"წინგადადგმული ნაბიჯი" ევროპული დემოკრატიისკენ
- სულ მალე, პირველ რიგში სამხრეთ ოსეთში, მოგვიანებით კი აფხაზეთშიც ჩატარდება ფსევდორეფერენდუმები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უცბად გამოთქვამს რუსეთთან შეერთების დიდ სურვილს

ბევრად იოლია მართო ღარიბები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, ხელისუფლების ნება-სურვილი აღასრულონ, ოღონდ კი რამდენიმე გროში მიიღონ. რაც შეეხება ძალიან მდიდრებს, ავტორიტარულ ქვეყნებში ისინი ასოცირდებიან ხელისუფლებასთან და შესაბამისად, არც მათი კონტროლის პრობლემა არსებობს - თავისი სიმდიდრის შესანარჩუნებლად ყოველთვის ხელისუფლების მხარეზე იქნებიან

საშუალო ფენის ჩამოყალიბება, როგორც წესი, ქალაქში იწყება - ჩვენს
შემთხვევაში ყველაზე დიდი ქალაქი თბილისია და მთავრობა ყველანაირად ებრძვის ამ ფენის ჩამოყალიბებას - გადასახადების გაზრდით, მკაცრი ადმინისტრირებით და ა.შ.

"საზოგადოებაში გაბატონებული აზრით, დეპუტატები მუქთამჭამელები არიან"


სამთვიანი ეპოპეის შემდეგ "მედიაპალიტრაში" საგადასახადო შემოწმება დროებით შეჩერდა. ანუ კი არ დასრულდა, არამედ შეწყდა. საინტერესოა, რომ კანონმდებლობის თანახმად, საგადასახადო შემოწმება
დროებით მაშინ შეჩერდება, თუ მისი წარმოება შეუძლებელია დაუძლეველი ძალის მიერ ხელის შეშლის შემთხვევაში. როგორც ჩანს, "დაუძლეველ ძალად" საგადასახადო სამსახურს ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური ქვეყნების საელჩოების მხარდაჭერა და რაც მთავარია, საზოგადოებრივი აქტიურობა მოევლინა. იმავე კანონში ისიც წერია, რომ "დაუძლეველი ძალის აღმოფხვრისთანავე შემოწმება უნდა განახლდეს". იმედს ვიქონიებთ, რომ არც უცხოელი დიპლომატები და არც ჩვენი საზოგადოება საქართველოში სიტყვის თავისუფლებისადმი ინტერესს არ დაკარგავენ...

განვლილი კვირის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ დეტალურად ბატონ ვლადიმერ პაპავას ვესაუბრებით:

- ჯინის კოეფიციენტის მიხედვით, საქართველო იმ ქვეყნების ჯგუფში შედის, სადაც მოსახლეობის საშუალო ფენა არ არსებობს ან მცირერიცხოვანი საშუალო კლასია,  - ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და ფონდ "ღია საზოგადოება-საქართველოს" 2011 წლის პირველი ნახევრის საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვაში. თქვენი აზრით, შეესაბამება კი შედეგები რეალობას და თუ ასეა, რისი მანიშნებელია ასეთი ტენდენცია?

