჯერობით წარუმატებელია, მაგრამ რუსეთი კარგად აცნობიერებს, რომ ეს პროცესი ხანგრძლივი და რთული იქნება და ამისთვის მზად არის. ჩვენც უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი უაღრესად რთული და ხანგრძლივია და იმ შემთხვევათა რიგს არ მიეკუთვნება, როცა სახელმწიფოს სწრაფი წარმატების იმედი შეიძლება ჰქონდეს.

- ობამას მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მიმომხილველები იმედოვნებდნენ, რომ რუსულ-ამერიკული კონფრონტაცია კონსტრუქციულ ფარგლებს დაუბრუნდა, ყოველ შემთხვევაში, ამ პროცესის დაწყებაზე მაინც არ ყოფილა კამათი. როგორც გასული კვირის მოვლენებმა გვიჩვენა, მთლად ასეც არ არის საქმე - გავიხსენოთ თუნდაც რუსულ სუბმარინებთან დაკავშირებული ამბავი...

- გააჩნია, რაშია თანხმობა და რაში - უთანხმოება. ასეთი მნიშვნელოვანი პროცესებისა და უმაღლესი დონის შეხვედრის შემდეგ რაღაც საკითხები ყოველთვის რჩება მოუგვარებელი. არც ერთ მხარეს არ დაუმალავს, რომ ამჯერად ასეთი საქართველოს საკითხი იყო. მართალია, მოილაპარაკეს ავღანეთის, ბირთვული განიარაღების შესახებ, შესაძლოა, საერთო მოსაზრებები არსებობდეს ირანთან დაკავშირებითაც, მაგრამ არსებობს აბსოლუტურად შეუთანხმებელი საკითხიც და ეს არის საქართველო... ამერიკის საზღვაო აკვატორიის სიახლოვეს რუსული სუბმარინების გამოჩენის ფაქტი თვითონ რუსებსაც არ უარუყვიათ. საქმე ის არის, რომ რუსეთი ცდილობს, თანდათან მოიკრიბოს ძალა და გლობალური პოლიტიკის სრულფასოვანი მონაწილე თუ მოთამაშე გახდეს...

- რამდენად რეალურია, ასეთ პირობებში გლობალური პოლიტიკა კვლავ ორპოლუსიანობას დაუბრუნდეს? - ცხადია, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს ვგულისხმობ...

- რუსეთი ჯერჯერობით მეორე პოლუსად ვერ გამოდგება. ეს უფრო რუსეთის შიდა "პიარის" თემაა, ვიდრე რეალობა. პუტინსა და მედვედევს სურთ, რუს ხალხს დაუმტკიცონ, რომ რუსული ველიკოდერჟავობა კვლავაც ცოცხალია, რომ რუსეთი ძალას იკრებს და სხვ. ამ დუეტში, თუ ამერიკა იქნება ერთი პოლუსი, რუსეთი მეორედ ვერ გამოდგება. თუკი ზოგადად, გლობალურ პოლიტიკაში მეორე პოლუსის ჩამოყალიბება დადგება დღის წესრიგში, ამ ამპლუაზე რუსეთზე ბევრად მეტი შანსი ჩინეთს ექნება.

- ბოლო დროს რუსეთის მუქარასა და განცხადებებს, საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა საკმაოდ ლაკონიური პასუხი გასცა - ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება, მათ შორის საქართველოსაცო...

- რასაკვირველია, ასეც არის. როდესაც რუსეთი ემბარგოზე ლაპარაკობდა, გულისხმობდა საბჭოთა ან რუსული წარმოების შეიარაღების მიწოდებას საქართველოსთვის. როგორც ჩანს, კრემლს საამისო ბერკეტები, ლიცენზიისა თუ სხვა რამის სახით კვლავაც აქვს. სხვა მხრივ, ის საქართველოს შეიარაღებას წინ ვერ აღუდგება - ვერც მორალურად და ვერც იურიდიულად. იარაღის ბაზარი ისეთივეა, როგორიც სხვა პროდუქციის ბაზარი. პრიმიტიულად რომ ვთქვათ, იქ ყველა ქვეყანას შეუძლია გავიდეს და შეიძინოს, რაც სურს. ერთადერთი დაბრკოლება თუ შეზღუდვა ამ შემთხვევაში საერთაშორისო კონვენციებია, რომლებიც ზოგიერთი სახის იარაღის ყიდვა-გაყიდვას და მასობრივ მოხმარებას კრძალავენ. ეს არის და ეს. სხვა რამ შეზღუდვა, რასაც რუსეთი შეიძლება დაეყრდნოს, არ არსებობს.