- ეს კვლევა რომც არ ყოფილიყო, მგონი ყველასთვის ნათელია - მიუხედავად დიდი მცდელობისა, საქართველოში შექმნილიყო საშუალო კლასი, ეს ფენა არ ყალიბდება. სამწუხაროდ მიზეზი ბევრია. თუნდაც ის, რომ ჩვენს საზოგადოებაში სერიოზული სოციალური პოლარიზაციაა. გვყავს ძალიან მცირერიცხოვანი მდიდარი ფენა და მრავალრიცხოვანი - ღარიბი. საშუალო ფენა კი არის საკმაოდ დამოუკიდებელი ფენა ადამიანებისა და ეს ხელს არ აძლევს არც ერთ მმართველ ელიტას, რომელსაც მიდრეკილება აქვს ავტორიტარული მმართველობისკენ. საშუალო კლასი არის ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც შეუძლიათ დამოუკიდებლად არსებობა, დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება და ასეთი ხალხი საშიშია. ბევრად იოლია მართო ღარიბები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, ხელისუფლების ნება-სურვილი აღასრულონ, ოღონდ კი რამდენიმე გროში მიიღონ. რაც შეეხება ძალიან მდიდრებს, ავტორიტარულ ქვეყნებში ისინი ასოცირდებიან ხელისუფლებასთან და შესაბამისად, არც მათი კონტროლის პრობლემა არსებობს - თავისი სიმდიდრის შესანარჩუნებლად ყოველთვის ხელისუფლების მხარეზე იქნებიან. ასე რომ, კვლევამ აჩვენა ის, რაც ხდება. იმ ქვეყნებში, რომელთა შორისაც საქართველო თავისი მონაცემებით მოხვდა, სწორედ ის პრობლემებია, რაზეც გესაუბრეთ...

- აფხაზეთის "მაღიარებელთა" მცირერიცხოვან ჯგუფს კიდევ ერთი პატარა სახელმწიფო, - ტუვალუ შეუერთდა. აფხაზთა განცხადებას ედუარდ კოკოითის განცხადებაც მოჰყვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის "საერთაშორისო აღიარების პროცესის შეუქცევადობის" შესახებ. თურმე, "მამაცი ტელავი" (როგორც კოკოითი მოიხსენიებს) ცხინვალშიც ჩასულა და მსგავსი დოკუმენტი ოსებთანაც გაუფორმებია. ქართველი საზოგადოება დღემდე დაცინვით უყურებს ეგზოტიკური ქვეყნების მიერ აღიარების პროცესს, თუმცა ხომ არ არის საფრთხე, რომ პროცესი შეუქცევადი გახდეს, თუნდაც რუსეთის მხრიდან ფინანსური წახალისებისა და ოდიოზური მმართველების ხარჯზე?
- ტუვალუს მიერ აფხაზეთის აღიარება ქართული დიპლომატიის ჩავარდნად შეიძლება შეფასდეს, რადგან არცთუ ისე დიდი ხნის წინ საქართველოს საგარეო უწყებამ ამ ქვეყანასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების შესახებ გვამცნო. რამდენიმე თვის შემდეგ კი ვხედავთ, რომ ტუვალუს  საქართველოსთანაც აქვს ურთიერთობა და ამავე დროს საქართველოსგან გამოყოფილ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას სახელმწიფოდ აღიარებს.

ეს ადასტურებს, რომ საგარეო პოლიტიკაში არცთუ წარმატებულ მოქმედებას ჰქონდა ადგილი. ამას ემატება ისიც, რომ მცირერიცხოვანი, მაგრამ გარკვეული ფინანსური დახმარება საქართველომ ტუვალუს მაინც აღმოუჩინა.

ჩვენ მათ ამერიკული ტვირთების გადასატანად თორმეტი ათასი დოლარი მივეცით. ეს, რა თქმა უნდა, სახელმწიფოების დონეზე სალაპარაკოდ ძალზე მცირე თანხაა, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ თვითონ საქართველოსაც დონორები ეხმარებიან. ასე რომ, ფაქტია, საგარეო საქმეთა სამინისტროს შეცდომა მოუვიდა. რეალურად რომ შევხედოთ, პროცესები ჩვენთვის სასურველი სცენარით არ ვითარდება. პრეცედენტი, რომელიც თავის დროზე კოსოვომ შექმნა, საკმაოდ ცუდი პრეცედენტია. ჩვენ ხშირად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სრულიად განსხვავებული შემთხვევებია და კოსოვოში დიამეტრულად განსხვავებული სცენარით წარიმართა მოვლენები, მაგრამ თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდება და სტატუს კვო ასე შენარჩუნდება, რუსეთი კვლავაც შეეცდება სხვადასხვა სახელმწიფო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაზე დაიყოლიოს. ჩვენთვის მანუგეშებლად ისღა რჩება, რომ რუსეთის გარდა, ოკუპირებული ტერიტორიები მხოლოდ მისმა სატელიტმა ქვეყნებმა აღიარეს, ხოლო თვითონ რუსეთი არც მალავს აღნიშნული ტერიტორიების მიმართ თავის მზაკვრულ გეგმებს. თუ გახსოვთ, პუტინმა კიდეც განაცხადა, სამხრეთ ოსეთმა თვითონ უნდა გადაწყვიტოს, შეუერთდეს თუ არა რუსეთსო. 

2008 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში სწორედ ეს ვთქვი - სულ მალე, პირველ რიგში სამხრეთ ოსეთში, მოგვიანებით კი აფხაზეთშიც ჩატარდება ფსევდორეფერენდუმები, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა უცბად გამოთქვამს რუსეთთან შეერთების დიდ სურვილს. ეს პატარა-პატარა აღიარებები სწორედ იქითკენ მიმავალი ნაბიჯებია, რომ რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩაყლაპვა შეძლოს. დღეისათვის მხოლოდ და მხოლოდ იმის გარანტია გვაქვს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და ცივილიზებული მსოფლიო ჩვენს მხარეზეა. გარდა საერთაშორისო კონტექსტისა, არის შიდა კონტექსტიც, - წარმოიდგინეთ, რომ ის იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებმაც დატოვეს აფხაზეთი, უკვე წლებია თბილისსა და სხვა ქალაქებში ცხოვრობენ. მათ შვილებსა და შვილიშვილებს არც აქვთ წარმოდგენა აფხაზეთზე, უფროსი თაობა კი თანდათან მიდის. მსგავსი სურათია აფხაზეთშიც, სადაც უკვე წამოიზარდა თაობა, რომელსაც საქართველო თვალით არ უნახავს და პროპაგანდისტული მანქანის ზემოქმედების შედეგად, ქართველი კაციჭამიად ჰყავს წარმოდგენილი. ასე რომ, რაც უფრო გაიჭიმება დროში ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური კონფლიქტების გადაჭრა, მით უარესი იქნება მომავალი...

- როგორც ცნობილი გახდა, საარჩევნო კოდექსის ახალი კანონპროექტი ხელისუფლებამ უკვე გაუგზავნა ვენეციის კომისიას.  ოპოზიციის ნაწილმა, რომელმაც არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ შეთავაზებული თამაშის წესები მიიღო, საარჩევნო კოდექსის პროექტის ვენეციის კომისიაში გაგზავნამდე გამოუქვეყნებლობა და პროექტში ოპოზიციასთან შეუთანხმებელი საკითხების მოხვედრა გააპროტესტა, რადგან მათი აზრით, ახალი საარჩევნო კოდექსი ცესკოს ამომრჩეველთა სიების არჩევნებამდე დაზუსტებისა და გამოქვეყნების ვალდებულებას ართმევს. ზოგადად რა პერსპექტივა აქვს ქვეყანაში საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას კანონმდებლობის შეცვლის გზით, რის შესახებაც ამდენი ხანი და ამდენს საუბრობენ?
-  პრაქტიკულად, არანაირი რეალური პერსპექტივა არ არსებობს. მეტიც, ვთქვი, რომ
ქვეყანა მცდარი გზით მიდის, რადგანაც მთავარია ხალხის ხმა, რომელიც ხელისუფლებას უნდა მისწვდეს და ამ ხმის გამგონი ჯერაც არავინაა.