- რაც შეეხება საქართველოს შიდაპოლიტიკურ ვითარებას: შეიძლება თუ არა, უშიშროების საბჭოს სხდომაზე ოპოზიციონერთა გამოჩენა პოლიტიკური კონსოლიდაციის დასაწყისად ჩაითვალოს? პრეზიდენტის რეზიდენციაში საპარლამენტო ოპოზიციასთან ერთად, ირაკლი ალასანია, კოკო გამსახურდია და აკაკი ასათიანიც მივიდნენ...

- ეს ძალიან რთული საკითხია. მთავარი მოვლენა, რაღა თქმა უნდა, ალასანიას გამოჩენა იყო. ნუ მიწყენს ნურავინ, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციაში ყველაზე რეიტინგული ის გახლავთ - ამას სარწმუნო გამოკითხვები ადასტურებს. ახლა რაც შეეხება ფაქტს: შეიძლება ითქვას, რომ ეს ბეწვის ხიდზე გავლაა, რადგან ოპოზიციურ ლიდერს შესაძლოა რეიტინგის დაკარგვის ფასად დაუჯდეს. მეორე მხრივ, როდემდე უნდა გაგრძელდეს სიტუაცია, როცა ოპოზიცია და ხელისუფლება ორი ყოჩივით, პერმანენტულად, შუბლებით ეჯახება ერთმანეთს და მხოლოდ ტკაცანი ისმის. ვფიქრობ, რომ ამ სხდომებში დამსწრის რანგში მონაწილეობა ურიგო არ არის, ეს სასარგებლოა ოპოზიციისთვისაც. მთავარია, ოპოზიცია ისე მოიქცეს, ალასანიას ვგულისხმობ, რომ სწრაფად მოპოვებული რეიტინგი არ დაკარგოს. სხვათა შორის, უშიშროების საბჭოს სხდომაზე საჯარო დასწრება უფრო გამართლებულად მიმაჩნია, ვიდრე ოპოზიციის ფარული და საიდუმლო შეხვედრები ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებთან, რომლის არც თემა ვიცით და შედეგებიც გვიან ჩნდება, თანაც იმედის მომცემი არაფერია... ასე რომ, ფაქტი მისასალმებელია, თუმცა გარკვეულ ზღვარს არ უნდა გადააბიჯონ, თორემ მათი რეიტინგი დაეცემა.

- რამდენად შედეგის მომტანი იქმნება ოპოზიციისთვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა, ან არმონაწილეობა?

- თუ ეს არჩევნები ისევე ჩატარდა, როგორც აქამდე ტარდებოდა და ამის დიდი ალბათობაა, მე ამ არჩევნებში ვხედავ მახეს ოპოზიციისთვის, რომელიც საარჩევნო პერიპეტიებში გადაეშვება, მონაწილეობას მიიღებს და რა თქმა უნდა, დამარცხდება.

- არსებობს კი დღეს რესურსი, რომ ეს არჩევნები ობიექტურად და სამართლიანად ჩატარდეს?

- ერთადერთი რესურსი, რაც ამ არჩევნების რეალურად ჩატარებისთვის არის საჭირო, პოლიტიკური ნება გახლავთ. ეს კი დღესდღეობით მხოლოდ იმაში შეიძლება გამოიხატებოდეს, რომ რომელიმე რეგიონში ხელისუფლებამ დათმოს და პირველ ადგილზე ოპოზიციის წარმომადგენელი დასვას და ისევე მიაწეროს ხმები, როგორც თავისთვის მიიწერს მხოლოდ იმის საჩვენებლად, რომ საქართველომ დემოკრატიის ნიშნით წინ წაიწია. დღევანდელ რეალობაში კონკურენტული პოლიტიკური ბრძოლა ამ პირობებში შეუძლებელია.

დაჩი გრძელიშვილის ბლოგი