მარტივ მაგალითს მოვიყვან: ყველას კარგად გვახსოვს რეფერენდუმი, რომელიც 2003 წელს ჩატარდა და სადაც ხალხმა ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი დეპუტატების ას ორმოცდაათამდე შემცირებას. ახლა კი ხელისუფლებასა და ფსევდოოპოზიციას შორის მოხდა გაუგებარი გარიგება და დაადგინეს, რომ დეპუტატების რიცხვი 150-დან 190-მდე გაზარდონ. ღრმად ვარ დარწმუნებული, დღეს რომ  ჩატარდეს რეფერენდუმი და დასვან შეკითხვა, მათი რაოდენობის 150-დან ასამდე შემცირების შესახებ, ხალხი დიდი უმრავლესობით დაუჭერდა მხარს შემცირებას. თუნდაც იმ ადამიანებს, რომლებიც ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ მხარს, თუნდაც მათ, ვისთვისაც მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ ქვეყნის ლიდერი და დიდი ავტორიტეტია, არ ენდომებათ პარლამენტართა რაოდენობის გაზრდა, რადგან საზოგადოებაში გაბატონებული აზრით, დეპუტატები მუქთამჭამელები არიან. აქედან გამომდინარე, მათი რაოდენობის გაზრდა სამართლებრივ თუ არა, ზნეობრივ პრობლემას მაინც წარმოადგენს. რაც შეეხება საარჩევნო გარემოს - მარტივი პროგნოზი წინასწარვე შეიძლება გამოითქვას: ვენეციის კომისიიდან ჩამოვა მცირე და არაფრისმთქმელი შენიშვნები, რომლებსაც მერე ან გაითვალისწინებენ, ან არა. რომც არ გაითვალისწინონ, არც ამით შეიცვლება რამე. მიუხედავად ყველაფრისა, ვენეციის კომისია იტყვის, რომ ეს წინგადადგმული ნაბიჯია ევროპული დემოკრატიისაკენ. ასე რომ, ამ ტექნოლოგიას შესანიშნავად ფლობს "ნაციონალური მოძრაობა" - ისინი ამ სფეროში გაწაფულები არიან და შესაბამისად, დიდ და გარდამტეხ ცვლილებებსაც არ უნდა ველოდეთ. ცვლილება რომ ყოფილიყო, ნაცმოძრაობა არ წავიდოდა "რვიანის" დაშლაზე და განაგრძობდა მათთან კონსტრუქციულ მოლაპარაკებას.
დღეს ხელისუფლებას შეუძლია თქვას - ჩვენ გვყავს კონსტრუქციული ოპოზიცია "ქრისტიან დემოკრატებისა" და "მემარჯვენეების" სახით და რა ვქნათ, მათთან ვაგრძელებთ მუშაობასო.

- საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის ექსპლოატაციის უსაფრთხოების მიზნით, "წითელ წიგნში" შესული ხე-მცენარეების მოჭრა დასაშვები ხდება. ამასთან დაკავშირებით ცვლილება "წითელი ნუსხისა და წითელი წიგნის" შესახებ კანონში შედის. ხეები მოიჭრება არა მარტო განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის მშენებლობისას, არამედ, ზოგადად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელების დროსაც. კანონმდებლობის ასეთი გამარტივება უცნაურად ჩანს, როცა  დედაქალაქში გამკაცრებული სამოქალაქო ადმინისტრირების ფონზე, ფანჯრის შეცვლასაც კი საგანგებო ნებართვა და საბუთების მოგროვება სჭირდება...
- კარგი შედარება მოიყვანეთ. თითქოს სახლის ფასადს გარემოსთან და ტყესთან კავშირი არ უნდა ჰქონდეს. მაგრამ ის, რაც სახლის ფასადს ეხება, მხოლოდ თბილისის მასშტაბით ხდება. თუ გავიხსენებთ, ასევე მხოლოდ თბილისელებმა უნდა იხადონ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური ნაგვის გატანაში (!) ანუ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს სიძულვილს, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" თბილისელების მიმართ აქვს.

როგორც ჩანს, თვლიან, რომ თბილისში ყველაზე მეტი ფულია და ეს ფული მაქსიმალურად უნდა ამოიღონ. რაც შეეხება ხეტყეს, ეს ბიზნესია, ბიზნესი კი ისევ ნაციონალების ხელშია და ისინი საქმეს იადვილებენ. აქ ის თემაც შემოდის, რითაც ინტერვიუ დავიწყეთ: საშუალო ფენის ჩამოყალიბება, როგორც წესი, ქალაქში იწყება - ჩვენს შემთხვევაში ყველაზე დიდი ქალაქი თბილისია და მთავრობა ყველანაირად ებრძვის ამ ფენის ჩამოყალიბებას - გადასახადების გაზრდით, მკაცრი ადმინისტრირებით და ა.შ.

- თავისუფლება და დემოკრატია ჩვენს საუკეთესო იარაღებად რჩება ექსტრემიზმის წინააღმდეგო - ბრძანა მიხეილ სააკაშვილმა გაეროში გამოსვლისას. მოგვიანებით ისიც ითქვა, რომ პრეზიდენტმა მოხერხებულად ჩართო საქართველოს თემა საერთაშორისო პოლიტიკურ საკითხებში, როდესაც თავისუფლება და დემოკრატია ექსტრემიზმისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ახსენა. ზოგადად, რამდენად სერიოზულად ისმინებოდა გაეროს ტრიბუნიდან ეს სიტყვები იმის ფონზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას ყველაზე დიდ პრეტენზიებს სწორედ დემოკრატიის უგულებელყოფაში უყენებენ?
- საქართველო ისედაც არის ჩართული საერთაშორისო პოლიტიკაში. ნუ დაგვავიწყდება, რომ ქართული ჯარი უკვე კარგა ხანია, ერაყისა და ავღანეთის ოპერაციებში მონაწილეობს და ამ ამბავს არაერთი ქართველი ჯარისკაცის სიცოცხლეც შეეწირა. ექსტრემიზმი საკმაოდ რთული ფენომენია და ბევრი გამოვლინება აქვს. მისი ერთ-ერთი ფორმა გახლავთ სახელმწიფოს მიერ საკუთარი ხალხის მიმართ განხორციელებული ძალადობა, რაც სწორედ ავტორიტარული ქვეყნებისთვისაა დამახასიათებელი. ამიტომ, უცნაურია, თავისუფლებასა და დემოკრატიაზე გაეროში ის მთავრობა ლაპარაკობდეს, რომელიც თავისი ხალხის მიმართ არანაირ ექსტრემიზმზე უკან არ იხევს. საჭიროა ხალხი იცემოს? - ხალხი ექსტრემალურად მძიმედ არის ნაცემი. ხალხი გაფიცულია და ელემენტარულ სამუშაო პირობებსა და ხელფასს ითხოვს? - დარბეულია, დაშლილია, დაპატიმრებულია...

ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანი გეტყვით, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმის გამოვლინებაა. მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ ჩვენს პოლიტიკურ ელიტას კარგად ჰყავს შესწავლილი ის საზოგადოება, რომლის წინაშეც სიტყვით გამოდის. მაგალითად, როდესაც ისინი გამოდიან გაეროში და ზოგადად, დასავლეთში, მათ უნდა ილაპარაკონ როგორც დემოკრატებმა, თავისუფალი სიტყვის მხარდამჭერებმა - მათი ასეთი საუბარი საამოდ მოსასმენი იქნება. როდესაც საქართველოში ჩამოდიან, აქ უნდა ილაპარაკონ დასაჭერებზე, ჩარეცხილებზე, დასასჯელებზე... სამწუხაროდ, ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები სიტყვას და საქმეს ერთმანეთისგან არ თუ ვერ ასხვავებენ. ისინი მხოლოდ ტკბებიან ასეთი არტიკულაციით და რეალურად ქვეყანაში რა ხდება, ყურადღებას არ აქცევენ.
Lord
28 სექტემბერი 2011 18:23
ბატონო ლადო თქვენი კომენტარი ყოველთვის ობიექტურობით არის გაჯერებული. არ დაგვავიწყდეს სამარშუტო ბიზნესიც ეს ერთადერთი ბიზნეს საქმიანობა იყო სადაც ეს ხელისუფლება ხელებს არ აფათურებდა, თუმცა ამასაც დროულად მიხედეს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!..
აპირებთ თუ არა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები